მაქციებსა და ლიკანტროპიაზე მრავალი ლეგენდა შემორჩა და ზოგიერთ მათგანზე ფილმებიც გადაღებულა. ისინი გვიამბობენ სავსე მთვარის პერიოდში მოსიარულე მშიერ ადამიან-მგლებზე. დღესდღეობით ძნელია იმის თქმა, რამ ჩაუყარა საფუძველი მაქციებზე არსებულ უამრავ გადმოცემას და რამდენადაა ისინი სიმართლესთან ახლოს, თუმცა წარსულში მათ რეალურობაში ეჭვი ნაკლებად ეპარებოდათ ხოლმე.
***
მე-16 საუკუნეში საფრანგეთის ქალაქ დოლის მთავარ მოედანზე სახალხოდ წაიკითხეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ მოქალაქეს ეძლეოდა უფლება, დადევნებოდა და მოეკლა მაქცია, რომელიც ქალაქს დიდი ხნის განმავლობაში აწიოკებდა.
ტყეში სიარულისას გლეხების ჯგუფს პატარა ბავშვის ყვირილი მოესმა, რასაც მგლის ყმუილი მოჰყვა. როცა ხმას მიჰყვნენ და შემთხვევის ადგილას მივიდნენ, დაინახეს დაჭრილი ბავშვი, რომელიც საზარელ არსებას ებრძოდა. ამ უკანასკნელში მოგვიანებით ადგილობრივი ჟილ გარნიე ამოიცნეს. ის დააპატიმრეს, ჯადოქრობასა და მაქციობაში გამოტეხეს და ბოძზე დაწვეს.
როგორც აღმოჩნდა, განმარტოებით მცხოვრები გარნიე ვერ ახერხებდა ცოლის რჩენას და კანიბალიზმისთვის ხელის მიყოფა გადაწყვიტა. მან 4 ბავშვის მოკვლა აღიარა, რომელთა ასაკი 9-დან 12 წლამდე იყო. პირველად 10 წლის გოგონა შეათრია ვენახში, გააშიშვლა, დაახრჩო და თეძოებიდან და მკლავებიდან ხორცი მოაგლიჯა, დარჩენილი ნაწილი კი ცოლს წაუღო. მსგავსი ბედი ეწიათ დანარჩენ მსხვერპლებსაც, გარდა ბოლო ბიჭისა, რომლის მოკვლაშიც მონადირეებმა შეუშალეს ხელი.
***
ძველი ჩანაწერების მიხედვით, დაახლოებით 1640 წელს გერმანული ქალაქი გრაიფსვალდი აოხრებულ იქნა მაქციების მიერ. ამ მხეცების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ღამით გარეთ გასული ნებისმიერი ადამიანი უკიდურეს საფრთხეში იგდებდა თავს, რადგან დიდი შანსი იყო, ერთ-ერთ მაქციას შეხვედროდა და სეირნობა ფატალურად დასრულებულიყო.
მოხალისეების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფრისთვის ბოლო უნდა მოეღოთ და გეგმა შეიმუშავეს: მოიძიეს და შეაგროვეს ვერცხლის ჭიქები, თეფშები, ღილები და ა.შ., გადაადნეს და ტყვიები ჩამოასხეს.
შეიარაღებულმა გამბედავმა ახალგაზრდებმა დაღამებას დაუცადეს და ქუჩაში გავიდნენ, რათა მაქციებს შერკინებოდნენ. სისხლიანი შეტაკება ადამიანთა გამარჯვებით დასრულდა და გრაიფსვალდის მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, ისევ თავისუფლად, შიშის გარეშე გასულიყვნენ გარეთ.
