ჯანსუღ ღვინჯილია – ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა (ამონარიდები)
სამშობლოები რომ არ იყოს, ეს მთაც და ეს ბარიც, ეს ხევიც და ეს ხეობაც გულისგამაწვრილებელ ერთფეროვნებად წარმოგვიდგებოდა. სამშობლოებში გადანაწილებულებმა მათ შექმნეს ხილული მრავალფეროვნების სასწაული, რასაც ჩვენი უმშვენიერესი პლანეტა ჰქვია.
ლანდშაფტები ჰგვანან ერთმანეთს. ერთმანეთს ჰგვანან მთები, მდელოები, მინდვრები, ხეობები, ფლატეები, კლდეები, უფსკრულები… მაგრამ ჩვენს მზერას შიგნიდან ახარისხებს სამშობლოს უმძაფრესი შეგრძნება.
ქრისტე ღმერთის კვართი ქართლში ჩამოიტანეს. არა სვიმონ კანანელისა და ანდრია პირველწოდებულის ქადაგებით იწყება საქართველოს გაქრისტიანება. დაიწყო იგი უფლის კვართის ქართლში ჩამობრძანებით. იმ დღეს გოლგოთაზე უამრავი ხალხი იყო და, რაც ხდებოდა, მამაზეციერის ნებით ხდებოდა. ნაწილი უფლისა ერგებოდა არა იმას, ვინც მას შეიხვედრებდა, ერგებოდა იმას, ვისთვისაც მამაზეციერი განაჩინებდა. შეხვედრა შემთხვევითობას გამორიცხავდა, რაკი უფლის ნება იყო აქ. კანონზომიერებაა ყოველ დეტალში და კვართი უფლისა არის ხვედრი საქართველოსი, მისთვის გამომეტებული მადლი.
ქრისტეს მოძღვრება ჟრუანტელია. ჟრუანტელია, რადგან სულის და აზრის ნეტარებაა იგი. ადამიანის სულს მის გარეშე სრულყოფილი ბედნიერების განცდა არ შეუძლია. ის კი უჩვეულოა ადამიანთათვის, თუკი ადამიანი ვერ ეზიარება მას. აუხსნელია, სანამ ეზიარებოდე! გაუგებარიც! რადგან შეუძლებელი ჩანს ყოველი აზრის უჩვეულო არსის გაგება.
ადამიანთა შორის ურთიერთობას და ღვთაებრივთან ადამიანის კონტაქტს იგი ისეთი კანონებით წარმართავს, თუ ეზიარები, ბედნიერების ჟრუანტელი წაგლეკავს. ეს კანონები არ არის მარტივი, ურთულესია – ოღონდ ისეთი გამჭირვალეა, შესაძლოა, მარტივი ეგონოს კაცს. ეს კანონები, ღვთაებრივ სამყაროსთან და ადამიანებთან ურთიერთობის კანონები, იქცა ქართველი ერის წარმმართველად, პირველ ყოვლისა, ცოდნად – შემდგომ ამისა, წესად – შედეგად ორივესი, იარაღად იქცა და იქცა კალაპოტად, რომელშიც წარედინა ერი.
ხუროთმოძღვრება ქართველი ერისათვის მშვენიერი სულის გამოვლენის ფორმა იყო. ხუროთმოძღვრებაში შენების ვნებაც მჟღავნდებოდა. შენების ვნება კი ავლენდა არსებობის მიზანს – ბუნების თვალთშეუდგამ სილამაზეს ადამიანის ხელით შექმნილიც მიემატებოდა. ადამიანი ამისთვის გაეჩინა ღმერთს – აეგო, შეექმნა და განესრულებინა ბუნების დიდებულება.
მას არ უნდა წაეშალა ბუნების კონტურები, ულამაზესი ხედები, იქ უნდა აეგო და იმგვარი, იმ ზომისა და იმ სიმაღლის, რაც არ დაარღვევდა ღვთაებრივ პროპორციებს, დისტანციებს, რელიეფს.
