განხილვალიტერატურაწიგნები

კნუტ ჰამსუნი- მისტერიები (მიმოხილვა)

დღეს მინდა ვისაუბროთ სენსაციური მიმდინარეობის- მოდერნიზმის კიდევ ერთი ღირსეული მწერლის, კნუტ ჰამსუნის შემოქმედებაზე(კერძოდ ,,მისტერიებზე). ნორვეგიელ მწერალს, რომელსაც ჩემი აზრით, მართლაც დამსახურებულად მისცეს ნობელის პრემია ლიტერატურის ჟანრში, საკმაოდ უცნაური და ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა გადატანილი, რამაც საბოლოოდ სერიოზული დაღი დაასვა მის მწერლურ სულს და შესაბამისად მის იდეოლოგიაზეც გარკვეული გავლენა იქონია. სწორედ მისი ორიგინალური ხედვები სამყაროში არსებული მოვლენების მიმართ, ვფიქრობ, ნაწილობრივ პირადი გამოცდილებისა და მოვლენების განსჯის შედეგი უნდა იყოს. მოდერნისტული იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მყოფმა უფრო ღრმა წიაღსვლები გააკეთა ამავე იდეოლოგიის ფარგლებში(რომელიც უსაზღვროა), კერძოდ, მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ბუნდოვან ნაწარმოებ ,,მისტერიებში“  აშკარად იგრძნობა ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის სერიოზული ნიშნები, რომლებზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.( ამ ფილოსოფიის სრულყოფილი სახე გვაჩვენა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ფრანგმა გენიოსმა ალბერტ კამიუმ)

სათაურის წაკითხვისთანავე მკითხველს გაუჩნდება ისეთი განწყობა, რომ წიგნში აუცილებლად შეხვდება ბევრ მისტერიებით მოცულ მოვლენებს, რომელთა ლაბირინთიდან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა აქ მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი, რომ სიუჟეტური თვალსაზრისთ, ნაწარმოები ძალიან ბანალური და მარტივია, მოვლენები მკაცრი სიზუსტით მივყება ერთმანეთს და ამ მხრივ უჩვეულო არაფერია, კერძოდ კი ერთი უცნაური ადამიანი,იოჰიმ ნაგელი, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვგებულობთ, ჩამოდის ნორვეგიის ერთ-ერთ პატარა ზღვრისპირა ქალაქში და ადგილობრივ სასტუმროში ჩერდება. ადამიანი, რომლის უცნაურობა მრავალ ასპექტში გამოიხატება: ვიოლინოს ჩემოდანი, რომელშიც სინამდვილეში სხვა ნივთებია, გაურვკეველი წარმომავლობა და მიზნები, თითქოსდა ხშირ შემთხვევაში დაბნეული და ყოვლად ალოგიკური მოქმედებები ამ პერსონაჟის უცნაურობის ხაზგასმაა. სწორედ მწერლის ამ გადაწყვეტილებაში, რომ მთავარი მოქმედი პირის ერთი გარკვეული თვისების გამოკვეთით გახადოს პერსონაჟი პოპულარული, ჩანს კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც ნეორომანტიზმის(ესეც მოდერნიზმის ერთ-ერთი ,,იზმია“) აშკარა ნიშანია(და სწორედ ჰამსუნი მოიაზრება ამ მიმდინარეობის ერთ-ერთ უსერიოზულეს ფუძემდებლად).

