კახაბერ ჯაყელი “ახალციხის „აია სოფია“
ნაწილი პირველი
(ისტორიული, დოკუმენტალური ნოველა – ახალციხის „აია სოფია“, დაიწერა 1987 წელს, ბაბუაჩემის – ნიკოლოზ მიხეილის ძე ჯაყელის მონათხრობისა და დიდი პაპის, ქაიხორსო გიგოს ძე ჯაყელის დანაბარების საფუძველზე, მარი ბროსეს მიერ შექმნილ ჯაყელ-ათაბაგთა გენეალოგიის ნუსხის მიხედვით, ალექსანდრე ფრონელის არქივის ჩანაწერების გათვალისწინებით. ნოველის შექმნაზე დიდი გავლენა მოახდინა იმანაც რომ მამაჩემი თენგიზ ჯაყელი ხშირად თან მიახლებდა ხოლმე ახალციხეში სადაც იმ ხნად ვალერიან ჯაყელი ცხოვრობდა. მოთხრობის წერისას გამომადგა პროფესორების შოთა ლომსაძეს წიგნები და სერგო ვარდოსანიძის მბრწყინვალე ლექციები. თავად ძეგლი ახალციხის „აია სოფია“ მეტად მნიშვნელოვანია ქართულ ისტორიულ მემკვიდრეობაში რადგანაც იგი წარმოაჩენს იმ დროს, როდესაც მარტივი, პირდაპირი გადაწყვეტილებების ნაცვლად, მმართველ წრეებს შემოქმედებითი აზროვნება უნდა გამოეჩინათ. როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ახალციხის რაბათი აღადგინა, მაშინაც და შემდგომი ხელისუფლების პერიოდშიც, იყო უგუნური მცდელობა, ახალციხის „აია სოფია“, ოსმალურ მემკვიდრეობად გამოცხადებულიყო. ამ სისულელეს შევერკინეთ ჩვენ, ჯაყელთა გვარი. მესხეთ-ჯავახეთის მეუფე თევდორემ და ახალციხის მკვიდრმა ომარ ჯაყელმა ამ ნოველის ავტორთან ერთად ბევრი იღვაწეს იმისათვის, რომ ადგილობრივი ქართველი ფეოდალის, კერძოდ აჰმედ ჯაყელის მიერ 1755 წელს აშენებული „აია სოფია“ ეროვნულ მემკვიდრეობას დაქვემდებარებოდა.)
***
ქალაქ ლომსიას ირგვლივ შემოგრაგნილი ჟანგისფერი კლდეები ნისლს დაებურა. იატაგანივით დაკლაკნილ ქუჩებში ხელოსანთა შეძახილი, ვაჭართა ლანძღვა-გინება და იანჩართა საალიონო აღლუმის ჭყვიტინა ხმები ერთმანეთში ირეოდა.
– სტამბოლიდან ემისარი გეახლათ პატრონო, გაისმა რაბათის საზაფხულო სასახლის დარბაზში, მესტუმრეთუხუცესის და პოეტის რეჯებ ფალავანდიშვილის ხმა.
– ვინ ჩამოსულა, რეჯებ? – ჩაილაპარაკა ჰარემში ულამაზეს ხორვატ მხევალთან, დოდონასთან, მყოფმა ახალციხის ფაშამ და ათაბეგმა აჰმედ ჯაყელმა.
– ვიღაც აღა პიპინესკუა, ტომით რუმინელი, სულთნის ბეჭდით და უსაზღვრო უფლებებით აღჭურვილი ძაღლი, თქვა რეჯებმა დაბალი ხმით.
– რუმინელს ნაღდი თურქი მერჩივნა, შეიყვანეთ იგი „ლომის ხახაში“. ბრძანა აჰმედმა. ამ დროს ხორვატმა დოდონამ თავისი უჩვეულო მუსიკალური ხმით ჩაიკისკისა.
„ლომის ხახა“ ერთდროულად საასპარეზოდ და სასტუმროდ მოწყობილი დარბაზი იყო. ფუფუნებაში ჩაფლული „მბრწყინვალე პორტას“ წარმომადგენლებს აქ იმგვარ გამაოგნებელ წარმოდგენებს უმართავდნენ, რომელთა შემდეგ ერთნი ისტამბულს ახალციხეზე ლაპარაკსაც ერიდებოდნენ, ხოლო მეორენი სიამოვნებით იხსენებდნენ „ლომის ხახად“ წოდებულ ავბედით სასახლეს.
– მოგესალმებით, სამყაროს მპყრობელი სვებედნიერი სულთნის, რუმის ავღუსტის და ევროპა-აზიის მეფეთა და მთავართა მამის, მბრწყინვალე მურადის წარმომადგენელო – მდაბლად დაუკრა თავი რუმინელ პიპინესკუს რეჯებმა, ვეფხვის, ფოცხვერისა და დათვის ტყავებით მოფენილ დერეფანში შეუძღვა სტუმარს და დარბაზის მორკინული კარის მძიმე ურდულის გახსნას შეუდგა.
სამყაროს მბრძანებლის, „ულუფჩი“ პიპინესკუ აღა, სწავლული კაცის დარად ყურადღებას არ აქცევდა „ვიღაც მესტუმრის“ ჩალიჩს, თავის კანტურით საკუთარ მისიაზე ფიქრობდა და მწვავე სიტყვას ამზადებდა ახალციხის „დაუმორჩილებელი“ ფაშისათვის.
უეცრად დარბაზის სიღრმიდან გამაყრუებელი ყვირილის ხმა ჩაესმა რუმინელს და მან თვალი ურდულთან დაჭიდებულ ფალავანდიშვილს მიაპყრო.
-იგი თავად სჯის ორგულებს აღა, – თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა რეჯებმა და ურდული ჩახსნა.
სულთნის კარზე ტირანიასა და სისხლს ჩვეული პიპინესკუ გულგრილობის ნიღბით აპირებდა „ლომის ხახად“ წოდებულ დარბაზში შებრძანებას, რომ არა ერთი მოულოდნელობა, რასაც ზღურბლზე გაწოლილი, ცოცხალი ლომი ერქვა.
პიპინესკუ შედგა, ლომს შეხედა, თავისთვის რაღაც ჩაილაპარაკა და ნაბიჯი გადადგა, რომ ვეება ლომმა სისხლში ამოსვრილი ტორები გაშალა, პიპინესკუსაკენ ისკუპა, რუმინელის თავს ზემოთ კამარა შეჰკრა და ფართო დარბაზის ჩაბნელებულ კუთხეში გაუჩინარდა.
პიპინესკუ საგულედან ამოვარდნილ გულის ფართხალს ყურს უგდებდა, ცდილობდა იატაკზე არ გაშხლართულიყო. ის წყეული მესტუმრეც სადღაც გაქრა, რუმინელის ირგვლივ ბნელოდა და მხოლოდ საიდანღაც მოწეული შუქის მკრთალი სვეტი ანათებდა პიპინესკუს სახესა და აცეცებულ ხელებს.
იქ, სადაც ლომი გაუჩინარდა, ეხლა რაღაც მბზინავი და მბრწყინვალე ამოძრავდა და სტუმრისაკენ გამოემართა. პიპინესკუმ ახალი მოულოდნელობისა თუ გამოცდის მოლოდინში ხელები აღაპყრო და უეცრად მის ირგვლივ ერთდროულად აელვებულ მაშხალებს მოჰკრა თვალი.
დარბაზი უეცრად, ერთბაშად ისე განბრწყინდა, თითქოს ზარბაზნიდან გაისროლესო. სპილოს ძვლით, სადაფით, ქარვით, ახალციხური აქატითა და ოლთისური გიშრით გაწყობილი, ოქრო-ვერცხლით მორთული კედლები უჩვეულოდ აელვარდა და თვალის-მომჭრელ მბრწყინვალებაში, რუმინელმა მისკენ მომავალი, წითელმანტია მოსხმული ახოვანი ფაშა შენიშნა.
ფაშამ სტუმრისათვის განკუთვნილი მისალმება სტამბოლის ეტიკეტის სრული დაცვით წარმოსთქვა და რუმინელს იქვე ატლასის ბალიშებზე მოსვენება შესთავაზა.
შორი გზებითა და უღელტეხილებით მგზავრობისაგან დაღლილმა პიპინესკუმ მისალმებისა და უერთიერთმოკითხვების შემდგომ, ოქროცურვილი ძაფით ნაქარგ ახალციხურ ბალიშებზე ნებიერად მოიკალათა, გაპუტულ წვერზე ხელი ჩამოსვა და მასპინძელი შეათვალიერა.
შუა ასაკში შესული ახალციხის ფაშა ვარდისფერლოყება, თაფლისფერთვალება, ფართო და მაღალშუბლიანი, მხარბეჭიანი აჰმედი, თავის კბილა სულთანზე ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, რაც მონობაში გაზრდილმა რუმინელმა მისი სახელმწიფოს სისუსტისა და მოშლილობის გარდაუვალ მაჩვენებლად მიიჩნია.
„სულთანს, დე ჰფარავდეს მას ზენაარი, სამასი ულამაზესი ცოლი და ათას-ორასი უმშვენიერესი მხევალი ჰყავს, ეს ახალციხელი კი სულ რაღაც სამოცი ცოლითა და რამოდენიმე ათეული მხევლით ცდილობს, უზენაესი მბრძანებლის სახის ფერის, მეფური მოთენთილობისა და მორჭმული სიცოცხლის არა თუ მიბაძვას, არამედ გადამეტებას“ – ფიქრობდა პიპინესკუ გაგულისებით და გონებაში მომზადებულ სათქმელს სიცხარეს უმატებდა.
