ამონარიდებიგამონათქვამებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ზაირა არსენიშვილი “ვა სოფელო” (ამონარიდები)

“ჩიკომაც შემომძახა, კარგი, კარგიო, და მართლაც საკვირველი საიდუმლო გამანდო: ფრაუ ელზა ღამღამობით თურმე ყანჩად გადაიქცევა ხოლმე, იმიტომ ყანჩად, რომ აწოწილია, გრძელი ფეხები აქვს და გრძელი კისერი, მოკაუჭებული ცხვირი და მრგვალი, ყვითელი თვალები, თან თვალები ზოგჯერ უელავს ხოლმე. დედამ თქვა ეს უიშვიათესი რამ არის, ადამიანს კატასავით უელავდეს თვალებიო…

…მე არაჩვეულებვრივად მომწონს ჩვენი ახალი საიდუმლო, განა მართლა გადასარევი არ არის იმის წარმოდგენა, როგორ მიფრინავს ფრაუ ელზა, დიდი ფრთები გაუშლია ვერცხლისფერ ღამეულ ცაზე და მიფრინავს… მიფრინავს… და მიფრინავს…. ზოგჯერ დაისვენებს ხნიერი ყანჩაა, ჩიკო მეუბნება, აუცილებლად ხნიერ ყანჩად იქნება გადაქცეულიო, ამიტომ ხშირად იღლება და ღრუბელზე შემოჯდება ხოლმე, ჰამბურგისკენ მიმავალ ღრუბელზე, თან ისვენებს და თან მიფრინავს…

***

…მაგრამ ჩემთვის ყველაზე საოცარი ის არის, რომ დეიდა ალისაც და ფრაუ ელზაც ორივე ჰამბურგელია, ძია ლექსო ხომ გერმანიაში სწავლობდა და თურმე დეიდა ალისაც იმავე უნივერსტეტში იყო, ჰოდა, რა მიკვირს და გამკვირვებია, ფრაუ ელზამ და დეიდა ალისამ, ორივე ჰამბურგელმა აქ, ჩვენს ქალაქში გაიცნეს ერთმანეთი. თურმე უნდა ევლოთ, ევლოთ, ევლოთ, სხვადასხვა გზებით ჩვენს პატარა ქალქაში ჩამოსულიყვნენ, პატარა კახის ქონგურებიან ბურჯებთან შეხვედროდნენ ერთმანეთს, და თითქმის ყოველდღე, შუადღისას,სადილობამდე, ფრაუ ელზას დიდი შესვენების დროს, ახალი ბაღის აუზთან ჩამომსხდარიყვნენ საქარგავით ხელში. აი რა იყო ჩემთვის იდუმალი და მიუწვდომელი…

… მე და ჩიკოს გვიყვარდა მათთან ახლოს თამაში, – დავინახვდი, როგორ მყუდროდ ისხდნენ, ერთმანეთისკენ მიბრუნებულნი, გავიგონებდი მათ ხმადაბლა საუბარს მუტერშპრახეზე, ჩვენი შადრევანის ჩხრიალს რომ ერთვოდა, ისეთი სულში ჩამწვდომი მეჩვენებოდა მათი კავშირი, ისეთ უცხო გრძნობას აღმიძრავდა ამ ორი გადმოხვეწილი ადამიანის სიახლოვე, თითქოს ჩვენი შადრევანიც, ყვავილნარებიც, ცაცხვებისა და წაბლების კორომებიც იერს იცვლიდა, მათი თვალით დანახული ხდებოდა და მათი განცდით განცდილი, თითქოს მათთან ერთად ჩვენს ბაღსაც ამოუცნობი კავშირი ჰქონდა მათ შორეულ სამშობლოსთან, რადგან ისინი აქაც იყვენენ და იქაც….

