მტკნარი წყლის ყველაზე საშიში ცხოველები (National Geographic)
ბასრი კბილებითა და გაუმაძღარი მადით ცნობილი პირანია სამხრეთ ამერიკის რამდენიმე მთავარი მდინარის აუზში ბინადრობს. ამ ყველაფრისმჭამელ თევზს განსაკუთრებით იზიდავს ხორცი, თუმცა ადამიანზე თავდასხმა იშვიათია.
ბრაზილიაში ისტორიული ვიზიტისას თეოდორ რუზველტმა საკუთარი თვალებით იხილა, პირანიების ჯგუფმა როგორ დაანაკუწა ცოცხალი ძროხის სხეული რამდენიმე წამში. მისი მონაყოლი დიდი ხნის განმავლობაში ქმნიდა მუქ წარმოდგენებს ამ თევზებზე, თუმცა რეალურად ეს სცენა ნაწილობრივ სპექტაკლი იყო – მეთევზეებმა პირანიები სპეციალურად აშიმშილეს რამდენიმე დღე და შემდეგ აუშვეს.
პირანიები თავიანთ საბინადროში მნიშვნელოვანი სანიტრები არიან. საკვების შემოლევისას ისინი უმეტესად კანიბალები ხდებიან. სიფრთხილის ზომების დარღვევისას ადგილობრივი მეთევზეები პირანიებისგან ჭრილობებით საჩუქრდებიან.
უცნობია, პირანიების რამდენი სახეობა არსებობს, სავარაუდოდ ეს რიცხვი 30-დან 60-მდეა.
ელექტრული გველთევზა თავისი ძალის დემონსტრირებას ახდენს ქალაქ ნიუ-იორკში, “Ford Motor Company”-ის გამოფენაში 1939 წელს. სახელის მიუხედავად, ელექტრული გველთევზა სინამდვილეში კობრისნაირთა რიგს მიეკუთვნება და ნამდვილ გველთევზებზე მეტად ლოქოებს ენათესავება. ეს უცნაური არსება ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში, ამაზონისა და ორინოკოს აუზებში, სადაც მსხვერპლის დაჭერისა და თავდაცვისთვის მძლავრ ელექტრულ მუხტებს იყენებს.
ელექტრული გველთევზები ზედაპირზე ამოდიან და ჰაერს ხარბად ყლაპავენ, რომ ორგანიზმი ჟანგბადით მოამარაგონ. სპეციფიკური შინაგანი ორგანოების წყალობით მათ 500 ვოლტზე მეტი ძაბვისა და 1 ამპერზე მეტი ძალის ელექტრული იმპულსის გამომუშავება შეუძლიათ, რაც სრულიად საკმარისია ზრდასრული ადამიანის მოსაკლავად.
ელექტრული გველთევზები ძირითადად ნადირობენ უხერხემლო ცხოველებზე, მოზრდილობაში კი თევზებსა და პატარა ძუძუმწოვრებსაც ეტანებიან. ადამიანებს მხოლოდ მაშინ ესხმიან თავს, თუკი საფრთხეს იგრძნობენ. ცხოვრობენ ბნელ, ნაკლებად აქტიურ წყლებში. ელექტრული თვისებების გამო მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ განცვიფრებულნი ამ სახეობებით.
მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე დიდი ობობა, გიგანტური ჩიტიჭამია, ტარანტულებს ენათესავება. ეს საშიში სახელი მას შემდეგ მიიღო, რაც ვიქტორიანული ეპოქის მოგზაურებმა ნახეს, რომ ეს არსება კოლიბრით ნაყრდებოდა.
ეს დიდი ობობები სამხრეთ ამერიკის ჩრიდლოეთ ნაწილის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობენ, სადაც მათი ზომა ფეხების ჩათვლით 30 სმ-ს აღწევს, წონა კი 170 გრამს. ბევრი სხვა ობობის მსგავსად, მდედრები ხშირად ჭამენ პარტნიორს განაყოფიერების შემდეგ. ნაწილობრივ ამის გამოც მამრების სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-6 წელიწადს შეადგენს, მდედრებისა კი გაცილებით მეტს – 15-25 წელს.
