კინემატოგრაფიაკომიქსები

ორიოდ სიტყვა დედპულზე

რობ ლიფელდისა და ფაბიან ნისიეზას მიერ შექმნილი დედპული პირველად 1991 წელს გამოჩნდა. ლიფელდის განცხადებით, მას ყოველთვის მოსწონდა სპაიდერმენის კოსტუმის სიმარტივე, ამიტომ დედპულის კოსტუმიც იმავე სტილში შექმნა, რაც შეეხება პერსონაჟის იდეას, დედპული წარმოადგენს DC-ის პერსონაჟის Deathstroke-ის პაროდიას, ხოლო სახელი დაერქვა ბინძური ჰარის 1988 წლის ფილმის „The Dead Pool“-ის მიხედვით.
დედპული არ არის სუპერვილანი, დედპული არ არის სუპერგმირი, ის უბრალოდ… დედპულია, რადგან გმირი არის ის, ვინც აკეთებს კარგ საქმეს მორალურად და ეთიკურად მისაღები მოტივებითა და მეთოდებით (მაგ. სუპერმენი); ვილანი არის ის, ვისაც აქვს ბოროტი მისწრაფებები და იყენებს შესაბამის მეთოდებს (მაგ. თანოსი/დარკსეიდი); ანტიგმირი არის ის, ვისაც ამოძრავებს სამართლიანი და კეთილი მიზნები, თუმცა იყენებს მორალურად საეჭვო მეთოდებს (მაგ. სამურავი, დამსჯელი და ა.შ.). ვერც ერთ კატეგორიაში დედპული ცალსახად ვერ ჯდება (ყველაზე მეტად მაინც ბოლო კატეგორიას შეესაბამება). თუ გმირი ყველაფერს გააკეთებდა, რათა დაეცვა უდანაშაულოთა სიცოცხლე, დედპული კლავს მათ, რომლებსაც „ვარსკვავური ომების“ პრიქველი ურჩევნიათ მის ორიგინალ ნაწილს, ან ვისაც არ უყვარს ჩიმიჩანგა, ან ვინც, უბრალოდ, იმავე ადგილზე აღმოჩნდა, სადაც დედპულია. თუ გმირებს უნდათ შურისძიება ან სამშობლოს კეთილდღეობა, დედპული ჩალიჩობს გოგოებზე, უაზრო რაოდენობის ფულზე და იმ წარსული ცხოვრების გაგებაზე, ვიდრე კიბოთი დაავადებული ფსიქოპათი მუტანტი და სუპერიარაღი გახდებოდა.
დედპულმა იცის, რომ კომიქსის პერსონაჟია. ის არღვევს ე.წ. მეოთხე კედელს (წარმოსახვითი ბარიერი ფიქციურ (კომიქსების) და რეალურ (მკითხველის) სამყაროებს შორის) და ეს შესაძლებლობა გამოყენებულია იუმორისტული ეფექტის შესაქმნელად. დედპული ამ უნარს იყენებს მტრებზე ინფორმაციის შესაგროვებლად. ამ მიზნით, ის კითხულობს კომიქსების წინა ნომრებს თავის თავზე და თავის მტრებზე. დედპულმა ასევე იცის, რომ მის შესახებ არსებობს ვიკიპედიის სტატია და იმედი აქვს, რომ ფანები ხშირად განაახლებენ მას.
დედპულს აქვს დაჩქარებული განკურნების უნარი – უჯრედების გაძლიერებული რეგენერაცია მას იცავს ფიზიკური დაზიანებებისგან, თუმცა, პარალელურად, ეს იწვევს მენტალურ არასტაბილურობას და ფსიქოზს, რადგან, გაძლიერებული რეგენერაცია მოქმედებს მისი ტვინის უჯრედებზე. ასეთი ფსიქიკური მდგომარეობა მას აქცევს ყველაზე მოუხელთებელ მეტოქედ, რადგან ის არაპროგნოზირებადია, არ/ვერ მოქმედებს ლოგიკურად. მაგალითად, Taskmaster-მა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მოწინააღმდეგის საბრძოლო სტილის კოპირება ფოტოგრაფიული მეხსიერებისა და დაკვირვების შედეგად, ვერ შეძლო დედპულის ქაოტური და იმპროვიზებული მოძრაობების კოპირება.

