ზღაპარისაბავშვო

ბატი და მელა – იტალიური ზღაპარი

ერთხელ ბატების გუნდი მარემაში მიდიოდა კვერცხის დასადებად. ერთი ბატი შუა გზაზე გაჩერდა და ამხანაგებს უთხრა:
— დებო, უნდა დაგშორდეთ. კვერცხის დადების დრო დამიდგა, მარემამდე ვერ შევიკავებო.
— როგორმე შეიკავეო!
— როგორმე გამაგრდიო!
— მარტო როგორ დაგტოვოთო?! — შეწუხდნენ ბატები.
ბატს მოთმენა აღარ შეეძლო. შეიქნა ხვევნა-კოცნა. დაემშვიდობნენ ერთმა-ნეთს, შეთანხმდნენ, უკან მობრუნებისას აქ შევხვდეთო. ბატი ტყეში შეფარ-ფატდა. ბებერი მუხის ქვეშ, ხმელ ფოთლებში გაიკეთა ბუდე. პირველი კვერ-ცხი დადო, მერე ბუდიდან ამოძვრა და საბალახოდ გასწია.
საღამო ხანს დაბრუნდა ბატი და დახეთ უბედურებას! ბუდეში კვერცხი აღარ იდო. დაღონდა ბატი, იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა, მუხაზე ავალ, მეო-რე კვერცხს შტოებში ჩავმალავო. აფრინდა, დადო კვერცხი, ისევ ძირს ჩამოფ-რინდა და კმაყოფილი არხეინად წავიდა საბალახოდ. უკან რომ დაბრუნდა, მე-ორე კვერცხიც აღარ დახვდა.
‘ნამდვილად ამ ტყეში მელას აქვს სორო და ის წუწკი მპარავს კვერცხებს», — გაიფიქრა ბატმა.
ადგა ბატი, გასწია მახლობელ სოფელში, მიადგა ერთ მჭედელს და კარზე დაუკაკუნა.
— სინიორ მჭედელო, რკინის სახლი გამიკეთეთო! — სთხოვა ბატმა.
— ას წყვილ კვერცხს თუ დამიდებ, დიდი სიამოვნებით გაგიკეთებო, — უპა-სუხა მჭედელმა.
— კარგიო! — უთხრა ბატმა. — აქვე დამიდგით კალათი, ვიდრე თქვენ რკი-ნის სახლს გამოჭედავთ, მე ას წყვილ კვერცხს დაგიდებთო.
ჩაჯდა ბატი კალათში. დაჰკრავს მჭედელი ჩაქუჩს, გამოაგდებს ბატი კვერცხს. დაჰკრავს კიდევ მჭედელი. კიდევ გამოაგდებს ბატი კვერცხს.
მეორასეჯერ რომ დაჰკრა მჭედელმა ჩაქუჩი, ბატმაც მეორასე კვერცხი გამო-აგდო და კალათიდან ამოხტა.
— ბატონო მჭედელო, დანაპირები შეგისრულეთ, ინებეთ ასი წყვილი კვერ-ცხიო.
— სინიორა ბატო, თქვენი რკინის სახლიც მზად გახლავთო, — უპასუხა მჭე-დელმა.
ბატმა მჭედელს მადლობა გადაუხადა, წამოიკიდა რკინის სახლი და ტყეში გასწია. შუაგულ ტყეში ჭალა იყო, სწორედ იმ ჭალაში ჩადგა ბატმა თავისი სახ-ლი. საუცხოო ადგილია, ჩემს ჭუჭულებს ხასხასა ბალახიც ძღომაზე ექნებათ და საჭყუმპალაო წყალიცო.
გახარებული ბატი თავის სახლში შეძვრა, ახლა მაინც გულდამშვიდებით დავდებ კვერცხებსო.
