განხილვალიტერატურაწიგნები

მეფის მკვლელის ქრონისტი – ზარმაცი პატრიკ როტფუსი

არადა, შეხედავ – ერთი ჩვეულებრივი, მსუქანი ამერიკელია. გაბურძგნული წვერით და არც თუ ისე სასიამოვნოდ დაშლილი კულულებით. ერთი შეხედვით არც იმას იფიქრებ, რომ ეს ყმაწვილი ჯერ მხოლოდ 42 წლის არის და იმას მით უმეტეს არ გაივლებ თავში, რომ ასეთი ფიზიონომიისა და სულელური გამოხედვის მქონე ინდივიდს წერა შეეძლოს. ხოდა, სწორი უთქვამთ, მსუქან კაცს მხოლოდ გარეგნობით ნუ შეაფასებთო. ეს პატრიკ როტფუსი გახლავთ, ამერიკელი ავტორი, რომელიც 1973 წელს ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში დაიბადა და 2002 წელს უკვე “მომავლის მწერლის” პრემიაც დაიმსახურა. როტფუსი ძირითად დროს ლექციების მომზადებასა და კითხვას უთმობდა, მანამ სანამ მის ცხოვრებაში კოუტი გამოჩნდებოდა. კოუტი – მხატვრული გმირია, რომელიც “მეფის მკვლელის ქრონიკების” მთავარ პერსონაჟსა და მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. მასზეა აგებული ტრილოგიის პირველი ორი წიგნი და დასკვნით ნაწილშიც წესით კიდევ უფრო უნდა დაიტვირთოს.
მოკლედ, შეხსენებას აღარ საჭიროებს, რომ როტფუსი თანამედროვე ფანტასტთა კასტას მიეკუთვნება, მისი ქვეჟანრი კი – ეპიკური ფენტეზია. ენციკლოპედიური განმარტება ამ შემთხვევაშიც არასწორია, რადგან ეპიკური ფენტეზი ალბათ უფრო აბერკრომბს,სანდერსონს,ჯორდანს,მარტინს და სხვა ამგვარ ავტორებს გვახსენებს. როტფუსი კი, ყველასგან განსხვავებულია. ერთი მხრივ, მისი წიგნების მოქმედება გამოგონილ სამყაროში მიმდინარეობს, რომლის გარემოც ძალიან წააგავს შუა საუკუნეების ფეოდალურ ევროპას. თუმცა, ეს არის და ეს. საგის ვერც ერთ ნაწილში ვერ შეხვდებით ეპიკურ ბრძოლებს, სამეფოებს შორის დაპირისპირებებს, შვილის მკვლელ მეფეებს, სატრფოს გულის მოგების მიზნით ბრძოლის წინა ფრონტზე გაჭრილ რაინდებს და ა.შ. მეფის მკვლელის ქრონიკების თხრობა მშვიდად, თავის რიტმში მიედინება და არ საჭიროებს ზედმეტ დაძაბულობას.

ქრონიკების პირველი წიგნი – “ქარის სახელი” 2007 წელს გამოიცა და მალევე მოიპოვა აღიარება თავისებური თხრობის მანერის, გამორჩეული მხატვრულობისა და ჟანრისთვის დამახასიათებელი ელემენტების ნაკლები სიჭარბით. ისტორია მოგვითხრობს პატარა ქალაქში მდებარე ფუნდუკის მეპატრონე, ვინმე ჟღალთმიანი კოუტის შესახებ, რომელიც თავის მსახურ ბასტთან ერთად ცხოვრობს და ერთი არაფრით გამორჩეული კაცია. ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც კოუტს მოგზაური ქრონისტი ეწვევა და მისი ისტორიის მოსმენასა და ჩაწერას სთხოვს. თანაც, წარსულის აჩრდილს, მითებსა და ლეგენდებში შემორჩენილ ვინმე კვოუტს ახსენებს. ზოგადად, ტრილოგიის ტექნიკური მხარეც ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან ყოველი წიგნი ერთი დღის მონათხრობის ჩანაწერია. საბოლოოდ კი, ისტორია კოუტისა და ქრონისტის საუბრის სამ-დღიან ქრონიკას წარმოადგენს. კოუტი თხრობას იწყებს თავისი ბავშობიდან, როდესაც ის და მისი მშობლები მოგზაურ მუსიკოსთა ჯგუფთან ერთად ცხოვრობდა. ბედის უკუღმართობის, თუ ბედისწერის წყალობით კი მისი მშვიდი ცხოვრება საპირისპირო კალაპოტს ქმნის და ახალგაზრდა წითურის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება.
პირველი წიგნის განმავლობაში არც თუ ისე ბევრ პერსონაჟს ვეცნობით. ზოგადი ცნობები გვეძლევა კოუტის ოჯახის და გარემოცვის შესახებ, ტყეში, გზად შეხვედრილი ხალხი კი იმდენად მცირე კვალს ტოვებს, რომ სახელიც კი აღარ გვამახსოვრდება. სამაგიეროდ, პერიოდულად “აწმყოში” ვბრუნდებით და კოუტის, ბასტის და ქრონისტის საინტერესო ტრიალოგს ვისმენთ. სხვათა შორის, ბევრი იდუმალებით მოცული ფაქტი სწორედ ამ ტრიალოგის დროს ამოდის ზედაპირზე. ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც ცხოვრების ორ უმთავრეს მიზნად მუსიკოსობა და მაგიის შესწავლა გაუხდია, საკუთარ თავს სრულებით ახალ გარემოში აღმოაჩენს, სადაც ყოველი ლუკმისთვის დღისა და ღამის გასწორება უწევს. ხასიათით გულუბრყვილო კოუტი თითქმის სრულებით არის მოკლებული ცხოვრებისეულ გამოცდილებას. მის ირგვლივ მოძრავი ადამიანები კი, ამას ხშირად ბოროტად იყენებენ.

