ბიოგრაფია

მიხეილ ჯავახიშვილი – ბიოგრაფიული ცნობები

1880 – 1937

მწერალი. შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს.

შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი

 და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

მიხეილ ჯავახიშვილი

მწერალი და მისი ოჯახი ადამაშვილებად იწერებოდნენ. წინაპრების გვარი, ჯავახიშვილი, მიხეილმა გვიან აღიდგინა. საბა ადამაშვილის ოჯახი ქვემო ქართლში, ეთნიკურად საკმაოდ ჭრელ, ბორჩალოს მაზრის სოფელი წერაქვში სახლობდა.  მიხეილი დაბადებიდანვე სუსტი აღნაგობის ყოფილა, მორჩილი ტანის, გამხდარი, ხშირად ავადმყოფობდა, მაგრამ გულადი და უშიშარი იყო, მტკიცე ხასიათი და მაგარი ნებისყოფა ჰქონდა, ტყუილი სასტიკად ეჯავრებოდა. შვიდი წლის სკოლაში მიაბარეს. გარდა იმისა, რომ სასწავლებელი იყო რუსული,  არაქართულ გარემოში მოხვედრილს მშობლიური ენა თითქმის დაავიწყდა. 13 წლის მიხეილი მამამ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში შეიყვანა. ამ სასწავლებელს წესად ჰქონდა, ილიაობაზე მოსწავლეები საგურამოში ჭავჭავაძეს ესტუმრობდნენ ხოლმე, მიხეილიც ასე შეხვდა დიდ მწერალს და მისდამი პატივიცემა არასოდეს განელებია.

შემდეგ ყირიმის სამეურნეო სასწავლებელში სწავლობდა. წერაქვიდან ოჯახი სოფელ სიონში გადავიდა და ხუთი წლის შემდეგ საშინელება დაატყდათ თავს. მიხეილის დის მოსატაცებლად შესულმა ავაზაკებმა დედა და და მოუკლეს, ერთი წლის შემდეგ მამაც ამ უბედურებას გადაჰყვა. მიხეილს სწავლაზე გული აუცრუვდა, ყირიმი მიატოვა და სამშობლოში ჩამოვიდა, მაგრამ იმ სისხლიან სახლსა და საშინელ სოფელში ვეღარ გაძლო, დასთან დასახლდა ალავერდში. სიონში 30 წლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ჩავიდა, სულ რამდენიმე საათით. სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა პროფესიით მუშაობდა, ცხოვრებას, ადამიანებს სწავლობდა. სრულყოფილად ფლობდა რუსულს, აღიდგინა ქართული, იცოდა აზერბაიჯანული, სპარსული და ფრანგული ენები.

23 წლის მიხეილი თბილისში ჩამოვიდა, მოთხრობა „ჩანჩურა“ დაწერა და იოსებ იმედაშვილს წააკითხა. მან ურჩია, მოთხრობა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მიეტანა. რედაქციამ ადამაშვილს მოთხრობაც დაუბეჭდა და მუდმივი თანამშრომლობაც შესთავაზა. მალე  „ივერიის“ რედაქტორი გახდა, შემდეგ გაზეთ „გლეხის“. გლეხთა რეპრესიების გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა. გაზეთი დახურეს, რედაქტორი დაპატიმრებას უცხოეთში გამგზავრებით გადაურჩა. ჟენევასა და პარიზში ლექციებს ისმენდა, ევროპულ ლიტერატურას ეუფლებოდა, პუბლიცისტურ წერილებსა და მოთხრობებს სამშობლოში აგზავნიდა.

1907 წელს მიხეილი თბილისში დაბრუნდა, გაზეთ „ისარში“ დაიწყო მუშაობა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეორე დღესვე თავზარდაცემული საგურამოში ავიდა, მთელი დღე ცხედართან გაატარა, ღამით კი ილიას სისხლით დასვრილი ბალიში აიღო,  კაკლის ქვეშ დადო, ცხვირსახოცი გადააფარა და დატანჯულმა ძლივს ჩაიძინა. „არასოდეს დამავიწყდება ის ღამე“- იგონებდა მწერალი.

1910 წელს მწერალი დააპატიმრეს, ერთი წლით ციხე და ხუთი წლით როსტოვში გასახლება მიუსაჯეს. მეტეხის ციხეზე მოგონება გერონტი ქიქოძემ შემოგვინახა: „ჯავახიშვილი რაღაც შინაურულად, მყუდროდ იყო მოწყობილი საკნის კუთხეში და ყოველთვის აუჩქარებლად, საშინაო ფლოსტებით გამოდიოდა შუადღის სეირნობაზე, გამომცდელად იცქირებოდა სათვალიდან. პატრიოტული შეგნება გამძაფრებული ჰქონდა: რუსულ-ქართულ ჟარგონს, დამახინჯებულ ქართულ წარწერას მაღაზიის აბრაზე ან დაწესებულების ფასადზე პირად შეურაცხყოფად იღებდა“.

მიხეილ ჯავახიშვილმა გადასახლებაში ყოფნისას გაიცნო და ოთხ თვეში ჯვარი დაიწერა ვლადიკავკაზში მცხოვრებ ივანე ჯაჭვაძის ქალიშვილ ლუბაზე.