– თქვენს ქალაქს, რომელსაც ჩვენ ახისკა შევარქვით, კარგი მდებარეობა აქვს კავკასიაში, სულთნის მარადიული მმართველობის დასამყარებლად, შემდგომში კი წყეულ სპარსთა დასამორჩლებლად, – დაიწყო რუმინელმა და თვალები მოჭუტა, სიტყვისათვის ფარული აზრის მისანიჭებლად.
– თქვენი თვალები ჭეშმარიტებას ამჩნევენ, – ბრძანა პასუხად ფაშამ და რუმინელის თვალიერებას შეუდგა.
– ქალაქი კარგად გაქვთ გამაგრებული, ჩინებული კოშკები აგიშენებიათ და ფორტიფიკაციის კანონებიც დაგიცავთ, – აგრძელებდა აზრს პიპინესკუ.
– ახალციხის საფაშო ერთთავად კოშკში და რკინაშია ჩასმული და არა თხილის ნაჭუჭში, – ხელები ზეაღაპყრო აჰმედმა.
– ვიცი, ვხედავ, მაგრამ ასეთ ქალაქს,-პიპინესკუმ ხელებით ქალაქისკენ მიუთითა-დიდი და მარადიული სულიერება სჭირდება.
– სულიერებას წიგნებით ვიკაჟებთ, – გაღიმებული აჰმედი რუმინელის დაბრეცილ თვალებში დაფარული აზრის ამოკითხვას შეეცადა.
– სულიერების განტკიცებას წიგნებიც სჭირდება და მშენებლობაც, – ბრძანა რუმინელმა.
– და ურჩების სასტიკად დასჯა, -უეცარ გამძვინვარებას შეწითლებული ღაწვებით ადასტურებდა ათაბაგთა შთამომავალი.
– გეთანხმებით, მაგრამ…-სულთნის წარმომადგენელი აზრებში იქექებოდა.
– მბრწყინვალე სულთნის ყველა ბრძანება სრულდება ჩემს საფაშოში, -კვლავ ღიმილი გადაივლო ტუჩებზე აჰმედმა.
„ჩემს საფაშოშიო?“- ეს გამოთქმა კი არ მოეწონა ძველი საგვარეულოების მტრად ცნობილ რუმინელს, რომელიც ყოველთვის უგვარო და დროებით მმართველ-მონებს აძლევდა უპირატესობას და არა „ძირძველ ვეფხვებს“ ან „ტიტებს“, რომლებიც აქა-იქ მაინც განაგრძობდნენ შთამომავლობით მმართველობას ოტომანთა ვრცელ მაგრამ დაშლის პირას მისულ იმპერიაში. „ეს შთამომავლობითი ფაშა, ჯაყელი ანუ ათაბაგი ანუ ჩილდირ-ოღულარი მუდამ თავის ოდინდელ საათაბაგოზე მიგვითითებს და საკუთარი ძალაუფლების ზეწრის გადაჭიმვას ტრაპეზუნტზე და ერზერუმზე აპირებს, ანატოლიასაც ეთამაშება, დიარბექირისა და აგრის მხარეშიც კი მისი ნათესავები პირველობენ, რას მოუტანს ეს იმპერიას? კარგს არაფერს“-ფიქრებში ჩაიძირა პიპინესკუ.
– ჩემს საფაშოში თავმოყრილი მყავს სარწმუნოების დამცველი მეომარნი, რომლებიც მზად არიან საღვთო ომი წამოიწყონ ოთხივე მიმართულებით- თქვა აჰმედმა და ტაში შემოჰკრა.
რუმინელისათვის უცხო ხელოვნებით მოჭედილი, ოქროთი და ზარნიშით შემკული, ცისფრად მომინანქრებული და ატლასის ფარდებით შემკული კარი გაიხსნა და პიპინესკუს წინ ცხრა მეომარი აღიმართა.
– ეს პირველი, – აჰმედმა რუმინელს მაღალ, შავგვრემან ჭაბუკზე მიუთითა, – ჩემი საუკეთესო ფალავანია, ფალავანდიშვილთა ცნობილი გვარიდან. დანარჩენი რვა გახლავთ დაქირავებული მკვლელნი, რომლებიც ჩემს საფაშოში შორეთიდან მოვიდნენ. ისინი აჰმედის სიკვდილს ლამობდნენ, მაგრამ ჩემი სასიკვდილო მახვილი ერთია და იგი მხოლოდ სულთანს უპყრია ხელთ, – თქვა აჰედმა და პიპინესკუს შეხედა. რუმინელი დუმდა.
– ეხლა კი ასლან ბეგ ფალავანდიშვილი ღირსეული აღა პიპინესკუს წინაშე შეებრძოლება რვა მომხვდურს, რვა მკვლელს და მსტოვარს, თავად პიპინესკუ აღას ხელშია ამ ბრძოლის ბედ-იღბალი და ჩემი ფალავნის ხელში ჩავარდნილი რვა კაცის ბედი, – ბრძანა ფაშამ და თვალმოჭუტულ რუმინელს გადახედა.
– თქვენი ფალავნის ბედი არ განაღვლებთ, რადგანაც იგი მახვილით არის შეიარაღებული, ხოლო ეს ვაჟები უიარაღონი არიან, თქვა პიპინესკუმ და ფაშას თავისი მელნისფერი დაბრეცილი ტუჩებით შეჰღიმა.
– რეჯებ..! თქვა ფაშამ და დარბაზში შემოსულმა მესტმრეთუხუცესმა პიპინესკუს წინ ქართული სწორი ხმლები, ოსმალური კილიჯები, იატაგანები თუ სპარსული შამშერები დაყარა.
– შეიარაღდით! – უბრძანა გახალისებულმა პიპინესკუმ მის წინ დაჩოქილ რვა კაცს და იარაღის გროვას მათი მიმართულებით მწვანე ქოშის ჭვინტი წაჰკრა.
– შეიარაღდით და იბრძოლეთ ისე რომ თქვენი ვაჟკაცობით მიიღოთ შეწყალება ან კაცურად მაინც მოკვდეთ, – თქვა ახალციხის ფაშამ და რეჯებს რაღაც ანიშნა.
მანამ სანამ გახარებული მკვლელები იატაგანებს, მახვილებს, კილიჯებსა და შამშერებს არჩევდნენ და თვალებს ასლან ბეგ ფალავანდიშვილის მიმართულებით აკვესებდნენ, უჩვეულოდ აცქმუტებული პიპინესკუ ფაშას მიუბრუნდა და უთხრა: – „ვეჭვობ გამარჯვების შანსი ჰქონდეს თქვენს ფალავანს, მაგრამ იცოდეთ თუ ბრძოლის სასწორი ქართველი ბეგის წინააღმდეგ გადაიხრება, მე შევაჩერებ ბრძოლას“.
მახვილებმა, იატაგანებმა და შამშირებმა ცისარტყელის ფერების შემოხაზვა იწყეს აჰმედისა და პიპინესკუს თვალწინ. მხოლოდ ჰაერის შხუილით კვეთა არ იკმარეს მებრძოლებმა. ფოლადის წკრიალა ხმა, მოძალადოებრივი ძრწოლა, გმინვა, შეძახილი, აქეთ-იქით ხტომა, გაბოროტება, გმირობა და მოწყალება, ერთმანეთს გარდაეჭდო და ერთ მთლიან ბატალურ პანოდ შეიკრა.
ფალავანდიშვილი ლომივით ბრდღვინავდა და ყოველ მხრიდან შემოჯარულ მკვლელებს საერთო მანძილზე იგერიებდა. ცხრავე გულადად იბრძოდა. ასლან ბეგმა ერთი ხმამაღლა დაიღრიალა და მოწინააღმდეგეს ფეხდაფეხ მისდია დარბაზის კედლამდის. წამში კედელთან მიჩეხილის მოჭრილმა თავმა პიპინესკუს წინ გორაობა იწყო. შვიდ კაცად დარჩენილნი ყოველი მხრიდან შემოერტყნენ მათთვის ზეციურ რისხვად მოვლენილ ფალავანდიშვილს. მკვლელნი ოსტატურად უგებდნენ მახეს წრეში მოქცეულ ქართველ ბეგს და ერთდროულად უტევდნენ მას ფლანგებიდან, ფრონტიდან თუ ზურგიდან. კალიასავით ხტოდა და ბრძოლის მიმართულებას ოსტატურად ცვლიდა ფალავანდიშვილი. ზურგს რომ ეგონა ზურგი ვარო, ის უეცრად ფრონტი ხდებოდა, ფრონტს რომ ეგონა წინა ხაზი ვარო და შეტევა მომეთხოვებაო, ისიც უეცრად, მოწინააღმდეგის გარეშე რჩებოდა და იარაღს ჰაერს უქნევდა. ახალციხელი ბეგი ისე უეცრად მოუტრიალდებოდა შეჯგუფულთ რომ ისინი, ერთმანეთი არ დავკოდოთო, საჩქაროდ უკან იხევდნენ და ისევ ფლანგებში და ზურგში დარტყმას იწყებდნენ.