დედპული ასევე ცნობილია მისი გაუჩერებელი და ტვინისმბურღავი საუბრით, რის გამოც ზედმეტსახელად მიიღო Merc with a Mouth. როგორც დომინომ აღნიშნა: „ყოველთვის მავიწყდება (ან ვივიწყებ, რათა აგონია ავიცილო), რომ ვილსონის ყველაზე მომაკვდინებელი იარაღი… მისი პირია! ის გელაპარაკება სისულელეებს, სანამ არ დანებდები ან თავს არ მოიკლავ“. ყველაფერთან ერთად, დედპული მორალისტია, რაც უჩვეულოა დაქირავებული მკვლელისთვის, თუმცა, როგორც Archangel ამბობს, მას არასდროს არც ერთი ჩეკი არ გაუნაღდებია.
რაც შეეხება სექსუალურ ორიენტაციას, დედპული ომნისექსუალია (ომნისექსუალიზმი ჰგავს ბისექსუალიზმს, თუმცა თუ „ბი“ ნიშნავს „კაცს და ქალს“, „ომნი“ გულისხმობს „ხან კაცს, ხან ქალს“). ტვინის უჯრედების გაძლიერებული სინთეზის გამო, მისი სექსუალური ორიენტაცია დროის კონკრეტულ მომენტში სხვადასხვაა. ნისიეზას განცხადებით, მკითხველს ხშირად უნდა, რომ პერსონაჟი „მისი საკუთარი“ გახდეს, დედპულის ცალსახა სექსუალურ ორიენტაციას კი შეიძლება ამაში ხელი შეეშალა. დედპული გამართულად ლაპარაკობს რამდენიმე ენაზე. დედპული არის ბოვინოფობი, ანუ მას ეშინია ძროხების (თუმცა, მისი ყველაზე დიდი შიში მარტოობაა). მენტალური მდგომარეობის გამო, დედპულს არ შეუძლია წარსულის გახსენება. ამით მანიპულირებს მარველის ბევრი პერსონაჟი და აყალიბებენ თავიანთ ვერსიებს მისი ვინაობის შესახებ. მაგალითად, ლოკი ამტკიცებდა, რომ იყო დედპულის მამა. გარდა ამისა, დედპული ამაყობს იმით, რომ მან გატეხა ვულვერინის ტამბლერის ექაუნთი და ნანახი აქვს ჯეკი ჩანის ყველა ფილმი.
2015 წლის ბოლოს დედპული სუპერპოპულარული გახდა მასზედ გადაღებული ფილმის დაანონსებით, რომელიც სულ ცოტა ხანში გამოვა კინოთეატრებში. ფოქსმა გვარიანი ინვესტიცია განახორციელა ამ პროექტში და ფანებსაც ერთი სული აქვთ, ეკრანებზე იხილონ ენაწყლიანი და ფსიქიკურად არამდგრადი გმირი. თუმცა, დედპულის წარსული იმდენად უცნაური, ექსცენტრიკული და არანორმალურია, რომ მისი რომელიმე ნაწილის იმ ფორმით ეკრანიზაცია, რომ მაყურებლები მოიზიდოს, ან შეუძლებელია, ან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მისი წარსული და თავგადასავლები იმაზე უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ფილმის ტრეილერიდან ჩანს. გთავაზობთ რადენიმე მათგანს:
DEADPOOL KILLS THE MARVEL UNIVERSE