ამ დროს მელა ტყეში დაცუნცულებდა, მიადგა მუხას, ეძებდა კვერცხს. ვერ-სად იპოვა კვერცხი, აქეთ ეცა, იქით ეცა, გაძვრა-გამოძვრა და ბოლოს ჭალაში ამოყო თავი. გაიხედა და რასა ხედავს: შუაგულ ჭალაში რკინის სახლი დგას.
ნამდვილად აქ შეძვრებოდა ბატიო, — გაიფიქრა მელამ და კარზე დააკაკუნა.
— რომელი ხარ?
— მე ვარ, მელა!
_ კვერცხებზე ვზივარ, კარს ვერ გაგიღებო.
— ბატუნიავ, გამიღე რა! — შეეხვეწა მელა.
— რას ამბობ, კარი როგორ გაგიღო, ხომ შემჭამო?
— არა, ბატუნიავ, პირს არ დაგაკარებ, ოღონდ კარი
გამიღეო!
— არა, არ გაგიღებო!
— იცოდე, ბატო, არ გამიღებ და მწარედ ინანებ, უფრო ცუდი დღე დაგადგე-ბაო.
შენ გგონია, წავალ?
სახურავზე ავალ,
და ვიცეკვებ ისე
თავბრუ რომ დამესხას…
ო, სულელო ბატო,
სულ დავანგრევ შენს სახლს.
ბატმა უპასუხა:
ვიცი, არსად წახვალ,
სახურავზე ახვალ
და იცეკვებ ისე,
თავბრუ რომ დაგესხას,
მაგრამ მაინც არა,
ვერ დაანგრევ ჩემს სახლს.
მელა სახურავზე აძვრა და მოჰყვა ფეხების ბაკუნს. კუნტრუშებს ასეც, ისეც, მაგრამ, ნურას უკაცრავად, რაც მეტი იკუნტრუშა და იხტუნა, მით უფრო გამაგ-რდა რკინა. გაბრაზდა მელა, ჩამოხტა ძირს და უკანმოუხედავად მოუსვა. ბატმა კი იმდენი იცინა, იმდენი იცინა, კინაღამ მუცელზე გაიფხრიწა.
კარგა ხანს არ გამოჩენილა მელა. ბატი მაინც ფრთხილობდა. ამასობაში ჭუ-ჭულებიც გამოჩეკა.
ერთ დღეს ისევ გაისმა კაკუნი.
— რომელი ხარ?
— მე ვარ, მელა.
— რა გნებავს, რისთვის გარჯილხარო?
— ხვალ ბაზრობაა, გინდა ერთად წავიდეთო?
— კარგი, წავიდეთ. რა დროს გამომივლიო?
— რა დროსაც გინდაო.
— მაშ ცხრა საათისთვის მოდი. ამაზე ადრე არ შემიძლია, ჭუჭულები უნდა დავაპუროო.
გულითადი მეგობრებივით გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. მიდიოდა მელა, მიცუნცულებდა, თან ტუჩებს ილოკავდა; ხვალ ბატსაც შევჭამ და მის ჭუჭუ-ლებსაც შევახრამუნებო.
ბატი უთენია წამოდგა, დააპურა ჭუჭულები, სათითაოდ გადაკოცნა, დაარი-გა, კარი არავის გაუღოთო და ბაზარში წავიდა.
რვა საათი არ იქნებოდა, მელა ბატის სახლს რომ მიადგა. კარზე დააკაკუნა:
— დედა შინ არ არისო, — დაუძახეს ჭუჭულებმა.
— კარი გამიღეთო, — უბრძანა მელამ.
— ვერ გაგიღებთ, დედამ აგვიკრძალაო, — უპასუხეს ჭუჭულებმა.
— თქვენ შეჭმას მერეც მოვასწრებო, — ჩაიდუდუნა მელამ და მერე ხმამაღ-ლა ჰკითხა: — როდის წავიდა დედათქვენი ბაზარშიო?
— დილაადრიანად წავიდაო, — უპასუხეს ჭუჭულებმა.
