პატარა მონსტრები ოკეანის სიღრმეებიდან
ერთი შეხედვით ისინი არაამქვეყნიურ, სხვა პლანეტის მობინადრე არსებებს ჰგვანან. მაგრამ დედამიწიდან ათეულობით სინათლის წლით დაშორებულ ადგილებში ბინადრობის მაგივრად ეს საშიში შესახედაობის პატარა ცხოველები დედამიწის ოკეანის სიღრმეებს იპყრობენ.
პოლიქეტების, იგივე მრავალჯაგრიანი ჭიების ახალი სურათები გვიჩვენებს, როგორ გარდაქმნა ისინი ბუნებამ, რათა წყლის დონიდან 1000 მეტრის ქვეშ და უფრო ქვემოთ არსებულ ძლიერ წნევას შეგუებოდნენ. ეს ის რეგიონია, სადაც მზის სხივები ვერასდროს აღწევს.
ოკეანის სიღრმეებში არსებულ პირობებს სხვა პლანეტებთან და თანამგზავრებთან უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე დედამიწის დანარჩენ ადგილებთან. ამიტომ მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ არეალში გაკეთებული აღმოჩენები დაეხმარებათ, სინათლე მოჰფინონ დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობებს.
ოკეანის სიღრმეების მკვლევარებმა გაავრცელეს ფოტოები, რომლებიც ამ პოლიქეტების გარეგნობის შესახებ გვაწვდიან ინფორმაციას. მათ შორის მათ შემაძრწუნებელ პირზეც, რომელიც შეუძლიათ, გარეთ გამოაბრუნონ. ეს უნარი უადვილებთ ჭიებს, ხელში მოიგდონ პოტენციური მსხვერპლი.
ეს არსებები სიგრძეში სულ რაღაც 2-3 სმ-ს აღწევენ და წარმოადგენენ იმ ეკოსისტემის ნაწილს, რომელიც მხოლოდ 40 წლის წინ აღმოაჩინეს. 1970-იანი წლებიდან ტექნოლოგიის განვითარებამ საშუალება მისცა მეცნიერებს, უფრო ღრმად გამოეკვლიათ წყლის სამყარო და ოკეანის ფსკერისა და ღრმა ადგილების შესახებ მეტი გაეგოთ.
უნაყოფო და მწირი ტერიტორიის მაგივრად მათ ზღვის არსებების საკმაოდ მრავალფეროვანი საზოგადოება დახვდათ, რომლებიც ჰიდროთერმულ წყაროებში ან მათ სიახლოვეს ცხოვრობდნენ. ჰიდროთერმულ წყაროებს უმეტესწილად ვხვდებით სეისმურად აქტიურ ზონებში, სადაც ხშირია მიწისძვრა, ასევე ვულკანურ ზონებში და ტექტონიკური ფილების შეერთების ადგილას.
ჰიდროთერმული წყაროებიდან გამოტყორცნილი უკიდურესად ცხელი წყალი მდიდარია იმ ქიმიკატებით, რომლებიც ასაზრდოებენ მრავალჯაგრიან ჭიებს. მიიჩნევა, რომ მსგავსი დინებები არსებობს იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე და მეცნიერები ეჭვობენ, რომ წარსულში ეს უცხო არ ყოფილა წითელი პლანეტა მარსისთვისაც.
მრავალჯაგრიანი ჭიები წყაროების სიახლოვეს დაცოცავენ ფსკერზე და იყენებენ შემზარავი შესახედაობის კბილებს, რათა პირში მოიგდონ ბაქტერიები და სხვა მარტივი ორგანიზმები, რომლებიც ცხელ წყალსა და ქიმიურ სუპში მრავლდებიან.
მრავალჯაგრიანი ჭიები ცხოვრობენ ისეთ ადგილებში, რომლებიც ადამიანების მიერ გამოკვლეული რეგიონებიდან ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და სიცოცხლისთვის შეუფერებელია. მათ შეუძლიათ იარსებონ როგორც ძალიან ცივ, ისევე სუპერცხელ წყლებში – ჰიდროთერმულ წყაროებთან წყლის ტემპერატურა ზოგჯერ 375°C-ს აღწევს, რაც ამ არსებებს მიმზიდველად აქცევს ისეთი მეცნიერისთვის, როგორიცაა საფრანგეთის ზღვის კვლევა-ძიების ინსტიტუტის თანამშრომელი დანიელ დებრუერი.
,,ჰიდროთერმული წყაროების ბოლოდროინდელმა აღმოჩენებმა მთლიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ზღვის სამყაროზე. ღრმა წყლის სამეფო დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი საბინადროა. თუმცა ჩვენი წარმოდგენები მასზე ჯერ კიდევ ჩანასახის პერიოდშია.”
ჰიდროთერმულ წყაროში მცხოვრები ორგანიზმები ფოტოსინთეზის ნაცვლად ქიმიური ნივთიერებებიდან იღებენ ენერგიას, რადგან ასეთ რეგიონში სინათლე ვერ აღწევს. ეს კი უცნაურ ურთიერთობებს წარმოშობს: მრავალჯაგრიანი ჭიები ხდებიან სიმბიოზი ბაქტერიების მასპინძლები, რომლებიც თავის მხრივ, აწვდიან მათ მკვებავ ნივთიერებებს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჭიები დამოკიდებულნიც კი არიან ბაქტერიებზე და სხვაგვარად ვერ გადარჩებიან.