ისტორიასაკითხავი

კახაბერ ჯაყელი “ჯაყელთა – ათასი წელი”

წინასიტყვაობა

რატომ დავიწყე მუშაობა ამ წიგნზე? ერთხელ მოსე ჯანაშვილის სტატიაში ამგვარი სიტყვები ამოვიკითხე: “ყველგან ეძიებენ და იკვლევენ სახელგანთქმულ გვარეულობათა ისტორიას, რადგან ეს ისტორია ერთი ფურცელთაგანია თვით ერის ისტორიისა. მხოლოდ ჩვენში მეტ ბარგად მიაჩნიათ,- არა ყველას, რასაკვირველია,-არათუ გვარეულობათა ისტორია, არამედ მთელი ჩვენი გვარ-მოდგმისაც. საკვირველი ის არის, რომ თვით დღევანდელი წარმომადგენლები სახელოვან გვარეულობათა, მაგალითად, ორბელიანებისა, ერისთავებისა, წერეთლებისა, მელიქიშვილთა, მაჩაბლებისა, ჯაყელთა, დადიანთა და სხ., არავითარ ხალისს არ იჩენენ არათუ შეადგინონ წერილობითი ისტორია თავიანთი მამა-პაპათა, არამედ მოკლედ მაინც შეისწავლონ მათი თავგადასავალი, მათი სრე ანუ, უცხოურად რომ ვსთქვათ, ,,როლი” ჩვენს ისტორიაში.” (მოსე ჯანაშვილი -თვალდამწვრიშვილები. ეძღვნება თავ. დ.ა. ბაგრატიონ-დავითიშვილს ,,ივერია” 1904, N 38, 14 თებ. გვ.2.). სწორედ ამ სიტყვებმა და მესხეთის, სამცხის, მესხების ცხოვრების დღევანდელმა მდგომარეობამ გამაბედინა ჯაყელთა გვარის ისტორიის ლიტერატურულ მხატვრული – სათავგადასავლო ფორმით გადმოცემა.
დიდი ხნის წინ როდესაც პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი, ჩვენი კლასი ახალგაზრდა და ენერგიულ მასწავლებელს მიანდეს. ამ პიროვნების სახელი იყო სერგო ვარდოსანიძე, იგი საქართველოს ისტორიას გვიკითხავდა და ჩვენს ცოდნას უამრავი მაგალითით ამდიდრებდა. სულგანაბული უსმენდით მეშვიდე კლასელები ვარდოსანიძის გაკვეთილებს. ერთხელ, მან ბიჭებს ისტორიის სექციის დაარსება შემოგვთავაზა და ამ სექციაში გავწევრიანდით. როდესაც სერგო მასწავლებელმა სასკოლო ოლიმპიადისათვის თემების დაწერა დაგვავალა, ჩვენ რა თქმა უნდა დავინტერესდით. მე რატომღაც ველოდი რუტინულ თემას ახალგაზრდა მასწავლებლისაგან და ჩემი გაოცება უნდა გენახათ როდესაც ბატონმა სერგომ ჯაყელთა გვარის გენეალოგიის საკითხების შესწავლა დამავალა, უამრავი წიგნი მომცა და ისტორიის ოლიმპიადაზე – ჯაყელებზე თემით გამოსვლა მომანდო.
კომუნისტების მმართველობის პერიოდში, ბატონ სერგო ვარდოსანიძის ამგვარი ქმედება – დისიდენტობას უტოლდებოდა და შესაძლოა ეს ნათელი პიროვნება დაესაჯათ, სკოლიდან გაეგდოთ და საერთოდ მისი საყვარელი დარგისათვის ჩამოეცილებინათ. ბატონი სერგო, რომელიც ისტორიის გარდა ადამიანობას, ქრისტიანობას, საგალობლებს, მოყვარეს მიმართ კეთილგანწყობას ხოლო მტრის მიმართ უკომპრომისობას გვასწავლიდა, მუდამ იდგა ეროვნული იდეის დამცველად სკოლაში და მის გარეთაც, მეგობრობდა ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან, მუშაობდა საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე და საქართველოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მოღვაწეობის ისტორიულ მატიანეზე. (დღეს ბატონი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ხელდასხმული- ღვაწლმოსილი პიროვნება, დიდი ქართველი ისტორიკოსი, ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის დამსახურებული რექტორი გახლავთ.)
შემდეგ ცხოვრება იმგვარად წარიმართა რომ ბიზნესის პროფესორი გავხდი და იელის (Yale University- at the USA) უნივერსიტეტში ყოფნისას, მარკეტინგის, ეკონომიკის და სხვა საკითხებთან ერთად, ისტორიოგრაფიაშიც, კერძოდ საკუთარ გენეალოგიაში გადავიჭერი. კონექტიკუტის თვალწარმტაც მდელოებზე, ნიუ-ჰეივენში 1703 წელს აშენებულ იელის უნივერსიტეტს ამ მხრივ მნიშვნელოვანი სიახლეების გამჟღავნება შეეძლო, რადგანაც მსოფლიოში უდიდეს საგანძურს – უძველეს წიგნთსაცავს განაგებდა.
მე ამ უმდიდრეს ბიბლიოთეკაში, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის -ფულბრაიტელი სტიპენდიანტი და მიწვეული პროფესორი, მე-3 ხარისხის დაშვებას ვფლობდი. ამგვარი ფუფუნება უნდა გამომეყენებინა.
როდესაც საქართველოს ჯანდაცვის რეფორმისათვის სამუშაო დოკუმენტის შექმნა დავამთავრე, წიგნთსაცავის კავკასიურ და ოსმალურ სექციებში გადავინაცვლე და იმგვარი აღმოჩენების თანაზიარი გავხდი რომ რამოდენიმე თვე საერთოდ ვდუმდი.
– აღმოვაჩინე ის რომ ჯაყელებს ინგლისის სამეფო საგვარეულოსთან, ვინძორებთან ნათესაური კავშირები ჰქონიათ. კერძოდ დიდი ბექა ჯაყელის (მანდატურთუხუცესის) შვილიშვილი ევდოკია, ვინძორების პირდაპირი წინაპარი გახლდათ. დეივიდ ჰუჯის მიერ შექმნილი გენეალოგიური კვლევები ამას ადასტურებდა.
– ჯაყელები თავგამოდებით იცავდნენ ქართული კულტურის კერებს მსოფლიოში, მათი ოჯახი ცნობილი იყო სიბრძნისა და განათლების დიდი სიყვარულით და მეცენატეობით.
– ჯაყელთა შტოს შთამომავლები იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის ცნობილი სამეფო და სამთავრო სახლების წარმომადგენლები.
– ყირიმის ნახევარკუნძულს, გენუელების მონოპოლიებს ერთ-ერთი ჯაყელი დედოფალი ედგა სათავეში.
– ჯიაჯაყ ჯაყელი გახლდათ ტრაპეზუნის იმპერიის მმართველი დედოფალი.
– გერმანელ გრაფებს შორის 1600 წელს ერთი ოჯახი სწორედ ჯაყელად იწოდებოდა.
– ისაყ ფაშა ჯაყელის სასახლე ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთ ადმინისტრაციას წარმოადგენდა 200 წლის განმავლობაში და ამ სასახლიდან ქართველი მმართველი ცდილობდა ერაყში და სირიაში ქართველების გაბატონებას, რაც მოხდა კიდეც, ისაყ ჯაყელის და მისი შვილთაშვილების მეცადინეობით დამასკოს და ბაღდადს ქართველი მამლუქები მართავდნენ, მათ აღმოსავლეთ ოსმალეთის ადმინისტრაცია-ჯაყელთა ოჯახი (ჩილდირ-ოღულარი) განაგებდა.
– ჯაყელებს თავიანთი დიდი გავლენა ჰქონდათ მონღოლთა იმპერიაში.
– ჯაყელების მიერ ჩატარდა უდიდესი მშნებლობები მართლმადიდებლური სარწმუნოების გაძლიერებისა და გამტკიცებისათვის საქართველოში და აზიაში.
– ჯაყელები თავიანთ სულიერ წინამძღოლად მიიჩნევდნენ წმინდა საბა განწმნედილს და წმინდა დემეტრე თავდადებულს. სწორედ ამ ფაქტის გავლენით, ჯაყელთა სიძემ-სულხან ორბელიანმა, ბერად კურთხევის შემდეგ სახელი საბა მიიღო და დამკვიდრდა როგორც სულხან-საბა.
– ევროპაში ჯაყელები აშენებდნენ სამედიცინო დაწესებულებებს და ჰოსპიტლებს ჯერ კიდევ მე 15 საუკუნეში.
– ქრისტეან ჯაყელთა განხორციელებული სამხედრო ოპერაციები სავსეა დიდი გმირობითა და თავდადებით.
– ქაიხოსრო ჯაყელის შეწირულობით მოიჭედა და შემკობილი იქნა ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე – ივერიის ღმრთისმშობლის ხატი.
– ჯაყელებს სურდათ შუამდინარეთის „ყოველთა მესხთა“ სამეფოს დაარსება.
– მაჰმადიან ჯაყელებს ქონდათ სურვილი ოსმალეთისაგან თავისუფალი ქურთისტანის გამოყოფისა და ქურთისტანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისა.
– ჯაყელები აშენებდნენ მაჰმადიანურ საკულტო ნაგებობებს, მეჩეთებს, ჯამეებს და მედრესეებს.
– მაჰმადიანი ჯაყელები გამოირჩეოდნენ როგორც ღაზი მებრძოლები, ანუ რწმენისათვის თავდადებულნი.
– მხოლოდ ჯაყელთა სახლის შვილმა არ მოაწერა ხელი ოსმალეთის იმპერიის დაშლას.
– ჯაყელების სახლში ხდებოდა ქართული ანბანის დახვეწა და განვითარება საუკუნეების განმავლობაში, კალიგრაფები ჯაყელთა სახლიდან მუდამ გაუმჯობესების მიმართულებით იღწვოდნენ.
– ჯაყელები იყვნენ ქართული კანონმდებლობის ავტორები და სჯულმდებლები.
– ჯაყელები იყვნენ ისტორიოგრაფიისა და ხელოვნების, მხატვრობის და ჭედურობის, საგალობლების განვითარების ხელშემწყობები.
– ჯაყელები განსაკუთრებით ცდილობდნენ მეცნიერების განვითარებას საქართველოში.
– ჯაყელები, აქტიურად იღწვოდნენ ბაქოს ნავთობის მოპოვების ბიზნეში და იყვნენ დიდი და ცნობილი კომერსანტები ბაქოში მე-20 საუკუნეში.
– ჯაყელი ედგა სათავეში ჭიათურ-მარგანეცის მომპოვებელ სააქციო საზოგადოებას და სწორედ მასთან მოუვიდა კონფლიქტი ახალგაზრდა იოსებ სტალინს.
– მე-20 საუკუნეში ჯაყელები აქტიურად ებრძოდნენ სომეხ, რუს სეპარატისტებს მესხეთში და ამავე დროს სამწუხაროდ ისინი დაუპირისპირდნენ საქართველოს მენშევიკურ მთავრობას, რადგანაც მენშევიკების სურვილი იყო კერძო საკუთრების მოსპობა.

ის ფაქტი რომ დაახლოვებით 1000 წლის განმავლობაში ერთი საგვარეულოს წარმომადგენლები თანაბარი გმირობითა და მონდომებით, გნებავთ ამბიციითა და საკუთარი ხედვით იღწვიან ისეთ ურთულეს პოლიტიკურ ლანდშაფტზე, როგორიც გახლავთ კავკასია და მისი მომიჯნავე რეგიონები საინტერესოა მომავალი თაობებისათვის, რომლებმაც უნდა გაითავისონ წინაპართა საქმენი.
წიგნს აქვს მისია ერთად მოუყაროს ჯაყელთა ისტორიას თავი და მოუთხროს იგი მკითხველს თავშესაქცევი ფორმით, რადგანაც ეს ისტორია მართლაც დიდი და საინტერესო, მოვლენებით სავსე თავგადასავალია, საბრთხეების მოყვარული, ძლიერი და თავდადებული ადამიანებისა.
ჩემი დიდი პაპა ქაიხოსრო გიგოს-ძე ჯაყელი, სამცხედან გურიაში გადმოხვეწილი ჯაყელების თავკაცი გახლდათ, რამოდენიმე წლის წინ, მისი სახლის ნანგრევები გათხარეს ვიღაც უცნობებმა და უეცრად ქვევრები ნახეს. უნდა გენახათ მათი გაოცება, როდესაც მათ ქვევრებში ღვინის ნაცვლად, თოფის პირები, ხმლები და ხანჯლები აღმოაჩინეს. ამ დროს ერთ მოხუც კაცს გამოუვლია და უკითხავს ამ მოყვარული არქეოლოგებისათვის – „ბიძიებო თუა თქვენს შორის რომელიმე ჯაყელი?“
– „არცერთი ვართ ჯაყელი“- ამოუღერღიათ ამ ადამიანებს.
– „მაშინ რას თხრით ამ გორას, ბიძიებო, ეს ჯაყელების გორაა და მარტო ჯაყელებს აქვთ უფლება აქ გათხარონ“- უთქვამს მოხუცს.
