ზურაბ კიკნაძე – “ოცნება უნივერსიტეტზე”
უნივერსიტეტის შემდგომი ბედის გარშემო გაცხოველებული კამათი, აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა პარლამენტში შესული განათლების კანონ-პროექტის შესახებ, რისი მოწმეც არის დღეს საქართველოს საზოგადოება, აწ გარდასული ნაციონალური რეჟიმის პირობებში სრულიად წარმოუდგენელი იყო. დღეს ეს შესაძლებელი შეიქნა, რაც უთუოდ ჩვენი, შეიძლება ითქვას, ახლადფეხადგმული დემოკრატიისა და, ასე გასინჯეთ, (თუნდაც მილევადი) კოჰაბიტაციის საიმედო ნიშანია და, რაც კვლავ იმედით გვავსებს, ახალი უმრავლესობაც ნაციონალურად ერთსულოვანი არ არის.
ვიდრე კანონ-პროექტის ორიოდე მუხლს შევეხებოდე, ცოტა რამ ზოგადად უნდა ითქვას უნივერსიტეტის შესახებ, იმ უნივერსიტეტისა, რომელიც დაარსდა 1918 წელს, მაშინ, როცა ქართული სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ არ არსებობდა.
მაგრამ უნივერსიტეტი, როგორც თავის თავდაპირველ სამშობლოში, ისე ჩვენში, ინტელექტუალური თავისუფლების პირობებში შეიქმნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი თავისი წარმოშობით არის თავისუფალი როგორც უფლისწული, რომელიც მემკვიდრეობად იღებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რისთვისაც ის შობითგანვეა მოწოდებული – უნივერსიტეტის მოწოდება კი ჭეშმარიტების (მისი თავისუფალი ძიება-გაზიარების) სამსახურია, თუნდაც იყოს ის (და იყო კიდეც ჩვენშიც და ყოფილა სხვაგანაც) ტყვეობაში, მაგრამ ტყვეობას მისთვის ვერ წაურთმევია ის შინაგანი მემკვიდრეობა, რომელიც მას გადმოეცემოდა განუწყვეტლივ და ატარებდა მუდამ, ფარულად თუ ცხადად, როგორც მონადგაყიდული პლატონი თანდაყოლილ სიბრძნეს და პლატონადვე, სულის აზნაურად რჩებოდა. ასევე თბილისის ალმა მატერი კვლავ რჩებოდა „გამზრდელ დედად” თაობებისათვის პოლიტიკური, სოციალური თუ ზნეობრივ-იდეოლოგიური ძალადობის ხანაშიც. რაც უნდა ვილაპარაკოთ საბჭოთა სუსხიან რეჟიმზე და კორუპციის კოშმარებზე, მან საბოლოოდ მაინც ვერ ჩაკლა უნივერსიტეტის იდეა. რაღაც იყო მის გენეზისში ისეთი, რასაც წარხოცვა და განადგურება არ ეწერა. შესაძლებელია, ეს იმ თაობის შთაბეჭდილება იყოს, რომელიც მოესწრო მის კედლებს შორის, დერეფნებსა თუ აუდიტორიებს შორის მოსიარულე მის დამაარსებელთ.
80-ანი წლების დასასრულის ორომტრიალის, ძველის და ყველაფრის ლაწვა-ნგრევის ხანაში უნივერსიტეტისათვის ყველაზე ბუნებრივი, აქტუალური მოთხოვნა მისი ავტონომიურობის, თუ გავყვებით ზემოთ მოხმობილ მეტაფორას, მისი აზნაურობის აღდგენა იყო. მაშინ ამ აქტში ვჭვრეტდით ქვეყნის აღდგენილი დამოუკიდებლობის ხატს, რადგან უნივერსიტეტის ბედში შეგვეძლო მთელი ქვეყნის ბედი ამოგვეკითხა. თავისუფლად შობილი ჩვენი უნივერსიტეტის ხანმოკლე, მაგრამ მრავალტანჯული ცხოვრება ხომ თავის თავში ირეკლავდა საქართველოს უკანასკნელი ხანის ისტორიას. ამიტომ ვფიქრობდით, რომ მისი თავისუფლება ქვეყნის თავისუფლების წინამორბედი იქნებოდა.
ვლაპარაკობთ, რომ ერის კულტურული და სულიერი აღორძინება მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებშია შესაძლებელი. მაგრამ ხომ ურყევი ფაქტია, რომ „ქართული უნივერსიტეტი” (ამ სახელწოდებას ატარებდა იგი თავის დასაბამში) იშვა უწინარეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღდგენისა, როგორც ქართული საზოგადოების ინტელექტუალური ძალისხმევის ნაყოფი. ამიტომაც მისთვის არ უნდა არსებობდეს სხვა ავტორიტეტი, ჭეშმარიტებისა და ზნეობრივი იმპერატივის გარდა. მაგრამ რა დაემართა მას? ის, ვინც ჭეშმარიტების მსახურად იყო შობილი, ხელისუფლების წარმავალი ინტერესების მონა-მორჩილი შეიქნა.
