განხილვალიტერატურაწიგნები

აიზეკ აზიმოვის „The God Themselves“ და მასტურბაცია პარალელურ სამყაროში

ზიგმუნდ ფროიდი შესანიშნავი მწერალი იქნებოდა: მისი პერსონაჟები ლიტერატურის არც ერთ კრიტიკოსს არ დაუტოვებდნენ მათ ფსიქოლოგიასა და ფარულ მოტივებზე მსჯელობის საშუალებას. ფროიდის ყველაზე ცნობილ „ამბავს“ მხოლოდ სამი პერსონაჟი ჰყავს: იდი, ეგო და სუპერეგო. ეს არის ამბავი სურვილის, ძალაუფლებისა და კონტროლის, რთული შინაარსითა და გახსნილი პერსონაჟებით, რომელთა გაგება მათი ბოლომდე გახსნილი პერსონალურობის გამო კიდევ უფრო რთულია. ფროიდის მიხედვით, ჩვენი პიროვნება ჩვენსავე გონებაში ასახული სურვილებისა და მისწრაფებების „დრამაა“. ძველი ბერძნები ფიქრობდნენ, რომ ადამიანთა ცხოვრება ოლიმპოს მთაზე მცხოვრები ღმერთების მიერ შექმნილი დრამა იყო. ფროიდსაც მიაჩნდა, რომ ადამიანები მათი გონების მიერ დადგმული დრამის მსახიობები არიან. ეს მსახიობები კი სამი ასპექტის – იდის, ეგოსა და სუპერეგოს ჯამია. იდი მოქმედებს სურვილებით, ეგო – მოლაპარაკებებს აწარმოებს იდთან, თან ცდილობს ასიამოვნოს სუპერეგოს, სუპერეგო კი ცივ გონებას ინარჩუნებს და ერთგვარი მშობლის ფუნქციას თამაშობს, რათა იდმა და ეგომ გზიდან არ გადაუხვიოს. თითოეულ მათგანს „ამბის“ თავისებური ფინალი მიაჩნია სწორად. იდს ერთი დიდი კოზირი აქვს, ძალა სახელად ლიბიდო – ინსტინქტებიდან წარმოქმნილი პირველყოფილი სასიცოცხლო ენერგია. ლიბიდოს გარეშე დრამაში თამაში მინიმუმ მოსაწყენი იქნებოდა.
The God Themselves 1972 წელს გამოიცა. ამ დრომდე დაახლოებით 15 წლის განმავლობაში აზიმოვს არც ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწარმოები არ დაუწერია, გარდა პოპულარული სამეცნიერო ნაშრომებისა და მოკლე მოთხრობებისა. გამოსვლიდან ერთ წელიწადში ამ მოთხრობამ ნებულასა და ჰიუგოს აღება მოახერხა. აზიმოვი ისევ ძველ ფორმაში იყო, თუმცა The God Themselves-მა აზიმოვის შემოქმედებაში ახალი ელემენტი შემოიტანა, რაც კრიტიკოსების დამსახურება იყო. კრიტიკოსები ყოველთვის შენიშნავდნენ, რომ აზიმოვის ნაწარმოებებს აკლდა უცხოპლანეტელები და სექსი. The God Themselves იყო პასუხი ამ კრიტიკაზე – სამეცნიერო ფანტასტიკის მორიგი შედევრი, ბევრი სექსითა და უცხოპლანეტელებით, უფრო სწორად, უცხოპლანეტელებს შორის სექსით. 
„ორლეანელ ქალწულში“ ფრიდრიხ შილერმა დაწერა, რომ „სისულელის წინააღმდეგ თავად ღმერთებიც კი ამაოდ ირჯებიან“ (Against stupidity the gods themselves contend in vain). აზიმოვმა The God Themselves სამ ნაწილად დაყო და თითოეულ ნაწილს შილერის ზემოთხსნებული ციტატის ნაწილები შეუსაბამა: „სისულელის წინააღმდეგ“, „თავად ღმერთები“ და „ამაოდ ირჯებიან“. