რომელიღაც პარალელურ სამყაროში შენ შეუკვეთე მოკა ლატეს ნაცვლად
ბრიტანული გაზეთის “თაიმსის” მეშვეობით სტივენ ჰოკინგმა ადრე გაავრცელა განცხადება, რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტის მცდელობას საფრთხეც ახლავს თან – იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ინტელექტუალურები და განვითარებულნი არიან, მათი დედამიწაზე სტუმრობით შეიძლება ინდიელების ბედი გვეწიოს. “წარმოიდგინეთ, თუკი ისინი მოძრაობენ უზარმაზარი ხომალდებით და მათი მშობლიური პლანეტის მთელ რესურსებს ინახავენ. ასეთი განვითარებული არსებები ალბათ გახდებიან მომთაბარეები, დაიპყრობენ გზაში შემხვედრ პლანეტებს და მოახდენენ მათ კოლონიზაციას. თუკი უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები გვესტუმრებიან, ვფიქრობ, შედეგი იგივე იქნება, რაც ქრისტეფორე კოლუმბის ამერიკაში ჩასვლას ჰქონდა – ადგილობრივი ამერიკელებისთვის ამას კარგი შედეგი არ მოყოლია.” – განაცხადა მეცნიერმა.
სანამ პროგრამა “სეტის” (SETI – Search for extraterrestrial intelligence/არამიწიერი ცივილიზაციის ძებნა) მკვლევარები აქტიურად ეძებდნენ კოსმოსში სიგნალებს, ასევე მოიფიქრეს, რა უნდა ექნათ, თუკი უცხოპლანეტელებთან კონტაქტი დამყარდებოდა. 1996 წელს მათ საგულდაგულოდ შეიმუშავეს წესები და შეადგინეს ოქმი. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს მედიის ბლოკირება, რათა ახალი ამბავი ფართო საზოგადოებაში არ გავრცელდეს. ინფორმაცია მიეწოდება პირველ რიგში გაეროს გენერალურ მდივანს, შემდეგ კი გაეროს საბჭო სხდომას ჩაატარებს და გადაწყვეტს, ადამიანებმაც გაუგზავნონ უცხოპლანეტელებს საპასუხო სიგნალი თუ არა.
2007 წელს ამერიკულმა სამეცნიერო ჟურნალმა “სიდმა” (Seed) განაცხადა, რომ რუსი მკვლევარები კოსმოსში სიგნალებს უშვებდნენ არამიწიერი ცივილიზაციების აღმოჩენის იმედით.
ჰოკინგის განცხადების მიხედვით კი არამარტო სიგნალების გაგზავნა უნდა შეწყდეს ჩვენს მიერ, არამედ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ადამიანთა რასა დამალული და ფარული იყოს უცხო თვალისთვის. თუმცა შეიძლება უკვე გვიანიც იყოს. ჟურნალ “New Scientist”-ის სტატიაში “სეტის” მკვლევარი სეტ შოსტაკი შენიშნავს, რომ სიგნალის გაგზავნა-არგაგზავნის მიუხედავად, ჩვენი არსებობის შესახებ სავარაუდოდ უკვე იციან.
– უყურადღებოდ მოქცევის გამო ჩვენ უკვე 60 წელზე მეტია, გავთქვით ჩვენი არსებობის შესახებ სატელევიზიო, რადიო და რადარული გადამცემებით. სერიალ I Love Lucy-ის ეპიზოდებისგან წამოსულმა სიგნალებმა მიაღწია დაახლოებით 6000 მზის სისტემამდე და განაგრძობს გავრცელებას დღეში ერთი ახალი სისტემის სიჩქარით. თუკი იქ მეცნიერები არიან, აუცილებლად შეძლებენ სიგნალების დაჭერას. მართალია, მანძილის ზრდასთან ერთად ინტენსივობა იკლებს, მაგრამ თუკი უახლოესი ცივილიზაცია 1000 სინათლის წლითაა დაშორებული, მაინც დაიჭერენ ამ სიგნალებს. მათი ტექნოლოგია ჩვენსას ალბათ 1-2 საუკუნით უსწრებს წინ.
გარდა ამისა, შოსტაკის მიხედვით, ჩვენზე გაცილებით განვითარებული ცივილიზაცია საკუთარ მზეს იყენებს, როგორც გრავიტაციულ ლინზებს და ჩვენს პლანეტას იმხელა რეზოლუციით აკვირდებიან, რომ უცხოპლანეტელი მეცნიერები ქუჩის განათებიდან წამოსულ სინათლესაც კი დაინახავენ.
