ზღაპარისაბავშვო

თენალი რამაკრიშნას კატა – ინდური ზღაპარი

ერთხელ დიდებულმა ხელმწიფემ კრიშნა დევა რაიამ იხმო თავისი ნაზირ-ვეზირები და უთხრა:

— ყველას სათითაო ძროხასა და კატას მოგცემთ. კატას ძროხის რძე უნდა აძლიოთ. ვინც სამ თვეში ყველაზე მეტად გაასუქებს თავის კატას, იმას უხვად დავასაჩუქრებ. ახლა წადით და შეასრულეთ, რაც გითხარით, ასეთია ჩემი ნებაო!

ნაზირ-ვეზირებმა თავი მდაბლად დაუკრეს და ხელმწიფის ბრძანების შესასრულებლად თავ-თავიანთ სახლებს მიაშურეს.

ხელმწიფის ბრძანებით თენალი რამაკრიშნამაც მიიღო ძროხა და კატა. სწორედ ამ ხანებში ბავშვები გაუხდნენ ძალიან ავად, სახლში კი პურის ლუკმაც არსად ეგდო. საღამოს თენალი რამაკრიშნამ ძროხა მოწველა, რძეს პირველად თვითონ გაუსინჯა გემო და ძალიანაც ეგემრიელა — ტკბილი, სქელი და მსუყე მოეჩვენა. არა, ასეთი რძე კატისათვის მეტისმეტია, ამას კატას ვერ დავალევინებო, — გადაწყვიტა რამაკრიშნამ. მერე რძე პატარა ქოთანში აადუღა, ქოთანი კატას დაუდგა და პირდაპირ ცხელ-ცხელ რძეში ჩააყოფინა ცხვირი. კატას ეს ამბავი სულ არ მოეწონა, ერთი დაიჩხავლა, კნავილი მორთო, რამაკრიშნას ხელიდან გაუსხლტა და გაიქცა. იმ დღიდან კატა რძის ქოთანს დაინახავდა თუ არა, გამწარებული გარბოდა. რამაკრიშნა კი წველიდა ძროხას, თვითონაც სვამდა და თავის ავადმყოფ შვილებსაც ასმევდა, თან გუნებაში მოწყალე ხელმწიფეს ლოცავდა. სამი თვის შემდეგ სასახლეში ისევ შეიკრიბნენ ნაზირ-ვეზირები და თან კატებიც მოიყვანეს _ რა მაძღრები, რა მსუქნები, რა ნაპატივები კატები იყვნენ, ენა ვერ აწერს! ზოგის კატა სიმსუქნით ვეფხვს დამსგავსებოდა, ზოგისა კი ხარს. მარტო თენალი რამაკრიშნას კატა იყო საცოდავი შესახედავი — გაძვალტყავებული და გაქუცული. ამ გაუბედურებული კატის დანახვით განრისხებულმა ხელმწიფემ იკითხა:

— რა უყავი ამ უბედურ ცხოველს, აჩარია* (* აჩარია — მასწავლებელი, მოძღვარი.) რამაკრიშნა? რძეს ასმევდი თუ არა, ამწუთას მიპასუხეო!

— მოწყალეო ხელმწიფევ! ეს საძაგელი რძეს ახლოსაც არ გაეკარა. ერთი წვეთიც ვერ დავალევინე. რა უნდა მექნა? რძეს ხომ არ გადავღვრიდი, თვითონაც ვსვამდი და ჩემს შვილებსაც ვასმევდი. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი შვილები ძალიან მძიმედ იყვნენ ავად, ახლა კი თქვენი წყალობით გამოკეთდნენ და კარგად არიანო, — მორჩილად მიუგო თენალი რამაკრიშნამ.

— სად გაგონილა, კატა რძეს არა სვამდეს? სულელო ბრაჰმანო, დამცინიო? — დაიღრიალა მოთმინებიდან გამოსულმა კრიშნა დევარაიამ.

— ნუ გამიჯავრდები, დიდებულო ხელმწიფევ! უბრძანე შეამოწმონ, მართალს ვამბობ თუ არა, და თვითონვე დარწმუნდები, რომ შენს ერთგულ მსახურს ტყუილის თქმა არ შეუძლიაო! — მიუგო რამაკრიშნამ.

ხელმწიფემ ბრძანა, კატას ქოთნით რძე დაუდგითო. დაუდგეს. გაცოფებულმა კატამ ერთი კი დაიჩხავლა, მერე ქოთანი თათით გადააპირქვავა და თვალის დახამხამაებაში სასახლიდან გაიქცა. მეფეს ძალიან გაუკვირდა და რამაკრიშნას სთხოვა, მიამბე, რა მოხდაო.

ამბობენ, რამაკრიშნას ნათქვამს მეფე ძალიან შეურცხვენია, მიხვედრილა, კატების რძით გამოკვება და პატარა ბავშვების დავიწყება ვერაფერი კაიკაცობა არისო.

ტელუგუ ხალხში კი გამოთქმა «თენალი რამაკრიშნას კატა» ანდაზასავით გავრცელდა. როცა დედა, მამა ან უფროსი ძმა ირწმუნება, პატარა ბავშვს ტკბილეული არ უყვარს ან ლამაზი სათამაშო არ უნდაო, ხალხში იცინიან და ამბობენ:

— თენალი რამაკრიშნას კატის ამბავი თუ გინდა, ეს არისო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button