– აი სწორი ტაქტიკა სპილოზე ნადირობისა, რომ იცოდეთ ამგვარად დაამარცხა სციპიონ აფრიკელმა ჰანიბალი-თქვა გამარჯვებაში დარწმუნებულმა პიპინესკუმ და აჰმედ ფაშას სიამაყით შეხედა.
– გგონიათ გაიმარჯვებენ მკვლელნი? – იკითხა ბრძოლის ეშხში შესულმა და თვალებში სისხლჩამდგარმა ფაშამ.
– თქვენი ფალავანი ალყაშემორტყმულია, სამწუხაროა ,მაგრამ უნდა აღიაროთ, რომ ამჟამად რიცხოვნება იმარჯვებს გმირობაზე და როცა ასლან ბეგი დაიქანცება, მას უცილობლად მოჰკლავენ ეს ტურები, – იქედნურად ჩაიცინა გმირობის მოძულე რუმინელმა.
– თუ ფალავანდიშვილი დამარცხდება მაშინ მე ამ უცხო თვალს თქვენ დაგითმობთ, – თითიდან შავი ბრილიანტის თვლიანი, ჩორჩანელებისაგან ჯაყელებზე გადმოსული „თვალი სევდიანი“ წაიძრო აჰმედ ფაშამ და რუმინელს მიაწოდა. პიპინესკუ დააცქერდა მრუმე ფერებში მოცურავე სტიქიონს, შავი და მღელვარე გარდასახვებისას და გაიბადრა.
– მე არაფერი მაბადია მსგავსი, მაგრამ ჩემი სიტყვა თოფქაფის მბრწყინვალე დარბაზებში დიდი ფასეულობაა. თუ თქვენი ფალავანი გაიმარჯვებს, სიტყვას გაძლევთ, დიდ ვეზირთან, ხუთი წელი თქვენს ქებაში ვიქნები და ყველა ანგარიშში, რასაც კი დავწერ კავკასიაზე, თქვენს დიდ საქმეს მოვიხსენიებ, – აცუნდრუკდა პიპინესკუ და მბრწყინვალე თვალს გზნებით ეამბორა.
– მიღებულია, – ზრდილობიანად თქვა ფაშამ და ალყაშემორტყმულ ფალავანდიშვილს „მესხურიო“ შეუძახა.
ფალავანდიშვილმა ჭექა-ქუხილის ხმით დაიღრიალა და მის გარშემო შეკრულ წრეში, ზურგს უკან მდგომ ჭაბუკს არნახული სისწრაფით გამოეკიდა. ექვსი კაცი დაედევნა ასლან ბეგს. როდესაც სხეულები ერთმანეთს ისე გარდაეჭვდნენ, რომ არაფრის ნათლად გარკვევა აღარ შეიძლებოდა, აჰმედმა რუმინელს გადმოხედა და უთხრა:
– დღეს ჩემი დღეა, გაიმარჯვა გმირობამ და არა რიცხოვნებამ.
– ეგ როგორ, – სისხლი გაეყინა ძარღვში პიპინესკუს.
– ასლან ბეგმა ყველა დახოცა, ალბათ, თვითონ კი სძინავს დაღლილს,-იხუმრა ფაშამ.
– ვერ დავიჯერებ, – ხმა უნებურად აუცახცახდა სულთნის მონას.
– ასლან ბეგ, ადექი ფეხზე, თორემ დამეჩაგრა სტუმარი, -ქართულად შესძახა ფაშამ.
სულ მთლად სისხლში მოსვრილი ასლან ბეგი ფეხზე წამოიმართა და ტანის დასაბანად გამიშვიო სთხოვა ახალციხის ფაშას.
– მოისვენე აჰმედის მტრების რისხვავ, შენ დღეს დიდი სანაძლეო მომაგებინე, – ბრძანა ფაშამ და პიპინესკუს ალმაცერად გადახედა
– მაინც ვერ გავიგე, როგორ მოახერხა ამ რისხვით სავსე მეომარმა ერთად მოსვრა ამდენი კაცისა, – ბუტბუტებდა პიპინესკუ და არეული თვალებით გასასვლელისკენ მძიმედ მიმავალ ასლან ბეგ ფალავანდიშვილს უმზერდა
– ეგ გვარის იდუმალი ილეთია. საქართველოს ყოველ წარჩინებულს ხმლის, ხანჯლის და სატევრის ხმარების განსაკუთრებული ჯილა აქვს და მას გასაჭირში ჩავარდნილი თუ მოიხმარს. გულს ნუ გაიტეხ. რადგანაც ხუთი წელი მესხების მეხოტბე ხარ, ბევრი რამის დანახვაც გმართებს ჩვენსას. ეხლა კი რეჯები ახალციხურად გვიმასპინძლებს – თქვა გამარჯვებისაგან თვალებგაბრწყინებულმა აჰმედმა და სასახლეში მანდოლინის დამათრობელი ჰანგები დაირხა. ფათერაკის შემდგომ სიტკბოებით სავსე ხმებმა, სასახლის ჩინარ თუ უჩინარ კართაგან შემოვარდნილმა ატმის ყვავილივით აფეთქებულმა ქალებმა ბანგში გაახვია რუმინელის მბჟუტავი გონება. სპილოსძვლისფერი ძუძუ-მკერდის, ბარძაყების, დუნდულებისა და გიშრისფერი დალალების მის ირგვლივ რხევამ თვალები აუჭრელა, თავბრუ დაახვია პიპინესკუს და ის მოულოდნელად წითელი ატლასის ბალიშებზე გადაყირავდა.
– წყალი! – შესძახა რეჯებ ფალავანდიშვილმა და სახეგაფითრებულ, გრძნობადაკარგულ რუმინელს მივარდა.
– ღვინო ჩაასხით მაგას პირში! ბრძანა აჰმედმა და მის წინ მოცეკვავე დოდონას ჩაუკრა თვალი. ხორვატი ქლიავი ფორმის მქონე მკვრივ თეძოებს ფაშას ცხვირწინ უთახთახებდა და აჰმედს ხარბი ღიმილით შეჰყურებდა.
საღამო ხანს როცა, მხევალთა მიერ ნაფერები აჰმედი დოდონას ხორვატიულ სიმღერას ჩაფიქრებული უსმენდა, კარებთან რეჯების ხმა გაისმა. ფაშამ მხევალს გააგრძელეო ანიშნა და თვითონ რეჯებს მიუტრიალდა.
– საჭურისი ყოფილა, მოახსენა გაღიმებულმა მესტუმრემ ფაშას.
– კიდევ რა შეიტყვე რეჯებ? იკითხა მხევალთა ფერებით დაქანცულმა და ხორვატიული სიმღერით მოთენთილმა აჰმედმა.
– პირში ღვინო რომ ჩამასხით, ის მომიტანეთო მითხრა და ეხლა წრუპავს თურმე ალადასტურს, -ჩაიცინა მესტუმრეთუხუცესმა.
– სხვა რამ ლტოლვა ხომ არ გაუმჟღავნებია? ცბიერად იკითხა აჰმედმა.
ერთგული რეჯები ბატონის ყურთან დაიხარა და რაღაც უჩურჩულა პატრონს. ფაშამ ბრძანა:
– მანკიერი და მახინჯი ხალხის ხელში ვართ ჩავარდნილი, რეჯებ. სტამბოლის საჭურისები და წყეული თუქსუსები თავად ზიზღის ამღძვრელი მონანი არიან და იმავე დროს მათი ძალაუფლება განუზომელია. კურტუმოს ქნევით, თოფქაქის სასახლეში ეგენი უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე ჩვენ ხმლით და ზარბაზნით. მაგათ ხელში ჩავარდნილი ოსმალთა იმპერიის დღეები დათვლილია. მოვა დრო და დავით აღმაშენებლის შთამომავალი შემოჰკრავს პორტას და გადაარჩენს ჯოჯოხეთის მსახურთა ხელში ჩავარდნილ – ღმრთისმშობლის წილხვერდ ქვეყანას.
მეორე დილას ეწვია პიპინესკუ აჰმედ ფაშას. სუსტ გულს და გრძელ უსწორმასწორო გზებს დააბრალა რუმინელმა წუხანდელი გულყრა და ათაბაგს მორჩილი ღიმილით ესაუბრა. კონსტანტინოპოლური სიზვიადე და სტამბოლური იქედნურობა უკვალოდ გამქრალიყო პიპინესკუს დამპალი მსხლისფერი სიფათიდან და იგი იმგვარი მორჩილებით ესაუბრებოდა აჰმედს, თითქოს მისი ყონაღი ყოფილიყო.
რუმინელის სიტყვებიდან იგრძნობოდა, რომ სულთანს ახლადდაპყრობილი მიწათა შემომტკიცების ძველი მეთოდები აღარ მოსწონდა და იგი ახლებურ პოლიტიკას მიმართავდა.
– ახალ მიწებზე მაჰმადის რჯული მარადიულად უნდა გამეფდეს და ამისათვის ახალციხეში დიდი მეჩეთი უნდა აიგოს, – მლიქვნელურად უღიმოდა ქართველს რუმინელი.
– დეე აღსრულდეს ნება ალაჰისა, – პასუხობდა აჰმედ ფაშა და ათაბაგთა სპილოსძვლის ტახტის უძველეს მართლმადიდებლურ სიმბოლოებს:კრავსა და ჯვრით დამშვენებულ დროშას საჩვენებელი თითით ეალერსებოდა.
