ბუნება & სამყაროფაქტებიჩვენი მსოფლიო

ნორვეგია – სამოთხე დედამიწაზე

elkommen til Norge 🙂

● მდებარეობა: ევროპა, სკანდინავიის ნახ.კუნძული

● დედაქალაქი: ოსლო

● ქვეყნის კოდი: +47

● სახელმწიფო სისტემა: კონსტიტუციური მონარქია / პარლამენტური დემოკრატია

● სახელმწიფოს მეთაური: მეფე, ამჟამად ჰარალდ V

● მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი ჯენს სტონტელბერგი

● საკანონმდებლო ორგანო: სტორთინგი (პარლამენტი)

● დროშა: წითელი ფერზე გამოსახული ლურჯი სკანდინავიური ჯვარი, გვერდებზე თეთრი ზოლით.

● გერბი: ლომი გამოხატავს ძლიერებას, ნაჯახი კი წმინდა მეფე ოლაფ II-ის მკვლელობის იარაღი და მისი ერთ-ერთი ატრიბუტია. გვირგვინი, როგორც წესი, სამეფო მმართველობის აღსანიშნავადაა.

● ეროვნული ვალუტა: ნორვეგიული კრონა (NOK) [1 USD = 5.83 NOK]

● მოსახლეობა: 4,990,800

● უმუშევართა რაოდენობა: მოსახლეობის 3.1%

● ოფიციალური ენა: ნორვეგიული ენის 2 ფორმა – ბუკმოლი და ნიუნორსკი, ასევე სამი. უმეტესობამ კარგად იცის ინგლისური ენა.

● რელიგია: მოსახლეობის უმეტესობა ათეისტია. სხვადასხვა გამოკითხვებით, მათი რაოდენობა 30%-დან 70%-მდეა. თუმცა სახელმწიფო რელიგიად ევანგელისტური ლუთერანობაა გამოცხადებული. კონსტიტუციის მიხედვით, ნორვეგიის მეფე და მინისტრთა კაბინეტის ნახევარი მაინც უნდა იყოს ლუთერანული ეკლესიის წარმომადგენელი.

***

ნორვეგიის სამეფომ 2007 წელს მოიპოვა მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნის სტატუსი (ამჟამად მეცხრეზეა ანდრეს ბრეივიკის წყალობით :(). ის ყველაზე განვითარებული და აყვავებული ქვეყნების სიასაც ლიდერობს. ენციკლოპედია ბრიტანიკა კი ნორვეგიელ ხალხს ყველაზე ნაკითხად ასახელებს. გაერომ მრავალჯერ აღიარა ნორვეგია, როგორც საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყანა.

ძველ სკანდინავიურ ენაზე ნორვეგია ჩრდილოეთისკენ გზას ნიშნავს. სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მდებარე ამ მშვენიერ ქვეყანაში თუ მოხვდებით, მთის კალთების მშვენიერება, სალი კლდეები, მწვანედ მობიბინე მინდვრები, უზარმაზარ მთებს შორის მომწყვდეული ბობოქარი ტალღები, მწვერვალებზე შემორჩენილი ქათქათა თოვლი, საოცარი მყინვარები და ენით აუწერელი სილამაზის ფიორდები გაფიქრებინებთ, რომ ზღაპრულ სამოთხეში მოხვდით.

ნორვეგია ძირითადად მთაგორიანი ქვეყანაა. გაზაფხულზე მდინარეებთან ახლოს მდებარე ველები მცენარეული საფრით იფარება და ყველაფერი სიმწვანეში იძირება, თუმცა ხანგრძლივი და მკაცრი ზამთრის გამო ქვეყანაში მიწათმოქმედება სათანადოდ ვერ ვითარდება. შუა ზამთარში პოლარული ღამეები იცის, ხშირი მოვლენაა ე.წ. შუაღამის მზე – როცა მზე 24 საათის განმავლობაში ანათებს.

ნორვეგიელები ისტორიული წარსულით ძალიან ჰგვანან შვედებს და დანიელებს. შუა საუკუნეებში მათი წინაპრები იყვნენ ვიკინგი მეზღვაურები და მებრძოლები, რომლებიც ძირითადად მეკობრეობდნენ და მათ მიერ აგებული გემებით ისლანდიის, გრენლანდიის და ჩრდილო ამერიკის სანაპიროებამდეც კი დაცურავდნენ.

