ქარზე დაწერილი (Written on the Wind. 1956)
ქარზე დაწერილი არის საოცრად მდიდარი ოჯახის ისტორია. რობერტ სტაკი ვაჟია, რომელიც არასდროს ყოფილა ისეთი კეთილგონიერი, როგორც მისი მეგობარი, როკ ჰადსონია. ერთადერთი რაც რობერტ სტაკმა იცის, ფულის ხარჯვაა: დაფრინავს თვითმფრინავებით, ბევრს სვამს და აბამს ქალებს. როკ ჰადსონი მუდამ თან დაყვება. მაგრამ ისინი უბედურები არიან, რადგან აკლიათ სიყვარული. შემდეგ ლორენ ბექოლს ხვდებიან. ბუნებრივია, ის განსხვავდება სხვა ქალებისგან. პირდაპირია და მიზანდასახული, საკუთარი ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობს და თან პრაქტიკულია; მოსიყვარულე და გულისხმიერია. და მაინც, ის ირჩევს ცუდ ტიპს – რობერტს, მაშინ როდესაც კარგი ტიპი, როკი ბევრად უფრო შეეფერებოდა. როკიც საკუთარი ლუკმა პურისთვის მუშაობს, ისიც მასსავით პრაქტიკული, გულისხმიერი და დიდსულოვანია. მაგრამ ბექოლი ირჩევს ისეთს, რომელთანაც ურთიერთობა დიდი ხნით არ გაუგრძელდებოდა. როდესაც ლორენ ბექოლი პირველად ხვდება რობერტის მამას, სთხოვს რომ კიდევ ერთი შანსის მისცეს შვილს. ამაზრზენია იმის ყურება, თუ როგორ ურტყამს კეთილსინდისიერი ქალბატონი კარგ ტიპს ყვერებში, იმისთვის რომ ცუდი ტიპისთვის ჩააწყოს საქმე. დიახაც, ეს ამბავი უბრალოდ განწირულია ცუდი დასასრულისთვის. ჩვენც ამის იმედი ვიქონიოთ. რობერტის და, დოროტი მალოუნი ერთადერთია, რომელსაც სწორი ადამიანი, ანუ როკ ჰადსონი უყვარს. ის იბრძვის თავისი სიყვარულისთვის, რაც რაღა თქმა უნდა უაზრობაა. მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს, მით უმეტეს მაშინ როცა ყველა სხვა დარწმუნებულია, რომ მათი სუროგატი ქმედებებია ნაღდი; ჩვენც ვხვდებით რომ ის იმიტომ აკეთებს ამ ყველაფერს, რომ არ ძალუძს დაეუფლოს ნაღდს.
ლორენ ბექოლი რობერტ სტაკის სუროგატია, რადგანაც სტაკმა ალბათ იცის რომ ვერასდროს შეძლებს უყვარდეს ბექოლი და პირიქით. მამამისს კი ჭაბურღილის კოშკი უჭირავს ხელში, რაც სუროგატულ ყლეს ჰგავს. და როდესაც ფილმის დასასრულს, ოჯახის ერთადერთ ცოცხლად დარჩენილ წევრს, დოროტი მალოუნს ხელში ისევ ეს ყლე უჭირავს, ეს უკვე მეტისმეტია; დაახლოებით ისე, როგორც ის ტელევიზორი იყო მეტისმეტი, საჩუქრად რომ მიიღო ჯეინ უეიმანმა შობის ღამეს. როგორც ტელევიზორია იმ ჟიმაობის სუროგატი, შვილებს რომ დაენანათ დედისთვის, დოროტი მალოუნის ნავთობის იმპერიაც ისეთივე სუროგატია როკ ჰადსონისთვის. იმედია არაფერი გამოუვა და ისიც ისე გაგიჟდება, როგორც მარიენ კოხი ინტერლუდა- ში. სიგიჟე, ჩემი აზრით, დუგლას სირკისთვის იმედის ნიშანია.
როკ ჰადსონი ქარზე დაწერილში ყველაზე დიდი გონებაჩლუნგი ნაძირალაა ამ ქვეყანაზე. როგორ ახერხებს გულგრილი დარჩეს იმ ლტოლვის მიმართ, რაც დოროტი მალოუნის აქვს მის მიმართ? ის ხომ საკუთარ თავს სთავაზობს მას, ხვდება მხოლოდ ისეთ ტიპებს, რომლებიც ოდნავ მაინც გვანან მას, რომ რამე მიახვედროს. როკის ერთადერთი პასუხი კი ესაა „მე ვერასდროს შევძლებ შენს დაკმაყოფილებას.“ ღმერთია მოწმე, რომ შეძლებდა. და მანამ სანამ დოროტი საკუთარ ოთახში ცეკვავს, ცეკვა რომელიც რაღაცით სასიკვდილო ცეკვას წააგავს – შეიძლება სწორედ ესაა მომენტი, როდესაც იწყება კიდეც მისი სიგიჟე – კვდება მამამისი. ის კვდება, იმიტომ რომ დამნაშავეა. ის მუდამ არწმუნებდა საკუთარ შვილებს რომ როკ ჰადსონი მათზე უკეთესია, მანამ სანამ მართლაც არ გახდა უკეთესი. რადგანაც მას არასდროს შეეძლო იმის კეთება, რაც თვითონ სურდა; ამიტომ ყოველთვის ახსენდებოდა როკ ჰადსონის მამა, რომელსაც, მართალია კაპიკი ფული არ უშოვნია , სამაგიეროდ მაშინ შეეძლო სანადიროდ წასვლა, როცა მოისურვებდა. შვილები უბადრუკი, სულელი მიამიტები არიან. შესაძლოა აცნობიერებს კიდეც საკუთარ დანაშაულს და სწორედ ამიტომ კვდება. ყოველ შემთხვევაში, მაყურებელი ამას ხვდება. მისი სიკვდილიც არაა შემაძრწუნებელი.
