ერთ ღარიბ-ღატაკ მეთევზეს სამი გასათხოვარი ქალი ჰყავდა.
ერთ ვაჟს ძალიან უნდოდა მეთევზის რომელიმე ქალის შერთვა, მაგრამ უც-ნაური ზნე სჭირდა იმ ვაჟს, გარეთ მარტო ღამე გამოდიოდა. ამიტომ ხალხი ეჭ-ვით უყურებდა და ერიდებოდა.
მეთევზის უფროსმა ქალმა ცივი უარი თქვა, არ გავყვები მაგ ვაჟს ცოლადო, შუათანამ შეიცხადა, ამის გაგონებაც არ მინდაო, უმცროსი კი დათანხმდა.
ქორწილი ღამე გადაიხადეს. მარტო რომ დარჩა ნეფე-პატარძალი, ნეფემ უთ-ხრა ქალს:
— ჩემი საიდუმლო უნდა გაგიმხილო. მე მოჯადოებული ვარ და მარტო ღა-მე ვიღებ ჩემს ნამდვილ სახეს. ირიჟრაჟებს თუ არა, კუდ გადავიქცევი. ამ უბე-დურებიდან ერთი რამ მიხსნის: ქორწილის შემდეგ ცოლს უნდა დავშორდე და სამოგზაუროდ წავიდე, დედამიწას უნდა შემოვუარო. ღამით ადამიანად ვიქ-ცევი ხოლმე, დღისით — ისევ კუდ. თუ სინდის-ნამუსს შემინახავ და უჩემოდ ყოველგვარ გასაჭირს აიტან, ჯადო ამეხსნება და ისევ ადამიანად ვიქცევიო.
— კეთილიო, — უპასუხა ქალმა.
ქმარმა ალმასისთვლიანი ბეჭედი თითზე წამოაცვა ცოლს.
— ეს ბეჭედი ყველაფერში დაგეხმარება. ოღონდ ამისი ძალა მარტო კეთილ საქმეს უნდა მოახმაროო, — დაარიგა ცოლი.
ირიჟრაჟა თუ არა, ვაჟი კუდ გადაიქცა და ნელა, კუს ნაბიჯით გაუდგა გზას. მისი ახალგაზრდა ცოლი კი ქალაქში წავიდა სამუშაოს საძებრად. გზად ერთი ბავშვიანი ქალი შეხვდა. ისეთი მჩხავანა ბიჭი ჰყავდა, მთელი გზა გაუჩერებ-ლად ღნაოდა.
— მომეცით ეგ ბუთხუზა, იქნებ როგორმე დავაწყნარო, — უთხრა მეთევზის ქალმა მგზავრს.
— ამის გაჩუმებას თუ მოახერხებთ, მართლა კარგი იქნება. მთელი ღამე ასე ღნავისო, — შესჩივლა მგზავრმა.
აიყვანა ბავშვი მეთევზის ქალმა და თავის ბეჭედს ჩასჩურჩულა:
— ალმასის ჯადოსნურო ძალავ, ისე გაამხიარულე ეს ბიჭუნა, სულ იცინოს, იცეკვოს და იხტუნოსო.
მართლაც, ბიჭმა მაშინვე გაიცინა და მოჰყვა ხტუნაობას.
შევიდა მეთევზის ქალი ქალაქში, მიადგა ერთ სახაბაზოს და დიასახლისს სთხოვა:
— რამე სამუშაო მომეცით, არ ინანებთო.
— კარგიო, — უთხრა დიასახლისმა.
ქალი მაშინვე საქმეს შეუდგა და დრო რომ იხელთა, თავის ბეჭედს ჩაულაპა-რაკა:
— ალმასის ჯადოსნურო ძალავ, ვიდრე მე აქ ვიქნები, მუშტარს ნუ გამოგვი-ლევ. ყველა ჩვენს სახაბაზოს მოაწყდესო.
იმ დღიდან მოყოლებული, მუშტარი არ გამოლევიათ, ერთხელ სახაბაზოში სამი ჭაბუკი შევიდა. დაინახეს ახალგაზრდა ლამაზი ქალი და სამივეს გულში ჩაუვარდა.
— ოღონდ ღამე კარი გამიღე, — უთხრა ერთმა ჭაბუკმა ქალს, — და ათას ფრანკს მოგცემო.
— მე ორი ათასს მოგცემო, — უთხრა მეორემ.
— მე კი სამს… — წამოიძახა მესამემ.
გამოართვა მეთევზის ქალმა მესამე ჭაბუკს სამი ათასი ფრანკი და ღამე ჩუ-მად შეაპარა სახაბაზოში.
