დარია ახვლედიანი – ბიოგრაფია
დარია ქაჯაია–ახვლედიანისა იყო პოეტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში. წერდა ლექსებს და იბეჭდებოდა გაზეთებსა და ჟურნალებში. გამოსცა ლექსების კრებული “სევდის ჰანგები”. დარია ახვლედიანის მეუღლე გახლდათ გიორგი ახვლედიანი, აფთიაქარი და მეცენატი.
დარია ახვლედიანი მეგობრობდა აკაკი წერეთელთან, გალაქტიონთან. ეხმარებოდა ინტელიგენციას მატერიალურად (იხ.ნინო ჩხეიძის “ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები”). ამის შესახებ წერდა თავის “მოგონებებში” იოსებ გრიშაშვილი. ტერენტი გრანელმა დარიას მიუძღვნა ლექსი “დარია ახვლედიანს”.
არ მომასვენა ცივმა ქარმა და შენ ცხოვრების იმედს მაძლევდი,
იყო ღრუბლიან დღის მწუხარება და მოლოდინი მაღალ ნაძვებით.
შენ იქ გეძინა როგორც დედოფალს,მე დავდიოდი მეტი ნაღველით,
გარშემო იდგა უიმედობა და ნისლიანი მთები წაღვერის.
შენ არ გესმოდა ჩემი ტირილი და სადღაც ახლო ზარი კიოდა,
იდგა საღამო, ვგრძნობდი ტკივილებს და ჩემს დუმილში დრო გადიოდა.
არ მომასვენეს ზამთრის ქარებმა, ვნატრობდი ზაფხულს,ბაღით ჭრელოთი,
ირგვლივ ღელავდა ზღვა მოელვარე და მეც უეცარ სიკვდილს ველოდი.
დარია თავის მეუღლესთან ერთად 1916 წლამდე ცხოვრობდა ქუთაისში. აკაკი ქუთაისში ყოფნის დროს ხშირად დადიოდა მათ ოჯახში. აქ ხშირად ტარდებოდა საქველმოქმედო საღამოები, სადაც იკრიბებოდნენ ქუთაისის შემოქმედებითი ინტელიგენციის და საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები.
აკაკის მიუძღვნა დარიამ ლექსი, რომელიც მისი დაკრძალვის დღეს წარმოთქვა მთაწმინდაზე:
დადგება ჟამი და ხალხი შევა
შრომის სუფევის ტურფა მდელოში
და შენი ძეგლი ზეაღმართული
ძლევით იბრწყინებს საქართველოში.
1916 წელს დარია მეუღლესთან ერთად თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად (სამხედროს ქ. N 16 – შემდეგში ძნელაძის ქუჩა ფოსტის შენობის ადგილზე). გოლოვინის პროსპექტზე ჰქონდა გახსნილი ”ახალი აფთიაქი”. პირველი მსოფლიო ომის დროს ეხმარებოდნენ უფასო მედიკამენტებით დაჭრილებს და ქვრივ–ობლებს. გიორგი ახვლედიანი რეპრესირებულია. გიორგი ახვლედიანი დახვრიტეს 1937-1938 წლებში, მისი საფლავი უცნობია.
დარია ქაჯაია–ახვლედიანი გარდაიცვალა 1941წ. დაკრძალეს ჯერ დიდუბის პანთეონში, იეთიმ გურჯის გვერდით, ხოლო დაახლოებით 1959–1960 წ.წ. დაკრძალეს საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ომის წლებში, როდესაც დარიას გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი ფაქტიურად უპატრონოდ იყო დარჩენილი და მისმა მეზობლებმა შარვაძეებმა ბინის ხელში ჩაგდების მიზნით 13 წლის ბავშვს წიგნის ქურდობა დაავალეს, ციხიდან გალაქტიონმა იხსნა. მან მოსკოვში საჩივარი გააგზავნა ვოროშილოვთან, მაგრამ შარვაძეებმა მთელი ბინა მაინც მიითვისეს და სახლში არსებული ყველა ნივთი, მთელი ავეჯი, გიორგის და დარიას საუკეთესო ბიბლიოთეკა.
დალი ახვლედიანი