სამოციანელთა ლიტერატურულ მოღვაწეობას მნიშვნელოვან კონცეპტუალურ ქვეტექსტად უდევს ეროვნული, სამოქალაქო იდენტობის პრობლემა. რომანტიკოსების პერიოდში იდეოლოგიური ბრძოლისათვის განკუთვნილი ენერგია, ძირითადად, რუსეთისადმი ეროვნული დაპირისპირების ზოგად – ლიტერატურულ-რომანტიკულ ხასიათს ატარებდა (მათი ბრძოლის მეთოდები იყო რუსეთისადმი, უმეტესად ვერბალური ომისა და აჯანყებების სახით გამოხატული). რეალისტებმა რუსეთთან დაპირისპირება დაიწყეს ახალი იდეოლოგიის შექმნითა და მისი პრაქტიკულად დანერგვით.
სამოციანელთათვის ლიტერატურა იდეოლოგიური იარაღია რუსეთის წინააღმდეგ არამხოლოდ ზოგადი დამოკიდებულებების დაფიქსირების დონეზე, არამედ კონკრეტული, რეალური ფასეულობების შექმნის თვალსაზრისით. მათთვის მწერლობა, კერძოთ, პოეტობა, სოციალური სტატუსია, რომელიც საზოგადოებრივ ღირებულებათა სისტემას ქმნის და მორალურად მართავს მას: „ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“ – აცხადებს ილია ჭავჭავაძე. ა. წერეთლის აზრითაც პოეტი მედიუმია ზეცასა და მიწას შორის, ე.ი. იგი ამკვიდრებს ჰუმანურ ღირებულებებს ხალხში.
რეალისტურ დისკურსში იდეოლოგია მძლავრობს ესთეტიკურ თვითკმარობას, რამდენადაც ლიტერატურას აქვს კონკრეტული ამოცანა, საზოგადოების აღზრდა. ანალიზის დონეზე მნიშვნელოვანია მწერლის სამოქალაქო პოზიციის შესწავლა, იმ პუბლიცისტიკის გათვალისწინება, რომელსაც იგი გარკვეული „შიშველი“ იდეოლოგიის სახით იძლევა და ახდენს მის მხატვრულ რეპრეზენტაციას ლიტერატურაში.
ილია ჭავჭავაძე, ეწეოდა რა დიდი ხნის განმავლობაში ჟურნალისტურ საქმიანობას, ინფორმაციულად ჩართული იყო მსოფლიოს პოლიტიკური და კულტურული ტენდენციების პროცესში. შესაბამისად, იგი ცდილობდა, დაემკვიდრებინა ის სამოქალაქო ეთიკა, რასაც სოციალური და, აგრეთვე, პოლიტიკური თვალსაზრისით დასავლეთი, ევრო-ამერიკული სივრცე, ამკვიდრებდა. ილია სწრაფად ეხმიანებოდა მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებს როგორც პუბლიცისტიკის, ასევე მხატვრული ტექსტების საშუალებით. ცნობილია მისი არაერთი ბეჭდვითი გამოხმაურება მსოფლიო სიახლეების შესახებ (წერილები კუნძულ კრეტის აჯანყებაზე, სტამბოლის კონფერენციასა და გერმანია-ავსტრიის იმპერატორთა შეხვედრაზე. გლადსტონისა და ბისმარკის მოღვაწეობაზე და ა.შ.) ცნობილია მისი ლექსები ჯუზეპე გარიბალდის იტალიის განმათავისუფლებელი მოძრაობისა („მესმის, მესმის სანატრელი/ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა…“) და საფრანგეთის დემოკრატიული რევოლუციის შესახებ („ტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი/დიდი დროშა დაიშალა/კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ/იგი დროშა დასცა დაბლა“ – პარიზის კომუნის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ლექსი).
