უცნაური

პარადოქსები

ასე თუ ისე გავრცელებული პარადოქსები, ანუ სიტუაციები, სადაც ლოგიკა და ინტუიცია უძლურია.

ნიანგის დილემა: ნიანგმა მოიტაცა ბავშვი და მამამისს ეუბნება, რომ დაუბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი გამოიცნობს ნიანგის ქმედებას. მამა ეუბნება, რომ არ დაუბრუნებს. როგორ მოიქცევა ნიანგი?

სასამართლოს პარადოქსი: სოფისტმა პროთაგორამ მოწაფედ აიყვანა ევათლუსი. მასწავლებელმა მოწაფეს დაუდო კონტრაქტი, რომ ის გადაუხდიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოიგებდა პირველ სასამართლო პროცესს. სწავლა რომ დასრულდა, პროთაგორამ სასამართლოში უჩივლა ევათლუსს და საფასურის გადახდა მოსთხოვა. ევათლუსისთვის ეს პირველი პროცესია. პროთაგორა ამბობს: თუ გავიმარჯვებ, ფული უნდა მივიღო. თუ ევათლუსი გაიმარჯვებს, კონტრაქტის მიხედვით მაინც უნდა მივიღო ფული. ევათლუსიც არანაკლებ კერკეტი იყო და განაცხადა: თუ გავიმარჯვე, გადახდა არაა საჭირო, რადგან სასამართლო პროთაგორას თვლის დამარცხებულად. თუ პროთაგორა გაიმარჯვებს, მე პირველ პროცესს წავაგებ და კონტრაქტის მიხედვით არ უნდა გადავუხადო. როგორ უნდა დასრულდეს სასამართლო პროცესი?

ეპიმენიდესის პარადოქსი: ეპიმენიდესი კრეტელია და ამბობს: ყველა კრეტელი მატყუარაა. არის თუ არა ეპიმენიდესის ნათქვამი სიმართლე?

გამონაკლისის პარადოქსი: არსებობს ასეთი წესი: ყველა წესს აქვს მინიმუმ ერთი გამონაკლისი. აქვს თუ არა თავად ამ წესს გამონაკლისი?

მატყუარას პარადოქსი: ეს წინადადება მცდარია. მართალია თუ არა ეს მტკიცებულება?

სოკრატეს პარადოქსი: მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი. პარადოქსი იმაშია, რომ თუკი არაფერი იცის, ის საიდანღა იცის, რომ არაფერი იცის?

თეზევსის გემის პარადოქსი: თეზევსის გემი დალპა, ამიტომ მან ნაწილების გამოცვლა დაიწყო. მიჰყვა ნელ-ნელა და საბოლოოდ აბსოლუტურად ყველა დეტალი ახლით შეცვალა. არის თუ არა ეს გემი ისევ ის? პლუტარქეს დროის ფილოსოფოსთა აზრი ორად იყოფოდა. საუკუნეების შემდეგ, ფილოსოფოსმა ტომას ჰობსმა კიდევ უფრო გაართულა პარადოქსი: იმ დამპალი ნაწილებისგან ახალი გემი რომ ააგო, რომელი გემი იქნება თეზევსისა – პირველი თუ მეორე?

სორიტის პარადოქსი: შენს წინაშეა ქვიშის გროვა, რომელიც შედგება მილიონი მარცვლისგან. გვაქვს ორი პირობა: მილიონი მარცვალი გროვაა და ერთი მარცვლის მოშორებით გროვა ისევ გროვაა. თითო-თითოდ რომ მოაცალო მარცვლები, როდის ჩამოერთმევა მას “გროვის” სტატუსი?

კამათლის პარადოქსი: გვაქვს სამი კამათელი – A, B და C. გაგორებისას A-ზე ყოველთვის უფრო დიდი რიცხვი ჯდება, ვიდრე B-ზე. B-ზე უფრო დიდი ჯდება, ვიდრე C-ზე და C-ზე უფრო დიდი ჯდება, ვიდრე A-ზე. სამივეს ერთად გაგორების შემთხვევაში რომელი კამათელი გაიმარჯვებს?

