საკითხავი

მამუკა ბიჭაშვილი – ჯონ ლოკის ტრაქტატი მმართველობის შესახებ

წიგნიდან “პოლიტიკური თეორია”. თბილისი. 2006

ჯონ ლოკი ცნობილია როგორც ემპირიზმის, ასოციაციური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ლოკი არის ძალზე მნიშვნელოვანი შრომების ავტორი ტოლერანტიზმის და აღზრდის შესახებ. პოლიტიკურ პრობლემებზე ლოკის ძირითადი შრომაა “ორი ტრაქტატი მმართველობის შესახებ”, რომელსიაც მან დაიცვა და განავითარა ჰობსის ლიბერალიზმი. ნაშრომი ორი ნაწილისაგან შედგება, რომელშიაც ჯერ მოცემულია სერ რობერტ ფილმერის დოქტრინის სარკასტული კრიტიკა, ხოლო მეორე ნაწილში დალაგებულია ლოკის საკუთარი ლიბერალისტული დოქტრინა. სერ რობერტ ფილმერი, რომელსაც ლოკი ასე დაუნდობლად აკრიტიკებს თავის ნაშრომში, გახლავთ ის ავტორი, რომელმაც თავს იდო ჰობსის საზოგადოებრივ ხელშეკრულებაზე დამყარებული სახელმწიფოს თეორიის კრიტიკა და ამ მიზნით გამოაქვეყნა საკუთარი ნაწარმოები – “პატრიარქი” — რომელშიაც ის მონარქიული პოლიტიკური სისტემის (კონკრეტულ შემთხვევაში, ლაპარაკი იყო სტიუარტების სამეფო გვარზე) ღვთაებრივი წარმოშობის დოქტრინის განვითარებას ცდილობდა. ფილმერის ეს მცდელობა არ ყოფილა რესტავრირებული სამეფო კარის მხოლოდ გულისმოსაგები მაამებლური აქცია. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად არ ღირდა მასზე ყურადღების შეჩერება. ფილმერის მიზანს, “ლევიათანში” წარმოდგენილი სახელმწიფოს კონვენციონალური თეორიის უარყოფა წარმოადგენდა, რისთვისაც ის ავითარებდა მოანარქიული ხელისუფლების სულ სხვაგვარი წარმოშობის თვალსაზრისს. “ლევიათანში” წამოყენებულ თეორიას დამცველად ლოკი მოევლინა. ამისათვის, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იყო ფილმერის დოქტრინის უსუსურობის დემონსტარცია. ლოკმა, ჩანს, გაითვალისწინა ჰობსის თეორიის სუსტი მხარეები და სცადა გაეშალა კონვენციონალიზმის პოზიტიური შინაარსი.

ლოკის მეორე ტრაქტატი იწყება ერთგვარი ზოგადი პოზიციის მონიშვნით, რომელიც ლოკთან საერთო უნდა ჰქონდეს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთადერთი გზა ძალადობა არ არის და, რომ არსებობს სულ სხვა საწყისები, განსხვავებული მხეცებისათვის დამახასიათებელი “ძალისმიერი სამართლისაგან”. ამიტომ, ამ პოზიციის საპირისპიროდ წარმოდგენილი უნდა იყოს პოლიტიკური ხელისუფლების ალტერნალიული დაფუძნება.

ფილმერის თეორია ემყარებოდა ოჯახის მამის ძალაუფლების ექსტრაპოლაციას მონარქიაზე. ეს საკითხი ახალი არ არის. იგი ცნობილია ჯერ კიდევ ანტიკური პოლიტიკური თეორიიდან. გავიხსენოთ, მისი ანალიზი არისტოტელესთან. ლოკიც არსიტოტელეს კვალად მოითხოვს ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ სახელმწიფო მოხელის ძალაუფლება კერძო პირზე, მამისა — შვილზე, ბატონის ძალაუფლება თავის მსახურებზე, ქმრისა — ცოლზე და, ბოლოს მონათმფლობელისა — მონებზე. ყველა აღნიშნული მიმართება არის ძალაუფლებითია, მარგამ არა ყველა მათგანია პოლიტიკური. ამ უკანასკნელს მხოლოდ პირველი წყვილი წარმოადგენს და მის ბუნებაში გასარკვევად, უნდა ჯერ პოლიტიკური ძალაუფლების ფენომენი გავიაზროთ. პოლიტიკური ძალაუფლება — განსაზღვრავს ლოკი — არის საკუთრების და ადამიანთა დაცვისათვის აუცილებელი კანონების გამოცემის უფლება, იმ კანონების გამოცემის უფლება, რომლებიც, დამატებით, საშუალებას მოგვცემდა გამოგვეყენებინა საერთო ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს აღნიშნული კანონების შესრულება და სახელმწიფოს უსაფრთხოება გარე თავდასხმების შემთხვევაში (1.263). ვნახოთ ახლა, თუ რა პრინციპებს ემყარება პოლიტიკური ძალაუფლება, რა უნდა ვიგულისხმოთ მის ფუნდამენტში.

ვიდრე უშუალოდ ლოკის არგუმენტაციას შევეხებოდეთ, გვინდა ორიოდე სიტყვით შევჩერდეთ ლოკის მიერ მასალის გადმოცემის მანერაზე, რომელიც ჩამოჰგავს წლების შემდეგ, ჰეგელის მიერ გამოყენებულ მეთოდს. ეს მეთოდი გულისხმობდა საკვლევი ობიექტის ცარიელი ცნების აღებას დასაწყისში, რომელიც თანდათან უნდა შევსებულიყო პოზიტიური შინაარსით. ამის მსგავსად, არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა აღმოვაჩენთ, რომ ნაშრომში ლოკი არაერთხელ უბრუნდება თუნდაც საზოგადოებრივი ხელშეკრულების ფენომენს, მაგრამ თემის ყოველი ხელახალი გარჩევის დროს უეჭველი ხდება, რომ გაცილებით მეტი ვიცით საკითხზე, ვიდრე წინა გვერდებზე ვიცოდით.