როდესაც ეს ისტორია მომიყვეს, მაშინ კი მივხვდი თუ რას ნიშნავდა მოხუცის პასუხი და ამგვარად დავიწყე შრომა წიგნზე, რომელსაც „ჯაყელთა 1000 წელი ანუ ჯაყელ-ათაბაგთა თავგადასავალი“ ვუწოდე.

ნაწილი I
წიგნი მირიან ბაჰლაუნდისა
საუკუნე VI

წიგნი ლატავრა ჩორჩანელისა და მირიან ბაჰლაუნდისა სიყვარულისა
ბაჰლაუნდების გვარს ზოგი აკუთვნებს სპარსეთის შაჰინ-შაჰებს, ხოლო ზოგიერთი საქმის ღრმად ცოდნით მათ ფესვებს, შორეულ პართიაში, სწორედ იმ ქვეყანაში, ეძებს რომლის დამორჩილება ძველ რომს მეტად ძვირად დაუჯდა. თვალუწვდენელია ირანი და მისტიურია მისი დედაქალაქი პერსოპოლისი, მაგრამ არის კი მართლაც ამ თაკარა მზის შვილი მირიან ბაჰლაუნდი, მისი წინაპარი იოანე და ბეშქენი და მათი გვარი?
ყველა დიდი საგვარეულო ერთი მბრწყინვალე, ძლიერი პიროვნებისაგან იწყება, რომელიც თავისი უნიკალურობის გამო ერთად უყრის თავს მის მიმართ ხალხის მოლოდინს და ასევე ამ მოლოდინის განხორციელების უნარ-ჩვევებს. სწორედ ამგვარი რაინდი გახლდათ მირიან ბაჰლაუნდი, ძე ბეშქენ ბაჰლაუნდისა, რომელმაც დიდი მთავრის გიორგი ჩორჩანელის ერთადერთი მემკვიდრე, მისი და, სილამაზით განთქმული ლატავრა ჩორჩანელი შეიყვარა და შეირთო კიდეც. საიდან მოდიხარ ბაჰლაუნდო? მოისმის კითხვა ისტორიიდან. მსოფლიოს უმძლავრესი ფესვიდან – არის პასუხი, რაც თავისთავად ბასილ ზარზმელმაც დაადასტურა სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში, როცა ბაჰლაუნდთა და ჩორჩანელთა დამოყვრების თემა და მასთან დაკავშირებული საკითხები გააჟღერა. ამ უკვდავ ნაარმოებში ჯაყელთა გვარის დამაარსებლები: სულა, ბეშქენი და მათი ძმა ლაკლაკი აბრაჰამსა და იაკობს შეადარა გამოჩენილმა ქართველმა ჰაგიოგრაფმა და საზოგადო მოღვაწემ.
„ბაჰლაუნდთა წინაპარი მირიანი დაუმარცხებელი იბერიელი, სპარსთა და პართიელთა ლაშქარში ნაომარი, მათი დიდოსტატი კატაფრაქტი და ამიტომაც უცხოელობა დაბრალებული“ -უთქვამთ ბაღვაშებს, კეისრისათვის მიწერილ თავიანთ ერთ-ერთ წიგნში.
სწორედ ამ იბერიელ ბაჰლაუნდთა შთამომავალზე, მირიანზე მიდის სჯა ბაასი ჩორჩანელთა სასახლეში. სახელგანთქმულ ჩორჩანელებს წარსული მცირედით აკავშირებთ ამ გულმაგარ მხედართან და მის გვართან. იგი თავად შორსაა ეხლა, მაგრამ ლატავრას გონებაში სამუდამოდ დაუდია ბინა მირიანს. მხოლოდ ერთხელ და ისიც სამეფო ამალაში იხილა ჩორჩანელთა ამაყმა ასულმა წითურ ცხენზე ამხედრებული, ცისფერ ტოგიანი და ბროწეულისფერ მოსასხამში მორთული, ვერცხლის უზანგებიანი ჭაბუკი, რომელმაც მბრწყინვალედ იცის სასახლის ჩვეულებები, რადგანაც, თავად გაზრდილა პართიის შაჰთან, აზორიის პალატებში და ზურმუხტისფერი ტბებით ცნობილ აჰარის მიდამოებში. „…არც მეტად ახმახი და ახოვანია მირიანი, იგი ტანადია და ამავ დროს დახვეწილი, ღიმილი უთამაშებს ტუჩებზე და ამაყად უჭირავს თაფლისფერი თმებით შემკული ოდნავ გვერდით გადახრილი თავი. თვალები აქვს საფირონისფერი, სმარდუხტისა და ანდამატისფერი, ტუჩები თლილი და იმგვარად მოყვანილი, როგორიც ბიზანტიაში, ძველი ელინურ ქანდაკებებს ჩვევიათ. ავაზასავით მოქნილია ბაჰლაუნდი, მის წინ აღტაცებით როკავენ განიერთეძოიანი პართიელი და ინდოელი დიაცები. ნეტარებაა და ცოდვაა ამგვარი ფიქრი…“ მაგრამ მიესვენა ცხენის სხეულს მეოცნებე ასული ჩორჩანელისა, ფიქრით წავიდა შორს, გადასერა ველი აჰარისა, მთა არარატისა, მიმოავლო თვალი ცხენთა თაბუნებს, ველურ ყანჩებს, მოისარ ქურთებსა და მეხმლე სპარსელებს, ოაზისში შესვენებულ უდაბნოს ოქროსფერი ქვიშით დამტვერილ შეიხებს და ნუბიელ მექარავნეებს, გაჰყვა მისი თვალსაწიერი ცისფერ მდინარეს და შორს პართიის შაჰის თეთრ სასახლეში, არაბებითა და პართიელებით, ირანელებითა და ინდოელებით სავსე დარბაზში, არაბულად და ინდურად მოსაუბრე იბერიელი ჭაბუკი, მირიან ბაჰლაუნდი აღმოაჩინა, და გული ტკბილი ტკივილით შეუტოკდა, მკერდში სიხარულისა და სევდის ნარევმა ჟრუანტელმა დაუარა. ამ აზრებში დაბინდული, ის ვერც კი მიხვდა როგორ მიუახლოვდა მას ბავშვობიდან შეზრდილი და შესიხლორცებული დაი, ანცი და მოუსვენარი მეთექვსმეტე წელში გადასული ქალი ბაღუაშთა სახლისა, რომელმაც მას მოულოდნელად თავი ანდამატივით თეთრ, ვენერას ელინური ქანდაკებასავით უმშვენიერეს მკლავზე მიადო და ჩასჩურჩულა: „ეხლა დაბრუნდა ხანგრძლივი ლაშქრობიდან დაო, ჩვენი მეზობელი, მაგრამ ჰმ, რა მეთქმის, როგორც ამბობს მამაი, მეტად ძლიერი და თავნებაა ბაჰლაუნდი, ამბობენ ხელი უნდა რომ გთხოვოს, იქნებ დაისაკუთროს გული შენი მან, მაგრამ სხვა მთავრები, არაფრით არ შეურიგდებიან ამას, არაფრით და იქნება სისხლისღვრა შენს გამო“.
გაისუსა, უსიტყვობას მიჩვეული ლატავრა, ცხენს მიენდო და იმგვარად ჩაუარა მზია ბაღუაშს, რომ ამ უკანასკნელმა თავად იგრძნო ზედმეტად შევბედე დიოფალსო და გაწითლდა, შემდეგ დაეწია თავის ამხანაგს და უეცრად ხელზე აკოცა მას.
„არ მწყინს მზია, მაგრამ უნდა იცოდე, რომ რაც არ ეგების ის არც უნდა ბრძანო“-თქვა ატმისფრად შეფერილი ღაწვებით გამორჩეულმა ლატავრამ და ცხენი განგებ ააჩქარა, იმ აზრით, მზიას საფიქრალს მივცემო და ცოტა ხანს მაინც დავფიქრდები ჩემს ნებაზეო.
მძიმე იყო განცდა დიდი მთავრის ასულისა. ჩორჩანელთა ერთ დროს უდიდესი გვარი, უძეოდ მიდიოდა ზენაარიდან. ქალს, ამ უსაზღვროდ მორწმუნესა და მორცხვ ქმნილებას, უნდა ეკისრა სახელგანთქმული გვარის გაძლიერება, მგლად გადაქცეული მეზობლების ალაგმვა და ჩორჩანეთის საერისთავოს გადაყლაპვის მოსურნეთა დაოკება და გაძლება მანამ სანამ ღირსეული და კეთილშობილი რაინდი არ მოსდრეკდა ქალის გულს და მის გონებას, იმგვარად, როგორც ეს მას, მთვარესთან და ვარსკვლავებთან ჩურჩულით მოსაუბრე ლატავრა ჩორჩანელს წარმოედგინა.
„სისხლისღვრა იქნება შენს გამო“ ჩაესმა ასულს ყურში კვლავ და მიმოავლო მან თავისი სულიერი მზერა აწმყოსა და წარსულს, დაძაბუნებულმა შეაღო წიგნთსაცავის კარიბჭე, შეათვალიერა თაროებზე მოფენილი ფოლიანტები და ეტრატები, მეფეთა წიგნები თუ ეპისკოპოსთა სწავლანი, შაჰთა და კეისრათა გრაგნილები, მუსიბთა და მუსტასიბთა ანაბეჭდები. სკამზე ჩამოჯდა იგი და დაიწყო ფიქრი.
წარმოუდგა ძმა თვისი. გიორგი ჩორჩანელს ვინც თვალს თვალში გაუყრის და სამტროდ შეეყრება ბრძოლის ველზე ან ასპარეზობაში, იგი მასზე ხელის აღმართვას მოერიდება და მოეცარება კიდევაც ეს ხელი, რადგანაც უმანკო კრავს წააგავს გიორგი, ერთი შეხედვით. ზნეც უმანკო კრავისა აქვს გიორგის. წიგნთა გონს იცნობს ახალგაზრდა მთავარი, წიგნებშია ჩაფლული მუდამ, მაგრამ დრო და დრო არწივებს იჭერს ჩორჩანის კლდეებში, მონადირთუხუცესის სუმბატის თანხლებით. არწივთა ჭერას მრავალი საუკუნეა მისდევენ ჩორჩანელები, მათ გერბზეა გამოხატული არწივი და წელიწადში ერთხელ მკათათვეში დიდებულები თავიანთ მსახურებთან ერთად ეძებენ არწივთა ბუდეებს რათა აღმოაჩინონ ბახალა და გაწვრთნან ის სანადიროდ. სწორედ ჩორჩანის აზნაურებს ჰყავთ ყველაზე მეტი სანადირო არწივი იბერიაში, პონტოს ზღვის პირას კოლხეთში და კილიკიის სამეფოში. მომავალ კვირას წავლენ ალბათ სანადიროდ არწივზე და უთუოდ გაჰყვება მათ ლატავრა, როგორც ყოველთვის მამაკაცურად გამოეწყობა და ძმისა და მონადირეების თანხლებით მოიძიებს არწივთა ბუდეს.
გადაავიწყდა ამ ფიქრში ლატავრას მამაი, მოხუცი მთავარი ჩორჩანისა. შემდეგ კი წამოდგა იგი, გამოიხურა კარი წიგნთსაცავისა და პირდაპირ მამის კოშკისაკენ აიღო გეზი. უეცრად შეჩერდა ლატავრა, მონადირეთუხუცესს სუმბატს მოჰკრა თვალი. სუმბატი მარტო არ იყო, მას შავ ტყავკაბაში მოსილი, ახალგაზრდა მოსდევდა უკან. ლატავრამ შეათვალიერა ის და დარწმუნდა რომ სრულიად ახალგაზრდა ვაჟი იყო იგი, მანაც იგრძნო მისი მზერა და დიოფალის წინ ქედი მოიდრიკა. ლატავრას მზერა მხოლოდ მის წვერს მისწვდა და თვალები მისი იდუმალი დარჩა ქალისათვის. „მუდამ თვალებში უყურე და ჩაწვდები მოყმეს სულს“-გაახსენდა მას ბერძნული ლოღიკის გაკვეთილი და სუმბატს მიმართა.
– როდის მივდივართ სუმბატ პაპავ კლდეს ასავალზე?
– ხვალ დილით მივდივართ, მაჩქარებს მთავარი, ძმა თქვენი, დიოფალო, თქვენც ხომ წამობრძანდებით? ქედმოხრილმა იკითხა სუმბატ მონადირეთუხუცესმა.
– რა თქმა უნდა სუმბატ პაპას მე მარტო არსად გაუშვებ, თქვა გახარებულმა ლატავრამ და მოხუცს სიყვარულით გადაეხვია, თავი მკერდზე მიადო და მაგრად ჩაიხუტა გახარებული მონადირეთუხუცესი.
– დიდი მადლობა სიყვარულისათვის შვილო – თვალცრემლიანმა ბრძანა მოხუცმა სუმბატმა, ლატავრას შუბლზე აკოცა და დასძინა – ხვალ უთენიას წავალთ კლდეს აღსავალისკენ.
– ველი სულმოუთქმელად – ჩორჩანელთა ასულში მონადირის ჟინი ამოძრავდა.
