National Geographicბუნება & სამყაროსურათები

National Geographic: ტროპიკული ტყეების ფოტოგალერეა

კანოე ძირითადი ტრანსპორტია კონგოს რესპუბლიკაში ტყეებთან მდებარე მდინარეებზე გადასაადგილებლად. მდინარე კონგოს აუზი მთლიანობაში 3.7 მილიონი კვადრატული კილომეტრია და მოიცავს ტროპიკულ ტყეებს, რომელთა ფართობი 2 მილიონ კვ. კმ-ზე მეტია. ამ მაჩვენებლით კონგოს აუზი მსოფლიოში მეორეა სიდიდით ამაზონის აუზის შემდეგ. კონგოს ტყეები ცნობილია ველური ცხოველების მრავალგვარობით, მათ შორისაა დიდი მაიმუნები, ტყის სპილოები და მდინარის თევზების 700 სახეობა. თუმცა აქ მარტო ცხოველები არ ბინადრობენ – ეს ადგილი უკვე 50 000 წელია, ადამიანებითაა დასახლებული. კონგოს აუზიდან სასმელი წყალი და საკვები მიეწოდება 75 მილიონ აფრიკელს.


ალისფერი თუთიყუშის სახეობა არას წარმომადგენელი ღეჭავს მცენარეებს ამაზონის ტროპიკულ ტყეში (ბრაზილია). ეს ფრინველები ყველაზე მეტად ცნობილები არიან ხმამაღალი კაკანით, ოთხთითა ფეხებითა და გასაოცარი კაშკაშა ბუმბულებით.


ტროპიკული ხშირი ტყეების იზოლირებულ ტერიტორიაზე მრავალი უნიკალური მცენარე ვითარდება ხოლმე, მაგალითად ეს ლეღვის ხე ფილიპინებში. მას ნაყოფი ეზრდება ხის ტანიდან გამოსულ ყლორტებზე და არა ტოტებზე.


ფოთოლზე წამოწოლილი ხვლიკი თბება პუერტო-რიკოში, ელ-იუნკეს ეროვნულ ტყე-პარკში. ელ-იუნკე ერთადერთი ტროპიკული ტყეა აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე ეროვნული ტყეების სისტემაში, რომელიც ფართობით 11 331 ჰექტარს მოიცავს.


მალაიზიური ტროპიკული ტყის მაიმუნი ქოქოსს მიირთმევს. მალაიზიაში ჯერ კიდევ დიდი ადგილი უკავია ტყეებს – ტერიტორიის დაახლოებით 60% ტყიანია. თუმცა ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური განვითარების გამო დაიწყო მასიური და სწრაფი გაჩეხვა. ტროპიკული ტყეები თავშესაფარია უზარმაზარი ბიომრავალფეროვნებისა, ხოლო ის ტყეები, რომლებიც ფარავენ მალაიზიის ზეგნებს, ხელს უწყობენ მდინარეების წყალუხვიანობას, მდინარეები კი ქვეყნის სუფთა წყლის 90%-ის წყაროა.


მდინარეები კოსტა-რიკას შორეულ ნახევარკუნძულზე, ოსაზე, მიედინებიან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაბლობის ტროპიკული ტყის გასწვრივ. ეს ტერიტორია დაცულია კორკოვადოს ეროვნული პარკის მიერ. კოსტა-რიკას ტყეების სიამაყეა მრავალგვარი ფერადი მცენარეები და სოკოები, ასევე დიდი ცხოველების უამრავი სახეობა – დაწყებული შესართავთან მაცხოვრებელი ნიანგებით და დამთავრებული იაგუარებით.


კანადა, ბრიტანეთის კოლუმბია, შხამიანი და ჰალუცინაციების გამომწვევი ფირფიტოვანი სოკოების სახეობა Amanita muscaria ზომიერი სარტყლის სანაპირო ტყეებში.


ხავსი ეკიდება ნაძვის ხეებს ჰოჰის მდინარის ხეობაში, ამერიკის ზომიერი სარტყლის ტროპიკულ ტყეებში ვაშინგტონის შტატში. აქ მდებარე ხეები ხშირად ხდებიან სხვა მცენარეების მასპინძლები და ერთ მცენარეზე მეორე იზრდება, ისევე როგორც ამ ნაძვისა და ხავსის შემთხვევაში.