სახელის მიუხედავად, გიგანტური ჩიტიჭამია ობობისთვის ფრინველები არაა მთავარი საკვები, ის მწერებსა და უხერხემლოებს ამჯობინებს, ხანდახან კი პატარა ხერხემლიანებსაც. ადამიანებისთვის, როგორც წესი, საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ შეწუხების შემთხვევაში კბენაზე გადადის, რაც კრაზანის ნესტარივით მტკივნეულია და ნაკვალევს ტოვებს.
აფრიკაში ფართოდ გავრცელებული ვეფხვისებრი თევზი მძვინვარე მტაცებელია ბასრი, სამართებელივით მჭრელი კბილებით. ისინი ჯგუფურად ნადირობენ და ხანდახან დიდ ცხოველებსაც ეტანებიან. ადამიანზე თავდასხმა იშვიათია, მაგრამ არა – გამორიცხული.
ამ თევზის ორი ყველაზე დიდი სახეობაა გიგანტური ვეფხვისებრი თევზი და ჩვეულებრივი ვეფხვისებრი თევზი. გიგანტური ვეფხვისებრი თევზი, რომელიც 50 კგ-მდე იწონის, კონგოს მდინარესა და ტანგანიკას ტბაში ბინადრობს, 15 კგ-იანი ჩვეულებრივი ვეფხვისებრი თევზი კი მდინარე ზამბეზის სისტემაში შეგხვდებათ.
სამხრეთ აფრიკაში, სენტ-ლუსიას შესართავში 1 წლის ნილოსის ნიანგი ცდილობს ბაყაყი ხელში მოიგდოს. ეს დიდი რეპტილიები, ასევე ცნობილი, როგორც ჩვეულებრივი ნიანგები, მოდებულნი არიან აფრიკის ძირითად ტერიტორიას და არცთუ უსაფუძვლოდ დაიმსახურეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე და მომაკვდინებელი ცხოველის სტატუსი.
მამრი ნიანგები ძირითადად 3.5-5 მეტრს აღწევენ, მაგრამ ეს სახეობები 5.5 მეტრს აჭარბებენ. ისინი თავს ესხმიან მათი ზომის ან მათზე პატარა საკბილოებს. იშვიათად ნადირობენ ჯგუფურად, ასეთ დროს მათ ყბაში შეიძლება ბეჰემოთი ან მარტორქაც მოხვდეს. ხანდახან ადამიანებზეც არ ამბობენ ხოლმე უარს, ასეთი შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასეულამდე მერყეობს.
ძველ ეგვიპტელებს ეშინოდათ ნილოსის ნიანგის და პატივს სცემდნენ მას, მოგვიანებით კი თავიანთ მისტიკურ რელიგიებში შეიტანეს. თანამედროვეობაში ამ მტაცებლებზე ნადირობენ ტყავის გამო, თუმცა ამჟამად მათ ბევრი ორგანიზაცია იცავს და მათი რაოდენობა 250 000-დან 500 000-მდე გაიზარდა.
გველთავასი ხშირად ეშინიათ დასავლეთში, სადაც ამ აგრესიული თევზების ჯგუფი დამპყრობლური ქცევებითაა ცნობილი. როცა ადგილობრივმა მეთევზემ ჩრდილოეთის გველთავა იპოვა მერილენდის ტბორში, ეს ამბავი მალე იქცა მედიის სენსაციად. ბიოლოგებმა გაფრთხილება გაავრცელეს, რომ გველთავები შეიძლებოდა ჩრდილო ამერიკაში ფართოდ გავრცელებულიყვნენ და ადგილობრივი ეკოსისტემები აეოხრებინათ.
გაუმაძღარი მტაცებლები სიგრძეში 1 მეტრს აღწევენ. ბინადრობენ უხერხემლო ცხოველებზე, ბაყაყებზე, პატარა თევზებზე, თუმცა შეწყვილების პერიოდში ყველაფერს ესხმიან თავს, რაც გზაში შეხვდებათ.
გველთავებს ჰაერით სუნთქვაც შეუძლიათ და უწყლოდ 4 დღეს ძლებენ. გვალვის პერიოდში კი ტალახში სოროებს თხრიან და უფრო მეტ ხანს არიან ამ მდგომარეობაში. მათი ზოგიერთი სახეობა აზიაში ბინადრობს, სადაც მეთევზეების სამიზნეა გემრიელი ხორცის გამო. მათ ასევე უვლიან, როგორც აკვარიუმის თევზს, თუმცა კარგად იციან მათი აგრესიული ხასიათი.