რადგანაც რობერტს არ უყვარს ლორენი, მისგან ბავშვი უნდა. ან უბრალოდ აცნობიერებს რომ სხვას ვერაფერს მიაღწევს და სურს მამობა მაინც შეძლოს. მაგრამ ეს ძალისხმევა მის ფატალურ სისუტეს ააშკარავებს. ისევ სმას უბრუნდება. ნათელი ხდება, რომ ლორენ ბექოლი მას აღარაფერში გამოადგება. ქმართან ერთად სმის, მისი ტკივილის გაზიარების ნაცვლად, ის სულ უფრო და უფრო დიადი და სპეტაკი ხდება, სულ უფრო და უფრო გულს გვირევს და ჩვენც უფრო და უფრო ვხვდებით, თუ რა კარგად შეეწყობოდა ის როკ ჰადსონს, რომელიც მასსავით დიადია და მასსავით გვირევს გულს. ადამიანები რომლებიც აღიზარდნენ იმისათვის, რომ მოიტანონ სარგებელი, რომელთა თავები მანიპულირებადი
ოცნებებითაა გამოტენილი, ყოველთვის გათახსირებულები არიან. ლორენ ბექოლს რობერტ სტაკთან ერთად რომ ეცხოვრა, და არა მის გვერდით, ეცხოვრა მისით და მისთვის, მაშინ შეიძლება რობერტს ერწმუნა კიდეც, რომ ბავშვი რომელსაც ლორენი ელოდება, მართლაც მისია და აღარ მოუწევდა ამდენი ტანჯვა. მაგრამ ახლა, როკ ჰადსონის უფროა ეს ბავშვი, მიუხედავად იმისა რომ არასდროს წოლილა ლორენ ბექოლთან.
დოროტი არც ისე ლამაზად მოიქცევა, მის ძმას ლორენის და როკის წინააღმდეგ განაწყობს. მიუხედავად ამისა, ის მაინც ისე მიყვარს, როგორც არავინ კინოში; მე როგორც მაყურებელი, დუგლას სირკთან ერთად, ადამიანური სასოწარკვეთილების კვალს მივყვები. ქარზე დაწერილში – კარგი, „ნორმალური“ „ლამაზი“ ყოველთვის უკიდურესად საძაგელია; სამაგიეროდ გაჭირვებული, სუსტი და აღვირახსნილი იწვევს თანაგრძნობას. მათ შორის სიკეთის ქომაგებშიც.
და ისევ სახლი, სადაც ეს ყველაფერი ვითარდება. სახლი, რომლის ე.წ. ღერძი ცენტრში განთავსებული უზარმაზარი კიბეა. და სარკეები. და უთვალავი ყვავილი. და ოქრო. და გულგრილობა. სახლი, რომელსაც მხოლოდ დიდძალი ფულის ფლობის შემთხვევაში აიშენებდა კაცი. სახლი ყველა იმ ატრიბუტით, რაც დიდი ფულის ქონასთან ასოცირდება და რომელშიც ვერ მოისვენებ. ეს სახლი ოქტობერფესტივითაა , სადაც ყველაფერი ფერადი და მოძრავია; და შენც ისევე მარტოდ გრძნობ თავს როგორც ყველა დანარჩენი. ადამიანური ემოციები საკმაოდ უცნაურად ამოხეთქავენ სახლში, რომელიც დუგლას სირკმა ჰედლების ოჯახისთვის ააგო.. შუქ-ჩრდილები იქ, სადაც წესით საერთოდ არ უნდა იყოს – სარწმუნოს ხდიან გრძნობებს, რომლებიც უმჯობესია გაუცნობიერებლი დარჩენილიყო. ქარზე დაწერილში, კამერის კუთხეები თითქმის ყოველთვის ისეა დახრილი (როგორც წესი ქვემოდან), რომ უცნაური ამბები ეკრანზე ვითარდება, და არა მხოლოდ მაყურებლის წარმოსახვაში. დუგლას სირკის ფილმები გონებას გაგიხსნით.