— დამაცადე, ჯერ ცომი უნდა მოვზილო, — წასჩურჩულა ჭაბუკს ქალმა და მერე დაუმატა: — მოდი, ცომის მოზელაში მომეხმარეო.
ვაჟი საქმეს შეუდგა. ზელდა და ზელდა გათენებამდე. ალმასის ჯადოსნურ-მა ძალამ მიაბა იმ ვარცლზე და ვეღარ მოშორდა.
— უჰ, ძლივს არ მორჩი საქმეს? დიდხანს კი ცოდვილობდიო! — გაიცინა ქალმა და ჭაბუკი სახაბაზოდან გააგდო.
მეორე ღამეს მეორე ჭაბუკს გამოართვა ორი ათასი ფრანკი და ჩუმად შეიყვა-ნა სახაბაზოში.
— მოდი, ცეცხლს შეუბერე, ღუმელი არ გაცივდესო, — სთხოვა ჭაბუკს.
უბერავდა და უბერავდა ვაჟი, მთლად წამოჭარხლდა, ყბები საბერველივით დაებერა. ალმასის ჯადოსნურმა ძალამ გათენებამდე მიაჯაჭვა ღუმელს.
— თითქოს ჩემთან მოხვედი, მთელი ღამე კი ცეცხლს აჩაღებდი. შენც იტყვი, კაცი ვარო? — ვითომ უსაყვედურა მეთევზის ქალმა ჭაბუკს, გააღო სახაბაზოს კარი და ისიც გააპანღურა.
მესამე ღამეს კი ის ჭაბუკი შეიყვანა სახაბაზოში, ათას ფრანკს რომ შეჰპირდა.
— მე ცომს მოვზელ, შენ კი მანამ კარი მიხურეო, — უთხრა ჭაბუკს ქალმა.
მიხურა ჭაბუკმა კარი, მაგრამ ალმასის ჯადოსნურმა ძალამ კარი მოაფრია-ლა. მიხურა, ისევ მოაფრიალა. მთელი ღამე ხურავდა კარს ჭაბუკი, კარი კი ისევ იღებოდა.
— აბა, როგორაა საქმე, ბოლოს და ბოლოს, მოახერხე თუ ვერა კარის დახურ-ვაო? — უთხრა გარიჟრაჟზე ქალმა. — ახლა ისევ გააღე ეგ კარი და აქედან და-მეკარგეო.
გაბრაზდნენ ჭაბუკები. ამ ქალმა როგორ გაგვამასხარავაო. ადგნენ და მოსა-მართლესთან უჩივლეს.
იმ დროს პოლიციაში კაცებიც მუშაობდნენ და ქალებიც. დამნაშავე ქალებს პოლიციელი ქალები იჭერდნენ. ერთ მშვენიერ დღეს სახაბაზოს ოთხი პოლი-ციელი ქალი მიადგა. მეთევზის ქალი მაშინვე მიხვდა, რისთვისაც მობრძან-დნენ და თავის ბეჭედს ჩაუჩურჩულა:
— ალმასის ჯადოსნურო ძალავ, წააჩხუბე პოლიციელი ქალები, ისე დაერი-ონ ერთმანეთს, რომ დილამდე წეწდნენ და გლეჯდნენო.
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ ეცნენ ერთმანეთს პოლიციელი ქა-ლები. დაერივნენ და როგორ დაერივნენ. გაალმასებულები სულ პოტნიდნენ, ღადრავდნენ, მუშტებს უშენდნენ ერთმანეთს.
რაკი ქალებმა პატიმრის მოყვანა დააგვიანეს, ოთხი პოლიციელი კაცი აფრი-ნეს ამბის შესატყობად. მეთევზის ქალმა დაინახა თუ არა ისინი, მაშინვე თავის ჯადოსნურ ბეჭედს რაღაც ჩაუჩურჩულა.
არც აციეს პოლიციელებმა, არც აცხელეს, ხელად ოთურმის თამაში გააჩაღეს. წაიხრებოდა ერთი, ზურგს მიუშვერდა მეორეს, მეორე გადაახტებოდა და ახლა თვითონ მიუშვერდა ზურგს მესამეს.
ამ ყოფაში რომ იყვნენ, სახაბაზოსთან კუ მობობღდა. ეს იყო მეთევზის ქა-ლის ქმარი, თურმე უკვე შემოეარა დედამიწა. დაინახა კუმ თავისი ცოლი, ხე-ლად მშვენიერ ჭაბუკად გადაიქცა და სიკვდილამდე აღარ შეუცვლია სახე.
ლიგურია