jazz-rock/fusion, pop, guitar virtuoso
თემურ ყვითელაშვილი ერთობ უცნაური ფიგურაა ქართულ მუსიკაში. ქართული პოპულარული მუსიკა არასოდეს გამოირჩეოდა ინსტრუმენტული ვირტუოზების სიმრავლით და ყვითელაშვილი ამ თვალსაზრისით დიდი გამონაკლისია. მისი ზედმიწევნით ზუსტი ჯაზ-გიტარის ტექნიკა მომენტებში აღტაცებასაც იწვევს, მაგრამ სამწუხაროდ მისი დისკოგრაფია ძალიან არათანაბარია. სოლიდური jazz-rock/fusion ალბომები (“Classic-Jazz-Rock” (1994), “Made In Georgia” (2010)) ენაცვლება ძალიან მკვეთრად გამოკვეთილ, არცთუისე კარგად არანჟირებულ, პოპზე ორიენტებულ ალბომებს. სამწუხაროდ ყვითელაშვილის ეს ახალი ალბომიც ამ რიგს განეკუთვნება. თითქოს, ფურცელზე, ინგრედიენტები ძალიან კარგია: ყვითელაშვილის ვირტუოზული გიტარა, კარგი სასიმღერო ხმა, კარგი ინსტრუმენტული პასაჟები და ბევრი ძველი, დროით გამოცდილი სიმღერა – მაგრამ სინამდვილეში ეს პედანტური ვირტუოზობა მსუბუქ პოპ-სიმღერებს დიდად არ უხდება; თავისი სიმსუბუქისდა მიუხედავად, მელოდიები არ ბრწყინავენ; არანჟირების აქცენტი მთლიანად გიტარაზეა გადატანილი და კლავიშები უბრალოდ ძალიან იაფფასიანად იმიტირებენ სიმებიანებს. მოკლედ, ალბომი სუსტია, განსაკუთრებით, წინა, ძალიან კარგი ნამუშევრის შემდეგ, თუმცა აქაც არის რამდენიმე ფასეული სიმღერა – საუკეთესოა „გვფარვიდე უფალო (9 აპრილი)“, სადაც მსუბუქი არანჟირება, ძალიან ზუსტი გიტარა და დრამატული, ლამაზი სასიმღერო მელოდია ერთმანეთთან ძალიან საინტერესოდ კონტრასტირებს. ასევე აღვნიშნავდი „გულის ხმა“-ს, რომელიც მსუბუქი, ფანკზე დაფუძნებული სიმღერაა, კარგი ვოკალური ჰარმონიებით.
იხილეთ ლაშა გაბუნიას ვრცელი ინტერვიუ და 1 სიმღერა ახალი ალბომიდან: თემურ ყვითელაშვილის მსოფლიო და თბილისი