დემოკრატია, პოლიტოლოგთა და სოციოლოგთა განმარტებით, არ ნიშნავს მხოლოდ ხალხის, უმრავლესობის მმართველობის პოლიტიკურ რეჟიმს. მისი ლექსიკური მნიშვნელობა (დემოს – ხალხი და კრატოს – მართვა) უპირველესად „მართვას“, ე.ი. პოლიტიკურ წყობას აღნიშნავს, მაგრამ დემოკრატია არის, აგრეთვე, იდეოლოგია, ფასეულობათა სისტემა და სამოქალაქო აზროვნების წესი (სენი 1999).
დემოკრატიის იდეა ათენის სკოლაში ჩამოყალიბდა მისი პირველი იდეოლოგების: პლატონისა და არისტოტელეს თეორიების საფუძველზე. თუმცა დემოკრატიის ეს ჩანასახები საბოლოოდ ვერ ატარებს იმ მნიშვნელობას, რასაც ჩვენ თანამედროვე დემოკრატიაში ვგულისხმობთ. მის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ამერიკულ დემოკრატიას, რომელიც იკვეთება 1776 წლის ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში (ამერიკის… 1776); ვითარდება კოლონიური პერიოდის დასრულებისა და განსაკუთრებით, სამოქალაქო ომის შემდეგ. 1860-70-იან წლებში ევროპასა და ამერიკაში მიმდინარეობს ბრძოლა დემოკრატიული მმართველობისა და ღირებულებების დამკვიდრებისათვის. ეს პროცესი მსოფლიო ომებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა. თანამედროვე დემოკრატიული ღირებულებები გულისხმობს განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს, სამოქალაქო თანასწორობას და კანონმორჩილებას. დემოკრატიის კლასიკური თეორიის მიხედვით, სახელმწოფოს ქმნის კანონმორჩილი ხალხი, რომელთაც აერთიანებთ ერთიანი სამოქალაქო ღირებულებები.
ილია ჭავჭავაძის აზროვნებასა და, შესაბამისად, ლიტერატურულ პროდუქციაშიც ფოკუსირებულია ხალხი, თითოეული მოქალაქე განურჩევლად წოდებისა, ეთნიკური წარმომავლობის თუ რელიგიური აღმსარებლობისა და სქესისა. იგი ემიჯნება „მამათა“ თაობას, რომელთა შორის ამ კუთხით საზოგადოების დაყოფის ტენდენციას ხედავს, მწერლობას ართმევს ელიტარულობის ნიშანს და მასობრივს, „ხალხურს“ ხდის მას. ამ მიზნით ილია ჭავჭავაძე ეწინააღმდეგება სამწერლობო ენის სტილურად დაყოფას და აახლოებს მას სალაპარაკო, ყოველდღიურ, ენასთან. იგი ცდილობს, განათლების უფლება მოუპოვოს ყველა წოდებისა და შესაძლებლობის ახალგაზრდას და მიმართავს ბევრ სხვა ღონისძიებას.
ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა გამოავლენს მის დამოკიდებულებებს იმ კონკრეტული საკითხების მიმართ, რაც დღესდღეობითაც დიდ აქტუალურობას ინარჩუნებს თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით.
ერთ-ერთი პრობლემის, რელიგიური და ეთნიკური შემწყნარებლობის საკითხზე ილია ყურადღებას ამახვილებს წერილში „დავით აღმაშენებელი“: „იგი, თავგადადებული მოყვარე თავის ეროვნობისა და მართლმადიდებელის სარწმუნოებისა, დიდი პატივისმცემელი იყო სხვის ეროვნობისაც და სარწმუნოებისა… ამისთანა სხვა ერის ღირსების თაყვანისმცემელი იმ დროში, როცა კაცი კაცს შესაჭმელადაც არა ჰზოგავდა… ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის მეთორმეტე საუკუნის კაცისაგან!“ (ჭავჭავაძე 2007 ბ: 64).
