განხილვაწიგნები

ნილ გეიმანის „ოკეანე ბილიკის ბოლოს“: დიდი აფეთქება ცნობიერებაში

„დიდები დადიან გზებზე. ბავშვები იკვლევენ. დიდებს აკმაყოფილებთ ერთსა და იმავე გზაზე ასჯერ, ათასჯერ სიარული. შეიძლება არასდროს მოსდით მათ თავში, რომ ამ გზებიდან გადაუხვიონ, იხოხონ როდოდენდრონების ქვეშ, იპოვონ სივრცე ღობეებს შორის. მე ბავშვი ვიყავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვიცოდი უამრავი გზა, როგორ გამეღწია ჩვენი ადგილიდან და ბილიკზე გავსულიყავი. ეს იყო გზები, რომლებიც არ გულისხმობდა ტრასაზე სიარულს“ნილ გეიმანის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევრის „ოკეანე ბილიკის ბოლოს“ შინაარსი ძალიან წააგავს მის სხვა ნამუშევარს „კორალაინს“ (რომელიც ფართო მასებისთვის ცნობილი გახდა 2009 წელს გადაღებული ანიმაციური ფილმით). „ოკეანე ბილიკის ბოლოს“ მოგვითხრობს ამბავს, რომელიც თავს გადახდა პატარა ბავშვს. ეს არ ნაწარმოები, რომელიც ღრმად იკვლევს ბავშვის მიერ სამყაროს აღქმას, ბავშვის შიშებს, მის მიერ მოვლენების შეფასებას, თვითშემეცნების პროცესს. რაც შეეხება „კორალაინთან“ მსგავსებას, ორივე ნაწარმოებში ბავშვი აღმოჩნდება მისთვის უცხო, ზებუნებრივი ფენომენების წინაშე, რომლებსაც დიდი გარდატეხა შეაქვთ მთავარი პერსონაჟების ცნობიერებაში.
„ოკეანე ბილიკის ბოლოს“ არის ნოველა უსახელო კაცის შესახებ, რომელიც დიდი ხნის შემდეგ მშობლიურ მხარეში დაკრძალვაზე ჩადის და დაკრძალვის შემდეგ იხსენებს ბავშვობის ამბავს. იხსნებს ერთ უცნაურ ოჯახს, რომელიც ცხოვრობდა ბილიკის ბოლოს, ფერმაში. ოჯახი, გვარად ჰემპსტოკები, შედგებოდა სამი წევრისგან: ბებია, დედა და შვილი. მას შემდეგ, რაც ბიჭის ოჯახის მდგმური თავს მოიკლავს, იწყება უცნაური ამბები. ამ ამბების მიზეზის გარკვევას კი შედეგად მოჰყვება ვინმე ურსულა მონკტონის ბიჭის ოჯახში შემოსვლა, რომელიც ოჯახმა ბავშვების მომვლელად დაიქირავა. ამ ყველაფერთან გამკლავებას კი ბიჭი 11 წლის ჰემპსტოკთან – ლეტისთან და მის ოჯახთან მეგობრობით ცდილობს.
ურსულა მონკტონი არის ანტი-მერი-პოპინსი და მხოლოდ ბიჭი ხვდება, რომ ის არის პარალელური სამყაროდან მოსული „რაღაც“. ჰემპსტოკების ფერმასთან, ბილიკის ბოლოს, დგას პატარა გუბურა, რომელიც, ლეტის მტკიცებით, არის ოკეანე, რომლითაც მისი ოჯახი დედამიწაზე მოვიდა. ლეტი 11 წლისაა, თუმცა ბიჭი ხვდება, რომ გასარკვევია ის, თუ რამდენი ხანია, რაც 11 წლისაა. ერთი სიტყვით, ნაწარმოების მთელი „მუღამი“ იმაში მდგომარეობს, რომ ხვდები ადამიანებს, ისმენ მოვლენების აღწერას და ვერ იშორებ შეგრძნებას, რომ მათ უკან იმალება რაღაც ამოუხსნელი, ზებუნებრივი, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
