Mythbusterფლორა & ფაუნა

მითად მიჩნეული ცხოველები

ზოგიერთი ცხოველის არსებობა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უარყოფილი იყო მეცნიერების მიერ და იგივე სტატუსი ჰქონდა, რაც დღეს აქვთ ლოხ-ნესის ურჩხულს, იეტს და ა.შ. ვიდრე მათი არსებობის მტკიცებულებები არ გაჩნდა. დღესდღეობით ისინი იმდენად პოპულარულები არიან, რომ ბევრისთვის ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლებოდა მათი არსებობა არ დაეჯერებინათ.


გორილა. ამჟამად გორილები ძალიან პოპულარულები არიან და თითქმის ყველა ქვეყანაში იცნობენ მათ, თუმცა იყო დრო, როცა გორილა მითიურ არსებად მიიჩნეოდა. აფრიკიდან დაბრუნებული ევროპელი მოგზაურები აღწერდნენ ადამიანის მსგავს, დიდ, თმიან და არაბუნებრივად ძლიერ არსებებს, რომელთა მამრი წარმომადგენლები მდედრებს იტაცებდნენ და აუპატიურებდნენ. მაშინდელმა მეცნიერებმა ეს არარეალურად ჩათვალეს და ბოდვის სტატუსი მიაკერეს.

1847 წელს მკვლევარმა ტომას სევიჯმა ჩამოიტანა გორილას და რამდენიმე სხვა მაიმუნის ძვლები და თავის ქალები. 50-იან წლებში რამდენიმე მკვლევარმა ნახა ცოცხალი გორილა აფრიკაში მოგზაურობისას, თუმცა 1902 წლამდე ის მაინც მითი იყო.


ოკაპი. ოკაპის არსებობა ცნობილი იყო უძველესი ეგვიპტელებისთვის და ცენტრალურ აფრიკაში მცხოვრები პიგმეებისთვის. ევროპელებს არ სჯეროდათ პიგმეების მონაყოლის და ოკაპს მითიურ არსებად თვლიდნენ. 1890 წელს მკვლევარი ჰენრი სტენლი კონგოში მოგზაურობისას დაინტერესდა სიტყვა “ოკაპის” წარმომავლობით. აღმოჩნდა, რომ ეს სიტყვა იხმარებოდა ზოგჯერ შინაური ცხენის, ზოგჯერ სხვა, გარეული ცხოველის მიმართ, რომელსაც იჭერდნენ და ჭამდნენ.

იმ პერიოდში სერ ჰენრი ჯონსტონი, რომელიც უგანდის მმართველი უნდა გამხდარიყო, ჰენრის წიგნებით დაინტერესდა და მისი ყურადღება ოკაპის აღწერილობამ მიიპყრო. მან ადგილობრივი გლეხებისგან შეიძინა ოკაპის კანის ნაგლეჯები და ლონდონის მუზეუმში გააგზავნა ანალიზზე. ინგლისელმა მეცნიერებმა იმ დროს შესწავლილ ვერცერთ სახეობას ვერ მიუსადაგეს.

1901 წელს ჯონსტონმა იშოვა მთლიანი კანი და თავის ქალა, რომლებიც ასევე ლონდონში გაგზავნა. მეცნიერები ფრიად გაკვირვებულნი დარჩნენ – აგებულებით ოკაპი საოცრად ჰგავდა ჟირაფის უძველეს წინაპრებს, რომელთა ნაშთებიც 1838 წელს ეპოვნათ საბერძნეთში. როგორც იქნა, მეცნიერების თავსატეხი ამოიხსნა – ოკაპი არც ზებრა იყო და არც ცხენი, როგორც მანამდე ფიქრობდნენ. ის ჟირაფების ერთადერთი ნათესავი იყო, რომელმაც დღემდე მოაღწია.


