ესელიტერატურა

მაკო ჯანჯიბუხაშვილი “თავისუფლების გაგება «მერანის» კონტექსტში”

საკითხის დასმამდე a priori  მივიღოთ: სამყარო სავსეა შინაარსებით და ხელოვანი ამ შინაარსებს გვაცნობს, თავად კი შთაგონებით წვდება მათს სიღრმეებს. ასე რომ, ჭეშმარიტი ხელოვნება გამომგონებელი კი არ არის, აღმომჩენია.

   ხელოვნების მთელ განვლილ გზას თუ შევხედავთ, იმ ხელოვნების გზას, რომელსაც შესაძლოა ვუწოდოთ „სულთმარგებელი სწავლა“ ანდა „სიბრძნის დარგი”, ვნახავთ, რომ საქმე გვაქვს ფენომენალური მოვლენების კაცებრივ ენაზე განმარტებასთან – როგორც რუსთაველი იტყვის, “ნათარგმანები ამბის ლექსად გარდათქმასთან”.

   ასე რომ, ჭეშმარიტი ხელოვნების ნებისმიერი ქმნილება იტევს ისეთ შინაარსს, რომლის გაცნობიერებაც აუცილებელია ადამიანისათვის, რათა მან საბედისწერო კითხვებზე პასუხის გაცემა შეძლოს, რათა ყოფიერებისგან დაღლილმა დილემის საფრთხე აიცილოს. და რაც უნდა მაღალი მიზნები ამოძრავებდეს დიდ შემოქმედს: დათრგუნვა ყოფისა, უარის თქმა ამაო და მსწრაფწარმავალ ვნებებზე, მან უნდა შეძლოს “მოძმისთვის” გზის გაკვლევა, უნუგეშოსთვის – ნუგეშის მოფენა. მან “აქ” უნდა ასწავლოს ადამიანს ის, რაც მისთვის ცხადი გახდა შემოქმედებითი ჭვრეტისას. ამ გაგებით იგი მხსნელის მისიას ატარებს.

   ამ გადასახედიდან დავსვათ საკითხი: რატომ დაიკავა ბარათაშვილის “მერანმა” ქართველის ცნობიერებაში უდიდესი ადგილი, რას ეუბნება იგი მოძმეს იმისთანას, რაც მანმადე არ უთქვამთ. აქ არის მოწოდება დაუმორჩილებლობისაკენ, ბრძოლისაკენ და ზრუნვა მოძმეზე. ასეთი რამ ბარათაშვილამდეც უთქვამთ, მაგრამ საქმე ის არის, რომ მან მოწოდება კი არ დაგვიტოვა, ამ მოწოდების საფუძველში ჩაგვახედა.

   ჩვენს მიზანს არ შეადგენს, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეძლო ბარათაშვილმა თავისუფლებაზე იმგვარი ლექსის დაწერა, რომ ყოველ დროსა და სივრცეს მოერგოს. რა განაპირობებს ზღვრების დაძლევას, რამ მიანიჭა მას უკიდეგანობის, საყოველთაობის სტატუსი.

   აქვე ბანალური სიმართლეც: მიუხედავად იმისა, რომ იგი ქართულ ენაზე და, უპირველეს ყოვლისა, ქართველთათვის დაწერილი ლექსია, ეს არ კეტავს მას ჩვენს ეროვნულ სივრცეში.

                          X   X   X

   კაცობრიობას, რომელსაც მიეცა ბიბლია და მითოსი, როგორც სწავლება, მიეცა ნიჭიც იმისა, რომ ამ დიდ “წიგნებში” მოთხრობილ ამბავთა მიღმა მოვლენათა ზოგადი მოდელები წაეკითხა.

   იმისათვის, რომ თავისუფლების არსს ჩავწვდეთ, ბიბლიამ ედემის ისტორია გაგვაცნო, მითოსმა – პრომეთეს თავგადასავალი, ხოლო ახალმა საყოველთაო რელიგიამ გვიბოძა ქრისტე – კაცობრიობის მხსნელი ანუ განმათავისუფლებელი.

