ეს აზრი რამდენიმე თვის წინ გამიჩნდა. გარესამყაროდან ყველაფერი რა სხვანაირი ჩანს. Aადამიანებს, რომლებიც შუშის იქიდან იმზირებიან, რატომღაც ლიტერატურა გამჭვირვალე ჭურჭელი ჰგონიათ, გამჭვირვალე კედლებითა და სუფთა ფსკერით. რამდენად ახერხებს ხელოვანი ადამიანი თავისი შინაგანი სიმართლის შენარჩუნებას ცხოვრებასა თუ ლიტერატურაში. ამ შეკითხვას ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს. ყვებიან თუ არა წიგნები მწერალს, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ამბის ნახევარია. “ერიდეთ წიგნებს! ისინი მხოლოდ ამბის ნახევარს ყვებიან!”- რა იგულისხმება მარკ ტვენის ცნობილ გამონათქვამში, რომელმაც თავის დროზე აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. ადამიანებს სხვადასხვაგვარი აქვთ ეს ჭურჭელი _ ზოგს მსუბუქი, ზოგიერთს კი მეტად მძიმე. სუფთა ან პირიქით, უფრო ჭუჭყიანი, მეტად ღრმა, ან ზედაპირული.. რამდენად სწორია ხელოვანი ადამიანის იდენტიფიცირება მის ტექსტებთან.. შესაძლებელია თუ არა ქვეტექსტების, ნიშნულების ან უბრალოდ კარგად შეფუთული სიმბოლოების მეშვეობით მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა…. იკარგება თუ არა მეტაფორებისა და ნიშნულების ტყვეობაში პოეტური სიმართლე. ვინ დგას ამ ტექსტების უკან, თავად ტექსტი, თუ ემოციების პედალირებით მოთამაშე ავტორი. ანდა სულაც, რა შეიძლება აწუხებდეს ამ უზარმაზარ, სიახლეებით გაჯერებულ 21-ე საუკუნეში ჩაკარგულ ხელოვან ადამიანს. საუბარი დიალოგის ფორმისაა, არანაირი შეკითხვები და ოფიციალური პასუხები. სწორედ ამიტომ, ფინჯან ჩაიზე, ჩემ სახლში, უზნაძის 105-ში, რომელსაც როგორც ამბობენ საოცარი ინტიმი აქვს, ველოდები ჩემს სტუმარს და არა რესპონდენტს.
——————————————————————————————————————————
დღეს ჩემი სტუმარი მწერალი ბესო ხვედელიძეა, ლიტერატურის მოყვარულთათვის ეს სახელი და გვარი კარგად ნაცნობია, მით უფრო რომ საქმე ახალგაზრდა, ჩამოყალიბებულ და წარმატებულ მწერალს ეხება. თუმცა დღეს მის ლიტერატურულ მიღწევებსა თუ ნაწარმოებებზე საუბარს ნაკლებად ვაპირებ, დღეს ის უბრალოდ ჩემი სტუმარია.
ყოველთვის ასე შემოდის ხოლმე _ ოდნავ თავდახრილი, სწრაფი ნაბიჯით და ბავშვური ღიმილით.
-აბა, როგორ ხარ?!
-კარგად. ზღვაზე იმდენი კენჭი დავთვალე, ნაღვლის ბუშტი დამიმშვიდდა და თირკმელებმაც აუბეს მხარი… ასე რომ მხნედ და ამაღლებულ განწყობაზე გახლავარ ტრადიცულად.
-ჩაის დალევ?
-უფრო მაგარი არაფერი გაქვს?
-ეჰ, არ არის შენი საშველი.
ბესო: რას ამბობ… მე რომ ნაშველი მაქვს, ნეტავი ყველას ეგრე ჭირდეს. ჩემზე იღბლიანი და ქუდბედიანი ლუცკყ მან-ი არც კი მეგულება ევრაზიაში თუ არა, კავკასიაში მაინც… ყველაზე მნიშვნელოვანი გარდამტეხი ეტაპის გავლის შემდეგ (რომელიც ყველას სხვადასხვა დროს უდგება ცხოვრებაში) რაც კი ძალიან მოვინდომე ცხოვრებაში, ყველაფერი ამისრულდა… ხანდახან მაგარ ორჭოფობაშიც ვარ, რომ შემთხვევით რამე ძალიან ისეთი არ მომინდეს, რაც ყირაზე დააყენებს დედამიწას.