ქარის სახელს ძნელად თუ ვუწოდებთ – წიგნს მაგიის შესახებ, რადგან პრაქტიკულად მხოლოდ ერთ მომენტში ვხვდებით მაგიის გამოვლინებას. თუმცა, ამ სერიისთვის დამახასიათებელი შტრიხი ისიც გახლავთ, რომ აქ მაგია რაიმე, ზებუნებრივ და ფანტასტიკურ მოვლენად არ არის მიჩნეული. პირიქით – მაგია ერთგვარი კარგად განვითარებული მეცნიერებაა (დიახ, ჩვენც არტურ კლარკი გაგვახსენდა), რომლის შესწავლაც ნებისმიერ ადამიანს ძალუძს. ყველას შეუძლია შესაბამისი მომზადების და დაუზოგავი შრომის შემდეგ ჩასწვდეს ბუნების საიდუმლოებებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული დეტალების რეალურ ფუნქციებს და საბოლოოდ შეძლოს მათი სახელების სწავლა. სახელი – ის ბერკეტია, რომლის გამოყენებითაც კარგ სიმპატისტს (როტფუსთან არ ვხვდებით ტერმინს “ჯადოქარი”, ან “მაგი”. აქ ყველა მსგავსი პროფესიის მქონე ადამიანს თავისი, მეცნიერული ხარისხი აქვს მინიჭებული) ნებისმიერი საგნის თუ მოვლენის დამორჩილება ძალუძს.

მეფის მკვლელის ქრონიკები გამოირჩევა სპეციფიკური ქალი პერსონაჟების სიმრავლით. აქ შეხვდებით ალბათ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე გამაღიზიანებელ გოგონას – სახელად დენნას (თუმცა არავინ იცის ეს მისი ნამდვილი სახელია თუ არა), რომელიც ახალგაზრდა კოუტს და მკითხველს თანაბარი წარმატებით უშლის ნერვებს. ის ყველაზე მოულოდნელ მომენტებში გაუჩინარდება ხოლმე და შემდეგ შეიძლება ასი გვერდი ისე წაიკითხოთ, ვერც თქვენ და ვერც კოუტმა მის შესახებ ვერაფერი გაიგოთ. აქვეა ბევრად ეფექტური (აქ სამწუხაროდ ჩვენი და ახალგაზრდა სიმპატისტის გემოვნებები ერთმანეთს არ ემთხვევა) ჟღალ-თმიანი დევი, არკანუმის ყოფილი წევრი, რომელიც იქაურ ლომბარდს კურირებს და ხშირად კოუტის სწავლის საფასურის გადახდის მთავარ წყაროდაც იქცევა, თუმცა მისი მიზანსწრაფვები თავად როტფუსისა არ იყოს, ჯერაც გაურკვეველია.
ზოგადად, იმდენად მრავლად დაგროვდა პირველ ორ წიგნში პასუხგაუცემელი კითხვები, რომ კაცმა არ იცის, რამდენად შეძლებს ავტორი ამ ყველაფრის ბოლო ნაწილში თავმოყრას და ჩვენი მკითხველობითი კვებითი უკმარისობის ბოლომდე დაკმაყოფილებას. თუმცა, მესამე ნაწილს ვინ ჩივის… მეორე წიგნის სათაურიც კი იდუმალებითა მოცული. ზუსტად არავინ იცის (და თუ ამბობს რომ იცის, ის აუცილებლად გატყუებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ თავად როტფუსს ესაუბრებით) რატომ ჰქვია მეორე წიგნს “ბრძენკაცის შიში”. რომელი ბრძენკაცი იგულისხმება აქ, რა ან ვინ აშინებს, ან საერთოდ რატომ ჰქვია ტრილოგიას “მეფის მკვლელის ქრონიკები”? კოუტია მეფის მკვლელი? ჯერ მსგავსი არაფერი ეტყობა. ეგ კიარა, მეფე, ან მასთან მიახლოებული პერსონაჟიც კი არ გამოჩენილა ჯერ. მოკლედ, როტფუსმა ერთ დიდ გაუკაფავ ტყეში შეგვითრია და დაგვარწმუნა, გაჰყევით კოუტს და ადრე თუ გვიან ყველაფერს გაიგებთო. აქ ის თავის სულიერ მამასა და კუმირს, თანამედროვეობის ყველაზე წარმატებულ და ჭარბწონიან ფენტეზი-ს ავტორს, მისტერ მარტინს ემსგავსება. სამწუხაროდ, მარტინისგან კიდევ ერთი თვისება აქვს აღებული. გულისგამაწვრილებლად წელავს წერის პროცესს და ჯერაც არ ვიცით ზუსტად, როდის გვეღირსება (ამბობენ 2016-ში აუცილებლად გამოვაო) ქრონიკების დასკვნითი დღე. არადა, როგორია ლოდინი? ჯერ მხოლოდ მეორეჯერ დაღამდა, მეორეჯერ გაეშურნენ გმირები თავთავიანთი სენაკებისკენ, მეორეჯერ დაისადგურა სამნაკადურმა სიჩუმემ.