1.ბუნებრივი მდგომარეობა და საზოგადოებრივი ხელშეკრულება

ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა ლოკის ინტერპრეტაციით, გულისხმობს ადამიანთა სრულ თავისუფლებას ნებისმიერი მიმართულებით. ადამიანი აკეთებს ყველაფერს, რაც მისთვის სასარგებლოდ უჩანს ბუნების კანონის საზღვრებში. თავისუფლების გარდა, იგივე მდგომარეობისათვის დამახასიათებელია თანასწორობის მდგომარეობაც, როდესაც მთელ სამართლებრივ სივრცეზე არავის აქვს სხვაზე მეტის უფლება. მოსაზრებათა სიმტკიცისათვის, ლოკი აქ ახსენებს, ცნობილ ინგლისელ თეოლოგს და სამართალმცოდნეს, რიჩარდ ჰუკერს (1554-1600) რვატომიანი ნაშრომის — “The Laws of Eclesiastical Polity” — ავტორს, რომელიც თავის გამოკვლევაში ცდილობდა გაეტარებინა აზრი სახელწიფოს ხელშეკრულებით საფუძველზე წარმოშობის და სამეფო ხელისუფლების კანონით შეზღუდვის საჭიროების შესახებ).

თუმცა, ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით, ახლავე შეგვიძლია დავაფიქსიროთ მნიშვნელოვანი განსხვავება ლოკის და ჰობსის პოზიციებს შორის. ჰობსთან ადამიანთა ბუნებრივი მდგომარეობა ძირითადად ნეგატიურ ტერმინებშია აღწერილი. ის არის რაღაც ველურთა, წინაცივილური ცხოვრების მსგავსი რამ, საიდანაც უნდა მოხდეს გადასვლა სამოქალაქო, ანუ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. რაც შეეხევა ლოკს, ბუნებრივი მდგომარეობიდან მას ორი ფენომენი აინტერესებს — თავისუფლება და სამართლიანობა. ლოკისათვის გადამწყვეტი აზრი აქვს იმას, რომ ერთიც და მეორეც, ადამიანის ბუნებითი მახასიათებელია და არა შეძენილი.

ადამიანის თავისუფლება უნდა გავმიჯნოთ თვითნებობისაგან. ბუნებითად ადამიანს აქვს თავისუფლება, მაგრამ არა თვითნებობა განახორციელოს თუნდაც ბუნების საწინააღმდეგო რამ. ვთქვათ მას არ აქვს უფლება მოიკლას თავი ან მოკლას სხვა, თუკი ეს მოესურვება. ბუნებით მდგომარეობას აქვს თავისი კანონები, რომლებიც წვდომადი და ინტერპრეტირებადია ადამიანის გონებისათვის. ადამიანის გონება იგივე მისი კანონია. ბუნების კანონი და გონების კანონი ერთგვარია, რადგან, ის ვინც ბუნების კანონებს გადააბიჯებს, დადგება გონების კანონებს მიღმა. ბუნებითის და გონებრივის ასეთ დაახლოება შემდგომში ძალზე შორს მიმავალ შედეგებს მოიტანს. ჯერჯერობით, იქედან რასაც, ლოკის აზრით, გონება გვკარნახობს, შეგვიძლია დავაფიქსიროთ პირველი ბუნებითი კანონი, რომელიც ადამიანს მეორე ადამიანის მოკვლას უკრძალავს და ზოგადად მოწინააღმდეგეა ძალადობისა. მეორე კანონი, პირველს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება დასაჯოს თითოეული მათგანი, ვინც კი პირველ ბუნების კანონს დაარღვევს.

ბუნებითი სამართალი ლოკისათვის რაღაც რეალურია და არა მკვლევრის ხელთ არსებული ხელსაყრელი კონსტრუქცია, რომელიც გაგვიიოლებს მოვლენების ახსნას. საბუთად გამოდგება რომელიმე სახელმწიფოს მიერ უცხოელის გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი. ბუნებითის გარდა რომელი სამართალი უნდა ედოს ამ განაჩენს საფუძვლად, თუ აღნიშნული პირი მოცემული ქვეყნის იურისდიქციის გარეთ დგას? პასუხი აქ ერთია — მას ბუნებითი სამართლის საფუძველზე სჯიან. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელს იგივე ფუნქცია აქვს, რაც სხვა სტანდარტულ შემთხვევებში – ეს არის სამაგიეროს მიგება დანაშაულისათვის და მომავალ შესაძლო ბოროტქმედებათა პრევენცია. ლოკს კიდევ მოყავს სხვა მაგალითები, რომლებშიაც ჩანს, როგორც ბუნებითი, ასევე სამოქალაქო სამართალი. მათი ცალ-ცალკე ფენომენებად დაფიქსირება, წარმოშობს კითხვას მათ შორის არსებული მიმართების თაობაზე, რასაც ლოკი შემდეგ ახსნას აძლევს: “… ყოველი ქვეყნის სამოქალაქო კანონები, სამართლიანები არიან იმდენად, რამდენადაც ბუნების კანონებს ემყარებიან, რეგულირდებიან და ინტერპრეტირდებიან მის საფუძველზე” (1.268).

ახლა ვფიქრობთ მეტ-ნაკლებად გასაგებია განსხვავება ლოკის და ჰობსის პოზიციებიდან ბუნებითი სამართლის მიმართ. მაგრამ ასეთივე სიცხადე როდი გვაქვს სახელმწიფოს წარმოშობის საკითხის მიმართ. პირიქით, თუ ბუნებითი სამართალი და უფრო ზოგადად სამართლიანობა ისეთი თავშეკავებულია და ზომიერი, როგორც ამას ლოკი გვიხატავს, მაშინ გაუგებარია სახელმწიფოს შექმნის საჭიროება. ლოკის პასუხი ამ კითხვაზე, რომელსაც ახლა გადმოვცემთ, მთლად დამაჯერებლად ვერ ჟღერს.