საუკუნეების განმავლობაში ნორვეგიელები ძირითადად სანაპიროების გასწვრივ სახლებოდნენ და თევზჭერას მისდევდნენ. იმ პერიოდში თევზის მრეწველობა იმდენად განვითარდა ქვეყანაში, რომ უკვე შუა საუკუნეებში ნორვეგიამ სახელი გაითქვა შებოლილი თევზის წარმოებით და ვაჭრობით. მე-17 საუკუნეში კი პრიორიტეტი შეიცვალა და სახელმწიფოს მთავარი შემოსავალი გემთმშენებლობა გახდა. მე-20 საუკუნის 60-ან წლებში ქვეყანამ ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის და ბუნებრივი გაზის მოპოვება დაიწყო და ზღვის საბურღი კოშკების წარმოება გახდა პრიორიტეტული. ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტსაც ახერხებს, რადგან ნორვეგიაში უამრავი სწრაფი მდინარეა, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების საშუალებას იძლევა. სამეფო მდიდარია ტყეებით და ამდენად კარგადაა განვითარებული სატყეო და ქაღალდის მრეწველობა.

მაისიდან სექტემბრამდე ნორვეგიაში ტურისტული სეზონი იწყება და ამ პერიოდში ქვეყანა თითქმის 2 მილიონ ტურისტს მასპინძლობს. მათ უმეტეს ნაწილს ქვეყნის ლამაზი ბუნება იტაცებს, გარკვეული ნაწილი კი სათევზაოდ აქაურ მდინარეებსა და ტბებს სტუმრობს, რომელიც განთქმულია თევზის იშვიათი ჯიშებით.

 
 
ნორვეგიელთა აღმოჩენები და გამოგონებები:


● ვიკინგ ლაიფ ერიქსონს გეზი გრენლანდიისკენ ჰქონდა აღებული იმის გასარკვევად, იყო თუ არა იქ სიცოცხლე. მაგრამ მიმართულება აერია და დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ ამერიკის კონტინენტს მიადგა. ეს იყო 1003 წელს. მართალია უნებლიედ, მაგრამ ამერიკის პირველ აღმომჩენად მაინც ერიქსონი ითვლება და არა ქრისტეფორე კოლუმბი.


● თხილამურები და მასთან დაკავშირებული ყველანაირი სპორტი სათავეს ნორვეგიის წარსულიდან იღებს. მათ 4000 წლის ისტორია აქვთ.


● 1866 წელს იოჰან ვალერმა გამოიგონა ქაღალდის სამაგრი, “დაპატენტდა” 1899 და 1901 წლებში. ნორვეგიის ქალაქ სანდვიკაში ამის აღსანიშნავად ძეგლიც დადგეს.


● 1925 წელს ტორ ბიორკლუნდმა გამოიგონა ყველის საჭრელი. 1927 წელს ბაზარზე გავიდა და დღემდე ხდება მისი წარმოება. ამ იარაღის მეშვეობით შესაძლებელია ყველის თხელ ნაჭრებად დაჭრა. ასევე წარმატებით უმკლავდება კიტრსა და ბევრ ბოსტნეულს.


● 1998 წელს ბარდ ლოტვეიტმა გამოიგონა ავტომობილის “წინდა”. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ზამთარში ჯაჭვების მაგივრად, თოვლიან და ყინულიან ამინდში. “წინდები” ბაზარზე გასვლის დღიდან გახდა პოპულარული და კლიენტების რიცხვი მუდმივად იმატებს.


● აეროზოლის სპრეი. თუნუქის დიზაინი შექმნა ქიმიკოს-ინჟინერმა ერიკ როტემმა 1926 წელს. შემდეგ პატენტი მიჰყიდა აშშ-ის ერთ-ერთ კომპანიას. იდეა კი დასაბამს 1790 წლიდან იღებს.


● პირველად გაზის ტურბინა დაამზადა ეგიდიუს ელინგმა 1903 წელს. მისი ნამუშევარი გამოიყენა დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების მთავარმა ინჟინერმა სერ ფრენკ უითლმა 1936 წელს, მალე კი მსოფლიოს მოედო.


● ბორტსიქითა ძრავა, რომელიც ნავს უმაგრდება, გამოიგონა ოლე ევინრუდმა 1909 წელს.


● ბარათით გასახსნელი ელექტრონული ჩამკეტის ავტორობა ეკუთვნის ინჟინერ-გამომგონებელს ტორ სორნესს. 1975 წელს მის მიერ შექმნილმა მოწყობილობამ მთელს მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა.


● ხის მაღალი სკამი ბავშვებისთვის (თრიფ-თრეფი) შექმნა პიტერ ოპსვიკმა 1972 წელს.


● 1994 წელს ტელეკომუნიკაციების ყველაზე მსხვილ ფირმაში (ნორვეგიის მასშტაბით) “ტელენორში” რამდენიმე თანამშრომლის მიერ შეიქმნა პროექტი, რომელსაც დღეს “ვებ-ბრაუზერ ოპერას” სახელით ვიცნობთ.

