განხილვაკინემატოგრაფია

სერიალის მიმოხილვა: Jonathan Strange & Mr. Norrel

2004 წელს ბრიტანელმა მწერალმა სიუზან კლარკმა გამოაქვეყნა თავისი სადებიუტო ნაწარმოები, რომელიც მოგვითხრობს ნაპოლეონის ომებში ჩართული XIX საუკუნის ინგლისის ალტერნატიულ ისტორიას. ნაწარმოების მიხედვით, 300 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ინგლისში ჯადოქრობა აღარ გამოიყენება. არსებობენ მხოლოდ თეორეტიკოსი მაგიკოსები და ამ დროს სცენაზე გამოდიან ჯონათან სტრეინჯი და მისტერ ნორელი, პრაქტიკოსი ჯადოქრები, რომლებმაც ინგლისში უნდა დააბრუნონ ჯადოქრობა. ნაწარმოების ითვლება როგორც ფენტეზის, ისე – ისტორიული რომანის წარმომადგენლად. სერიალის ნაცვლად რომ წიგნის მიმოხილვა არ გამომივიდეს, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ წიგნის გამოსვლის დღიდანვე ნაწარმოებს აქტიურ პოპულარიზაციას უწევდა ნილ გეიმანი, რომლის აზრითაც „ჯონათან სტრეინჯი და მისტერ ნორელი“ არის „უდავოდ საუკეთესო ინგლისური ნაწარმოები ფანტასტიკის ჟანრში, რომელიც ბოლო 70 წელში დაწერილა.“
იმავე 2004 წელს New Line Cinema-მ შეიძინა საავტორო უფლებები ნაწარმოების ეკრანიზაციაზე. ასევე ცნობილი გახდა, რომ ავტორმა ამ გარიგებისთვის მიიღო „შვიდნიშნიანი თანხა“ და მაშინვე აღინიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანაზღაურება ასეთი სახის უფლებების შეძენის ისტორიაში. 2006 წელს განაცხადეს, რომ მზად იყო სცენარის პირველი ვერსია, თუმცა პროექტი ვეღარ განხორციელდა New Line Cinema-ში არსებული კორპორაციული პრობლემების გამო.
უნდა ვაღიაროთ, რომ „ჰარი პოტერის“ ფრენჩაიზის შემდეგ, კინოსამყაროში იგრძნობა უშუალოდ ჯადოქრობაზე და ჯადოქრებზე გადაღებული ნამუშევრების ნაკლებობა. ეს ან იმის ბრალია, რომ სცენარისტებს ეშინიათ „ჰარი პოტერთან“ კონკურენციისა და მათი ნამუშევრების a priori კრახის, ან აღარ მოიძიება მსგავსი შინაარსის მქონე ნაწარმოები, რომლის ეკრანიზაცია „ჰარი პოტერს“ თუ არ აჯობებდა, მინიმუმ სხვა სტერეოტიპებს ჩამოაყალიბებდა ჩვენში ჯადოქრებისა და მათი საქმიანობის შესახებ. რაც შეეხება „ჰარი პოტერის“ ასე ხშირად ხსენებას, სულაც არ ვაპირებ, რომ ეს სერიალი მასთან შედარების ფონზე განვიხილო. უბრალოდ „ჰარი პოტერი“ ის ფენომენია, რომელსაც (ალბათ) განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს ბავშვობაში და შესაბამისად, საორიენტაციო ნამუშევრადაც გამოდგება.
პირველი დადებითი გარემოება ისაა, რომ მოქმედება ხდება ვიქტორიანულ ეპოქაში, თანაც ინგლისში. ვიქტორიანული ინგლისი, რომელიც დოგმებთან, კონსერვატიზმის ძლიერ აღქმასთან და გოთიკურ გარემოსთან ასოცირდება, სწორედ ის მთავარი გამოწვევაა, რომელის არსებობის პირობებში ორმა პრაქტიკოსმა (და არა თეორეტიკოსმა) ჯადოქარმა უნდა დაამტკიცოს, რომ მაგია არ ინგლისში არ გამქრალა. სერიალში არ გვხვდება ტროლები, გობლინები ან სხვა მითოლოგიურ-ფოლკლორული არსებები. სერიალი არც ისეთი ჰორორია, როგორც, მაგალითად Penny Dreadful. ეს არის ჯადოქრების ამბავი, დიდებზე გათვლილი „ჰარი პოტერი“ (თუმაც „ჰარი პოტერიც“ არაა მხოლოდ საბავშვო ნაწარმოები), ჯეინ ოსტინის ან ჩარლზ დიკენსის მიერ მოყოლილი ქრონიკები მათი თანამედროვე პრაქტიკოსი ჯადოქრების შესახებ.