***
1685 წელს ბავარიული ქალაქის, ანსბახის, მოსახლეობა დიდმა მძვინვარე მგელმა დაატერორა. დადიოდა ხმები, რომ ეს მგელი რეალურად მაქცია იყო, ქალაქის გარდაცვლილი მერი. მონადირეებმა ცხოველს ძაღლები მიუსიეს, მიიმწყვდიეს და მოკლეს, შემდეგ გაატყავეს, გვამი კი საზეიმოდ გაიტანეს ქალაქის ბაზრის მოედანზე. სისხლისღვრის დასრულების აღსანიშნავად ანსბახის მაცხოვრებლები მგლებივით შეიმოსნენ, რათა მერს დამსგავსებოდნენ. მოგვიანებით მოკლული მგლის ტყავი ადგილობრივ მუზეუმში გადაიტანეს.
***
გერმანიის ქალაქ ლუდვიგსლუსტის მიდამო წარსულში უხვად ტყიანი იყო და შესაბამისად, სანადიროდ კარგ ადგილს წარმოადგენდა. გერმანიის სხვადასხვა ქალაქებიდან მრავალი მონადირე მოდიოდა აქ თავისი ძალების გამოსაცდელად. თუმცა ერთხელაც მონადირეები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ეს სიტუაცია წლების განმავლობაში გაგრძელდა – ტყეში მსხვილი მგელი გამოჩნდა, რომელსაც ტყვიები ვერაფერს აკლებდა. ხანდახან მხეცი თითქოს დასცინოდა მათ – მიუახლოვდებოდა ისეთ მანძილზე, საიდანაც მოკვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი იქაურობას გაეცლებოდა ხოლმე, ხანდახან კი მათ ნანადირევსაც თან გაიყოლებდა. იქ მყოფნი, ცხადია, ცდილობდნენ მისთვის რამე დაეშავებინათ, მაგრამ ტყვია თითქოს არც კი ეკარებოდა.
ერთხელ კავალერიის ერთ-ერთი ახალგაზრდა ოფიცერი სოფლის გავლით მიემგზავრებოდა, როცა მოულოდნელად მისი ყურადღება მიიპყრო ახლომდებარე სახლიდან გამომავალმა ყვირილმა და ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ. შორიდან ოფიცერმა ვერაფერი საეჭვო ვერ შენიშნა, რასაც შეიძლებოდა, ისინი დაეფრთხო. ამიტომ იქვე ერთ-ერთი ყმაწვილი გააჩერა და გამოჰკითხა, რა ხდებოდა. ბავშვმა მიუგო, რომ ფიგების ოჯახში არავინ იყო, გარდა უმცროსი ვაჟისა. როცა მარტო რჩებოდა, მას ჩვეულებად ჰქონდა მგლად გადაქცევა და მეზობლის ბავშვების დატერორება. ამიტომ როცა ტრანსფორმაცია იწყებოდა, ყველა გარბოდა, რათა მის სიახლოვეს არ აღმოჩენილიყვნენ.
ოფიცერმა ეს ყველაფერი ბავშვების გამონაგონად მიიჩნია და მათი წარმოსახვის უნარით გაოცებული დარჩა. იფიქრა, რომ ერთ-ერთი ბავშვი მგლის როლს თამაშობდა, დანარჩენები კი ცხვრისას ან რაიმე მსგავსი გასართობი იყო. მაგრამ შემდეგ მართლაც მოკრა თვალი მგლის სილუეტს სახლში, ცოტა ხანში კი მის ადგილას ბიჭი იდგა.