ყველაფერი შენ კი არა, თვით ყველაზე ბედნიერ ადამიანსაც კი არ აქვს. მანამ კიდევ ერთი სურვილი აგხდენია და დედამიწა ყირამალა გადატრიალებულა, თქვი ერთი რა გაქვს.
დიდი თავი, სავსე გული, ნათელი გონება და შლეგი ფანტაზია. შესაშური სტერეოგამული გამოცდილება, ჯიბეში სახლის გასაღები, სადაც ყველაფერია, რაც მე საწერად მჭირდება. მაქვს რამდენიმე პირადი კომპიუტერი, შიგნით 100-მდე მოთხრობის იდეა და ფაბულა. ასევე, დაწყებული 5 რომანი და 10 ამდენი მოთხრობა. მყავს 2 შვილი სხვადასხვა ცოლისგან, გამუდმებით მტანჯავს ყველას კარგად ყოფნის სურვილი, მაქვს მზაობა რომ გავყვე პირველივე კოსმოსურ ექსპედიციას ახალი პლანეტის აღმოსაჩენად კოსმოსში… კიდევ მაქვს უამრავი წიგნი, ჩემივე ჩანაწერებით სავსე ბლოკნოტები, სხვადასხვა ფერის თვალები და ნაირფერი მაისურები… ჩემს ოთახს აქვს ფანჯრის გარე რაფა, რომელზეც მუდამ მტრედები სხედან. მაქვს საწოლი, რომელიც ამ ფანჯარასთან დგას. ოთახში საწერი მაგიდა. მაგიდაზე არეულობა. კიდევ მყავს ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ერთი მხრივ მზრდის შინაგანად და მეორე მხრივ კი მინგრევს წარმოდგენებს (მიცრუებს იმედებს) ადამიანთა ჭკუასა და გაქანებაზე… კიდევ მაქვს მაწაკი იუმორის გრძნობა _ ყოველ წამს სამიზნეში მყავდეს ამოღებული საკუთარი თავი – ეს ჩემი ძალაა… შენ?
არც ისე ცოტაა კარგად ყოფნისთვის. მე? უამრავი თეთრი თუ აჭრელებული ფურცელი, ბევრი საფიქრალი, სურვილი რომ ადამიანები ხშირად იღიმებოდნენ, მიწა, რომელშიც ხშირად საკუთარი ფესვების ძებნა მიწევს, უცხო ქალაქი, რომელსაც ვერაფრით ვტოვებ, პატარა ადამიანი, რომელიც მაიძულებს ყოველ დილით გავიღვიძო და დამავიწყდეს რომ დავიღალე. იუმორის გრძნობა, რომელიც ხანდახან მღალატობს, რადგან მწვავედ და პირდაპირ ვრეაგირებ რაღაცეებზე.
ხო. ნუ შენ მაინც ყველაფერი წინ გაქვს როგორც ჩემზე უმცროსს… მე კიდევ იმდენი რამე გამოვტოვე შეგნებულად ჩამონათვალში… ყველაფერს ხომ არ ჩამოვფქვავ… ასე ადვილად ბოლომდე ვერ გავიყიდები. ისე, კიდევ მაქვს საიდუმლოებები ბავშვობიდან, რომლებიც ჩემს მეტმა არავინ იცის… მაქვს ხილვასავით სიზმრები, რომლებიც რაღაც დროის გასვლის შემდეგ აუცილებლად უნდა ახდნენ და ასეცაა. იცი რა არ მაქვს? მილიარდიანი ანგარიში ციურიხის ერთ-ერთ ბანკში, მაგრამ ეს ხომ მაინც არაა მთავარი…. სამაგიეროდ ბევრი ისეთი რამე ვიცი და მაქვს, რაც ბევრს შეშურდება და ვერ მოელანდება… არ მყავს ავტომანქანა, რადგან ფეხით მოსიარულეთა პარტიაში ვარ გაწევრიანებული ბავშვობიდან… არ მაქვს გულბოროტი მეხსიერება – ადვილად ვივიწყებ უნიჭოთა და გონებასუსტთა მდაბიო გამოხდომებს… არ მაქვს ნებისყოფა დიდხანს ვტკეპნო ერთი ადგილი… არ მაქვს ტელეპატიის ნიჭი ჯერ გახსნილი, მაგრამ შემიძლია სხვათა აზრების მალულად კითხვა. ხანდახან ვარ მთვარეული, უფრო ხშირად გადარეული. ჯერ არ მაქვს გარკვეული – რა მინდა ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ მინდა ერთნაირად… არ მაქვს კვანტური მუდმივობის განცდა, თუმცა კი პარალელურ სივრცეებშიც ხშირად ვცხოვრობ, მაგრამ ჯერ მხოლოდ დროებით… არ მაქვს იარაღი, რომლითაც მოვიკლავ თავს, როდესაც ყველაფერი ყელში ამოვა.
