გემრიელი ლუკმის სიმფონია
და-მარცვლ-ული ფსიქო-ლოგი-კ-ა
ადამიანების დაკვირვება ბავშვობიდან მიტაცებდა. ამაზე უკეთეს გასართობს ვერც კი ვინატრებდი. მაშინ ძალიან გახსნილი და გულწრფელი რომ ვყოფილიყავი, ჰობის გრაფაშიც თამამად და უყოყმანოდ ჩავწერდი.
ხოლო მაგიდას მიმჯდარი მოცმაცუნე ადამიანის ცქერა – ეს კიდევ ცალკე “დარგი” და “მეცნიერებაა”. თუ როგორ ეპყრობა ადამიანი საკვებს, როგორ ახარისხებს თეფშზე, ანაწილებს ლუკმებად; და ამ მომსამზადებელი სამუშაოს კვალდაკვალ რა თანმიმდევრობით გზავნის “არმოუსვლელში”.
ეს მხოლოდ მოცალეობის ჟამის გასართობი ნუ გგონიათ; დამატებითი “ბონუს” ფუნქციაც ახლავს – ესაა ადამიანზე ინფორმაციის მიღების, მისი შინაგანი სამყაროს უფრო უკეთ გაგებისა და გაშიფვრის ერთ-ერთი დამატებითი (ჩემეული) არხი.
მაგალითად, “ცდისპირი” ჯერ ყველაზე გემრიელ ლუკმას შესანსლავს და მერე, ვიწრო შარაგზასავით გაუყვება დარჩენილ სიბრტყეს; თუ – გემრიელ ლუკმას გამოიზოგავს, ბოლოსთვის შემოინახავს, რათა ამ კულმინაციურ ნოტაზე დაასრულოს ტრაპეზი?
თავისით ამოტივტივდა ფრაგმენტი ფილმიდან “თქვენთვის წერილია”; ტომ ჰენქსის გმირი სალათის კუთხეებიდან “ურცხვად და უსინდისოდ” აკრეფს და მოასუფთავებს მთელ ხიზილალას, რითაც “წიგნის-მაღაზიელი” გოგოს “გულწრფელ და სამართლიან” აღშფოთებას იმსახურებს.
ან კიდევ, ის გოგონა ფილმიდან “გახსოვდე”, პირველი რიგის საქმედ დესერტის შეკვეთას რომ მიიჩნევს.
აი, თქვენ პირადად, ტორტის ნაჭერზე მოხდენილად დასკუპებული მარწყვით ან ჟოლოთი “მყისვე” ჩაიკოკლოზინებთ პირს თუ ბოლო დამაგვირგვინებელ აკორდად იბევებთ?
არის ხალხი, რომლებიც გამასპინძლებისას საუკეთესო ნაჭერს წაავლებენ ხოლმე ხელს. სხვები პირიქით – შედარებით მოკრძალებულ, მომცრო ნაჭერს მიითვლიან, უკეთესი სხვებს რომ დაუთმონ. ნუ, ეს უკვე აღზრდის გავლენაცაა.
ჩემი დაკვირვებით – თუმცა ცხადია მეცნიერულად დასაბუთებული და სტატისტიკით გამყარებული ცდა არ ჩამიტარებია – ადამიანები, რომლებიც საუკეთესოს განცდას არ ახანებენ და წამის მეასედში უყოყმანოდ დაეუფლებიან რაც კი რამ საკბილო ხელთ ჩაუვარდებათ “carpe diem მოწყვიტე ყვავილი ვიდრე დაჭკნება” ფილოსოფიის – ჭეშმარიტი პრაქტიკოსი მიმდევრები არიან და ზიმბარდოსეულ შკალაზე აწმყოზე ორიენტირებულ თავისმოყვარე არსებათა რიგებში უყოყმანოდ ეწერებიან. (იხ. პროფესორ ფილიპ ზიმბარდოს “ზეფირის ექსპერიმენტი და დროის ჭრილში დანახული მისი შედეგები)
ისინი კი, ვინც “ჯერ სწავლა და მერე გავლა” პრინციპის ერთგულნი რჩებიან და ეს ცხოვრებისეულ კრედოდ გაუხდიათ – მომავლის ჭვრეტით გართულნი და ფუტუროლოგიურ წიაღსვლებში თავით ჩაფლულნი – იმ მოთმინებით აღვსილ სახედარს განასახიერებენ, წინ მოქანქარე ბალახის “ხათრით” მზად რომ არიან დღეს მრავალი გაჭირვება და უკომფორტობა დაითმინონ.