უნივერსიტეტმა უკან უნდა მოიტოვოს ერთხელ და სამუდამოდ მის ხელმძღვანელთა გარედან, „უზენაესი” ინსტანციების მიერ მოხსნა-დანიშვნის პრაქტიკა, რომელსაც დასაბამი დაედო 1923 წლის 23 ივნისს, როცა ივანე ჯავახიშვილმა იძულებით დასტოვა მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტის რექტორობა. ავტონომიის პრინციპი გამოცხადდა „რეაქციულ და ანტისაბჭოთა ელემენტების… ბურჟუაზიული პროფესურისა და მის მომსახურე ბურჟუაზიულ სტუდენტთა” თავშესაფრად. სხვათა შორის (რაღა სხვათა შორის!) ასეთი იყო „მრგვალის მაგიდის“ ხელისუფლების რიტორიკაც.
ამ ეპოქაში იყო, რომ გამარჯვებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ უნივერსიტეტზე “ზრუნვა“ სახელმწიფო საქმედ აქცია. ამ დროისათვის უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, რა სტატუსიც მას ჯერ კიდევ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხანაში მიენიჭა, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას არც უცდია ამ მიზეზით მის მართვა-გამგეობაში ჩარევა. ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი წესდების პირველ მუხლში ეწერა: „ქართული უნივერსიტეტი თბილისში უმაღლესი სამეცნიერო-სასწავლო ავტონომიური დაწესებულებაა: სამეცნიერო-სასწავლო სფეროშიაც და საუნივერსიტეტო მართვა-გამგეობისა და შინაურ მეურნეობის მხრივ იგი სრულებით დამოუკიდებელია და ყველა ამ საქმეებს თვითვე განაგებს”. ეს მუხლი იმდროინდელია, როცა მას, კერძო უნივერსიტეტის სტატუსში მყოფს, „საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოება“ მეურვეობდა. მაგრამ არც ამ მერვე საზოგადოებას ჰქონდა მის უფლებებში შეჭრის ნება.
უნივერსიტეტის თავისუფლებისა და სახელმწიფოსგან მისი დამოუკიდებლობის დამადასტურებლად უნდა გავიხსენოთ ჩვენს დროში წარმოუდგენელი, ლეგენდარული ფაქტი, რომლის მომსწრეთაგან დღეს აღარავინ ჩანს: უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებოდა შინაგან საქმეთა ორგანოების წარმომადგენლებს. მილიციელს, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველსაც კი, უფლება არ ჰქონდა გადაელახა უნივერსიტეტის საზღვარი (ვინმემ თუ იცის დღეს, სად გადის იგი?), დაელახა მისი ეზო-კარი. ვის შეუძლია დღეს წარმოიდგინოს ამ ზღვარამდე მისული თავისუფლება? ეს აკრძალვა, როგორც უნივერსიტეტის თავისთავადობის გამომხატველი, უნდა აღდგეს დემოკრატიულ საქართველოში უნივერსიტეტის სხვა თანდაყოლილ უფლებებთან ერთად.
თუ ოცნებაა, კიდევ რაზე შეეძლო ეოცნება ქვეყნის დამოუკიდებლობის წინკარზე უნივერსიტეტის ბედის გულშემატკივარს?
იმაზე, რომ უნივერსიტეტში აღდმგარიყო და დამკვიდრებულიყო მის მესვეურთა არჩევითობა, რომ თავად უნივერსიტეტის ფართო წარმომადგენლობას “აევსოს ხელი“ თავისი ხელისუფალისთვის – რექტორისთვის, „პირველისთვის თანასწორთა შორის”; აღარ გაეგონა ყურს შეჩვეული „მოხსნეს”, „გაათავისუფლეს”, „დანიშნეს”, „დაიბარეს”, „გამოიძახეს”, მათგან გამომდინარე შედეგებითურთ. ვისაც „ზევიდან“ ნიშნავენ, მას „ზევიდანვე“ ხსნიან; ვისაც უნივერსიტეტის წრე ირჩევს, როგორც თანასწორთა შორის, ის უნივერსიტეტის მსახურია; ხოლო ვისაც ზემოდან ნიშნავენ, ის ზემდგომთა მსახურია. მაგრამ ეს ზემოთ ყოველთვის არ არის სიბრძნისა და ჭეშმარიტების სამყოფელი. საამისო გამოცდილება ჰქონდა ჯერ პლატონს, ჭეშმარიტების მეგობარს, და საკმარისი აქვს უნივერსიტეტსაც, რომ კვლავ ახალი ილუზიების ტყვეობაში არ მოვექცეთ. ეს ეპოქა წარსულს უნდა ჩაბარდეს, ჩაბარდა კიდეც. ვერავინ, ვერც ერთი ხელისუფალი ვერ გამოიყენებს ამ ლექსიკას და ფრაზეოლოგიას უნივერსიტეტის მიმართ.