არის განსხვავებული მოსაზრებებიც – ფილოსოფოს-ასტრონომ ერიკ ჩეისონის აზრით, თუკი ცივილიზაცია ვითარდება ამდენი ხნის განმავლობაში, რომ უკვე ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა ძალუძს, მაშინ მათ უკან უნდა ჰქონდეთ მოტოვებული ომის იდეა, თუ არადა ამ დონემდე მისვლამდე გაანადგურებდნენ საკუთარ თავებს. ასეა თუ ისე, ჩეისონის აზრს სიფრთხილის მიზნით ბევრი მეცნიერი არ ეთანხმება.
სტივენ ჰოკინგის პერსონის გარშემო მღელვარება უცხოპლანეტელების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგაც არ შემწყდარა. კალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკოს და ბესტსელერი წიგნების ავტორ ლეონარდ მლოდინოვთან თანაავტორობით გამოცემულ ახალ წიგნში “The Grand Design/დიდებული დიზაინი” მან მრავალი ისეთი იდეა წამოჭრა, რამაც რელიგიური ადამიანების ხმამაღალი პროტესტი გამოიწვია. მეცნიერის განცხადებით, შესაძლებელია სამყაროს შექმნისა და ფიზიკის კანონების ჰარმონიის ახსნა “ისე, რომ არ ჩავრიოთ გულუხვი შემოქმედი, რომელმაც სამყარო ჩვენს სასიკეთოდ შექმნა”.
თუმცა ამ პროტესტებსა და მღელვარებაში ჩაიკარგა უფრო მნიშვნელოვანი, გაცილებით გამაოგნებელი და გამაბრუებელი თეორია – ჰოკინგი ფიქრობს, რომ ჩვენი სამყაროს საარსებოდ მასში მუდმივი ჩარევა და ზედამხედველობა უსარგებლოა და ნაკლებად საჭირო, რადგან ის მხოლოდ ერთ-ერთია სხვა მრავალი რეალობიდან.
– როგორც ჩანს, ჩვენი სამყარო ერთ-ერთი რიგითია სხვა მრავალ სამყაროს შორის, თითოეულ მათგანს კი განსხვავებული ფიზიკის კანონები აქვთ. მულტისამყაროს იდეა არაა ისეთი აზრი, რომელიც სასწაულებრივად გაჩნდა, ის ბუნებრივი გაგრძელებაა თანამედროვე კოსმოლოგიის მრავალი თეორიისა… გარემო პირობების დამთხვევები ჩვენს მზის სისტემაში არც ისეთი გასაოცარი აღმოჩნდა იმის გააზრების შემდეგ, რომ მილიარდობით ასეთი სისტემა არსებობს, რომლებიც მოქმედებენ ბუნების ჰარმონიული კანონებით, ამის ახსნა კი მრავალი სამყაროს არსებობის იდეითაა შესაძლებელი.
ცხადია, სტივენ ჰოკინგი არ ყოფილა პირველი, ვინც ალტერნატიული რეალობების არსებობის შესახებ განაცხადა. ეს იდეა დასაბამს იღებს მინიმუმ ბჰაგავატა პურანადან, ინდური რელიგიური ტექსტიდან, რომელიც დაიწერა ქრისტეს შობამდე 1300-800 წლებში. ჰოკინგის ნაშრომისგან განსხვავებით, ეს წერილი გვამცნობს, რომ მუდმივად იბადება უამრავი სამყარო თავისი მაცხოვრებლებით, შემდეგ კი ღმერთის ბრძანებით მათი განადგურება ხდება. უფრო ახლო წარსულში პარალელური სამყაროები გახდა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალთა სცენარის მთავარი თემა. ჯეკ ვომაკის 1993 წელს გამოშვებული რომანი “Elvissey/ელვისი” გვიამბობს, რომ მაშველთა ჯგუფი გაგზავნეს დედამიწის ალტერნატიულ ვერსიაზე, რათა ახალგაზრდა ელვის პრესლი დაებრუნებინათ, თუმცა ისინი აღმოაჩენენ, რომ ამ პარალელურ სამყაროში ელვისი არის გონებრივად ავადმყოფი სერიული მკვლელი და არანაირი მუსიკალური ნიჭი არ გააჩნია.