იმ ფაქტიდან, რომ ბუნებითი სამართლის საფუძველზე ადამიანები განახორციელებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, მათი ვნებებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით, ადვილი დასაშვებია, რომ ისინი ვერ შეინარჩუნებენ ობიექტურობას, რაც არეულობის და უკმაყოფილების წყარო გახდება. ამიტომ, აგრძელებს ლოკი, რა გასაკვირია, რომ ღმერთმა დააწესა სამოქალაქო მმართველობა ადამიანთა თვითნებობის შესაზღუდათ (1.269). ეს პასუხი არადამაკმაყოფილებელია არა იმიტომ, რომ ღმერთი დაინტერესებული არ იქნებოდა ადამიანებს მოეწყოთ სამართლიანი ცხოვრება და, თუ ასეთი რამ მხოლოდ სახელმწიფოშია შესაძლებელი, მაშასადამე სახელმწიფოც, არამედ იმიტომ, რომ ღმერთი ყველა არსებული მოვლენისა საბოლოო მიზეზია და ამიტომ მასზე დაყრდნობით სახელმწიფოს წარმოშობის ახსნა, ძალიან ბუნდოვანია, რადგან ჩვენ გვაინტერესებს არა საბოლოო, არამედ უახლოესი მიზეზი. ლოკი როგორღაც ითვალისწინებს ამ ვითარებას და კიდევ ერთხელ ემყარება ჰუკერის შრომას, რომლის ციტირებითაც მიგვანიშნებს უკვე ანტიკურობაში ცნობილ სახელმწიფოს წარმოშობის ერთ-ერთ მიზეზზე — მისწრაფება ღირსეული და უზრუნველყოფილი არსებობისაკენ ადამიანებს თანაცხოვრებისაკენ უბიძგებს. ასე იქმნება სახელმწიფო (1.270).

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ლოკის მიდგომა ადამიანთა ბუნებრივი მდგომარეობისადმი, ჰობსისგან განსხვავებულია. ამაში კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, ლოკის ასეთი პასუხით კითხვაზე — “სად არსებობს ან სად არსებობდნენ ასეთ ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანები”? — ყველა დამოუკიდებელი თემის მმართველი ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფად უნდა მივიჩნიოთ იმიტომ, რომ არა ყოველი ხელშეკრულება დაასრულებს ადამიანთა ბუნებრივ მდგომარეობას (ადამიანებმა შეიძლება ერთმანეთთან მრავალი ხელშეკრულება დადონ და მაინც დარჩნენ ბუნებრივ მდგომარეობაში), არამედ მხოლოდ ის, რომელშიაც ადამიანები თანხმდებიან შეადგინონ ერთი საზოგადოება, ერთი პოლიტიური სხეული. მაგრამ ასახსნელი ხომ სწორედ ეს არის — თუ ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანები მრავალ ხელშეკრულებას დებენ ერთმანეთთან, და ავად თუ კარგად როგორღაც თავსაც იცავენ, ცხოვრობენ თემებად და ა.შ. მაშინ რა იწვევს სახელმწიფოს წარმოშობას? პასუხი რომელიც ლოკმა წარმოადგინა, არადამაკმაყოფილებელია.

ლოკი კიდევ ბევრჯერ შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რა უდევს საფუძვლად ადამიანთა სახელმწიფოებრივ გაერთიანებას. ერთი პასუხის მიხედვით, ასეთ საფუძველს მშვიდობისაკერ სწრაფვა წარმოადგენს. მართლაც, გონების პრინციპების შესაბამისად ცხოვრება გამორიცხავს მუდმივი ომის წარმოებას ადამიანთა შორის. არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ომის მდგომერეობას და ბუნებრივ მდგომარეობას შორის. ბუნებრივია მდგომარეობა, როდესაც არ არსებობს საერთო მოსამართლე, რომელიც მიუკერძოებლად გაარჩევდა მოდავე მხარეებს შორის და აღასრულებდა განაჩენს. ძალა გამოყენების უფლების გარეშე, იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა საერთო მოსამართლე, ქმნის ომის მდგომარეობას. ომისაგან თავის დაღწევა, აი მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც აყალიბებენ ადამიანები საზოგადოებას და ამბობენ უარს ბუნებრივ მდგომარეობაზე (1.173). ომი შეწყდება მაშინ, თუ იარსებებს ისეთი ძალა, რომელსაც შეგიძლია მიმართო გაჭირვების დროს დახმარებისათვის და ეს დახმარება რეალური იქნება.

2. თავისუფლების და თანასწორობის ცნებები

ლოკის ლიბერალიზმის ერთ-ერთი ამოსავალი თეზისი გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი ბუნებით თანასწორია (1.292). ეს თანასწორობა არ უნდა გავიგოთ აბსოლუტურად. ლოკს შესანიშნავად ესმის, რომ ადამიანები მრავალი ნიშნით არიან განსხვავებულნი და, ამიტომ მათ შორის თანასწორობის არსებობის მტკიცება ამ განსხვავებულობათა სრულ ნიველირებაში არ გამოიხატება. ადამიანები განსხვავდებიან ასაკით, სათნოებით წარმომავლობით, ნაცნობ-მეგობრების წრით, გავლენით და ა.შ. უამრავი სხვა ნიშნით. მაგრამ ეს განსხვევებანი არ ეწინააღმდეგებიან იმას, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს იურისდიქციასთან მიმართებით, ანუ ლაპარაკია ადამიანთა თანაბარ უფლებაზე იყვნენ ბუნებითი თავისუფლების მქონენი. ასეთ ახსნას თავისუფლების პრობლემის ანალიზისაკენ გადავყავართ.