გიგანტური პანდა. დღესდღეობით ეს შავ-თეთრი ვეგეტარიანელი დათუნიები ყველაზე პოპულარული ცხოველების რიგში შედიან, თუმცა საუკუნეების მანძილზე მათი არსებობა უცნობი იყო თვით მათ სამშობლოში – ჩინეთში! ცნობები “დიდი უცნაური თეთრი დათვების” შესახებ მითად რჩებოდა 1869 წლამდე. 1869 წელს ფრანგმა მისიონერმა არმანდ დევიდმა ჩინეთის მთებში ნადირობისას უცნაური ცხოველი მოკლა და მისი ნაწილები ევროპაში გაგზავნა ანალიზისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ დადასტურდა ამ იშვიათი ცხოველის არსებობა მეცნიერების მიერ.

ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 1916 წელს გერმანელმა ზოოლოგმა ჰუგო ვაიგოლდმა გიგანტური პანდის ბელი იყიდა და ევროპაში ჩამოიყვანა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩინეთში გიგანტურ პანდას “დიდ დათვ-კატას” ეძახიან. ეს იმის გამოა, რომ მათ ვერტიკალური გუგები აქვთ, რაც კატებს ახასიათებთ და არცერთ სხვა დათვს. ერთი პერიოდი ისინი ენოტის ნათესავებადაც მიაჩნდათ, მაგრამ დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი დათვებს ენათესავებიან.


ჟირაფი. მართლაც ძნელია დაიჯერო ამ ცხოველის არსებობა, სანამ დამამტკიცებელ ფაქტებს არ ნახავ. მისი გარეგნობა ხომ უნიკალურია და არცერთ სხვა ცხოველს არ გავს. ეს ცხოველი ყველაზე ადრე ეგვიპტელებმა აღმოაჩინეს, მიუხედავად იმისა რომ მათი სამშობლო ეგვიპტე არაა. არის ცნობები, რომ ფარაონ რამზეს მეორეს თავის ზოოპარკში სხვა იშვიათ ცხოველებთან ერთად ჟირაფებიც ჰყავდა. საბერძნეთში მიიჩნევდნენ, რომ ჟირაფი იყო აქლემისა და ლეოპარდის შეწყვილების შედეგი. მისი მეცნიერული სახელიც კი (Giraffa camelopardalis) იგივენაირად იშიფრება.

ძველ გადმოცემებს თუ დავუჯერებთ, რამდენიმე ჟირაფი დაიჭირეს და რომში ჩაიყვანეს იმპერატორ ცირკუს მაქსიმუსის პატივსაცემად. ამის შემდეგ ჟირაფის შესახებ რაიმე ცნობა ევროპაში 1486 წლამდე არ ყოფილა. 1486 წელს ფლორენციის დე-ფაქტო მმართველს ლორენცო დე მედიჩის რამდენიმე წყვილი ჟირაფი აჩუქეს და აქედან დანარჩენმა ევროპამაც გაიგო ჟირაფების არსებობის შესახებ.

საინტერესო ცნობა: ჟირაფების პრეისტორიული ნაშთები ევროპასა და აზიაშიცაა აღმოჩენილი.


ტაკინი. არგონავტების ცნობილ მითოსში ტახტის მემკვიდრე იასონს ბიძამისი პელიასი ავალებს კოლხეთში გამგზავრებას და ოქროს საწმისის მოპოვებას. საწმისი პოსეიდონის შექმნილი ცხვრის ტყავისგან იყო გაკეთებული. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ოქროს საწმისის ლეგენდის შთაგონების წყარო იყო ოქროსფერტყავიანი ცხოველი, რომელიც ამჟამად ცნობილია სახელით “ოქროს ტაკინი”. ეს ცხოველი ჰიმალაებში ბინადრობს. იმის მიუხედავად რომ 1850 წელს მოგზაურებმა ეს ცხოველი აღწერეს, მაინც ლეგენდად მიიჩნეოდა.

ბუტანში ტაკინის წარმოშობას ზებუნებრივი ძალებით ხსნიან: მე-15 საუკუნეში ძლევამოსილი და ბრძენი ლამა ესტუმრა ქალაქს და ხალხის თხოვნით იძულებული გახდა სასწაული მოეხდინა. მან თხა და ძროხა მოითხოვა. როგორც კი თხოვნა აუსრულეს, ლამამ ორივე მათგანი შესანსლა. ცოტა ხანში ნაჭამი უკან ამოანთხია და ორის მაგივრად ერთი მთლიანი ცხოველი შექმნა, რომელსაც თითის შეხებით სიცოცხლე აჩუქა. ამ ლეგენდის გამო ტაკინს ყველა ცხოველზე მეტ პატივს სცემენ ბუტანში.