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დედამიწამ იპოვა სუფთა, უფასო და დიდი პოტენციალის მქონე ენერგიის წყარო, რომლის ფუნქციონირება ეფუძნება დედამიწასა და პარალელურ სამყაროს შორის ვოლფრამისა და პლუტონიუმის იზოტოპების გაცვლას, რომლებიც, განსხვავებული ფიზიკური კანონების მოქმედების შედეგად, გამოყოფენ თავისუფალ ნაწილაკებს და წარმოქმიან დიდ ენერგიას. კაცობრიობა იმდენად მიეჩვია ახალ ენერგიას, რომ ტრადიციულ ნავთობზე და ბუნებრივ აირზე დაბრუნება ქვის ხანაში დაბრუნებად მიაჩნია.
თუმცა, პრობლემა პირველივე ნაწილში იკვეთება. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ასეთი ენერგიის გამოყენება მზის, ხოლო საბოლოოდ – „რძიანი გზის“ განადგურებასაც კი გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, ამ „ერეტიკული“ აზრის განვითარებას მომავალი არ უწერია, რადგან ახალი ენერგიის აღმომჩენი მეცნიერის გავლენა უკვე ისეთი სიძლიერისაა, რომ ყოველგვარ განსხვავებულ აზრს ჩანასახშივე სპობს. პირველი ნაწილის პირველი 50 გვერდი  ჩვეულებრივი „ლაბორატორიული თრილერია“, საინტერესოც ნაკლებად ხდება, თუმცა მწიფდება ის პრობლემა, რაც მუდმივად არსებობდა მეცნიერების ისტორიაში: ახალი გამოგონების გვერდითი (ნეგატიური) ეფექტების დაუნახავობა – კაცობრიობის დიდი სისულელე. ატომური ბომბი, მასობრივი განადგურების იარაღები, მაღალი სიხშირის ანთროპოგენული ზემოქმედება გარემოზე – ყველა მათგანი მეცნიერული პროგრესითაა გამართლებული. წარმატებებით მოხიბლულ მეცნიერებას ნაკლებად აინტერესებს კაცობრიობის ბედი. სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როცა მთელ ამ „მეცნიერებას“ კონკრეტული ერთი მეცნიერი წარმოადგენს. ამის შედეგი ლაკონურად და შავი იუმორით გვიჩვენა კურტ ვონეგუტმა „კატის აკვანში“. გამოგონებები, რომლებიც კაცობრიობისთვის იქმნება, სინამდვილეში კონკრეტული მეცნიერის გამოწვევა და მასში მოპოვებული გამარჯვებაა, ყველგან ინდივიდუალური ინტერესი ფიგურირებს. როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი სენატორი ამბობს, კაცობრიობას კი არ უნდა საყოველთაო კეთილდღეობა, არამედ – ყველა ადამიანს უნდა პირადი კეთილდღეობა. შეიძლება შედეგი ერთი და იგივე იყოს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ კაცობრიობის მომავალი აღარავის ანაღვლებს. ყველა დღევანდელი დღით ცხოვრობს. კოლექტიური „ჩვენ“-ის მაგივრად არსებობს ინდივიდუალური „მე“. თუმცა პოლიტიკური იდეოლოგია ბუნებას ნაკლებად აინტერესებს, ის თავისი კანონებით მოქმედებს. პირველი ნაწილიდან ადვილად შეიძლება დავასკვნათ, რომ სისულელის წინააღმდეგ, რომელიც საზრდოობს სამეცნიერო ფანატიზმის გავლენისა და კომფორტული ცხოვრების სურვილით, ყველა მეცნიერის საღი აზრი იმთავითვე განწირულია.