ისევ თბილისს დაუბრუნდა. 1915 წელს რადიკალურად განწყობილმა ახალგაზრდებმა გამოსცეს ეროვნული სულისკვეთების გაზეთი „საქართველო“, ადამაშვილი სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. კავკასიის სამხედრო ოლქის უფროსმა ვოლსკიმ იგი საქართველოდან გაასახლა. მიხეილი წითელი ჯვრის საზოგადოების ხაზით სპარსეთ-ოსმალეთის ფრონტზე გაემგზავრა და მთელი წელიწადი სპარსეთში დაჰყო. სამშობლოში თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის აქტიური წევრი იყო ჯავახიშვილი. დამოუკიდებლობა მართლაც მოვიდა, მაგრამ ხელისუფლებას მენშევიკები დაეპატრონნენ და ეროვნული ძალები ისევ ოპოზიციაში აღმოჩნდნენ: ერთგან მწერალს ჩაუწერია: „სოციალიზმის იდეამ განუზომელი ზარალი მოუტანა საქართველოს და შემდეგშიც უკიდურეს ხიფათს უქადის.“ გასაბჭოების შემდეგ უფრო არეული და მძიმე დრო დადგა, ერთპარტიული მმართველობა დამყარდა და სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნა დაიწყო. 1923 წელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყველა წევრი დააპატიმრეს. ჯავახიშვილი მეორედ მოხვდა ციხეში. ექვსი თვე იჯდა, დახვრეტა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ სერგო ორჯონიკიძემ დაიხსნა. მისი თანამოაზრენი და მეგობრები სიკვდილს ვერ გადაურჩნენ. 1925 წლის 28 აგვისტოს მიხეილმა ეკლესიაში პანაშვიდი გადაუხადა აჯანყების გამო დაღუპულებს. ეს ნაბიჯი გმირობას უდრიდა.

ჯავახიშვილი მთლიანად ჩამოშორდა პოლიტიკას, თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ კვლავ შემოქმედებას მიუბრუნდა და „ტყის კაცი“ გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა მოთხრობები:  „ლამბალო და ყაშა“, „ყბაჩამ დაიგვიანა“, „ორი განაჩენი“, „მიწის ყივილი“, „ხუთის ამბავი“ და რომანები: „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „ჯაყოს ხიზნები“, „გივი შადური“, „არსენა მარაბდელი“, „თეთრი საყელო“. ახალგაზრდები მისი წიგნების კითხვაში ღამეებს ათენებდნენ, ცხარედ კამათობდნენ. იმ მიზანს, რასაც პოლიტიკური გზით ვერ მიაღწია, ახლა მხატვრული სიტყვით, ალეგორიული ფორმით შეეჭიდა პროზაიკოსი, მაგრამ არც „დამპატიჟეს“ და არც „ჯაყოს ხიზნების“ პათოსი ხელისუფალთ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. შემდეგ 1905 წლის რევოლუციის თემაზე შეუდგა რომანის წერას,  არ მალავდა, რომ მთავარი გმირის პროტოტიპი სტალინი იქნებოდა. ლავრენტი ბერიამ მეგობრობა და კონსულტანტობა შესთავაზა, მწერალმა არც ერთი ისურვა და არც მეორე. ეს უკვე საკუთარი თავისათვის გამოტანილი განაჩენი იყო. „ქალის ტვირთზე“ მუშაობა 1936 წელს  დაასრულა, რომანი ჟურნალ „მნათობში“ მთელი წელი იბეჭდებოდა.

მკითხველის მიერ აღიარებულ მწერალს ხელისუფლების დავალებით კრიტიკა მწვავედ უტევდა. ვინც პარტიის ინსტრუქციას არ ემორჩილება, ის „ხალხის მტერია“. ბერიამ პირდაპირ მოუწოდა: „თქვენი  ყოფაქცევა უნდა გადასინჯოთ.“ მალე ოფიციალური დადგენილებაც მიიღეს: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს.“ 

მის დასაჭერად გამთენიისას მივიდნენ ქვიშხეთში, სადაც მწერალი ცოლ-შვილის სანახავად იყო ჩასული. შრომის წითელი დროშის ორდენს ეძებდნენ, წინა წელს რომ მიანიჭეს. ქვიშხეთიდან რომ მოჰყავდათ, ლეიბის წამოღების ნება არ მისცეს, აღარ დაგჭირდებაო. ოფიციალური ცნობით, მიხეილ ჯავახიშვილი დაპატიმრებიდან 48 დღეში დახვრიტეს. ჭორად გავრცელდა, დაკითხვის დროს ცემისას  შემოაკვდათო.

1954 წელს ქართველ მწერალთა IV ყრილობაზე მოხსენებით ცეკას მდივანი ვასილ მჟავანაძე გამოვიდა და წარმოთქვა სიტყვები, რომლის გაგონებას 17 წელიწადი ელოდნენ: „საქართველოს კპ ცკამ გამოარკვია, რომ კაცის მკვლელთა საზიზღარი ბანდის ინტრიგებისა და ტერორის მსვერპლნი გახდნენ ქართული მხატვრული სიტყვის შესანიშნავი ოსტატები – მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი. ეს პირები რეაბილიტირებულნი არიან.“

1957 წელს გამოვიდა ჟურნალ „ცისკრის“ პირველი ნომერი. აქ დაიბეჭდა მიხეილ ჯავახიშვილის 10 წლის ქალიშვილისადმი მიძღვნილი „ათი მცნება“. მამა შვილს უქადაგებდა: „შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button