საგანგებო წერილს უძღვნის ილია ანტისემიტური მოძრაობის მსოფლიო პრობლემასაც. „ეს რამდენი ხანია ევროპაში არსებობს ეგრეთწოდებული ანტისემიტიური ესე იგი ებრაელთა მოწინააღმდეგე მოძრაობა, რომელიც სცდილობს რაც შეიძლება მეტად შეავიწროვოს და დასჩაგროს ებრაელნი…“ – წერს ილია. მისი აზრით, „განათლებულს საზოგადოებას დიდი გავლენა აქვს ევროპის ყოფა-ცხოვრებაზე. ამ ნაწილს საზოგადოებისას შეუძლიან თავისი კვალი დააჩნიოს ებრაელთა ბედსა და უბედობას“ (ჭავჭავაძე 2007 ბ: 226-228).
ილია მიიჩნევს, „გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა და სამართლიანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონებაგახსნილ კაცისაგან“.
სამოქალაქო ცნობიერების ერთერთი ნიშანია კანონის წინაშე თანასწორობა და კანონმორჩილება. ილიასეული გაგება თავისუფლებისა და, აგრეთვე, თანასწორობისა ეყრდნობა სწორედ კანონმორჩილების პრინციპს. ვნახოთ, რას წერს ილია ჭავჭავაძე ამის შესახებ: „თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო, ამბობს ბოსსუეტი თავის მსოფლიო ისტორიაში, საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო… ეს ჭეშმარიტი და ზედმიწევნილი მნიშვნელობა თავისუფალებისა ეხლაც ცნობილია და აღიარებული ეხლანდელ მეცნიერთა და სახელმწიფოთაგან. ჭეშმარიტი, რიგიანი აგებულება და წყობილება კაცთა საზოგადოებისა სწორედ ამ ქვაკუთხედზედ უნდა იყოს ამოყვანილი. საცა ეგ არ არის, იმ კაცთა საზოგადოებური ცხოვრება, რომელიც ერთმანეთზედ დამოუკიდებლად და გადუბმელად შეუძლებელია, მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა. მაშინ ყოფა ადამიანისა ნადირთ ყოფაა და ადამიანი, ეგ კერძი ღვთისა, ნადირად გადაქცეულია“ (ჭავჭავაძე 2007 ა: 441). გავიხსენოთ ილიას ლექსი „გუთნისდედა“, სადაც გმირის ყოფა ცხოველის, კონკრეტულ შემთხვევაში, ხარის, მდგმომარეობასთანაა გაიგივებული („ერთ ბედქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ/წილად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ“). საბჭოთა პერიოდში ამ ლექსის ინტერპრეტაციისას აქცენტი მხოლოდ გლეხთა და დაბალი სოციალური წრის მუშათა ჩაგვრაზე კეთდებოდა. ილიას ზემოთ მოყვანილი სიტყვებიდან გამომდინარე, აქ სწორედ არასამოქალაქო და არაცივილური საზოგადებრივი მდგომარეობა უნდა იგულისხმებოდეს, რომელიც ილიას, როგორც განათლებულ, მოაზროვნე და ამ საკითხის მცოდნე ადამიანს, არ აკმაყოფილებს.
მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარებასთან და კანონმორჩილებასთანაა დაკავშირებული სამოქალაქო ღირსების შეგრძნებაც. ილიას პუბლიცისტიკაში ამ თემას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. ერთ-ერთ წერილში მწერალი გვიამბობს ბრესლაველი მდიდარი სოვდაგრის ამბავს, რომელიც სამი მანეთისა და ერთი შაურის უსამართლო ჯარიმის გამო ადგილობრივ მოხელეებს უჩივის უზენაეს სასამართლოში. „სასაცილოა განა, მკითხველო, ასეთი დავიდარაბა ერთის მანათის გულისათვის, მერე ვისგან? მდიდარის სოვდაგარისაგან. ჩვენებური კაცი მაშინვე ამოიღებდა ქისიდამ ერთს მანათს და მაშინვე დაამწყრალებდა პოლიციას… რა არის ერთი მანათი სოვდაგარისათვის, ხელის ჭუჭყია, მტვერია და სხვა არაფერი. მაგრამ, აბა, ახლა შიგ ჩაიხედეთ ამ საქმეში… მაშინ სიცილის მაგიერ გრძნობა პატი-ვისცემისა მიგახედებთ ამ სოვდაგარზედ. ცხადია, მდიდარს სოვდაგარს ის კი არ ანაღვლებს, რომ ერთი მანათი ერთმევა, არამედ ის, რომ, მისის აზრით, კანონი და სამართალი ირღვევა და კანონი და სამართალი კიდევ მისის თავისუფლების ციხე-სამაგრე იმოდენად ძვირფასია, რომ განურჩევლად, განუკითხველად ხელს არავის ახლებინებს. აი, ნამდვილი, ჭეშმარიტი მოქალაქობრივი თავგამოდება, აი ჭეშმარიტი ქველობა კაცთა საზოგადოების წევრისა…“ (ჭავჭავაძე 2007ა: 443) ეს ისტორია მოგვაგონებს „ოთარაანთ ქვრვის“ ერთ-ერთ ეპიზოდს, სადაც გზირის მიერ ჩადენილი უსამართლობის გამო ქვრივი გუბერნატორთან იჩივლებს. იგი ყოველთვის მზადაა, რომ რკინის ქალამნებითა და რკინის ჯოხით აღჭურვილმა დაიცვას არა პრივატული ინტერესები, არამედ სამოქალაქო ფასეულობები. შემთხვევითი არ არის არც „კაცური კაცობის“ ხსენება, ამ სინტაგმას ილია, გარდა ზემოთ მოყვანილი ტექსტისა, პუბლიცისტიკაში ფართოდ, ტერმინოლოგიურად ამკვიდრებს. კაცური კაცობა, იდენტური უნდა იყოს ცნებისა „თავისუფალი მოქალაქე“/„ღირსეული მოქალაქე“.
ილიას იდეალური გმირები: ოთარაანთ ქვრივი, გიორგი, მოძღვარი და სხვები XIX საუკუნის ქართულ საზოგადოებას აძლევს სამოქალაქო ცნობიერების მაგალითს, „კაცური კაცობის“ ნიმუშს. მათ უპირისპირდება ლუარსაბისა და მისი გარემოცვის, ან ოთარაანთ ქვრივის თანასოფლელების იდეოლოგია, რაც იმთავითვე წარმოადგენს ძველი საზოგადოებრივი სისტემის ნარჩენებს. ისინი არ ქმნიან საზოგადოებას, ამ ფორმით არ არიან ახალი სოციუმის სრულფასოვანი წევრები, ამიტომაც ილიამ ეჭვქვეშ დააყენა ამ „ადამიანების“ „კაცური კაცობის“, ანუ მოქალაქეობრივი ღირებულების საკითხი.
ტერმინ „კაცობას“ ილია საგანგებო მსჯელობას უთმობს ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილში. მისი აზრით, ეს ის ფენომენია, რომელიც განურჩევლად აერთიანებს მამაკაცსა და დედაკაცს, რომელიც თანაზომიერ სიბრტყეზე მოიაზრებს მათ. მოქალაქეობრივი ღირებულების თვალსაზრისითაც ილიას აზრით მნიშვნელობას კარგავს გენდერული სხვადასხვაობა. კრიტიკოსებმა ოთარაანთ ქვრივის უემოციო, ფსიქოლოგიურად ატიპიურ პორტრეტში დაინახეს ქალური არასრულფასოვნება; „გამამლების“ პრეცედენტი (კიზირია: 1992). ჩვენი აზრით, მოქალაქეობრივი თვალსაზრისით ოთარაანთ ქვრივის მხოლოდ ღირსებაზე მიუთითებს ის, რომ იგი თავისუფლად ითავსებს მამაკაცის ფუნქციებს. მისი სახის გენდერული ნიშნისაგან განტვირთვის საშუალებით ილია ჭავჭავაძე გვაძლევს ღირსეული მოქალაქის, როგორც ასეთის, სახეს. ნიმუშს იმისა, რომ ქალი შეიძლება იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, თავისუფალი და განსხვავებული აზრის მქონე (სოციოლოგიური კუთხით) და, ამასთანავე, დამოუკიდებელი, თავისთავადი, ფსიქოლოგიურად მდგრადი, ძლიერი სუბიექტი.