მელასაც ეს უნდოდა, დაჰკრა ფეხი და ბაზრისკენ მოუსვა.
ბატი ბაზრიდან ბრუნდებოდა, ნავაჭრი მოჰქონდა. გაიხედა და თვალი მოჰ-კრა, ენაგადმოგდებული მელა მოცუნცულებდა მისკენ.
‘რაღა ვქნა, სად დავიმალო?» — აწრიალდა ბატი.
ბატმა ბაზარში დიდი ჯამი იყიდა. ჯამის სახურავი ძირს დადო, დაჯდა და ჯამი ზედ დაიმხო.
შედგა მელა.
— ეს რა კარგი სამლოცველოა. უნდა ვილოცოო, — თქვა.
დაიჩოქა ჯამის წინ, ილოცა, ოქროს მანეთიანი შესწირა სალოცავს და წაცუნ-ცულდა.
ბატმა თავი გამოყო, აიტაცა ოქროს მანეთიანი, წამოიკიდა ჯამი და ჰერი! — შინისკენ.
ბევრი იწრიალა მელამ ბაზარში, ათვალიერა, ყნოსა, დახლების ქვეშ შეძვრა-გამოძვრა, მაგრამ ბატის კვალსაც ვერ მიაგნო. ‘ჯერ წასული არ იქნება, თორემ გზაში შემხვდებოდა», — გაიფიქრა და ისევ ძებნა დაუწყო. დამთავრდა ბაზრო-ბა, ვაჭრებმა დარჩენილი საქონელი შეინახეს, აშალეს დახლები, ბატი კი არსად იყო. ‘ერთი იმას უყურეთ, ახლაც არ მომატყუა?» — გაივლო გულში მელამ.
შიმშილით მიმკვდარებული ბატის სახლთან მილასლასდა და დააკაკუნა.
— რომელი ხარ?
— მე ვარ, მელა. რატომ არ დამიცადე, ბატო?
— ცხელოდა და ვეღარ დაგელოდე. მეგონა, გზაში შევხვდებოდით ერთმა-ნეთს.
— შენ რომელი გზით დაბრუნდი, ბატუნიავ?
— აქ მარტო ერთი გზაა, — უპასუხა ბატმა.
— მაშ, როგორ ამცდი? რატომ ვერ დაგინახეო?! — გაუკვირდა მელას.
— მე კი დაგინახე! იმ სამლოცველოში ვიჯექი, შენ რომ ილოცეო, — მოახსე-ნა ბატმა.
გაბრაზდა მელა.
— ახლავე გამიღე კარი!
— არ შემიძლია. რომ გაგიღო, ხომ შემჭამო? — უპასუხა ბატმა.
— იცოდე, ბატო:
შენ გგონია, წავალ?
სახურავზე ავალ,
და ვიცეკვებ ისე,
თავბრუ რომ დამესხას…
ო, სულელო ბატო,
სულ დავანგრევ შენს სახლს.
ბატმა უპასუხა:
ვიცი, არსად წახვალ,
სახურავზე ახვალ
და იცეკვებ ისე,
თავბრუ რომ დაგესხას,
მაგრამ მაინც არა,
ვერ დაანგრევ ჩემს სახლს.
ახტა მელა სახლის სახურავზე, ჩაბუქნა და ჩაბუქნა, მაგრამ რკინის სახლს რას დააკლებდა!
გავიდა კარგა დიდი ხანი და ერთ დილას ისევ მიუკაკუნა მელამ ბატს.
— რომელი ხარ?
— მე ვარ, მელა, კარი გამიღე, ბატუნიავ!
— ვერ გაგიღებ, არა მცალია!
— შაბათს ბაზრობაა, ბატო, გინდა ერთად წავიდეთ?
— კარგი, გამომიარეო.
— მითხარი, რა დროს გამოგიარო, უწინდელივით გზაში რომ არ ავცდეთ ერთმანეთსო.