იმავე საღამოს პიპინესკუსთან გამოსათხოვებელი თათბირის დროს, ათაბაგთა შთამომავალი სარკლმიდან გაჰყურებდა ახალციხის ტანწერწეტა ეკლესიების გუმბათებს და სულთნის ცბიერ ბრძანებაზე ფიქრობდა.
– რეჯებ ისეთი სასტიკი გზებით ატარე იგი, რომ ჩვენს მხარეში გამომგზავრება კიდევ დიდხანს ვერავინ შესძლოს-უთხრა აჰმედმა ერთგულ მესტუმრეთუხუცესს და მის წინ გადაშლილ არქიტექტურულ საიდუმლოებებზე დაწერილ ბერძნულ ტრაქტატს დაუბრუნდა.
საღამო ახლოვდებოდა, როცა აჰმედმა, ასლან ბეგ ფალავანდიშვილი იახლა და ქრისტეან წინაპართა საგვარეულო საძვალისაკენ, საფარის მონასტრისაკენ გაქუსლა.
„სასოწარკვეთილებაში მყოფ კაცს, წინაპართა უტყვი საფლავები უფრო მეტს ურჩევენ, ვიდრე თანამედროვენი. მაგრამ მიმიღებენ კი პაპანი?“- ფიქრობდა აჰმედ ფაშა ჯაყელი და ჯანღისფერი გორაკების გასწვრივ მიმავალ დაკლაკნილ გზას მიუყვებოდა. 1749 წლის აგვისტოს პირველი კვირიაკე იწურებოდა. სოფელ ღრელს რომ გაუსწორდა აჰმედ ათაბაგი უნაგირზე გასწორდა, ოსმალური ჩალმა მოიძრო და სუთიძეების სახლის პირველივე მარგილზე შემოაგდო. ასე ჰქონდა წესად, ოთხი საუკუნის წინ გარდაცვლილი ქრისტეანი პაპების სახლს თავშიშველი ეწვეოდა. უჩალმობამ აჰმედის წაბლისფერი თმები, როგორც ლომის ფაფარი საჩინოდ ცნო. მის უკან მიმავალმა ფალავანდიშვილმაც მოიძრო ოსმალური ფორმის მუზარადი და ინასარიძეების ღობის უმაღლეს ჭოკზე გარდაჰკიდა.
„საფარა თავად ისეთ დაფარულ სიბრძნეს წარმოადგენს, რომელსაც უშვალოდ თუ არ მიადგები ზღურბლზე, ისე ვერანაირად შეიცნობ,“-გაუელვა აჰმედს გონებაში. ვინ იცის რამდენჯერ იყო იგი საფარის ლავრაში, მაგრამ ყოველი მგზავრობის ჟამს მონასტერი ისე მოულოდნელად გამოჩნდებოდა კლდეთა და გორაკთა ლავგარდენიდან, რომ უგრძნეულად გააშეშებდა აჰმედსა და მის მხლებელთ.
– ერთ აზრს გავურბოდი მუდამ, მაგრამ საფარის სავანეში ეს ერთი აზრი მიტრიალებს მხოლოდ და იგი მესხეთის ოსმალთაგან გამოხსნისაკენ მიბიძგებს ასლან ბეგ-გადაუგდო აზრი მებრძოლ ბეგს ახალციხის ფაშამ
– ხერთვისში ფალავანდიშვილთა საგვარეულო საძვალეც იგივე სახიფათო აზრს მიჩურჩულებს, პატრონო – მხედრისათვის დამახასიათებელი პირდაპირობით თქვა ასლან ბეგმა.
– ჩემი პაპების-პაპა სარგის ჯაყელი სწორედ აქედან, კიდევ ერთხელ, ას წელს მიტანებული, აუჯანყდა მონღოლებს, რომლებიც ოსმალებზე დიდ მიწებს და ლაშქარს ფლობდნენ. ასევე მისმა მემკვიდრემ ნეტარმა ბექამ, სწორედ საფარიდან დაიწყო გიორგი მბრწყინვალეს აღზრდა და ივერიის სამეფოს გამოხსნა, მე კი მათი სამარცხვინო შთამომავალი შეშინებული მივალ საფარას და ვეკითხები ჩემს თავს – მიმიღებენ კი პაპანი? – შეჰყვირა აჰმედ ფაშამ, როდესაც ფიჭვნარის ტევრში, ვით უჭკნობი ყვავილი იდუმალი მშვენიერებისა, საფარის წმინდა სავანე ამოესვეტა.
ჩამავალი მზის სხივები ყოველი მხრიდან ანათებდა წმინდა საბას მონასტერსა და მარინეს ეკლესიას. სხივები ელაცლიცებოდნენ სარგის ჯაყელის მრისხანე ციხესიმაგრესაც, რომელიც მდუმარედ გადმოჰყურებდა თავს ბერთა სავანეს. სიმაგრეს ჩრდილი ათაბაგთა საზაფხულო უთაღებო სასახლეს-„ორბთა ბჭეს“ მეორე ნაირად „უთაღობო ჯაყელთას“ ეთამაშებოდა. იქით შორს, წმინდა საბას მონასტრის სამზერიდან, ურაველის გადამწვარი ფერდობები და მესხური ტერასები მოსჩანდა. სევდიანი სიო ქროდა საქართველოს ამირსპასალართა, მანდატურთუხუცესთა, მეჭურჭლეთუხუცესთა თუ საქართველოს მეფეთა აღზრდით თავმომწონე ათაბაგების და მათი თანამეცხედრეების საფლავებზე.
– პატრონი ათაბაგი მობრძანდება, – დაიძახეს ქვის კოშკების სათოფურებიდან მომზირალმა ბერებმა და საფარის კარიბჭე გაიხსნა.
– ღმრთისმშობლის საფარველქვეშ შემობრძანდი, ათაბაგო, გამზრდელო უფლისწულთა, წინაპრების საუკუნო განსვენებას უმზირე პატრონო ათაბაგო, მეორედ მოსვლის ჟამს ,მკვდრეთით აღდგომაზე იფიქრე ათაბაგო! წმინდა საბას სასწაულები იწამე პატრონო ათაბაგო, ღმრთისმშობლის საფარველქვეშ შემობრძანდი პატრონო ათაბაგო – საუკუნეების წინ შემოღებული წესის თანახმად შესძახეს იქ მყოფმა ბერებმა და შემდგომ საბაური ჰიმნი წამოიწყეს.
ფარულად, მამა-პაპათა რჯულის პატივისმცემელი, მაგრამ ამავე დროს მაჰმადიანი, აჰმედ ფაშა, ქართულ საგალობელს მოწაფის გულისყურით უსმენდა და სახეზე უსაზღვრო ნაღველი ესახებოდა. ასლან ბეგი ცხენის კისერზე წახრილი, მდუმარედ ელოდა სასულიერო ჰიმნის დასრულებას. საფარელი ბერები კი რწმენით გაჯერებულნი, აღტკინებით მღეროდნენ და ღიმილით სავსე სახეებით ზეცას მისჩერებოდნენ.
– გამარჯვება საფარლებს! – შესძახა აჰმედ ფაშამ და ცხენიდან ჩამოქვეითებული, ბერებს გადაეხვია.
– ღვთისაგან გამარჯვება არ მოგეშალოს, – ერთხმად პასუხობდნენ ბერები ფაშას და მათ თმა-წვერს საფარის ტაფობზე სევდიანად მოსეირნე ქარი ლანძღავდა.
– წინამძღვარი როგორ ბრძანდება? დაინტერესდა აჰმედი.
– უკეთესად პატრონო, თავის სენაკშია მამა ბასილი – უპასუხა აჰმედს ტანმაღალმა მორჩილმა და იგიც თავჩაღუნული და შუბლშეჭმუხნილი სენაკისაკენ გაემართა.
***
– ქართველთა ათაბაგად მოსრულხარ თუ თურქ ფაშად, დამპყრობლად წინაპართა სამკვიდრებელში? – შესძახა ბერის სენაკიდან გამოსულმა ჩია, მაგრამ მკაცრმა მოხუცმა და აჰმედის შესახვედრად გადმოსადგამი ნაბიჯი ჰაერში გააშეშა.
– მეუფეო, ქართველთა ათაბაგად მიგულე, ისე კი არც ფაშაა ურიგო ვაჟკაცი – იცინოდა აჰმედი და მოხუცისაკენ ხელებგაშლილი მიდიოდა.
– იცოდე თურქოპულოს მსგავსად შუბლი შუბლს არ მომადო, მხარზე მემთხვიე ივერიელთა წესია – მკაცრად და ამავე დროს მამაშვილურად ჩაილაპარაკა მეუფე ბასილმა, რომელსაც უკვე ფაშას უზარმაზარი მკლავები ჰაერში ათამაშებდა და მკერდზე იხუტებდა.
– ხომ მასწავლე ერთხელ, სტამბულიდან ახლად დაბრუნებულს- ერკემალი კი არ ხარ, შუბლი შუბლზე რომ ატაკო, ყოველ შემხვედრსო და ადამის მოდგმის მისალმება, მხარზე ამბორი დამიბრუნე, მის მერე მამასავით მიყვარხარ მეუფეო. თუმცა არ ვარ ქრისტიანი, მაინც მომიწევს შენსკენ გული, იმისათვის რომ გავარკვიო, ოსმალო ფაშა ვარ თუ ქართველთა ათაბაგი!?