   ამ სამ იდეალში, რომელთაგან ორი – ადამი და პრომეთე – ქრისტეს ბიბლიურ და მითოსურ არქეტიპს წარმოადგენს, ადამიანებმა იცნეს მხსნელები, განმათავისუფლებელნი, კაცთა მოდგმისთვის თავგანწირული “ზეცის კაცები”.

   შეუძლებელია, კულტურულ სივრცეში თავისუფლებაზე ისაუბრო ან იაზროვნო ისე, რომ ადგილი არ დარჩეს რომელიმე მათგანისათვის, თუ იმას არ ვიტყვით, რომ ამოსავალი არ ვპოვოთ თითოეულ მათგანში.

   ახლა გავიხსენოთ, რას ნიშნავს თითოეულთან თავისუფლება, რას უპირისპირდება ეს თავისუფლება და როგორ მიემართებიან ისინი ურთიერთს.

   რა ხდება ედემში? ადამს აქვს ყველაფერი, რაზეც შესაძლოა ადამიანმა იოცნებოს – უკონფლიქტო სამეფო, სადაც ყოველივე მის მორჩილებაშია, მას არ ჭირდება ზრუნვა, მას არა აქვს მოვალეობა და, რაც მთავარია, მას არ ემუქრება სიკვდილი.

   ეს არის ადამის ბედისწერის რკალი. აქედან – ბედისწერა, თავისი კლასიკური გაგებით, არის ჩაკეტილობა, ხოლო ჩაკეტილობაში იბადება სურვილი მისი გარღვევისა, მისგან გასვლისა.

   თუმცა ბედისწერა აქ მძიმე არ არის, პირიქით, იგი მსუბუქია. მისგან, წესით, არ უნდა გარბოდეს ადამიანი, მაგრამ ადამიანს აქვს ნება, რომელიც იტევს არჩევანის უფლებას. კაცმა რომ თქვას, აქ თითქოს ასარჩევიც არაფერია, ყოველგვარი სიკეთე მოცემული გაქვს. რა გამოდის – უარს ამბობ ამ სიკეთეზე და ირჩევ რას – იმას, რაც არ იცი, გაურკვეველ მომავალს?

   ადამის არჩევანი ამგვარად ეჩვენება ადამიანს, რომელსაც კაცობრიობის მისია ვერ გაუცნობიერებია. რომ არა ადამის მსხვერპლი, ვინ იტყვის, ვინ გაბედავს თქმას, რა იქნებოდა საერთოდ და საკითხის ამგვარი დასმა ხომ აბსურდის კითხვაა, კრიზისის ფიქსაციაა. ვინ არ მოქცეულა ჩიხში, როდესაც ეს კითხვა მის გონებაში წამოტივტივებულა?!

   ხოლო ის, რაც ნამდვილად მოხდა, გვეუბნება, რომ ადამმა უარი თქვა ედემზე. ამის შედეგად იგი გახდა ვითარცა ღმერთთაგანი – “მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა”, იგი გახდა მოკვდავი და იგი გახდა კაცთა მოდგმის მშობელი.

   გულწრფელად იტყვის თითოეული ჩვენგანი – ღმერთებთან მიმსგავსება ღირდა, კაცთა მოდგმის მამობა ღირდა, მაგრამ, აი, სიკვდილი?..  ნუთუ სხვაგვარად არ შეიძლებოდა? არც აქ არის საჭირო დიდი განაზრებანი, ფაქტია, სხვაგვარად არ შეიძლებოდა. არსებობს ედემი უკვდავებით და სიცოცხლე სიკვდილით. ამგვარია ზოგადი მოდელი: ედემი მარადიული აწმყოა, ედემის გარღვევა – გზა მომავალში. სიცოცხლე არის მიღება სიკვდილისა და დასაბამი თავისუფლებისა.

   რაც უნდა ბევრი ვიმღელვაროთ ადამიანებმა სიკვდილზე, რაც უნდა  ვამუნათოთ  ადამი, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენმა პირველმა მამამ მასზე (სიკვდილზე) უარი თქვა, ანდა, მისი საშინელება არ იგემა. სიკვდილის მთელი სიმძიმის პირველი განცდა ედემის კარიბჭესთან მოხდა.