***
1541 წელს იტალიის ქალაქ პავიაში მასიური სისხლისღვრა დაიწყო. ერთ-ერთი ფერმერი ხანდახან მგლად იქცეოდა, დაძრწოდა მთელ ქვეყანაში და გზაში შემხვედრ ადამიანებს ნაწილებად გლეჯდა. პავიის მოსახლეობა დაზაფრული იყო და გარეთ გასვლის ეშინოდათ. მონადირეების მცდელობები და დაგებული მახეები არანაირ შედეგს არ იძლეოდა. თუმცა საბოლოოდ, მრავალი მსხვერპლისა და უბედური შემთხვევების შემდეგ მანიაკი დაიჭირეს, მაგრამ მან მისი შემპყრობები დაარწმუნა, რომ ერთადერთი განსხვავება მასსა და ბუნებრივ მგელს შორის იყო ის, რომ ნამდვილი მგლის შემთხვევაში თმები მიმართულია გარეთ, მას კი პირიქით – შიგნითკენ ჰქონდა შეწეული. ამ განცხადების უტყუარობა რომ დაედგინათ, მოსამართლეებმა, რომლებიც გადმოცემის მიხედვით, არანაკლებ სასტიკი და სისხლის მწყურვალი მაქციები იყვნენ, ფერმერს მკლავები და ფეხები მოკვეთეს. დამნაშავე სისხლისგან დაიცალა და მოკვდა.
***
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ლიკანტროპი იყო შალონის მაქცია, ასევე ცნობილი, როგორც მკერავი დემონი. ის 1598 წლის 14 დეკემბერს დაადანაშაულეს მკვლელობებში და პასუხისმგებლობაში მისცეს პარიზში. ამასთან, შემთხვევები იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ მოსამართლეებმა ყველანაირი დოკუმენტის განადგურება ბრძანეს. დამნაშავის ნამდვილი სახელიც კი ამოიშალა ისტორიიდან.
შალონის მაქცია, რომელსაც ცოცხლად დაწვა მიესაჯა, თავის მაღაზიაში იტყუებდა პატარა ბავშვებს – როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს, ძალადობდა მათზე, შემდეგ ყელს გამოჭრიდა და მარილს აყრიდა, ბოლოს კი ისე ანაწევრებდა, როგორც ყასაბი – საქონლის ხორცს. შებინდებისას მაქცია ტყეში დახეტიალობდა, რათა ხელში მოეგდო გზააბნეული მგზავრები, კბილებით ყელში ცემოდა და დაეხრჩო. მაქციის სარდაფში აღმოაჩინეს დაღუპულთა ძვლებით სავსე კასრები, ასევე ბინძური და ჭუჭყიანი ნივთები. როგორც ამბობენ, ის გარდაიცვალა მოუნანიებელი და სიკვდილის წინაც ღმერთს გმობდა.
***
კლაუდია გაილარდი მე-16 საუკუნის საფრანგეთში მცხოვრები ერთ-ერთი უიღბლო ადამიანი იყო, რომელიც გრძნეულებზე მონადირე ბურგუნდიელმა ჰენრი ბოგემ შეიპყრო და სასამართლოზე წარადგინა. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ის ბუჩქის უკან შენიშნეს, როცა მგლის ფორმას იღებდა, თუმცა გარდასახვის შემდეგ კუდი არ ჰქონდა. ამ საშინელი დანაშაულის გამო მას დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ სხვადასხვა მეთოდებით. განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ გაითვალისწინა წამების ფაქტი და ასეთი კომენტარი გააკეთა: ,,ყველანაირი ფაქტი მის წინააღმდეგაა. არავის უნახავს, რომ თვალიდან ერთი ცრემლი მაინც ჩამოვარდნოდეს ან დაეკვნესოს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ხერხით ეცადნენ, მისთვის ტკივილი მიეყენებინათ.” საბოლოოდ კლაუდიას ცოცხლად დაწვა მიესაჯა.
***
1521 წელს ბეზანსონელმა ინკვიზიტორმა ჟან ბოინმა გაასამართლა მიშელ ვერდენი, ფილიბერ მონტო და პიერ ბურგო და დაადანაშაულა ისინი სატანასთან ზავის დადებასა და ლიკანტროპიაში. მოგვიანებით ეს სამი ადამიანი ცნობილი გახდა, როგორც ,,პოლინიის მაქციები”.