უთენიას, მამლის ყივილამდე, ჩორჩანის ცას რომ მძიმე ბრინჯაოსფერი გადაჰკვროდა, ლატავრას უხმეს, კარიბჭის ქვაკუთხედ ლოდზე- ხმლის პირის სამჯერ გასმით. აილესა ხმალი, გამოსცა ხმა ფოლადის ვედრებისა და წამოიჭრა უმალ ლატავრა საწოლიდან, ილოცა, გამზადებული იყო უკვე მხედრის კაბაში, მოისხა ტყავის ქულაბა და შეირტყა დაშნა, შემოიჭირა ტყავის ქამარი მამის ნატარები რომეებთან ბრძლაში და აისხა მშვილდი თავის ისრებით, ჩაჰყო ფეხი დათვის ტყავის ფეხსაცმელებში, მკაცრად შემოიჭირა სარტყელები და გარეთ გაიჭრა. პატარა რაზმეული ბოლო მზადებას ატარებდა ჩორჩანელთა სასახლის ეზოში. ბნელოდა, კატისთვალა მონადირეები, სანთლის შუქის გარეშე აგნებდნენ ყოველ საჭირო ნივთს, კრავდნენ აბგებს, ამზადებდნენ დასაკიდ კიბეებს და სარტყელ-სამაგრებს რითაც მონადირეები კლდეზე უნდა ჩამოჰკიდულიყვნენ არწივის ბუდის ძიებაში. ჯორებზე ჰკიდებდნენ სარჩოს და სულ რამოდენიმე ჩქამში ემზადებოდნენ. ლანდებს შორის ახალგაზრდა მთავარმა გიორგი ჩორჩანელმა თავისი დაიკო მონახა, მისთვის სპარსული ნუგბარი-შაქარ-ყინულის მოზრდილი გვნიხი, რომ გადაეცა და ერთი ორი სიტყვა ეთქვა ერთადერთი დედმამისშილისათვის. გაუბრწყინდა თვალნი ლატავრას, შაქარყინული ტყავის აბგაში ჩაიდო, შემდეგ ცოტა ჩამოტეხა და სულ-განაბულმა, ტკბილ ქვას წუწნა დაუწყო. ძმის მიმართ საოცარი სითბო და სიყვარული იგრძნო და მისთის განკუთვნილ ჯორს ბიჭურად შემოახტა.
– ყოჩაღ ჩემო ლატავრა, კარგად ზიხარ უნაგირზე, სანადირო ნივთებიც მოხერხებულად გაგიმზადებია და ისე აღკზმულხარ როგორც მონადირეთა ქალ-ღმერთ – თვალებგანრწყინებული ამბობდა სუმბატი და ლატავრას ჯორს ათვალიერებდა.
– ვინ მასწავლა ეს ყოველივე, თუ არა პაპა სუმბატმა, ჩაიკისკისა ლატავრამ და კიდევ უფრო გაახარა მონადირეთუხუცესი.
– მართლა ასეა, მაგრამ მოხუცდა სუმბატი ჩემო ლატავრა, დღეს მე ვეღარ მოგყვებით სანადიროდ, ზურგის ძვალი გამიჩერდა თითქოს, ეს ოხერი, დღეს ჩემი ძველი მოსწავლე, ტალა გაგიძღვებათ სუყველას. კარგი მონადირეა ტალა – სუმბატის უკან იგივე ჭაბუკი იდგა რომელიც მოწიწებით ქედს იხრიდა ლატავრას წინაშე, ბნელოდა და არც ტალას სახე მოსჩანდა და არც თვალები ისე რომ ვინმეს მის სულზე ემსჯელა.
გაოცებული დარჩა ლატავრა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, უცნობი მონადირე მის რიდსა და ცნობისმოყვარეობას აღვივებდა მხოლოდ. რაზმეული დაიძრა, ტალა მთავრს გვერდით მიჰყვებოდა. ისინი არც საუბრობდნენ ერთმანეთში, რადგან საუბარი ნადირობის წინ არ იყო მიღებული ჩორჩანელთა შორის. ყველა მდუმარედ მიჰყვებოდა კლდის აღსავლის გზას, სოფელ კლდეს რომ გასცდნენ, მაშინ რაზმეული ორად გაიყო. ტალა, ლატავრასა და მთავართან ერთად კლდის პირას შეჩერდა, ცას ახედა და როდესაც ცამ ფოლადისფერი მიიღო „დავიწყოთო ასვლა კლდეზე“ ჩაიჩურჩულა. ტალას ხელთ კურდღელი ეპყრა ყურებით და მას აბგაში სვამდა და ზურგზე იკიდებდა აბგას.
რამოდენიმე წუთში კლდის კბოდეებზე იბამდნენ თავს და კლდეებზე მიბმულნი არწივის გამოჩენას ელოდნენ, კლდის ქიმზე კურდღელი ჰყავდათ დაბმული, არწივი ხელით უნდა შეევეპყროთ, რათა გაეწვრთნათ და სანადიროდ გამოეზარდათ. იქნებ მისი ბახლებისათვისაც მიეგნოთ და ისინიც გადაერჩინათ სხვა მტაცებლებისაგან დაკორტვნას. დიდ ხანს ელოდნენ არწივის გამოჩენას, და ბოლოს ცის კაბადონიდან დაეშვა იგი ნატყორცნი შუბივით და ახლოს ჩაუფრინა, თითქმის ფრთა გაჰკრა ლატავრას, გიორგის და ტალას, რომელთაც სული შეეგუბათ, არწივის ფრთების დანახვისას. ამ დროს კიდევ ერთხელ შემოტრიალდა არწივი და კურდღლისაკენ გაექანა. მონადირეები გაინაბენ, პირველმა ტალამ მოინდომა არწივის შესაპყრობად ძგერება, მაგრამ არ დაანება მონადირეს გიორგიმ და მაშინ როდესაც არწივი აფართხალებული კურდღლისაკენ მესამედ დაეშვა, უმალ ისკუპეს გიორგიმ და ტალამ ორივე მხრიდან და არწივს შეასკდნენ. თავად არწივი კორტნიდა ორთავეს, სისხლი სდიოდა ტალას და გიორგიმ საბოლოოდ ჩამოაცვა ფრინველთა მეფეს დათვის თათისაგან გაკეთებული ჩაჩი და დარტყმით დააბრუა კიდეც იგი, მაგრამ ამ დროს თავად იგი კინაღამ მოსხლტა კლდის ქარაფიდან, მაგრამ ტალამ ხელთ იპყრო გიორგის მარჯვენა. არწივი ებრძოდა დამხდურებს, გააფთრებული იქნევდა ჭანგებს, ფრთებს, სერავდა ხმლისებრი ნისკარტით მონადირეთა მარჯვენებს და ადენდა მათ სისხლის მდინარეს…
ბრძოლა იმგვარად გაგრძელდა, რომ სისხლში ამოსვრილი გიორგი და ტალა გახევებული იდგნენ, ორივეს ხელთ ისევ და ისევ არწივის ჭანგები ეპყრათ და ერთმანეთს შეცქეროდნენ. გაუკვირდა ლატავრას ტალასა და გიორგის გაფითრებული სახეებისა და ზეაწეული წარბების დანახვა, ორივე თვალთ მრისხანებას აფრქვევდა.
– დათმე არწივი, ის ჩემია, ამბობდა გიორგი ჩორჩანელი.
– ვერ უშვებ ხელს რადგანაც ჭანგი ღრმად მაქვს ხელში გაყრილი დიდო მთავარო. ასე თქვა ტალა მონადირემ.
– ვერც მე უშვებ ხელს ამ არწივს, ტყავ-კურტაკის რკინაშია შეჭრილი და შედუღაბებული მისი არაბული ხმლის ფორმის მქონე ჭანგი. გახლართულია მძიმედ არწივი ჩემს სამკლაურში, რადგანაც ჩემი შეპყრობილია იგი, ამბობდა ჩორჩანელი
წაუხდა ხასიათი ლატავრას თითქოს, დის გულმა გადასძლია ალბათ და იფიქრა „რად უნდა ჰყავდეს, თუნდაც არწივის შეპყრობაში მეტოქე გიორგის, ქველ ჩორჩანელთა მემკვიდრეს“. თითქოს ეს ფიქრი წაიკითხაო მონადირე ტალამ და უმალ თქვა.
– არწივის მარჯვენა ჭანგი მე მიჭირავს დიდი მთავრის ასულო და არწივსაც თავისი მარჯვენა ჯანგით ჩემი მარჯვენას მაჯა აქვს შეხვრეტილი, ორი მარჯვენა ერთადაა არწივისა და თქვენი ყმისა დიდო მთავარო.
მაშინ შეამჩნია ლატავრამ რომ მართლაც ტალას მარჯვენით მოძაგძაგე არწივის მარჯვენა ფეხი ეჭირა ხელთ და სისხლი სდიოდა. ტალა როგორც ჩანს მძიმედ იყო დაკოდილი. იგი ხელის განთავისუფლებას ლამობდა, მაგრამ რადგანაც გიორგი ჩორჩანელიც დაჭრილი იყო მას ვერავინ ეხმარებოდა, ლატავრამ გადაწყვიტა მიცოცებულიყო კლდის კბოდეზე და ტალასთვის ეშველა, მაგრამ თითქოს გვიანიც იყო უკვე რადგან ტალა გადაქანდა, უეცრად არწივმა გაითავისუფლა რა მარცხენა ჭანგი, ფრთა ფრთას ღონივრად შემოკრა და თავიდან დათვის ტყავისაგან შეკერილი ჩაჩიც გადაიძრო. მანამდე ხომ ამგვარი არც კი მომხდარა. თვალებანთებულმა, ხანჯალივით ნისკარტი ტალა მონადირეს ჩასცხო, მოყმე წააქცია და კინაღამ კბოდედან დააგორა. მტვრის ბუქი დადგა მებრძოლი არწივისა და ტალას გარშემო, მონადირენი საბლებითა და საბაზიერო არკანებით შეიარაღებული გაციცარებულ თვალებს აცეცებდნენ მაგრამ არც კი იცოდნენ სად შეეტიათ და უღონოდ დარბოდნენ აქეთ-იქით.
ამ დროს ლატავრამ გიორგისაც დაასწრო და სხვებსაც. საბურველი თაფლისფერი თმისა უეცრად გაშალა და ერთი ნახტომით არწივს მიეჭრა.არწივს და მონადირეს, რომელთა სამკვდრო-სასიცოცხლო კვეთება ჰქონდათ გამართული, გადააფარა საბურველი ორთავეს, ან კი როგორ მოახერხა, არავინ იცის და არწივს თავზე მოახვია და მოასალტოვა საქალწულე საბურველი იმგვარად სწრაფად, რომ გამოცდილი კაცები გაოგნებით შეჰყურებდნენ მას .
წამოდგა ტალა მონადირე, სახე ჰქონდა სისხლად მოსვრილი მას, მაგრამ უწინდებურად მარჯვენით ეპყრა არწივის მარჯვენა ჭანგი, ხოლო სასაცილოდ, კბილით ეპყრა არწივის მარცხენა ჭანგი და საბრალო სახით შესცქეროდა, ლატავრას, თითქოს ეუბნებოდა რაღაცას. როცა მონადირეს ხელი არწივის ბრჭყალისაგან გაანთავისუფლეს, ტალა საკაცეზე დააწვინეს მონადირეებმა, ღვინით მოჰბანეს მისი დაჩეხილი თითები და კლდიდან ჩასვლა იწყეს. საკაცეს თავად გიორგი ჩორჩანელი გაჰყვა, ტალას ბედით გულდათუთქული და თავადაც დაჭრილი.
ლატავრას ხვდა წილად საბოლოოდ ფრთებ-დაგლეჯილი და ჩაჩ- დახურული არწივი. მაგრამ როგორც კი არწივი მონადირეთ დააბინავეს, იმწამსვე მოიკითხა დიოფალმა ახალგაზრდა მონადირე ტალა და ძმა თვისი.
სამონადიერო სახლში იჯდა იგი, როდესაც დიოფალი მასთან შევიდა და გამარჯობა უთხრა. ტალამაც თავდახრით მდაბლად მიესალმა ლატავრას და შემდგომ თვალებში შეხედვა გაუბედა დიოფალს.
– ჩვენში ქალებს საბწინთას („მარადის ყვავილი საბწინთა და ინდალმათა მის პირველისა შვენიერებისამან“-სულხან საბას ლექსიკონი) მივართმევთ მადლობისათვის – თქვა ტალამ და ყვავილების კონა გაუწოდა ლატავრას.
– რა გქვია სახელად მონადირევ? – მკაცრად იკითხა ლატავრამ და მონადირის თვალებს დაუწყო თვალიერება.
– ტალა ჩემი მეტსახელია მხოლოდ, სუმბატთან საურთიერთობო, ისე კი მირვანს მეძახიან დედოფალო. ღიმილით თქვა მონადირემ და თვალებში ცრემლი აუკიაფდა მას.
– რომელი ოჯახიდან ხარ? იკიტხა ლატავრამ გაფაციცებით და კვლავ თავიდან ფეხებამდის შეათვალიერა მის წინ მდგომი მონადირე რომელსაც გაეხადა შავი ტყავის სანადირო ტანისამოსი და ძვირფასი ატლასის პერანგი მოუჩანდა მოსასხამის ნაჭდევებიდან, ქალის მახვილმა გონებამ და სწრაფმა თვალმა უეცრად იგრძნო რაღაც უჩვეულო ამ კაცში, რომელიც ასე უმალავდა მას თვალებს და პირსახეს.