   ასე რომ, პირველი “თავისუფალი” ედემზე უარისმთქმელი, ედემის დამთმობი, ედემური ბედისწერის გადამლახავი არის ადამი და, ამავე დროს, იგი გზის მაჩვენებელია, გზის გამკვლევია მოძმისთვის. იგი აზრს სძენს ქმედებას (ქროლვას), ადამიანობის უცილობელ მახასიათებელს. იგი მიუძღვის “მოძმეს” უსასრულობისკენ (გზა არ მთავრდება), თავისუფლებისკენ.

   პრომეთე უარს ამბობს ღმერთების პატივზე და თავს სწირავს ადამიანთათვის, მას მოაქვს ცეცხლი ანუ ღვთაებრივი გონი – მეცნიერება კეთილისა და ბოროტისა, უნარი აქტივობისა. პრომეთე თავისუფალია თავის არჩევანში, მან იცის თავისი მისია და მას მსახურებს. კაცობრიობა უგონოდ, უცეცხლოდ არ არსებობს. სამაგიეროდ, პრომეთეს კლდეზე აჯაჭვებენ (ჯვარცმის მითოსური გამოხატულება), იგი იტანჯება, მაგრამ ამ ტანჯვაში თავისუფალია ანუ – ტანჯვა კი არ ერგო, ტანჯვა იკისრა, იტვირთა.

   ადამს ედემი ებოძა, პრომეთეს – ღმერთების პატივი, ხოლო არჩევანით ორივემ უარი თქვა მშვიდ ბედისწერაზე, ერთ წრეში ყოფნაზე ( ასე გვგონია, ილიამ ადამის სიტყვები ამოიძახა: “ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ” და დაიწყო საქმე).

   არჩევანი მაცხოვრის წინაშეც დგება. მაცდურის დაპირებანი მას შეახსენებენ, რომ შეუძლია ედემური განცხრომის დაბრუნება: პირველი გამოცდა – ქვის პურად ქცევა ანუ უზრუნველი სარჩო, მეორე გამოცდა – მეფობა და, მესამე – უკვდავება. მაცდური შეახსენებს ქრისტეს, რომ მისთვის ედემი შესაძლებელია, მაგრამ ეს ხომ უკუსვლისკენ მოწოდებაა. სწორედ ამ განცხრომაზე უარის თქმაშია ქრისტეს, როგორც მაცხოვრის მისია – მან საკუთარი მშვიდი მხოლოდყოფნა უნდა დაძლიოს, რათა კაცთა მოდგმას სიძნელე გზისა გაუადვილოს, გაუკვალოს გზა თავისუფლებისა, ხსნისა. იგი თანახმაა ჯვარს ეცვას, ეს ტანჯვა ნებაყოფლიბითია, თუმცა უმძიმეს წუთებში მიმართავს მამას: “უკეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანა-წარსლუად ჩემდა, რაითამცა არა შევსვი იგი, იყავნ ნება შენი” (მათე 26.42). ამ `სასუმელის~ აცდენა შეუძლებელია, იგი ტანჯვაა და ეს ტანჯვა არის ამაღლების წინაპირობა.

   ვინ იტყვის, რომ მიწაზე ჩამოსულ მაცხოვარს არ მოუხდა თავისი მისიის აღსრულება დიდი დათმენებისა და დიდი ტკივილების ფასად: მარხვა უდაბნოში, საცდურები, მწუხარე ლოცვა გეთსიმანიის ბაღში, ეკლის გვირგვინი, მწარე სასუმელი და ჯვარზე ლურსმნით მიჭედებული ხორცის ტკივილი, ისეთი ტკივილი, რომ ხმამაღლა იყვირა თავის სიმარტოვეზე.