კაზუარი, რომელსაც შემაშინებელი მზერა აქვს. ტროპიკულ ტყეებში მობინადრე ეს ავსტრალიური ფრინველები სიდიდით რიგით მეორენი არიან მსოფლიოში – სიმაღლით 1.7 მეტრი და წონით 70 კგ. მათი ერთადერთი მჯობნი ამ საკითხში სირაქლემაა. როგორც წესი, კაზუარები ერიდებიან ადამიანებს, მაგრამ საფრთხის შემთხვევაში აამოქმედებენ ხოლმე მძლავრ ფეხებსა და ხანჯლის მსგავს ბრჭყალებს და აგრესორს სერიოზულ ზიანს აყენებენ. მათ შეუძლიათ სირბილი, ხტუნვა, კარგად ცურავენ, თუმცა ფრენის უნარი არ გააჩნიათ.


პატარა თეთრსახა კაპუცინის ჯიშის მაიმუნები კოსტა-რიკის ტროპიკულ ტყეებში თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს და სხვა მრავალი ჯიში ცნობილია, ტროპიკულ ტყეებში მობინადრე სახეობების უმეტესობას ჯერ კიდევ სჭირდება სახელის დარქმევა, ფორმალური აღწერა და შესწავლა.


მარტორქა-ჩიტებს ეს სახელი დამახასიათებელი ნიშნის გამო ეწოდათ – ნისკარტის ზედა მხარეს მათ უცნაური გამონაზარდი აქვთ. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა დანიშნულება აქვს ამ ფრინველის “რქას”, შესაძლებელია ეს ეხმარებათ პარტნიორის მოზიდვაში ან აძლიერებს მათ მიერ გამოცემულ ხმას. მარტორქა-ჩიტები ძირითადად ტროპიკული ტყის ხილით იკვებებიან. ისინი უმეტესწილად ცხოვრობენ წყვილებად და ცნობილნი არიან გამორჩეული სტრუქტურის მქონე ბუდის შენებით, რომლის დროსაც მამრი ხის ფუღუროში მოთავსებულ მდედრს გარშემო უშენებს საცავს და უტოვებს მხოლოდ პატარა ნახვრეტს, რომლიდანაც საკვებს აწვდის მისთვის და ბარტყებისთვის.


წითელთვალება ხის ბაყაყი ცენტრალური ამერიკის ტროპიკული ტყეებისთვის დამახასიათებელი არსებაა. ძილის დროს მისი მწვანე ფერი ეფექტურ კამუფლაჟს ახდენს. შეშინების დროს მოულოდნელობის ეფექტისგან თვალები და ფეხები უწითლდება, რაც მტაცებელს აბნევს, ხოლო ბაყაყს გაქცევის საშუალებას აძლევს. მდედრი ბაყაყები კვერცხებს წყალთან მდებარე ფოთლებზე დებენ, ისე რომ ახალგამოჩეკილი თავკომბალები მაშინვე გუბურაში ჩახტნენ. თავკომბალები წყლის მწერებით იკვებებიან, სანამ ბაყაყად გარდაიქმნებიან და ხეებზე ძრომას ისწავლიან.


მზის სხივები აღწევენ ინდონეზიის ტროპიკული ტყეების სიღრმეებში ნიასის კუნძულზე. ტროპიკული ტყეები შედის დედამიწის ბიოლოგიურად ყველაზე მრავალფეროვანი არეალების სიაში. მათი ფლორა და ფაუნა გამორჩეულია და სასარგებლო ტყეებში მობინადრეთათვის, თუმცა ეხმარება ადამიანსაც. მაგალითად, ტროპიკული ტყეების მცენარეები გამოიმუშავებენ ისეთ ქიმიკატებს, რომლებიც ვნებენ მწერებს და ებრძვიან გარკვეულ დაავადებებს. ამან კი საფუძველი ჩაუყარა ახალი საჭირო წამლების შექმნას. თუმცა სამწუხაროდ ტროპიკული ტყეების ჩეხვის მაჩვენებელი საგანგაშო ზღვარს უახლოვდება, რაც თავისთავად გამოიწვევს იმას, რომ იქ მობინადრე სახეობები და ტროპიკული ტყის საიდუმლოებები ადამიანისთვის სამუდამოდ უცნობი დარჩება.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button