გაგიტირაჟებენ ამ საუბარს, ეჭვი მაქვს. თავიდან რომ გაგიცანი რატომღაც მეგონა, რომ გიცნობდი. Aაი, ბავშვობაში რომ ვიღაცას იცნობ, მერე ათეული წლების შემდეგ რომ ნახავ და ბუნდოვნად გახსოვს რაღაც ამდაგვარი.. ორი ადამიანი ხარ ჩემთვის. ერთი მწერალი, მეორე კი ჩემს მეზობლად პლეხანოვზე რომ ცხოვრობს და ხანდახან უგზოუკვლოდ იკარგება. აბა რა გითხრა, მიუხედავად იმისა, რომ შენ ამბობ ყველაფერი მაქვსო, მაინც მგონია რომ ადამიანურად გიჭირს. თუმცა შენი მეორე მე ზუსტადაც რომ აი ამით იკვებება, საზრდოობს და მერე მტრედებსაც კი აპურებს ფანჯრის რაფაზე.. ვფიქრობ საკუთარი თავიდან და საკუთარი ფიქრებიდან ხშირად გარბიხარ. მერე ალბათ თავს იიმედებ რომ ესეც ერთგვარი საჭიროებაა. გაქვს შეწირულობის განცდა. ჩემი გადმოსახედით თუ ვიმსჯელებთ გეშინია კიდეც, ის რაც მოიპოვე არ დაკარგო. თუმცა ადამიანურად წესით უნდა გიჭირდეს, თანაც ძალიან. რომ არა იუმორის გრძნობა საშინლად დეპრესიული და მძიმე ადამიანი იქნებოდი ალბათ. მე ის ადამიანი მეტად მაინტერესებს, რომელიც კედლებს აწყდება, ვიდრე წარმატებული მწერალი, შეიძლება იმიტომ რომ ის ადამიანი ჩემი მეგობარია.
ამდენი რამე ჩემთვის ჯერ არავის უთქვამს. მაგ წარმოსახვით კედლებს, ჩემი აზრით, თესვის დროს აწყდები ადამიანი და მერე როცა მოსავლის მომკის ანუ ქვაზე დატოვებული მადლის აღების დრო მოდის – ყველაფერი თავის ადგილას დგება… რა ქნას მან, ვინც უკვე ნახა მთავარი, ეზიარა ჭეშმარიტებას, გაიგო მნიშვნელოვანი რამეები და ამის გამო უკვე სხვანაირად გაუყვა პირადი ცხოვრების გზას. მე კარგა ხნის წინ მაგრად დავიბზარე მიზეზთა გამო და ეგ კედლები ჩამოვიფრცქვენი. ახლა გაცილებით სუფთა ვარ, ლამის დედიშობილა. ისე, ამ გზაზე მოძრაობა მაინც რთულია. ბევრი ვერ უძლებს… ბეზრდებათ და სხვა (სათადარიგო) გზაზე გადადიან… ალბათ ზემოთნახსენები შეწირულობის განცდა და ნებისყოფა არ ჰყოფნით, და ასე გარდაისახებიან ერთ დროს ნიჭიერი, დამწყები მწერლები – უბრალო კლერკებად და ტანჯულ ოფისვუმენებად. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ეს რომ არ გამახსენდეს არაფრით იქნება – “ყველაფრის ცოდნა სულაც არაა მთავარი, მთავარის ცოდნა უკვე ყველაფერია”…
კი, აი მაგაში კი ნამდვილად გეთანხმები. ადამიანებს ხშირად რაღაცეები ბეზრდებათ, ღირებულებები იცვლება. ის რაც, ადრე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, შემდგომში შეიძლება უფრო “ყოფითმა” და “აუცილებელმა” ჩაანაცვლოს. ამიტომ არის აუცილებელი მარტოობა, სულიერი სიმარტოვე, საკუთარ თავთან დარჩენა, როცა კითხვის დამსმელიც შენა ხარ და მოპასუხეც.