„დაიკო აქ ხარ, ტალას ესაუბრები როგორც ვხედავ, მოკლედ მოვრჩეთ დამალობანას სჯობს, შენს წინაა მირიან ბაჰლაუნდი, მთავარი მარზაპანი და მეომარი ქართველთ მეფისა ტაოს საზღვარზე, ძმად შევეფიცეთ წარსულ ზაფხულს ერთმანეთს და მაშინ მართლაც ტალა მეგონა მხოლოდ იგი, სწორედ მაშინ მთხოვა, ნადირთ მდევნელის საქმე ჩამებარებინა მისთვის ცოტა ხნით ჩემს მამულში. სუმბატსაც იცნობდა ჩორჩანის ტყეებიდან იგი, სუმბატმაც რომ კარგად აღმიწერა მისი გმირობანი, მაშინ გამომიტყდა ტალა და გამიჟღავნა რომ მირიანი იყო ბაჰლაუნდი, თავის მამულიდან უჩუმრად გამოჭრილი, მოგზაური და ხალხის ზნე-ჩვეულებათა შესწავლას მოწყურებული. მეც ჩემი მხრიდან ჩვენთან ერთად ნადირობა შევთავაზე მას და რეგვენი ვიყავ რომ თავიდანვე არ გაგიმხილე მისი სახელი.“ – ბრძანა სანადირო სახლში სწრაფად შემოჭრილმა ახალგაზრდა მთავარმა გიორგი ჩორჩანელმა და თავის დაიკოს კაბის კალთაზე ეამბორა.
გაოცებული და აწითლებული ლატავრა ჩორჩანელი უყურებდა მის წინ მდგომ, სახელგანთქმულ და ამავე დროს ასე მორჩილ მირიან ბაჰლაუნდს და ეს უკანასკნელი თვალცრემლიანი უღიმოდა ჩორჩანელის ბრძენ ქალს რომელიც ფიქრობდა – „გული გულს ცნობს უმალ, ხოლო სული სულს პოულობს თუნდაც უკუნეთში“.

წიგნი ბასილ ზარზმელისა – „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“,
რომელიც გვიყვება მირიან ბაჰლაუნდისა და ლატავრა ჩორჩანელის ოჯახის შექმნის და მათი შვილების შესახებ
„… ხოლო აწ კვალად დაი გიორგისი, რომელი იყო ცოლი დიდისა მთავრისა მირიანისი, ძისა ბეშქენ ბაჰლაუნდისაი, ძისა იოანესი. ხოლო გიორგი შვილთაგან ოხერ და უქმ იყო, რამეთუ ორნი შვილნი სიჩჩოებასავე შინა წასრულ იყვნეს და შემდგომად მათისა დედაიცა, ნათლად გამომყვანებელი მათი მიიცვალა, და სხვისა მეუღლისა შეერთებაი არღაოდეს თავს იდვა.
და, ვითარცა ვთქვით გარდა-რაი-იცვალა ყოვლად კურთხეული იგი გიორგი, ყოველივე რაიცა აქვნდა, და მამული და ყოველნი ეკლესიანი და მონაგები მისი დასა მისსა შეჰვედრა და შვილთა მისთა საკუთრებით განუთვისა, რომელთა ეწოდა სულა, ბეშქენ და ლაკლაკი.
ხოლო, ვითარცა ვთქვით, მივიდა წმიდაი იგი საფლავსა ზედა მისსა, მოწლედ და თანალმიბით იტირა, და, ვითარცა ჯერ იყო, მოიკითხა და ნუგეშინის სცა დასსა მისსა ლატავრის, რომელსა უკანაისკნელ თეკლა ეწოდა. და კურთხევითა საღრმთოითა აკურთხნა სამივე იგი ყრმანი, მსგავსად სამთა ყრმათა აბრამიანთა.
მერმე მოიღო ანდერძი დიდისა მის მთავრისა, გიორგისი და წარიკითხა აღსავსემან ცრემლითა. და ილოცა მისთის და აკურთხა კურთხეული იგი კაცი, რამეთუ მდიდრად მიეცა ყოველივე უხვებით აგარაკნი თავისუფლებით და საქონელი მრავალფერი და სიმრავლე სახედართა და მროწეულთაი. და სასოებით შეჰვედრა სული წმინდისა მის კაცისაი.
და ამას შინა გარდახდეს წელნი და აღორძნდებოდა და წარემატებოდა ადგილი იგი ფრიად.
ხოლო მოვიწიენით რაი სიტყვასა ამას ჯერ არს გულისხმისყოფითრე სმენაი, თუ ვითართა მადლითა ღირს ქმნილ იყო დიდი იგი მამაი მიქაელ. რამეთუ , აჰა ადგილი იგი, რომელი უწინაისწარმეტყველა ნეტარსა სერაპიონს, ვითარმედ „შფოთნი და განსაცთელნი შემთხვევად არიან ადგილსა მას ნამუშაკევსა შენსა“. აჰა ესერა წარმოვთქვათ!
და ვიტარცა იყო დიდსა დაწყნარებასა და მშვიდობასა შინა ადგილი იგი შემდგომად გარდაცვალებისა დიდისა მთავრისა გიორგისისა და კეთილად წარემატებოდა ყოველი საბრძანებელი მისი, რომელი დაეტევა დისა მისისა თეკლაისა და შვილთა მისთადა ვინაი ბირებითა ეშმაკისაითა იქმნა უწესოი ამბოხი, რამეთუ მოკლა ლაკლაკმან დისიძე თვისი, რამეთუ მძლავრებით ეტყოდა, ვითარმედ:
-ნაწილ უც მამულსა თანა დასა ამას თქვენსა, ვინაითგან თვენცა დედისა მიერ გაქვს.
რომელისთვისცა განმრავლდეს სიტყვისგებანი ურთიერთას და ესრეთ მოკლა დისიძე თვისი.
და ესე რაი ესრეთ იქმნა, განგრძელდა საქმე ესე სამ წელ, ხოლო წელსა მეოთხესა ამათ საქმეთასა განაბრწყინა ღმერთმან დიდი იგი მღვდელთმოძღვარი გიორგი შუარტყლელი, რომელმან დაიპყრა საყდარი აწყურისაი, რამეთი არა ჯერ იყო ცხედარსა ქვეშე დაფარვაი სანთლისაი. და ხელთ იდვა განგებაი სამცხისაი, დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თვისი, ვითარ წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი…
და იყო ამისსა შემდგომად-გარდაიცვალა დაიცა იგი გიორგისი თეკლა და დაშთეს სამივენი იგი ძენი მისნი. და წარემართა უფლებაი მათი და იკურთხა თესლი მათი, ვითარცა აბრაჰამისი და იაკობისი .“ (ბასილ ზარზმელი „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება “)

სულა, ბეშქენ და ლაკლაკი.
სამცხის დედოფალმა, მშენიერმა ლატავრამ, გამთენიისას ტკივილებით შობა პირველი ვაჟი. მეუღლე სალაშქროდ იყო გასული და ჩორჩანის სასახლეში, მემკვიდრის დაბადება ძელის შემოკვრით ამცნეს მესხეთის მკვიდრთ. ძელის ჩელოსავით ამოძახილივით ხმა და მისთის დამახასიათებელი „დიცცცცც“ „დიცცც“ მიწყდა ქარაფებზე შემოფენილ მესხურ სახლებს, აზნაურთა ბანებს და დიდ-აზნაურთა კოშკებს. ლატავრას ბრძანებით ორი მალემსრბოლი გაუყენეს გზას. ერთი ჯაყისმანის ხეობის გზით, ხოლო მეორე სამთო ბილიკებით, რათა დაწმუნებულად ჩაეღწია ამბავს ახალშობილის მამასთან, რომელიც სწორედ იმ წუთს, საქართველოს ყელისაკენ (ამ ადგილს ეხლა გურჯი ბოღაზი ქვია და ის თურქეთის ტერიტორიაზეა) მიუძღვოდა მცირე სპას, რათა მარზაპანის, ანუ მენაპირე ერისთავის ციხე შეეკეტებინა და მეციხოვნენი განელაგა იმ ადგილას, სადაც ხშირად სასაზღვო ომები იმართებოდა ქართველებსა და ბიზანტიელებს შორის.
დილა თენდებოდა, ჭაბუკი მირიანი დოინჯშემოჭდობილი მიუძღოდა სპას, გაჰყურებდა მთებს და ისიც ელოდა ახალ ამბებს ოჯახიდან. სწორედ ამ დროს, რაზმეულმა წინ ცეცხლის ალი შენიშნა და თოროსანმა ბაჰლაუნდმა არემარეს მოავლო თვალი, მის მზერას არაფერი გამორჩებოდა თუ არა ტყის კორომში, დამალული მეისრე, რომელიც მას ასორმოცდაათი ნაბიჯიდან შეჰყურებდა და მის მიახლოვებას ელოდებოდა.
მირიან ბაჰლაუნდს, ისე როგორც მის წინაპრებს უჩვეულო წინათგრძნობა ჰქონდა, მგლის გამჭრიახი ყნოსვის მსგავსი. ჟამსა ფათერაკისასა, ცხელი სპილენძივით რაღაც ჩაეღვრებოდა მკერდში და ნესტოებით გრძნობდა სუნს სისხლისას. ამჯერადაც, მთავარს, გული გადაუხურდა და ნესტოებით შეიგრძნო იმგვარი მოულოდნელობა, რამაც მას მყისვე გადაწყვეტილება მიაღებინა.
– ფაროსნებო ფარები – ჩაილაპარაკა ბაჰლაუნდმა თითქოს თავისთვის და მისმა რაზმის წევრებმა ეს ბრძანება უმალ შეასრულეს.
– კედელი – თქვა ბაჰლაუნდმა და ტყის კორომისკენ მიუთითა დაქვეითებულებს.
რაზმეული სწრაფად შეიმოსა ფარებით და ფარების აქეთ, ყოველივემ მშვიდად და უვნებლად იგრძნო თავი. თავად მირიანმაც დაიქვეითა და მშვილდ ისარის გაწყობას შეუდგა.
სწორედ ამ დროს ისროლეს ტყიდან ათი ისარი, რომელბიც სტვენით გამოიჭრნენ და მეომრების ფარებზე გაცხელებული ტყვიასავით დაერჭვნენ.
– ფოლადის პირიანია, ბიზანტიელთა მარზაპანის რაზმია, ჩაილაპარაკა ასისთავმა გაბრიელმა.
„აქ რა უნდოდათ ბიზანტიელებს? ეს ხომ ჯერაც ჩვენი მიწაა, ლაშქრობა ხომ არ დაიწყეს იბერიაში?“ გაიფიქრა მირიანმა და როგორც ფალავანს შეჰკადროდა იმგვარად სწრაფი შეტევისათვის მზადება იწყო.
– საკატაფრაკტო ცხენი მომგვარეთ და მომყევით. თქვა მან და საჭირველმტვირთველმა რაზმეულის უკან, კლდიანი გზის საფარში დაიწყო მაღალის ცხენის ჯავშნით გაწყობა. კატაფრაქტი, ირანული და პართიული გამოგონება გახლდათ. ეს იყო ჯავშანში ჩამჯდარი ცხენი, რომლის კანჭებიცა და მუხლებიც კი ჯაჭვითა და რკინით იფარებოდა. კატაფრაქტს სამ მეტრიანი შუბით ერთდროულად ათი და მეტი მებრძოლის დაზიანება შეეძლო. გაშლილ ველზე კატაფრაქტების მეშვეობით სპარსელები რომაელებს და შემდგომში ბიზანტიელებს ადვილად ამარცხებდნენ. მესხეთის კლდიან გზებზე კატაფრაქტი რა თქმა უნა შედარებით შეზღუდული იყო თავის ქმედებებში , მაგრამ ბალღობიდანვე „წყობათა შინა“ აღზრდილი მირიან ბაჰლაუნდი ფლობდა ბაჰლაუნდთა საიდუმლო ილეთებს მტრის დამარცხებისათვის.
სულ რამოდენიმე ჩქამში, როდესაც ისრებსა და ბოძალებს გამალებით უშენდა მცირე რაზმეულს მტერი, მეაბჯრე აბჯარში ჩამჯდარი ცხენით მიეჭრა ბაჰლაუნდს, რომელიც სახელდახელოდ დამზადებულ სამკუთხა კიბეზე – „ლაშქარ სანდალიეზე“ შედგა და ცხენს მოაჯდა. ამ კიბის გარეშე კატაფრაქტი ვერ ამხედრდებოდა. უკვე შეკაზმული კატაფრაქტი დიდი საფრთხე იყო მოწინააღმდეგისათის, ეს ყველამ უწყოდა. ამიტომაც ბაჰლაუნდის გარშემო მტრის მხრიდან ისრების მერეხი თითქმის გაორდა. მირიან ბაჰლაუნდის ვერცხლისფერ აბჯარს ბიზანტიური ისრები კივილით ეტყორცნებოდა, მაგრამ როგორც ნამჯა ქვაზე მიყრილი უკანვე ცვიოდა.
– ურრაჰ მელიხამნქ იავურ – პართიულად შესძახა ბაჰლაუნდმა და მტრის რიგებისაკენ ყალყზე შემდგარი ცხენი გააქანა.
