მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა …
ყველაზე ახალგაზრდა ბებია. რუმინელი რიფკა სტანესკუ მიიჩნევა ყველაზე ახალგაზრდა ბებიად. ის ამჟამად 25 წლისაა, შვილიშვილი კი 23 წლისას შეეძინა. რიფკა ჯერ კიდევ 12 წლის იყო, როცა გოგონა, სახელად მარია გააჩინა. შვილს ყოველთვის არიგებდა, არ გაჰყოლოდა მის კვალს, თუმცა ეს დარიგებები უშედეგო აღმოჩნდა და უფრო მეტიც, მარიამ დედას აჯობა – ჯერ კიდევ 11 წლის იყო, როცა ვაჟი გაუჩნდა და იონი დაარქვა. ამგვარად, რიფკამ 23 წლის ასაკში ბებიის სტატუსი მიიღო. ამჟამად იონი 2 წლისაა, მისი დედა – მარია – 13 წლის, ხოლო ბებია – რიფკა – 25 წლის.
იოგას ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელი. 6 წლის შრუტი პანდეი წარმოადგენს იოგას მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელს. ის ბოლო 2 წელია, ჩრდილოეთ ინდოეთში, ერთ-ერთ აშრამში ავარჯიშებს მსურველებს. აშრამი 35 წლის წინ ააგო მისმა მასწავლებელმა, ჰარი ჩეტანმა, რომელიც ამჟამად 67 წლისაა. როგორც კი მის მოსწავლეებში გამოჩნდა 4 წლის შრუტი, მაშინვე შეამჩნია მასში დიდი ტალანტი. შრუტი გაკვეთილებს დილით ადრე – 5:30 სთ-ზე იწყებს, ყოველთვის აცვია თეთრი პაჭიშები და წითელი მაისური. მას 30 მიმდევარი ჰყავს, მათ შორის არიან ბიზნესმენები, მასწავლებლები, დიასახლისები, პენსიონერები და ა.შ.
ყველაზე ახალგაზრდა ტრანსსექსუალი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა. გერმანელი მოზარდი კიმ პეტრასი 16 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ტრანსსექსუალი, რომელმაც მიმართა ქირურგებს და სქესი შეიცვალა. ოპერაცია საიდუმლოდ ჩატარდა და დაფინანსდა გერმანიის ჯანმრთელობის სამსახურის მიერ. ეს კი მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ფსიქოლოგებმა კიმის გამოკვლევის შემდეგ დაასკვნეს, რომ ის “ყველანაირი ეჭვის გარეშე არის გოგონა ბიჭის სხეულში”. ჰორმონების თერაპიას კიმი 12 წლიდან იკეთებდა. სანამ ოცნებას აისრულებდა, მას ბევრჯერ მოუწია დაცინვისა და ჩხუბების ატანა, ოპერაციის შემდეგ კი სამოდელო კარიერას მიჰყო ხელი. საკუთარ თავს გოგონად ის ჯერ კიდევ 2 წლის ასაკიდან აღიქვამდა.
ყველაზე ახალგაზრდა მძღოლი “სიკვდილის კედელზე”. ჯაიმი ტაირელმა სკოლა მიატოვა, რათა დაუფლებოდა იმ საქმეს, რაც იზიდავდა და გამხდარიყო ყველაზე ახალგაზრდა მძღოლი, რომელიც მოტოციკლით წრეებს უვლის სიკვდილის კედელზე. ეს კი მან მოტოციკლის მართვის მოწმობის გარეშე შეძლო მხოლოდ 17 წლის ასაკში. ჯაიმი თავზეხელაღებულთა ჯგუფს შეუერთდა და ამჟამად საჩვენებელ გამოსვლებს ატარებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. 6 მეტრი სიმაღლის ვერტიკალურ კედელზე გოგონა 75 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს. გამოსვლების დროს ის ხალხს ეცნობა, როგორც ჯაიმი სტარი. მოტოციკლის ტარებისას არ ატარებს ჩაფხუტს, რადგან მისთვის ხელისშემშლელია. ამასთან, უნდა განავითაროს მუდმივი და თანაბარი სიჩქარე, სხვაგვარად ვერ შეძლებს წონასწორობის დაცვას და ჩამოვარდება.
