მეცნიერებაფაქტებიფლორა & ფაუნა

ადამიანისა და შიმპანზეს შედარება: მსგავსებები და სხვაობები

ევოლუციურად შიმპანზეები ადამიანების ყველაზე ახლო ნათესავებად ითვლებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არსებები მსოფლიოს უმეტესი ნაწილისთვის უცნობად რჩებოდნენ, ვიდრე ჩარლზ დარვინმა არ დაწერა მათ შესახებ 1859 წელს და ამგვარად ხელი შეუწყო მათ პოპულარიზაციას. შიმპანზეების შესახებ არსებული ინფორმაციის დიდი ნაწილი ბოლო პერიოდში გამოაშკარავდა, თუმცა მათზე გარკვეული სახის არასწორი შეხედულებებიც გავრცელდა. წარმოგიდგენთ შიმპანზეებსა და ჩვენ შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებს.


სახეობები. შიმპანზე ადამიანის მსგავსი მაიმუნების გვარის წარმომადგენელია და ადამიანების მსგავსად, ჰომინიდების ტაქსონომიურ ოჯახში ერთიანდება. ჰომინიდებში ასევე შედიან გორილები და ორანგუტანები. ადამიანი (Homo sapiens) ერთადერთი სახეობაა ჰომოს გვარიდან, რომელმაც დღემდე მოაღწია. წარსულში მეცნიერთა გარკვეული კატეგორია ადამიანებს ჰყოფდა სხვადასხვა სახეობებად და მიიჩნევდნენ, რომ თავად ,,აღმატებულ” სახეობას მიეკუთვნებოდნენ. თუმცა ყველა ადამიანს აქვს ნაყოფიერი შთამომავლობის დატოვების უნარი და შეუძლიათ ერთმანეთში გამრავლება, ამიტომაც მათი დაყოფა არ მომხდარა. შიმპანზეები კი ორ სახეობად იყოფიან: Pan troglodytes, იგივე ჩვეულებრივი შიმპანზე და Pan paniscus, იგივე ჯუჯა შიმპანზე ანუ ბონობო. ეს ორი სახეობა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. ადამიანიცა და შიმპანზეს ორივე სახეობაც საერთო წინაპრის, სავარაუდოდ sahelanthropus tchadensis-ის შთამომავლები არიან, რომელიც 7 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. მისგან მხოლოდ ნამარხებია შემორჩენილი.


დნმ. ხშირად ამბობენ, რომ ადამიანისა და შიმპანზეს დნმ ერთმანეთს 99%-ით ემთხვევა. გენებისა და მუტაციების თავისებურებებიდან გამომდინარე, გენეტიკური შედარება არც ისე მარტივია, თუმცა უფრო ზუსტი შეფასებები მერყეობს 85%-იდან 96%-მდე. ეს რიცხვი შეიძლება შთამბეჭდავად ჟღერდეს, მაგრამ დნმ-ის დიდი ნაწილი ხმარდება ძირითად უჯრედულ ფუნქციებს, რომლებიც ზოგადად ცოცხალ ორგანიზმებს საერთო აქვთ. მაგალითად, ჩვენი დნმ 50%-ით ემთხვევა ბანანისას, თუმცა, როგორც წესი, ამ ფაქტს არ იყენებენ იმის აღსანიშნავად, თუ როგორ ვგავართ ბანანს. შიმპანზეებს აქვთ 48 ქრომოსომა, რაც ადამიანისაზე ორით მეტია. მიიჩნევა, რომ ამის მიზეზი ადამიანის წინაპარია, რომლის ორგანიზმშიც ქრომოსომების ორი წყვილი ერთ წყვილად გაერთიანდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სხვა ცხოველებთან შედარებით, ადამიანებში ყველაზე ნაკლებია გენეტიკური მრავალფეროვნება, რის გამოც მაღალია გენეტიკური დარღვევების წარმოშობის ალბათობა. ორი ყველაზე მეტად განსხვავებული ადამიანი გენეტიკურად უფრო ჰგავს ერთმანეთს, ვიდრე და-ძმა შიმპანზეები.