უნივერსიტეტის ხელში ჩაგდების მიზნით, წარსულმა რეჟიმმა უკანონო კანონით უნივერსიტეტის რექტორი გაათავისუფლა, უფრო სწორად, განაიარაღა აკადემიური ხარისხისგან. უხარისხო რექტორის სტატუსის დაკანონება კომუნისტებსაც არ უცდიათ. რექტორის ღირსება მენეჯერობამდე დაიყვანეს. რა არის ბოლოს და ბოლოს მენეჯერი? -მოურავი, მნე, მეტი არაფერი, თუმც ის ყველგან საჭიროა, ქარხანაში, ბიზნესში, კიდევ ბევრგან სხვაგან და უნივერსიტეტშიც. მაგრამ უნივერსიტეტი, როგორც დაწესებულება, თავისი არსებით იმაზე განუზომლად მეტია, სადაც მენეჯერი მართლაც შეიძლება მთავარი პერსონა იყოს. მაგრამ უნივერსიტეტის მენეჯერი მხოლოდ იარაღი შეიძლება იყოს რექტორის ხელში, რომელიც თავისი პერსონით, სტატუსით უნდა განასახიერებდეს უნივერსიტეტის პრინციპს, იდეას, რომელიც მოიცავს “ერთობა მოძღვართა და სტუდენტთა“, უნივერსიტეტის კლასიკური სახელწოდებაც ეს იყო ლათინურად universitas magistrorum et scholarium. რექტორი, როგორც ამ ერთობის სახე, უნივერსიტეტის დონის განმსაზღვრელია ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. და როგორ შეიძლება რექტორი არ იყოს ხარისხიან-წოდებიანი, არ იყო პროფესორი და მკვლევარი მეცნიერი; სხვაგვარდ ის როგორ უნდა იყოს პროფესორთა და სტუდენტთა წინამძღოლი, სამეცნიერო მუშაობის სულისჩამდგმელი? ამჟამინდელი გადამდგარი რექტორი, აწ მოვალეობის შემსრულებელი, აღიარებს, ჩემთვის სამეცნიერო ხარისხი არასოდეს მნიშვნელოვანი არ ყოფილაო. მართალი ბრძანებაა. რა აუცილებელია ნასწავლი ადამიანისთვის აკადემიური ხარისხი? უმისოდაც შეუძლია მას წარმატების მიღწევა ნებისმიერ სფეროში, მაგრამ არა ისეთ საქმიანობაში, რისთვისაც უნივერსიტეტია, მოწოდებული. ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რატომ დაუშვა ნაციონალების რეჟიმმა უნივერსიტეტის რექტორის უხარისხობა – ამ ნაბიჯს ან მის მსგავსს „მრგვალი მაგიდის“ ე. წ. ეროვნული ხელისუფლებაც გადადგამდა, რომ დასცლოდა. არც ამათ და არც იმათ პროფესორთა კორპუსის ნდობა არ ჰქონდათ. ერთნი “წითლად“ მოიხსენიებდნენ მას (არსებობდა უნივერსიტეტიდან მოსაშორებელთა სიები), მეორენი – „ჩარეცხილებად“. სავსებით გასაგებია, რომ თავისი “კაცის“ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში „ჩასანერგად“ (როგორც ახლა ამბობენ არცთუ ზუსტად: ჩანერგვა ფარულობას გულისხმობს, აქ კი ყველაფერი აშკარაა!) კანონსაც უნდა დაეჭირა მხარი. თუ პროფესორს არ ვენდობი, მენეჯერი ხომ ჩემი „კაცი“ იქნება. ასეთი მარტივია ეს ლოგიკა, მიზანი ზედაპირზე ძევს. და რა ფასი ექნებოდა ამ ახალ კანონ-პროექტს, რომ იგი რექტორის კანონიერ და ბუნებრივ სტატუსს თავის თავდაპირველ მდგომარეობაში არ აღადგენდეს?
