„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია
„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ – ფსიქიკური ევოლუცია“.
ოდესმე გიფიქრიათ, რას გრძნობდნენ იქს-ადამიანები, როდესაც საკუთარ ახლად შეძენილ ზებუნებრივ ძალებთან პირისპირ აღმოჩნდნენ? იყო ეს ანომალია, დაავადება თუ ადამიანის განვითარების მორიგი საფეხური ჯერ კიდეც ბურუსით მოცულ ევოლუციურ კიბეზე? ახლა წარმოიდგინეთ, რას მივიღებდით, იქს-ადამიანების მენტალური კონდიციის აღწერა ფიოდორ დოსტოევსკს რომ დაეწერა „ძმები კარამაზოვების“ ფსიქოლოგიით, ან ჯეიმს ჯოისს – „ულისეს“ ცნობიერების ნაკადით, ან კარლოს ფუენტესს – „არტემიო კრუსის სიკვდილის“ მაგიური რეალიზმით. ეს იქნებოდა ფსიქოლოგიური სამეცნიერო ფანტასტიკის შესანიშნავი ნაწარმოები, რომლის ლიტერატურულ ღირებულებას ეჭვქვეშ ვეღარ დააყენებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ სიუჟეტი ფანტასტიკური ელემენტებით იქნებოდა დაცხრილული, რაც გულზე მაინცდამაინც არ ეხატება კლასიკაზე „გაგიჟებულ“ მკითხველს.
რა შეიძლება იყოს ადამიანის განვითარების მორიგი საფეხური? იქს-ადამიანები ალბათ ყველაზე ფესვებგადგმული სტერეოტიპია ჩვენს ცნობიერებაში, მაგრამ თეოდორ სტარჯენმა სცადა ამ „რეალობის“ შეცვლა. მან თავისი იქს-ადამიანების შექმნა: ქუჩაში მდგომი, გონებრივად ჩამორჩენილი მათხოვარი, რომელიც მუდმივად იტანჯება ამოუცნობი ხმებით; ორი შავკანიანი პატარა ტყუპი და, რომლებიც ყოველთვის სადღაც იკარგებიან; ჩვილი, რომელიც არ იზრდება; გოგონა, რომელიც ისე ხატავს, რომ ხელს არ ანძრევს. ყველაფერი შეიცვლება, თუ მივხვდებით, რომ მათი ეს ნიშან-თვისებები ტელეპათია, ტელეპორტაცია, ტელეკინეზი და კომპიუტერული აზროვნებაა. ისევ იქს-ადამიანების გარშემო ვტრიალებთ. თუმცა სტარჯენმა თითოეულ პერსონაჟს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი წაართვა (გონებაჩამორჩენილობა, არასრუწლოვნება, ანტისოციალურობა), რამაც მათ უბიძგა, ერთმანეთი მოეძებნათ, ერთმანეთის ნაკლოვანებები შეევსოთ და Homo Sapiens-დან ახალი ორგანიზმი შეექმნათ. ასე დაიბადა Homo Gestalt – კოლექტიური ცნობიერებით მოცული ინდივიდები, როცა თითოეული მათგანი არის „ყველა“.
„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“ Homo Gestalt-ის დაბადებისა და განვითარების ქრონიკაა, თუმცა ეს სამ ნაწილიანი ქრონიკა მოთხრობილია გონებაჩამორჩენილი მათხოვრის, ქუჩის ბიჭის ფსიქიატრთან სესიისა და საგიჟეთიდან გამოსული პაციენტის პერსპექტივიდან, რაც აძნელებს ნაწარმოების მთლიანი ხაზის აღქმას. სწორედ ამიტომ ოდნავ მაინც უნდა იცნობდეთ დოსტოევსკის ფსიქოლოგიას, ცნობიერების ნაკადსა და მაგიურ რეალიზმს. თითოეული პერსონაჟის ფსიქოლოგია იმდენად დეტალურად არის წარმოდგენილი, რომ მთლიანად გავიწყდება ზებუნებრივი შესაძლებლობების არსებობა ნაწარმოებში. ისინი მხოლოდ ფონის შექმნის ფუნქციის როლს ასრულებენ. „უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“ ერთგვარი „რბილი“ სამეცნიერო ფანტასტიკაა, დეტალურად აღწერილი ტექნოლოგიებისა და აზიმოვისეული ალფაბეტურ-რიცხვული სახელების გარეშე.
რა შეიძლება Homo Gestalt-ის სრულყოფის ბოლო კომპონენტი? განუსაზღვრელი შესაძლებლობები? მასზედ დაბლა მდგომი Homo Sapiens-ების დამონება? სტარჯენი ჰუმანისტია. ის კაცობრიობის პოზიციიდან ქადაგებს: Homo Gestalt მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი ორგანიზმი, თუ ის მორალისა და ეთიკის არსს ჩაწვდება და თავისი არსების განუყოფელ ნაწილად აქცევს. რაში სჭირდება განვითარებულ ორგანიზმს ისეთი იდეალისტური კონცეფციის შეგნება, როგორიც ეთიკაა? Homo Gestalt-ს მორალი არ სჭირდება, მხოლოდ ეთიკას შეუძლია ახალი ორგანიზმის ცნობიერებასთან ადაპტაცია, რადგან:
„იცი, რა არის მორალი? მორალი არის მორჩილება იმ წესებისადმი, რომლებიც შექმნა ხალხმა, რათა გაგიადვილდეს მათ შორის ცხოვრება. შენ არ გჭირდება მორალი. მორალის არც ერთი სისტემა შენ მიმართ არ იმუშავებს. შენ არ შეგიძლია, დაემორჩილო შენი მსგავსების მიერ შექმნილ წესებს, რადგან შენი მგავსი ხალხი არ არსებობს. შენ არ ხარ ჩვეულებრივი, შესაბამისად, ჩვეულებრივი ხალხის მორალი ისევე გამოგადგება, როგორც ჭიანჭველების საზოგადოების მორალი – მე… თუმცა, შენთვის არსებობს სხვა სახის კოდექსი, რომელიც მორჩილების ნაცვლად გულისხმობს რწმენას. მას ჰქვია ეთიკა… ეს არის სწავლება იმ მთავარი მამოძრავებელი ძალის, რომელმაც შეგქმნა შენ… დაეხმარე კაცობრიობას… რადგან ის არის შენი დედა და მამა… და კაცობრიობა დაგეხმარება, რომ გაჩნდეს შენი მგავსნი, და შენ აღარ იქნები მარტო… და როცა შენი მსგავსნი იქნებიან საკმარისი რაოდენობის, შენი მორალი იქნება მათი ეთიკა. და როცა მათი მორალი უვარგისი გახდება მათთვის, შენ ან სხვა ეთიკური არსება შექმნით საკუთარ მორალს…“
დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
ავტორი: გიორგი ნაკაშიძე