ლოკი ერთმანეთისაგან მიჯნავს ბუნებით თავისუფლებას და თავისუფლებას საზოგადოებაში. ადამიანი ბუნებით თავისუფალია მაშინ, თუ ის არ ემორჩილება ამქვეყნად მასზე მაღლა მდგომ არავითარ ძალაუფლებას, არ ემორჩილება სხვა ადამიანის არც კანონებს და არც ნებას, არამედ ხელმძღვანელობს მხოლოდ ბუნების კანონით. ასეთ დროს ბუნების კანონი ერთადერთი შემზღუდველი ბარიერია საკუთარი სურვილების აღსრულების გზაზე. ეს ბუნებრივი თავისუფლება ადამიანის მოუწყვეტელი კუთვნილებაა. ადამიანს არ შეუძლია უარი თქვას ბუნებით თავისუფლებაზე ისე, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს მისი პიროვნული უსაფრთხოება და თვით სიცოცხლეც კი. ამიტომ, ბუნებით თავისუფლებაზე უარის თქმა, სიცოცხლეზე უარის თქმის ტოლფასია. ლოკს აქ მხედველობაში ის გარემოება აქვს, რომ, ადამიანი ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას თავის თავზე, რომლის გასხვისება არ შეუძლია. ყველაზე უფრო მძიმე მონობის პირობებშიაც კი მას ყოველთვის რჩება შანსი უარი თქვას სიცოცხელზე და ამ შესაძლებლობას ის ვერაფრით გაასხვისებს. მაგრამ იგივე მსჯელობა იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანი არ ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას საკუთარ თავზე (წინააღმდეგ შემთხევაში რა დაუდგებოდა ამ თავისუფლეის გასხვისებას) და ამიტომ თუკი მონობა თავისუფლების დაკარგვად გავიაზრეთ, ის რეალურად არ არსებობს, რადგან როგორ შეუძლია ვინმეს გასცეს ის რასაც თავად არ ფლობს (1.275). თუკი ვინმე მოინდიმებდა წაერთმია ჩვენთვის თავისუფლება ბუნებრივ მდგომარეობაში _ ამბობს ლოკი — მაშინ ის ამით მოინდემებდა წაერთმია ჩვენთვის ყველაფერი დანარჩენი, რადგან თავისუფლება ყველაფერი დანარჩენის საფუძველია (1.271). დანარჩენში აქ შევიძლია ვიგულისხმოთ მრავალი რამ და მათ შორის ადამიანის შანსი შევიდეს საზოგადოებრივ ხელშეკრულებაში სხვა ადამიანებთან. ეს კი ნიშნავს, რომ ბუნებითი თავისუფლება, როგორც ეს პრინციპი საერთოა კლასიკური ლიბერალური დოქტრინების უმრავლესობისათვის, არის სახელმწიფოს არსებობის წინაპირობა.

ბუნებითი თავისუფლების გარდა, როგორც ითქვა, არსებობს საზოგადოებრივი თავისუფლებაც. ადამიანი თავისუფალია საზოგადოებაში მაშინ, თუ ის არ ემორჩილება არავითარ სხვა კანონს, გარდა იმისა, რაც დადგენილია საზოგადოებრივი ხელშეკრულებით. ლოკი აკრიტიკებს თავისუფლების გავრცელებულ გაგებას, რომლის მიხედვითაც თავისუფალია ის, ვინც აკეთებს იმას, რაც სურს რომ გააკეთოს და ამ დროს არ არის შეზღუდული არავითარი კანონით. ამ თვალსაზრისისაგან განსხვავებით, ლოკი ფიქრობს, რომ მმართველობის პოლიტიკური სისტემის პირობებში, ადამიანი თავისუფალია მაშინ, თუ ის ცხოვრობს კანონის შესაბამისად. ლოკი აღნიშნავს, რომ კანონი, მისი საკუთრივი აზრით, იმდენად შეზუდვას კი არ გულისხმობს, რამდენადაც სახელმძღვანელო წესებს თავისუფალი და გონიერი ადამიანისათვის და ადგენს მხოლოდ იმას, რაც მხოლოდ სიკეთის მომტანია კანონმორჩილთათვის. გავრცელებული თვალსაზრისის საპირისპიროდ, კანონის მიზანი სულაც არ არის თავისუფლების მოსპობა და ადამიანის შეზღუდვა, არამედ მისი თავისუფლების შენახვა და გაფართოება. თავისუფლების განხორციელება ხომ მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც არავინ გავიწროვებს, ეს კი მხოლოდ მაშინ გვექნება, როდესაც არსებობს და ფუნქციონირებს კანონი. ადამიანი იბადება თავისუფალ გონიერ არსებად, მაგრამ საჭიროა გავიდეს გარკვეული დრო, იმისათვის, რომ მან გონების გამოყენება შესძლოს და მისით იხელმძღვანელოს. ხოლო გონების
პრინციპებით ცხოვრება იგივე თავისუფლების ტოლფასია.

ამრიგად, თავისუფლება საზოგადოებაში არის შესაძლებლობა მისდიო შენს სურვილს და იმოქმედო მისი კარნახით ყველა იმ სფეროში, რომელიც არ არის აკრძალული კანონით. თუ ამისაგან განსხვავებით, ადამიანი დამოკიდებულია სხვა ადამიანის არაპროგნოზირებად, ბუნდოვან და ცვალებად ნებაზე, ის, ცხადია, თავისუფლად ვერ ჩაითვლება.

3.საკუთრება

საკუთრება არ არსებობს ბუნებრივ მდგომარეობაში. ღმერთმა დედამიწა და ყველაფერი ის, რაც მასზე იზრდება ადამიანებს უბოძა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ყველას საკუთრებაა და არა რომელიმე ერთი მათგანის. საკუთრება — როგორც ლოკი გვარწმუნებს — არის პიროვნების ნაწილი და ამ პირის გარდა არავის აქვს მასზე უფლება. რა აქვს მხედველობაში ავტორს? უდავოა, რომ ადამიანის შრომა და მისი ხელით გაკეთებული საქმე მშრომელს ეკუთვნის. თუ ადამიანი რაღაცას უკეთებს იმას, რაც ბუნებრივად არსებობს; დათესს, მოიმკის, ერთი სიტყვით, სახეს, არსებობის ფორმას უცვლის ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფს, ეს ნიშნავს, რომ ამ დროს, თავისი საქმიანობით ისეთ რამეს უერთებს ბუნებრივს, რაც მას ეკუთვნის და რაც ამ საგანს მის საკუთრებად აქცევს. ეს რაღაც არის შრომა. სწორედ შრომის საშუალებით გამოყავს ადამიანს ესა თუ ის ნივთი იმ საერთო საკუთრებიდან, რომელშიაც ის ბუნებამ მოათავსა. რამდენადაც შრომა მშრომელის ბუნებრივი საკუთრებაა, ამდენად სხვას არავისა აქვს უფლება პრეტენზია განაცხადოს ამ ნივთზე, რომელსაც ერთხელ მაინც მიეკარა მშრომელი. შრომას შეაქვს განსხვავება საზოგადოს და კერძოს შორის, რადგან მან ისეთი რამ მიუმატა ნივთს, რაც ამ საგანში არ ჩაუდევს ბუნებას. ყოველივე ამით, ნივთი მშრომელი ადამიანის კერძო საკუთრებაში შემოვიდა (1.277).

