განხილვაკინემატოგრაფია

შერყვნილი ანგელოზები (Tarnished Angels 1958)

შერყვნილი ანგელოზები (1958) სირკის ერთადერთი შავ-თეთრი ფილმია, რაც მინახავს. ამ ფილმზე მუშაობისას, მას სრული თავისუფლება ჰქონდა. ეს წარმოუდგენლად პესიმისტური ფილმი, ფოლკნერის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული, რომელიც სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული. როგორც სჩანს, სირკმა საკმაოდ გადაუხვია ორიგინალს, რაც უხდება კიდეც ფილმს.

ფელინის გზის მსგავსად, ეს ფილმიც მომაკვდავ პროფესიას ეხება, ოღონდ ნაკლებ პრეტენზიულადაა გადაღებული. რომერტ სტაკი პილოტი იყო I მსოფლიო ომში. მას ფრენის გარდა არასდროს არაფერი ნდომებია, სწორედ ამიტომ მონაწილეობს ახლა დემონსტრაციულ ფრენებში და ელექტრო-ენერგიის ბოძებს ურტყამს წრეებს. დოროტი მალოუნი მისი ცოლია; ის, თავის მხრივ, პარაშუტით ხტომის ჩვენებაში მონაწილეობს. ლუკმა-პურის ფულს ძლივს აგროვებენ. რობერტი გამბედავი კია, მაგრამ მანქანების არაფერი გაეგება, ამიტომაც მათი გუნდის მესამე წევრი – მექანიკოსი ჯიგსია, რომელსაც დოროტი უყვარს. რობერტს და დოროტის პატარა ბიჭი ჰყავთ, რომელსაც როკ ჰადსონი მაშინ გაიცნობს, როდესაც ბავშვს სხვა მფრინავები აჯავრებენ: „დღეს ვინაა მამაშენი ბიჭუნა? ჯიგსი თუ …“. როკ ჰადსონი ჟურნალისტია, რომელსაც ამ ცის ბოშებზე კარიერის საუკეთესო სტატიის დაწერა უნდა; ბოშებზე, რომელთა ძარღვებშიც სისხლის ნაცვლად, ბენზინი ჩქეფს. ისე ხდება, რომ შუმანებს ღამის გასათევი არ აქვთ, ამიტომაც როკი მათ თავისთან მიიპატიჟებს. ღამის განმავლობაში დოროტი და როკი ერთმანეთს გაეცნობიან. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამ ორს საკმაოდ ბევრი ექნებოდა ერთმანეთისთვის სათქმელი. როკი სამსახურს დაკარგავს, ერთ-ერთი მფრინავი შეჯიბრში დაიღუპება, დოროტი კი იძულებული ხდება თვითმფრინავის სანაცვლოდ იბოზოს, რადგანაც რობერტის თვითმფრინავი მწყობრიდან გამოდის. დოროტის და როკს საბოლოოდ არც ისე ბევრი აღმოაჩნდებათ სათქმელი, ჯიგსი თვითმფრინავს შეაკეთებს, რობერტი გაფრინდება და იღუპება.

არაფერი მარცხის გარდა. ეს ფილმი სხვა არაფერია, თუ არა მარცხების გროვა. დოროტის უყვარს რობერტი, რობერტს ფრენა, ჯიგსსაც უყვარს რობერტი, თუ დოროტი და როკი? როკს არ უყვარს დოროტი და არც დოროტის უყვარს როკი. და როდესაც ფილმი წამიერად გვარწმუნებს რომ ეს ასეა, ეს სუფთა წყლის ტყუილია.. ან იქნებ ორიოდე წუთით თავადაც ასე მოეჩვენათ?

სადღაც ფილმის ბოლოსკენ, რობერტი დოროტის ეტყვის, რომ შეჯიბრის შემდეგ თავს დაანებებს ფრენას. რასაკვირველია, სწორედ ამ შეჯიბრში კვდება. დაუჯერებელი იქნებოდა რომ რობერტს დოროტისთან გამოსვლოდა რამე და არა სიკვდილთან.