   კაცთა მოდგმის იმ სახეობამ, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ჭეშმარიტი თავისუფლების სხვა გაგება არ იცის. მისი მოპოვება შესაძლებელია სიკვდილის ფასად, უკვდავების დათმობის ფასად. სიკვდილი სანეტარო კი არ არის, არამედ ეს არის ნებაყოფლობითი თანხმობა თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე. ამავე დროს, სიკვდილი აუცილებლობაა ბედისწერისაგან გამოღწევისათვის, ბედისწერისაგან, რომელსაც შენი დამონება მოუწადინებია. ხოლო მონობაც აქ უნდა გავიგოთ თავისი ზოგადი მნიშვნელობით – როგორც პასივობა, შეგუება ანუ ანტითავისუფლება (თავისუფლების მახასიათებლებია ქმედება, დაუმორჩილებლობა).

   ბარათაშვილის “მერანი” არის პოეტური განზოგადება თავისუფლებისკენ ლტოლვისა, აქ ზუსტად არის აღწერილი თავისუფლების ბილიკები შემხვედრი და დასაძლევი წინააღმდეგობებით და, ამასთან, – მიზანი თავისუფლებისა. ამიტომ არის “მერანი” ოდა თავისუფლებისადმი და კონსტატაცია თავისუფლების შინაარსისა.

   “მერანის” გმირი, ზოგადად, ადამიანის არქეტიპებს ეხმიანება, უფრო სწორად, ნებისმიერ მათგანს მოიცავს და ამიტომ ახდენს მკითხველზე ასეთ ძლიერ ზემოქმედებას.

   ვერავინ იტყვის, რა ენერგიას ატარებდა ადამი ედემიდან გამოდევნისას, რაგვარ ტკივილებს იტევდა მისი დაჭრილი სული, რა ვნებებს ითმენდა პრომეთე, კლდეზე რომ აჯაჭვებდნენ. შედარებით უფრო გასაგებია ქრისტეს ტანჯვა, რადგან მან სიტყვებით მიმართა მამას: “ელი, ელი, ლამა საბაქთანი!” (“ღმერთო, ღმერთო! რაისად დამიტევებ!”). “მერანის” ავტორმა ამ ტანჯვების სიღრმეს გვაზიარა, უფრო სწორად, ჩვენს ენაზე თარგმნა ეს ტანჯვა:

          “ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,

           ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის”.

   თუ ედემს მოვიაზრებთ სივრცედ, სადაც ყველა და ყველაფერი ჩემია, მაშინ იგი არის მშობლებითა და საყვარელი ადამიანებით დასახლებული სამშობლო, ამიტომ სამშობლოზე, მშობელსა და სატრფოზე უარის თქმა ისეთსავე სიძნელეს წარმოადგენს, როგორსაც – უარი ედემზე.

   სიკვდილის გავლით თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე ადამიანი მარტოა, მასთან აღარ არის არც სამშობლო, არც მშობელი, არც სატრფო. მასთან არის ყორანი, რომელიც უკან ეწევა, ხოლო მასში არის სიყვარული თავისუფლებისა, რაც მოძმეზე ზრუნვად გარდაისახება. მან უნდა “გარდაიაროს ბედის სამძღვარი”, უარი უნდა თქვას სიმშვიდეზე, მონობაზე, რაც ნიშნავს თანხმობას “მხვედრზე”, ამაშია მისი ინდივიდუალური მისია, ეს არის თითოეული ადამიანის უმაღლესი მონაპოვარიც და ვისაც თავისუფლების ეკლიან გზაზე უქროლია, მან ყველაზე უკეთ უწყის სალმობათა ბუნება და მათი დაძლევით მოპოვებული ნეტარების ფასი.

   ეს ქროლვა სულის მახასიათებელია, მისი სუბსტანციის თვისებაა და ოდესმე კი არ ჩერდება, არა, ეს სული მიჰქრის კაცთა მოდგმის კვალდაკვალ, იგი ტოვებს გათელილ გზებს, მაგრამ არც გზა მთავრდება, არც ქროლვა წყდება.

   “მერანის” სულისკვეთების საპირისპირო კრიზისული განცდა შესანიშნავად გამოხატა გალაკტიონმა: “სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას”.