მიყვარს მარტო ყოფნა. კონცენტრირებისა და საკუთარ თავში ჩაღრმავება-ბოდიალისთვის საუკეთესო პოზაა. სულ ვცდილობ რომ დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტ ხანს ვიყო საკუთარ თავთან ერთი-ერთზე… ეს მაგრად მხსნის და მილაგებს ბევრ რამეს (გონებაში რაც მაქვს არეულ-დარეული)… ისე, განდეგილი ჩემთვის ყველაზე დიადი ადამიანია, იმიტომ რომ მან აირჩია ცხოვრების ეს ურთულესი ფორმა და გაერიდა ბევრ საცდურს… ხშირად მიფიქრია, რომ მეც მაგ გზაზე დავდგები ოდესმე, თუკი ვერ ვნახე აქ სრული თავისუფლება, აგრეთვე ისეთი ადამიანი რომელიც ამ თავის უფლებაში მაგრად დამიდგება გვერდში და ერთად ვიქნებით მარტონი… ერთი გულისთქმით და ერთი განდობილობით… წასვლა ადვილი ჩანს ამ გადმოსახედიდან, დარჩენა კი _ ძნელი.. ამის გამო, ჯერჯერობით აქ ვარ, და რაც მაკლია საბოლოო მთლიანობისთვის ანუ საკუთარი თავის ბოლომდე შესავსებად _ გამალებით დავეძებ.
ჰო, ჩვენში მაინც კოდირებულია ფსიქოლოგიური კეთილგანწყობა მომავლისადმი. ამასწინად ერთ ფსიქიატრს ვესაუბრე. მითხრა, ადამიანმა თავისი მომავალი ძალიან კარგად იცის, უბრალოდ უნდა გაიხსენოსო. რაღა თქმა უნდა ქვეცნობიერის დონეზე. მეხსიერება წლით სავსე ჭურჭელივით არის და მომავალი მის ფსკერზე თვლემს, უბრალოდ უამრავი ყოველდღიური გამაღიზიანებლით მუდმივად სტრესის ქვეშ მყოფ ადამიანს შემეცნების ბოლო საფეხურზე ჩასვლისთვის აღარ სცალიაო.
მომავლის გახსენება… ამ თემაზე ჩვენც გვისაუბრია… ალბათ არ გახსოვს… რომ ადამიანს თავისუფლად შეუძლია გაიხსენოს როგორც გუშინდელი, ისევე ხვალინდელი დღე, და წარსულზე ფიქრით და დარდით კი არ იცხოვროს, არამედ იმით, თუ როგორი იქნება თვითონ ხვალ და რითი შეეგებება დამდეგ მომავალს… ძნელი კია გაექცე წარსულზე ფიქრებს (რაღაც რომ ასე არ მომხდარიყო და ეს რომ არ მექნა წარსულში) მაგრამ მცირე მონდომება, სიმტკიცე და სწორედ იქ იბრძმედება ადამიანი ფოლადივით, რათა ბევრად უკეთესად იყოს ხვალ.
ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ არჩევანის უფლებაზე. გვიტოვებს ცხოვრება არჩევანს? თუ ზემოთნახსენებს მივყვებით, გამოდის რომ თუკი მომავალი მეხსიერების სიღრმეში ყვინთავს, არჩევანიც არ გვქონია და საკუთარი უკვე დაწერილი ცხოვრების პერსონაჟები ვართ მხოლოდ. “თავიდან ჩვენ ვიგონებთ შენობათა ფორმებს, შემდეგ კი თავად ნაგებობანი იწყებენ ჩვენს ფორმირებას”. თუნდაც ლიტერატურაში… მე ხანდახან ისე მეშინია საკუთარი ნაწერების. ხომ იცი, სიტყვას რამხელა ძალა აქვს. უკვე ნათქვამი და მითუმეტეს ფურცელზე გადმოტანილი სიტყვა სრულიად შესაძლებელია განაჩენად იქცეს ადამიანისთვის.