ამ თემას ილია პუბლიცისტიკაშიც ამუშავებს. მსოფლიოში ქალთა ემანსიპაციის პროცესებზე საუბრისას იგი მიმოიხილავს ქალთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გააქტიურების შემთხვევებს და სურვილს გამოთქვამს, რომ „ჩვენმა ქალებმაც ყური ათხოვონ ამისთანა მაგალითებს და ხალისი მოიპოვონ ამისთანა მოღვაწეობისა და მოქმედებისათვის“ (ჭავჭავაძე 2007 ბ: 282).
სოციალური უთანასწორობის პრობლემა ილიას მსჯელობის საგანი ხდება პუბლიცისტიკაშიც და მხატვრულ ტექსტებშიც. იგი წერს: „ქვეყანაზედ მარტო იმ ერს გაუძლია, მარტო იმ ერს გამოუტანია თავი ათასგვარ განსაცდელისაგან, მარტო იმ ერს წარუმატნია და გაძლიერებულა, რომელსაც თავის დროზედ შეუტყვია და მიუგნია, რომ ერთის რომელისამე წოდების წინ წაწევა არაფრის მაქნისია, თუ დანარჩენი ერიც წინ არ წაწეულა, პირიქით, ერთის წოდების წინ წაწევას დანარჩენის უკან დაწევა მოჰყოლია.“ (ჭავჭავაძე 2007 ბ: 371). წოდებრივი უთანასწორობის საკითხი ილიას მოთხრობების ერთ-ერთი მთავარი თემაა. „ოთარაანთ ქვრივის“, „გლახის ნაამბობის“, „კაცია-ადამიანის“ პრობლემური ღერძია ამგვარი უთანასწორობა. ილია ცდილობს, დაამყაროს სოციალური ბალანსი, ამიტომ თავის ტექსტებში თანაბარ ასპარეზს უთმობს გლეხს, თავადს, მღვდელს და ა.შ. დადებით და უარყოფით ელემენტებს წარმოაჩენს ყოველი ჯგუფიდან (გავიხსენოთ ლამაზისეული, ომარაანთ მოჯამაგირე, არჩილის მეჯინიბე; მეორე მხრივ კი – არჩილი, როგორც ჰუმანური ღირებულებების დამცველი თავადის სახე).
დემოკრატიის უმთავრესი ღირებულება, სიტყვისა და აზროვნების თავისუფლება, ილია ჭავჭავაძეს თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვან მონაპოვრად მიაჩნია. რუსეთის პოლიტიკის სისუსტეებს ილია ხედავს ბეჭდვითი ორგანოების (მათ შორის პერიოდიკისა და მხატვრული ლიტერატურის) შეზღუდვაში, რომელიც ვრცელდებოდა არა მხოლოდ ანექსირებულ ტერიტორიაზე, არამედ საკუთრივ რუსეთშიც. „მწერლობას მოსპობილი აქვს ყოველი გზა და სახსარი გაცხოველებისა… თავისუფლად თავის აზრისა და შეხედულობის გამოთქმისა“, „სხვა ქვეყნებში, სადაც კი ბეჭდვის სიტყვის, ჟურნალ-გაზეთებისა და საზოგადოთ ლიტერატურის დიდი მნიშვნელობა ცოტათი მაინც ესმისთ, რაც უნდა უბრალო გაზეთის კორრესპონდენტი და თანამშრომელი იყოს, თავს ევლებიან, ხელზე ატარებენ, ეფუფუნებიან…“ (ჭავჭავაძე 2007გ: 80). აღნიშავს ილია და დაამატებს, რომ მედიას საზოგადოებრივი აზრის წარმართვა ხელეწიფება. ამდენად მას, „წმინდა მისია“ აკისრია, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც ანიჭებს. „დიდი მოვალეობა პრესისა, მისი ღვაწლი, გლეხისა და თავად-აზნაურის, ან მდიდრისა და ღარიბის ერთმანეთზე მისევა კი არ არის, შუაკაცობაა, შუა ჩადგომაა მათ შორის, მშვიდობიანობის ჩამოგდებაა..“ (ჭავჭავაძე 2007გ: 80).