აღნიშნული მსჯელობები კიდევ ერთი იმპლიკაციის საშუალებას იძლევა. კერძოდ, შრომა ქმნის განსხვავებას საგანთა ღირებულებებში. უეჭველია, რომ დამუშავებულ და დაუმუშავებელ მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ფასი ექნებათ ისევე, როგორც არსებობს განსხვავება დაკრეფილ და ბაზარზე გამოტანილ ნაყოფს და იგივე ხის ნაყოფს შორის ხელუხლებელ მდგომარეობაში.

ნივთის ვინმეს საკუთრებაში გადასვლას არ სჭირდება დანარჩენი ადამიანების თანხმობა, რაიმე კონვენცია. ნივთი საზოგადოებრივ საკუთრებაში ჯერ ბუნებამ, ხოლო შემდეგ საზოგადოებრივმა ხელშეკრულებამ მოათავსა და მის იქედან გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ შრომის საფუძველზე. შრომა განამტკიცებს ადამიანის საკუთრებას ნივთზე გონების კანონების კარნახით. ის გვეუბნება, რომ ინდიელის მიერ მონადირებული ირემი მისი საკუთრებაა. ეს იგივე ბუნების კანონია. ბუნების კანონი განგვისაზღვრავს არა მხოლოდ საკუთრების არსებას, არამედ მის ზომასაც, ანუ იმას, თუ რამდენის საკუთრებაზე შეუძლია ადამიანს ჰქონდეს პრეტენზია საერთო მფლობელობაში არსებული ნივთებიდან. საკუთარი შრომის ფასად ადამიანს შეუძლია იმდენის მითვისება, რამდენიც საჭიროა მისთვის, ვიდრე ნივთი არ დაიწყებს გაფუჭებას. რაც ზომის ამ კანონს სცილდება, ის უკვე სხვისი საკუთრების სფეროშია.

მოცემულ ისტორიულ მომენტში – ამბობს ლოკი — საკუთრებად იქცევა არა იმდენად ის, რაც მოდის მიწაზე, არამედ თავად მიწა. მიწაც შეიძლება ზომის ფარგლებში განისაზღვროს. კერძოდ, მიწის ის ნაკვეთი, რომელიც შეუძლია დაამუშაოს ერთმა ადამიანმა და საკმარისად მოიხმაროს მასზე მოყვანილი პროდუქტი, არის ამ ადამიანის საკუთრება. ერთ დროს მიწის ნაკვეთის ამგვარად მითვისება არ უქმნიდა პრობლემებს სხვა ადამიანებს, რადგან მიწა საკმაოდ იყო. საკუთრების წესი ამბობს — ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმდენი, რამდენის მითვისებასაც ის შესძლებს. უფრო მეტისადმი მისწრაფება, ვიდრე ეს ჭირდება ადამიანს, შეცვალა საგანთა შინაგანი ღირებულება. აქ ლოკი ისე მსჯელობს, რომ ჩნდება აზრი, თითქოს თავდაპირველი მითვისება და საკუთრება იყო სამართლიანი, რაც მას შემდეგ დაირღვა, რაც გაჩნდა ფული და ოქრომ შეიძინა ის ღირებულება, რომელიც მას დღეს გააჩნია. მიწის ნაკვეთის მითვისებით ხომ სულაც არ დაზარალებულა სხვა. ამ მიწაზე ახლა გაციელებით მეტი მოდის, ვიდრე მის ბუნებრივ მდგომარეობაში ყოფნისას.

ის, რაც დასაწყისში საკუთრებად იქცა შრომის საშუალებით, შემდგომში, საზოგადოებრივი ხელშეკრულების ძალით იქნა ასეთად ნაცნობი. ოქროს ვერცხლს და ბრილიანტს ღირებულება მიანიჭა თვითნებობამ ან ხელშეკრულებამ, თორემ მათ თავისთავად არავითარი სარგებელი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისა და უზრუნველყოფისავის არ მოაქვს. ლოკის მიერ ფული განისაზღვრება როგორც გრძელვადიანი ნივთი, რომელიც შეიძლება გაუფუჭებლად იყოს ადამიანის საკუთრებაში დიდი ხნის მანძილზე და რომელიც კონვენციონალურად გახდება სხვა საჭირო ნივთებზე გაცვლის საშუალება. ის გამოიყენება როგორც საქონლის ღირებულების საზომი. თუმცა, ლოკი შენიშნავს, რომ ის ასეთია მხოლოდ კონვენციონალურად და, რომ რეალური საზომი მაინც შრომაა. ქონებრივი თანასწორობის ბალანსი ირღვევა მას შემდეგ, რაც ჩნდება ფული როგორც დაგროვების საშუალება. მაგრამ თავად ქონებრივი უთანასწორობის გაჩენა, ლოკის აზრით, ხორციელდება საზოგადოების ხელშეკრულების გარეთ, მას შემდეგ, რაც ჩუმი შეთანხმებით, ოქროსა და ვერცხლს მიაწერეს ღირებულება და მისი ფულად გამოყენება დაიწყეს. სახელმწიფოს არსებობის პირობებში საკუთრებას და მიწის მფლობელობას განსაზღვრავს არსებული კონსტიტუციები.

მაგრამ, რას წარმოადგენს “ჩუმი შეთანხმება”? ამ ტერმინთან დაკავშირებით რიგი სიძნელეები არსებობს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება თავად ტერმინის შინაარსს. გარდა ამისა, გაურკვეველია, ჩუმი თანხმობა ავალდებულებს თუ არა ადამიანს მოიქცეს ისევე, როგორც ჩვეულებრივი თანხმობის შემთხვევაში. იმაზე, თუ როგორ უნდა გავიგოთ ჩუმი თანხმობა და რა სახის ფუნქციონირება გააჩნია მას, ლოკი ამბობს შემდეგს: “ყოველი ადამიანი, რომელიც ფლობს ან იყენებს რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიას, იძლევა ჩუმ თანხმობას. აქ ლაპარაკია არა მხოლოდ საკუთრების ფლობაზე, არამედ საბოლოო ჯამში, ადამიანის თავად არსებობაზე მოცემული ტერიტორიის ფარგლებში” (1.332). თუ რომელიმე პიროვნება შეთანხმებაში შედის სახელმწიფოსთან, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების საგანი ხდება ამ პიროვნების საკუთრებაც. თუ პირი შეხებაში მოდის სახელმწიფოს ტერიტორიაში შემავალ მიწასთან (ან მფლობელობის, ან მასზე მოყვანილ პროდუქტზე საკუთრების აზრით) ის იმყოფება ჩუმი თანხმობის მდგომარეობაში.

