“მკითხველი ხიდია”…
ბავშვობიდან მახსოვს. მაშინაც, ნაწნავებიანი გოგონა რომ ვიყავი და ლექსებს სკამზე შემომდგარი ომახიანად ვკითხულობდი. მაშინაც, ცოტა მოზრდილს ლექსის წაკითხვის რომ მრცხვენოდა და მერეც, როცა ჩავიკეტე და საკუთარი თავი ვიპოვე მარტოობაში. ის ჩემი პოეტია. არ შემრცხვება თუ ვიტყვი, რომ მასთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოეტს, როგორც ადამიანსაც. რატომღაც უჭირთ ხოლმე ამის აღიარება. ალბათ ეჩვენებათ, რომ ეს სირცხვილია, ამის თქმა არ შეიძლება, თვითმყოფადობას ვნებს. თვითმყოფადობა და საკუთარი ხმა კი ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ ბევრი კითხვის და პოეტური ზრდის შედეგად მიიღწევა. Pპოეტური ზრდა კი თუ შეუქცევად პროცესად არ იქცა, ამ შემთხვევაში პოეტი განწირულია.
არის ასეთი პატარა, მყუდრო “კაფე” დადიანის ქუჩაზე სახელწოდებით “ორნი”, რომელიც ჩემთვის ამ ადამიანთან ასოცირდება. სადაც, დაიწყო კიდეც ჩვენი საუბრების გრძელი სერია, ამჟამად ჩემს სახლში რომ გრძელდება. დღეს ჩემი სტუმარი გივი ალხაზიშვილია. შესანიშნავი პოეტი და არანაკლებ შესანიშნავი ადამიანი. “ეს შენი ცა არის, თვალებით სადაც გინდა”… აი ასეთი, მართალი ფრაზებით, მე რომ ხშირად ამეკვიატება ხოლმე..
“ლიტერატურა ვერასოდეს გაიმარჯვებს და არც ცდილობს ამას; კმაყოფილდება თანაშემწის როლში ბუზღუნით, უარყოფით, შეფასებით, კარის ღიად დატოვებით, შესაძლებლობათა განჭვრეტითა და ოცნებათა ძიძაობით. მიუხედავად ლიტერატურის მრავალი მიმდევრის მიერ გაწეული რეკლამისა, ლიტერატურა – თავის საფუძვლებით – თავაზიანი და თანმიმდევრული წყაროა დამშვიდობებისა და მარცხისა. ამის სანაცვლოდ, მაცოცხლებელი ჯილდოა მარადი განახლებისა და ძვირფასი შემოწირულობა ადამიანური შემოქმედებისა, რწმენით აღვსილი გაზაფხული ჩვენი სიმამაცისა და იმედებისა.”
ვერჯილ ნემოინაუ
-საღამო მშვიდობის ბატონო გივი, როგორ ხართ ამ შემოდგომით?
-როგორც შემოდგომას შეეფერება – ცვალებადად. თუმცა ახლანდელი ამინდები გვანებივრებს. მშვიდი და მზიანი ამინდები ძალიან მიყვარს.
-ნამდვილი შემოდგომა ახლაღა მოვიდა. აი, ჩემს პოეზიას ზაფხულში ყოველთვის სძინავს. ზაფხულობით ვაგროვებ შთაბეჭდილებებს, შემოდგომით კი თითქოს ახალი დეკადა იწყება მათი დადუღების, გადმოტანის, ფიქრის, განსჯის. ჩაის დალევთ? ჟასმინი მაქვს.
-სიამოვნებით. მიყვარს ჟასმინის ჩაი. ასეთი დღეები სეირნობისკენ მიბიძგებენ. დავეხეტები ბაღში უმიზეზოდ და, როგორც ირკვევა სიტყვიერ საგზალს ვაგროვებ. წინათ მეც მიჭირდა ზაფხულობით წერა, ახლა კი სულ ერთია ჩემთვის ამინდი, მთავარი შინაგანი განწყობილებაა, რომელიც პანთეისტურ “მიზეზებს” აღემატება. “ქორონიკონი” მთლიანად ზაფხულში დავწერე, თითქმის მთლიანად. უცნაური ზაფხული მქონდა, რომელიღაც ენერგიაზე ვიყავი მიერთებული თითქოს და უწყვეტად ვმუშაობდი. ამიტომაც აგრძელებენ ამ წიგნში ლექსები ერთმანეთს და ერთიან თხრობას. ახლახანს რომ გადავხედე ამ წიგნს, მივხვდი, რომ დაქტილისთვის არც ენერგია და აღარც სურვილი აღარ დამრჩა. ყოველ შემთხვევაში ახლა ასეთ წიგნს /არ ვამბობ კარგს, თუ ცუდს/ ვერ დავწერდი. სხვა სტილისტიკაზე გადავეწყვე. ეს ხომ ცოცხალი პროცესია.
