ბიოგრაფია

Jean-François Champollion – ჟან-ფრანსუა შამპოლიონი – ბიოგრაფია

ჟან ფრანსუა შამპოლიონიჟან-ფრანსუა შამპოლიონი (* 23 დეკემბერი, 1790 4 მარტი, 1832) ფრანგი ეგვიპტოლოგი და ენათმეცნიერი, ეგვიპტოლოგიის დამაარსებელი. როზეტის ქვაზე სამენოვანი წარწერის შესწავლის შემდეგ შეიმუშავა ძველეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის ძირითადი პრინციპები. არის ძველეგვიპტური ენის გრამატიკის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი.

 ცხოვრება და შემოქმედება

დაიბადა წიგნებით მოვაჭრის ოჯახში. ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა გამორჩეული ლინგვისტური მიდრეკილებები. 11 წლის ასაკში უკვე ფლობდა ლათინურს, ძვ. ბერძნულ და ძვ. ებრაულ ენებს. ლინგვისტურ საქმიანობაში მას ძმა ეხმარებოდა, ჟაკ ჟოზეფი, რომელიც იმ დროისათვის გრენობლის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. მას შემდეგ, რაც გაეცნო ჟან ბატისტ ფურიეს მიერ ნაპოლეონის ეგვიპტურ კამპანიებში შეგროვებულ სიძველეთა კოლექციას, მან ძველი ეგვიპტური დამწერლობის გაშიფვრა დაისახა მიზნად. 1804-1807 წლებში იგი დამოუკიდებლად იწყებს აღმოსავლური ენების, უპირველესად კოპტური ენის შესწავლას და ძველი ეგვიპტის შესახებ ანტიკური წყაროების გარჩევას. ამზადებს ნაშრომს “ეგვიპტე ფარაონების დროს” (გამოქვეყნდა ნაწილობრივ 1814 წელს) და იწყებს ძველი ეგვიპტის რუკის შექმნას. 17 წლის ასაკში იგი გრენობლის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს. 1808 წელს იგი პირველად გაეცნო როზეტის ქვას, ორენოვან ბერძნულ-ეგვიპტურ წარწერას, რომელზედაც ეგვიპტური წარწერა ორგვარად იყო შესრულებული, იეროგლიფურ ვარიანტში და დემოტური დამწერლობით. 1809 წელს იგი გრენობლის უნივერსიტეტის პროფესორი ხდება. 1815 წელს, ე.წ. “ასი დღის” პერიოდში, მისი ძმა, ჟაკ ჟოზეფი ნაპოლეონ ბონაპარტის პირადი მდივანი ხდება და შემდგომ თავად ჟან-ფრანსუა რამდენიმეჯერ შეხვდა იმპერატორს და ბეჭდვით ორგანოებში იმპერატორის დამცველი სიტყვით გამოვიდა. რესტავრაციის შემდეგ ძმების ცხოვრება დამძიმდა. როიალისტებმა მათი დევნა დაიწყეს.

1810 წელს შამპოლიონმა კოპტური ენის ლექსიკონზე დაიწყო მუშაობა. მუშაობის პროცესში იგი ხშირად მიმართავდა როზეტის ქვას და ცდილობდა ეპოვა რაიმე გასაღები, რომელიც მასზე წარწერილი ტექსტების წაკითხვაში დაეხმარებოდა. იგი კრიტიკულად აფასებდა მანამდე არსებულ დეშიფრირების მცდელობებს (კერძოდ სილვესტრ დე სასის, თომას იუნგის და ოკერბლადის ნაშრომებს). დემოტური დამწერლობის მრავალი ასოითი სიმბოლოს მნიშვნელობის დადგენის შემდეგ, იგი მივიდა დასკვნამდე რომ ქვაზე შესრულებული სამივე წარწერა ერთი და იმავე ფრაზის სამი სხვადასხვა ვარიაცია იყო. მან დაადგინა და მეცნიერულად დაასაბუთა მჭიდრო კავშირი და სტრუქტურების პრინციპული ერთიანობა მანამდე არსებულ ძველეგვიპტური დამწერლობის სამ სახეობას შორის, საუბარია დემოტურ, იერატიკულ და იეროგლიფურ დამწერლობებზე. საბოლოოდ, მან შეძლო პტოლემეუს V-ის სადიდებელი წარწერის ამოკითხვა როზეტის ქვაზე და 1822 წლის 27 სექტემბერს შამპოლიონმა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში გააკეთა განცხადება მისი აღმოჩენის შესახებ. ეს თარიღი ეგვიპტოლოგიის დაბადების თარიღად არის მიჩნეული.

1828 წელს ჟან-ფრანსუა შამპოლიონი ხელმძღვანელობდა ექსპედიციას ეგვიპტეში. მან მოინახულა მრავალი ისტორიული ძეგლი თუ სამარხი და სამშობლოში დიდძალი არქეოლოგიური და ისტორიული მასალით დაბრუნდა. ამ ექსპედიციის შედეგები გამოქვეყნებულ იქნა მისი სიკვდილის შემდეგ ნაშრომში “ეგვიპტისა და ნუბიის ძეგლები”, 1835 წელს.

1829 წელს შამპოლიონს ლუვრის მუზეუმის ეგვიპტური კოლექცია ჩააბარეს, 1831 წლიდან კი კოლეჟ დე ფრანსში მის მიერ შექმნილ ეგვიპტოლოგიის კათედრას ჩაუდგა სათავეში. ამ წლების განმავლობაში მან შეადგინა ძველი ეგვიპტური ენის პირველი ლექსიკონი (გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ 1841-1843 წლებში) და დაწერა ძველი ეგვიპტური ენის გრამატიკის პირველი სახელმძღვანელო (1836 წელი). მასვე ეკუთვნის აგრეთვე “ნარკვევი ძველი ეგვიპტელების იეროგლიფური სისტემის” შესახებ (1827-1828).

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button