მატა მატა (ასევე მატამატა) მტკნარი წყლის კუა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში, ამაზონისა და ორინოკოს მდინარეებში ბინადრობს. ეს უცნაური კუები მთლიანად წყალში ცხოვრობენ, თუმცა თხელი და პასიური დინება ურჩევნიათ, სადაც ადვილად ამოდიან ზედაპირზე ჰაერის ჩასასუნთქად.
მატა მატა საკმაოდ დიდი იზრდება – 15 კგ-მდე. იკვებება უხერხემლოებითა და თევზებით. მიუხედავად გარეგნობისა, ადამიანებისთვის საშიში არაა.
მატა მატა განსაკუთრებით მგრძნობიარეა წყლის ხარისხისადმი, როგორც ტყვეობაში, ისე ველურ ბუნებაში, ამიტომ დაბინძურება მასზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს.
მყვინთავები მუშაობენ ევროპული ლოქოს ნიმუშთან ერთად შვედეთის ქალაქ ოსტერსუნდში, დიდ ტბაში. დიდი ლოქოები ბევრ მდინარეში ცხოვრობენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, სადაც მნიშვნელოვანი სანიტრები არიან.
ყველაზე დიდი ლოქო მეკონგის გიგანტური სახეობის წარმომადგენელია, რომელიც 3.2 მეტრს აღწევდა და 300 კგ-ს იწონიდა. ერთ დროს გიგანტური ლოქო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზღვებში იყო გავრცელებული, მაგრამ საბინადროს გაჩანაგების გამო მკვეთრად შემცირდა. მცირე ცნობებია მტკნარი წყლის ამ ერთ-ერთ უდიდეს თევზზე, ამიტომ განსაკუთრებით უფრთხილდებიან.
გიგანტური ლოქოები ადამიანებისთვის იშვიათად არიან საშიში. მეკონგის სახეობების სიცოცხლის ხანგრძლივობა 60 წელს აღწევს.
მყვინთავი ობობა, იგივე წყლის ობობა, მთელ მსოფლიოში ცნობილი ერთადერთი ობობაა, რომელიც მთლიანად წყალქვეშ ცხოვრობს. სხვა არაქნიდების მსგავსად, ისიც ჰაერით სუნთქავს, თუმცა საჭირო ჟანგბადის მისაღებად ბუშტებს ქმნის, რომლებსაც მუცელსა და ფეხებზე არსებული თმებით იჭერს. ამიტომ მას იშვიათად უწევს ზედაპირზე ამოსვლა ჰაერის მარაგის ხელახლა შესავსებად.
მყვინთავი ობობა გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში, ასევე ჩრდილოეთ აზიის გარკვეულ მონაკვეთებში. დანარჩენი ობობებისგან განსხვავებით, მამრები მდედრებზე დიდები არიან, რადგან ისინი უფრო აქტიურ ნადირობას ეწევიან.
წყლის ობობებს ახასიათებთ მტკივნეული კბენა, რომელსაც ციებ-ცხელების სიმპტომები ახლავს თან. ასე რომ მათთვის, ვისაც ობობების ეშინია, ალბათ არ იქნება სასიამოვნო იმის გაგება, რომ მათგან არც წყალში არიან დაცულნი.
ზოოლოგიურ ბაღებში მონადირეებს უჭირავთ 5.8 მეტრი სიგრძის ანაკონდა. დიდი გველების უმეტესობის მსგავსად, ანაკონდებიც სამხრეთ ამერიკის მდინარეებსა და ნოტიო ადგილებში ბინადრობენ. სიტყვა ანაკონდა სავარაუდოდ წარმოიშვა ტამილური სიტყვიდან “ანაიკოლრა”, რაც სპილოების მკვლელს ნიშნავს. ეს გადაკვრით მიანიშნებს რეპტილიის საშიშ რეპუტაციაზე.
ანაკონდები იკვებებიან თევზებით, ჩიტებით, სხვა რეპტილიებით, პატარა ძუძუმწოვრებით, ხანდახან კი შინაური ცხოველებითაც. ისინი ადამიანებისთვისაც საშიშნი არიან, მაგრამ გადმოცემები წინასწარ განზრახულ ნადირობაზე ძალიან იშვიათია.