-არის ასეთი პერიოდებიც. იყო დრო, როცა დასვენებაზე ვოცნებობდი და იმ უცნაურ ენერგეტიკას, მუდმივად რომ მახრჩობდა ვერაფერს ვუხერხებდი. ახლა მშვიდად ვარ. და ეს სიმშვიდე მაგიჟებს უკვე. ქორონიკონი ერთი გაბმული სიტყვაა, ერთი მთლიანობა, იშვიათად რომ წააწყდები პოეტურ კრებულში. თუმცა კი, თქვენი ბოლო წიგნი “ჩაბრუნებული მზერა” გამოსვლის დღიდანვე ჩემს სასასთუმლე წიგნად იქცა. რატომ, როდის ვიბრუნებთ ადამიანები მზერას? სად ხვდება ცნობიერების ვექტორი ამ დროს, ალბათ უფრო მეხსიერებაში.
-ეს ორი წიგნი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჯერ ახალია და ვერ მოვიბეზრე. “ჩაბრუნებული მზერა”-დან ცალკეული ლექსები ახლაც მაღელვებს, იმდენად ავტობიოგრაფიულია და ჩემი ცხოვრების ისეთ სევდიან პერიოდს ინახავს. ახლაც ამ სტილისტიკას ვაგრძელებ, თუმცა რაღაც მაინც იცვლება. დეპეშური სტილი მიზიდავს, ზედმეტი სიტყვების გაწირვა მომწონს და ქვეტექსტიდან გამომზირალი სათქმელი მხიბლავს. ხსოვნა ხომ გამუდმებით რაღაცას ინახავს, რასაც ჩვენ როდის და როგორ გამოვიყენებთ, ან თავადვე როგორ გამოგვიყენებს უცნობია, რადგან ენის სტიქია ბევრს რამეს განაპირობებს ხსოვნასა და წარმოსახვასთან ერთად.
-ქვეტექსტები, ნიშნულები, ბმულები. დაგროვილი მეხსიერება და სიტყვიერების ენა. მთელი საიდუმლოა აქ თავმოყრილი. სიტყვა განძია. მეშინია არ გამისხლტეს და სინამდვილე არ დაკარგოს, ამიტომ ხშირად სიტყვაძუნწი ვჩანვარ.
-სიტყვა თავისთავად განძია, მაგრამ კონტექსტში ახალ სიცოცხლეს იძენს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი სიტყვა ან გრამატიკული სტრუქტურა მუდმივად იცვლის დინამიკას და მიმართულებას, შესაბამისად წარმოაჩენს ავტორსაც და ლირიკულ გმირსაც, სადაც მათი ამოკითხვა გარკვეულწილად შესაძლებელია.
-ისე, ამ ბოლო დროს “სინამდვილეს” იჩემებს ყველა. უცნაურიც კი არის, თითქოს მოდაშია ეს სიტყვა. ტაძარში შესულ მლოცველს ჰგავს, იქიდან ზიარებამიღებული რომ გამოდის და ათას საშინელებას სჩადის, ისევ მივალ, მომეტევებაო.
-ავტორი უნებურად საკუთარ თავს ამჟღავნებს ან დასამალს ეძებს. დამალობანას თამაშში უდიდესი მნიშვნელობა აქვს წინადადებებს, რომლებიც არ წერია და დაუწერლად არსებობს სიტყვებს შორის. ეს არის ნამდვილი პოეზიის ენა.სინამდვილე იმდენი არსებობს რამდენი ადამიანიცაა და ყველა ცდილობს თავისი “სინამდვილე” ჭეშმარიტებად გაასაღოს. ჩვეულებრივი ამბავია და ყველა დროში იყო. პოეზია მხოლოდ მშვენიერებას კი არ ქმნის სიბრძნის დარგიც არის, როგორც რუსთაველი გვასწავლის. ვისაც არ სჯერა, ნუ მოგვისმენს და გააგრძელოს აბდა-უბდის წერა.გამოდის ყველა თავისას უბერავს. განსაკუთრებით ჩვენს საუკუნეში, როცა უარი თქვეს ყოველგვარ კონვენციასა და თამაშის წესებზე. ოდენმა ასეთ თამაშს დაარქვა – ჩოგბურთის თამაში ბადის გარეშე. მშვენიერი შედარებაა. აუცილებელი არ არის ბადეს ააცილო ბურთი და საერთოდაც მნიშვნელობა არ აქვს საით დაარტყამ. ფაქტიურად ასე თამაში უქმდება.