4. პოლიტიკური ანუ სამოქალაქო საზოგადოება

ღმერთმა ადამიანი ისეთი შექმნა, რომ ის ყოველთვის ესწრაფვის საზოგადოებაში ყოფნას. პირველი საზოგადოება შედგებოდა ქმრისა და ცოლისაგან, რამაც ბიძგი მისცა საზოგადოების წარმოშობას — მშობლები და შვილები. დროთა განმავლობაში, ამას დაემატა ბატონს და მსახურის ასოციაციაც. მიუხედავად იმისა, რომ აქ მმართველიც არის და მართულიც, ასეთი საზოგადოება, რაც არ უნდა დიდი იყოს ის, არავითარ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური საზოგადოება. ლოკი არაერთხელ აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების მთავარი მიზანია საკუთრების შენარჩუნება (1.310).

პოლიტიკური საზოგადოება არსებობს იქ და მხოლოდ იქ, სადაც მისმა თითოეულმა წევრმა ნებაყოფლობით უარი თქვა საკუთარი თავის და საკუთარი ქონების დაცვის ბუნებით უფლებაზე და ეს უფლება გადასცა საზოგადოებას, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს დხმარებისათვის, იმ შემთხვევების გარდა, რომელიც გამორიცხულია ამ საზოგადოების კანონებით. ეს კი გამორიცხავს ადამიანთა შორის კერძო სასამართლოებს და მათ ადგილს, როგორც შუამავალი, იკავებს სახელმწიფო. ამრიგად, თუ ადამიანები გართიანებულნი არიან ერთ მთლიანობად ისე, რომ აქვთ საერთო კანონი და სასამართლო, რომელსაც შეუძლიათ მიმართონ საჭიროების შემთხვევაში და რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს ინდივიდთა შორის სადავო საკითხები და დასაჯოს დამნაშავეები — მაშინ ვაქვს სამოქალაქო საზოგადება (1.311). თუ ადამიანებს ასეთი კანონი და სასამართლო არ გააჩნიათ და ყოველი ინდივიდი თავადაა როგორც მოსმართლე, ასევე ჯალათი, მაშინ ეს ხალხი ბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება.

პოლიტიკური საზოგადოების და მმართველობის მთავარი მიზანი საკუთრების შენარჩუნებაა იმიტომ, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში ამგვარი რამ შეუძლებელია რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთა შორის გამოიყოფა: ა) დადგენილი კანონის არარსებობა, რომელიც იქნებოდა სამართლიანობა-უსამართლობის საზომი; ბ) კანონებში განსწავლული, მცოდნე და მიუკერძოებებლი მოსამართლის არ არსებობა; და ბოლოს, გ) არ არსებობს ძალა, რომელიც კანონებს მოიყვანდა მოქმედებაში.

ლოკი ბევრს ლაპარაკობს სასამართლოს მნიშვნელობასა და ფუნქციებზე, თუმცა სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტო, მის შრომაში არ ფიგურირებს. ლოკი ცალკე გამოყოფს საკანონმდებლო ხელისუფლებას, ცალკე აღმასრულებელ ხელისუფლებას. ბუნებრივი მდგომარეობიდან პოლიტიკურ საზოგადოებაზე გადასასვლელად, ორივე საჭიროდ მიაჩნია (1.312). რაც შეეხება სასამართლოს, ის საკანონმდებლო ხელისუფლების ნაწილადაა წარმოდგენილი: და ამას გადავყავართ ბუნებრივი მდგომარეობიდან სახელმწიფოში, რამდენადაც ჩნდება მოსამართლე, რომელსც აქვს უფლება გადაჭრას ყველა სადავო საკითხი და აუნაზღაუროს ზარალი, რომელიც შეიძლება მიადგეს სახელმწიფოს ნებისმიერ წევრს.

ეს მოსამართლე წარმოადგენს საკანონმდებლო ხელისუფლებას ან მის მიერ დანიშნულ თანამდებობის პირს. ამ მოსაზრებიდან ლოკს გამოყავს მტკიცება, მონარქიული მმართველობის სამოქალაქო საზოაგდოებასთან შეუთავსებლობის შესახებ. მართლაც, სამოქალაქო საზოგადოების მიზანია თავიდან აიცილოს ბუნებრივი მდგომარეობის ის ნიშანი, რომლის დროსაც ყოველი ადამიანი თავადაა თავის საქმეში მოსამართლე. ეს კი ხორციელდება იმგვარი სახელისუფლებო ორგანიზაციის შექმნით, რომელსაც მიაკითხავდა ყოველ წუთს ადამიანი. თუ საზოგადოებაში არსებობს პირი, რომელსაც არავითარი საჭიროება არა აქვს ასეთ დაწესებულებას მიმართოს, მაშინ ეს პირი (გასაგებია, რომ აქ ლაპარაკია მონარქზე) ბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება. მართლაც, მონარქად ყოფნა გულისხმობს, რომ ამ პირს აბარია როგორც საკანონმდებლო, ასვე აღმასრულებელი ხელისუფლება და არ არსებობს მოსამართლე, რომელსაც ის მიმართავდა საქმის გასარჩევად.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ პოლიტიკური საზოგადოება ჩნდება იქ, სადაც ადამიანები უარს ამბობენ რა ბუნებით თავისუფლებაზე (ადამიანები კი ბუნებით თავისუფლები, თანასწორები და დამოუკიდებლები იბადებიან და ამიტომ ერთაედრთი გზა სხვის ძალაუფლებას დაქვემდებარებისა არის ამ ადამიანების საკუთარი უარი თავის თავისუფლებაზე) იმ მიზნით, რომ სხვა ადამიანებთან ერთად უზრუნველყონ უსაფრთხო და ბედნიერი ცხოვრება. როგორც კი ადამიანები ამგვარად გაერთიანდებიან პოლიტიკურ ორგანიზმად, იმ დროიდან უმრავლესობას ეძლევა უფლება მიიღოს გადაწყვეტილება და იმოქმედოს სხვების სახელითაც (1.317). რაც შეეხება უმცირესობას, ის როგორც ერთიანი ორგანიზმის ნაწილი, ვალდებულია დაემორჩილოს უმრაველესობის მოსაზრებას და იმოქმედოს მათი გადაწყვეტილებების შესაბამისად. სწორედ ამიტომ არის ხოლმე რომ საკანონმდებლო ორგანიზაციებში უმრავლესობის აზრი მთელის აზრადაა მიჩნეული. ამრიგად, ხელშეკრულება ორგანიზებულია საზოგადოების ყოველი წევრის მიერ ყოველ სხვა წევრთან დ თითოეული იღებს ვალდებულებას დაემორჩილოს და მიჰყვეს უმრავლესობის ნებას. სხვა შემთხვევაში, თუკი საზოგადოების რომელიმე წევრს რჩება თავისი შეხედულებისამებრ მოქმედების თავისუფლება, მაშინ ხელშეკრულება შემდგარად არ ჩაითვლება (1.318).