– ერთ შესახედად ბექა მანდატურთუხუცესს ჰგავხარ, აჰმედ! სულ მიკვირს როგორი მსგავსებაა შენსა და სამასი წლის წინ მცხოვრებ შენს წინაპარს შორის, რომელმაც თავად მონღოლი დაამარცხა და საქართველოს დავით აღმაშენებლის ტოლი მეფე აჩუქა. იქნებ სულაც ბექა ჯაყელი ხარ, ჩამოსული ზეციურ კიბით, დანგრეულ საქართველოში, რათა ქვეყანას ახალი სასოება მოჰფინო – აჰმედის განიერ მხრებს კოცნიდა საფარის წინამძღვარი და ცრემლებს ვერ იკავებდა
– არა ბექა არა ვარ, აჰმედი ვარ, ამოსული ლომსიიდან. როგორც გინდა ისე განსაჯე მეუფეო, ეხლა ქვეყანას სულკურთხეული ბექა უფრო სჭირდება თუ მექასა და მედინაში მოლოცვით განთქმული ჰაჯი აჰმედი, ეს უკვე ისტორიას ვკითხოთ, მაგრამ საკამათოდ არ მცალის, შევიდეთ საოსტინგოში და ვიბჭოთ – შუბლშეჭმუხვნით თქვა ახალციხის ბატონმა.
საფარელ ბერთა საფიხვნოს უხვად ამშვენებდნენ საეკლესიო ნივთები, ხატები, ბარძიმები, კედელზე მიყუდებული ძველ საეპისკოპოსოთა საეკლესიო დროშები, ბაგრატიონთა, ჩორჩანელთა, ჯაყელთა საომარი ჯვრები. საერისთავობად, სადროშოებად დაყოფილი ბარძიმები, ფეშხუმები და რაც მთავარია ქართული წიგნები. აჰმედ ფაშა შეჩერდა დროშების წინ, პარხლის სპერის, კოლას, არტაანის, ართვინის, სპერის, არტანუჯის, ოლთისის, ბანასა და იშხანის, ტაო კლარჯეთის, უდაბნოს, ბასიანის, ჩრდილის ტბის საეკლესიო დროშები შეჰყურებდნენ აჰმედ ფაშას და მათი საფარაში თავმოყრა უკვე განადგურებულ საპისკოპოსოებს ასახავდა მხოლოდ.
– საეპისკოპოსოები თავიანთ წმინდა საუნჯეს ჩვენსკენ ხიზნავენ, ცარიელდება იშხანი, პარხალი, ოშკი, ბანა და არტანუჯი, დაიცალა ხანძთა და აქ საფარის ამ დარბაზში იკრიბება ქართული მადლი, კეთილი მომავლის მოლოდინში. ველით იმ დღეს, როცა ყოველი ხატი და ბარძიმი, ფეშხუმი და დროშა თავის ადგილს, სავანესა და მონასტერს დაუბრუნდება – თქვა ბასილ წინამძღვარმა და აჰმედ ფაშას მართალი მზერა შუბივით გულში აძგერა.
– რთული დროა, წინამძღვარო, მიტოვებული მონასტრები და მიწები რომ დავიბრუნოთ, მყარად უნდა შევინარჩუნოთ სამცხე და ჯავახეთი, ახალციხე და ახალქალაქი. მე როგორც გენერალი ოსმალთა არმიისა, ვგრძნობ თუ როგორ სუსტდება სტამბოლის გავლენა კავკასიაში. საქარავნო გზებზე გაწოლილი ოსმალთა იმპერია მანამ მდიდრდება, სანამ ამ გზებზე სხვა დიდი ურჩხული არ გამოჩნდება. ოსმალებს იმ სიმდიდრის გამოყენების შნოც არ გააჩნიათ რასაც ყოველდღე აურაცხელი რაოდენობით იღებენ არაბეთიდან, აფრიკიდან, ევროპის კოლონიებიდან. ოსმალთა იმპერია გახვრეტილ ვარცლს დაემსგავსა. რაც არ უნდა ასხა წყალი მაინც მწყურვალე დარჩება. ამ დროს ქართველები არ ვართ უხერხემლოდ დარჩენილნი იცი წინამძღვარო ეს თავად. მას შემდეგ რაც მამაჩემი ისაყ ფაშა, დიარბექირში, ანუ სირიისა და ერაყის საზღვრებთან ფაშად დაჯდა და ცნობილი ისაყფაშა-სარაი ააგო, მომიჯნავე ქვეყნებში, მხედველობაში მაქვს ისევ და ისევ ერაყი და სირია ქართველი მონებისაგან შექმნილი რაზმები გავაბატონეთ. ისაყ ფაშას ოცნება – ოსმალეთის იმპერიის მეშვეობით ქართველს მსოფლიო ემართა თითქმის ახდენილია. საჭოჭმანო საკითხი მხოლოდ ერთშია – ეს არის რწმენა. აი მანდ ვაგებთ და ვთათრდებით, როგორც გენერალი პირდაპირ გეუბნები მაგას.
– რწმენის გარეშე მსოფლიოზე ბატონობა, ეს ეშმაკის მიმდევრების, შლეგი და ამპარტავანი მკვლელებისა და ქურდების ბოგინია მხოლოდ აჰმედ ფაშავ. შენ როგორც ვხედავ ისევ ოსმალთა გენერლობა გამძიმებს. მე კი ქართველტა ათაბაგი მეგონე, ვაგლახ რომ მეგონე – წინამძღვარი დამესგავსა ქანდაკს, მაგრამ მის სახეზე უეცარი ტკივილი გამოისახა და ამ მჭმუნვარე სახის შემყურე აჰმედ ფაშამ გულის არეში სამსჭვალის გარჭობის მსგავსი ტკივილი იგრძნო.
– იმ დღიდან მოყოლებული რაც ოსმალებმა მესხეთი დაიპყრეს, მესხები ნელ-ნელა გაბატონდნენ ოსმალეთზე, რადგანაც გონიერი გადაწყვეტილება მივიღეთ და ოსმალთა მხედრობა სხვა მიმართულებით მივმართეთ. დღესაც გონიერი გადაწყვეტილებისათვის ვარ შენთან მოსული მამაო.
– რა აქაც მოგვადგნენ ავი ზნისა და უცხო რწმენის მოქადაგენი? – იკითხა წინამძღვარმა და ფაშას თვალებში ჩააცქერდა.
– სულთნის ბრძანებით დიდი მეჩეთი და სასწავლებელი უნდა აიგოს ახალციხის კლდეზე, სარგის სამცხის სპასალარის ციხე-სიმაგრის სამაროვანზე, – ბრძანა ფაშამ და მამა ბასილს მზერით შეუტია.
– ახალციხის კლდეზე, დიდი მეჩეთის აგება სუნიტური მრწამსის გავრცელებაა ფაშავ. თანაც სად, უძველეს ქრისტეანებში, ანდრია პირველწოდებულის მიერ მოქცეულ მესხებში. თუ მეჩეთს ააგებ, მესხებიც კაპადოკიელების მსგავსად აღიგვებიან პირისაგან მიწისა. სასწაულმოქმედი აწყურის ღმრთისმშობლის ხატი ხომ გადაიხვეწა მესხეთიდან, ეხლა მეჩეთიც უნდა დაუდგათ სუნიტებს? რა პირითა და კანონით მიუხვალ დიდ წინაპრებს ფაშავ, რა სინდისით დასტოვებ შენს ქალაქს და მთელ სამესხეთოს, ქვეყანას უძველეს მოსხთა, მუშკთა, მეშეხსა და თუბალს- პირჯვარს იწერდა მამა ბასილი.
– თუ სულთანი დაიძვრება უთვალავი არმიით, იმ შემთხვევაშიც გადაშენდება ქართული ჯიშის ხერხემალი, მესხთა ქვეყანა. ამის შემდგომ კი დარჩებიან მხოლოდ გრიგორიანნი, რომელთაც ხელშეკრულება დაუდიათ დიდ ხონთქართან ქართველთა ქონების მითვისებისათვის და ფრანგნი, რომელთაც დიდი ფრანგი ხელმწიფე იცავს ევროპიდან – მრისხანედ თქვა ათაბაგთა ნაშიერმა და დოინჯშემოყრილმა შეათვალიერა სენაკის სარკმელიდან გადაშლილი ხედი, მესხური კლდეებისა და ურაველის ხეობა.