ბაჰლაუნდს მისი რაზმელებიც მიჰყვნენ და როდესაც ტყის კორომში შეიჭნენ, ბიზანტიელთა რამოდენიმე მოისარი კატაფრაქტის უგრძესი შუბით განგმირული დიდი მუხის ძირში ეყარნენ. თავად მირიან ბაჰლაუნდი ხის ტოტზე შემომჯდარ ერთ-ერთ მოისარს შუბის ბუნზე აგებდა, ხოლო ეს უკანასკნელი, მომზადებული ისრის ბაჰლაუნდისათვის სტყორცნას ლამობდა და უკვე ნაკრავი შუბისაგან მიყენებულ ტკივილს დაეუნჯებინა მისი სხეული.
ბოლოს ისარიც გავარდა, მაგრამ ბაჰლაუნდის დანიშმატურმა აბჯარმა ეს ისარიც მოიგერია. ამ დროს მშვილდოსანი ხის ტოტიდან ჩამოცურდა და გაქცევით უშველა თავს.
– არ დაედევნოთ. ბრძანა ბაჰლაუნდმა და თვალნი მოავლო მის მოწინააღმდეგთა მიტოვებულ ბანაკს. მეომრები, რომლებიც ბაჰლაუნდის გაბედულებამ ნაკაწრის გარეშე გადაარჩინა, ტყავის აბგებს მისწვდნენ და მრავალი მათგანი იავარ-ჰყვეს, მაგრამ მხოლოდ საწყალი მშვილდოსნების რამოდენიმე ჭვავის გამხმარი პური, ერთი-ორი მშილდის ძუის გორგალი და მცირე მახვილები აღმოაჩინეს.
– ეს მზვერავი რაზმია, მალე უფრო დიდი რაზმი გამოჩნდება, მშილდოსნები გორაკებზე და ავაგზავნოთ, აქ კი საფარი დავცეთ, ადგილი უნდა ჩავკეტოთ, რათა მათმა ფეხოსნებმა არ შემოგვიტიონ. მხოლოდ ერთი გასასვლელი დატოვეთ კორომიდან, ისიც საგულდაგულოდ დამალეთ. ბრძანა მირიან ბაჰლაუნდმა და მის წინ დაგდებულ ტყავის აბგას დაუწყო თვალიერება, აბგის პირი ჩაჭრილი იყო და იქედან ბერძნული წიგნის ოქროსფერი ყდა მოჩანდა.
მეომრები ბაჰლაუნდის ბრძანების შესრულებას შეუდგნენ, ერთმა მათგანმა ბაჰლაუნდს ტყავის აბგა მიართვა და ბაჰლაუნდმა ბერძნული წიგნი იპყრა ხელთ. მის გაოცებას საზღვარი არ ქონდა როდესაც წიგნის სათაური ამოიკითხა – „სულა“, ერქვა უცნობი ავტორის შრომას, ტყავზე გამოყვანილ ბერძნულ ასოებს, წითელი ფუნჯით შესრულებული არშიები და ოქროსფერი ძაფით გამოყვანილი საფურცლეები ჰქონდა ჩაყოლებული.
– სულა, დიდი სარდალი რომისა – გაიმეორა ხმამაღლა მირიან ბაჰლაუნდმა და კითხვას შეუდგა.
სანამ მზე შუბის წვერზე დადგებოდა, და აბჯარს იმგვარად გაახურებდა, რომ მასშ ჩამჯდარი კატაფრაქტი თავად მოინდომებდა აბჯრის გადაგდებას და უაბჯროდ ყოფნას, მირიან ბაჰლაუნდი ცხენზე იჯდა და წიგნს კითხულობდა, თან ამავე დროს შემოტევას ელოდა. როგორ ჩანს მტერი მას შორიდან უთვალთვალებდა, რადგანაც ბაჰლაუნდთა გვარის თანდაყოლილ თვისებას, მტრის შეცნობისას, ეხლაც გამოეჩინა თავი და რაინდს ნესტოებში სისხლის სუნი სცემდა.
– ჩემო მარზაპანო, მზე როდესაც აბჯრებს აგვიგიზგიზებს, მაშინ შემოგვიტევენ ბიზანტიელნი – დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა კლდის ქიმზს მოფარებულმა აბჯარმტვირთველმა, რომელიც მუზარადიდან შავ თუთას იღებდა და თავის ცხენს აწვდიდა. ცხენიც თუთისაგან გაშავებული ენით ლაშებს ილოკავდა და დიდი სიამოვნებისაგან თვალებანეთებული მიელტვოდა პატრონის ხელისგულს, ხოლო მოგვიანებით თავად მუზარადში თავის ჩაყოფას ლამობდა.
– სტომაქი ატკივდება შენს ულაყს გაბრიელ და ბრძლის ველზე გაგიჭირდება – დაბალ ხმაზე თქვა მირიანმა, წიგნი სამკლავურში ჩაიდო და არე-მარეს გახედა.
გაბრიელმა უმალ შეწყვიტა ულაყის თუთით დაპურება და დარჩენილი შავი-თუთა მიწაზე მოაპნია, რამაც ცხენი იძულებული გახადა მტვერში ეძებნა ტბილი და საამური საკვები. გაბრიელმა ცხენი მოდრიკა და კლდის კედელთან მიაბა, მაგრამ ულაყი გაფიცხდა და ერთი ხმამაღლა დაიჭიხვინა. რაზმელებმა სიცილი დაიწყეს, რამაც გაბრიელი კიდევ უფრო გააბრაზა და ულაყისათვის მათრახის მირტყმა გადააწყვეტინა.
– ბრძოლის წინ ცხენის დასჯა არ ეგების, გაბრიელ. დაუნჯდით. ეხლა მოგვეპარებიან ბიზანტიელნი. ყველამ მიაშუროს თავის ადგილს და გასასვლელი კორომებიდან იმგვარად მოამზადეთ რომ იქ ცხენოსანი გაეტიოს. – ეს თქვა მირიანმა მხოლოდ და წიგნის კითხვა განაგრძო.
რამოდენიმე ისარი გამოისროლეს მიპორდაპირე ტყის მასივიდან და ტყის ბილიკზე მომავალი ბიზანტიელები გამოჩნდნენ. ისინი მძიმედ მოიწევდნენ ბაჰლაუნდის ბანაკისაკენ და ფართიდ შლიდნენ ორთავე ფრთას, რომლის შუაგულში ერთი შეაბჯრული ცხენოსანი ქმნიდა მათ ცენტრს. მწვანე მოსასხამი ეცვა ცხენოსანს და იგი ხელშუბით შეტევის მიმართულებას აჩვენებდა თავისიანებს.
– ერთი ცენტურიაა, ამგვარი ჯარისკაცებით იბრძდა თავად იულიუს კეისარი, რომელიც ყველას ამარცხებდა, მაგრამ სწორედ ამგვარი არმიით შემდგომი იმპერატორი ბიზანტიისა ვალენსი, პირწმინდად გაანადგირეს შემოჭრილმა ჰუნებმა, ამიტომაც არაფრის გეშინოდეთ, ჩვენ ჰუნებზე, სპარსელებზე და ხაზარებზეც ძლიერნი ვართ წყობათა შინა – უეცრად მოვარდნილი ქარიშხალივით ძლიერად ბრძანა მირიან ბაჰლაუნდმა და ბრძოლაც დაიწყო.
ისრები დასცხეს ბიზანტიელებმა. მაგრამ დამხვდურნი კარგად იყვნენ გამაგრებული ტყის კორომში და შეტევაზე გადმოსულ ბიზანტიელებს შურდულებითა და ისრებით საქმე გაურთულეს. ერთი ბიზანტიელი დაეცა შურდულის ნატყორცნით დარეტიანებული თუ განგმირული. ერთი ჩორჩანელი მეომარი წამოაგეს ისარზე ბიზანტიელებმაც და ყიჟინა მორთეს.
– ეხლა გადმოვლენ შეტევაზე, აბა მოამზადეთ ჯებირები – ბრძანა მირიანმა და ბიზანტიელთა შემოტევის მოლოდინში გაბრიელს გახედა, რომელიც თავის ულაყს ეფერებოდა და კვლავ შავ თუთას მიართმევდა მას.
– წარმართიაო ამბობენ გაბრიელი – გაახსენდა მას ვიღაც ჩორჩანელის ნასაუბრები, რომელიც ყველას უამბობდა რომ გაბრიელს ცხენთა ენა ესმოდა და ძაღლებთანაც კი საუბრობდა.
შემოტევა დაიწყო, ბერძნებმა შეჰყვირეს თავისებურად და იბერიელთა აფაფრული მწყობრის დასაშლელად და გასანადგურებლად გრიგალივით გამოიჭრნენ. მაგრამ აღმართულმა ჯებირებმა და მათ შორის გადაჭიმულმა ჯაჭვებმა, ბაგიერებმა თუ ორმოებმა თავისი გაიტანეს და ბიზანტიელები შეაფერხეს. მათ წვერ-წამახვული მარგილები დახვდათ წინ, ალაგ-ალაგ ბადეები. ბერძნებს ფეხის გულებს მინდორზე ფართოდ მოყრილი ობსიდიანის ნატეხები უსერავდა, და მათგან შეტევის მიმართულების შეცვლას გამოიწვევდა უთუოდ. სწორედ ამ დროს ნესტოებიდან შეისუნთქა გამარჯვების ჟამი მირიან ბაჰლაუნდმა და მან თავისი აბჯარში ჩამჯდარი ცხენი იმ ერთადერთი გასასვლელისკენ დასძრა, რომელიც მისივე ბრძანებით ღიად დატოვეს, მაგრამ კარგად შენიღბეს ჩორჩანის მეომრებმა. მირიან ბაჰლაუნდი, გადახურებულ აბჯარში ჩამჯდარი, უგრძესი შუბით კორომის სამხერთის კარიდან კლდიდან დაგორებული ლოდის სისწრაფით დაიძრა. მისი ცხენის ფლოქვები გამომშრალ მიწაზე ქვის უროს გრდემლზე დაჯახების ხმას იწვევდა, არემარე მტვერში გაეხვია და მირიან ბაჰლაუნდმა როცა სიჩქარეს უმატა, ბერძნებს მოეჩვენათ რომ მათზე მთელი ცხენოსანი ათასეული მოიწევდა.
მირიან ბაჰლაუნდმა არც კი მიაქცია ყურადღება, მარტივ სამიზნეებს, ბერძენთა მოშიშლებულ თავებსა და მხრებს ერთი გახედა და რადგან მისი აბჯარასხმული ცხენის დანახვისას ყოველი გარბოდა, ეხლა მან შუბი სტრატეგოსისაკენ მიმართა, რომელიც თითქოსდა მშვიდად, მაგრამ დაბნეული თვალებით იყურებოდა მისი მიმართულებით.
როცა სტრატეგოსი მიხვდა რომ კატაფრაქტი ჩემსკენ დაიძრაო, უკვე გვიან იყო, მან იარაღის შეცვლაც კი ვერ მოასწრო და სტარტეგოსის მოკლე ხელშუბის ამარა დარჩა, გაიელვა მისმა ბუნმა, რომელიც ამ უკანასკნელმა შეტევაზე გადასულ რკინაში ჩამჯდარი კენტავრის წინააღმდეგ გაისროლა. ხელშუბმა ოდნავ გაჰკრა მირიანის მუზარადის მოოქროვილ ბუნს, მაშინ როცა ბაჰლაუნდის უგრძესი შუბმა, საარაკო ძალით დაჰკრა სტრატეგოსის სამკერდე თორს, შეანგრია აბჯარი და მკერდში გაერჭო ბიზანტიელს. მირიანმა მკერდში შუბი შეატოვა მოწინააღმდეგეს, მისი ცხენის სადავე გაგლიჯა, კბილებით იპყრო ის და ხმალშემართულმა ბერძნებისკენ გაქუსლა. დაახლოვებით ასი, ასორმოცდაათი ბერძენი მკვირცხლად, სირბილით სტოვებდნენ ბრძოლის ველს. ბიზანტიელთა წყობაზე მირიან ბაჰლაუნდის შეტევას საზარელი სახე ჰქონდა, რადგანაც ამ უკანასკნელს, დაჭრილი ბერძენი სტრატეგოსიც, თავისივე ცხენით უკან მიჰყვებოდა და მაყურებლებზე დამზაფრავ გავლენას ახდენდა.
გაქცეული ბიზანტიელების დანახვისას ბაჰლაუნდმა კბილებში დაღეჭილი, ბერძნის ცხენის სადავე გადმოაფურთხა, უკან მოუხედა, ბიზანტიურ ცხენს მოეფერა და მასზე დამხობილ, შუბგარჭობილ სტრატეგოსს დააკვირდა. სისხლი ცხენის შუაწელს ეღვრებოდა და თავად კეთილშობილი ცხოველი შეშინებული თვალით ათვალიერებდა პატრონის მიერ დაღვრილი სისხლის კვალს.
– ბიზანტიელი საკაციეზე დააწვინეთ და მოუარეთ, იქნებ იცოცხლოს – თქვა ბაჰლაუნდმა და თავის მოლაშქრეებს გადახედა. ისინი გახარებული მისცვივდნენ ჯერ ბაჰლაუნდს, ფოლადის სამუხლეები დაუკოცნეს მას, და შემდგომ ბერძენი სტრატეგოსის დაჭრილი სხეულის გადმოწვენა იწყეს საკაცეზე.