-ის ბადე ხომ მაინც არსებობს, როგორც სინამდვილე, როგორც სიმართლე, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტება. მისკენ მიმავალი გზებია სხვადასხვა.
– რა თქმა უნდა, მისი ასახვის ხერხებზეა საუბარი, თორემ სინამდვილე, რომ არც ავსახოთ მაინც იარსებებს, ცხადია.
– და მივედით იქ, სადაც დგანან ტექსტი და პოეტი. პოეტი და ტექსტი. ცხოვრების გზა. რაღაცას ვთმობთ, რაღაცას ვაპედალირებთ. სადღაც ვიმარჯვებთ, უფრო ვმარცხდებით. რაღაც თავს გადაგვხდება, ხანაც ვიგონებთ.
-ვთმობთ, თითქმის ყველაფერს ტექსტის სასარგებლოდ. ხშირად სიცოცხლესაც ვწირავთ, მაგრამ არავინ იცის რა გამოვა ამ თამაშიდან. თითქმის ყოველი დაწერილი ლექსი გარკვეული თვალსაზრისით მარცხია, რაც იმის ბიძგია, რომ ახალი დაწერო უკეთესი. წერის პროცესი არის დამალვის თუ გადარჩენის პერმანენტული მონაცვლეობა.
-ეს მონაცვლეობა კი ისეთი ნათელია ყურადღებიანი მკითხველისათვის. თუმცა ხანდახან, როცა პოეტი საკუთარი თავიდან გამოდის და გარემოს აღარ ემორჩილება, შესაძლებელია მისი სიტყვა გაუგებარიც კი გახდეს.
-არავინ იცის, პოეტს ვინ გაუგებს და ვინ არა. ზოგჯერ მისი ენა რთულდება და ჰერმენტიზმისკენ მიიდრიკება. დახშულობა სჩვევიათ მნიშვნელოვან პოეტებსაც, როცა ბეზრდებათ ფართო აუდიტორიისთვის წერა. ასე დაემართათ ცელანს, ბახმანს, სხვებსაც.
-რაღაც მომენტში, როცა ფსკერზე უამრავი თვალისმომჭრელი ქვაა, ისინი მეტად გიტაცებს, ვიდრე ცაზე ვარსკვლავები. მე სარდაფები მიყვარს. ბნელი, ძველი ნივთებით სავსე სარდაფები. იქ, როგორც მეხსიერების სკივრში, რას არ აღმოაჩენ. თითო-თითოდ ამომაქვს, მერე კი ტექსტებად იქცევიან ხოლმე.
უცნაური დამთხვევაა. ჩემს ავტობიოგრაფიულ პროზაულ წიგნებში სარდაფი ხშირად ჩნდება, როგორც არსებული რეალობის ალტერნატივა. როცა სხვაგან ხარ და აქ ყოფნა მხოლოდ ილუზიაა. ის წიაღია, ქვეცნობიერია და სწორედ იქიდან ვეზიდებით სახეებს, ინტონაციებს, მეტაფორებს და სხვა “საშენ მასალას” რითიც პოეზია იგება. პოეზია დღეს გაცილებით ნაკლებ მკითხველს სჭირდება. თუმცა იქნებ ეს პოეზიის მკითხველთა მცირე ჯგუფები უფრო ერთგული ხალხიც არის, რადგან მიუხედავად ვითარებისა, რომ პოეზიას დღეს არ აქვს ბაზარი, მათ მაინც უყვართ, ყოველგვარი მომხმარებლური დამოკიდებულების გამორიცხვით. საბაზრო ეკონომიკა პოეზიას არ სცნობს როგორც “პროდუქტს” ასე რომ, პოეზია მაინც რჩება ერთეულებისათვის. თუმცა არსებობს ასევე გულზე ხელის ბრაგუნის და შეძახილების “პოეზია”. რაზეც ისევ არის მეტი მოთხოვნა, , ვიდრე ეგზისტენციალურზე. ეს სავალალო ინერცია დიდხანს იქნება ჩვენში, როგორც პროფანული მისწრაფების ერთ-ერთი ხერხი.
