განხილვაკინემატოგრაფია

ყველაფერი რაც ზეცითაა ნებადართული (All That Heaven Allows. 1955).

შეიძლება ასეც მოხდეს, რომ შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში, ისეთი გონებამხვილი და განათლებული კაცი გაიცნო, როგორიც არსად შეგხვედრია; კაცს რომელსაც ძლივს გასარჩევი კმაყოფილი ღიმილით შეუძლია გითხრას – „ზოგჯერ მართლაც ძალიან მიყვარდა ის რასაც ვაკეთებდი“. ის რაც მას უყვარდა, იყო, მაგალითად, ყველაფერი რაც ცითაა ნებადართული (1956).

ჯეინ ვაიმანი მდიდარი ქვრივია, როკ ჰადსონი კი მასთან მებაღედ მუშაობს – ხეებს სხლავს. ჯეინის ბაღში სიყვარულის ხე ყვავილობს, რომელიც მხოლოდ იქ ყვავილობს, სადაც სიყვარულია, შესაბამისად მათი შემთხვევითი შეხვედრაც დიდ სიყვარულში გადაიზრდება. თუმცა როკი ჯეინზე 15 წლით უმცროსია, ჯეინი კი მისი პატარა ამერიკული ქალაქის სოციალურ ცხოვრებაშია გათქვეფილი. როკი უბრალო კაცია და არაფერი აბადია, ჯეინს კი აქვს დასაკარგი: მეგობრები, განსვენებული ქმრის დანატოვარი სოციალური სტატუსი და შვილები. თავიდან როკს უყვარს ბუნება, ჯეინს კი – არაფერი, რადგან მას ისედაც ყველაფერი აქვს.

დიდი სიყვარულისთვის ფრიად უხეირო დასაწყისია. ქალი, კაცი და საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობენ. ძირითადად ასე გამოიყურება ეს ყველაფერი. ქალს დედობრივი ყაიდა აქვს, ეტყობა რომ შეუძლია საჭირო მომენტში მოლეს კიდეც: და ჩვენც ვხვდებით, რა იზიდავს მასში როკს. როკი ხის ვარჯია და სრულიად სამართლიანად სურს იარსებოს ჯეინში. გარე სამყარო ხომ ავბედითია. ქალები კი ზედმეტად ბევრს ლაპარაკობენ. როკის გარდა ფილმში სხვა კაცები არ გვხვდებიან, ამ მხრივ სავარძლები და ჭიქები უფრო არსებითია. ამ ფილმის ნახვის შემდეგ პატარა ამერიკული ქალაქი უკანასკნელი ადგილია, სადაც წასვლა მომინდებოდა. ფილმის კვინტესენცია კი სადღაც ჯეინის რეპლიკებს შორის გადის, როდესაც როკს ეუბნება, რომ მისი იდიოტი შვილების და სხვა მიზეზების გამო, მის მიტოვებას აპირებს. როკი დიდად არ აპროტესტებს, ბოლო ბოლო მას თავისთვის ჯერ კიდევ ჰყავს ბუნება. და აი, შობის ღამეს, შვილებს, რომლებიც ისედაც აპირებენ დედის მიტოვებას, ტელევიზორი მოაქვთ მისთვის საჩუქრად. ეს უკვე მეტისმეტია. ეს ჟესტი საზოგადოების არსის წვდომასა და იმის გაცნობიერებაში გეხმარება, თუ რას უშვება ის ადამიანს. მოგვიანებით ჯეინი როკს უბრუნდება, რადგანაც თავის ტკივილები აწუხებს; რაც ყოველ ჩვენგანს დაემართება, დრო გამოშვებით თუ არ ვიტყნაურეთ. მაგრამ ახლა, როდესაც ის დაბრუნდა, ბედნიერ დასასრულს მაინც არ უჩანს პირი. როდესაც ორი ადამიანი ამგვარად გაირთულებს სასიყვარულო ურთიერთობას, ისინი შემდგომაც ვერ შეძლებენ ბედნიერ თანაცხოვრებას.

აი ასეთ რამეებზე იღებს დუგლას სირკი ფილმებს. ადამიანებს არ შეუძლიათ მარტო ცხოვრება, მაგრამ ერთად ცხოვრებაც არ გამოსდით. სწორედ ამიტომაა მისი ფილმები ასეთი უიმედო. ყველაფერი რაც ზეცითაა ნებადართული იწყება პატარა ქალაქის შორი ხედით. ამ კადრზევე ჩნდება სათაური, რაც სევდისმომგვრელია. შემდეგ მოძრავი კადრი ჯეინის სახლამდე ჩამოდის, სადაც ეს-ესაა მისი მეგობარი, ოდესღაც ნათხოვანი ჭურჭლის დასაბრუნებლად მოვიდა . უკიდურესად სევდიანია! კადრი ორ მეგობარს მიუყვება და სადღაც იქ, უკანა ფონზე როკ ჰადსონის ბუნდოვანი სილუეტი მოსჩანს, ზუსტად ისე, როგორც ვიღაც “უმნიშვნელო” დგას ხოლმე ჰოლივუდურ ფილმებში. და რადგანაც მეგობარს არ აქვს ჯეინთან ერთად ყავის დალევის დრო, ჯეინი ამ „უმნიშვნელოსთან“ ერთად სვამს ყავას. ამ ეტაპზეც, მხოლოდ ჯეინის მსხვილი ხედებია. როკს ჯერ არ შეუძენია რაიმე რეალური მნიშვნელობა. შეძენისთანავე, მიიღებს კიდეც თავის წილ მსხვილ ხედებს. ასე სადად და ლამაზად. საქმის არსს კი ყველა ხვდება.

