საქართველო-ევროპის დიპლომატიური კავშირები XIII საუკუნის პირველ ნახევარში
საქართველოს სამეფომ XIII საუკუნის 20-იან წლებში წარმოუდგენელ ძლიერებას მიაღწია.მისი გავლენა მთელ კავკასიაზე ვრცელდებოდა,ფლობდა ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე შავიზღვისპირა რეგიონს(ტრაპიზონის იმპერია).ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში აქტიურად მოთამაშე და გავლენიან სამეფოს ძლიერებას თანდათანობით უჩნდებოდა ბზარი.მართალია მეფე გიორგი IV (ლაშას) მეფობის დროს მოხდა დიდი წინაპრების მიერ დატოვებული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ასევე საქართველოს საზღვრების გაფართოება,მაგრამ ნამდვილი კატასტროფა მეფე რუსუდანის მეფობის დროიდან დაიწყო.საქართველომ მეფე რუსუდანის დროს მიყენებული ჭრილობების მოშუშება კარგა ხანს ვერ შეძლო.
ამ სტატიაში მთავარი ყურადღება მიექცევა რომის პაპებისა და საქართველოს მეფის რუსუდანის ურთიერთობას.ნიშანდობლივი და საყურადღებოა,რომ რომის პაპი ჰონორიუს III დახმარების აღმოჩენას სთხოვს საქართველოს სამეფოს V ჯვაროსნული ლაშქრობის მიმდინარეობაში,ხოლო 4-5 წლის შემდეგ ხვარაზმელების შემოსევისაგან დაცემის გზას დამდგარი ქართული სამეფო კარი თავად სთხოვს დახმარებას რომის პაპ გრიგოლ IX-ს,რომელიც მხოლოდ კათოლიკე მისიონერების გამოგზავნით ანუგეშებს მას.
V ჯვაროსნული ლაშქრობის მიმდინარეობის პერიოდში(1213-1221) ევროპელები მუსლიმებთან საბრძოლველად ძლიერ მოკავშირეებს ეძებდნენ.რათა ურჯულოთა წინააღმდეგ ბრძოლა გაადვილებოდათ და თავისი დასახული მიზნებისათვისაც მიეღწიათ.V ჯვაროსნული ლაშქრობის მეთაურებმა ყურადღება მიაპყრეს საქართველოს სამეფოს და აქტიური მიმოწერა გააჩაღეს ლაშა-გიორგისთან.ამ მხრივ გამოირჩეოდა პაპ ჰონორიუს III-ის ლეგატი კარდინალი პელაგიუსი,რომელიც მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის საერთო ხელმძღვანელი გახლდათ.მიხეილ თამარაშვილი აღნიშნავს,რომ ეგვიპტის ერთ-ერთი ქალაქის დამიეტას აღების შემდეგ(1220) ქართველებს წერილი მიუწერიათ ჯვაროსნებისათვის,სამხედრო მზადების დასრულება უცნობებიათ და თავიანთ თავზე პალესტინის ერთ-ერთი ძლიერი და გამაგრებული ციხესიმაგრის აღებაც უკისრიათ,რათა თავიანთი წვლილით,რომელიც მათ ,,წმინდა ომის” მიმდინარეობაში უნდა შეეტანათ,არ ჩამორჩენილიყვნენ ჯვაროსნებს.(მ.თამარაშვილი.ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის.თბ.1902)
კარდინალი პელაგიუს გალვანი
აქედან გამომდინარე საქართველოს მეფე გიორგი IV მზად ყოფილა ჯვაროსნული ლაშქრობის დასაწყებად და ეგვიპტის სასულთნოზე შეტევის განსახორციელებლად,მაგრამ უნდა აღინიშნოს,რომ სწორედ ამ დროს მოადგნენ საქართველოს მონღოლთა მბრძანებლის ჩინგიზ ყაენის ურდოები ცნობილი დუმან ნოინების:ჯებესა და საბუდაი ბაღათურის მეთაურობით.ამ გარემოებამ საქმეთა მიმდინარეობას სულ სხვა მიმდინარეობა მისცა (ივ.ჯავახიშვილი,ქართველი ერის ისტორია,ტ III,თბ.2012,გვ:12-13)
არც ჯვაროსნებს მისდიოდათ საქმე კარგად.ეგვიპტეში მათ რიგებში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო,კარდინალი პელაგიუსი იძულებული იყო დაეთმო დამიეტა,მან ვერ მოახერხა დამიეტას იერუსალიმში გაცვლა,მაგრამ იხსნა გადარჩენილ ჯვაროსანთა სიცოცხლე,რომლებიც ეგვიპტიდან აიყარნენ და აკრაში ჩავიდნენ (Michael Haag.Templars:History and Myth: From Solomon’s Temple to the Freemasons.2009) ჯვაროსანთა მეხუთე ლაშქრობა სრული კატასტროფით დასრულდა.
მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა(აღნიშნულია წყვეტილი ხაზით)
საქართველოს კი,როგორც ავღნიშნეთ მონღოლთა ურდოები ეწვივნენ.მონღოლთა პირველი შემოსევა საქართველოში არ ატარებდა დაპყრობით ხასიათს,მას დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა ჩინგიზ ყაენის მომავალ დიდ ლაშქრობათა განსახორციელებლად დასავლეთში.აღსანინავია,რომ მონღოლებთან ბრძოლაში დაიჭრა ლაშა-გიორგი.მოპოვებული წარმატებების მიუხედავად,მონღოლმა სარდლებმა საბუდაიმ და ჯებემ ბრძოლა აღარ გააგრძელეს,დიდი გაჭირვებით გადალახეს კავკასიონი და საქართველოს ტერიტორიებს გაეცალნენ.საქართველოში პირველად შემოჭრილმა მონღოლებმა ჩაშალეს ჯვაროსნული ლაშქრობის სამზადისი.მონგოლებთან ომს შეეწირა ქართველთა მეფე ლაშა-გიორგი იგი მათთან ბრძოლაში დაიჭრა და მალე გარდაიცვალა.
ძმის გარდაცვალების შემდეგ 1223 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა რუსუდანი ამავე წელს მას წერილი მიუწერია რომის პაპ ჰონორიუს III-სთან (ერისკაცობაში ჩენჩიო საველი) :
„უწმიდესს პაპს , მამას და ყველა ქრისტიანების მთავარს, წმიდა პეტრეს საყდარზე მჯდომარეს. ჩვენ მდაბალი რუსუდან აფხაზთა დედოფალი, თქვენი ერთგული მხევალი და ასული უმდაბლესად თავს გიკრავთ და მოგესალმებით”. „როგორც უდიდესი და უმაღლესი ბძანდებით, ისე ღვთისაგან იმედი მაქვს,უფალმა შეგისრულოსთ ყოველი თქვენი გულითადი ნატვრა. უკეთუ თქვენდამი წარმოგზავნილი წერილის გამო ჩვენთვის გულმოწყალე ხართ და იკითხავთ ჩვენს ამბავს, ვაუწყებთ თქვენს სიწმიდეს, რომ ძმა ჩემი ქართველთა მეფე მიიცვალა და მისი სამეფო მე მერგო. აწ ვითხოვთ თქვენს კურთხევას ჩვენთვის და ყველა ჩვენ ქვეშევრდომ ქრისტიანეთათვის. დამიეტში მყოფის თქვენის ელჩისაგან მივიღეთ თქვენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რომე ჩემი ძმა წასულიყო ქრისტიანების შესაწევნელად. ისიც ამ ზრახვასა და წასვლის მზადებაში იყო,როდესაც ბოროტნი თათარნი შემოვიდენ ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება თქვენც შეიტყეთ, დიდი უბედურება მიაყენეს ჩვენს ერსა და დაგვიხოცეს ექვსი ათასი კაცი. ჩვენ მათ არ ვუფრთხილდებოდით, რადგან ქრისტიანები გვეგონა; მაგრამ როდესაც ვსცანით,რომ კარგი ქრისტიანები არ იყვნენ, მაშინ შევკრიბეთ ყოველი ჩვენი ძალა და წინ აღვუდექით, ოცდახუთი ათასი კაცი გავუწყვიტეთ, ბევრიც დავატყვევეთ და დანარჩენი მათი მხედრობა ჩვენის ქვეყნიდგან გავდევნეთ: აი ამის გამო აქ დავრჩით და თქვენის ელჩის ბრძანებისა მებრ ვერ წამოვედით.