ჩემი ყოველი დღე გზაგასაყარივითაა და მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებულ საით წავალ… მე და გარემო თანაბრად განვაპირობებთ ერთმანეთს. ალბათობისდა მიხედვით – იმდენი არჩევანი გაქვს, რამდენი ღერი თმაც აქვს ყველა ადამიანს ერთად აღებული თავზე. ანუ შეიძლება ითქვას რომ – მე ჩემს გულისკარნახს ვენდობი… არ მინდა ჩემი, ეგოცენტრული ნაბიჯებით ვინმე დავაზიანო – ამიტომ ანგარიშს ვუწევ სხვების გზას. თავგადასავლებიანი ცხოვრება მაქვს – მოგზაურობებიანი, აღმართ-დაღმართიანი, მუდამ მოჭიმული. ბავშვობიდან მოყოლებული კაი შარებში ვიყავი – საბავშვო ბაღში ერთი გოგოსთვის სიყვარულის ახსნის გამო კუთხეში მაყენებდა მასწავლებელი. სკოლაში თავად მასწავლებელს დავყავდით გაკვეთილებიდან შატალოზე. სკოლა კაი იყო – შემოსასვლელში, სტენდზე მუდამ ეკიდა ჩემი ფოტო როგორც წარჩინებული მოწაფის. გვერდით ეკიდა სსრკ-ს მთლად უფროსის ფოტო. მე მუდამ იქ ვრჩებოდი, სამაგიეროდ იცვლებოდნენ ისინი – ბრეჟნევი ანდროპოვით, ანდროპოვი ჩერნენკოთი, ჩერნენკო გორბაჩოვით… ბევრტვინისშერყევიანი ბავშვობა მქონდა და ბევრჯერ გადავრჩი – მშვიდობებშიც და ომებშიც. ამის მერე, იმის განცდა, რომ არასდროს არ ვარ მარტო – მუდამ ჩრდილივით დამდევს… რაღაც ენითგამოუთქმელ კონტროლს აბსოლუტის მხრიდან ალბათ ყველა და ყველაფერი ექვემდებარება, და ალბათ ამიტომაა ირგვლივ, ცხოვრებაში, ამ ლოგიკურ ქაოსში ყველა მშვიდობა ომით, კაცი – ქალით, დღე – ღამით, სიკეთე – ბოროტებით და თაგვი – კატითაა დაბალანსებული.
ჩემი ცხოვრება მრავალუცნობიანი განტოლებაა ჩემთვის. ამდენი ხანია ვხსნი, ვხსნი და ვერაფრით ამოვხსენი. დედაჩემმა იცი ხოლმე თქმა, ცხრა ბიჭს გავზრდიდიო… ბავშვობიდან მაქვს გამოყოლილი დუმილის დღეები, ასე დავარქვი მაშინ ისტერიულ მარტოობის სურვილს, დღეობით ხმას რომ არ მაღებინებდა და საკუთარ თავში მკეტავდა. ახლა, წლების შემდეგ კი ეს აუცილებლობად მექცა.
სხვების გარდა ჩვენი ადამიანებიც ხომ არიან ამ ორბიტაზე. ზოგჯერ მათზე ზრუნვაში ისე გადის დრო, იმაზე ფიქრსაც კი ვერ ასწრებ, თავად რა გინდოდა, რა გსურდა… თავისი ადამიანები ხომ ყველას ჰყავს. აი უბრალოდ რომ იტყვი- ჩემიანია და მორჩა. რა არის ამისთვის აუცილებელი? ყველაზე მეტად ალბათ ადამიანური სიმართლე, ასე რომ დაგვაკლდა თვალებში და ერთმანეთს ვაბრალებთ საკუთარ შეცდომებს მერე.
ნიჭიერი, გულისყურიანი, ერთგული, თავმდაბალი, ნაკითხი, თავისუფალი… – ასეთი იყო, სრულიად საკმარისია, რომ ძალიან ჩემიანი გახდე… თუმცა, მეტი რაა რო… აბა სად შემიძლია ადამიანის სოციალური მდგომარეობით, ვარცხნილობით და გვაროვნულობით გამორჩევა – ვიღაც პროვინციალი ხამი ხომ არ ვარ ეგეთებს მივაქციო ყურადღება.. ანუ სიასამური ბეწვით ვაფასო, და ადამიანი კი ტანსაცმლით. კიდევ ნებისმიერი საქმის პროფესიონალი მცოდნეები მხიბლავენ… დანარჩენი მეორეხარისხოვანია… ისე, არ არსებობს კარგი და ცუდი ადამიანი ჩემთვის… არსებობენ სუსტები და ძლიერები, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ცდებიან, ამეტებენ ან პირიქით.