ფიზიკაში მრავალი სამყაროს იდეის ახსნა-განმარტება გვხვდება კვანტურ მექანიკაში, ის გამოიგონა 1957 წელს ჰიუ ევერეტ III-მ, მოგვიანებით კი დაიხვეწა ბრაის სელიგმან დევიტის მიერ 1960-იან და 70-იან წლებში. მათი მიზანი იყო, აეხსნათ გარკვეული მოვლენების წინააღმდეგობრივი თანაარსებობა, მაგალითად რადიოაქტიური ატომის ლპობა, კვანტური ტოლობებით. თუკი მოვლენების შეთავსება შეუძლებელი იყო რეალობის მხოლოდ ერთ ისტორიაში, შესაძლებელი ხდებოდა მაშინ, როცა რეალობის წარმოდგენა ხდებოდა ხის მსგავსად, რომელსაც აქვს უამრავი ტოტი, თითოეული ტოტი კი ყოველ შესაძლო ალტერნატივას ესადაგებოდა.
მრავალი სამყაროს თეორიის მომხრე მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, არსებობდეს სამყაროების უსასრულო რაოდენობა, რომლებიც წარმოიშობიან რეალობაში არსებული ყველა შესაძლო მოვლენის დროს. თუმცა სტივენ ჰოკინგის აზრი უფრო კონსერვატიულია. მისი თქმით, M თეორიის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ე.წ. “ყველაფრის თეორიას”, შესაძლებელია რეალობის აზრიანი ახსნა და თეორიიდან გამომდინარე, პარალელური სამყაროების რიცხვია 10^500 (ათი ხარისხად ხუთასი, ანუ 500 ნულიანი რიცხვი), თითოეულში კი განსხვავებული კანონები მოქმედებს.
თუმცა “New Scientist”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სამყაროსა და ასტრონომიის დარგების რეპორტიორი რეიჩელ კურტლენდი შენიშნავს, რომ მულტისამყაროს კონცეფცია კვანტურ მექანიკაში გარკვეულ თავის ტკივილებს წარმოშობს, რადგან ის ასევე ვარაუდობს დოპელგანგერების არსებობას. დოპელგანგერი გერმანულ ფოლკლორში ცოცხალი არსების პარანორმალურ ასლს აღნიშნავს. შემდგომში ეს სიტყვა უბრალოდ ადამიანის ორეულის ან გარეგნულად მსგავსი პიროვნების სინონიმად იქცა. შესაბამისად გამოდის, რომ პარალელური სამყაროების არსებობის შემთხვევაში ასევე არსებობს ჩვენი უამრავი ასლი. იდენტური ტყუპების არსებობის იდეა ანადგურებს კვანტური თეორის ერთ-ერთ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ობიექტი არსებობს ყველა შესაძლო მდგომარეობის “სუპერპოზიციაში” ერთდროულად, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ასლების არსებობას. ავიღოთ კლასიკური თეორიული მაგალითი – კატა, რომელიც ხაფანგიან ყუთში გაება, ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც, სანამ დამკვირვებელი ყუთში არ შეიხედავს. განტოლება, რომელსაც ბორნის წესი ეწოდება, გამოიყენება ასევე იმის გამოსათვლელად, თუ რა ალბათობაა კატის ცოცხლად ყოფნისა ან სიკვდილისა.
“New Scientist”-ის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თეორეტიკოსებს ვერ გადაუწყვეტიათ, როგორ გამოთვალონ ალბათობა, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ მისი უამრავი კლონი არსებობს სხვა სამყაროებში, რომლებიც აკვირდებიან ყუთებისა და კატების შესაბამის ასლებს. კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ანდრეას ალბრეხტმა ამ დილემას უწოდა “ბორნის წესის კრიზისი” და განაცხადა, რომ მსგავსი გამოთვლების ჩატარება შეუძლებელია. “ეს არის უდიდესი მარცხი ან კვანტური თეორიისა, ან პარალელური სამყაროებისა. თუკი თქვენ კოსმოლოგი ხართ, უნდა წუხდეთ”.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოს ენტონი აგირეს ხელმძღვანელობით მეცნიერთა ჯგუფმა ბოლო პერიოდში ამ დილემას ახსნა მოუძებნა – ისინი პოსტულატად მიიჩნევენ იდეას, რომ დოპელგანგერების უსასრულო რაოდენობა, რომლებიც სპეციფიკურ ექსპერიმენტს ატარებენ, ექვივალენტურია ერთი დამკვირვებლისა, რომელიც იგივე ექსპერიმენტს ახორციელებს დროის უსასრულო პერიოდებში.
კვანტურ თეორიაში დამკვირვებლისთვის აუცილებელია, რომ ექსპერიმენტის მსვლელობისას არ იცოდეს მისი დასასრული, შესაბამისად სხვადასხვა დამკვირვებელი განსხვავებულ შედეგს მიიღებს. “გაურკვევლობა წარმოიშობა იმ ფაქტიდან, რომ შენ არ იცი, მრავალი დამკვირვებლიდან რომელი ხარ”, – განუცხადა აგირემ “New Scientist”-ს.