მირიანმა, გავარვარებული აბჯარი შემომხსენითო ბრძანა და გაბრიელი ერთი ხელადა წყლით მიეჭრა მას. მოყმეს სამკლავურებს ანკარა წყლით უწყო გაგრილება. მირიანს ესიამოვნა ცივი წყალი და მან არემარეს მიმოავლო თვალი. ბრძოლა გადახდილი განსაკუთრებით სახლის მხარეს იხედებაო ამბობენ და მოყმემ სწორედ იქეთ დაიწყო ხედვა საითაც ჩორჩანი და მისი მშვენიერი მეუღლე – ლატავრა ელოდებოდა. ვინ იცი ეხლა რა უჭირს მის მეუღლეს – გაიფიქრა მან და გზას დაუწყო თვალიერება. გულში კი მაინც იგრძნო რაღაც სიხარულის მომასწავებელი და ამბის მოლოდინში უნებურად გაეღიმა. სულ რამოდენიმე ჩქამში, ჩორჩანიდან მომავალი შარაგზაზე დიდი მტრის ბუღი დადგა. ბაჰლაუნდმა იგრძნო რომ მალემსრბოლი იყო და გაბრიელს აბჯრის წყლით დასველება შეაწყვეტინა, ცხენს უზანგი ჰკრა და იქითკენ გაქუსლა საიდანაც მტვრის ბუღი მოდიოდა.
ისინი რამოდენიმე ჩქამში შეხვდნენ ერთმანეთს. ლურჯმოსასხამიანმა მალემსრბოლმა ჩორჩანელ-ბაჰლაუნდთა სახლისამ შორიდან დაჰკრა ყიჟინა და მირიან ბაჰლაუნდს მხოლოდ ეს სიტყვები ჩაესმა ყურთ:
„იშვა მთავრის ძე დიდო მთავარო…ჯანსაღადაა დედაც და შვილიც. უფალი იესო ქრისტე შეეწიოს ახალ ჩორჩანელთა.“
ახალ ჩორჩანელთა ხსენებას არ გაუუოცებია მირიანი, რადგან შევიდა იგი სახელგანთქმულ ჩორჩანელთა სახლსა შინა ვითარცა სიძე, დიდ ჩორჩანელთან დასდო პირობა, გაემრავლებინა გვარი ამისი.
„რა დავარქვათ მთავარო მემკვიდრეს ჩორჩანეთისას?“- მის წინ იდგა აწითლებული მალემსრბოლი და მირიანს მორჩილად შეჰყურებდა.
„მართლაც რა დავარქვა ჩემს ვაჟს? გიორგი?, როგორც დიდ ჩორჩანელებს? არა, არა, იქნებ ჰეროიკული, დღევანდელი გამარჯვების აღმნიშნელი“-გაიფიქრა მირიან ბაჰლაუნდმა და უეცრად სამკლავედან გამოშვერილ წიგნს მოჰკრა თვალი, ხელთ აიღო იგი და საზეიმო სახით თქვა:
„უკეთუ სტრატეგი იყო დაუმარცხებელი, რომის იმპერიისა, შეუშინებელი და დაუჩაგვრელი, ეგრეთივე იყოს შვილი ჩემი და სახელი მისი იყო – სულა“.

ბეშქენი
სულა ორი წლის ხდებოდა როდესაც ლატავრა ჩორჩანელს მალემსრბოლი ეწვია ჩორჩანის სასახლეში. დაღლილი იყო მესხეთის დიოფალი, ტახტზე წამოწოლილი ხელსაქმით გახლდათ დაკავებული. მის ფეხებთან ოქროსფერთმიანი სულა თამაშობდა. ლატავრა ფეხმძიმედ გახლდათ, რვა კვირიაკეში ელოდა იგი დაბადებას. მხნე ქალი ჩორჩანელთა, ბოლო ორი წლის მანძილზე მრავალ სიმწარეს ცოტათი დაებერებინა კიდეც, ოდნავ ჭაღარა შეჰპარვოდა მის მძიმე დალალებს, თვალებ-ქვეშ მუქი არეები გასჩენოდა და როდესაც ვინმეს მიაპყრობდა თვალს, ამ უკანასკნელს თუ რაიმე დაფარული კაეშანი ჰქონდა გულს, უთუოდ დიოფალისათვის მოუნდებოდა ეამბნა და რჩევაც ეკითხა. ამიტომაც ლატავრას სახლის, ვერცხლის არწივებით მოოჭვილ კარიბჭეს სამცხედან, ჯავახთა მხარიდან, ქართლიდან და ეგრისიდანაც მნახველები არ აკლდა. ჯერ ნათესავებმა დაიწყეს მობრძანება ჩორჩანის სასახლეში, შემდეგ ნათესავთა ნათესავებმა და მალე, მთელმა საქართველოს დიდებულებმა ლატავრა ბრძენ ქალად მიიჩნიეს. ბრძენს კი რა გამოულევს შეგონებას მოწყურებულს.
ბოლო ორ წელიწადს დაემძიმებინა და დაებრძენებინა სამცხის დიოფალის სული. ჯერ მამა მიიცვალა ქორწილიდან სამ თვეში. დიდი ჩორჩანელი, ლოგინად ჩავარდნილი იყო და მისი გარდაცვალება თითქოსდა არც მოულოდნელი გახლდათ მაგრამ, უეცრად თავს დამტყდარ მეორე უბედობას ქვად ექცია ქალის გული. მამის გარდაცვალებიდან რამოდენიმე კვირაში ძმა მისი თავად გიორგი ჩორჩანელი დიდი მწყალობელი კაცი მთელი მესხეთისა წაეყვანა უფალს თავისთან. „ლოცვებში ჩაიფერფლა ჩორჩანელთა დიდი საგვარეულო“- სწორად შენიშნა ერთმა სამძიმრის მთქმელმა. მთელი მესხეთი მოიცვა დარდმა ჭეშმარიტად ქრისტეანი მთავრის ახალგაზრდა გიორგის ცათა სასუფეველში წაბრძანების გამო. ამ დრომ მობრძანდა თავად სულმნათი მამა სერაპიონ ზარზმელი ჩორჩანის სასახლეში, დაიჩოქა წმინდანმა და ცხარე ცრემლით დაიტირა მიცვალებული. შემდეგ წამოდგა მამა სერაპიონი და დარბაზს უბრძანა:
„ქართველნო ტირილი აღარ გავიგონო მეტი თქვენი, წაბრძანდა ყმა ღვთისა საუფლოში, ეს დიდი პატივი არ უნდა დავთმოთ, მხოლოდ იმისათვის რომ ქვითინისა და ღაღადის ვნებას დავემორჩილოთ“.
შემდეგ მოტრიალდა მამა სერაპიონი მოტირალი და ამავე დროს მოცინარი ლატავრასკენ, პირჯვარი გადასახა მას და აუწყა:
„შენ მიმიხვდი მთავრის ასულო“, დალოცა იგიც და დასტოვა ჭირისუფლები. ამის შემდგომ ლატავრა ქვითინებს და ამ დროს იცინის კიდეც, მის წინ ცისარტყელა რომ გადაიშლება, სწორედ მისი სულში შემონათებას და დიდ იმედს უცინის დიოფალი და თვალებდახუჭული ევედრება უფალს, იესო ქრისტეს, ყოველთა ბედნიერებას და ყოველთა ქრისტეში აღსასრულს.

***
ბადრი მთვარე დადგომოდა არემარეს, სექტემბრის თვე იწურებოდა, როდესაც წაბლის ხის სასახლეში უცხო ფეხოსანის ნაბიჯების ჩქამი გაისმა. ლატავრამ იმ წამსვე მიხვდა რომ სრულიად უცხოს მოეკითხა მისთვის, ჯერ იფიქრა შეგონებებისა და დახმარების მსურველს ეპოვა დიოფალის სასახლის კვალი, მაგრამ როდესაც მეორე სართულიდან ამომავალი მამაკაცი დალანდა, გული შეუქანდა ოდნავ, მაგრამ მაინც იმარჯვა ჩორჩანელთა ქალმა, იგი წელში გასწორდა მამისა და ძმის სამთავრო ტახტს მიუახლოვდა და პატარა სულასთან ერთად მასზე დაეშვა. ბავშვი გაქცევას ლამობდა და დედას უძალიანდებოდა, მაგრამ ლატავრამ, უეცარი შიში იგრძნო და პატარას ჩაუჩურჩულა: „დამიჯერე, იყუჩე სული“, ბავში თითქოს გააოგნა დედის ხმამ და გაკვირვებულმა დედა შეათვალიერა, ასწორედ ამ დროს კარი შემოაღო მოცისფრო ჯაჭვში გამოწყობილმა მალემსრბოლმა და ლატავრას წინ შედგა.
მალემსრბოლს წითელი წვერი ჰქონდა, მაშასადამე მაღრიბის ინით შეღებილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი წარჩინებული იყო, თვალებში მგლის გამჭრიახობა უელავდა, ხელში რაღაცას მალავდა და დიოფალს მიშტერებოდა. დიოფალის მშვენებას იგიც გაეოცებინა. ლატავრამ ანაზდად შიში იგრძნო ამ უცხო კაცის წინაშე და სარკლმიდან ეზოს გახედა. არც ერთი მსახური არ ჩანდა სასახლის შიდა ეზოში, ყველაფერი მწუხრს მოეცვა, სასახლის დაცვა კი როგორც ჩანს, მშვიდობიან ჩორჩანელთა სასახლეს არც მთლად დიდი გულისყურით დარაჯობდა. ლატავრამ კვლავ მალემსრბოლს გახედა და გაოცდა, წითელწვერა და მგლის მზერით გამორჩეული სტუმარი ცრემლებს ძლივს იმაგრებდა და მისკენ მოიწევდა.
„მალემსრბოლო…მომეცით ჩემი მეუღლის წერილი“- უბრძანა მან უცხოს და საპასუხოდ მხოლოდ მგლის ყმუილის მსგავსი სიტყვა მოესმა, მალემსრბოლი ბაზალტის იატაკზე დაცემულიყო და მწარედ ტიროდა, მისი ტირილი ადამიანისას არ ჰგავდა, იგი მგელ-ძაღლის ყმუილთან იყო დაახლოვებული, ლატავრას სიბრალულის გრძობა გაუჩნდა ამ არსების მიმართ და იგი წამოდგა, სულა მკერდში ჩაიკრა და რამოდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა მოტირალს, შემდეგ მის გვერდით ჩაიმუხლა და ტყავის ჩაჩით შემკულ თავზე მას თავისი უმშვენიერესი თითები მიაბჯინა.
თითქოს ეშმას ცივი წყალი გადაასხესო, მოყმე ზეზე წამოიმართა, მის თვალებში მგლურმა გამოხედვამ ცეცხლის ალის ფორმა მიიღო… დიოფალი ამას ნამდვილად არ მოელოდა, მან უკან დაიხია და მისკენ წამოსულ მომხვდურს უმკაცრესი მზერა მიაგება. . .უეცრად, წამებში ლატავრას მოაგონდა რომ ეს მოყმე მას რამოდენიმე წლის წინ მამის მხლებელთა შორის ენახა. ისიც ეუწყა ლატავრას რომ სწორედ ეს მხელებელი გაუჩინარებულიყო ჩორჩანის სასახლიდან და შემდეგ იგი ხაზართა ლაშქარში ენახათ ჩორჩანელ დიდებულებს. რა უნდოდა ხაზარებთან ნამსახურებს დღეს ჩორჩანში? ამ კითხვამ აანთო ლატავრას გული, უეცრად დამშვიდდა იგი და აუღელვებელი ხმით უთხრა ამ უეცრად მოვარდნილ მამრს.
– მე შეგიცანი შენ, მამაჩემის ამალაში მსახურობდი და შემდეგ გაუჩინარდი. ეხლა აქ რამ მოგიყვანა? თუ ელი რომელიმე წყლულის დაამებას, მოითმინე და მიამბე.
კვლავ აყმუვლდა მომხვდური, სულ მთლად აუპილპილდა სახე, თვალებიდან ცრემლები გამოჰყარა და ამის თქმა მოახერხა უეცრად:
„მმმეეე დდდმვალლეს მოჰკვლა მირიანისს, მმე მმოვედდი დდიოფფალლო განმჰჰკკურნნეე მმე ეშმმმასაგან“.
ამ სიტყვებთან ერთად ირმის რქის ტარიანი ვებერთელა ბებუთი იშიშვლა მომხვდურმა და ზურგს უკან დამალული ტყავის აბგას უმალ შემოაჭრა თავი, იქედან შავი სისხლი გადმოსჩქეფდა და კაცის გაყვითლებული სახის ნაკვთები გამოჩნდა.
-ეს თავი ჩემთან რად მოიტანე? თვალი მოაცილა აბგაში გახვეულ ნივთს ჩორჩანელთა ასულმა და მის უკან სამთავრო ტახტზე მჯდომ, გაოგნებულ სულასაც მიატრიალებინა თავი.