ეს ადამიანები ეჭვმიტანილები აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მგზავრს თავს დაესხა მგელი. თავის დაცვის დროს მან ცხოველის დაჭრა მოახერხა და ამ გზით უკან დაახევინა. დაშავებული მგლის კვალს რომ გაჰყვა, მიადგა ქოხს, რომელიც ეკუთნოდა ადგილობრივ მაცხოვრებელს, მიშელ ვერდენს. ის საწოლზე იწვა მძიმე მდგომარეობაში და მისი ცოლი უვლიდა, ჭრილობას უსუფთავებდა. მგზავრი დარწმუნდა, რომ მას მგელი კიარა, მაქცია დაესხა თავს, რომელიც სინამდვილეში მიშელი იყო და მაშინვე შეატყობინა ადგილობრივ ხელისუფლებას. დაკავებისა და წამების შემდეგ ვერდენი დანებდა და განაცხადა, რომ ხანდახან ფორმას იცვლიდა. ასევე დაასახელა მისი ორი თანაშემწე, შემდგომში კი სხვა იდუმალი დანაშაულებიც აღიარა: ჯადოქრობა, მკვლელობა და ადამიანის ხორცის ჭამა. სამივე დამნაშავე სასწრაფოდ დასაჯეს სიკვდილით.
***
ეს ამბავი 1692 წელს მოხდა ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ლივონიის ქალაქ იურგენბურგში და შემდეგ მაქციების ფოლკლორს შეერწყა.
80 წლის მამაკაცი, სახელად ტისი, ეჭვმიტანილ იქნა მაქციობაში. ამბობდნენ, რომ მას ცხვირი გაუტეხა სკეისტანმა, ადგილობრივმა ჯადოქარმა, რომელიც იმ მომენტში უკვე გარდაცვლილი იყო. ტისის აღიარების მიხედვით, სკეისტანი და საიქიოში მყოფი სხვა გრძნეულები იმ არეალში ნათესების ზრდას ხელს უშლიდნენ. მათი მიზანი იყო, მარცვლეულები ჯოჯოხეთში წაეღოთ. მათი შეჩერების მიზნით ტისმა სხვა მაქციებთან ერთად ჯოჯოხეთს მიაშურა, რათა ჯადოქრები დაემარცხებინა და ნათესებს ძველებურად ეხარათ.
მაქციებისა და გრძნეულების ბრძოლა იმ წლის სამ ღამეს მიმდინარეობდა: წმინდა ლუსიას ხსენების დღეს, სულთმოფენობის დღესასწაულზე და წმინდა იოანეს ხსენების დღეს. თუკი შეტევისას მაქციები დასუსტდებოდნენ, ჯადოქრები ჯოჯოხეთის კარიბჭეს კეტავდნენ, რის შედეგადაც ნათესები, ცოცხალი ინვენტარი და თევზებიც კი საშინელ დღეში ვარდებოდნენ. იარაღის მაგივრობას მაქციებს უწევდათ რკინის კეტები, ჯადოქრები კი ცოცხებით ხვდებოდნენ. ერთ-ერთი შეტაკების დროს სკეისტანმა ტისს ცხენის ძუაში გახვეული ცოცხის ტარი მოარტყა სახეში და ცხვირი გაუტეხა.
ამ აღიარებამ მოსამართლეები განაცვიფრა, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ მაქციები ეშმაკის დამხმარეები იყვნენ. მაგრამ იმ მომენტში ისინი ისმენდნენ იმ ამბის შესახებ, რომელშიც მაქციები დემონებს აღუდგნენ წინ. როცა იკითხეს, რა მოსდიოდათ მაქციების სულებს, ტისმა მიუგო, რომ ისინი სამოთხეში ხვდებოდნენ. მისი თქმით, მაქციები ,,ღმერთის მსახურები” იყვნენ და კაცობრიობას ეხმარებოდნენ სატანისგან დაცვით, რათა ეს უკანასკნელი დედამიწაზე არ გაბატონებულიყო. შესაბამისად, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ადამიანები მუდმივ ტანჯვაში ჩავარდებოდნენ. ტისმა ასევე განაცხადა, რომ მათ მსგავსად გერმანიასა და რუსეთშიც იყვნენ მაქციები, რომლებიც იქაურ კუდიანებს ებრძოდნენ ჯოჯოხეთში ჩასვლით.