Raven King (ყორნების მეფე)

მთავარი გმირები წარმოადგენენ აბსოლუტურად განსხვავებულ პერსონაჟებს. ერთი მხრივ მისტერ ნორელი, წიგნების ჭია, ბიბლიოთეკის ბუ, რომელმაც ჯადოქრობის შესახებ ინგლისში არსებული ყველა წიგნი შეაგროვა და ამდენი კითხვის შემდეგ პრაქტიკაც „დაამუღამა“. მეორე მხრივ კი, მის ანტიპოდად გვევლინება ექსცენტრიკული ახალგაზრდა ჯონათან სტრეინჯი, რომელსაც პრაქტიკული მაგიის თანდაყოლილი ნიჭი, კრეატივის უნარი და წარმოსახვის რეალიზაციის გასაოცარი ტალანტი აქვს. მათი მიზნებიც განსხვავებულია: ნორელს სურს, რომ მაგია ინგლისურ ელიტაში იქცეს „პატივსაცემ“ ფენომენად, ხოლო სტრეინჯს სურს, რომ მკვდრეთით აღადგინოს ანტიკური მაგია, ისეთი, როგორიც მაგიის ინგლისში შემომტანის – „ყორნების მეფის“ (Raven King) დროს არსებობდა. ასეთმა რადიკალურმა განსხვავებამ კი შესაძლოა ინგლისი დაღუპვის საფრთხემდეც მიიყვანოს.
მთავარი ანტაგონისტი არის ფერია, პირობითი სახელით „ჯენტლმენი“, რომელიც ერთ დროს „ყორნების მეფის“ მსახური იყო. ინგლისის პარალელურად არსებობს ზღაპრული სამყარო – „დაკარგული იმედი“, ფერიის სამფლობელო. „ჯენტლმენი“ არ არის ფერია კლასიკური გაგებით. პატარა ფრთოსანი გოგონას ნაცვლად „ჯენტლმენი“ არის ამბიციური, გაიძვერა, ადამიანების მანიპულაციის განსაკუთრებული უნარის მქონე არსება ინგლისელი არისტოკრატის ვიზუალით, რომელიც ფლობს პირველყოფილი მაგიის ძალას. მას თავისი გეგმები აქვს, სტრეინჯისა და ნორელის გამოჩენა კი მის გეგმებში არ შედიოდა.

„ჯენტლმენი“

გარდა ამისა, სერიალში გვხვდება რამდენიმე საინტერესო პერსონაჟი: ვინკულუსი – ფსიქიკურად აშლილი ქუჩს ჯადოქარი, უფრო სწორად „შარლატანი“, რომელიც დიდ საიდუმოს ინახავს. მისტერ სეგუნდუსი, რომელსაც წამს, რომ ინგლისი გაჟღენთილია მაგიით და მისი დაბრუნებაც შესაძლებელია. ჩილდერმასი – ნორელის მსახური, რომელიც თავისი უხეში ხასიათით აუცილებლად დაიპყრობს საყვარელი პერსონაჟებისთვის გამოყოფილ ადგილს თქვენს ცნობიერებაში. სტივენი – შავკანიანი მსახური, უსახელო მონა, რომლის მიმართ არსებობს წინასწარმეტყველება. ამათ გარდა, სერიალში გვხვდება კიდევ ბევრი პერსონაჟი, რომელთა გათვალისწინებით შეიძლება იმის თქმა, რომ სერიალს პერსონაჟების მდიდარი პალიტრა აქვს.
სერიალში მონაწილეობას იღებს საკმაოდ კარგი ქასტი: ვეტერანი ედი მარსანი (მისტერ ნორელი)[Sherlock Holmes, V for Vendetta, The Illusionist, Hancock]; შედარებით გამოუცდელი ბერტი კარველი (ჯონათან სტრეინჯი) [Les Miserables, Babylon], რომელიც შესანიშნავად ასრულებს ასევე ახალბედა და მხიარული ჯადოქრის როლს; მარკ ვარენი (ფერია) [Wanted, Green Street Hooligans]; ენზო კილენტი (ჩილდერმასი) [Guardians of the Galaxy, Pride and Prejudice, Next]. დასამახსოვრებელია ქასტის სხვა წევრების თამაშიც. ამ სერიალის ნახვა მარტო ქასტის გამოც ღირს, სულ რომ არ გაინტერესებდეთ ფენტეზი და ჯადოქრობა. 
დიდია სერიალის მოქმედების ტერიტორიული მასშტაბიც: დაწყებული ინგლისითა და ვენეციით, დამთავრებული „დაკარგული იმედითა“, „მეფის გზით“. რაც შეეხება სპეცეფექტებს. ბიუჯეტის გათვალისწინებით სერიალი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში სრულად გამოიყენოს CGI და ეფექტურად გვაჩვენოს მოლაპარაკე ქანდაკებები, სარკეებში მოგზაურობა, გზების გაყვანა მთებში შელოცვის საშუალებით, საფრანგეთის სანაპიროებზე მიმდგარი ინგლისის ფლოტი, რომელიც მთლიანად ოპტკური ილუზიაა, გაცოცხლებული ზომბები, ქვიშის ცხენების საოცარი სცენა და ა.შ. ბატალური სცენებიც კი უფრო ეფექტურია, ვიდრე Game of Thrones-ში. 
მოკლედ, „ჯონათან სტრეინჯი და მისტერ ნორელი“ არის ინგლისური გოთიკით, „ჰარი პოტერისეული“ ჯადოქრობით, დიკენსისეული თხრობის მანერის არომატით გაზავებული და კარგი სამსახიობო შესრულების სინთეზი, რომელიც თავისი 7 სერიის მანძილზე ოდნავ მაინც დაგაჯერებთ, რომ მაგია ჯერ კიდევ არსებობს, ყველა პოტენციური ჯადოქარია, უბრალოდ არავის უცდია მისი გამოყენება, რადგან ყველამ დიდი ხნის წინ დაივიწყა.

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button