 
 
საინტერესო ფაქტები:

● ნორვეგიის 2/3 მთიანი ტერიტორიაა.
● სანამ მისიონერები ქრისტიანობას გაავრცელებდნენ, ნორვეგიაში ადიდებდნენ ღმერთ ოდინსა და მის შვილს, თორს.
● მე-14 საუკუნეში ევროპაში გავრცელებულმა შავმა სიკვდილმა (ჭირმა) ნორვეგიელების თითქმის მესამედი იმსხვერპლა.
● მე-19 საუკუნეში 100 000-ობით ნორვეგიელმა მიაშურა აშშ-ს. 1860 წლიდან 1910 წლამდე ქვეყნიდან წასული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით მხოლოდ ირლანდიას ჩამორჩება.
● 2009 წლის მონაცემით, საშუალო წლიური ხელფასი ნორვეგიაში შეადგენს 43 600 დოლარზე მეტს, რაც თვეში დაახლოებით $3600-ს უტოლდება. ამ მონაცემით მან მეშვიდე ადგილი დაიკავა.
● სანამ ტელევიზორს იყიდით, ჯერ შესაბამისი ლიცენზია უნდა აიღოთ.
● ფილმი “ბრაიანის ცხოვრება” რამდენიმე წელი აკრძალული იყო, რადგან მკრეხელურად მიიჩნიეს. ფილმის შინარსის მიხედვით, ბრაიანი ებრაელია, რომელიც ზუსტად იმ დროს იბადება, რა დროსაც იესო. ის შემთხვევით მესია ეგონებათ და საბოლოოდ ჯვარს აცვამენ.
● პოლიციის სადგურები ხშირად შაბათ-კვირას იკეტება.
● ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია, ვის რამდენი ხელფასი აქვს, რამდენს იხდის გადასახადებში და ა.შ. ასე რომ ცნობისმოყვარე მეზობლებისთვის თქვენი ოჯახის ეკონომიკაში ცხვირის ჩაყოფა პრობლემა არ იქნება.
● უმაღლესი განათლება უფასოა. კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში გადასახადის გარეშე ისწავლით.
● ნორვეგია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც გარემოს დაცვის სამინისტრო დააარსა (1972 წ).
● ნობელის პრემიით დაჯილდოება ყოველთვის ოსლოში ტარდება.
● ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა 1970 წელს ბუსკერუდში და შეადგინა +35.6º, ყველაზე დაბალი კი 1886 წელს კარასიოკში და შეადგინა –51.4°.
● ნორვეგიელმა ხალხმა ორჯერ თქვა უარი შემოთავაზებაზე, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი (1972 და 1994 წლებში).
● საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 50%-ს. ამის გამო ბევრი ადგილობრივი ბიზნესმენი სხვა ქვეყანაში ამჯობინებს ფრთების გაშლას, ძირითადად აშშ-ში.
● პროდუქტებზე ფასების სიძვირით ნორვეგიას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. მაგალითისთვის, 1 ბოკალი ლუდი საშუალოდ 15 დოლარი ღირს, სიგარეტის კოლოფი – 20 დოლარი.
● ნორვეგიულ ენაში არ არსებობს სიტყვა “გეთაყვა”.
● მშობელს არ აქვს უფლება, ბავშვზე ხელი აწიოს, უყვიროს, დაემუქროს, დააშინოს ან დაამციროს – ეს კანონით ისჯება.
● მამაკაცის ყველაზე პოპულარული სახელებია: ლუკასი, ემილი, ალექსანდრე, ოლივერი, მათიასი, იონა, მარკუსი, უილიამი, სანდერი, მაგნუსი.
● ქალის ყველაზე პოპულარული სახელებია: ემა, ლინეა, ნორა, სოფი, სარა, თეა, ემილი (ოღონდ გოგოს შემთხვევაში ფუძე აქვს ლათინური “ამელია”-დან ), იდა, ჯული, ინგრიდი.

 
 
რატომ უნდა ჩავიდე ნორვეგიაში?

სანახავი საკმაოდ ბევრია, სრული სიის ჩამოთვლას დიდი დრო დასჭირდება. ამიტომ წარმოგიდგენთ უფრო მნიშვნელოვან ადგილებს, რომელთაგან ზოგი იუნესკოს მიერაა დაცული.

● ბრიგენი, ქალაქი ბერგენი (1979 წლიდან). უძველესი ხის სახლები, რომლებიც მე-14-16 საუკუნეებში ააშენეს. ხანძრებმა და კატასტროფებმა ბევრი მათგანი გაანადგურა, ამჟამად 62 შენობაა დარჩენილი.

● ალტას კლდის ხელოვნება (1985 წლიდან). ქრისტეს შობამდე 4200–500 წლებში გაკეთებული ათასობით ნახატი პირველყოფილი ადამიანების მიერ, რომელიც მათ საქმიანობას ასახავს.