წინამძღვარი დუმდა, მამა ბასილს კარგად ესმოდა ეპოქის გასაჭირი. ოსმალთა იმპერიას ქრისტეანთა ცოდვების სასჯელად მიიჩნევდა იმ თავისი წინაპრების მსგავსად, ვინაც ადრეულ საუკუნეებში მოვარდნილი მონღოლთა ურდო ასევე დაგროვილი შეცოდებების გამოსასყიდად მიიჩნია. „რამ გაჰყო მონღოლები და ოსმალო თურქები ერთმანეთისაგან? ეკითხებოდა წინამძღვარი თავის მოწაფეებს და თავად პასუხობდა – არაფერმა, ერთიც და მეორეც აზიის დიდი უდაბნოს მომთაბარე ტომები არიან. ენაც თითქმის ერთი აქვთ. ოსმალნი, ანუ ოსმანის ჩამომავალი თურქები ისეთივე მომთაბარები არიან როგორც მათი წინაპარი თურქმენები. თავად განსაჯეთ ოსმალოსათვის სიტყვა „ოთურ“ – ცხენიდან ჩამოხტომასაც ნიშნავს და ცხოვრებასაც. ანუ სადაც ჩამოქვეითდა თურქი ანუ „ოთურ“ ჩაიდინა, იქვე დასახლდა. „ოთურიორუმ“ – ვცხოვრობ, „ოთურიორუმ“-დავჯექი აი მარტივი ფილოსოფია ერისა, რომელიც ყველაფერს შთანთქმით ემუქრება. მაგრამ ამავე დროს კაენისა და აბელის ხვედრზე დაფიქრდა წინამძღვარი. ამაზე წინაც უფიქრია, მაგრამ ჯერ არავისთვის გაუმხელია თავისი საფიქრალი. ეხლა კვლავაც ამოძრავდნენ ტვინში მოხეტიალე აზრები. კაენმა და აბელმა ღმერთს თავიანთი საქმიანობით მოპოვებული დოვლათიდან შესაწირი მიართვეს. ღმერთმა დაგვიფაროს თუ ვცდებით მაგრამ ასე გაგვიგია რომ მან აბელის შესაწირი შეიწყალა და ამან კაენი გაანაწყენა. თუ იმასაც გავიხსენებთ რომ კაენი მიწათმოქმედი იყო, ხოლო აბელი მონადირე, შემგროვებელი მომთაბარე, მაშინ ბიბლია კიდევ ერთ რამეს გვასწავლის, თუ საფიქრალს გვიჩენს?“ – ფიქრობდა კვლავ წინამძღვარი და უეცრად იმას მიხვდა რომ აჰმედ ფაშა იმედგაცრუებული სახით უყურებდა. საჭირო იყო სწრაფი ქმედება.
– წავიდეთ შვილო, დიდი ბექა მანდატურთუხიცესის აკლდამაში, მას დავეკითხოთ რჩევა. სწორედ ბექას გაუხსნია ურთულესი კვანძები ჩვენს ისტორიაში, მონღოლები ისე გამოუყენებია ქართული სახელმწიფოს აღდგენაში, როგორც ძირძველი ქართველები. ყაენის ძალისა და მზაკვრობისათვის უჯობნია მის ჭკუასა და გენიას. მას შევევედროთ ღირსეული აზრი მოგვივლინოს ხაფანგიდან რწმენის გამოხსნისათვის-ამბობდა წინამძღვარი და მიძინების ტაძარში, მიწის სიღრმისაკენ ჩამავალი კიბის საფეხურებზე ჩადიოდა.
ხავსმოდებული ძელქვის კარის ადგილიდან დაძვრის შემდეგ, მიწისა და ხის ფესვების სუნი შეიყნოსა აჰმედ ფაშამ და დროისაგან გაშავებულ-გამწვანებული ქვის მიწისქვეშა ბაქანზე დადგა ფეხი. მცირე შუქი, მესხი ოსტატების მიერ სასინათლო არხებიდან შემოჭრილი, ანათებდა მესხეთის დიდი მთავრის ბექასა და მისი თანამეცხედრის ვახახის სამუდამო განსვენებელს. აქვე მოსჩანდა ბექას ქალიშვილების: მეფე გიორგი მბრწყინვალეს დედის – ნათელას, ტრაპეზუნის დედოფლის – ჯიაჯაყ პალეოლოგის და ყირიმის ნახევარკუნძულის დედოფალთყოფილის – ბექა-ხანუმ გუზლოფის სარკოფაგები. ტალანის ბნელ ნაწილში სარგის – საბასა და იოანე-ყვარყვარეს საფლავის ქვები მოსჩანდა. ცოტა დაბლა, ბაქანის სიღრმეში, მანუჩარი და მისი ოჯახის წევრები მისცემოდნენ სამუდამო ძილს. აღმოსავლეთის კედელზე, ვენეციური სამხედრო კატარღის ცხვირი მიეჭედათ, რომელზედაც ლათინურად ეწერა „ნავ-ყვარყვარე“. აქ იყო თითქმის ყველა მართლმადიდებელი ათაბაგი, გარდა ყვარყვარე მეორისა, რომელიც ვარძიის მონასტერში დაეკრძალათ და მზეჭაბუკისა, ვინც ტრაპიზონის სიახლოვეს მყოფ სავანეში მიებარებინათ მიწას. კედლებზე მისალტული ფარები, თუნდაც უმცირეს შუქს ირეკლავდნენ და ამიტომაც საფლავის სტელებზე არსებული წარწერების გარჩევაც შეიძლებოდა.
მამა ბასილი მესხეთის დიდი მთავრის საფლავის ქვასთან დაჩოქილიყო და ხმამაღლა ლოცულობდა „…ქრისტეს მხედარო ბექავ, შემმუსვრელო აგარიანთა, აღმატებულო ყოველთა შინა საქმეთა, გამარჯვებულო სარდალო, უცხოეთში ქართველთა დამცველო, ეკლესიათა და მონასტერთა მაშენებელო, ქვრივ-ობოლთა შემწევ და გამკითხველო, კანონმდებელო და სჯულმდებელო, უფლისწულ გიორგის აღმზრდელო, თურქთა დამამარცხებელო და მათი საქართველოდან გამყრელო, ოვსთა დამამარცხებელო და ბაყათარ-ოვსის შემპყრობელო, ქართველთა ერთი მეფის ქვეშ გამაერთიანებელო და მშვიდობის დამამკვიდრებელო, მოხედე ქვეყანს შენსას და შეისმინე ჩვენი თხოვნა… “
აჰმედ ფაშამაც ჩაიჩოქა წინამძღვრის გვერდით და თქვა „-ჰოი პაპავ ჩემო, ძალგულოვანნო, მაპატიე მე უღირს მონას შენსას და მომეც გონი საკაცობრიო და საერო მოღვაწეობისათვის, რათა მომავალმა ჩემმა დაიმკვიდროს ქვეყანა ესე და არ გადაშენდეს ჯიში ქართული სამესხეთოდან, ამიტომაც განმსწავლე დიდო წინაპარო და პაპავ ჩემო…“
აკლდამიდან გამოდიოდნენ ფაშა და წინამძღვარი, მამა ბასილი ცრემლს იწმენდდა და დუმდა. როდესაც აკლდამის ძელქვის კარიბჭეს ერთად ჰკეტავდნენ, წინამძღვარმა იგრძნო რაღაც, თუ გაიხსენა ძველი ცოდნა და ჩურჩულით უთხრა ათაბაგთა ნაშიერს:
– საფარა შვილო, დედა ღმრთისმშობლის საფარველქვეშ მყოფი ადგილია. მის ტაფობზე ვინც განისვენებს ამ მადლით განიმსჭვალება და ღვთიური სიბრძნით აღივსება.
აჰმედმა თვალი მოავლო არემარეს, მზე წითლად ჩადიოდა ურაველის კლდეებში, ცა სიბრძნით ივსებოდა და საჭირო იყო ის იდუმალი თასი, რომელიც ამ სიბრძნით აივსებოდა.
– ამ ღამეს, საფარის ტაფობზე, დედა ღმრთისმშობლის საფარველქვეშ გავათევ და დილას, მზის ამოსვლისას, გეტყვი საბოლოო გადაწყვეტილებას ჩემსას წინამძღვარო – თქვა აჰმედ ფაშამ და მამა ბასილს მხარზე ემაბორა სანუგეშოდ.
***
ისევე როგორც ლაშქრობისას, ტყავებზე, თავქვეშ უნაგირამოდებული ეძინა იმ ღამეს აჰმედ ფაშას. ერთგული ყონაღი, ასლან ბეგ ფალავანდიშვილი პატრონის სიახლოვეს, დაღლილი არწივივით თვლემდა. იასამნისფერ ღრუბლებში მოკამკამე ნესვისფერი მთვარე საფარის კლდის ქიმს, ფაშას სახესა და მის უკან აღმართულ ძველ კოშკს, ჯადოსნურ ფერებში ხვევდა. „სარგისის ციხის“ სახელით წოდებული ძველი ციხე -კოშკის ერთ-ერთ საბრძოლო ბილიკზე ქვასავით უძრავად მლოცველი, თავად წინამძღვარი ბასილი იყო.
ტყის ქათმებმა შეიფართხალეს ალიონზე. მფრინველთა გალობამ, მჭახე და მყვირალა ხმებმა, მონასტერს სიმშვიდის საბურველი უთენიას შეჰგლიჯეს და საფარის სავანე განთიადის საერთო ფერხულში ჩააბეს.
თვალებგახელილი იწვა აჰმედი, ჩუმად და უხმოდ უსმენდა ზეციდან წამოსულ სურნელების შეჯახებას მიწიდან ამოსულ ფორიაქთან, ბრძოლასთან და ხმოვანებასთან. ზეცა თავისი უკიდეგანო სივრცეებით ამშვენებდა, აოკებდა მიწას, ხოლო მიწა ბორგავდა და უსაშველოდ ითხოვდა საქმეს, ვიღაცის მიერ ვიღაცის ძლევას, თავგანწირვასა და გარდაცვალებას.