კონვერტის პარადოქსი: უცნობი პირი განახებს ორ, ზუსტად ერთნაირ კონვერტს და გეუბნება, რომ ერთ-ერთ მათგანში ორჯერ მეტი თანხაა, ვიდრე მეორეში. შეგიძლია აიღო ნებისმიერი კონვერტი და შიგ რა თანხაცაა, ის შენი გახდება. როცა იღებ ერთ მათგანს, ამ დროს უცნობი პირი გთავაზობს, შეცვალო და აიღო მეორე. დიდი ალბათობით, შენ არ დაუჯერებ მას და იფიქრებ, რომ კონვერტში დიდი თანხა დევს და მაგიტომ გთავაზობს შეცვლას, მაგრამ მოდი ჩავუღრმავდეთ. შენს არჩეულ კონვერტში დევს A თანხა. ალბათობა, რომ A მეორე კონვერტის თანხაზე ნაკლებია, არის 1/2. ის რომ მეტია, ასევე არის 1/2. მეორე კონვერტში იმალება A/2 ან 2A თანხა. მეორე კონვერტი შეიცავს 2A-ს ალბათობით 1/2 და A/2-ს ალბათობით 1/2. მოსალოდნელი თანხა მეორე კონვერტში არის  ანუ უფრო მეტი, ვიდრე A. რაც ეწინააღმდეგება ტრადიციულ ლოგიკას.

დიქოტომიის პარადოქსი: თუკი მიდიხარ A-დან B-მდე, ჯერ უნდა გაიარო ამ გზის ნახევარი, მერე დარჩენილის ნახევარი, კიდევ იმის ნახევარი და ასე უსასრულოდ. საბოლოოდ კი, რადგანაც რიცხვების სიმრავლე უსასრულოა, B-ს ვერასდროს მიაღწევ.

აბილენის პარადოქსი: ოჯახი თამაშობს დომინოს. ამ დროს სიმამრს შემოაქვს წინადადება, წავიდნენ აბილენში სასადილოდ. ცოლიც, ქმარიცა და სიდედრიც თანხმდებიან და მიდიან. გზაში ცხელა, საჭმელი ფუჭდება და არც ისე კარგი გასეირნება გამოუვიდათ. სახლში დაბრუნებისას ერთ-ერთი მათგანი ამბობს: “არაუშავდა, არა?” სიდედრი ამბობს: “საერთოდ, სახლში მერჩივნა ყოფნა, მაგრამ რადგან თქვენ სამს გინდოდათ, მეც აგყევით.” ცოლი ამბობს: “მე თქვენი განაწყენება არ მსურდა, თორემ ასეთ სიცხეში რომ გარეთ გავიდე, გიჟი უნდა ვიყო.” ქმარი ამბობს: “აღფრთოვანებული არ ვიყავი იდეით, მაგრამ თქვენი სურვილი დავაკმაყოფილე.” სიმამრი ამბობს: “იმიტომ შემოგთავაზეთ, რომ ვიფიქრე გახალისდებოდით, თორემ დიდად არც მე მსურდა წამოსვლა.” საბოლოოდ, გამოდის რომ ყველა მათგანი უარზე იყო, გააკეთეს ის, რაც ეგონათ, რომ სხვებს უნდოდათ, მაგრამ საბოლოოდ, არავის უნდოდა.

ბურიდანის ვირის პარადოქსი: მშიერ-მწყურვალი ვირისგან თანაბრადაა დაშორებული თივის ზვინი და წყლით სავსე ვედრო. ვირი ირჩევს მხოლოდ იმას, რომელიც მასთან ახლოსაა. საბოლოოდ, ლოგიკურია, რომ ვირი კვდება შიმშილითა და წყურვილით. ამ პარადოქსიდან ასევე გამომდინარეობს შემდეგი: არჩევანის წინაშე რომ დგახარ, თუკი იმოქმედებ რაციონალურად და ყველა ვარიანტს თანაბარ შანსს მიანიჭებ, არჩევანს ვერასდროს გააკეთებ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button