-დღეს გამომცემლობები მარკეტინგული გათვლებით მუშაობენ. ყველაზე ვერ იტყვი, თუმცა ძირითადად ასეა. წიგნი ისეთივე პროდუქციაა, როგორც ვთქვათ “საპონი”, “კბილის პასტა” ან სხვა რამ. სწორედ ამიტომ არის, რომ ეგრეთწოდებული “ბესტსელერი” ყოველთვის მდარე ხარისხის ლიტერატურა ხდება. ზარალდება ამით პოეზია, რა თქმა უნდა. რაც შეეხება “სუფრაზე წასაკითხ” ლექსებს- მათ მკითხველი მალე ითვისებს. დაიღალა ეტყობა, ან გემოვნების ამბავიც არის. მარტივი თემები სჭირდებათ, მარტივად აღსაქმელი, მარტივადვე დასამახსოვრებელი.
– მკითხველი ბევრნაირი არსებობს და ვერავის აუკრძალავბევრნაირი არსებობს და ვერავის აუკრძალავ ან დააძალებ რაიმეს კითხვას. ერთადერთი გზა, ისევ უკეთესი ტექსტის შექმნაშია, თუმცა ვისთვისაა უკეთესი და ვისთვის უარესი, მუდმივად კამათს იწვევს განსხვავებული გემოვნების ადამიანებში.
– ჰგავს თუ არა ტექსტი ავტორს. ზოგჯერ იმხელა უფსკრული დამინახავს მათ შორის, თვალის გასწორების შემშინებია.
– ზოგჯერ ავტორი და ტექსტი მართლაც ჰგვანან ერთმანეთს, ხშირად განსხვავდებიან. ყველაზე ცუდია სიყალბესა და სიმულაციებში მსგავსება, თუნდაც ფესვდონაივურობაში. აუცილებელი არ არის ყველა მწერალი კარგი ადამიანი იყოს. სამწუხაროდ მათ ერთ ნაწილში შური და ბოღმა თუხთუხებს, რაც ნაკლული ნიჭის შესავსებად არ გამოდგება.
– ზუსტად მაგას ვგულისხმობდი. ტექსტის მიმართულებასა და აქცენტებზე მაქვს საუბარი და არა ლირიკულ გმირზე, რომელიც სავსებით შესაძლებელია უარყოფითად იყოს მოტივირებული. ნაკლული ნიჭი. ჰო, ალბათ ასეც არის და სწორედ ეს არასრულყოფილების კომპლექსი ხდება ამ ბოღმის მიზეზიც.
-როცა მეგალომანიით შეპყრობილი ავტორები სახელის მოსახვეჭად ყველაფერს კადრულობენ _ გულისამრევია. გინდა თუ არა, რაღაც დროის შემდეგ შენი ტექსტი მარტო დარჩება და ვეღარ წაეხმარება ავტორი. ამიტომ გამოჩინებისთვის ბრძოლას სჯობს უფრო ღრმად ჩაყვინთვა და უკეთესი მინერალების მოპოვება საძიებო ინსტრუმენტების დახმარებით. ხოლო საძიებო ინსტრუმენტი კი ნიჭი და სულიერი გარჯაა. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ.
– ჩაის ხომ არ გაიმეორებთ?…
-რა თქმა უნდა, აჯობებს ჩაის სმის რიტუალს და მოცალეობის უსაყვარლეს შეგრძნებას დავუბრუნდეთ, თორემ ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა პრობლემის მოგვარებას. სტუდენტობისას თარგმანის სპეცკურსს ხელმძღვანელობდა ქ-ნი ქეთო ბურჯანაძე – დიდებული ადამიანი. გიტარაზე რომანსების დამმღერებელი. მახსოვს, ერთხელ ჩეხოვის ნოველის თარგმნა დაგვავალა. სათაური სიტყვასიტყვით ასე ჟღერდა “საუბარი ჩაის სმის დროს”. ტექსტი კი ვთარგმნეთ, მაგრამ სათაურის ნორმალურ ვერსიას ვერ მივაგენით. ახლა გამახსენდა, როცა ორნი ჩაის ვსვამთ და თან ვსაუბრობთ, ჩეხოვის პერსონაჟებივით.