სივრცისა და მიწის შეჯახებისა და ურთიერთგადაკვეთის ადგილას უჩინარ ზეცის კარიბჭესთან იწვა აჰმედი და აქეთ-იქით სფეროსებრი, სამშვინელის მსგავსი, რძისფერი და სხივების დამაოკელები საბურველი მოხვეოდა მას.
ბავშვივით ეღიმებოდა აჰმედს, გული აფეთქებას, ხოლო სული დაოკებას, ამ საბურველში დარჩენას და მასთან ერთად შორს, კლდეებისა და მონასტრების ზევით, უჩინარ გადაფრენას სთხოვდა.
– „…ღვთიური სიბრძნე…“ ჩაილაპარაკა ვიღაცამ მის სიახლოვეს, თუ ეს სიტყვები თავად წარმოთქვა არავინ იცის, მაგრამ აქ აჰმედ ფაშა წამოდგა და მის გარშემო სფეროსებრი საბურველის მიმქრალ ლანდებს დააკვირდა.
***
– გადაწყვეტილება მიღებულია წინამძღვარო. ჩემი ბრძანებით ლომსიის კლდეზე, სარგისის ციხის სამაროვნის ადგილას აიგება „ღვთიური სიბრძნე“ ანუ ოსმალთა მიერ მეჩეთად გადაკეთებული, მაგრამ დღესაც ქრისტანობის სიმბოლოდ ცნობილი „აია სოფიას“ მსგავსი, მისი სულისა და მოყვანილობის გადმომცემი მართლმადიდებლური ტაძარი. თუ სულთანი მასზე ბრძანებს „აია სოფია“ მეჩეთი არ გახლავთო, მაშინ იგი თავადვე დაუპირისპირდება, მისი წინაპრის მიერ, ამ ტაძრის სუნიტურ სალოცავად გამოცხადებას. უკეთუ სულთანი გადაყლაპავს წყენას და ჩემს ნაგებობას მიიღებს, მაშინ იგი ჩაიფიქრებს შურისძიებას, რომლის წარმატებისა თუ წარუმატებლობის შემთხვევაში, ახალციხეს, მესხებს და ივერიის მკვიდრთ სამუდამოდ თვალწინ ექნებათ ძეგლი მართლმადიდებლური ქრისტეანობისა, ლათინურად „სანქტა საპიენსა“ იგივე „ჰაგია სოფია“ ანუ სიბრძე ღვთისა. მე მწამს მამაო, ჩემს მიერ აგებულ ტაძარში ქართულად ილოცებენ ჩემი შთამომავალნი – ამბობდა ანთებული თვალებითა და მტკიცე გამომეტყველებით აჰმედი და მამა ბასილს შეჰყურებდა.
– ქართველობა მოწამეობრივობა და სულის უკვდავებაში საკუთარი ხორცის დარწმუნებაა . ისიც მინდა გითხრა, რომ ამ გადაწყვეტილებით ღირსეულად მიუხვალ წინაპრებს შვილო, – პირჯვარს წერდა აჰმედ ფაშას მამა ბასილი.
– უთუოდ „აია სოფიათი“ ხელში მიუვალ ჩემს წინაპრებს მამაო – იღიმებოდა ახალციხის ფაშა და წინამძღვარს მხარს უკოცნიდა.
***
მომავალ გაზაფხულს ახალციხეში დიდი მშენებლობა დაიწყო. მანამდე თავისუფალი ქალაქის მოქალაქეებმა შეიტყვეს ახალციხეს იტალიელი არქიტექტორი ეწვიაო. კირითხუროთა, ქვისმთლელთა, მიწის მუშათა და სხვათა ბანაკმა უძველესი ქალაქის კედლებში დაიბანაკა.
ფაშა თავად ადევნებდა თვალყურს მესხეთის შუაგულში გრანდიოზული მშენებლობის მსვლელობას. მისსავე ბრძანებით, განსაკუთრებული მანდატურნი იცავდნენ განტოტვილ ხარაჩოებთან მიმოსვლის ბილიკებს და ამიტომაც ცნობისმოყვარე მგზავრს მხოლოდ მუშათა ნაჭორავებით შეეძლო იმის გარკვევა თუ რა ხდებოდა ახალციხეს თავს.
ქალაქის ქრისტიანნი და ქართველი მაჰმადიანნი პირველ ჟამს გულგატეხილი გაჰყურებდნენ ჭიანჭველის ბუდის მსგავს კერას მშენებლობისას. წელში გატეხილი ძირძველი ახალციხელები თვლიდნენ – „მეჩეთს დაგვადგამს თავს ფაშაო“ და დუმდნენ. ერთ დღეს საოცარი ხმა დაირხა ხალხში – „არქიტექტორმა საკურთხევლის ადგილი მონიშნა და ღამით საფარელი წინამძღვარი მოიყვანა ადგილის დასალოცადო“.
– სად მეჩეთი და სად საკურთხეველი? – კითხულობდნენ ერთმანეთთან ვითომ მატყლის საჩეჩად გადასული მესხი ქალბატონები და მეუღლეებს გაბადრული უბრუნდებოდნენ.
– მგონი რაღაც განიზრახა ფაშამ – თვალს უკრავდნენ ერთმანეთს მეკურტნენი და დაბაღნი ქირქილით.
საფაშოს ყადი – ჰაირედან თავდგირიძე, როგორც ფაშასთან განსაკუთრებით დაახლოვებული პირი, დარბაისლურად დაიარებოდა მშენებლობაზე და არემარეს მრავალნაცადი სარდალივით ათვალიერებდა. მისი სიტყვებით – „ფაშა მთავარი ნაგებობის გვერდით აზიაში ყველაზე დიდ წიგნთსაცავს აგებდა და მოქალაქეებისათვის თეთრ შადრევანსაც კაზმავდა“.
***
ფირუზისფერი მარმარილოს სრუტის სიხლოვეს დაბანაკებულმა ოსმალთა მეჯლისმა რამოდენიმე თვე გაუთავებლად იყაყანა და საბოლოოდ იმპერიის განაპირას, ახალციხის საფაშოდ წოდებულ მხარეში ფანატიკოს მუსლიმან-დერვიშთა გაგზავნა დაასკვნა.
პიპინესკუ აღა, სტამბოლის ფაშ-ფაშა ყადის გვერდით, წიწილასავით რომ ჩაცუცქულიყო, ეხლა იმაზე ფიქრობდა, თუ რა ოინს მოუმზადებდა აჰმედ ფაშა და მისი ერთგული ახალციხელი რეჯები წვეროსან და გულუბრყვილო დერვიშებს.
პიპინესკუმ ალეგორიებით უხვად შეზავებული წერილი მისწერა მეჯლისის დამთავრებისთანავე აჰმედს – „რახან მელიას გაუძელი, ეხლა დათვებს ელოდეო“, წერდა ის ათაბაგს და უმატებდა „ხუთი წელი თაფლის ჭამამ თავად მოლაც იმსხვერპლაო“, რაც პიპინესკუს მიერ ახალციხეში წაგებული ნიძლავის დამთავრებას მიანიშნებდა.
პიპინესკუ აღა ცდებოდა. სულთანმა მუსტაფამ, რომელიც დერვიშებს ნაკლებად ენდობოდა, დაგმო მეჯლისის გადაწყვეტილება და თავად გადაწყვიტა კავკასიაში გალაშქრება და ირანის მოკავშირეების საბოლოო განადგურება. ეს კი მის ახალციხეში ჩასვლას და იქაური ამბების მოკითხვასაც ნიშნავდა.
შემდგომ ზაფხულს სარანჩასავით მოედვნენ ოსმალნი მცირე აზიის თემებს. უზარმაზარი, შემზარავი ლაშქრითა და უთვალავი მონით მოიწევდა თავად მბრძანებელი პლაკაციოს ტბის მიმართულებით და ირანისაკენ გაჭრის გზებს ზვერავდა.
ჩრდილის ტბასთან, ოსმალურად „ჩილდირთან“ დასცეს ბანაკი თურქთა. ამოდენა ლაშქარი ჯერაც არვის ენახა მესხთა შორის. დაბნეული უმზერდნენ ბალკანეთის ციხეთა შემმუსვრელ ზარბაზნებს შავშეთის მთებიდან მომზირალი მესხები. სულთანმა ართვინის, აბოცის, არტანუჯის, შავშეთის, ტაოს საქმეთა განხილვის შემდგომ ოცდაათი ათასი მეთოფე სიფაი იახლა და ახალციხის მიმართულებით დაიძრა.
ერუშეთის მთასთან სამყაროს მბრძანებელს აჰმედ ფაშა ჯაყელი ეახლა, რომელიც ოსმალთა სულთანმა მრავალი ტკბილი სიტყვით შეამკო და მასთან ერთად წყაროსთავში ქაფქაფა „ხავა“ მიირთვა.
ქალაქში უგრძნეულად შეჭრისა და ყოველივეს აოხრებას მოყვარული ოსმალები, ახალციხეში დარბაისლურად, სამეჯლისო ჰანგებითა და გულის გამყინავი იანჩარული მარშით შევიდნენ. ქალაქი ისე უხვად იყო მორთული ფარნებითა და ფარდაგებით, რომ სულთანმა მოქალაქეებისათვის ოქროს ფულის მიყრა ბრძანა, თავად კი აჰმედთან ერთად დიდი მშენებლობისაკენ გაჭენდა.