როდესაც სვავენ კითხვას ბუნებრივი მდგომარეობის რეალურობის თაობაზე, ლოკი მართალია აღიარებს ისტორიული ცნობების არ არსებობას იმის შესახებ, თუ როგორ განხორციელდა ეს გადასვლა, მაგრამ მიაჩნია, რომ აქედან არ უნდა დავასკვნათ თითქოს გადასვლას საერთოდ არ ჰქონდა ადგილი. რეალურ ნიმუშად, ლოკი ასახელებს რომის და ვენეცის ისტორიას (1.320). ამრიგად — ასკვნის მაგალითების მიმოხილვის შემდეგ ლოკი — მათი პოლიტიკური სზოგადოებები ყველა დაიწყო ნებაყოფლობითი კავშირებით და ურთიერთთანხმობით ადამიანებისა, რომლებიც მმართველების არჩევისას და მმართველობის ფორმების შერჩევაში მოქმდებდნენ თავისუფლად (1.321). ლოკის ეს მოსაზრება საინტერესოა იმდენად, რამდენადაც აქ შეგვიძლია დავაფიქსიროთ “საზოგადოებრივი ხელშეკრულების” უფრო და უფრო დიდი შინაარსობრივი დატვირთვა. მართლაც, ჯერ ლაპარაკი იყო ისეთ გაერთიანებაზე, რომელშიაც იკვეთება ადამიანთა საერთო ნება, რომლის ძირითადი მიზანია საკუთრების დაცვა. შემდეგ კონცეფციაში, მის აუცილებელ პირობად, შემოვიდა სასამართლო, შემდეგ ხელისუფლების დანაწილება, უმრავლესობის მმართველობა და ახლა, ბოლოს ვიგებთ, რომ საზოგადოებრივი ხელშეკრულება გულისხმობს მმართველის და მმართველობის ფორმების არჩევითობას. განვიხილოთ ახლა ცალკე სახელმწიფოსა და სახელმწიფო მმართველობის ფორმები.

5.სახელმწიფოს ფორმები და ხელისუფლების დაყოფა

მმართველობის სხვადასხვა ფორმებიდან, ლოკი დეტალურად განიხილავს მხოლოდ დემოკრატიას, ოლიგარქიას და მონარქიას. მონარქიაში გამოიყოფა ერთი მხრივ, მემკვიდრეობითი მონარქია, ხოლო მეორე მხრივ კი, არჩევითი მონარქია. რაც შეეხება არა მმართველობის რომელიმე კონკრეტულ ფორმას, არამედ ზოგადად სახელმწიფოს, როგორც ასეთს, ლოკი მას ასეთ დახასიათებას აძლევს: “სახელმწიფოს ქვეშ მე ყოველთვის ვგულისხმობ არა დემოკრატიას, ან მმართველობის სხვა რომელიმე ფორმას, არამედ ნებისმიერ დამოუკიდებელ საზოგადოებას, რომელსაც ლათინები ‘civitas’-ს უწოდებდნენ, რასაც ჩვენ ენაზე უკეთ შეესაბამება “commonwelth” (1.338)

სახელმწიფოს მმართველობის ფორმა — წერს ლოკი — ირკვევა იმის მიხედვით, თუ ვის ხელშია უმაღლესი ხელისუფლება. ამასთან, უმაღლეს ხელისუფლებაზე საუბრისას, ლოკს მხედველობაში აქვს უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლება. არც ერთი განჩინება, რომელიც სანქციონირებული არ არის ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, არ შეიძლება შევიდეს ძალაში, რადგან სწორედ ასეთი სანქციონირების შემთხვევაში იღებს ეს განჩინება სახალხო თანხმობის ძალას. ზოგადად კი “საკანონმდებლოა ხელისუფლება, რომელსაც აქვს უფლება მიუთითოს, თუ როგორ უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს ძალა იმისათვის, რომ შენარჩუნებული იყოს თანამეგობრობა და მისი წევრები” (1.346). საკანონმდებლო ხელისუფლების განმსაზღვრელი მნიშვნელობის მიუხედავად, ლოკის მიხედვით, მას გააჩნია მნიშვნელოვანი შეზღუდვები. კერძოდ, ა) საკანონმდებლო ხელისუფლება უმაღლესი ხელისუფლების ფორმაა, მაგრამ ის ძალზე შორს არის მისი მოქალაქეებისადმი აბსოლუტური, დესპოტური ხელისუფლების ფლობისაგან. ეს მტკიცება ავტორს გამოყავს იმ თეზისისგან, რომ არავის აქვს აბსოლუტური, დესპოტური ძალაუფლება საკუთარ თავზე და თუ ასეთი რამ არ გააჩნიათ ინდივიდებს, გასაგებია, რომ მათ არ შუძლიათ გადასცენ ეს ხელისუფლება სხვას. ბუნების ერთ-ერთი ძირითადი კანონია კაცობრიობის შენარჩუნება; ბ) საკანონმდებლო ხელისუფლება არ შეიძლება განხორციელდეს დესპოტური მყისიერი განჩინებების საშუალებით. პირიქით, მისი მმართველობა უნდა ემყარებოდეს წინასწარ ცნობილ, მდგრად კანონმდებლობას, რასაც განახორციელებენ სპეციალურად ამისათვის არსებული პირები; გ)უმაღლესი ხელისუფლება უფლებამოსილი არ არის საკუთრება ჩამოართვას რომელიმე ადამიანს მისი თანხმობის გარეშე. ეს გასაგებია, რადგან როგორც არაერთხელ ითქვა, ხელისუფლება იქმნება საკუთრების დასაცავად, რისთვიაც ადამიანები ერთიანდებიან საზოგადოებდ. აქედან, სახელმწიფოს და, მაშასადამე, ხელისუფლების არსებობის წინაპირობა საკუთრების ფლობაა; ხელისუფლებას შეუძლია საკუთრების მარეგლირებელი კანონების მიღება, მაგრამ არა მისი მოსპობა ან მითვისება. და ბოლოს, დ) საკანონმდებლო ორგანოს არ შეუძლია სხვის ხელში გადასცეს კანონის გამოცემის უფლება. “მხოლოდ ხალხს შეუძლია სახელმწიფოს ფორმის განსაზღვრა და ამას ის აკეთებს საკანონმდებლო ხელისუფლების შექმნით და მათი დანიშვნით, ვის ხელშიაც იქნება ეს ხელისუფლება” (1.345). ამ შეზღუდვების გარდა, გასათვალისწუნებელია ისიც, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება წარმოადგენს საკრებულოს, რომლის შემადგენლობა მთლიანად იცვლება გარკვეული დროის განმავლობაში. ამ საკრებულოს წევრების დაშლის შემდეგ, ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და სხვა მოქალაქეების მსგავსად ემორჩილებიან სხელმწიფოს კანონებს. საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა პრინციპებზე მოწყობის შემთხვევაში (მაგალითად, თუ საკრებულოს შემადგენლობა მუდმივია ან ერთი ადამიანის ხელშია), არსებობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე.