● ქალაქი როროსი (1980 წლიდან). აქ შეხვდებით უამრავ მაღაროს, რომელთაგან ზოგი მე-17 საუკუნით თარიღდება.

● ურნესის ხის შავი ეკლესია (1979 წლიდან). აშენებულია მე-12-13 საუკუნეებში და სკანდინავიური ხის არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშია. მასში შერწყმულია კელტური, ვიკინგური და რომანული ელემენტები.

● ვეგას არქიპელაგი (2004 წლიდან). 6500 პატარ-პატარა კუნძულის ერთობლიობა, ჯამში 103 710 ჰექტარი. აქ შეხვდებით ქვის ხანის პერიოდის ადამიანთა ნასახლარებს. მოსახლეობა მესაქონლეობა-მეთევზეობას მისდევს უკვე 1500 წელია.

● დასავლეთ ნორვეგიული ფიორდი გირანგერფიორდი (2005 წლიდან). ფიორდი არის ვიწრო ყურე, რომელიც ზღვის მთიან სანაპიროზე გვხვდება.

● დასავლეთ ნორვეგიული ფიორდი ნაროიფიორდი (2005 წლიდან)

● ლოფოტენის კუნძულები (2002 წლიდან). ტოპოგრაფიულად და ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ადგილები, ფლორისა და ფაუნის უნიკალური სახეობები, კულტურული მონუმენტები. აქ ჯერ კიდევ ვიკინგების დროს თევზაობდნენ ვირთევზებზე.

● იოსტედალის მყინვარი. ზოგ ადგილას აღწევს 2083 მეტრს. ფართობი კი 487 კვ. კმ-ია. ჩრდილო ევროპაში ყველაზე მაღალი მყინვარია.

● პრეიკესტოლენის კლდე. სიმაღლეში 604 მეტრია. ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. 2009 წლის ზაფხულში ამ ადგილს 130 000 მათგანი ეწვია.

● ჩრდილოეთის ციალი. იგივე ავრორა – ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებული ნათება, გამოწვეული დამუხტული ნაწილაკების შეჯახებით.

● თანამედროვე ოსლო – ნორვეგიის დედაქალაქი

ასევე:
ნორვეგიის ფოტოები National Geographic-ისგან

 
 
ნორვეგიელი ხალხი

ნორვეგიელებს ძირითადად აქვთ ღია ფერის თვალები (მწვანე ან ლურჯი) და თმა (ქერა ან წითური). კაცებს, როგორც წესი, მუქი წარბები აქვთ, ქალებს ღია ფერის. კანიც ღია ფერისაა, თეთრი, ხმა კი მაღალი ტონალობის აქვთ. ყურები პატარა, ცხვირიც პატარა და “კურნოსა”. კაცების საშუალო სიმაღლე 180 სმ-ია, ქალებისა – 167 სმ.

 
ნორვეგიული სამზარეულო

ალბათ გასაკვირი არაა, რომ კერძები ძირითადად მზადდება ცხოველისა და თევზის ხორცისგან. ეროვნული კერძების გარდა, ნორვეგიელები აქტიურად აგემოვნებენ ევროპულსაც: პიცას, მაკარონს, ხორცის გუფთებს და ა.შ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე კერძს, რაც განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებს.

● რაკფისკი. კალმახის ხორცს ამარილებენ და 2-3 თვე ინახავენ, შემდეგ ჭრიან, ხახვითა და საწებლით კაზმავენ და ლუდთან ერთად უმად მიირთმევენ.

● სმორბროდი. იგივე ღია სენდვიჩი, რომელსაც ამზადებენ ხორცის ნაჭრებისგან, კრევეტებისგან, შებოლილი ორაგულისგან, ხიზილალისგან, მაგრად მოხარშული კვერცხებისგან, ბეკონისგან, ქაშაყისგან და ბოსტნეულისგან.

● სმალაჰოვი. ირმის თავი, მზადდება საშობაოდ. ირემს პუტავენ, ატყავებენ, შემდეგ ბოლავენ ან წვავენ, შეიძლება რამდენიმე ხნით ადრე დაამარილონ და ისე შეჭამონ. ხშირად ატანენ მოხარშულ კარტოფილს.

● გრავლაქსი. ორაგულს ყინავენ 24 საათით, რათა ყველა პარაზიტი დაიხოცოს. შემდეგ თანაბარი რაოდენობით უსვამენ მარილსა და შაქარს, აყრიან შავ პილპილს, კამას და ასხამენ კონიაკს.

● ბრუნოსტი. ყავისფერი ყველი. მზადდება არა მთლიანი რძისგან, არამედ შრატისგან. ნორვეგიაში ყველაზე პოპულარული ყველია.

და, რა თქმა უნდა, ნორვეგიული ლუდები. ლუდის ხაშვას 1000 წელზე მეტი ხნის ტრადიცია აქვს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button