ნაწარმოების მეორე ნაწილი – „თავად ღმერთები“ – სხვა განზომილებაა როგორც ლოკაციით (პარალელური სამყარო), ისე – ლიტერატურული სტილის გათვალისწინებით. ამ ნაწილში გადავდივართ პარალელურ პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს მომაკვდავი მზის გარშემო. პარაპლანეტის საზოგადოება იყოფა ორ ძირითად ნაწილად: „მკვრივები“ და „რბილები“. „მკვრივები“ წარმოადგენენ პარაპლანეტის ინტელექტუალურ საზოგადოებასა და სამეცნიერო წრეს, ხოლო „რბილები“ – რიგით მოსახლეობას. „რბილების“ საზოგადოება დაყოფილია ტრიადებად, თითოეულ ტრიადაში ყოველ „რბილს“ თავისი სტატუსი აქვს: „ემოციური“, „რაციონალური“ და „მშობლიური“. თითოეულ ტრიადას კი ერთი მენტორი ჰყავს „მკვრივის“ სახით.

სწორედ ამ ნაწილში გვჭირდება, რომ ფროიდის ზემოთხსენებული „ამბავი“ ერთხელ მაინც გვქონდეს წაკითხული ან მოსმენილი. ამ ნაწილის ცენტრალური ტრიადა – ოდინი, დუა და ტრიტი (რუსულად ერთი, ორი, სამი) – ფროიდისეული „სამი მუშკეტერის“ ყველაზე კარგი ლიტერატურული განსახიერებაა. მიუხედავად სამეცნიერო ფანტასტიკისა, აიზოვმა შეძლო, რომ ნაწარმოების ეს ნაწილი სექსუალობის, ორგაზმის, მასტურბაციისა და სექსუალური ტაბუს სამცენიერო ფანტასტიკის მანიფესტად ექცია. პარაპლანეტის საზოგადოებაში ტრიადას აქვს მხოლოდ ერთი ფუნქცია – წარმოქმნას ახალი ტრიადა. პარაპლანეტის ბუნებრივი კანონების გამო, სქესობრივი კავშირი რადიკალურად განსხვავებული ინტერაქციით ხასიათდება, ვიდრე დედამიწაზე. სექსის დრო ტრიადის წევრები ატომები ერთმანეთს იმდენად შორდება, რომ შესაძლებელია საკუთარ ატომებს შორის წარმოქმნილი სივრცე ტრიადის სხვა წევრმა შეავსოს. შესაბამისად, სამი წევრი ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ სივრცეში იმავე მოცულობას იკავებენ, რასაც თითოეული წევრი ცალ-ცალკე. და კიდევ ერთი თავისებურება: ახალი ორგანიზმის წარმოსაქმნელად საჭიროა სამივე წევრის სქესობრივი ინტერაქცია, ამ დროს ყოველ წევრს თავისი როლი აქვს: „ემოციური“ ტრიადას უზრუნველყოფს ენერგიით (ლიბიდო), „რაციონალური“ გამოიმუშავებს სპერმას, ხოლო „მშობლიურში“ ხდება ნაყოფის ჩასახვა (სხვათაშორის „მშობლიური“ მამრობითი სქესისაა).

პარაპლანეტის მორალის მიხედვით, ტრიადაში მყოფ „ემოციურს“ ეკრძალება დამოუკიდებელი სქესობრივი აღგზნება, თუმცა დუა („ემოციური“) არ ერიდება და როგორც აზიმოვი წერს, ხშირად იკავებს ადგილს კლდის მოლეკულებს შორის, მარტივად რომ ვთქვათ, მასტურბირებს. ორგაზმის დროს კიდევ ერთი უცნაურობა შეინიშნება – ტრიადა „მყარდება“, უფრო მკვრივი ერთიანობა ხდება, ფიზიკური მახასიათებლებით „მკვრივებს“ უახლოვდებიან. სქესობრივი აქტი რამდენიმე დღე გრძელდება და ცნობიერების გათიშვას იწვევს. „ემოციური“ დუა ასევე ინტერესს იჩენს მეცნიერებისადმი, რაშიც ეხმარება „რაციონალური“ ოდინი, თუმცა ეს ყველაფერი არ სიამოვნებს „მშობლიურ“ ტრიტს. მოკლედ, „თავად ღმერთებიც“ ფროიდისეული „დრამის“ მონაწილეები არიან: დუა (იდი) მოქმედებს სურვილებით, ოდინი (ეგო) ცდილობს დიპლომატიური პოზიცია დაიკავოს ტრიადაში, ხოლო ტრიტი (სუპერეგო) მხოლოდ ტრიადის ფუნქციის შესრულებაზეა ორიენტირებული, ის ცივი გონებით მოქმედებს. სწორედ დუა აღმოჩნდება ის, ვინც მიხვდება, რომ ენერგიის გაცვლა დედამიწასთან დედამიწის გალაქტიკის განადგურებას გამოიწვევს, თუმცა მისი „საღი“ აზრი პარალელურ სამყაროშიც განწირულია, რადგან პარაპლანეტას თავისი პოლიტიკა აქვს: თუ დედამიწა განადგურდება, მისი განადგურების შედეგად წარმოქმნილი ენერგია პარაპლანეტას მილიარდობით წელი ეყოფა.

რაც შეეხება „თავად ღმერთების“ მეორე განზომილებას – ლიტერატურულ სტილს – აქ საქმე კიდევ უფრო რთულადაა: პირველი რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ მინიმუმ წიგნის ყდას დახედავთ, რათა დარწმუნდეთ რომ მართლაც აზიმოვს კითხულობთ.თავის ავტობიოგრაფიაში (I. Asimov: A Memoir..) აზიმოვმა დაწერა, რომ მთლიანად ეს ნაწარმოები, განსაკუთრებით კი მეორე ნაწილი, იყო ყველაზე რთული გამოწვევა მისი სამწერლობო შემოქმედების ისტორიაში. სირთულე მდგომარებს იმაში, რომ პარაპლანეტის წყობაზე და საზოგადოებაზე ინფორმაციას ვიღებთ ტრიადის თითოეული წევრის პერსპექტივიდან, თუმცა ეს ინფორმაცია წარმოადგენს ცნობიერების ნაკადებს, სპონტანურ ფიქრებს, რადგან ტრიადის წევრების ერუდიცია მათ საშუალებას არ აძლევს ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. მეორე ნაწილის დასრულების შემდეგად შეიძლება ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩეს – საჭიროა საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების დაჭერა და საბოლოოდ, მეტ-ნაკლებად აწყობილ მოზაიკასაც მიიღებთ. „თავად ღმერთების“ სტილი ცნობიერების ნაკადისა და მაგიური რეალიზმის ერთგვარი ნაზავია. სამეცნიერო ფანტასტიკაში ასეთი წერის სტილი ცოტა იშვიათია, თუმცა იგივე სტილი გვხვდება თეოდორ სტარჯენის „უფრო მეტი, ვიდრე ადამიანში“.