ტვინის ზომა. შიმპანზეს ტვინის საშუალო ზომა შეადგენს 370 კუბურ სმ-ს, ადამიანისა კი 1350 კუბურ სმ-ს, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია. თუმცა მხოლოდ ტვინის ზომა არ წარმოადგენს ინტელექტის აბსოლუტურ ინდიკატორს. ნობელის პრიზის მფლობელთა შემთხვევაში ტვინის ზომა მერყეობდა 900-დან 2000 კუბ. სმ-მდე. ინტელექტის გასაზომად უკეთესი საშუალებაა ტვინის ცალკეული მონაკვეთების სტრუქტურასა და წყობაზე დაკვირვება. ზედაპირის ფართობი ადამიანების შემთხვევაში პროპორციულად უფრო დიდია, რადგან ორგანო გაცილებით დანაოჭებულია, ვიდრე შიმპანზეების შემთხვევაში, სხვადასხვა უბნებიც უფრო კარგად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ეს მონაცემები და ასევე შუბლის წილის (რომელიც მონაწილეობს ცნობიერებასა და აზროვნებაში) შედარებით დიდი მოცულობა გვაძლევს ლოგიკური აზროვნებისა და შემეცნების ბედნიერებას.


კომუნიკაბელურობა. შიმპანზეები ერთმანეთთან ურთიერთობაში დიდ დროს ატარებენ, განსაკუთრებით კი ერთმანეთის მოვლა სიამოვნებთ. ყმაწვილი და ახალგაზრდა შიმპანზეები ხშირად თამაშობენ, ედევნებიან ერთმანეთს, უღიტინებენ. იგივეს აკეთებენ მოზრდილი შიმპანზეები მათ შვილებთან ურთიერთობისას. სიყვარულს ისინი ჩახუტებითა და კოცნით გამოხატავენ, ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს ასაკსა და სქესს. შიმპანზეები მეგობრულ ურთიერთობას აღრმავებენ ერთმანეთის მოვლით. ადამიანებიც დაახლოებით იმავე დროს უთმობენ ურთიერთობებს, თუმცა აქ დიდი ადგილი უკავია საუბარს. მიუხედავად ამისა, მიზანი იგივეა, რაც შიმპანზეების შემთხვევაში – ურთიერთობის გაძლიერება. ძლიერი გრძნობები ადამიანებშიც ფიზიკური კონტაქტით გამოიხატება – მოფერება, ჩახუტება, მეგობრული მუჯლუგუნი. მეგობრებისა და ნაცნობების რაოდენობა შიმპანზესთვის საშუალოდ 50-ს შეადგენს, ადამიანებისთვის კი – 150-200-ს.


საუბარი და სახის მიმიკა. შიმპანზეებს მისალმებისა და კომუნიკაციის რთული ფორმები აქვთ, რაც დამოკიდებულია იმაზე, რომელ სოციალურ სტატუსს ეკუთვნიან. ისინი ურთიერთობენ ვერბალურად და იყენებენ ყვირილს, ღრუტუნს, ძახილს, კივილს, ქოშინსა და ვოკალიზაციის სხვადასხვა სახეობებს. თუმცა კომუნიკაცია უმეტესწილად ხდება ჟესტებითა და სახის მიმიკით. მათი გამომეტყველებები – გაოცება, კბილების დაკრეჭა, სიამოვნება – ძალიან ჰგავს ადამიანისას. თუმცა ადამიანები ღიმილის დროს მაქსიმალურად აჩენენ კბილებს, რაც შიმპანზეებისა და სხვა ცხოველების შემთხვევაში აგრესიის ან საფრთხის ნიშანია. ადამიანის კომუნიკაციის უდიდესი წილი ვოკალიზაციაზე მოდის. ადამიანებს აქვთ უნიკალურად რთული სახმო სიმები, რაც სხვადასხვა ბგერების წარმოთქმის საშუალებას იძლევა, მაგრამ გვზღუდავს ერთდროულად სმასა და სუნთქვაში, რაც შიმპანზეებს უპრობლემოდ შეუძლიათ. ჩვენ გვაქვს უფრო მეტად კუნთოვანი ენა და ბაგეები, რაც ხმის აკურატული მანიპულაციის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ ჩვენი ნიკაპი უფრო ვიწროა, შიმპანზესი კი – განიერი – ადამიანის ბაგის კუნთებიდან ბევრი უკავშირდება ნიკაპის ქვედა მხარეს, შიმპანზეებს კი ამ კუნთების უმეტესობა არ გააჩნიათ და გამოშვერილი ნიკაპი არ სჭირდებათ.