პითონი. ისტორიკოსები უძველესი დროიდან აღწერდნენ უზარმაზარ გველებს, რომლებიც მსხვერპლს შემოეხვეოდნენ, გუდავდნენ და შემდეგ მიირთმევდნენ. ისიდორე სევილიელი მიიჩნევდა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი გველი, პლინიუს უფროსი კი აღწერდა პითონისა და სპილოს ბრძოლას: უზარმაზარი პითონი შემოეხვია სპილოს და თავის რგოლებში სულის ამორთმევას უპირებდა, მაგრამ სპილო მიწაზე დავარდა, გველს თავისი წონით დააწვა და მოკლა. პლინიუსის ცნობით, პითონი იყო ეთიოპიაშიც, მაგრამ ყველაზე დიდები ინდოეთში ბინადრობდნენ.

მერვე საუკუნეში წმინდა იოანე დამასკელმა განაცხადა: “მე ვეღარ გეტყვით, რომ დრაკონები არ არსებობენ. ისინი არსებობენ, მაგრამ გველებს უფრო გვანან. დაბადებისას ჭიის ზომისები, ზრდასრულ ასაკში უზამაზარი ხდებიან და ნებისმიერ გველს აჯობებენ სიგრძითა და სისქით. ამბობენ, რომ 13-14 მეტრამდეც იზრდებიან და მორივით სქელები ხდებიან.” ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ უძველეს ლეგენდებსა და მითოსში აღწერილი დრაკონები იგივე პითონები არიან. ძველ რომში ხანდახან პითონებს იჭერდნენ და იკვლევდნენ, თუმცა მათ მითის სტატუსი მაინც დიდხანს შერჩათ.


გიგანტური კალმარი. ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მითოლოგიური მონსტრია კრაკენი: უზარმაზარი არსება, რომელიც აღჭურვილია უსასრულოდ გრძელი საცეცებით და თავისუფლად შეუძლია გემი შეიწიროს. ამ მითოსის სამშობლო ნორვეგია და ირლანდიაა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კრაკენის მითი გიგანტური კალმარის მხილველი მეზღვაურების ნაამბობზეა დაფუძნებული. გიგანტური კალმარი 9-10 მეტრამდე იზრდება, რიგ შემთხვევებში შეიძლება 15-20 მეტრამდეც. თუმცა ეს არსებები ღრმა წყლებში ბინადრობენ და ადამიანებისთვის უმეტესად მიუწვდომელნი არიან. მათი ნახვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა მკვდრებს ტალღები ნაპირზე გამორიყავს ხოლმე.

გარდა კრაკენისა, გიგანტურ კალმარს ანალოგები სხვა მითოსებშიც ჰყავს. მაგალითად სცილა ბერძნულში – უზარმაზარი მონსტრი, რომელიც გემებს ანადგურებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არსება აღწერეს არისტოტელემ და პლინიუს უფროსმა, მაინც ფანტასტიკის სფერო იყო და მეცნიერებს უჭირდათ დაჯერება. 1861 წელს ფრანგული გემი “ალექტონი” შეეჩეხა ამ არსებას და მოახერხა მისი კუდის ნაწილის მოპოვება. თუმცა მეცნიერებმა ფრანგები მასხრად აიგდეს და უთხრეს, რომ მსგავსი რამ “ბუნების კანონებს ეწინააღმდეგებოდა”. ფოტოზე აღბეჭდვა მხოლოდ 2004 წელს მოახერხეს, ვიდეო კი 2 წლის შემდეგ გადაუღეს.