მესამე ნაწილი – „ამაოდ ირჯებიან“ – მოგვითხრობს რამდენიმე წლის შემდეგ მთვარეზე განვითარებულ მოვლენებს. დედამიწელებმა შესძლეს და მთვარეზე შექმნეს მიწისქვეშა კოლონია. მთვარეს აქვს დამოუკიდებელი სტატუსი, მის „მოქალაქეებს“ კი ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვთ დედამიწასთან. დედამიწიდან ჩასულ ადამიანებს „იმიგრანტებადაც“ მოიხსენიებენ. ამ ნაწილში ერთგვარად თავს იყრის პირველი ორი ნაწილის მთავარი თემები: მეცნიერული ფანატიზმი და სექსუალობა. დედამიწიდან ჩასული მეცნიერი ცდილობს იპოვოს გამოვასავალი მზის განადგურების შესაჩერებლად და, პარალელურად, ვითარდება სექსუალური ლტოლვა მასსა და მთავარის მოქალაქე სელენს შორის (დედამიწელსა და მთვარის მოქალაქეს შორის სექსი საშიშია, რადგან გრავიტაციული განსხვავებების გამო მათი ორგანიზმები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ შესაძლოა დედამიწელმა სექსის დრო მთვარეული პარტნიორი, პირდაპირი გაგებით, ძვლებში დაამტვრიოს). რაც შეეხება მეცნიერულ ფანატიზმს, დედამიწელ მეცნიერს მთვარი სამეცნიერო ელიტის წარმომადგენელი ყველანაირად უშლიას ხელს, რომ მთვარის ზედაპირზე ცდები არ ჩაატაროს. მთვარეზეც კი მეცნიერული საღი აზრი საერთო პოლიტიკის წინააღმდეგ ამოჩნდება. თუმცა, მეცნიერი საბოლოოდ შეძლებს პრობლემის მოგვარებას. პრობლემის არსი კი შემდეგია: ენერგიის გაცვლა პარალელურ სამყაროს შორის იწვევს პარასამყაროების ფიზიკის ბაზისური კანონების ერთმანეთში არევას, რასაც შეეძლო აპოკალიფსის გამოწვევა. მეცნიერის თეორიის მიხედვით, თუ არსებობს ერთი პარალელური სამყარო, იარსებებს კიდევ მათი განუსაზღვრელი რაოდენობა. თუმცა, პრობლემა კვლავ იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია ენერგიის ცალმხრივი  გადაცემა სამყაროებს შორის. მაგრამ, გამოსავალი ყოველგვარი სიტუაციიდან არსებობს და მეცნიერიც იპოვის ასეთ პარალელურ სამყაროს – სამყაროს „დიდი აფეთქების“ მდგომარეობამდე, რომელსაც არ გააჩნია ფიზიკის კანონები. ასეთი ენერგიის გამოყენებით კი შესაძლებელია ისეთი გეგმის შესრულება, როგორიცაა მთვარის გადაადგილება კოსმოსში, რათა საბოლოო კავშირი გაწყვიტონ დედამიწასთან.

„სისულელის წინააღმდეგ თავად ღმერთებიც კი ამაოდ ირჯებიან“ – შილერის ამ სენტენციის აზიმოვისეული განვითარება წარმოადგენს პასუხს კაცობრიობის „დიდ სისულელეებზე“. ამასთანავე, The God Themselves არის ფროიდის „ამბის“ თხრობა სამეცნიერო ფანტასტიკის განზომილებაში. საბოლოო ჯამში კი ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვა ერთხელ მაინც ღირს უცხოპლანეტელთა სქესობრივი აქტისა და აზიმოვის განსხვავებული წერის სტილის შედეგად მიღწეული ინტელექტუალური ორგაზმის განსაცდელად.

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე.

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button