თუმცა, მოდით ახლა თავი გავანებოთ უშუალოდ მწერლის ეპოქისეულ აღწერას და დავუბრუნდეთ ჩვენს საიდუმლოებით მოცულ ნაგელს. იგი ერთ მშვენიერ დღეს, მწერლისავე თქმით  ,,სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ამ პატარა ქალაქში, მოსახლეობა, ენა ვერ იტყვის, ისე ააფორიაქა და შემდეგ ანაზდად გაუჩინარდა“. ნაგელის ეს გამოჩენა, ვფიქრობ, არ იყო შემთხვევითი, ნაგელი ამ ქალაქში აუცილებლად უნდა მოსულიყო გარკვეული მესიანური მიზნებით, თუმცა მისი ამ ქალაქში წინასწარგანზრახული ჩამოსვლა, ვერ გამოვრიცხავ, რომ თავად ნაგელმაც არ იცოდა.( ამ მესიანურ მიზნებზე თანდათანობით მოგახსენებთ). ნაგელის ეს ,,შემთხვევითი მარშუტი“ ქალაქში უკვე დადგეგმილი იყო არაცნობიერის დონეზე, ინტუიციის დონეზე, რომელიც ნაგელს საოცრად ჰქონდა განვითარებული. გავიხსენოთ აქ ის მომენტი, როცა ჩვენი გმირი სასტურმოში შედის და მეპატრონეს ეუბნება, რომ აქ ოდესღაც აფთიაქი უნდა ყოფილიყოო, მიუხედავად იმისა, რომ ამის დასკვნა არანაირი დედუქციური, ინდუქციური თუ სხვა მეთოდით იყო შეუძლებელი. მეპატრონეც ამ ინფორმაციას ადასტურებს. ამას გარდა ნაგელს ინტუიცია არ ღალატობს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟის, მაიცას(რომელზეც აუცილებლად ვისაუბრებთ ქვემოთ) სახელის გამოცნობისას, კერძოდ როდესაც პირელად დაინახა , მაშინვე რაღაცამ უკარნახა რომ ამ კაცს გრეგორდი ერქვა და აღმოვაჩენთ, რომ ამ მაიცას ნამდვილი სახელი გრეგორდია. მკითხველის გადასაწყვეტია ის ფაქტი, თუ როგორ ჩათვლის ნაგელის ამ ,,ჯადოქრობას“, უბრალო ინტუიციად, ექსტრასენსობად, მისტიკად თუ სხვა რამე აბსტრაქტულ მოვლენად.

ვფიქრობ, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ნაგელი გარკვეული სახის ურთიერთობებს ამყარებს ქალაქში ყველაზე მნიშვნელოვან(ნაწარმოების შინაარსის მხრივ) ხალხთან. სანამ ამ აზრს განვავრცობდე, მინდა დავაზუსტოთ ერთი რამ, კერძოდ ამ ნაწარმოებში ძალიან ბევრ რამეს ჭირდება მეტაფორული ანალიზი , თუ გვინდა, რომ რამე შთაბეჭდილება დაგვრჩეს წიგნში არსებულ იდეებზე და აზრზე. ნაწარმოებში მწერალი მეტყველებს ე.წ. მისტერიების ენაზე, რომლის აღქმა მეტაფორული აზროვნების გარეშე შეუძლებელია. ახლა კი ნაგელის ადამიანებთან ურთიერთობას დავუბრუნდეთ. სასტუმროში შესვლისას, ნაგელი გაიგებს ახალგაზრდა კაცის მიერ თავის მოკვლაზე(დანით ვენების გადაჭრაზე) და უფრო კარგად გამოკითხვის შემდეგ გებულობს, რომ ამ კაცმა თავი მოიკლა იმის გულისთვის, რომ ერთმა ლამაზმა ქალბატონმა უარი უთხრა სიყვარულზე და ამის გამო, ამ ქალის დანითვე გადაიჭრა ვენები(თუმცა ადამიანთა გარკვეული კატეგორია ამას უბედურ შემთხვევად მიიჩნევდა). ეს ქალი იყო დაგნი ჰელანი, რომლის სილამაზე მართლა განთქმული იყო ამ ზღვისპირა ქალაქში. ესე იგი, პირველი ადამიანი, ვისზეც ნაგელს წარმოდგენა შეექმნა იყო, ქალი, რომლის ფიზიკურ მონაცემებს ძალუძდა ადამიანის ჭკუიდან გადაყვანა და სიკვდილიც კი და რახან პირველი წარმოდგენა დაგნიზე ასოცირდებოდა სიკვდილთან, ადრე თუ გვიან, თუ დადგებოდა ჟამი, რომ ნაგელს მოუწევდა გაეწყვიტა ყველანაირი ფიზიკური თუ სულიერი კავშირი ამ ქალთან, სიკვდილის ფენომენი აუცილებლად შეახსენებდა თავს და ეს მართლაც ასე მოხდა.