კომოდოს დრაკონი. მიიჩნევენ, რომ კომოდოს დრაკონი აღმოაჩინა I მსოფლიო ომის პილოტმა, რომელმაც ინდონეზიის მიდამოებში ავარიული დაშვება განახორციელა. სამშობლოში დაბრუნებისას ის ყვებოდა გიგანტურ ხვლიკებზე, მაგრამ არავინ უჯერებდა. სხვა ვერსიით, ამ მონსტრებზე მანამდეც ყვებოდნენ, მაგრამ ფაქტების უქონლობის გამო ეს ცნობები მალევე იკარგებოდა. 1910 წელს ერთმა ჰოლანდიელმა ლეიტენანტმა გადაწყვიტა, ამ ცხოველის რელურობა-მითიურობის საკითხი ამოეხსნა. მისი ცდა წარმატებული აღმოჩნდა და ხვლიკის ფოტო და კანი მოიპოვა, რომლებიც დაუყოვნებლივ გააგზავნა ბოგორში (იავა). ზოოლოგიურმა მუზეუმმა კი ახალი ცხოველის აღმოჩენის შესახებ ამცნობა მსოფლიოს. 1926 წელს მოეწყო კიდევ ერთი ექსპედიცია, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა: დაიჭირეს კომოდოს ორი ხვლიკი. შემდგომში ეს ექსპედიცია შთაგონების წყარო გახდა პოპულარული ფილმისა “კინგ-კონგი”. ფილმის რეჟისორს ამ არსებების კადრში მოხვედრაც სურდა, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და ანიმაციური დინოზავრებით ჩაანაცვლეს.

კომოდოს დრაკონები ყველაზე დიდი ხვლიკები არიან. გავრცელებულია მითი, რომ კომოდოს დრაკონებს სუსტი შხამი აქვთ და მსხვერპლი სისხლის ნაკლებობითა და ბაქტერიებისგან კვდება. მართალია, ამ დრაკონების ნერწყვი უამრავი ბაქტერიითაა “გაძეძგილი”, მაგრამ მათი შხამი საკმაოდ მძლავრია და პარალიზებას იწვევს. ამის გამო კომოდოს დრაკონები ასევე ყველაზე დიდი შხამიანი არსებები არიან.


ნისკარტიანი ვეშაპი. ზიპიუსი, იგივე “ზღვის ბუ” ცნობილი ზღვის მონტრია, რომელიც ბევრ მითშია ასახული. მას დიდი თვალები და ნისკარტის მსგავსი პირი აქვს, საიდანაც მისი სახელი მოდის. გადმოცემებით, ამ მონსტრს შეეძლო მცირე ზომის გემის ნაწილებად დამსხვრევა და ამასთან, მისი დანახვა ძნელი იყო ხოლმე. ისინი დიდ დელფინებს გვანან, მაგრამ რეალურად მათთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ძირითადად ღრმა წყლებში ცხოვრობენ და ზედაპირზე მხოლოდ ჰაერის ჩასასუთქად ამოდიან.

ნისკარტიანი ვეშაპები სანახევროდ დღესაც მითად ითვლებიან. მათზე ძალიან ცოტაა ცნობილი. მათი შესწავლა მხოლოდ ნაპირზე გამორიყული გვამების მეშვეობით ხდება. მეცნიერები ბევრს ცდილობენ, რომ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ მათ შესახებ.


ვეფხვი. წარსულში ვეფხვი ლეგენდარულ ცხოველად მიიჩნეოდა. ბერძნები მას მანტიკორს ეძახდნენ. მანტიკორს დიდი ტორები ჰქონდა და სწრაფად დარბოდა. ადამიანებს ზურგიდან ესხმოდა თავს, თიშავდა, კლავდა და მიირთმევდა. მანტიკორი ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბინადრობდა. აღნაგობით ლომს ჰგავდა, მაგრამ მოწითალო ბეწვი ჰქონდა. იტაცებდა ზრდასრულ მამაკაცებს სოფლიდან და ჯუნგლებში მიათრევდა, რის შემდეგაც მათ ვეღარასდროს ხედავდნენ.