კვება. ადამიანიცა და შიმპანზეც ყველაფრისმჭამელებს მიეკუთვნებიან (ჭამენ როგორც ხორცეულს, ისე მცენარეულს). ადამიანების საკვები დიეტა უფრო მრავალფეროვანია, ნაწლავები კი უფრო მეტად ხორცის მონელებაზეა მორგებული. შიმპანზეები იშვიათად ნადირობენ და ხოცავენ სხვა ძუძუმწოვრებს (უფრო მეტად მაიმუნებს), მათი საკვების უმეტესობა ხილი და ხანდახან მწერებია. ადამიანების უმეტესობა კი ხორცზეა დამოკიდებული – ვიტამინ B12-ს ცხოველური პროდუქტებიდან იღებენ. ჩვენი მომნელებელი სისტემისა და გადაშენებული ტომების ცხოვრების სტილის შესწავლით მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ადამიანი მუდმივად ჭამდა ხორცს მინიმუმ რამდენიმე დღეში ერთხელ. ადამიანებს ასევე ახასიათებთ ხორცისმჭამელის ერთ-ერთი თვისება – საჭმელს ულუფებად მიირთმევენ დღეში რამდენჯერმე და მათთვის უცხოა მთელი დღის განმავლობაში საკვების ღეჭვა. ეს სავარაუდოდ იმის გამოა, რომ შორეულ წარსულში ხორცს მხოლოდ წარმატებული ნადირობის შედეგად მოიპოვებდნენ, ამიტომ ერთ ჭამაზე კარგად ნაყრდებოდნენ, თუმცა იშვიათად ჭამდნენ და იზოგებდნენ. შიმპანზეს შეუძლია მთელი დღის განმავლობაში ჭამდეს ხილს, ადამიანი კი, როგორც წესი, დღეში მაქსიმუმ სამჯერ ნაყრდება.


სექსი. ბონობოები ცნობილნი არიან სექსუალური მადით. ჩვეულებრივ შიმპანზეებს შეიძლება ბრაზი ან მძვინვარება მოერიოთ, მაგრამ ბონობოებისთვის ამგვარი რამ უცხოა სექსუალური ურთიერთობისას. აგზნებისას ისინი გამოხატავენ სიყვარულს პარტნიორის მიმართ. ჩვეულებრივი შიმპანზეების შემთხვევაში სექსი ხანმოკლეა – გრძელდება 10-15 წამი და ძირითადად ჭამის ან სხვა ქმედების პარალელურად ხდება. ჩვეულებრივი შიმპანზე პარტნიორს არ არჩევს იმის მიხედვით, რამდენად ახლოა მასთან და როგორი ემოციური კავშირი აქვთ. როცა მდედრი აგზნებულია, ერთდროულად რამდენიმე მამრთან ამყარებს სექსუალურ კავშირს, ეს უკანასკნელნი კი ზოგჯერ რიგში დგანან და თავიანთ დროს უცდიან. ადამიანების შემთხვევაში სექსუალური კავშირები ბონობოსას ჰგავს, თუმცა ისეთი სექსიც კი, რომელსაც მხოლოდ განაყოფიერების დანიშნულება აქვს და არა სიამოვნების მიღებისა, უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ბონობოების აქტი. ადამიანებს უმეტესწილად ხანგრძლივი ურთიერთობები აქვთ, რომელსაც სექსუალური კავშირი უფრო ამყარებს. ამის საპირისპიროდ, შიმპანზეებს არ აქვთ სექსუალური ეჭვიანობის ან მეტოქეობის განცდა, რადგან მათი ურთიერთობები ხანმოკლეა.