– ესს ძმმაა ჩემმი, ამან მომცა ბრძანება მოჰკკვლისა, ლატავრავ, განმჰკურნე თორემ ეხლავ გამოვიჭრი ყელს – ამოიდგა ენა მომხვდურმა და ბებუთი მკერდისაკენ წაიღო, მოამზადა მაჯა მოსაქნევად და კვლავ აყმუვლდა უცხოდ.
– არ გაჰბედო, ქრისტეს სახლში შესული თავად ქრისტესთან სტუმრობს და მის მაგიდასთან ეწამება სიყვარულს. თავად მგელი ხდება კრავი და ასპიტი- მტრედი, ქრისტეს მადლით მორჯულებული. რჯულს ნუ შეაგინებ, რაც ქენი ეშმასთან გიბრძოლია და რასაც აწი ქმნი ქრისტესთან ერთად შექმნი, მომეც მახვილი ეხლავე და მე გიმკურნალებ, მომეც, ეხლავე- მშვიდად თქვა ლატავრა ჩორჩანელმა და მომხვდურის გახურებულ, სისხლისაგან გასვრილ ხელს თავისი ხელი წაავლო. მომხვდურმა მოატრიალა მახვილი ლატავრასაკენ, თვალებით განგმირა ატირებული დიოფალი, მის თვალებში იგრძნო გულიდან წამოსული ძალა იმედისა და ნელ-ნელა დათმო მახვილი ხელიდან. ლატავრამ ეს მახვილი უმალ სარკმლიდან ეზოში გატყორცნა. მახვილი ქვებით მოკირწყლულ ბილიკზე დაეცა და ეზოში მყოფნი უმალ გამოაფხიზლა. დაცვა ამოძრავდა, ყველა დიოფალის სამყოფელისაკენ დაიძრა. „როგორ შემოაღწია ამ კაცმა დიოფალთან, ვინ არის?“-ისმოდა კიბეზე, როდესაც ჩორჩანის სასახლის, მშვიდობას შეჩვეული მცველები ლატავრას დარბაზში, კედელში ჩაყოლებული კიბიდან ამოიჭრნენ.
ლატავრამ მოავლო თვალი საკუთარ მეომრებს, რომელთა სახეზე მომხვდურის მიმართ განრისხება აღბეჭდილიყო, შემდეგ შეხედა მის წინ ათრთოლებულ, პირზე ხელაფარებულ მოყმეს, რომელიც თავის თავს ელაპარაკებოდა და ბრძანა:
– სამკურნალოდაა მოსული ჩვენთან, ყოფილი მცველი მამაჩემისა.
ერთმა ჩორჩანის სასახლის მცველმა ფეხი წინ წამოდგა, მოხმვდურს დააკვირდა და თქვა: „ესაა უკიდურესად საშიში კაცი მთავრის ასულო, ესაა ლასური, ხაზართა მონა-სპა, მათი მზვერავი, ვინ იცის რა უდევს სულში?“.
სწორედ ამ დროს ლასურმა აბგა დააგდო მათ წინაშე და მცველებმა გაოგნებული მზერით იქედან გამოგორებული თავის თვალირება იწყეს.
„ესაა მისივე ძმა, ასევე ხაზართა ასისთავი“-ბრძანა მცველმა და სატევარი იშიშვლა, ასევე მოიქცნენ სხვა მცველები და ლასურს მივარდნენ.
„შეჩერდით“-უნდა ეყვირა ლატავრას, მაგრამ, უიარაღო ლასურმა რაღაც ხმამაღლა შესძახა და ყმიულითა და გოდებით ანთებულმა დაცვას შეუტია, ერთს გამოსტაცა სატევარი და ამ სატევარით მის წინ მდგომ მცველს, მიეჭრა, მაგრამ ეხლა უკვე განრისხებული და გოროზი ლატავრა ჩორჩანელი წამოიჭრა და განსაცვიფრებელი ხმით შეჰყვირა დაცვასა და ამ გაველურებულ კაცს:
– დაიჩოქეთ ყველამ და ჩააგეთ მახვილი, თორემ ჩორჩანელთა სახელს ვფიცავ, თავებს წაგაგდებინებთ. დაიჩოქეთ უმალ.
ლატავრა ჩორჩანელმა იგრძნო რომ დედის მუცელში მჯდომარე ბავშვი ყველაფერს გლეჯდა და სამყაროზე დაბადებას ესწრაფვოდა. მიმოავლო თვალები და დაინახა რომ მის თავგანწირულ კივილს ნაყოფი მოეტანა, დაცვაცა და ლასურიც იატაკზე იყვნენ გართხმული.
– ლასურ, ჩემი ბრძანებით, ერთი თმა არ ჩამოგვარდება თავიდან, თუ ინებებ აქ ჩორჩანში დარჩენას, ხოლო თუ ინებებ წასვლას წადი და დაბრუნდი მალე – ბრძანა ლატავრამ და ცრემლიანი თვალებით დააკვირდა მიწაზე გართხმულს, რომელიც უეცრად ფეხზე წამოიჭრა და დიოფალის კაბის კალთების ამბორი იწყო.
– წავალ -თქვა ლასურმა, წამოდგა და მიმოიხედა.
– უზრუნველი წადი, მოძებნე მოძღვარი, მიდი მასთან და ეძებე შვება სულისა – თქვა ლატავრამ.
– საიდან მალემსრბოლის ჯაჭვი – იკითხა დაცვის უფროსმა გაავებით.
– ძმამ მომცა, მახვილთან ერთად – ბრძანა ლასურმა და მგელივით მიმოიხედა.
ჩორჩანის სასახლის დაცვის უფროსი კარიბჭემდე გაჰყვა ცისფერ ჯაჭვში გამოწყობილ ლასურს და უჩურჩულა – „გადაგვირჩი ლასურ, დიოფალს უმადლოდე იცოდე, წადი ეხლა და ჯაჭვი აი იმ ლოდზე დადე“.
***
განსაცდელისაგან გადაღლილი ლატავრა მამათა სახელგანთქმულ ტახტზე ჩამოჯდა და „დედანო მომეხმარეთო“ შეჰკივლა. დედები მოიჭრნენ მასთან და გრძნობა დაკარგულ ქალს მოსულიერება უწყეს. თვალებ გახელილმა ლატავრამ მოათვალიერეა წინაპართა სასახლის ჭერი და დედათა ლოცვებით გაძლიერებულს დაბლიდან ვიღაცის შეძახილის ხმა მოსწვდა ყურთ, „გააღწია, ხოლო ჯაჭვი დასტოვა“, იძახდა მცველი.
„გადარჩა“ გაუელვა ლატავრას გონებაში და ტკივილმა დაამუნჯა. ცოტა ხანში ამ ქვეყანას მოევლინა ბიჭი, რომელსაც მამის დანაბარების თანახმად, ბეშქენი დაარქვეს. გამთენიისას მალემსრბოლმა ჩორჩანის სასახლის საჯინიბო დატოვა და სპერისაკენ გაქუსლა.
ახალდაბადებულ ბეშქენს წაბლისფერი თმები, თაფლისფერი თვალები და მირიანის მკაცრი, წინწამოწეული ნიკაპი ჰქონდა.

ლაკლაკი
როდესაც მესამედ შედგა ფეხმძიმედ დედოფალი ჩორჩანისა და სამესხეთოსი, სწორედ მაშინ უჩინარნი შურტნი მოედვნენ ქვეყანას ყოველი მხრიდან.არსიანის მთაზე ერთ მაღალ მწვერვალზე დაიბანაკეს შურტთა, რომლებიც იყვნენ კაცნი მსტოვარნი, მზვერავნი, უჩუმრად მკვლელნი და გარკვეულ წილად ძველი წესრიგის მაძიებელნიც. შურტებს ერთი მისია ჰქონდათ ძველი, დანგრეული და დაკარგული სალოცავები ცეცხლისა უნდა მოეძებნათ და აღედგინათ იბერიაში. ლაშქრობა მიმალული ზორაოსტრას აღდგენისათვის მიეძღვნათ. საღოდებლებს აღადგენდნენ უჩუმრად, ერისთავთაგან დაფარულად, სოფელთაგან შორს, რადგანაც თავად ერისთავნი და ხალხი ქრისტეს მიმდევარი იყო.
არსიანის მთაზე, შემდგომ ერუშეთისა და მესხეთის ქედის კალთებზე, უძველესი საღოდებელისათვის მიეგნოთ შურტთა. თავად ცეცხლის თაყვანისმცემელთა ტაძარი დაქცეული იყო, მაგრამ მისი ნაწილები და მთავარი სტოა, ცისფერი ტუფით შემოსილი კედლები ბუჩქებსა და ძეძვებს დაეფარა. იქნებ სწორედ ამასაც გადაერჩინა ეს ჩამქარალი დიდება ცეცხლის ღმერთისა. შურტათა ათეულმა, სწრაფად, მოღუნილი ხანჯლებით გაჩეხეს ბუჩქნარები, პირახვეული მუშაობდნენ რამოდენიმე დღეს, სანამ ქანც-გამწყდარი ერთი შურტი იქვე არ ჩაიკეცა, საღოდებლის მთავარ საკურთხეველთან. მაშინ შურტათა მეთაურმა, რომლის სახელი თავად რაზმეულმაც არ იცოდა, ბრძანება გასცა ერთი დღე დაესვენათ.
მოიხსნეს შურტებმა პირბადეები და მაშინ კარგად გამოჩნდა მათი უმაკნო ყმაწვილობა და დაღლილობისაგან ჩამქრალი თვალები. შურტათა ხელმძღვანელმა თავად არ ისურვა სახის გამოჩენა და ტაძარში წამოწვა, სადაც მალე მათ ის თიხის მილაკი უნდა გაეწმინდათ, საიდანაც, ჩაუქრობელი ღვთაებრივი ცელცხლისათვის საჭირო წვადი ბუნებრივი აირი უნდა მიეღო ტაძარს და წმინდა ცეცხლი აღგზნებულიყო.
მხოლოდ უფროსმა შურტამ იცოდა, საიდან მოდიოდა ღვთაებრივი წვადი აირი ტაძრისაკენ. მას რუქაც ჰქონდა, რომელზედაც ირანულად იყო აღნიშნული არსიანის ქედზე და მის ქვემოთ, სხვა ქედებზეც, შესაძლო სალოცავების ადგილსამყოფელი.
შურტას ნაბრძანები ჰქონდა ერთ დღეს, ზორაოსტრას საპატივცემულოდ, ერთ და იგივე წუთსა და წამს, აეგიზგიზებინა სამასამდე ჩამქრალი ცეცხლის ტაძარი და უეცრად მოექცია ქვეყანა უძველეს რჯულზე.
ამ დროს დაგეგმილი იყო ირანელთა ჯარის შემოჭრაც და ხალხის ერთობლივი მოქცევა მაზდეანურ რწმენაზე.
რუქაზე, საიდუმლო ნიშნებით იყო აღნიშნული რაღაც, მაგრამ მისი კითხვა არ შეეძლო უფროს შურტას. მხოლოდ ირანის შაჰის შთამომავლებს ჰქონდათ უფლება სცოდნოდათ ფარული ანბანი ერთ დროს სწორუპოვარი საჰაკ დიდისა და სასანისა.
შურტას ბევრჯერ უფიქრია თუ რას ნიშნავდა წვრილი ყვითელი, ტავწვრილა ასოები მის რუქაზე, მაგრამ ამაოდ. ერთს კი მიხვდა შურტა რომ შესაძლოა სწორედ ამ წარწერებში იყო მოხსენიებული, ერანის ძველი განძის ადგილსამყოფელი, რომელიც ერთმა სარდალმა-თუშანმა ბიზანტიასთან ბრძოლისას, საქართველოს მიწაზე დაფლა.
შესაძლოა ეს მახეც იყო, მოღალეტე შურტის გამოსავლენად. ვინ იცის. თუ წარწერა მხოლოდ შესაძლო ხაფანგი იყო, შურტა მიხვდა თუ რა ელოდა მას და მის ოჯახსაც, სამხრეთ ირანში, თუ იგი რომელიმე ამ მაცთურ ხრიკზე წაიფორხილებდა. ისიც მიხვდა შურტამ რომ იმ ორმოებში რომლებსაც განძისაკენ შეეძლოთ კაცის მიყვანა, შესაძლოა საშიში საიდუმლოებაც იმალებოდა და სწორედ ამიტომ შურტამ შუბლზე მუშტის მიკაკუნებით, ერთ წამში მოიცილა აბეზარი აზრები და თიხის მილაკის ძებნას შეუდგა.
მიწაში ღრმად, აგებულ უძველეს კომუნიკაციაში იდო ცეცხლის მისაღებად საჭირო ბუნებრივი აირის, უძველესი თიხის მილაკის, ბოლო. შურტამ კარგად შენიღბული საგორავებელი კარიბჭე გადახადა მილაკს და მიხვდა რომ იგი შორს, კლდის ფერდობისაკენ ეშვებოდა, შემდგომ დაბლა საიდუმლო გვირაბით, მდინარისაკენ იკარგებოდა.