სწორედ ასეთი სიუჟეტის ფონზე და 7 წლის ბავშვის პერსპექტივიდანაა განხილული ისეთი თემები, როგორიცაა მახსოვრობა, შიში, მარტოობა, სიკვდილის გარდაუვლობა, დროის აღქმა, რეალობის ვარიაციები, ზებუნებრივის არსი, შემეცნება და ცოდნა. მთავარი ფაქტორი, რაც ყველა ამ თემის გამოკვლევას საინტერესოს ხდის, არის ის, რომ საქმე გვაქვს 7 წლის ბავშვთან, რომელიც მოვლენებს აღიქვამს სუფთა გონებით, ანუ მისი ცნობიერება ჯერ კიდევ თავისუფალია საზოგადოებრივი აზრისგან. ის ცხოვრობს საკუთარი რეალობით, რომელიც „უფრო ნამდვილია, ვიდრე უფროსების რეალობა“.
ნაწარმოებში კარგად ჩანს მახსოვრობის არამდგრადობის არსი. თუ მთავარი გმირის მოგონებებს გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ მახსოვრობა წარმოადგენს მოვლენების ex post facto შეფასებას და არა უკვე მომხდარი ფაქტის მეხსიერებაში კონსტანტაციას: „ბავშვობის მოგონებები ხანდახან იფარება და ბუნდოვანი ხდება იმ მოვლენების შედეგად, რომლებიც მოგვიანებით ხდება. მოგონებები ემსგავსება საკუჭნაოს ძირში მიყრილ და დავიწყებულ სათამაშოებს, რომლებიც არასდროს იკარგებიან.“ 
შეუძლებელია, ვისმენდეთ პარანორმალური მოვლენების ქრონიკას 7 წლის ბავშვის ცხოვრებაში და ვერ ვიგრძნოთ შიშის არსებობა. პატარა ბავშვის ტიპიური შიშების გარდა მთავარ გმირს ეშინია „შიმშილის ჩიტების“ (არსებები, რომლებსაც შეუძლიათ რეალობა შეჭამონ და მის ადგილზე ამოუხსნელი სიცარიელე დატოვონ), ეშინია, რომ ვერ გაამართლებს მისთვის ძვირფასი „ადამიანის“ იმედს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ბიჭი „შიმშილის ჩიტებისგან“ გადაერჩინა. ბიჭი აცნობიერებს შიშის ფენომენის მეორე მხარეს: „მონსტრები არსებობენ სხვადასხვა ფორმით და ზომით. მონსტრები არიან ისინი, რისიც ხალხს ეშინია. მონსტრები არიან ისინი, რომლებიც ჰგვანან მათ, რისიც ხალხს დიდი ხნის წინ ეშინოდა. ზოგჯერ კი მონსტრები ისეთი რაღაცეებია, რისიც ხალხს უნდა ეშინოდეს, თუმცა არ ეშინიათ.“ საბოლოოდ ბიჭი ხვდება, რომ მონსტრები მხოლოდ იმიტომ არიან მონსტრები, რომ მათაც რაღაცის ეშინიათ.