ამ ფილმში კამერა სულ მოძრაობაშია. ზუსტად იმ ადამიანების მსგავსად , რომელთა გარშემოც ის მოძრაობს, კამერაც ქმნის ილუზიას, თითქოს მართლაც ხდება რამე. რეალურად კი ყველა იმდენად ბოლომოღებული და განადგურებულია, რომ თავისუფლად შეუძლიათ დანებდნენ და ეგრევე დაიმარხონ თავები. რელსებზე შემდგარი კამერით გადაღებული კადრები, ამწეთი გადაღებული კადრები, პანორამები! დუგლას სირკი ისე საუცხოოდ და ისეთი სინაზით გვაჩვენებს ამ გვამებს, ძალაუნებურად ვფიქრობთ, რომ რაღაცაში უნდა იყოს საქმე, თუ ამდენად განადგურებულები ადამიანები, მაინც ასეთი კარგები ჩანან. ყველაფრის მიზეზი კი შიში და სიმარტოვეა. იშვიათად მიგრძვნია შიში და სიმარტოვე ისეთი დოზებით, როგორც ამ ფილმში. მაყურებელიც ზუსტად ისე ზის კინოთეატრში, როგორც შუმანების პატარა ბიჭი კარუსელში: ჩვენ ვხედავთ რაც ხდება, გვინდა მივარდეთ და ვუშველოთ, მაგრამ რო დაფიქრდე, რისი მაქნისია პატარა ბიჭი ავიაკატასტროფის წინაშე. რობერტის სიკვდილი ყოველი მათგანის ბრალია. სწორედ ამიტომაა ასეთი ისტერიული დოროტი მალოუნი. იმიტომ რომ მან ყველაფერი იცოდა. იცოდა როკ ჰადსონმაც, რომელსაც სენსაციური ამბავი ჭირდებოდა რეპორტაჟისთვის. როგორც კი მიიღებს თავისას, კოლეგებს ყვირილს დაუწყებს. ჯიგსი კი, რომელსაც უბრალოდ არ უნდა შეეკეთებინა ფატალური დასასრულისთვის განწირული თვითმფრინავი, ზის და კითხულობს „ სად არიან ყველანი?“. ძალიან ცუდი, თუ აქამდე არ შეუნიშნავს რომ არც არასდროს ყოფილან. ესეთი ფილმებიც იმაზეა, თუ როგორ იტყუებენ თავს ადამიანები. და რატომაც უწევთ თავის მოტყუება. დოროტიმ რობერტი პირველად აფიშაზე, გაბედული მფრინავის სახით ნახა და შეუყვარდა. რასაკვირველია, ცხოვრებაში რობერტი სულ სხვანაირი აღმოჩნდა. რა უნდა ქნა? თავი მოიტყუო. აი ასე. ჩვენ ვფიქრობთ, და დოროტისაც გვინდა ვუთხრათ, რომ არაა ვალდებული ასე განაგრძოს, რომ რობერტისადმი მისი სიყვარული სინამდვილეში სულაც არაა სიყვარული. რა აზრი აქვს? მარტოობის დაძლევა უფრო ადვილია, ილუზიებში თუ იცხოვრე.

ესეც ასე. ჩემი აზრით, ფილმი იმას გვიჩვენებს, რომ ეს არასწორია. სირკმა გადაიღო ფილმი, სადაც განუწყვეტელი მოქმედებაა, სადაც მუდამ რაღაც ხდება, მუდამ მოძრაობს კამერა და ჩვენც უფრო მეტს ვიგებთ მარტოობაზე და იმაზე, თუ როგორ გვიბიძგებს ის ტყუილისაკენ. და როგორი ცუდია რომ ვიტყუებით, და როგორი სისულელე.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button