***

“… რას იზამ, ასეთი ბედი ჰქონია, ზღვა ფაფად იდგა და უბედურ მაკას კოვზი არ შეხვდა… ახლა კი, როცა მიეწურა კუთვნილი წუთისოფელი, აღარაფერს ელოდა სიკვდილის მეტსა… უყვარდა სამგლოვიარო განცხადებების კითხვა, იზოლდის მხოლოდ იმიტომ გამოაწერინა ადგილობრივი გაზეთი « კოლხმა », გაიკეთებდა ყურებმომტვრეულ, ძაფჩაბმულ სათვალეს, ტახტის კუთხეში თავისებურად მიაქუჩებდა მუთაქებსა და ბალიშებს, მიწვებოდა და დაიწყებდა საგულდაგულოდ კითხვასა, თითო განცხადებას ორ-სამჯერ მაინც წაიკითხავდა, ჩაღრმავებით, ჩაკირკიტებით, ვის ვინ ჰყოლია, ვის ვინ შერჩენია, ვინ რა ასაკისა იქნებოდა, ვის ვინ დაიტირებდა. ზოგი მაინც, გეთაყვათ, რამოდენა ჭირისუფლის პატრონი იყო, რამოდენა ცრემლი გაჰყვებოდა… აი, რა შურდა მაკას, აი რაზე სწყდებოდა გული, აი რაზე უტიროდა დაჩაგრული გული, ცრემლია, რაც არის, ცრემლია დაა ?! აი, რასა სთხოვდა ყველას თავის გულში, ცრემლი გამაყოლეთო, თქვენი ჭირიმეთ, ცრემლი ნუ დაგენანებათო, ვითომ ცრემლი ძვირფასი თვლებივით საგანგებო ზარდახშაში ედოთ, უნდა ამოეღოთ და მაკასათვის გადაებნიათ…”

***

“ვიღასთვის აღარ ლოცულობდა, ვიღას აღარ ავედრებდა ყოვლად მოწყალე ღვთაება პირი ღვთისას, რაღას აღარ უმხელდა სულთა მპყრობელს და არსთა გამრიგეს. განსაკუთებით კი ავედრებდა « განუკითხველად დამსჯელთ და უკანონოდ დაწიხლულთ ». « უფალო, სანთლად გენთებიო », გულმხურვალედ შეჰღაღადებდა, « უსამართლოდ შებღალულთა და განუსჯელად შეგინებულთათვისო »… მაგრამ, ალბათ, არავის სულს არ ეხვეწებოდა ისეთი სასოებით, ალბათ არავისთვის არ ლოცულობდა ისე ხშირად, როგორც ბავშვობისდროინდელი, თანასოფლელი, პატარა, ბოროტი ბიჭისთვის…

რომელიც ბავშვობის მერე აღარც ენახა და არც ასავალ-დასავლი იცოდა, ვისი სახელიც, არ ვიცი, მართლა აღარ ახსოვდა, თუ განგებ არ ამხელდა და ვისი სახითაც საერთოდ « უკუღმა გზებზე მავალთ» და მათ შორის ბოლშევიკებსაც გულისხმობდა, ლოცვაშიც ასე მოიხსენიებდა ხოლმე : « უფალო, შეივედრე პატარა, ბოროტი ბიჭიო».

***
« შეხე, შეხე ქეჩსა ?! რა დარბაისლური სვლა აქვს ? მიდის და თან ისე დინჯდად ატრიალებს აქეთ-იქით თავსა, ღირსებით ავლებს თვალს გარემოს ! ცხვარი კი მიყვარს ! ძალიან მიყვარს ! უბედური ცხოველია, დაბნეული ცხოველია, სუნი მაგან არ იცის. გეზი მაგან არ იცის, ოგური მაგან არ იცის, სიუცხოვე მაგან არ იცის, გზა და კვალი… ქეჩის გარეშე ფეხს ვერ გადაადგმევინებ… სულ შენ თვალქვეშ უნდა იყოს… მარტოდ დარჩენილმა ცხვარმა შეიძლება ბღავილი დაიწყოს და სამნი უკვე ხმას აღარ იღებენ… რო დაინახო როგორ მისდევს მგელსა ! თვითონ უფრო სწრაფად გარბის, ერთი ბეწვა წინააღმდეგობას არ უწევს, გარბის, რაც ძალი და ღონე აქვს, საცოდავია და რა ქნას ?! »

« შენ საცოდავი თქვი და სიღარიბეს როგორ დაუბაკუნა ფეხი და ფარეხიდან გააგდო ?! – ვეტყოდი მე დიდი თავგამოდებით, რომ მესიამოვნებინა, აქაოდა, შენი ნათქვამი და ნაამბობი მახსოვს-თქო.

« გააგდო, მაშ, გააგდო ! აბა, შენი ადგილი აქ სად არისო ? ერთ კუთხეში მე უნდა დავდგე, მეორეში მატყლი დავდო, მესამეში ყველი და მეოთხეში ბატკანი დავაყენოვო… » – ღიმილით თავს გააქნევდა – « დალოცვლი ცხოველია ».

***

წყარო
burusi.wordpress.com
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close