რამდენადაც კანონები იქმნება დროის გარკვეულ მომენტში, მაგრამ გამიზნულები არიან ხანგრძლივი გამოყენებისათვის, სახელმწიფო საჭიროებს მყარ ძალას, რომელიც უზრუნველყოფს მათ განხორციელებას, ან განხორციელების კონტროლს. ხელისუფლების ამ განსხვავებული ფუნქციიდან გამომდინარე, ლოკი მოითხოვს საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან გაიმიჯნოს აღმასრულებელი ხელისუფლება. აღმასრულებელი ხელისუფლება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთი პირით, რომელიც უმაღლესი აღმასრულებელი იქნება. თუ ეს პირი ან მონაწილეობს ამავე დროს საკანონმდებლო ხელისუფლებაში, ის მთლიანად ანგარიშვალდებულია მის მიმართ. აღმასრულებელი ხელისუფლების მნიშვნელოვანი ნიშანია მისი მუდმივ სამუშაო მდგომარეობაში ყოფნა.

მართლაც, საკანონმდებლო ხელისუფლება,თუკი ის შეიკრიბება დროდადრო, უპრობლემოდ გაართმევს თავს დაკისრებლ ამოცანას, რასაც ვერ ვიტყვით აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება, აგრეთვე ახალი არჩევნების დანიშვნა საკანონმდებლო საკრებულოში. ეს შეიძლება ორგვარად განხორციელდეს: ან ამგვარი არჩევნების პირობები გაწერილია კონსტიტუციაში და მაშინ აღმასრულებელ ხელისუფლებას ისღა დარჩენია, რომ ზოგადო ხელმძღვანელობა გაუწიოს ამ არჩევნებს, ან ასეთი კანონი არ არსებობს და აღმასრულებელი თავად განსაზღვრავს მის ვადებს და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრს.

ლოკი საუბრობს ხელისუფლების კიდევ ერთ შტოზე, რომელიც თანამედროვე პოლიტიკურ პრაქიკასა და თეორიაში არ არის გამოყოფილი დამოუკიდებელი სახით. თუმცა თავად ლოკიც შენიშნავს პარაგრაფის ბოლოს, რომ ხელისუფლეის ამ შტოს აღმასრულებელისაგან დამოუკიდებელი სახით წარმოდგენა, შესაძლოა წამგებიანიც კი იყოს სახელმწფოსათვის. ეს არის, ე.წ. ფედერალური ხელისუფლება. ფედერალური ხელისუფლება იგივე აღმასრულებელი ხელისუფლებაა მისი იმ განსხვავებით, რომ თუ ჩვეულებრივი აღმასრულებელი ხელისუფლება დკავებულია საზოგედოების მუნიციპალური კანონების აღსრულებით თავად საზოგადოების შიგნით, ფედერალური ხელისუფლების საზრუნავია საზოგადოების საგარეო ინტერესების დაცვა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ ფედერალურ ხელისუფლებას, რიგ შემთხვევებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსათვის, მაგრამ მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი აღმასრულებელი ხალისუფლებისგან განსხვავებით, ის ნაკლებად უწევს ანგარიშს ქვეყანაში მომქმედ მდგრად კანონმდებლობას. აქ გაცილებით მეტია დამოკიდებული იმ პასუხისმგებელი პირების გონიერებასა და ოსტატობაზე, ვისაც სახელმწიფომ პოლიტიკის ეს სფერო მიანდო.

მართალია სახლემწიფოში რეალურად არსებობს ერთი უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლება, რომელსაც ემორჩილება ყველა სხვა, საბოლოო ჯამში მასზე მაღალი ინსტანციაც არსებობს. საბოლოო ძალაუფლების წყარო მაინც ხალხია, რომელსაც, თუ საკანონმდებლო ხელისუფლება უვარგისია, შეუძლია გადაააყენოს ან შესცვალოს საკანონმდებლო დაწესებულების შემადგენლობა (1.349). თუ ასეთი რამ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება დაუბრუნდა პირველწყაროს, რადგან საზოგადოება, ხალხი ყოველთვის ინარჩუნებს უფლებას საკუთარი თავის ხსნისათვის წარმოადგენდეს უზენაეს სახელისუფლებო ძალას სახელმწიფოში, რომელიც მისი მიზნების შესაბამისად შეიქმნა.

ლიტერატურა:

1. Джон Локк – «Два трактата о правлении», в кн. Джон Локк, Избранные произведения в трех томах. Изд. «Мысль». Москва 1988., том 3 (c. 263-290; 306-356
2. Laurence Berns – John Locke, in: “ History of Political Philosophy”. Edited by Leo Strauss and Joseph Cropsey. Third Edition. The Univ. of Chicago Press, 1987 .

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button