ტისმა უარყო, რომ სატანასთან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ან რაიმე სახის მეგობრობა აკავშირებდა. მან ასევე უარი განაცხადა მღვდლის ნახვაზე, რომელიც მასთან გამოგზავნეს. ტისის თქმით, ის ნებისმიერ მღვდელზე უკეთესი ადამიანი იყო. ასევე ირწმუნებოდა, რომ არც პირველი მაქცია ყოფილა და არც ბოლო იქნებოდა, რომლის მისიასაც ჯადოქრებთან ბრძოლა წარმოადგენდა.
საბოლოოდ მოსამართლეებმა ტისს ბრალი დასდეს კერპთაყვანისმცემლობასა და ცრურწმენებში და 10 წკეპლა მიუსაჯეს.
***
1603 წლის გაზაფხულზე სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთი, გასკონია, შიშმა და ტერორმა მოიცვა. პატარა სოფლებიდან და დასახლებებიდან სრულიად მოულოდნელად უჩინარდებოდნენ ბავშვები, თუკი მინდვრებში გასეირნებას გადაწყვეტდნენ. ამასთან, დანაშაულის ვერავითარ კვალს ვერ პოულობდნენ ხოლმე. ერთხელ კი პატარა კოტეჯში ჩვილი ბავშვი აკვნიდან გაიტაცეს, როცა დედამისმა ცოტა ხნით დაძინება გადაწყვიტა და შვილი უსაფრთხო ადგილას დატოვა (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ფიქრობდა). მოსახლეობა მგლებზე ალაპარაკდა, გარკვეული ნაწილი კი ამ ვერსიას უარყოფდა და უარეს რამეზე საუბრობდა.
შიშის ზარმა მაქსიმუმს რომ მიაღწია, ერთი ადგილობრივი მოსამართლე თავის კოლეგებს ეწვია და ამცნო, რომ სამი მოწმის ჩვენებისგან შემდგარი ინფორმაცია ეპყრა ხელთ. მოწმეებიდან ერთ-ერთი იყო 13 წლის გოგონა მარგარეტ პუარე. ის იფიცებოდა, რომ სავსე მთვარის პერიოდში თავს დაესხა ველური მხეცი, რომელიც გარეგნულად მგელს ჩამოჰგავდა. ის შუადღით საქონელს მეთვალყურეობდა და მოულოდნელად უღრანი ტყიდან უცნაური ცხოველი გამოვარდა და ბასრი კბილებით ქვედაბოლო დაუგლიჯა. საბედნიეროდ გოგონას თან ჰქონდა რკინის წვეტიანი ჯოხი და მხეცის მოგერიება მოახერხა, ისე რომ დაკბენას გადაურჩა.
როგორც ცოტა ხანში გაირკვა, 13-14 წლის ჟან გრანიე ტრაბახობდა, რომ სწორედ ის დაესხა თავს მარგარეტს. იმ მომენტში მგლად იყო გადაქცეული და რომ არა გოგონას ჯოხი, რომელმაც კიდურები დაუზიანა და ტკივილი მიაყენა, ისევე მოკლავდა და შეჭამდა, როგორც დახოცა მანამდე 3-4 ბავშვი.
