მუსიკახელოვნება

Franz Schubert – Andantino in A-flat major D 780 (Op. 94) Six moments musicaux

ფრანც შუბერტის „ექვსი მუსიკალური გაელვება“

„მუსიკალური გაელვებები“ (ფრანგულად Moments musicaux) პატარა ინსტრუმენტული, უმთავრესად საფორტეპიანო პიესები და ექსპრომტებია, რომელთათვის დამახასიათებელია ლირიული გამოხატვის უშუალობა, იმპროვიზაციულობა. თავად ტერმინიც „მუსიკალური გაელვებების“ წარმოშობა უკავშირდება ფრანც შუბერტს. 1823-1828 წლებში მან დაწერა რომანტიული მინიატურები „6 მუსიკალური გაელვება“. ნაწარმოებებს სახელწოდება მისცა გამომცემელმა ლეიდესდორფმა, რომელიც ასევე იყო კომპოზიტორი. ცოტა ხნით ადრე, ლეიდესდორფმა გამოაქვეყნა თავისი ნაწარმოებები სახელწოდებით „მელანქოლიური გაელვებები“ (Moments Melancoliques). ასე რომ, შეიძლება ითქვას, ტერმინი “მუსიკალური გაელვებები” შემოიღო ლეიდესდორფმა, თუმცა ბევრი თვლის, რომ მისი ავტორია შუბერტი. შემდგომ დაწერილი მუსიკალური გაელვებებიდან ცნობილია რახმანინოვის 6 „მუსიკალური გაელვება“ ( op. 16, 1896).

ისევე როგორც მცირე ფორმის სხვა რომანტიკული ნაწარმოებები (ექსპრომტი, ნოქტიურნი, პრელუდია), მუსიკალურ გაელვებებში, ჩვეულებრივ, შენარჩუნებულია ერთი განწყობა. “ანდანტინო” ფრანც შუბერტის „ექვსი მუსიკალური გაელვებების“ მეორე ნაწილია. ანდანტინოს ტემპი უფრო სწრაფია ვიდრე ანდანტე, მაგრამ ნელი ვიდრე მოდერატო. ანდანტეს სიცილიურმა რიტმმა შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მსმენელი, რადგან მინიატურა ღრმად სევდიანი, თითქმის დამთრგუნველი ნაწარმოებია. მას აქვს რონდოს სახე: AB-A’-B’-A”. მინიატურის წრიული ფორმა, მისი განმეორებითი თემებით შეესაბამება ნაწარმოების დეპრესიულ ემოციურ ხასიათს, და გვაგრძნობინებს, რომ არ არსებობს არანაირი ხსნა. შუბერტი შეგუებულია ამ სევდას, უსაზღვრო მწუხარებას. ნაწარმოებში არ ისმის ბედთან შეურიგებლობა, სულიერი ჯანყი. გამონაკლისია მხოლოდ ერთ ნაწილში, სადაც იგრძნობა ჯანყის ყვირილი. მაგრამ ეს სულიერი აფეთქება თავშეკავებულია და მალევე წყნარდება, მინელდება. ასეთი დეპრესიული განცდით ფრანც შუბერტი თითქოს ხაზს უსვამს ყოველგვარი ჯანყის უაზრობას და ბედთან შეგუების, დამორჩილების გარდაუვალობას.

თენგიზ ვერულავა

***

Valerian Shiukashvili

Radu Lupu

David Fray


Artur Schnabel

Emil GILELS

***
Mitsuko Uchida

***
Nicolas Costantinou

***

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button