რახან დაგნიზე ჩამოვარდა საუბარი, ბარემ რამდენიმე სიტყვა ამ ადამიანზე ვთქვათ. ეს ქალი იყო ერთი შეხედვით ძალიან მორცხვი და გრძნობას აყოლილი ადამიანი, თუმცა პირადი მიზნების გამო შეეძლო ყველაფერზე წასულიყო. აი თუნდაც იმ ახალგაზრდას თვითმკვლელობის მაგალითი ავიღოთ, დაგნიმ კარგად იცოდა რომ ეს მის გამო მოხდა, თუმცა თავს ოდნავადაც არ თვლიდა დამნაშავედ, მისთვის ნაგელის სიმპათიაც ერთი დიდი სისულელე იყო და ამ ფაქტს ირონიულად უყურებდა. აშკარა იყო, რომ ცვლაებადი ბუნებისა და ხასიათის მატარებელი იყო, ვერც კი გაიგებდი მოსწონდა თუ არა სერიოზულად ვინმე მამაკაცი. ნაგელის შემთხვევაში თითქოს იკვეთება რამდენიმე მონაკვეთი, რომელმაც შეიძლება გვაფიქრებინოს მათ შორის გრძნობის სერიოზულობაზე, თუმცა საბოლოოდ დაგნი ამ დამოკიდებულებასაც არაფრად აგდებდა. სწორედ დაგნი ჰელანთან ურთიერთობისას იკვეთება ავტორის ეგზისტენციალისტური ხედვა ცხოვრების მიმართ, კერძოდ, როცა ნაგელი უკვე გრძნობს რომ არაფერი გამოვა ამ ქალთან, ის საკუთარ თავს ეკითხება თუ რა აზრი აქვს ცხოვრებას? რა აზრი აქვს სხვის სიყვარულს? რა აზრი აქვს ვინმეს დახმარებას? ამ კითხვებს სხვამს მაშინ, როცა უკვე ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა როგორც მატერიალური ასევე სულიერი კუთხით. საინტერესოა, ისეთი ადამიანი, როგორიც ნაგელია ასეთი დილემის წინაშე რომ დადგა. ეტყობა დეპრესიული ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ნაგელმა დაკარგა ყოველგვარი რწმენა მატერიალური და არამატერიალური სამყაროს მიმართ. სწორედ ეს ნიჰილისტური დამოკიდებულება იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საბოლოო ჯამში ნაგელი სუიციდით ამთავრებს თავის ცხოვრებას. თუმცა, აქ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც იყო, რომლემბაც თითქოსდა აიძულა ნაგელი ეს ყოვლად ამოუცნობი ნაბიჯი გადაედგა და რა იყო ეს ფაქტორები, ქვემოთ მოგახსენებთ.

ამ ფაქტორების ამოსაცნობად გვჭირდება გავიხსენოთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟი ამ ნაწარმოებში. პირველი ეს არის მაიცა და მეორე ქალბატონი მარტა გუდე. ზემოთ უკვე ვახსენე, რომ ნაგელი შემთხვევით არ ჩამოსულა ამ ქალაქში და მას ქვეცნობიერის დონეზე ჰქონდა ერთგვარი მესიანური მისია, კერძოდ, უნდა მოესპო ქალაქში არსებული ორი უდიდესი უკიდურესობა, რომლებიც ორ პერსონაჟში იყო განაწილებული. მაიცაში ერთიანდებოდა ღირსებაშელახულობა, ღირსებადაკარგულობა, რომელთა მიღმაც იმალებოდა საოცარი თანაგრძნობისა და თავმდაბლობის უნარი, თუმცა საერთო ჯამში ეს ოთხი თვისება ატარებდა ერთ ანომალიურ ხასიათს, რომელიც მაიცას ქმედებებს დროგამოშვებით ამაზრზენ იერსახეს აძლევდა. ნაგელმა სწორედ ამის გამო, პრინციპულად დაიჭირა მაიცასთან ახლოს ურთიერთობა, რათა გაეთავისუფლებინა ეს კაცი ამ მანკიერი მხარეებისგან, აღედგინა მისთვის ღირსება, ოღონდ ისე, რომ ამ თავმოყვარეობის აღდგენას არ მოყოლოდა უეცარი ამპარტავნება. აქ მე ვერ გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ ნაგელი მაიცაში შესაძლოა უყურებდა საკუთარ თავსაც, ოღონდ ერთგვარ ანტიპოდს, კერძოდ დამახინჯებულ ვარიანტს, რადგან მაიცას დადებითი თვისებები, თუ კარგად დავაკვირდებით, ძალიან გავს ნაგელისას. ნაგელიც ხომ სიუჟეტიდან გამომდინარე აშკარად თავმდაბალი, ,,სიკეთე აკეთე დაფარულში“ ტიპის ადამიანი ჩანს. ოღონდ როგორც კი მისი თავმდაბლობის დაფარულობას საფრთხე დაემუქრებოდა, მაშინვე ცდილობდა რამეთი ისეთი წარმოდგენა შეექმნა საზოგადოებისთვის, თითქოს სრულებითაც არ იყო მსგავსი ტიპის ადამიანი, ანუ ყოველთვის ცდილობდა საზოგადოების თავში ყოფილიყო გაცილებით უარესი, ვიდრე სინამდვილეში იყო. ამით ის თავისი კეთილ ნამოღვაწარს დაფარულში ტოვებდა. აქ მინდა გავიხსენოთ ის მომენტი, როდესაც უკვე ნაგელი წყალში გადახტომას აპირებს და ამ დროს მაიცა შეაჩერებს. ნაგელი როგორც კი მაიცას სახეს შეხედავს, მაშინვე მის წარმოდგენაში იგი გადაიქცევა რაღაც ურჩხულად, ერთგვარ შემაკავებელ ძალად და რაოდენაც არ უნდა გაგიკვირდეთ , სინდისადაც კი, რათა ეს სუიციდი არ ჩაიდინოს. ნაგელს მაიცას ეს მოქმედებაც ამაზრზენად ეჩვენება და რაღაც წარმოუდგენელი შიში ეუფლება. საინტერესოა რითია გამოწვეული ეს ენით აღუწერელი შიში? ამის ადეკვატურად გასაგებად, გავიხსენოთ ის მომენტი, რომ ნაგელი უკვე დაგნის გამო სულით ხორცამდე ნიჰილიზმის მსხვერპლია, ვერც კი წარმოუდგენია, კიდევ თუ არსებობს ამ ქვეყნად პატივისცემა, თანაგრძნობა და თავგანწირვის უნარი, ხოლო მაიაცას სახით მან როდესაც ეს ყველა დადებითი გრძნობა დაინახა გაშიშვლებული, ამას დაემატა იმის ანალიზიც, რომ რამდენიმე ხნის წინ ამ გრძნობების მოტრფიალე იყო თავადაც, ვეღარ აიტანა სინამდვილე, ვეღარ აიტანა მაიცაში(როგორც სარკეში) დანახული საკუთარი თავის ერთ დროს დაკარგული თვისებები და წყალში გადაეშვა.