ილია ჭავჭავაძე საზოგადოებას გაიაზრებს, როგორც ერთ მთლიანობას. გათითოკაცების პრობლემას (როგორც „ოთარაანთ ქვრივში“, ამ შემთხვევაში, გლეხები ეუბნებიან თავადებს: „ჩემო რაოვო“) იგი აფასებს, როგორც ძველი საზოგადოებრივი ცნობიერების გადმონაშთს. აგრეთვე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს, ერს ქმნიან არა ავტორიტეტები, არამედ თითოეული მოქალაქე. ამით ილია ჭავჭავაძე ემიჯნება მამათა თაობის ელიტარულ შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს. ამკვიდრებს თანასწორობას, როგორც ერთ-ერთ მთავარ ფასეულობას და უფლებებისა და, ამასთანავე, პასუხისმგებლობების კონცენტრაციის ცენტრი გადააქვს არა მეფეზე, ან რაიმე სახის ხელისუფლებაზე, არამედ თავად მოქალაქეებზე.
ის ჰუმანური ღირებულებები, რომლებიც თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებისთვისაა აუცილებელი, უპირველესად ასოცირდება ქრისტიანობასთან. ამიტომ უწოდებს ილია ჭავჭავაძე საფრანგეთის დემოკრატიულ რევოლუციას „ტვირთმძიმეთა და მაშვრალთ მხსნელ“ მოძრაობას (შდრ. „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. მათე 11,28). ძველისა და ახლის დაპირისპირება ამ შემთხვევაშიც უკავშირდება მონობისა და თავისუფლების ცნებებს. ილიას შემოქმედებაში ძველი საზოგადოების გმირები: ლუარსაბი, პეტრე „გლახის ნაამბობიდან“ და სხვები ატარებენ გაუნათლებელი, უსწავლელი ადამიანის „უღელს“, არასრულფასოვნების კომპლექსს და აპრიორი სჯერათ, რომ ვერ შეცვლიან მოცემულობას. ლუარსაბ თათქარიძის შესახებ სამეცნიერო ლიტერტურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი ძველი აღთქმის სისტემის წარმომადგენელია. არსებული მოცემულობებისადმი სრული ინდიფერენტულობა, უწიგნურობა, ცრუ ფასეულობები ის ნიშნებია, რომელიც ლუარსაბს თანამედროვე მოქალაქის ცნებისაგან აშორებს. ამასვე უნდა უკავშირდეებოდეს „კაცისა“ და „ადამიანის“ ცნებების გააზრება. ეს ოპოზიცია, ილიას ტერმინოლოგიური სისტემიდან გამომდინარე, შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ცნებები Homo-socialis (კაცი) და Homo-vegetalis (ადამიანი).
ჩვენ ვისაუბრეთ იმ ღირებულებებზე, რომელიც თანამედროვე საზოგადოების შექმნის საკითხში პრინციპულ მნიშვნელობას იძენს. ილია ჭავჭავაძე, რასაკვირველია, მამათა თაობასთან ერთად ცდილობდა, ერს გაძღოლოდა თავისუფალი და ერთიანი ქვეყნის ჩამოყალიბების საქმეში, თუმცა ილიას მამათა თაობის უმრავლესობის ხედვისაგან განსხვავებით გააჩნდა კონკრეტული მოდელი სახელმწიფოს განვითარებისა.