ახლა კუთხე შევცვალოთ. მათი სარკმლიდან რომ გავჭვრიტოთ, ყაბულს არიან დროებით დათმონ ან გადაავადონ დღევანდელ დღეთა სიამენი, რათა “ხვალ რომ იქათმებს” იმ გაბრწყინებულ ნათელ მომავალზე გადაცვალონ. აი, ასეთია “კვერხცის უკუმგდებთა და ქათმის მოყვარულთა” შინაგანი მოტივაცია.
გვრჩება, წარსულის ლამპარს მიდევნებულ სევდიან რომანტიკოსთა არმიაც, რომლებიც ძველი დიდების შარავანდედის მქრქალ ჩრდილქვეშ აფარებენ თავს და მისტირიან “გარდასულ დღეთა”.
თუმცა, საინტერესოა, რომ “ფუტუროლოგებსა” და “წარსულოლოგებს” – ერთი საერთო ხაზი აერთიანებთ – მათი დღის წესრიგიდან ამოვარდნილი, გამქრალი და უგულებელყოფილია აწმყო.
ბუნებრივია, ზიმბარდო არ საუბრობს და არც პარალელს ავლებს პირდაპიროპორციულად როგორ აისახება ხასიათის ეს შტრიხი უკვე მოზრდილ ადამიანთა (“ზეფირის ცდა” ბავშვებზე ჩატარდა) კვებით აქტივობასა თუ გასტრონომიულ მიდრეკილებებში. ეტყობა ეს მოდული მე მომანდო 😊
ვვარაუდობ, წარსულის მეხოტბე “პოეტები” მხოლოდ საკვების სურნელით თუ ტკბებიან. . ეს ხუმრობით, რასაკვირველია. მაგრამ ფაქტია, რომ ისინიც, მომავლის მადევართა დარად წრფის უკიდურეს კიდეში რჩებიან.
ზიმბარდოს თქმით, საზოგადოების განვითარებასა და წინსვლას სწორედ რომ “ფუტუროლოგებს” უნდა ვუმადლოდეთ. მათი, ამ ე.წ. “achievers” “ლომის წილი” და დამსახურებაა მეცნიერული თუ ტექნოლოგიური მიგნებები და გარღვევები; მაშინ როცა “წარსულოლოგთა” არც ერთი აგური ამაგრებს ამ მიღწევებს.
თურმე, ნუ იტყვით და არც ეს ერთი შეხედვით “იოლი” ჰედონისტურ-ბოჰემური ყოფაა დიდად შესარგი – არც ცალკე აღებული პიროვნებისთვის და მით უფრო, არც საზოგადოებისათვის.
ყოველთვის და ყველაფერში, ზიმბარდოც ოქროს შუალედს გვირჩევს. სამივე შტრიხის სინთეზი და შეწონილი ბალანსი ადამიანის ბედნიერების საწინდარია-ო, ირწმუნება ეს იტალიური დნმ-ისა და ამერიკული თავისუფლების ჰავით ნაზარდი ჭარმაგი კაცი.
მოკლედ, ზომიერება სიბრძნის დედააო!!!!
არც კი ვიცი, ასეთი ანდაზა მართლა არსებობს თუ არა, მაგრამ დაე იარსებოს ამიერიდან 😊
ნინო მუმლაძე
პროფესორი ფილიპ ზიმბარდო – ზეფირის ექსპერიმენტი და დროის ჭრილში დანახული მისი შედეგები
Professor Philip Zimbardo – The Marshmallow experiment and time
ორიენტირი: წარსული თუ მომავალი
Are you past oriented or future oriented?