სხვა მახრჩობელების მსგავსად ანაკონდები შხამიანები არ არიან, ისინი მსხვერპლს მოჭერითა და შემდეგ გაგუდვით კლავენ. როგორც სხვა გველები, ისინიც მთლიანად ყლაპავენ მსხვერპლს.
მტკნარი წყლის ზღვის კატები გავრცელებული არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ავსტრალიაში, სადაც ისინი უზარმაზარ მაჩვენებლებს აღწევენ – სიგრძეში 5 მეტრამდე და წონაში 600 კგ-მდე. თუმცა მათზე ცოტაოდენი რამაა ცნობილი, მათ შორის უცნობია, თუ რამდენი მათგანია ამჟამად ველურ ბუნებაში და ეგუებიან თუ არა მლაშე წყლებს.
მტკნარი წყლის ზღვის კატები იშვიათად ჩანან ადამიანებისთვის, ისინი უმეტესად მდინარის ნალექში ეფლობიან. ნადირობენ ორსაგდულიან მოლუსკებსა და კიბოებზე, რომლებსაც ელექტრული იმპულსებით პოულობენ. არის გადმოცემები, რომ მათ ნავები გადაუყირავებიათ, თუმცა ადამიანებს იშვიათად ესხმიან თავს.
ზღვის კატებს მოსაგერიებლად ძლიერი დარტყმის შესრულება შეუძლიათ. კუდის ძირში მათ სპეფიციკური ეკლისებრი გამონაზარდი აქვთ, რომელიც სასიკვდილო შხამს შეიცავს და აქვს 38 სმ სიგრძის ნესტარი.
ბევრი მეცნიერი შიშობს, რომ ზღვის კატები საფრთხეში არიან საბინადრო არეალის შემცირებისა და წყლების დაბინძურების გამო.
ეშვებიანი ვამპირი თევზი, იგივე პაიარა, რომელიც პერუს ქალაქ პევასის ბაზარში იყიდება ამაზონის მდინარესთან ახლოს. ეს საშიში, ნაკლებად ცნობილი თევზი გემრიელი ხორცის გამო აქტიური ნადირობის ობიექტია ამაზონისა და ორინოკოს აუზებში.
ვამპირი თევზები ძირითადად პატარა თევზებზე ნადირობენ, განსაკუთრებით პირანიებზე, რომლებსაც 15 სმ სიგრძის სამართებელივით კბილებით ჩეხენ.
მტკნარი წყლის თითქმის ყველაზე საშიში თევზი კანდირუ პარაზიტ ლოქოებს მიეკუთვნება. ეს პატარა წვრილი არსება იკვებება უფრო დიდი თევზების ლაყუჩებით მდინარე ამაზონში. გასულ საუკუნეებში არც ისე იშვიათი იყო შემთხვევები, რომ კანდირუ წყალში საბანაოდ შესულ კაცებსა და ქალებს სასქესო ორგანოში შეუძვრა და შემდეგ შარდსადენ მილში გადავიდა.
ამაზონის აბორიგენებში არსებობს ხალხური მედიცინის მეთოდები ამ შემაწუხებელი სნეულების ასარიდებლად, რომელსაც ქირურგებიც კი ძნელად უმკლავდებიან. თავდაცვის ზომებში შედის მჭიდროდ ჩაცმა, კიდურების შეხვევა და მდინარეში მოშარდვისგან თავის შეკავება. დიდხანს მიიჩნეოდა, რომ კანდირუს შარდი იზიდავდა, მაგრამ მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ თევზებს საერთოდ არ აქვთ მისდამი ინტერესი.
1997 წლიდან სამეცნიერო წრეებში გაჩნდა სკეპტიციზმი კანდირუს მიერ ადამიანებზე თავდასხმის სიხშირისა და ორგანიზმში შეძრომის საკითხში. 6 მმ სიგანისა და 7.5 სმ სიგრძის თევზი დიდია იმისთვის, რომ შარდსადენში შეაღწიოს. თუმცა კვლევები მაინც არ იძლევა დამაიმედებელ შედეგებს და ტროპიკულ წყლებში კანდირუს ისევ ერიდებიან.