ილია ჭავჭავაძის მიერ დანერგილი იდეოლოგია და საზოგადოებრივი პროცესები, რომელიც იმ პერიოდის ევროამერიკული პროცესების ადეკვატური იყო, შეაფერხა საბჭოთა წყობილებამ, რომელმაც თავდაპირველად უარყო, ხოლო შემდგომში მოახდინა ილია ჭავჭავაძის, (როგორც გლეხთა ინტერესების დამცველისა და ბატონყმური წყობილების კრიტიკოსის) სახელის რეაბილიტაცია. საბჭოურ პერიოდში, ძირითადად, ილიას სახელი ასოცირდებოდა პატრიოტულ ლირიკასა და ბატონყმობის გმობასთან.
ამ ეტაპზე ჩვენი სამეცნიერო კვლევის მიზანი იყო ილია ჭავჭავაძის, როგორც იდეოლოგის, დემოკრატიული შეხედულებების ზოგადი სურათის წარმოჩენა. უახლესმა აკადემიურმა გამოცემამ მოგვცა მდიდარი მასალა, რაც სრულყოფილად გამოავლენს მწერლის ჯერ კიდევ შეუსწავლელ მხარეებს. ილიას პუბლიცისტიკასა და მხატვრულ ტექსტებში თანამედროვე მოქალაქეობრივი ფასეულობების პრობლემატიკა ლიტერატურათმცოდნეთა და საზოგადოებრივი მეცნიერებების წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი სამომავლო სიღრმისეული და დისკურსიული კვლევების საფუძველი გახდება.
დამოწმებანი:
ამერიკის… 1776: ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია: ონ-ლაინ გვერდზე განთავსებულია ინდიანას უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის დეპარტამენტის მიერ. მის. : http://www.iaw.indiana.edu/uslawdocs/declaration.html.
კიზირია 1992: კიზირია დ. ოთარაანთ ქვრივი – ქართველი ქალის ზნეობრივი იდეალი. გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 27 ნოემბერი, 1992.
სენი 1999: სენი ა.დემოკრატია, როგორც უნივერსალური ფასეულობა. დემოკრატიის ჟურნალი 10.3 (1999) 3-17. მის. http://www.muse.jhu.edu/demo/jod/10.3sen.html .
ჭავჭავაძე 2007 ა: ჭავჭავაძე ი. თხზულებანი. ტ. 9, თბ.: გამომცემლობა „ილიას ფონდი“, 2007.
ჭავჭავაძე 2007 ბ: ჭავჭავაძე ი. თხზულებანი. ტ. 10. თბ.: გამომცემლობა „ილიას ფონდი“, 2007.
ჭავჭავაძე 2007 გ: ჭავჭავაძე ი. თხზულებანი. ტ. 15, თბ.: გამომცემლობა „ილიას ფონდი“, 2007.
Ketevan Ninidze
Contemporary Civil Values in Ilia Chavchavadze’s Publicity
Summary
The scientific article deals with the democratic values in Ilia Chavchavadze’s publicity and some literary texts („The Widow of Otarashvili“, „Is he a Man, a Human?!“ and „The Ploughman“). It reviews development of democratic ideas from Athen School to American democracy in general, suggests how the generation of 60-ies comprehended Georgian democracy and how this ideology is presented in Ilia’s publicity. The scientific work cites passages from Chavchavadze’s texts about such values as freedom of thinking and speech, social equality, gender equality, religious and ethnical tolerance.
The author analyses such words from conceptual and terminological vocabulary of the writer as: „man“, „manly“, „human“, „humanity“ and comes to the idea that the way, how Chavchavadze perceives Christianity is in close relation with democratic perception.
Scientific direction of the research work is rather new in the study of Ilia Cavchavadze’s and his contemporaries’ texts.
წყარო: ლიტერატურული ძიებანი 2007 №28
http://www.nplg.gov.ge