ვერტიკალურად სიარული. ორივეს, ადამიანსაც და შიმპანზესაც, შეუძლიათ ორ ფეხზე სიარული. შიმპანზეები ამას ძირითადად შორს გასახედად აკეთებენ, სხვა დროს კი ოთხზე სიარული ურჩევნიათ. ადამიანები დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ორ ფეხზე სიარულს სწავლობენ და ცხოვრების ბოლომდე ასე დადიან. მათ აქვთ თასის ფორმის მენჯები, რაც შინაგანი ორგანოების დაცვას უზრუნველყოფს. შიმპანზეებს კი ეს არ სჭირდებათ, ამიტომ მათი მენჯები და თეძოები უფრო განიერია. ამის გამო მშობიარობა შიმპანზეებს უფრო უადვილდებათ, ვიდრე ადამიანებს. ბავშვის გამოსასვლელად განიერი არხია საჭირო, რასაც მენჯების ფორმა ხელს უშლის. ადამიანის ტერფი სწორია, თითები კი წინაა მიმართული, რათა სწორად სიარული უზრუნველყოს. შიმპანზეს ტერფზე კი ცერა თითი გამოყოფილია დანარჩენებისგან და სხვა მხარესაა მიმართული, რითაც ხელებს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანის ფეხს. შიმპანზე ტერფებს იყენებს ცოცვისა და ხოხვისთვის, ასევე გვერდულად, დიაგონალურად და წრეზე სასიარულოდ.


თვალები. ადამიანის თვალის ფერადი გარსი მოქცეულია თეთრ არეში, შიმპანზეების შემთხვევაში კი ეს არე უმეტესად მუქი ყავისფერია და უკეთაა მოწყობილი გარემოს დასაზვერად. ამის ასახსნელად რამდენიმე თეორია არსებობს: შესაძლოა ეს იყოს რთულ სოციალურ სიტუაციებთან ადაპტაციის შედეგი, რადგან გაუნძრევლად იმის დანახვა, რას აკეთებენ სხვები ან საით იყურებიან, უპირატესობას წარმოადგენს. შესაძლოა ასევე იყოს დამხმარე ფუნქცია ჩუმი ჯგუფური ნადირობის დროს, რადგან ამ დროს კომუნიკაციის ფუნქციას მზერა ასრულებს. შესაძლოა, ეს სულაც გენეტიკური მუტაცია იყო, რომელიც შემთხვევით გაჩნდა და რაიმე განსაკუთრებული მიზანი არ ჰქონია, რადგან ზოგჯერ შიმპანზეების შემთხვევაშიც ვხვდებით თეთრ არეში მოქცეულ გარსს. შიმპანზეებიც და ადამიანებიც სამყაროს ფერადად აღიქვამენ, რისი მეშვეობითაც არჩევენ საჭმელად ვარგის მწიფე ხილსა და მცენარეულს. ორივეს აქვს ბინოკულარული (ორი თვალით) მხედველობა, თვალები მიმართულია წინ. ეს ეხმარებათ ნადირობის დროს, რადგან შორს გახედვას ახერხებენ, ხოლო კურდღელივით გვერდზე განლაგებული თვალები რომ ჰქონდეთ, ნადირობა წარუმატებელი იქნებოდა.


იარაღების გამოყენება. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ადამიანები იყვნენ ერთადერთი არსებები, რომლებიც იარაღებს იყენებდნენ. 1960 წელს შიმპანზეებზე დაკვირვებამ ამის საწინააღმდეგო აჩვენა – ეს ცხოველები წაწვეტებულ ტოტებს იყენებდნენ ტერმიტების მოსანადირებლად. ადამიანიცა და შიმპანზეც ახდენს გარემოს შეცვლას თავის სასარგებლოდ ისეთი იარაღების გაკეთებით, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობას გაუადვილებს. შიმპანზეებს შეუძლიათ, დაამზადონ პრიმიტიული შუბი, გამოიყენონ ქვა ჩაქუჩისა და გრდემლის მსგავსად, დაჭყლიტონ ფოთლები და აქციონ რბილ მასად, რაც ღრუბლის მაგივრობას გასწევს. მიიჩნევა, რომ რადგანაც ორ ფეხზე სიარულის გამო ადამიანს წინა კიდურები გაუთავისუფლდა, ის უფრო მეტ დროს ახმარდა სამუშაო და სხვა სახის იარაღების დამზადებას, რაც საბოლოოდ ხელოვნების დონეზე ავიდა.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button