იმის მიუხედავად, რომ ვეფხვები უძველეს რომში ზოოპარკში ჰყავდათ, ევროპაში მათ შესახებ არაფერი იცოდნენ. ვეფხვებზე ხშირად თხზავდნენ ლეგენდებს, რომლებიც ძირითადად ეხებოდა მონადირის მიერ ბოკვერის მოპარვას და დედა-ვეფხვის გამოკიდებას. მონადირე ამ დროს კრისტალის ბურთს ან სარკეს ესროდა და საკუთარი გამოსახულებით მოხიბლული ვეფხვი მაშინვე ჩერდებოდა, ზოგჯერ კი შვილი ეგონა და დევნას თავს ანებებდა.

ვეფხვი განთქმული იყო სისწრაფით. სპარსული სიტყვა “ტიგრის”, რომლიდანაც წამოვიდა ვეფხვის ინგლისური სახელი Tiger”, ისარს ნიშნავს.


კენგურუ. ავსტრალიის ყველაზე ადრეული მკვლევარები აღწერდნენ უცნაურ ქმნილებას, რომელიც ევროპელებს მანამდე თვალით არ ენახათ. მათი თქმით, ამ არსებებს თავი ირემს მიუგავდათ, ადამიანებივით ორ ფეხზე იდგნენ და ბაყაყებივით დახტოდნენ ხოლმე. ზოგჯერ მათ ორი თავი ჰქონდათ – ერთი მხრებზე და ერთიც მუცელზე. ალბათ გასაგებია, რატომ იღებდნენ ამ აღწერებს არასერიოზულად მათი კოლეგა მეცნიერები და ხშირ შემთხვევაში სასაცილოდაც იგდებდნენ.

თუმცა 1770-იანებში სიტუაცია შეიცვალა – ამ უცნაური ცხოველის მკვდარი სხეული ინგლისში ჩაიტანეს და ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. დღეს მას კენგურუს უწოდებენ და ყველამ იცის, რომ მითიური კიარა, ავსტრალიაში ფართოდ გავრცელებული ჩანთოსანი ცხოველია. მათი დამახასიათებელი უნიკალური თვისებებია ხტუნვის გამორჩეული უნარი და პატარების ჩანთით ტარება, რის გამოც ავსტრალიის სიმბოლოდ იქცნენ. არსებობს მათი 4 სახეობა: წითელი კენგურუ, დასავლური ნაცრისფერი კენგურუ, აღმოსავლური ნაცრისფერი კენგურუ და ანტილოპა კენგურუ.


იხვნისკარტა. როცა ევროპელი ნატურალისტები პირველად წააწყდნენ ამ არაორდინალურ არსებას, განცვიფრებულნი დარჩნენ. ცნობები აღწერდნენ იხვნისკატას, როგორც შხამიან, კვერცხისმდებელ ძუძუმწოვარს, რომელსაც იხვის ნისკარტი და თახვის კუდი ჰქონდა. ცნობილი ბრიტანელი მეცნიერების უმეტესობამ ის მაშინვე ფარსად ჩათვალა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველის მონახაზი და ტყავი ჰქონდათ. შემდეგ მკვდარი იხვნისკარტაც იხილეს, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ეს იყო საგულდაგულოდ დამუშავებული თაღლითობა.

დღეს ამ უცნაურ არსებას ბევრი იცნობს, ის იშვიათი ცხოველია და დღემდე მოღწეული 5 კვერცხისმდებელი ძუძუმწოვრიდან ერთ-ერთია (დანარჩენი ოთხი ექიდნას სახეობებია). მეცნიერებს ეჭვი აღარ ეპარებათ და საკმაოდ კარგად გამოიკვლიეს, თუმცა იხვნისკარტას მიმართ ინტერესი მაინც არ წყდება – ეს არის ნახევრად წყლის არსება, რომელიც აღმოსავლეთ ავსტრალიაში ბინადრობს, დაცურავს აპკიანი ფეხებით, სანადიროდ კი იყენებს ელექტროლოკაციას. ასევე აქვს კოჭი, რომლითაც მამრებს შხამის გამოშვება შეუძლიათ. შხამი ადამიანებისთვის სასიკვდილო არაა, თუმცა იწვევს აუტანელ ტკივილებს და ტკივილგამაყუჩებელთა უმეტესობა ვერაფერს აკლებს.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button