„ხოლო აწ დიდათ განვიხარეთ, რა შევიტყეთ, რომ თქვენის ბრძანებით იმპერატორი სირიაში უნდა წავიდეს წმიდა ადგილების დასახსნელად. გთხოვთ გვაცნობოთ, თუ როდის უნდა გამოიაროს, იმპერატორმა, რათა ჩვენც წმიდა ადგილების დასახსნელად გავგზავნოთ ჩვენი მხედართ მთავარი ივანე მთელის ჯარით იმ ადგილს საცა თქვენ ინებებთ. ეგრეთვე გაუწყებთ, რომ ამ ჩვენმა მხედართ მთავარმა და ჩვენის სამეფოს სხვა მთავრებმა მიიღეს ჯვაროსნობა და წასვლას ელიან. ამისთვის ვევედრებით და ვსთხოვთ თქვენს უწმიდესობას, რათა მოგვწეროთ და გვიბოძოთ თქვენი კურთხევა ჩვენ, აღმოსავლეთში მყოფ ქრისტიანებს. ამ წერილის მომტანს, ჩვენს საყვარელს დავითს, ანის ეპისკოპოზს, ისე ერწმუნეთ ყველაფერში, ვითომც ჩვენის პირისგან გსმენოდესთ. თქვენთა წმიდა ლოცვათა შინა მოგვიხსენიეთ”. – 1223 წელი.
ჯოტო დი ბონდონე-ჰონორიუს III,სან-ფრანჩესკოს ბაზილიკა (ასიზი-იტალია)
ანალოგიური შინაარსისაა ივანე მხარგრძელის (ათაბაგის) წერილი რომის პაპ ჰონორიუსისადმი:
„უწმიდესს მამას და წმიდა პეტრეს საყდარზე მჯდომარეს. მთელს საქრისტიანოს მთავარს. მე ივანე, კაცი მორჩილი, მთელის, საქართველოს და სომხეთის მხედართმთავარი, უმდაბლესად თავს დაგიკრავთ და მოგესალმებით. „უკეთუ ჩემს ამბავს იკითხავთ, თქვენის წმიდა კურთხევით კარგად გახლავართ. გაუწყებთ, რომ ჩემი ბატონი მეფე მიიცვალა და მის ადგილს თქვენის ლოცვა-კურთხევის მადლითა და ძალით სხვა ავირჩიეთ მეფედ. თქვენმა წმიდა და მართლბრძანებამ, რომელიც დამიეტში მყოფის ელჩის მიერ წარმოგვივლინეთ, მოაწია მეფემდე და ჩემამდე. ხოლო როცა ჩვენ დიდის ძალით მოვამზადეთ რა ჯარი, ცხენოსნები, სურსათი და ვაპირებდით წასვლას ქრისტიანების შესაწევნელად და წმიდა ადგილების დასახსნელად, ამ დროს თათარნი, ჯვართ წარმძღვანებელნი შემოვიდენ ჩვენს ქვეყანაში, ქრისტიანობის მოჩვენებით მოგვატყუეს და ექვსიათასამდე კაცი გაგვიწყვიტეს. ხოლო შემდგომ რა ვსცანით,რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები არ იყვნენ, თქვენის ლოცვის ძალით და წმიდა ჯვრის შემწეობით წინაღვუდექით, 25 ათასი ცხენოსანი გავუწყვიტეთ, ზოგნიც დავატყევეთ და დანარჩენიც ჩვენის საზღვრებიდგან გავდევნეთ. ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ვერ შევასრულეთ თქვენი ბრძანება თქვენის ელჩის მიერ გამოცხადებული. გარნა დიდათ განვიხარეთ, რა შევიტყეთ, რომ გიბრძანებიათ იმპერატორისა და დასავლეთის სხვა ქრისტიანებისათვის, რათა წამოვიდენ წმიდა ადგილების დასახსნელად. აწ გაუწყებთ, რომ თქვენს ბრძანებას ველით და მზათ გახლავართ მთელის ჩვენის ძალით წავიდეთ ქრისტიანების შესაწევნელად; მე თვით მზადვარ წმიდა ადგილების დასახსნელად წავიდე ორმოცი ათასი მეომრით, სადაც თქვენ ისურვებთ. მზგავსადვე გაუწყებთ რომ, როგორც მე, ეგრეთვე