თუმცა ვფიქრობ, რომ მის ამ საქციელს მხოლოდ ზედაპირულად შეიძლება ვუწოდოთ თვითმკვლელობა, თორემ რომ დავუკვირდეთ, შესაძლოა ამას არც კი ჰქონდეს თვითმკვლელობის სახე. კარგად გავიხსენოთ ნაგელის რკინის ბეჭედი. წიგნიდან ჩანს, რომ ამ ბეჭედს გააჩნდა რაღაც მაგიური ძალა, ამ ბეჭედის დაკარგვის შემდეგ კი მის პატრონს უბედურება ეწვეოდა. თუმცა ესეც შეიძლება მეტაფორის რანგში ავიყვანოთ, აქ მნიშნველოვანია ის მომენტია, რომ ნაგელს სწამდა ამ ბეჭდის ძალის. მისი ეს თუნდაც ცრურწმენა, ერთგვარი რწმენა იყო, თან ისეთი ძლიერი, რომ მთელი ძალით ჰქონდა შესისხლხორცებული. თუ გავიხსენებთ სახარებიდან უფლის სიტყვებს, იქ კარგად წერია : ,,თუნდაც იოტისოდენა რწმენა გაგაჩნდეთ, მთებს გადადგამდითო“.( მნიშვნელოვანია ის მომენტი რომ საუბარია ზოგადად რამის რწმენაზე.) შესაბამისად ნაგელს ეს რწმენა, თუნდაც უსულო საგნის მიმართ, ჰქონდა. ხოლო ბეჭდის დაკარგვის(უფრო სწორად ძალით დაკარგვის, ანუ წყალში გადაგდებას ვგულისხმობ. ესეც ერთგვარი სიმბოლო შეიძლება იყოს, ანუ ვერ გამოვრიცხავ, რომ ნაგელს სურდა ცრურწმენებისგან გათავისუფლება, თუმცა რამდენად შეძლო, ეს სხვა საკითხია) შემდეგ ნაგელს მისი რწმენიდან გამომდინარე ჯეროდა, რომ მას საშინელება ელოდა, ამან განაპირობა მისი ე.წ. პლანეტალური მასშტაბის შიში, ამას დაემატა ის დეპრესიული ტალღები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ და ამ ფაქტორების ზემოქმედების გამო, ფაქტობრივად აფექტის მდგომარეობაში ნაგელი ღებულობს სუიციდის გადაწყვეტილებას.