— შვიდ საათზე მოდი, ამაზე ადრე არ შემიძლიაო.
— კარგიო.
მელა და ბატი გულითადი მეგობრებივით გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. შაბათ დილას უთენია წამოდგა ბატი, დავარცხნა ჭუჭულები, ხასხასა ბალახი დაუყარა, დაარიგა, არამც და არამც კარი არ გაუღოთ, ვინც უნდა მოვიდესო, და ბაზარში გასწია.
ექვსი საათიც არ იქნებოდა, მელა რომ მიცუნცულდა ბატის სახლთან. ჭუჭუ-ლებმა უთხრეს, დედა რა ხანია წავიდაო, და მელა ბატს გამოუდგა.
ბატი ნესვს ევაჭრებოდა, უცებ თვალი მოჰკრა მელას. აბა, სად წავიდოდა? სად დაიმალებოდა? ძირს ერთი უშველებლი ნესვი ეგდო. ეცა ბატი ამ ნესვს, ნისკარტით ამოღრუტნა და შიგ შეძვრა.
დარბოდა, დაძრწოდა, დაცუნცულებდა მელა, ეძებდა ბატს გამწარებული. ალბათ ჯერ არ მოსულაო, — გაიფიქრა. მერე გადაწყვიტა, წავალ, ნესვებს ჩა-ვუვლი, ერთ კარგ ნესვს ამოვირჩევო და წავიდა. ჩაკბიჩა ერთი ნესვი, ჩაკბიჩა მეორე, არც ერთი არ მოეწონა, ყველა მწარე იყო. ბოლოს სწორედ ის დიდი ნეს-ვი დაინახა, რომელშიც ბატი იჯდა.
‘ეს კი ტკბილი იქნება», — გაიფიქრა და ჩაკბიჩა.
ბატს სწორედ იმ ადგილზე ჰქონდა ნისკარტი მიდებული და შიგ პირში შეა-ფურთხა მელას.
— ფუი, ეს რა საძაგლობააო, — დაიყვირა მელამ და ნესვი გადაისროლა.
დაგორდა ნესვი გორაკზე, დაენარცხა ქვას, გასკდა, გადმოხტა ბატი და, იცოცხლე, მოუსვა შინისკენ.
საღამომდე დაცუნცულებდა მელა ბაზარში, მერე ისევ ბატის სახლს მიაშუ-რა.
— რად მომატყუე, ბატო? რატომ არ იყავი ბაზარშიო?
— სწორედაც რომ გახლდით. აი, იმ დიდ ნესვში ვიჯექი, შენ რომ ჩაკბიჩე და ძირს დაანარცხეო.
— მაშ, ისევ მაჯობე ეშმაკობაში? — გაბრაზდა მელა. — ახლავე გამიღე კარი, თორემ!..
— რას ამბობ, კარი რომ გაგიღო, ხომ შემჭამ?
— მიფრთხილდი, ბატო:
შენ გგონია, წავალ?
სახურავზე ავალ,
და ვიცეკვებ ისე,
თავბრუ რომ დამესხას…
ო, სულელო ბატო,
სულ დავანგრევ შენს სახლს.
ბატმა უპასუხა:
ვიცი, არსად წახვალ,
სახურავზე ახვალ
და იცეკვებ ისე,
თავბრუ რომ დაგესხას,
მაგრამ მაინც არა,
ვერ დაანგრევ ჩემს სახლს.
ჩაბუქნა და ჩაბუქნა მელამ. მაგრამ რამდენი არ იხტუნა და იკუნტრუშა, რკი-ნის სახლს ვერა დააკლო რა.
გავიდა კარგა დიდი დრო და ისევ მიუკაკუნა ბატს კარზე.
— ბატუნიავ, მოდი, შევრიგდეთ. ძველი შუღლი დავივიწყოთ და ერთად ვივახშმოთო.
— კარგი და პატიოსანიო, — უპასუხა ბატმა, — მაგრამ მე რომ არაფერი გა-მაჩნია, რით გაგიმასპინძლდეო?