ჩვენის ქვეყნის ყველა მთავრებმა მიიღეს ჯვაროსნობა, სხვაფრივ, ვევედრები თქვენს უწმიდესობას, რომ გვიბოძოთ თქვენი კურთხევა თუ ჩვენ და თუ ჩვენს ქვეყანას, რათა თქვენი კურთხევით და ღვთის მადლით კარგად ვიბრძოლოთ უფლის ბრძოლა. გთხოვთ ამ წიგნის მომტანს, მამა დავითს, ჩვენს ეპისკოპოსს ერწმუნოთ ისე, როგორც ჩვენ,ყველაფერში, რასაც ჩვენის მხრით მოგახსენებსთ. ჩემი ძმისწული შანშე, ბატონი თხუთხმეტის დიდის ქალაქისა, უმდაბლესად თავს გიკრავსთ და ითხოვს თქვენს კურთხევას”.
წმინდა პეტრეს ტაძარის ინეტრიერი,ვატიკანი
საქართველოს სამეფო კარის უმაღლესი წარმომადგენლები რუსუდან მეფე და ივანე ათაბაგი პაპს ატყობინებენ სამხედრო მზაობას,ჯვაროსნულ ომში ჩასაბმელად.ეს წერილი 1223 წლით თარიღდება.ამ დროს V ჯვაროსნული ლაშქრობა კარგა ხნის დამთავრებული იყო.1224 წელს რუსუდან მეფეს მოუვიდა პაპის საპასუხო ეპისტოლე:
„პაპი ონორიო III. – მამობრივის სახიერებით მივიღეთ და გულ მოდგინებით ყურადვიღეთ თქვენი უმაღლესობის წერილი, სავსე მხურვალე მორწმუნეობის სუნელებით. უფლისამიერ დიდათ განვიხარეთ თქვენის ერთგულებით ჩვენდამი და რომის ეკკლესიისადმი, რომელიც არის დედა და მოძღვარი ყოველთა ქრისტიანეთა. გვასიამოვნა აგრეთვე თქვენმა კეთილმა სურვილმა წმიდა ადგილების დახსნისამ, იმ ადგილებისამ, სადაც, გამოუთქმელის სიყვარულით ჯვარზედ სიკვდილი ინება უფალმა იესო ქრისტემ კაცთა ნათესავის სამარადისო სიკვდილისაგან დახსნისა და ცხონებისათვის. ხოლო თქვენის ნეტარ ხსენებულის ძმის, საქართველოს მეფის, სიკვდილის გამო გიბრალებთ მამობრივის გულის წვითა; ამასთანვე გაგვახარა იმ ამბავმა, რომ მისი სამეფო თქვენ მშვიდობიანად ჩაგიბარებიათ, ვითარცა გვაუწყეთ თქვენის წერილით. ვევედრებით ღმერთსა, რომლის ხელშია სამეფონი და ძალნი მათნი, რათა თქვენ და თქვენი სამეფო ერთად დაგიცვასთ თავისს სარწმუნოებასა და ერგულებაზედ და ეგრეთვე მოგმადლოსთ ყოველი სიკეთე და დაგიფაროსთ. თუმცაკი ხორციელად შორს ვართ, გარნა თქვენთან ვიმყოფებით სულითა და გონების თვალით გხედავთ თქვენა და თქვენის სამეფოის ქრისტიანებს; მასთანვე გვახარებს თქვენი მორწმუნეობა, რომელიც გაქვსთ უფლის იესო ქრისტეს სარწმუნოებისადმი და რომელიც დიდათ სათნო საყოფელია, რადგან მას იცავთ ურწმუნოთა შორის,რომლებთანაც სცხოვრებთ, და ბრწყინავთ, როგორც ნათელი სიბნელეში და შროშანი ეკლებში; ამიტომ მოელოდეთ თქვენის სარწმუნოების ბედნიერ აღსასრულს, თქვენის სულის ცხონებას. რაისგამო შევაგულიანებთ უფლის მიერ თქვენს ხელმწიფებას, რათა მტკიცედ სდგეთ აღთქმაზედ ქრისტესსა, რომელმაცა სთქვა. „ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა.”