„ეს ოკეანეა“, თქვა მან. „როდესაც ბავშვი ვიყავი, ამის გავლით მოვედით ძველი ქვეყნიდან“ 

ნაწარმოების მთავარი გმირი მარტოა, მის მეშვიდე დაბადების დღეზე არავინ მივიდა, სანამ ჰემპსტოკებს შეხვდებოდა, მას მეგობარიც არ ჰყავდა. თუმცა, ბიჭის ცხოვრებაში ძნელია, რომ მარტოობას ცალსახად დადებით ან უარყოფითი მნიშვნელობა მივანიჭოთ. მარტოობა ბიჭისთვის წარმოადგენს ცნობიერების მანიპულაციის საშუალებას, სამყაროს ემპირიული შეცნობის მექანიზმს. ამაში კი განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს წიგნები, რომლებსაც ბიჭი კითხულობს: „წიგნები უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე ხალხი.“ წიგნები წარმოადგენს რეალური ცხოვრებიდან გაქცევის საშუალებას: „ჩემს ცნობიერებაში წიგნი მოვძებნე და მასში ჩავიძირე, სწორედ აქ მივდიოდი, როდესაც რეალური ცხოვრება რთული ან ძალიან უხეში იყო.“ წიგნებისა და მარტოობის საშუალებით ბიჭი ხვდება, რომ უფროსები ისეთები არ არიან, როგორებიც ჩანან: „ვიზრდებოდი და წიგნებიდან ბევრი რამ ვისწავლე. მათ მასწავლეს იმის უმეტესობა, რაც ადამიანებზე ვიცოდი; მასწავლეს, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ისინი იყვნენ ჩემი მასწავლებლები და მრჩევლები.“
მთავარი გმირის ცნობიერების გარდატეხაში დიდი როლი ითამაშა სიკვდილის გარდაუვალობის გაცნობიერებამ, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი ბოლომდე ვერ ჩასწვდა სიკვდილი არსს. მას სიკვდილის ეშინია, თუმცა არსებობდა მომენტები, როდესაც ამ შიშმა უკანა პლანზე გადაიწია: „დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვკვდებოდი. არ მინდოდა სიკვდილი. ჩემმა მშობლებმა ადრე მითხრეს, რომ სინამდვილეში არ ვკვდებოდი, რეალური „მე“ არ კვდებოდა: სინამდვილეში არავინ კვდებოდა, როცა ისინი გარდაიცვლებოდნენ… ისინი ეძებდნენ ახალ სხეულებს, და შემდეგ უკან დაბრუნდებოდნენ. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მიყვარდა ჩემი წიგნები, ჩემი ბებია და ბაბუა და ლეტი ჰემპსტოკი, სიკვდილი კი ამ ყველაფერს წამართმევდა.“სტივენ ჰოკინგის შემდეგ, ნილ გეიმანი ალბათ ყველაზე ცნობილი ადამიანია, რომელიც მუდმივად ცდილობს გამოიკვლიოს დროის არსი. ამ ნაწარმოებში დროს არის ის გარდაუვალი ფენომენი, რომელიც აიძულებს პატარა ბიჭს გაიზარდოს: „დროს გადის და ვხდებით ჩვენი თავების მშობლები, ვცხოვრობთ საკმაო ხანს, რათა ვნახოთ, თუ როგორ მეორდება სახეები დროის განმავლობაში“.  მეორე მხრივ კი, გეიმანი ცდილობს უპასუხოს კითხვას, რა მოხდებოდა, თუ დროის კანონებს არ დავემორჩილებით? ბიჭი ხვდება, რომ ლეტი მინიმუმ ათასი წელია, რაც 11 წლისაა (თუმცა ლეტი ადამიანზე მეტია, ის სხვა სამყაროს ეკუთვნის): „მე მახსოვს დრო, როცა შეიქმნა მთვარე“ – უთხრა ერთხელ ლეტიმ ბიჭს. მისთვის რთულია ბავშვობასთან განშორება, ის ერთგვარი „პიტერ პენის სინდრომითაა“ დაავადებული – მტკივნეულად განიცდის ზრდას, რადგან ეს პროცესი უხეშ რეალობასთან დაპირისპირებას გულისხმობს: „არ მენატრება ბავშვობა, მაგრამ მენატრება ის, თუ როგორ ვერთობოდი პატარა რაღაცეებით, რომლებიც დიდი მოვლენების მარტივ მამრავლებს წარმოადგენდნენ. არ შემეძლო მეკონტროლებინა სამყარო, რომელშიც ვცხოვრობდი; არ შემეძლო თავი დამეღწია საგნებისგან, მომენტებისგან ან ხალხისგან, რომლებიც ტკივილს მაყენებდნენ, თუმცა სიამოვნებას ვიღებდი ისეთი რაღაცეებისგან, რომლებიც მაბედნიერებდნენ.“ 
ნაწარმოებში ხშირად დასმულია კითხვა, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, იმაზე მეტი რომ ვიცოდეთ მასზე, ვიდრე ვიცით? რომ ვიცოდეთ სამყაროებზე, მათ ამოუცნობ საიდუმლოებებზე? ჰემპსტოკები ფუნქციონირებენ იმ სივრცეში, სადაც ჩვენ ვარსებობთ, ისინი სხვა განზომილებაში აღიქვამენ ადამიანთა ყოფიერებას, ცხოვრებასა და სიკვდილს. მათ გააჩნიათ ზებუნებრივი ძალები, თუმცა მათთვის ეს რეალობაა, ბიჭისთვის კი მაგიური მოვლენები. რომელთა აღქმაა უფრო რეალური? ცოდნა კი, რომელიც ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემს, ბილიკის ბოლოს მდებარე გუბურაშია, რომელიც, ლეტი ჰემპსტოკის თქმით, ოკეანეა:
„მეგონა, რომ ყველაფერი ვიცოდი. ლეტი ჰემპსტოკის ოკეანე ჩემში ჩაიღვარა და ამავსო მთელი სამყაროთი, „კვერცხიდან“ „ვარდამდე“. ვიცოდი ეს. ვიცოდი რა იყო „კვერცხი“ – საიდანაც სამყარო შეიქმნა, ეს იყო ხმა ჯერ კიდევ შეუქმნელი არსებების სიმღერისა, რომლებიც ამაოებაში მღეროდნენ – და ვიცოდი სად იყო „ვარდი“ – უცნაურად იკეცებოდნენ განზომილებებში სივრცეები სივრცეებზე , როგორც ორიგამი და ყვაოდნენ უცნაური ორქიდეის მსგავსად, რომელიც იქნებოდა საბოლოო დასასრულისა და მომდევნო „დიდი აფეთქების“ წინ არსებული კარგი დროის ნიშანი.“

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button