საზარელი „გართობა” ფარერის კუნძულებზე [+15]
ყოველ წელს, ნოემბრის მიწურულს, ფარერის კუნძულების სანაპიროზე ზღვა მეწამულ ფერს იღებს. სამწუხაროდ, ეს არც გამორიყული წყალმცენარეების გამოა და არც წყალში ჩაღვრილი საღებავი ქმნის ასეთ სურათს – ამ ყველაფრის მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობის უძველესი ტრადიციაა, რომელიც შავი დელფინების ხოცვა-ჟლეტაში გამოიხატება.
ეს პრაქტიკა სათავეს უძველესი დროიდან იღებს, ჯერ კიდევ იქიდან, როცა კუნძულზე ძველი ნორვეგიელები ახალი დასახლებულნი იყვნენ. ეს ფენომენი გავრცელებული იყო ისლანდიასა და შოტლანდიაშიც. ადრეული სკანდინავიელების ნასახლარებში დელფინის ძვლების აღმოჩენა და 1200 წლის წინანდელი სხვა არქეოლოგიური მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ზღვის ძუძუმწოვრებზე ნადირობა ფარერის კუნძულების მოსახლეობისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახლდათ. ამ გზით მოპოვებულ ხორცსა და ქონს საკვებ დიეტაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. გარდა ამისა, ქონს ასევე იყენებდნენ საწვავად, გასანათებლად და სხვა დანიშნულებისთვის. ხოლო ტყავს ამუშავებდნენ და გარდაქმნიდნენ თოკებად, ანკესის ნაწილებად, კუჭს კი – ტივტივად.
ყველაზე ძველი ჩანაწერი ზღვის ცხოველებზე ნადირობის შესახებ თარიღდება 1584 წლით.
ფარერის კუნძულების 17 ქალაქსა და სოფელში ყოველ წელს იმართება დღესასწაული სახელად „გრინდადრაპი”, რაც მათ ენაზე გრინდებზე (იგივე შავი დელფინები) ნადირობას ნიშნავს. ისინი ვიკინგების შთამომავლები არიან და ამ საქმიანობას მოგების ნახვის მიზნით არ მისდევენ, არამედ მათი წინაპრების მსგავსად საკვების მოსაპოვებლად ხოცავენ დელფინებს.
ყოველ წელს ეს ბარბაროსული ტრადიცია 1000-მდე შავ დელფინს (Globicephala) იწირავს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ისინი საფრთხეში მყოფ ცხოველებად არ მიიჩნევიან. გრინდებმა სიგრძით შეიძლება 7 მეტრს მიაღწიონ, ქცევებით კი ვეშაპებს ჰგვანან. ამიტომ მეორენაირად „შავ ვეშაპებს” ან „პილოტ ვეშაპებს” უწოდებენ. ძირითადად იკვებებიან კალმარებით და ცხოვრობენ ჯგუფებად, რომელშიც 10-30 წევრი შედის, რიგ შემთხვევებში კი – 100-მდე. შავი დელფინების ტაქსონომიური რიგი ორ სახეობას მოიცავს – მოკლეფარფლიანსა და გრძელფარფლიანს. ორივე სახეობისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა მდედრებში აღწევს 60 წელს, მამრებში კი – 45 წელს. გრძელფარფლიანი მამრი დელფინების წონა 2.3 ტონამდე ადის, მდედრებისა – 1.3 ტონამდე. მოკლეფარფლიანების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 1-დან 4 ტონამდე მერყეობს.
ნადირობის პროცესი მოიცავს ცხოველების გამორიყვას სანაპიროზე ან ფიორდში ნახევარწრის ფორმის ნავებით, შემდეგ კი მათი ხოცვა-ჟლეტა იწყება. რომლებსაც ნავებით ვერ გამორეკავენ, კაუჭს გამოსდებენ სხეულში და ასე მიათრევენ. თუმცა ბოლო პერიოდში უფრო ხშირად ბლაგვ ბარჯს იყენებენ, ასევე აკრძალეს შუბები და ჰარპუნები, რადგან ასე ნადირობა უფრო „ჰუმანურია”. ეს ცვლილებაც მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ორგანიზაციებმა, როგორიცაა „Greenpeace” და „ვეშაპებისა და დელფინების დაცვის საზოგადოება” (WDCS), უკან არ დაიხიეს და აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ.
ნაპირზე გამორიყულ დელფინებს ზურგის ფარფლების არეს აჭრიან ხერხემლამდე სპეციალური დანით, რომელსაც „გრინდაკნივური” ჰქვია. ამის შემდეგ ცხოველი მალევე იღუპება, რამდენიმე წამში ან წუთში, ტანჯვის საშუალო ხანგრძლივობა 30 წამია. ნადირობის პროცესში მოპოვებული ხორცი ბაზარზე არ გადის, არამედ ნაწილდება ადგილობრივ მოსახლეობაში. ეს ჩვეულება უკვე 1000 წელზე მეტია, მყარადაა მათში გამჯდარი და შეცვლაზე არც ფიქრობენ, მიიჩნევენ რა მათი ისტორიისა და კულტურის განუყოფელ ნაწილად.
კერძი, რომელიც მზადდება შავი დელფინის ხორცით, ქონით (შუაში), გამომშრალი თევზითა (მარცხნივ) და მოხარშული კარტოფილით.
ეს ტრადიცია, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც გვხვდება, ბევრჯერ გატარებულა კრიტიკის ქარცეცხლში ცხოველთა უფლებების დამცველი საზოგადოებების მიერ, უწოდებენ მას „მხეცურსა” და „უსარგებლოს”. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დელფინების ხოცვა სრულიად აიკრძალოს. ადგილობრივი მაცხოვრებლები კი საპასუხოდ ამბობენ, რომ ასეთ ორგანიზაციებს არ აქვთ სათანადო წარმოდგენა, თუ რა მეთოდები გამოიყენება ნადირობისას და რამხელა მნიშვნელობა აქვს ტრადიციას ქვეყნის ეკონომიკისთვის.
თუმცა ბოლო პერიოდში შავი დელფინის ხორცმა გარკვეული უკუეფექტები გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ამ ცხოველებში მაღალია ტოქსინების შემცველობის მაჩვენებელი, რაც ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს. დელფინის ხორცისგან დამზადებული კერძების დაგემოვნების შემდეგ 5000 ფარერელი მძიმედ მოიწამლა, ნაწილი კი გარდაიცვალა. ამის მთავარი მიზეზი იყო ხორცში ვერცხლისწყლის მაღალი დონე. გარდა ამისა, არაბუნებრივად გაიზარდა გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების რიცხვი.
2008 წლის ნოემბერში ფარერის კუნძულების სამედიცინო ექსპერტებმა მოუწოდეს მოსახლეობას, მათივე ჯანმრთელობის სასარგებლოდ ამოიღონ შავი დელფინის ხორცი კვების რაციონიდან.
გარდა შავი დელფინებისა, მონადირეების ხელში შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი სახეობებიც, როგორიცაა: ბოთლცხვირა დელფინი (აფალინა), ატლანტის თეთრდინგიანი დელფინი, ატლანტის თეთრგვერდა დელფინი და ზღვის ღორი (ზღვის დელფინის სახეობა). ზღვის ღორებს ძირითადად საფანტის თოფებით ხოცავენ, თუმცა მათ ნაკლებად ეტანებიან – მონადირეების ხელში ჩავარდნილთა რაოდენობა წელიწადში მაქსიმუმ 10-ია.