ეს სათაური არც გონებამახვილური მეტაფორაა და არც ყურადღების მისაქცევი მარკეტინგული სვლა. ამ სერიაში დედპული გენოციდს უწყობს მარველის სამყაროს და მის თითქმის ყველა ნაცნობ თუ უცნობ პერსონაჟს კლავს. დედპული, წლების განმავლობაში, ნელ-ნელა დაშორდა ტიპური სუპერვილანის კონცეფციას და იქცა მარველის კოლორიტ ანტიგმირად. ის დაქირავებული მკვლელია. მას ფულს უხდიან და ისიც კლავს, რაც აშკარად არ არის პროტაგონისტული საქციელი, თუმცა, სუპერვილანის ცნებაშიც ვერ ჯდება. ამას ემატება დედპულის ფსიქიკური არამდგრადობის ფენომენი.
სერია იწყება ფანტასტიკური ოთხეულის სიკვდილით და დედპული ხდება უკონტროლო. რატომ მოუნდა მას, რომ მარველის მთელი მოსახლეობა გაეწყვიტა? იმიტომ, რომ შეშლილია. მისი განკურნების მცდელობისას, იქს-ადამიანებმა ის გადასცეს ექიმად შენიღბულ Psycho-Man-ს, რომელმაც კიდევ უფრო გააგიჟა დედპული. ამის შემდეგ დედპულის მოქმედებებს მხოლოდ ერთი ფრაზა წარმართავდა – მოკალი! თუმცა, დედპული კრეატიულია, ის მკვლელობის ბანალურ ხერხებს არ ირჩევს. მაგალითად, როგორ უნდა მოკლა ლიუკ ქეიჯი, რომელსაც შეუღწევადი კანი აქვს? დედპული იღებს პიმის ნაწილაკებს (ეს ის ნაწილაკებია, რომლითაც ანტმენი ზომას იცვლის), აპატარავებს ბომბებს, მათ აგდებს ლიუკის ყავაში და ააქტიურებს მას შემდეგ, რაც ლიუკი ყავას დააგემოვნებს.
საბოლოოდ, მარველის სამყარო გმირებისგან დაუსახლებელ და უფრო სისხლიან ადგილად იქცევა. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც ვერასდროს/არასდროს გახდება შესაძლებელი ამ სერიის ეკრანიზაცია: არავის უნდა ნახოს, როგორ უმოწყალოდ და შეუბრალებლად იხოცებიან საყვარელი გმირები. ამაზე დიდი პრობლემაა პროექტის ლოჯისტიკა და ამდენი გმირის ერთ ფილმში თავმოყრა, რადგან მათი საავტორო უფლებები, მარველი წყალობით, სხვადასხვა კინოკომპანიებშია მიმოფანტული. გარდა ამისა, მარკეტინგული პერსპექტივიდან, თუ ყველა გმირი მოკვდება და რამდენიმე თვის შემდეგ გამოვა ახალი ფილმი რომელიმე მათგანზე, ის სავარაუდო ფინანსური კრახისთვისაა განწირული, თუ, რა თქმა უნდა, არ დაიწყება ალტერნატიული რეალობების პოპულარიზაცია. თუმცა, მაყურებელთა უმრავლესობაში ეს უკმაყოფილებას და გაუგებრობას გამოიწვევს.
DEADPOOL KILLUSTRATED

თუ მარველის ფანებს არ მოეწონებათ დედპულის მიერ მარველის მთელი სამყაროს „პირისაგან მიწისა აღგვა“, არც კლასიკური ლიტერატურის მკითხველებს მოეწონებათ ამ სერიაში განვითარებული მოვლენები. სერიაში დედპული აღმოჩნდება ახალი პრობლემის წინაშე – მხოლოდ ის ხვდება, რომ ის და მარველის დანარჩენი გმირები წარმოადგენენ კომიქსების ფიქციურ არსებებს. იმისათვის, რომ ბოლო მოუღოს აბსრურდულ მკლელობებს და გაცოცხლებებს, მან უნდა მოკლას თავად მხატვრული ლიტერატურა. ის თავს მოუყრის სუპერჭკვიან ვილანებს და შეადგენენ გეგმას, რაც გულისხმობს ყველა რეალობის მატერიაში მოგზაურობას და ლიტერატურის კლასიკის განადგურებას. თუ ისინი გააკეთებენ ამას, ვეღარაფერი შთააგონებს თანამედროვე მწერლებს და, შესაბამისად, ვეღარ იარსებებენ კომიქსების პერსონაჟები.
დედპულსაც მოსწონს გეგმა, ის გადადის მატერიაში და კლავს დონ კიხოტს და მობი დიკს, სანამ მიაკითხავს შერლოკ ჰოლმსს, დრაკულას, ტომ სოიერს, ქალთევზას, მაუგლის, ებენეზერ სკრუჯს და ა.შ.
ყველა ნაწარმოები, რომლებსაც დედპული ანადგურებს, საჯარო საკუთრებაშია, შესაბამისად, საავტორო უფლებები პრობლემა არაა, თუმცა, პერსონაჟთა მასიური გალერეის გამო თითქმის შეუძლებელია თითოეული მათგანის განვითარებისთვის საკმარისი ქრონომეტრაჟის გამონახვა. მაგალითად, დრაკულა და ტომ სოიერი ერთ ნარატივში ჯამში 5 წუთით? რა თქმა უნდა – არა.
DEADPOOL VOLUME 3 #1