ისე თავისუფლად მიჰქროდა სულთანი ამ უცხო ქალაქში, თითქოს სამარადჟამოდ მისი წინაპრების ყოფილიყოს იგი. კავკასიის ფერდობებისათვის არჩეულმა ახალთექურმა ულაყმა სწრაფად აიარა ჟანგისფერი კლდოვანი ბორცვები, სულთანმა მათრახიანი ხელით თვალები მოიჩრდილა, მზერა დაძაბა და გაშეშდა.
ზღვისა და ხმელეთის მბრძანებლის წინ, ახალციხედ წოდებულ პატარა ქალაქში მისი მთავარი მოწინააღმდეგე, ოსმალთა ცოდვა მადლის განკითხველი, ქრისტეანთა დაღვრილ სისხლზე მოღაღადე, დაუმარცხებელი „ღვთიური სიბრძნე“ – აია სოფია იდგა.
***
გაბოროტებული სულთანი მიზეზს ეძებდა. მან აჰმედ ფაშას იმერთა მეფის სოლომონის დასჯა და იმერეთის აოხრება უბრძანა. ცნობილი იყო, რომ იმერთა მეფე-სოლომონ I ბაგრატიონი, აჰმედ ჯაყელს, „მამას“ უწოდებდა და ახალციხის ფაშას დიდ მეგობრად სთვლიდა. თავის მხრივ აჰმედ ფაშაც დიდი სიყვარულით მოიკითხავდა სოლომონ მეფეს, რომლის გამეფებაშიც თავად ლომის წილი ჰქონდა მიღებული. ახალციხის ფაშისა და იმერთა მეფეს შორის ასეთმა თბილმა ურთიერთობამ ოსმალთა იმპერია, როგორც ჩანს გააცოფა. განრისხებული სულთანი სოლომონის თავს ითხოვდა, რადგანაც ამ უკანასკნელმა დასავლეთ საქართველოდან მონათა ვაჭრობას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა.
„დაიპყარი იმერეთი, გადააგდე შენივე დასმული მეფე სოლომონი, აღადგინე მონათა ბაზარი“-მოსწერა ფაშას ოსმალეთის იმპერიის დიდმა ვეზირმა და წერილს მალე ლაშქარიც მოაყოლა. აჰმედ ფაშამ ოსმალთა ლაშქარს თავისი პირადი მტერი -ოსმალო კოლა-ფაშა უსარდლა და იმერეთში გააგზავნა, მოკლე გზებით კი ასლან ბეგ ფალავანდიშვილი მიავლინა სოლომონ მეფესთან, საიდუმლო მისიით…
1757 წელს ოსმალთა 30 ათას კაციანი ლაშქარი იმერლებმა ხრესილის მინდორზე შეიტყუეს. იმერელთა 11 ათას კაციანმა ჯარმა 2 საათში მტერს ბოლო მოუღო. კოლას ფაშა და მისი მხლებელნი სოლომონისა და აჰმედ ფაშას მითითებით კლდიდან გადაჰყარეს.
იმერეთი განთავისუფლდა…
***
სულთანი გაცეცხლებული იყო. მან ხრესილთან მარცხი აჰმედ ფაშას დააბრალა და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. არსებობს რამოდენიმე მოსაზრება იმის შესახებ თუ როგორ დასაჯეს აჰმედ ახალციხელი. პირველი ვერსიის თანახმად მას თავი მოკვეთეს. რადგანაც მესხთა აჯანყების ეშინოდათ, ჯალათებმა დავალება ზუსტად და სწრაფად შეასრულეს. აჰმედ ფაშას თავი სტამბულს გააგზავნეს, ხოლო ტანი მის მიერ აშენებულ „აია სოფიას“ სიახლოვეს საზეიმოდ დაკრძალეს. მეორე ვერსიის თანახმად, სულთანმა აჰმედს, აბრეშუმის ზონარი გამოუგზავნა, რომლითაც იგი უნდა მოეშთოთ. აჰმედ ფაშამ მშვიდად ილოცა, ოჯახს დაემშვიდობა, თავი ჯალათებს მიანდო და სიკვდილის წინ, გულის ბოლო გაბრძოლებამდე იგი „ღვთიურ სიბრძნეს-აია სოფიას“ უმზერდა. ამ ვერსიის თანახმადაც აჰმედ ფაშა რაბათის ერთ-ერთ ბორცვზე დაკრძალეს.
***
ისტორია ახალციხის მიმართ არ იყო გულმოწყალე. 1828 წელს გენერალ პასკევიჩის რუსთა მხედრობამ, ახალციხეს შემოარტყა ალყა. ახალციხელები მტერს არ დანებდნენ. პასკევიჩმა ქალაქის აღების რამოდენიმე წარუმატებელი იერიშის შემდგომ, მისთვის ცეცხლგამჩენი ყუმბარების დაშენა ბრძანა. მთელი ქალაქი დაიწვა და დაიფერფლა. გადარჩა მხოლოდ ახალციხის „აია სოფია“, რომლის გუმბათიდან, გენერალმა გრიგოლ ორბელიანმა, ზარბაზნის ოსტატური გასროლით, ნამგალა მთვარე ჩამოაგდო და რუსებს მოუთხრო იმის შესახებ თუ როგორ გასწირა ათაბაგმა აჰმედმა თავი მართლმადიდებლური ტაძრის ასაშენებლად.
1829 წელს ახალციხის „აია სოფია“ მართლმადიდებლურ ტაძრად გამოცხადდა. ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რუსეთის ჯარში მომსახურე გრიგოლ და ილიკო ორბელიანების მონათხრობმა. იმ პერიოდში აჰმედ ფაშას საფლავიც შემთხვევით აღმოჩენილი იქნა ჯარისკაცების მიერ. საოცარია რომ რუსებმა უდიდესი მოწიწება გამოიჩინეს აჰმედ ჯაყელის საფლავის მიმართ და კვლავ ტრადიციული სტელით შეამკეს იგი.
***
– საიდან იცოდნენ ბაბუ ორბელიანებმა აჰმედ ფაშას ტრაგიკული ბედის ისტორია? ვეკითხები ნიკოლოზ ჯაყელს ერთხელ.
– მას შემდეგ რაც სულხან ორბელიანმა, თამარ ჯაყელი მოიყვანა ცოლად, მას შემდეგ ჩვენი გვარები განუყოფლები არიან – მპასუხობს ჯარისკაცის ფარაჯაში გახვეული ბაბუა და ჩაის „პრიკუსკით“ სვამს.
– ეგ რომელი სულხანია ბაბუ? ვეკითხები ბაბუას გაოცებული.
– ეგაა დიდი სულხან-საბა ორბელიანი – პასუხობს ბაბუ გახარებული იმით, რომ როგორც იქნა დამაინტერესა ოჯახის ისტორიებით.
– აჰა, გასაგებია – ვამბობ მე
***
2002 წლის აგვისტოში თავად გახლდით ახალციხეში. ჩვეულებისამებრ, საქართველოს პატრიარქის, მცხეთა – თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია მეორის მიერ რუდუნებითა და დაძაბული შრომით განახლებული საფარის მონასტერი მოვინახულე. დავტკბი იქაურ ბერთა სულისმეტყველებით და შვილებს, თამარსა და თინათინს საქართველოს ისტორიის მესხური ნოველები ვუამბე.
– წაგვიყვანე რა, მამა აჰმედის აია სოფიაში,-აღტაცებული სახით მომაფრინდა თამარი.
– წავიდეთ ლა,- მიბაძა დაიკოს პატარა თინათინმა.
მეც გვარიანად მენატრებოდა ახალციხის რაბათის მონახულება და ამიტომაც ყური არ ვათხოვე ხვატით შეწუხებული მეუღლის, ნინოს გაფრთხილებებს და სწორედ იქეთკენ დავძარი ჩემი რაზმი.
ქალაქის გალავანში შესული, აჰმედის მონუმენტურმა, იშვიათი პროპორციებითა და ფორმით გამორჩეულმა ტაძარმა მომხიბლა. აღმშენებელივით ძლიერი, იდუმალი და ტრაგიკულიია სამხრეთ საქართველოს ისტორიის, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ამსახველი ეს ძეგლი.
იგი მართლაც მძიმე ჟამს მოღვაწე კაცთა ცხოვრების ძეგლია. საქართველოს სხვა უნიკალურ ძეგლთა შორის, აჰმედის თაოსნობით აშენებული აია- სოფია დღესაც გამოცანასავით დგას რელიგიებს და საუკუნეებს შორის არსებულ მონუსხულ სივრცეში. იქნებ გამოვიცნოთ ეს გამოცანა! იქნებ ჩავწვდეთ ბეწვის ხიდზე მიმავალ ბედს ჩვენსას.
რაც შეეხება აჰმედის ტაძრის მომავალ ბედს, ვფიქრობ იგი, როგორც მართლმადიდებლურ ტაძრად ჩაფიქრებული ქმნილება, განმეორება კონსტანტინოპოლის აია სოფიასი, უნდა გადაეცეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ჩვენ უნდა დავასწროთ იმ დროს როცა კონსტანტინოპოლის აია სოფია თავად დაუბრუნდება საკუთარ მრევლს.
მჯერა მტკიცედ რომ ახალციხის „აია სოფია“ იმ მისტერიის დასაწყისია, რაც კონსტანტინოპოლში უნდა დასრულდეს.
სისხლით დაწერილი ქართული ისტორია ამასვე მოითხოვს.