ჩვენება მისცა ასევე 18 წლის ჟანა გაბორემ. მისი თქმით, ერთ დღეს ჟან გრანიესთან ერთად მეთვალყურეობდა ნახირს (ორივენი მდიდარი ფერმერის მოსამსახურეები იყვნენ), როცა მან კომპლიმენტი უთხრა გარეგნობაზე და პირობა მისცა, რომ ცოლად მოიყვანდა. როცა ჟანამ მშობლებზე გამოჰკითხა, ბიჭმა უთხრა, რომ მღვდლის უკანონო შვილი იყო. გოგონას არც ის გამოპარვია, რომ მისი ,,საქმრო” ჭუჭყიანი იყო, რაზეც მან ასე უპასუხა: ,,ეს მგლის ტყავის გამოა, რომელსაც ხანდახან ვატარებ ხოლმე”. ჟანმა ასევე აუხსნა, რომ მისი მსგავსი კიდევ 9 მაქცია იყო, რომლებიც ორშაბათობით, პარასკევობითა და შაბათობით დაძრწოდნენ შებინდებიდან განთიადამდე პერიოდში და კუდიანთა შაბათობისას ერთად იყრიდნენ თავს. მას განსაკუთრებით მოსწონდა პატარა ბავშვების ხორცი, რადგან ნაზი, გემრიელი და იშვიათი იყო. შიმშილისას ხანდახან ხოცავდა ძაღლებსაც და მათ სისხლს სვამდა, რაც არც ისე გემრიელი იყო.
1603 წლის 29 მაისს ჟან გრანიე დააპატიმრეს და სასამართლოს წინაშე წარადგინეს. 2 ივნისს მან აღიარა, რომ მაქცია იყო, ასევე გამოტყდა ჩადენილ დანაშაულებშიც. თუმცა მღვდელთან დაკავშირებით მისი ნათქვამი ტყუილი აღმოჩნდა. ის იყო პიერ გრანიეს შვილი, რომელიც მას მუდმივად სცემდა, ამიტომ ჟანი გაიქცა და თავს მენახირეობითა და ყალთაბანდობით ირჩენდა. ერთხელ გაიცნო ახალგაზრდა მამაკაცი პიერ დე ლა ტილარი, რომელმაც ტყეში წაიყვანა და იქაურობის მბრძანებელი გააცნო. ის მაღალი და ახოვანი აღნაგობისა იყო, მუდმივად ახლდა შავი ცხენი. ეს ყველაფერი 3 წლის წინ მომხდარიყო, შემდეგ შეხვედრაზე კი ბიჭებმა მას ერთგულება შეფიცეს, რის სანაცვლოდაც ორივემ პატარა სტილეტი მიიღო, მოგვიანებით კი მგლად გარდასახვის უნარითაც დაჯილდოვდნენ. ნადირობისას ხანდახან ტყის მბრძანებელიც ახლდათ თან, ის ლეოპარდად გადაიქცეოდა ხოლმე.
დამნაშავის ასაკის გათვალისწინებით სასამართლო მკაცრად არ მოპყრობია ჟან გრანიეს. მათი გადაწყვეტილებით, ბიჭი ფრანცისკანული ორდენის ბერს მიაბარეს და გააფრთხილეს, რომ გაქცევის პირველივე მცდელობას სასჯელად ჩამოხრჩობა მოჰყვებოდა, შეწყალების იმედის გარეშე.
შემთხვევის შესახებ დამატებით ცნობას გვაწვდის პიერ დე ლანკრე. ის 1610 წელს ეწვია მაქციას და აღწერს, როგორც გაძვალტყავებულსა და გამხდარ ბიჭს, რომელსაც ღრმად ჩამჯდარი, მძვინვარედ მოელვარე შავი თვალები ჰქონდა. მისი კბილები ბასრი იყო, ზოგიერთი ეშვებივით თეთრი, ზოგი კი შავი და მომტვრეული. ხელები თათებს მიუგავდა, ფრჩხილები ცხოველის ბრჭყალებივით ჰქონდა გაზრდილი და მოხრილი. უყვარდა მგლებზე საუბარი და მათი ამბების მოსმენა. ზოგჯერ ოთხზე დგებოდა და არაბუნებრივი სიმარდით მოძრაობდა, ამ დროს გაცილებით მოქნილი იყო, ვიდრე ორ ფეხზე დგომისას.