ამონარიდებისაკითხავიწიგნები

“დიაცი ვაჟკაცივით აბიჯებს…” – როგორ ახასიათებს ვაჟა ფშაველ ქალს

“ყველა დროს თავისი იდეალი აქვს. კაცობრიობაც დროების მოთხოვნილების მიხედვით ცვლის ხოლმე იდეალებსო”, – აი, რას ამბობდა გენიალური ვაჟა-ფშაველა, რომელსაც არც ერთი ცხოვრებისეული მოვლენა უგულისყუროდ არ დაუტოვებია და ყველაფერს ეხმიანებოდა თავისი ფასდაუდები წერილებით. ამაზე უკეთ ვერც ვიტყვით და ისღა დაგვრჩენია, ბებო-დიდედების კიდობნები და სკივრები გამოვამზეუროთ და ერთად ვნახოთ, რა შეიცვალა ქალის შინაგანი თუ გარეგნული მშვენიერების აღქმაში, სწორედ “დროების მოთხოვნილებით” და როგორები იყვნენ სხვადასხვა კუთხის ქართველი ქალები. საუბარს ფშაველი ქალებით ვიწყებთ:

ფშაველ ქალს, თავის ეთნოგრაფიულ მასალაში “ფშავლები”, ვაჟა ასე ახასიათებს: “გზად მომავალი ფშავლის ქალი რო დაინახოთ, თავის დღეში ვერ იტყვით, თუ ის მართლა დედაკაცია, მინამ არ მოგიახლოვდება და იმის “ჩიქილ-ხელსახოცს” არ დაინახავ, იმის კაბას და “სარტყელ-გულისპირსა”. დიაცი ვაჟკაცივით აბიჯებს: მაგრა, მკვიდრად, გაბედულად. გასათხოვარი ცოტად მორცხობს, კრძალვით იქცევა. გათხოვილი, ქმრიანი ქალი უფრო გაბედულია, თამამი, მოურიდებელი. უცხო კაცს არ უბრთხის, არ ემალება; ბაგეს ბარის დედაკაცივით ჩიქილის ტოტში არ გაიხვევს და თავჩაღუნული არ გაგცდება. ფშაველი ქალი მეტად ლამაზია, ტურფაა როგორც ია, მაგრამ როგორც თვით ია, ისე სილამაზეც მალე ჰქრება, სწრაფად იკარგება. ოცდაათი წლის ქალი უკვე ხნიერია, მოხუცებული და ყველა ეს, ჯაფის, გადამეტებული შრომის ბრალია. მამაკაცისათვის დედაკაცი სწორედ მარჯვენა ხელია და კიდევაც მეტი. ოჯახი ფშაველი დედაკაცისათვის წმინდათა-წმინდაა, კერა წმინდა ტრაპეზია, სადაც შეიწირების მსხვერპლი ცოცხალთა სადღეგრძელოდ და მკვდართა მოსახსენებლად. ფშაველი დედაკაცი ბევრს სხვა საქმეს ასრულებს დიდის ამბითა და გულუხობით თავის ნათესავების მიმართ. ძღვნის სახით ყველაფერი თავის ხელით უნდა შეამზადოს: ზოგს საჩოხე მოუქსოვოს, ახალოხი, ზოგს ჭრელი წინდები, ზოგსაც საკაბე, სხვას თავმოსახვევი. ნათესავთა და მეზობელთ ქორწილისთვისაც ბევრი რამ სჭირდება ძღვნად, საჩუქრად. ამს თან მოსდევს “მოსაკითხები”, ზოგი სნეულებისა, სხვა – ახლადდაბადებულთათვის”.

“ფშაველ ქალს საშინაოდ აცვია ჯუბა (შალის კაბა), ფაფანაგი (მოკლე ჩოხა) და ტყავი; თავზე ახურავს ჩითის ჩიქილა ანუ ლეჩაქი, გარს შემოკრულის შავის ხელსახოცით. ხატობის დროს ის ისე გამოიცვლება, როგორც გაზაფხულზე ბუნება აყვავდება წითლად და ყვითლად. ხატობაში (დღეობაში) ან ქორწილში როდესაც არის ქალი, იმას აცვია წითელი კაბა და ყელზედ ჰკიდია ვერცხლის შიბები. ესე მოკაზმული ეჩვენება და გაუთამაშდება თავის წაწალს”.

თავის ძალიან ცნობილ წერილში “ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით” – სხვადასხვა ხალხური ლექსების მოშველიებით, ვაჟა გვაცნობს ფშავლების შეხედულებას ფშაველი ქალის სილამაზის იდეალზე: “თუმცა ფშაველი დედაკაცს ეშმაკეულობას, მისგან ჩამომავლობას მიაწერს, მაგრამ მაინც დედაკაცის ზემოქმედების ქვეშ არის მომწყვდეული, მონაა იმისი, ლოცულობს იმას ხატივით. პირ-კბილი, თვალ-წარბი, გულ-მკერდი, ალვის ტანი, ხახვის ფურცელივით ბაგეები, მწყაზარი საფეთქელი, ხშირი თმა – ვგონებ აღარ დარჩა სხეულის ნაწილი, რომელიც შექებული არ იყოს ფშაველთა მიერ”.

მოამზადა სოფიო ჯაფარიძემ

წყარო: mshoblebi.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button