— ამის დარდი ნუ გაქვს, შენი საქმე კერძის გაკეთება და სუფრის გაშლაა. დანარჩენი მე მომანდეო.
გაიქცა მელა და ხელად ძეხვი მოაცუნცულა, მერე წვრილი ძეხვი მოიტანა, ახლა ყველიც მოაყოლა, ყველს — ქათამი, ქათამს სხვადასხვა, კიდევ სხვადას-ხვა და მალე ბატის სახლში იმდენი ხორაგი მოზიდა, რომ ტევა აღარ იყო.
დადგა ვახშმობის დროც. მელამ ორი დღე ლუკმა არ ჩაიდო პირში, უფრო მადიანად შევახრამუნებ ბატსა და მის ჭუჭულებსო. ძეხვი და ყველი ვიღას ახ-სოვდა.
მიცუნცულდა მელა ბატის სახლთან და დაიყვირა:
— ბატო, ვახშამი მზადა გაქვსო?
— მზად გახლავთ, — უპასუხა ბატმა, — შემობრძანდი. ოღონდ ფანჯრიდან მოგიწევს შემოძრომა, მაგიდა კარზეა მიდგმული, ვერ გაგიღებო.
— ჩემთვის სულ ერთია, ფანჯრიდანაც შემოვძვრები, მაგრამ ამ სიმაღლე ფანჯარაზე როგორ ამოვიდეო?
— თოკს ჩამოვუშვებ, მარყუჟში თავი გაყავი და მე აქედან ამოგწევო.
მელას სულ კბილები უკაწკაწებდა, ისე ეჩქარებოდა ბატის ჩახრამუნება, აღა-რაფერს დაერიდა, ხელად გაყო თავი მარყუჟში. ბატმა თოკს მოსწია, მარყუჟმა
ყელში წაუჭირა. აქეთ მოაწყდა მელა, იქით მიაწყდა, მაგრამ მარყუჟიდან თავი ვეღარ გამოყო, თვალები გადმოკარკლა, ენა გადმოაგდო და თქვენი ჭირი წაი-ღო.
იცადა ბატმა, იცადა, მერე თოკს ხელი გაუშვა და მკვდარმა მელამ მიწაზე ბრაგვანი გაადინა.
— აბა, ჩემო ჭუჭულებო, წავიდეთ, ხასხასა ბალახი მოვკორტნოთ და წყალ-შიც ვიჭყუმპალაოთო, — უთხრა ბატმა ჭუჭულებს და კარი გაუღო.
ძლივს ეღირსათ ჭუჭულებს კარში გამოსვლა. სიხარულით აღარ იცოდნენ, რა ექნათ. გაშალეს ფრთები, გაინავარდეს, დასდევდნენ ერთმანეთს.
მალე ბატის მეგობრების დაბრუნების დროც დადგა. ერთ მშვენიერ დღეს ბატს ფრთების ტკრციალი და სივილი შეესმა.
ნამდვილად ჩემი დები მოფრინავენო, თქვა, გავიდა გზაზე და დაინახა ბატე-ბის გუნდი, უკან პატარა ჭუჭულები მოჰყვებოდნენ. ისე გაუხარდათ ერთმანე-თის ნახვა, ისე გაუხარდათ, ცას ეწივნენ სიხარულით.
ბატმა დებს უამბო, როგორ აჯობა მელას ეშმაკობაში. მის დებს ისე მოეწო-ნათ რკინის სახლი, რომ წამოიშალნენ და მჭედელთან წავიდნენ, ჩვენც გაგვი-კეთე რკინის სახლებიო, სთხოვეს.
იმ ჭალაში დღესაც არის ბატების სოფელი, — ისეთი მაგარი კოპწია რკინის სახლებია ჩამწკრივებული, რომ მსუნაგი მელა ცხვირსაც ვერ შეყოფს.
სიენა

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button