– “საუბარი ჩაის სმის დროს” – მშვენიერია. რაღაც ბევრად მეტი აქვთ ამ საუბრებს, ვიდრე უბრალო შეხვედრებს ქუჩაში, ტრანსპორტში, თუნდაც რედაქციაში. მახსოვს ჩვენი საუბრები დადიანის ქუჩაზე კაფე “ორნი” – ში. უკვე ვთქვი და აქაც გავიმეორებ: მე, როგორც პოეტს, როგორც ადამიანსაც ბევრი რამ მასწავლა ამ ურთიერთობამ.
-მეც ბევრ რამეს ვისხსენებ და ვსწავლობ თქვენგან, ახალგაზრდებისგან. ამიტომაც ვთვლი, რომ აუცილებელია კავშირი თაობებს შორის.
-თაობა. როდისღა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის დანახვა გვერდით. დაჯგუფებები, დაპირისპირებები. ფინიში. Gეგონება ფინიში რომელიმე ლიტ-პრემია იყოს და გარანტირებულ ადგილს გვპირებოდეს ოლიმპოს მთაზე.
-ეს ყოველთვის ასე იყო და ასეც იქნება. ვერავინ მოშლის. არის ცილობა პირველობისთვის და არავის უნდა დაუშვას, რომ ლიტერატურულ პროცესს რამდენიმე სხვადასხვა სტილისტიკის პოეტი ქმნის და არა რომელიმე აკვიატებული სახელი. ეს პროვინციალიზმი ჩვენში დიდი ხანია გრძელდება, რაც პროფანული ღირებულებების ტრფიალიდან გამომდინარეობს.
-შეშის სუნი მენატრება ბოლო დროს, განსაკუთრებით შემოდგომით. სოფელი, მიწა. მივხვდი, მიწაზე ზედმეტად დამოკიდებული ადამიანი ვარ. აი პარადოქსია, სოფელი არ მაქვს და სულ ვნატრობ პატარა ეზოს, ხის სახლს, ბუხარს.
-ასეთი ნატვრა ბუნებრივია, ეს დაკარგული სამოთხის მონატრება უფროა, ვიდრე კონკრეტული სოფლის. ნებისმიერ ადამიანში არსებობს ასეთი ნატვრა, რომლის დაკონკრეტებასაც ვერ ახერხებს, თუმცა ხვდებიან, რომ უმიზეზობა და სისრულე ენატრებათ, რომლის აღდგენა ვერ ხერხდება.
– მოდით რამე ვუთხრათ მკითხველს, ახლა, ამ წუთში ჩვენი ჩაის სმის რიტუალს რომ აკვირდება.
-ყოველი ქრისტიანული ხატი დაფარულის გამოვლენა და ჩვენებაა/არეოპაგელი/, მაგრამ დაფარულის ჩვენების მცდელობაც, რადგან განსხვავება დაფარულსა და ხატს შორის უფრო დიდია, ვიდრე მსგავსება. მხატვრულს ტექსტშიც ჩვენ ვცდილობთ დაფარულის გამხელას, სანახევროდ თქმას, მინიშნებას. ასეთ ნიუანსურ სამყაროში გვიწევს არსებობა და მკითხველს ვუსურვებ ყოველივე სიკეთეს და ნამდვილი ლიტერატურის კითხვას.
პოეზია ხომ უმკითხველოდ არ არსებობს. მკითხველი ხიდია, და კომუნიკაციის გარეშე პოეტი არ არსებობს. თუმცა კი, ჩვენს ყოველდღიურ ყოფაშიც არის ჩამალული პოეზია, რომლის მიგნება დაუწერლადაც ხერხდება, მაგრამ ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის.
მკითხველო: ყველაზე დიდი ჯილდო ხარ გაწეული შრომისთვის და უძილო ღამეებისათვის. იმ შეცდომებისთვისაც, მე რომ საკუთარ თავს ვერ ვაპატიე და შენ, შენ უნდა მაპატიო. იმისთვისაც რომ ზიხარ ახლა და ამ არაჩვეულებრივ პოეტთან ჩემს საუბარს უკვე ჟურნალის ფურცელზე ეცნობი.
ჟურნალი “ქართული მწერლობა”