… ჩვენ გივნახავს ხორნაბუჯი, დავით-გარეჯი, ალავერდი, გრემი, შატილი, ნინოწმინდა, ბოჭორმა, ნარიყალა, უჯარმა, მარტყოფი, ბოლნისი, სამშვილდე, დიდი დმანისი, ატენი, გერგეტი, სნოს ციხე, ანანური, ყინწვისი, ზარზმა, საფარა, ვარძია, ოქროს ციხე, ბაგრატი, გელათი, სვანური კოშკები, ილორი, ახალი ათონი, ბიჭვინთა, ნოქალაქევი, გონიო, ხერთვისი, თმოგვი… გვინახავს და ვიცით, ვიცით არა მარტო ის, თუ რა ხელოვნებით არის ნაგები ეს მართლაც მარადიული ძეგლები, არამედ ისიც, თუ რა უნიკალურ ადგილებზეა ისინი აგებული. ბარიც და შემაღლებული ადგილიც, მთის მწვერვალებიც და გორაკებიც შერჩეულია იშვიათი ცოდნით. ყოველთვის გათვალისწინებულია უმთავრესი – ხუროთმოძღვრების ქმნილებამ უნდა განასრულოს ბუნების დიდებული მშვენიერება, უნდა შეირჩეს ადგილი, სადაც, თითქოს საგანგებოდო, რაღაც აკლია ბუნების რელიეფს და ეს რაღაც ადამიანის ასაგები შენობაა! დაკვირვებიხართ, ალბათ, მატარებლიდან, ავტობუსის ფანჯრებიდან მთებზე, გორაკებზე, კლდეებზე აშენებული ძეგლების აგებულებას. თითქოს ამოზრდილია მიწის გულიდან ყოველი მათგანი ღვთის ხელითვე. თითქოს ღმერთის ხელის მოძრაობა გააგრძელა ადამიანის ხელმა. ძეგლებით დახუნძლულია საქართველოს ზედაპირი. ყოველი მათგანი შეხორცებია ქართული მიწის სიღრმეს და ზედაპირს. მშვენიერია მათით საქართველო. მიდიხარ, მიდიხარ, და აი, უცებ, საფარა წამოფრინდება, ამოდენა და ასე ლამაზი ტაძარი და განათდება იქაურობა, ზეცის გალობით აივსება – სამოთხე გაგეცხადება, მიდიხარ, მიდიხარ, და თვალი აღმოაჩენს უცებ ოქროს ციხეს – შოთა რუსთაველის ქაჯეთის ციხესავით ცაში ატყორცნილს და ყველა ახლო მდებარე მთა და გორაკი გამდიდრდება თითქოს მისით. და უცებ წარმოდგენაში გააქრობთ საფარასა და ოქროს ციხეს იმ ადგილებიდან და იგრძნობთ, რა არის სიღატაკის უდაბურება და უდაბურების სიღატაკე… ეს ხომ ღვთის წყალობაა. ხომ ღვთის წყალობაა უნარი იმისა, ააგო იქ, სადაც ბუნებას აკლია რაღაც, ის გაასრულო, რაც გასრულებას ითხოვს, იმ ზომისა ააგო, ბუნების ხედს რომ არ დაჩდილავს. ხეობები უფრო ლამაზი და სავსე წარმოაჩინო ჩადგმული ტაძრებით, კლდის წვერი სასურველ სიმაღლემდე აზიდო და ცას შერთო, ჯვრის მონასტრით, სვეტიცხოვლით ის ადგილი ღვთის კალთად აქციო…
მწამს, საშინელება რომ მომხდარიყო და ქართველი ხალხი შუმერების მსგავსად დაღუპულიყო, კაცობრიობა ხელს მოხვევდა მის უნიკალურ პოეზიას, ასევე უნიკალურ სიმღერებს, მხატვრობას, ხუროთმოძღვრებას, ფილოსოფიას, თეატრს, კინოს, მუსიკას… და შეინახავდა ამ უძვირფასეს განძს, როგორც დაღუპული ცივილიზაციის ნამსხვრევებს. მერე საფუძვლიანად გამოიკვლევდა ისტორიას ერისას, ვინც შექმნა ეს დიდებული კულტურა.
მადლობა უფალს, ქართველი ერი ცოცხალია და თავისი შემოქმედებით ხელდამშვენებული დგას კაცობრიობის წინაშე. თვითონ, ვინაც ხანძარს, ქარიშხალს, მიწისძვრებს და მახვილების ტყეს გამოაღწია, დასახიჩრებულია, ნაჭდევები აჩნია შუბლზე, ნიკაპზე, ლოყაზე, ჩამოცლილი აქვს ცალი მხარი, წარკვეთილი აქვს კიდური, ამღვრეული აქვს ნაწამები სული, მაგრამ ელოდება ფერფლიდან ფენიქსისებრ კიდევ ერთხელ წამოდგომას შენივე ნებითა და ლოცვა-კურთხევით, მაღალო ღმერთო!