და ამ ყველაფერს დამატებული ბუნებრივობა… სიყალბე ყველაზე საშინელი აქსესუარია, რომელსაც ხშირად იბნევენ გულზე სხვებზე მანიპულირებისათვის. ჩემი ადამიანი მართალი თვალებით უნდა იყურებოდეს. ამით გამოირჩევა გვერდზე ჯდომი, ქუჩაში მოსიარულე უამრავი გამვლელისაგან. მძურს ყველაფერი ხელოვნური, ქოთნის ყვავილებიდან დაწყებული ხელოვნებით დამთავრებული.
ნაწერში ხელოვნურობასა და სიყალბეს პირველივე სტრიქონიდან ვამჩევ… ეს ალბათ გამოცდილებამ მოიტანა. ინტუიციაც მეხმარება. ანგარებიანს, გულბოროტსა და ბოღმას სად შეუძლია კაი რამის შექმნა? კონკრეტული მოთხრობის შემთხვევაში თუნდაც ის, რომ ადამიანი ვერ ხვდება საიდან დაიწყოს ამბის მოყოლა, ანუ როგორ დაალაგოს სათქმელი – უკვე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დეფიციტია… აბა საპირისპიროდ გამოჰყევი ზემოთჩამოთვლილ თვისებებს: პატივმოყვარეობა, საკუთარი უმნიშვნელობის ველური განცდა, ფეხებზემკიდიაობა, ცხვირაწეულობა, უწიგნურობა და კიდე სხვა “ქართულ-რაინდული” შტამპები – რას დააწერინებენ ადამიანს წესიერს – ჰოდა, ამიტომაც იხარჯება ტყუილად და ბითუმად მელნის დიდი წილი საქართველოში. თუმცა აქაც არის ერთი ჩემეული “მაგრამ” – მე მაინც მწამს, რომ ნებისმიერ ლიტერატორ სავლეს აქვს შანსი გარდაისახოს ერთხელაც, და სამუდამო პავლედ იქცეს…
რა ვიცი აბა, ეს საკამათო თემაა. ადამიანური თვისებები განაპირობებენ შემოქმედებასაც. არასრულყოფილებით გამოწვეული საკუთარი უმნიშვნელობის კომპლექსი ადამიანს აგრესიულს და თავდაცვისთვის მუდმივად მზადყოფს ხდის. მოგინდეს ნეტა რამე ისეთი, ყირამალა დადგეს დედამიწა და თავდაყირა მყოფმა ადამიანებმა საკუთარი უმწეობა დაინახონ. ოღონდ ერთი წუთით მარტო… ამასობაში მესამე ფინჯანი ჩაიც დავლიეთ და მითხარი ახლა, ვინ არის ბესო ხვედელიძე, ჩემს წინ პატარა მაგიდასთან რომ ზის თუ…
ჩემი საყვარელი თანამედროვე ქართველი პროზაიკოსია… ფურცელზე მუდამ ტემპერატურაავარდნილი, წინასწარ ამოუცნობი, ტვინდარტყმული და მოულოდნელი… ცხოვრებაში თავისუფლების მოყვარული და უსაზღვრო ადამიანების კარგი მეგობარი… თანამედროვე მეზღაპრე, რომელიც იგონებს უცნაურ ამბებს, რომლებიც თავისუფლად შეიძლება მოხდეს სადღაც და ოდესმე… ის დარწმუნებულია, რომ მისი ყველაზე ნამდვილი მკითხველის უმეტესობა ჯერ კიდევ გზაშია ანუ ზრდაშია – ანუ ძალიან ბევრი რამ, რაზეც უფიქრია და ჩაღრმავებია, რის მერეც აუწყვია და დაუწერია ნაწარმოები – ტრადიციულად ძალიან უცხო და მიუღებელია ხოლმე ტლანქტვინიანი მასისთვის… აფურცლინე მაგათ ყვითელი ჟურნალები, გააგებინე _ ქართულ ბომონდში ვინ რაფერ ტრუსიკს ატარებს და ეგაა… ის სხვაგან ბანაობს და ნურავინ აუმღვრევს წყლებს პირად ინდსა და განგში!.. ანუ მტკვარსა და არაგვში
თავად განსაჯეთ.