სტენდაფ კომიკოსის ბრაიან პოსენის მიერ დაწერილი ეს სერია საშუალებას აძლევს დედპულს, ბოლომდე გამოიყენოს თავის იუმორისტული პოტენციალი. დედპულის ძველ კომიქსებს აქვს ერთი შესამჩნევი ნაკლი – ისინი არ არის იუმორისტული. მართალია, რომ კომიქსების მწერლები გონებამახვილები არიან, თუმცა არა კომიკოსები. პოსენის შრომის შედეგად კი დედპული ბრუნდება ინტენსიური ძალადობით და ბევრი სიცილით.
დედპულის პირველ თავგადასავალზე პოსენისა და შემოქმედებითი კოლექტივის პატრიოტულმა სულისკვეთებამ იმოქმედა და დედპული ამერიკის გაცოცხლებულ-გაზომბებულ პრეზიდენტებს ებრძვის. დედპული დენის დარტყმით მეტროში კლავს ფრანკლინ დელანო რუზველტს, ზოოპარკში სპილოსთან ერთად კლავს ტედი რუზველტს, ვერტმფრენის ფრთებით ნაკუწებად აქცევს ჯერალდ ფორდს და ა.შ. პლიუს ამას, შეუწყალებელი დედპული ნიქსონის ძაღლსაც ისტუმრებს საიქიოს.
საინტერესო და სახალისოა, თუმცა არის კი მზად ამერიკელი მაყურებელი, რომელიც უმოწყალოდ ხოცავს ამერიკის ყველა მკვდარ პრეზიდენტს? და ზოოპარკის ცხოველებს? და საბჭოთა კავშირის მექანიკურ მაიმუნებს? (თუმცა, ეს უკანასკნელი ამ მხრივ პრობლემას ქმნის).
SUPERMAN/BATMAN ANNUAL #1

სავარაუდოდ, ეს დედპულის მოღვაწეობის ყველაზე შთამბეჭდავი ნომერია კომიქსების ისტორიაში. თუ სათაური გაიაზრეთ, ალბათ მიხვდით, რატომ იქნება შეუძლებელი ამ სერიის ეკრანიზაცია. დედპული მარველის პერსონაჟია, სუპერმენი და ბეტმენი კი DC-ის. საინტერესოა, როგორ შეიქმნა ეს კომიქსი?
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დედპული გარკვეული პლაგიატის შედეგია. ზოგი არ აღიარებს, რომ არტისტმა რობ ლიფელდმა პერსონაჟი მოპარა DC-ს, სადაც ის ცნობილი იყო, როგორც Deathstroke. უჩვეულო ის არის, რომ მწერალ ფაბიან ნისიეზას, როცა მიხვდა, რომ ლიფელდმა პერსონაჟი მოიპარა, პროტესტი არ გამოუთქვამს და ფაქტს შეეგუა. ლიფელდმა კი სარკაზმსაც მიმართა და, Deathstroke-ის პატივსაცემად, რომლის სახელია სლეიდ ვილსონი, დედპულს დაარქვა ვეიდ ვილსონი. ეს საქციელი ტრაკში პანღურის ამორტყმის ტოლფასი იყო DC-თვის. DC ეს შეამჩნია, თუმცა შეეგუა.
SUPERMAN/BATMAN ANNUAL #1-ის 2006 წლის ნომერში, ჩნდებიან პოპულარული პერსონაჟების განზომილებათშორისი ორეულები, ხოლო Deathstroke-ის ორეული აშკარად ჰგავს დედპულს.
თავად SUPERMAN/BATMAN ANNUAL #1-ის მთლიანი ნარატივი ხარისხობრივად მოიკოჭლებს – ერთ ეპიზოდში სუპერმენს და ბეტმენს ერთ საწოლშიც კი ძინავთ. სერიის მთელი ხალისი არაოფიციალური დედპულის შემოპარვაა. ამ ყველაფრის გამო კი ცხადია, რომ დედპულის ეს თავგდასავალი ვერასდროს იხილავს კინოდარბაზებს.

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

წყარო
http://celsius-233.blogspot.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button