ყველაზე ახალგაზრდა CEO. 14 წლის გოგონა, სინდჰუჯა რაჯარამანი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მთავარი აღმასრულებელი დირექტორია (CEO). 2010 წლის ოქტომბერში მეცხრეკლასელი მოსწავლე სათავეში ჩაუდგა ანიმაციების მწარმოებელ ორგანიზაციას, “Seppan Company”-ს, რომელიც მამამისის დაარსებულია. 2010 წელს თამაშებისა და ანიმაციის საკითხებზე ჰიდერაბადში გამართულ თათბირზე პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების კომპანიების ეროვნული ასოციაციის მიერ (NASSCOM) გოგონას მიენიჭა ყველაზე სწრაფი 2D და 3D ანიმატორის წოდება. ანიმაციით დაინტერესებულ და მოყვარულ პირთა რაოდენობა ინდოეთში მუდმივად იზრდება. კომპანია “Seppan Company”-ის თანამშრომელთა რაოდენობა ამჟამად 160-ს შეადგენს.
საკეს ყველაზე ახალგაზრდა ექსპერტი. 10 წლის იაპონელი გოგონა აკანე ნიიკურა გახდა საკეს ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი. ბრინჯისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნებისთვის არც ისე დიდი ასაკის მიუხედავად, აკანე მშვენივრად უმკლავდება საქმეს. მან წარმატებით გაართვა თავი იაპონიის საკეს ინსტიტუტის გამოცდებს და დაამტკიცა, რომ ნამდვილად კომპეტენტურია. საკეს გასინჯვისას ის ყნოსვის უნარს უფრო იყენებს, ვიდრე გემოს. მეოთხეკლასელ გოგონას თავისუფლად შეუძლია, რჩევები მისცეს ნებისმიერ ადამიანს, თუ რა ტიპის საკე შეეფერება მას და რომელი გამოიყენოს სადილზე.
ყველაზე ახალგაზრდა სერფერი. ჯაილან ამორი მხოლოდ 2 წლის იყო, როცა უკვე წარმატებულად უმკლავდებოდა ბრისბანის სანაპიროს ტალღებს ავსტრალიაში. ყველაზე ახალგაზრდა სერფერად ის 2007 წელს აღიარეს. იმ პერიოდში ჯაილანს შეეძლო სერფინგის დაფით 50 მეტრზე მეტი მანძილის დაფარვა. ჯაილანის 2 წლით უფროსი დაც, შაილაც სერფერია და მანაც საკმაოდ ადრე – 3 წლის ასაკში დაიწყო ე.წ. “ოქროს სანაპიროზე” ტალღებზე სრიალი.
ტატუს ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი. რუბი დიკინსონმა 4 წლის ასაკში მოახერხა პოპულარობის მოპოვება – ბრიტანული პრესის მიხედვით, ის ტატუირების მსოფლიოში ყველაზე მცირეწლოვანი სპეციალისტია. იმ დროს, როცა მისი თანატოლები სათამაშო მოედნებზე ერთობიან, რუბი ამოსვირინგების გაკვეთილებს გადის ტატუირების სათამაშო იარაღით. მამამისის თქმით, მას უკვე შეუძლია სრულყოფილად დახატოს მისი საყვარელი დიზაინი – ობობა.
ყველაზე ახალგაზრდა პრაქტიკული მსროლელი. 6 წლის ფილიპინელი მიკო ანდრესი მიიჩნევა ყველაზე მცირე ასაკის მონაწილედ პრაქტიკული სროლის შეჯიბრებში. პრაქტიკული სროლა სპორტის ერთგვარი სახეობაა, რომელშიც მსროლელები სწრაფად ესვრიან რამდენიმე სამიზნეს. მამამისის თქმით, მიკო ჩვეულებრივი, ნორმალური ბავშვია, უმეტეს დროს მეგობრებთან ატარებს. სროლის გარდა მას უამრავი სხვა თამაშიც იზიდავს. თუმცა მამა ხშირად უხსნის შვილს ამ სპორტის საშიშროებას, ახსენებს, რომ იარაღი დიდების “სათამაშოა” და მას ფრთხილად უნდა მოეპყრას.