დუგლას სირკის ფილმები აღწერითი ხასიათისაა. იშვიათად გვხვდება მსხვილი ხედები. კადრი-კონტრ-კადრის შემთხვევაშიც, მეორე ადამიანი ბოლომდე არ ჩანს ხოლმე კადრში. მაყურებლის მძაფრი ემოცია, მსახიობებთან იდენტიფიკაციის ნაცვლად, მონტაჟის და მუსიკის ხარჯზე უფრო წარმოიქმნება. სწორედ ამიტომ ვგრძნობთ ოდნავ დაუკმაყოფილებლობას, ასეთი ფილმების მერე. რაც ეკრანზე გადის, ის სხვების ისტორიაა. და თუ რამე ჩვენს პირად ისტორიას მოგვაგონებს, სრულიად თავისუფლები ვართ, გავაცნობიეროთ ის, ანდაც ღიმილით აღვიქვათ მისი მნიშვნელობა. ცალკე ამბავია ჯეინის შვილები. ერთი ბებერი ტიპია, რომელსაც ეს ბავშვები ყველაფერში ჯაბნიან: თავიანთი ახალგაზრდობით, ცოდნით და ა.შ. ამიტომაც ფიქრობენ რომ დედისთვის იდეალური მეწყვილე იქნებოდა. აქვეა როკი, რომელიც მათზე არც ისე უფროსია, უკეთესად გამოიყურება და მთლად სულელიც არაა. მაგრამ შვილები მასზე პანიკურად რეაგირებენ. ფანტასტიკურია. ჯეინის ვაჟი კოქტეილს სთავაზობს ორივეს, როკს და ბებერ ტიპს. ორივე ქათინაურებად იღვრება. ბებერი ტიპის შემთხვევაში, შვილები აღფრთოვანებას ასხივებენ, როკის შემთხვევაში კი დაძაბულობა ოთახში რისხვის ნიშნულს უახლოვდება. ორივე შემთხვევა ერთი და იმავე კუთხითაა გადაღებული. სირკის უნარი მართოს მსახიობები ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ფრიც ლანგის იმავე პერიოდში გადაღებულ ფილმებს თუ ნახავთ, სადაც თითქმის ყველგან უნიჭობა ზეიმობს, მაშინვე მიხვდებით სირკის მნიშვნელობას. ქალები სირკთან აზროვნებენ. ის რაც არასდროს შემიმჩნევია სხვა რეჟისორებთან. არც ერთ მათგანთან. ქალები მათთან როგორც წესი მხოლოდ რეაგირებენ, აკეთებენ იმას რაც ქალმა უნდა გააკეთოს, სირკთან კი ისინი აზროვნებენ. ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო. არაჩვეულებრივია ქალის ყურება ფიქრის პროცესში. ეს დამაიმედებელია. გულწრფელად ვამბობ.

სირკთან ადამიანები მუდამ ისეთ ოთახებში არიან მოთავსებულნი, რომელთა დეკორაცია ზედმიწევნით აღწერენ მათ სოციალურ მდგომარეობას. ეს ოთახები გასაოცრად შეესატყვისება მათ პატრონებს. ჯეინის სახლში მხოლოდ ერთი მანერით შეიძლება მოქმედება, მხოლოდ გაკრვეული წინადადებებით ლაპარაკი, სათქმელის მხოლოდ გარკვეული ჟესტებით გამოხატვა. როდესაც ჯეინი სხვასთან მიდის სახლში, მაგალითად როკთან, ისმის კითხვა – მოახერხებს კი ის შეცვლას? ეს გარკვეული იმედის მარცვალი იქნებოდა. ანდაც, შესაძლოა ის იმდენადაა სტერეოტიპების მახეში გაბმული, რომ როკის სახლში ცხოვრებისას, ის სტილი მოენატროს, რომელსაც მიეჩვია და რომელიც უკვე იქცა მის შემადგენელ ნაწილად. სწორედ ამიტომ არაა აქ ბედნიერი დასასრული. ჯეინი საკუთარ სახლს უფრო შეეფერება, ვიდრე როკისას.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button