   ისიც უნდა ითქვას, რომ “მერანი” იქმნება ქრისტიანულ და, ამავე დროს, პრომეთეს “მშობელ” ქვეყანაში. ამ ქვეყნის სულიერი პოტენციები დევს პოეტური ენის გენიაში. ოდესმე, თანაც კრიზისის საფრთხის წინ უნდა ამოქმედებულიყო და ამუშავებულიყო ეს პოტენცია, როგორც დროული შეხსენება ადამიანის ზოგადი და უმაღლესი მოვალეობისა. ერთი მხრივ, დგას ყოფნა-არყოფნის საფრთხე (სამშობლოს მდგომარეობა), მეორე მხრივ, არყოფნის დაძლევის საფრთხე მატერიაზე მიჯაჭვით (შეგუება მონობასთან), რამაც, შესაძლოა, ადამიანი გადააქციოს მხოლოდ სოციალურ არსებად და დაავიწყოს მარადიული ღირებულებები – მოძმის სიყვარული და მასზე ზრუნვა.

   ბარათაშვილის ფიზიკური არსება ყრმობის ასაკშივე ეწირება მსხვერპლად ყველა იმ საფრთხეს, რაც იმ დროის საქართველოში არსებობდა – ქვეყანა დაპყრობილია, მისი წრე ძალაგამოცლილია და, ლამის, – სულგამოცლილი, სატრფოს არ ესმის მისი, რადგან თავისუფლების იდეა, რომელიც ყველაზე მასშტაბურად სიყვარულში გამოიხატება, აქ ნიველირებულია და იცვლება წარმავალ ღირებულებაზე – მიწიერ პატივზე (ეკატერინეს არჩევანი – დედოფლობა). ამიტომ ინგრევა ღვთის ტაძარი, რომელიც ჰპოვა, როგორც შესაფარი, როგორც განსასვენებელი, მისი ხელახლა აგება კი აღარ ძალუძს სიყვარულსაც კი, რადგან ტრფობის ობიექტი “მისდა მდუმარებს”. ამიტომ სიყვარული გაიაზრება, როგორც სულის თვისება, რომელიც არის არა ამშენებელი, არამედ განმანათლებელი “ყოვლი გრძნობის, სულის და გულის”. ტაძარი, როგორც ფორმა, სილამაზეს ანუ ხორციელებას უნდა შევუსაბამოთ. ინგრევა ის, რაც წარმავალია, რჩება წარუვალი – ტაძარი ინგრევა, სიყვარული რჩება. და ახლა, როდესაც ყველაფერი ნგრევადი დანგრეულია, საბოლოოდ ცხადი ხდება, რომ კი არ უნდა აშენოს, უგზო-უკვლო გზები უნდა გათელოს, უნდა გაუმკლავდეს სამყაროს ყველაზე მძლავრ მოვლენათა წინააღმდეგობას, ელემენტთა ბუნებას: “გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი”. ქართულ მწერლობაში ამ ცოდნის ტრადიცია არსებობს: “ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,/ ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰეართა თანა ძრომასა”. მათი დაძლევის შემდეგ ეძლევა ადამიანს უნარი “დღისით და ღამით ხედვიდეს მზისა ელვათა კრთომასა”.

   “მერანის” გმირი წარმოგვიდგება ადამად, რომელსაც ყველაზე “ახლოს” ჰყავს განცდილი ანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით; პრომეთედ, ღვთაებრივ ცეცხლს რომ მოაქროლებს მოძმეთათვის; კაცობრიობის მხსნელად, განკაცებულ ღვთის ძედ, რომელსაც მაცდურის დაძლევის შემდეგ ანგელოზნი მსახურებენ. დიდ სიძნელეებზე, დიდ გამოცდებზე გამარჯვებულის ამოძახილია ეს სიტყვები: “გასწი, გაფრინდი, ჩემო მერინო, გარდამატარე ბედის სამძღვარი, თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი”.