რაც შეეხება კანონ-პროექტის საკამათო მუხლს პრემიერის მიერ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შესახებ, თუმცა აქ ვერ ვხედავ უნივერსიტეტის უფლებებში ჩარევის შეგნებულ მცდელობას, მაინც სხვებთან ერთად მეც მიუღებლად მიმაჩნია “გარდამავალ პერიოდში“ მისი მართვის ეს გზა. ჩემი არგუმენტი ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ასეთია: რაც უნდა მისაღები იყოს ხელისუფლების მიერ დანიშნული პირი, თუნდაც ის იყოს პეტრე მელიქიშვილი, თავად პრინციპი დანიშვნისა თუნდაც გარდამავალ ხანაში, ერთგვარ ინტერრეგნუმში, ამღვრევს მის ლეგიტიმაციას, რომლის წყარო უნივერსიტეტში უნდა იყოს და არა სხვაგან, თუნდაც ხელისუფლების უმაღლეს ინსტანციაში. კანონ-პროექტის ამ მუხლის ავტორს მხედველობაში ჰყავს ხელისუფლების აქტუალური მეთაური, რომლის ავტორიტეტი განუზომლად დიდია, ნდობაც არის – ეს ითქვა კიდეც განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირით, რომ მე ვენდობი პრემიერ მინისტრსო, რომ ის ღირსეულს დანიშნავსო; ჩვენც ვენდობით მას, კერძოდ მას პიროვნულად, მაგრამ რა გარანტია არსებობს, რომ სხვაც, ამ პოსტზე მყოფი, ასევე ნდობით იქნება აღჭურვილი. ისიც ითქვა, რომ უმაღლეს ხელისუფლებას უდიდესი პასუხიმგებლობით აღჭურვავს დანიშვნის ეს აქტი. შესაძლებელია ასეც იყოს, მაგრამ ეს უნივერსიტეტის პასუხისმგებლობის ხარჯზე მოხდება. უნდა ვაღიაროთ, ჩვენი ქართული გემაინშაფტური მენტალიტეტის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლის დანიშნული პირი, როგორი თვითმყოფადიც არ უნდა იყოს იგი, ხელისუფლის “კაცად“ აღიქმება, რაც მის ავტორიტეტს და ლეგიტიმაციას არასასურველ ნიუანსს შესძენს უნივერსიტეტში და საზოგადოებაში. გარედან ლეგიტიმაცია-მოპოვებულის გამოისობით, ვინც უნდა იყოს, უნივერსიტეტში ჯანსაღი ატმოსფერო არ შეიქმნება. ვის წინაშე იგრძნობს დანიშნული რექტორი პასუხისმგებლობას – უნივერსიტეტის თუ ხელისუფლების წინაშე? საეჭვოდ გამხდარა 12-კაციანი საბჭოს კომპეტენცია. მართლაც, ვის შეუძლია უარყოს, რომ ეს საბჭო ხელისუფლების მორჩილი არ იყო დღიდან მისი არჩევისა? იგი უსიტყვოდ იღებდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლად „ზემოდან” გამოგზავნილს კაცს და მასვე ირჩევდა რექტორად. საბჭო „ზემოდან” შემოთავაზების მორჩილი იქნება ყოველთვის. მორჩილების მიზეზი კი სწორედ ეს „ზემოდან” შემოთავაზებაა და არა თავად საბჭოს წევრთა მანკიერი შემადგენლობა. ჯანსაღ ატმოსფეროში, როცა საბჭო – მისი თითოეული წევრი პიროვნულ პასუხისმგებლობას გრძნობს ჯერ თავისი სინდისის, მერე უნივერსისტეტის წინაშე, ზეწოლა ვერ ხარობს. მხოლოდ უნივერსიტეტის არჩეულ რექტორს შესწევს ძალა გაუძლოს ხელისუფლის ზეწოლას, დანიშნული კი უძლურია (ექსკურსი თსუ-ს უახლოეს ისტორიაში: ნაციონალების დანიშნულმა პირველმავე რექტორმა ვერ გაუძლო ზარს და დახია საკუთარი ბრძანება, რომლითაც ახალციხის ფილიალში რექტორი დაინიშნა. ზარი ეკუთვნოდა ქვეყნის პირველ პირს უშიშროების მინისტრის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ. მეორე შემთხვევა: ნაციონალების დანიშნულმა რიგით მეორე რექტორმა გააუქმა საკონკურსო შედეგი და უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორად ნაციონალების აქტივისტის მეუღლე დანიშნა, ანუ არჩევითი თანამდებობა დანიშვნითად აქცია).
თუ უნივერსიტეტს, მის პროფესურას და სტუდენტობას, მათ ერთობას არ შესწევს უნარი, გარეშე ძალის ჩაურევნელად, კარნახის გარეშე, პირდაპირი წესით აირჩიოს რექტორი და მისი გუნდი, სხვა რისი შემძლეა იგი? ასეთი უნივერსიტეტი ნამდვილად დასაშლელია და ხელახლა დასაფუძნებელი იმ საწყისებზე, თავდაპირველად რომ დაფუძნდა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს საწყისები ცოცხალია და თავისუფლების პირობებში კვლავ აღორძინდება.
ზურაბ კიკნაძე