“…ფუნდუკი “გზაგამყოფი ქვა” სიჩუმეში ჩაიძირა. და ეს სიჩუმე სამ ნაკადად დაიღვარა. პირველი, შედარებით შესამჩნევი – უდაბური სიჩუმე იყო, არარსებულისგან წარმოქმნილი. რომ ეწვიმა, წვიმის წვეთები სახურავს დაუშვებდნენ, მილებიდან ჩამოწვეთდნენ, ასე თუ ისე, ზღვის სიმყუდროვესაც დაარღვევდნენ. ფუნდუკში რომ საყვარლებს სძინებოდათ, მათი ოხვრის და კვნესის ხმა გაისმებოდა და სიჩუმეს შორეულ მხარეში განდევნიდა. ვინმეს რომ მუსიკა დაეკრა… თუმცა არა, რა თქმა უნდა, აქ მუსიკის ხმას ვერ გაიგებდით. სინამდვილეში, არაფერი მსგავსი არ ისმოდა. ამიტომ, სიჩუმეც ფეხს არ იცვლიდა.
საიდანღაც, შორი ტყიდან წვეულების სუსტი ხმა ისმოდა. ისმოდა ფეხსაცმლის მიწასთან შეხების ხმები. ეს მსუბუქი, მფრთხალი ხმა, ქარის მიერ გარხეულ გაბმულ ძაფს ემსგავსებოდა. სულ მალე კი, ისიც გაქრა. დარჩნენ მხოლოდ ღამის ნიავში მოშრიალე ფოთლები. მალე ისინიც დადუმდნენ და დარჩა მხოლოდ სიჩუმის მეორე ნაკადი. სიჩუმე მოლოდინისა, თითქოს ვიღაცამ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ჯერად არ ამოესუნთქა.
მესამე სიჩუმის შემჩნევა კი, საკმაოდ რთული გახლდათ. ალბათ საათობით მოგიწევდათ მისთვის სიბნელის შიგნით შემოშვების გამო საგულდაგულოდ დარაზულ ათობით რკინის სასახლის ცივ კედლებში ლოდინი. სიჩუმე საერთო დარბაზის მიყრუებულ კუნჭულებში იმალებოდა, იქ, სადაც ადრე სკამები და მაგიდები იდგა. ის ბუდობდა მრავალრიცხოვან ნაიარევში და იმ კაცის ხელებში, რომელიც ამ ნაიარევებს ატარებდა და ახლა გაჭირვებით, ტკივილით ერთმანეთზე მაგრად დაჭერილი კბილებით სარეცელისკენ მიემართებოდა.
კაცს წითელი, ალისფერი თმები ჰქონდა. მისი გამოხედვა ბნელი და იდუმალებით მოცული იყო, და ის მოძრაობდა შუაღამეში ისე ფრთხილად და დაკვირვებით, როგორც ქურდი. დაბლა დაეშვა. და აქ, გამოცდილი მოცეკვავისებრ გაშალა ხელები, წინ გადაიხარა და ერთი, იდეალური ნაბიჯი გადადგა.
ფუნდუკი “გზაგამყოფი ქვა” ამ კაცს ეკუთვნოდა. ისვე ფლობდა სიჩუმის მესამე ნაკადსაც. დამსახურებულად, ეს ყველაზე დიდი სიჩუმე იყო: პირველ ორს აღემატებოდა და მათ თავის თავში მოიცავდა, – ის იყო უნაპირო და უძირო, შემოდგომის დასასრულის მსგავსი. იყო მძიმე, როგორც მდინარის გამორიყული კაჭარი. ეს იყო მოწყვეტილი ყვავილის მომთმენი მორჩილება, – სიჩუმე კაცისა, რომელიც ელოდა სიკვდილს.”

ავტორი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button