   ამ ლექსის დაწერის წინა დღეებს ბარათაშვილი ასე აღწერს: “სამი დღე გაბრუებული ვიყავ ათასის სხვა და სხვა უცნაურის ფიქრებით და რომ გეკითხათ კი ჩემთვის, მეც არ ვიცოდი, რა მინდოდა”. და უეცრად, ამ ქაოსიდან იბადება პოეზიის მშვენება, ლექსი, რომელმაც ქართველობას ყოფა შეუმსუბუქა, უფრო სწორად, ყოფიერებაზე ამაღლების გზა აჩვენა.

   არ გვიკვირს, რომ ბარათაშვილში ასეთი შეუცნობი განცდები აღიძვრის. თუ წესრიგი ქაოსის პირმშოა, “მერანი” არის წესრიგი თავისუფლებისა.

   ფსიქოლოგიის ენაზე თუ ვიტყვით, ამ დროს ბარათაშვილში “კოლექტიური არაცნობიერი” იწყებს თრთოლას და არქეტიპებს ალაგებს ერთმანეთის თანმიმდევრობით, ანდა, შესაძლოა, ასე ითქვას, არქეტიპები იმ ენაზე ესაუბრებიან პოეტს, მოგვიანებით “ჩინარში” რომ გაგვიცხადებს: “მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო, უჰასაკოთაც და უსულთ შორის/ და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის”. ეს საიდუმლო ენა სამ დღეს ესაუბრება ბარათაშვილს, ასწავლის თავის თავს და მერე პოეტიც “გადმოთარგმნის” თუ “მიბაძავს”. მთავარია, რომ იგი გვასწავლის თავისუფლების სულს და თავად მზადაა თვითშეწირვისათვის. აქ უკვე მისი, როგორც შემოქმედის მისია, აღსრულებულია, რადგან ადამიანის უფრო მაღალი დანიშნულება არ ვიცით:

    “ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება

     და გზა უვალი, შენგან თელილი, მერინო ჩემო, მაინც დარჩება.

     და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,

     და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს”.

   ხოლო სახეები, რომლითაც იგი აზროვნებს, ასევე ზოგადია და ამიტომაც, – კარგად საწვდომი. თავად მხედარია და არა – პოეტი, სული მერანია და არა – აბსტრაქცია, სიკვდილი შავი ყორანია – ზოგადი სახე ანტიღვთაებრივისა (სულიწმიდა თეთრი მტრედია), რომელიც ანტიესთეტიკური და ანტიმუსიკალურია – თვალბედითი და მჩხავანა. მხედრის წარმავალ ნაწილებს საბოლოოდ ეს ყორანი გაუთხრის სამარეს და ქარიშხალი მიწას მიაყრის. ამ მიზნისკენ სავალ გზაზე ჩანს ის ნათელი, შემოღამების ფინალში რომ გამოჩნდება: “მწუხრი გულისა, სევდა გულისა/ ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,/ როს გათენდება დილა მზიანი/  და ყოველს ბინდსა ის განანათლებს”.

   შეიძლება ითქვას, რომ მერანი არის პოეტური მონათხრობი “სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვისა”, ამიტომ არის იგი ქართული ქრისტიანული ძეგლი, რომელმაც კრიზისს წინა უსწრო და მომავლის სიტყვა დაუბარა თანამოძმეებს.

   ამ კონტექსტიდან მეტად საინტერესოდ აჟღერდება ბარათაშვილის საიდუმლოებით მოცული სიტყვები, რომელთაც სოლომონ ლიონიზე წარმოთქვამს, ვერ ჩაწვდება რა ერეკლეს გადაწყვეტილების სისწორეს:

          “ზოგჯერ ღვთიურსა ზრუნვასა მეფის გონება ყმათა ვერა მიჰხვდების”

ალბათ, ამ კონტექსტიდან უნდა წავიკითხოთ, საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიული ბედისწერა, ერის დამოკიდებულება ხვედრისადმი და მისი შედეგები.

   ამავე კონტექსტიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდუმალი ხმის მოწოდება: “ეძიე, ყრმაო, შენ მხვედრი შენი, ვინძლო იპოვნო შენი საშვენი”,  მიგნებულია: მისი “მხვედრი” მხსნელის “მხვედრია”, მისი საშვენი კი – უკვდავება.

Source
burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button