ფლორა & ფაუნა

აქლემის ობობა

აქლემის ობობა ინტერნეტ-სენსაციად იქცა 2003 წლიდან, როცა ერაყში მყოფმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა მას ფოტო გადაუღეს და გამოაქვეყნეს. მაშინვე აგორდა ხმები, რომ ეს იყო სისხლისმსმელი მონსტრი, რომელიც ზომით ადამიანის თითქმის ნახევარს შეადგენდა, ძალიან სწრაფი (50 კმ/სთ) სირბილი შეეძლო და 1 მეტრის სიგრძეზე ხტებოდა.

თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, აღმოჩნდა, რომ ბუზი სპილოდ აქციეს. რეალურად ეს არსება სულაც არაა გიგანტი – სიგრძეში 15 სმ-ს აღწევს, წონით კი 56 გრამამდეა. ჩაის ჭიქასთან შედარებით ასე იქნება:

მცდარია ის მოსაზრებაც, რომ აქლემის ობობა გაუმაძღარი მტაცებელია და სხვადასხვა ჯიშის ძუძუმწოვრებით იკვებება, რომ აქლემს მუცელში უძვრება (სახელიც აქედან მოდის) და შიგნეულობას უჭამს, რომ მძინარე ჯარისკაცებს ესხმის თავს და ა.შ. მართალია, მტაცებელი არის, მაგრამ ადამიანებს და დიდ ცხოველებს არ ეტანება. უფრო მეტიც, ის ობობაც არ არის, აქვს როგორც ობობის, ისე მორიელის მახასიათებლები. თუმცა ობობების მსგავსად, არაქნიდების კლასშია გაერთიანებული.

აქლემის ობობას ასევე ეწოდება ქარის მორიელი ან ეგვიპტური გიგანტური სოლფუჯიდი. სურათებზე ხშირად უფრო დიდი ჩანს, ვიდრე რეალურადაა – ეს იმის გამოა, რომ გადაღებისას მას წინა პლანზე “დებენ”, რაც ერთგვარ ილუზიას ქმნის. სწრაფები ნამდვილად არიან, თუმცა არაქნიდების კვალობაზე – მაქსიმალური სიჩქარე 16 კმ/სთ-ია.

სოლფუჯიდი ნიშნავს მზისგან გაქცევას, რაც ნამდვილად შეეფერება მას. მზიანი ადგილების ნაცვლად მშრალ, ქვიშიან ტერიტორიაზე ნებივრობას ამჯობინებს. საბინადრო არეალია ჩრდილოეთ აფრიკა და შუა აზია. სიცოცხლის ხანგრძლივობა 1 წელზე ნაკლებს შეადგენს. რამდენიმე ადამიანმა განაცხადა, რომ მათ აქლემის ობობა გამოეკიდათ. ამის ერთადერთი მიზეზი ის შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ ეს უკანასკნელი არა კონკრეტულად ადამიანს, არამედ ჩრდილს მისდევდა.

საჭმლის გადამუშავების პროცესი (მეტაბოლიზმი) საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რადგან აქტიური მოძრაობის გამო ბევრ ენერგიას ხარჯავს. მუცელი შედგება 11 სეგმენტისგან. მხედველობისთვის აქვს ორი თვალი და 5 დამატებითი ორგანო, რომლებიც მის გენებში სავარაუდოდ წარსულიდანაა შემორჩენილი – ბევრ მორიელს ასევე 5 პატარა თვალი აქვს. სხეულის ზედაპირი დაფარულია თმითა და ძვლოვანი გამონაზარდებით, რაც მას საშუალებას აძლევს, მოახდინოს სწრაფი რეაგირება და იყოს მოქნილი.

აქლემის ობობას ნაკბენი მტკივნეულია, მაგრამ ადამიანისთვის მომაკვდინებელი არაა. ხოლო რაც შეეხება მწერებს, ტერმიტებს, მღრღნელებს, ხვლიკებსა და პატარა ჩიტებს – მათთვის ნამდვილად სიკვდილის მომტანია. უდაბნოს ამ მამაც მობინადრეს ძლიერი და განიერი ყბები აქვს, რომელიც ზოგჯერ ზომით მისი სხეულის მესამედს შეადგენს. მისი მეშვეობით მსხვერპლს მაგრად იჭერს და გაქცევის საშუალებას არ აძლევს, შემდეგ კი დაჩეხვასა და დანაკუწებას იწყებს, ბოლოს კი რბილობად აქცევს. ობობებისგან განსხვავებით, არ აკეთებს ქსელებს. ასევე შხამიანიც არ არის, თუმცა მსხვერპლის ხორცი რომ გაათხიეროს, კუჭიდან საჭმლის მომნელებელ მჟავას ამოტყორცნის ხოლმე, შემდეგ კი წვიანივით ხვრეპს მას.

Source
ჩრდილოეთის ციალი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button