რახან რამდენიმე აბზაცის ზემოთ დავიწყე საუბარი ნაგელის მიერ ორი უკიდურესობის განკურნებაზე , რომლებიც ორ პერსონაჟში იყო თავმოყრილი, ბარემ მეორე პერსონაჟზეც მოგახსენებთ ჩემს აზრს. ეს ადამიანი იყო მარტა გუდე. ამ ქალში თავმოყრილი იყო არასრულფასოვნების კომპლექსი, საკუთ თავში ჩაკეტილობა, საკუთარი გრძნობების ვერ გაზიარება, უკიდურესი მორიდებულობა, რომელიც ღუპავდა საბოლოო ჯამში მარტას. ამ ქალბატონისადმი ნაგელის დამოკიდებულება ყველას კარგად მოგეხსნებათ, ჯერ მარტო იმ ,,ძვირადღირებული“ ავეჯის შესყიდვის მომენტი რად ღირს. ნაგელმა წარმატებულად შესძლო, რომ მარტა დაეახლოვებინა საზოგადოებისთვის და არასრულფასოვნების კომპლექსისთვის დაეძლია. ძალიან უცნაურად მეჩვენება ის მომენტი, როცა ნაგელი ამ ქალბატონს ხელს თხოვს, თავდაპირველად მარტა თანხმდება, თუმცა მეორე ნახვაზე უარს ეუბნება. რამ განაპირობა ეს ყველაფერი? ვითომ ნაგელს ნამდვილად უნდოდა მასთან გაეტარებინა მთელი სიცოცხლე თუ ეს მხოლოდ პროვოკაციული შეტევა იყო მარტაზე, რათა გაეღვიძებინა მასში მაიცას მიმართ მოწონება(სიყვარული????), რომლის აღიარება თითქოსდა არ უნდოდა. არ ვიცი, ზუსტი აზრი ნამდვილად არ გამაჩნია ამ ფაქტის თაობაზე, ძალზედ ბუნდოვანებითაა მოცული ნაგელის ეს გადაწყვეტილება, ისეთივე ბუნდოვანებით, როგორც მისი უცნაური, სიზმარ-ცხადში გადამხდარი ამბები, რომლებსაც დროგამოშვებით უყვებოდა ქალაქის მაცხოვრებლებს. ეს სიზმრებიც სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, ერთგვარ სიუჟეტურ წინასწარმეტყველებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ზუსტი ახსნა კი, ვფიქრობ, შეუძლებელია.

ბოლოს კი მინდა დავასრულო იმ ადამიანის სიკვდილით, რომელიც პირველივე აბზაცებში ვახსენე, კერძოდ იმ თეოლოგის, კარლსენის, გარდაცვალებით, რომელმაც ვენები გადაიჭრა დაგნის გამო. იყო კი კარლსენი სიუჟეტურად დამოუკიდებელი პიროვნება? თუ უბრალოდ რომელიმე პერსონაჟის განსახიერება, წარსული ან თუნდაც მხატვრული რეიკარნაციაა? ბუდნოვანებით მოცული კარლსენი, მასზე არაფერი იცოდა არც ქალაქის მოსახლეობამ და ვერც მკითხველი გებულობს რამეს. მისტერიით დაფარული კარლსენი, ვის შეიძლება ჰგავდეს ასეთი დახასიათების მქონე ადამიანი? არ გგონიათ, რომ კარლსენს რაღაც კავშირი შეიძლება ჰქონოდა ნაგელთან? ორივე ამოუცნობი პიროვნება, ორივე სუიციდის მსხვერპლი და თუ დავუკვირდებით, თვითმკვლელობის საერთო მიზეზის მატარებლები, კერძოდ როგორც კარლსენის ბარათზე აღმოჩენილი სიტყვები გვეუბნებიან : ,,დაე, ფოლადიც ისეთივე მსახვრალი იყოს, როგორც შენი საბოლოოდ ნათქვამი ,,არა“ ‘’. ჩემი თხოვნა იქნება გავამახვილოთ ამ ბოლო ოთხ სიტყვაზე ყურადღება. ვიცით, რომ კარლსენის შემთხვევაში ეს ,,არა“ ეკუთვნის დაგნის, თუმცა ესეც საკითხავია, იყო თუ არა ეს წერილი დაგნის მიერ სიყვარულზე უარის თქმისკენ მიმართული? რომელი ვარიანტიც არ უნდა იყოს სწორი, ანალოგიური სიტუაციაა ნაგელთანაც. ნაგელს, ფაქტობრივად, ბოლო მოუღო იმ ,,არამ“, რომელიც გაჟღერდა ჯერ დაგნის მიერ, ხოლო შემდეგ მარტა გუდეს მიერ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ვერ გამოვრიცხავ, რომ ნაგელს რაღაცა კავშირი ჰქონდეს კარლსენის სიკვდილთან, ან თვითონ კარსლენთან, ან ბოლოს და ბოლოს, რა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ კარლსენის მხატვრული სახე არ აერთიანებს თავის თავში მისტერიებით მოცულ ნაგელს?

ავტორი: გიორგი წერეთელი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button