ჯვაროსნები
მის აღსარებასა და მისი წმიდა სახელის ქებაში მტკიცედ იყავით, ეგრეთვე თქვენის კეთილის მაგალითით მხნედ დაიცევით თქვენნი ქვეშევრდომნიც, რათა მათთან ერთად ამ წარმავალის ცხოვრების შემდგომ, მოიპოვოთ საუკუნო სასუფეველი.„შესახებ იმისა, რომ გსურსთ შეიტყოთ დრო წასვლისა ჩვენის ქრისტეს მიერ საყვარელის შვილის ფრედერიკო ბრწყინვალის, რომის იმპერატორისა და სიჩილიის მეფისა, რათა თქვენც თქვენის მხედრობით შეეწიოთ წმიდა ადგილების დახსნის დროს, მოხარული ვართ თქვენის კეთილის განზრახვისა და გაუწყებთ ამ წერილით, რომ ეს იმპერატორი დიდის ძალით შეიჭურვა და მომავალის წმიდა იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულის შემდგომ ერთის წლით მიდის ბევრის სამზადისით და თან მიჰყავს აღურიცხველი მორწმუნე ერი წმიდა ადგილების დასახსნელად. უფლისა მიერ გაგონებთ და გამხნევებთ რომ, თანხმად თქვენის საქებურის დაპირებისა, ეცადოთ და ისე მოამზადოთ თქვენი მხედრობა, რათა თქვენის დიდებულების შესაბამი სამსახური მიაგოთ იესო ქრისტესა. ამ დიდისა და წმიდა საქმისთვის თუ თქვენ და თუ თქვენნი ქვეშევრდომნი რაოდნათაც კარგად,ნებიერად და გულ მოდგინებით მოემზადებით, ეგოდნათ დიდს სასყიდელს მიიღებთ უფლისაგან. ამიტომ ვაუწყებთ თქვენს ერთგულებას, რომ ვინც ამ შრომაში (ჯვაროსნობაში) მიიღებენ მონაწილეობას, ან თვით წავლენ, ან სხვას გაგზავნიან, ან ფულით შეეწევიან და ან სხვისი ხარჯით წავლენ, მათ ყოველთა ვანიჭებთ მოციქულებრივის შენდობით ყველა ცოდვების მოტევებას, უკეთუ ჭეშმარიტად შეინანებენ და აღსარებას იტყვიან.„აწ თქვენ ეს წიგნი წააკითხეთ ყველა თქვენთა ქვეშევრდომთა, რომელთაც,თქვენის თხოვნისა მებრ, ვანიჭებთ მოციქულებრივ კურთხევას და გპირდებითთქვენა და მათ ჩვენს პატივისცემას და მფარველობას, როდესაც კი საჭირო იქნებადა როგორათაც შეჰფერის სამოციქულო საყდარსა. 12 მაისისა, 1224.”
რომის პაპ ჰონორიუს მესამის გერბი