იქ შორს მესხების სოფელი იყო, ვინ იცის რამდენი კაცი და ქალი ხნავდა მიწას. შურტა მიხვდა რომ ბუნებრივი გაზის საწყისი ადგილი, საიდანაც იდუმალი მიწა, ამ უცნაურ, ფეთქებად ჰაერს ამოისვროდა, სწორედ გურჯების სოფლის მიდამოებში უნდა ეძებნა. შურტამ ტუჩები მკაცრად მოკუმა, სახე დაეჯღანა. ეხლა რაღა უნდა ეღონა? როგორ მისულიყო იქ, ან კი რა ეთქვა გურჯებისათვის? დაფიქრება მართებდა. სწორედ ამიტომაც შურტა მიწაზე დაჯდა , ხელები ძირს დაუშვა და ჩაფიქრდა.
ასე გაუნძრევლად იჯდა რამოდენიმე ხანს, გულისცემაც კი შეუწყდა თითქოს შურტას, მედიდურად იჯდა, თავი ჩაექინდრა და აზრი დაეძაბა. სწორედ ამ დროს მას მოაგონდა რა ასწავლეს მას ნდობის მოსაპოვებლად. პირველი ხერხი გახლდათ ვაჭრად გადაცმა და ასე შესვლა, სიმაგრეთა შორის და წყობათა შინა. მაგრამ სად ეშოვა შურტას ისეთი საქონელი რომლითაც მართლა ვაჭრად მიიღებდნენ უზრუნველი გურჯები მას და მის თანმიმყოლთ. სწორედ ამგვარი საქონლის არ არსებობის გამო შურტამ მეორე აზრი მოუწონა თავის თავს და დასტაქარად გადაქცევა გადაწყვიტა.
აქიმები, დასტაქრები, შეუზღუდავად მოგზაურობდნენ ინდოეთიდან მომავალ აბრეშუმის გზის განტოტვებებზე და თავიანთ სიბრძნეს კიდევ უფრო ამდიდრებდნენ ახალი დაავადებების შეხვედრითა და მკურნალობით. შურტამ იცოდა დასტაქრობის კანონები, ესმოდა დაავადებების გამომწვევი მიზეზები და ისიც იცოდა თუ რა უნდა შეემჩნია და რას უნდა დაკჰკვირდებოდა ავადმყოფობის ხასიათისა და სიმწვავის დასადგენად.

***
ჩონრჩანელთა უძველესი ზღურბლის იქით, დიდ, წლებისაგან გაშავებულ ქვით ნაშენ დარბაზში ხალხი ირეოდა. მოისმოდა ჩურჩული. ხმამაღლა არავინ საუბრობდა. ქალები შეშინებული შეჰყურებდნენ შიდა კიბეზე ჩამომავალ მეწამულისფერ მოსასხამში გამოწყობილ წვეროსან კაცს, რომელიც გაოგნებული სახით გაჰყურებდა გარშემოხვეულთ, და სადღაც შორს იყურებოდა.
– როგორაა დედოფალი? გაისმა კითხვა დარბაზში მყოფთაგან, რაზედაც პასუხად მეწამულისფერ მოსასხამიანმა მხოლოდ თვალები დარბაზში დასვენებულ ხატებს მიაპყრო და ღაწვებიდან ცრემლი ჩამოუგორდა.
– დასტაქარი მოიყვანეთ სასწრაფოდ ხალხო, რას ელოდებით, ვაფრინოთ კაცი ბიზანტიელ დუკასთან, იჩქაროს – უბრძანა ყველას ფაროსანთა შორის მდგომმა ნათია ბაღვაშმა და დარბაზი კვლავ აჩოჩქოლდა.
– ორივე დასტაქარი თბილისს ვაწვიეთ, თადეოზის ვაჟი ცხენს გადმოუგდია კლდოვან ფერდზე, მომაკვდავი ხელახლა აუწყვიათ თურმან და მამრე მკურნალებს, დილას აქ იქნებიან, ცხენებს მოაჭენებენ, მაგრამ დილამდე, ვინღა ჩამოაღწევს ჩორჩანში? საკითხავია ეს – თქვა მეწამულისფერ მოსასხამიანმა და მდაბლად თავი დაუკრა ნათია ბაღვაშს და მის ამალას, რომლებიც ლატავრა ჩორჩანელის გართულებულმა ფეხმძიმობამ მოიზიდა ჩორჩანისაკენ.
– კვლავაც გათოვდა მესხეთის მთებში, უღელტეხილები უნდა გაწმინდოთ, თორემ მკურნალები ვეღარ გადმოაღწევენ დილისთვის – ბრძანებითი კილოთი გახმიანდა ნართთა დედოფლის ხმა და სადღაც კვნესა მოისმა.
– ტკივა , ძალიან ტკივა, სასწრაფოდ უნდა შველა – ჩაიჩურჩულა ნესტორ ბერმა და დარბაზიდან კარში გავარდა. ყველამ იგრძნო რომ დედოფალი სამცხისა ლატავრა ჩორჩანელი უმძიმეს წამებში იმყოფებოდა და ლოცვად დავარდა.
ნესტორ ბერი რამოდენიმე წუთში ისევ შემოვარდა მაღალ ზღურბლიან ჩორჩანელთა დარბაზში და მის უკან შავ ტანსაცმელში საგულდაგულოდ შეხვეული უცნობი შემოჰყვა, რომელსაც ყველამ იმწამს მიაპყრო თვალნი. შაგვრემანი სახისფერი, სპილოსძვლისფერი კბილები, წაბლისფერი თმა და ზეთისხილისფერი მოშავო თვალები, ჩამქრალი ალებით ჩასაიდუმლებული მზერა, ფოცხვერის გამოხედვა, უმალ უცხოელის ეგვიპტელობას გაუმხელდა ქართველებს, მოკითხვისა და დაკითხვის დრო რომ ყოფილიყო ეხლა. ნათია ბაღვაშმა უსიამოვნოდ შეხედა უცხოელს და სახე მიატრიალა, ნესტორ ბერმა კი რაღაც უჩურჩულა მეწამულისფერ მოსასხამში გამოწყობილ მესტუმრეთ-უხუცესს, რომელმაც მკაცრად და დაუნდობლად შეათვალიერა შავოსანი უცხო და შემდეგ მას ხელის ერთი მოძრაობით უბრძანა წინ გაძღოლოდა და კიბეზე ასულიყო.
– დასტაქარია. მოგზაურობს, სამკურნალო მეცენარეებს აგროვებს, სპარსია – კუტალმიში ჰქვია, უკვე მესამე უიმედო ავადმყოფი ფეხზე წამოაყენა ჩვენს სოფელში. დედოფალს მოგვირჩინს – ჩაილაპარაკა ნესტორ ბერმა და მის შემოხვეულ სეფე ქალების ეჭვიან მზერას კეთილი ღიმილი შეაგება.
– მართლწმორწმუნე ქრისტიანია? – გაისმა კითხვა ჩამქრალი სასანთლეების მიღმა, ქალები ამ კითხვაზე აჩურჩულდნენ, კაცებმა კი ისეთი სახე მიიღეს თითქოს არც კი გაეგონოთ ამგვარი კითხვა, ჯერ ერთმანეთს გადახედეს და შემდგომ ნესტორ ბერს მიაპყრეს ყურადღებიანი მზერა.
– არ არის ქრისტეანი, მაგრამ უფალმა გამოგვიგზავნა-დარწმუნებით თქვა ნესტორმა.

***
როდესაც ნესტორ ბერი ჰაქიმად გადაცმულ შურტას, დედოფლის სენაკში შეუძღვა, რამოდენიმე დიოფალი, ლატავრა ჩორჩანელის სავარძელს შემოეცალა და ერთმა მათგანმა შურტას მისამართით გადმოდგა ნაბიჯი.
შურტა არ იყო მიჩვეული დიაცებთან ერთედ ყოფნას, მას უეცრად აემღვრა სული, აილეწა, მაგრამ მისმა სახიობამ და სიბნელემ მისი ასეთი ცვალებადობა შეუმჩნელი დატოვა.
– სპარსულად უთხრათ? – იკითხეს დიოფალებმა და პირბადეები ააშრიალეს.
– იცის ქართული ენა – ბრძანა ნესტორ ბერმა და შურტას მხარზე ხელი ჩამოადო.
ნასარდლარი ნესტორ ბერის მძიმე მარჯვენამ უეცრად გამოარკვია შურტა, იგი სარკმელთან იდგა და ცაში მთვარეს ეძებდა, შემდგომ იმ ვარსკვლავს აკვირდებოდა, რასაც როგორც ასწავლიდნენ განკურნების საიდუმლო ჰქონდა შენახული თავის ციალში.
– ცაის ზოდიაქოებს სწავლობს – მიუშვათ, მოგვირჩენს აუცილებლად უსაყვარლეს დედოფალს და დედას ჩვენსას. თქვეს ეს დიოფალებმა და შურტას დაუწყეს ყოველი კუთხიდან თვალიერება.
შურტამ იცოდა რომ ავადმყოფი დედოფალი ფეხმძიმედ იყო და სულ მალე ვაჟს ანდა ქალს ელოდა. იგი უმალვე მიხვდა დედოფლის გულყრისა და ღებინების მიზეზებს და კედლებზე ჩამოკიდებული ხალიჩებისა და ჭრელი ფარდებისაგან უმალ გაანთავისუფლა დარბაზი, შემდეგ ფართოდ გააღო სარკმელი და ცივი მქროლავი, გამაცოცლებელი ჰაერი დარბაზში შემოუშვა. აცივდა. დიოფალები გაკვირვებული უმზერდნენ შურტას, რომელმაც ღვინო, სიმინდის მარცვლები, ცოტაოდენი ფქვილი და გამხმარი ფოთლები აკაციისა მოითხოვა.
ზარათუშტრას მიმდევარმა შურტამ, პირდაპირ დედოფლის სავარძლის წინ აანთო უბედან ამოღებული, ქვის ლამპარი, აკაციის ფოთლები დაწვა და უეცრად როკვას მოჰყვა ლატავრა ჩორჩანელის ღონემიხდილი სხეულის წინაშე.
”ზარათუშტრა იქმნას ყოველი შენი ნების მიერ, ზარათუშტრა იქმნას კეთილი შენს მიერ, ზარათუშტრა მიეც მას ვინც საჭიროებს, ზარათუტრა შემოდი და გაათბე ის ვინც გაყინულია, ზარათუშტრა აღადგინე ვინც თავის აღდგენაც ვერ შეძლებს….ზარათუშტრა..” – მღეროდა შურტა გამყინავი ხმით ფარსულ ენაზე და ზანზალაკებითა და ლამპარით ხელში უვლიდა წრეებს და არავის უყურებდა გარდა ღონმიხდილი დედოფლისა, რომელიც მას არაფრით უმხელდა მის არსებობასაც კი.
”აჰურა მაზდა შემოდი ამ დიაცის სხეულში და მიანიჭე მას შვება და დაჰბადე მისი ნაყოფი ჯანმრთელი და უვნებელი, აჰურა მაზდა შემოდი..”- მღეროდა შურტა და კვლავ განაგრძობდა როკვას, დედოფლის თეთრი, კეთილშობილი ნაკვთებით მოხიბლული და თავდავიწყებით მროკავი.
””აშა” შემოდი ამ ოდაში ”დრუჯ” გადი ამ ოდადან, აშა და დრუჯ, სიმართლევ და ტყუილო არასოდეს არ გადაკვეთოთ ამ სახლის ზღურბლი ერთად, სიმართლევ – აშად წოდებულო მუდამ დაამარცხე ის რასაც ეწოდება ტყუილი სანამ ამ ზღურბლს გადაჰკვეთადვდე..”- გამყინავი ხმით გმობდა შურტას აჰურა მაზდა დიდ ცოდვას -ტყუილს და მასზე სიმართლის გამარჯვებას მოასწავებდა.
დედოფალმა უეცრად სავარძლიდან წამოიწია და თვალები გაახილა, ლატავრას თვალის გუგებში შიშისა და ძრწოლის გრძნობა ჩასახულიყო, ცეცხლის ალები ტრიალებდნენ მის წინ და ვიღაც უცნობი, უცხო ენაზე გამყინავად უმღერდა მას, გრძნობა დაქვეითებულ ქალს, რომლის მუცელშიც რამოდენიმე დღეა გაქვავებულიყო მოლოდინი.
”ასთროთუტის, ზორაოშთრა – ცეცხლი შეიტანე მომლოგინეს საშოში და აღანთე ნაყოფი” – მღეროდა შურტა ფარსულ ენაზე და ცალ ფეხზე ხტუნავდა დედოფლის წინ.
დედოფალი უეცრად წამოენთო, უნდოდა ეყვირა ”მომაშორეთო ეს გადამთიელი”, მაგრამ სწორედ ამ დროს ლატავრამ მუცელში ნაყოფის შეხტომა, შემოტრიალება, ღონივრად გაბრძოლება შეიგრძნო და სიხარულისაგან ფეხზე წამოდგომა დააპირა.
– ამოძრავდა ჩემი პატარა, ის ცოცხალია, ცოცხალია – ჩაილაპარაკა მან და გარშემოხვეულ სეფექალებს ბედნიერებისაგან გასხივოსნებული თვალები მოავლო. მანდილოსნებმა დაინახეს ლატავრას თვალის გუგებში მოციალე ვარსკვლავები, ცეცხლის ალები და ხანჯლის პირები, სეფექალები გაოგნდნენ და დედოფალს მისცვივდნენ, მათ დანახვაზე შურტა ”აჰურა მაზდას სიბრძნით თრობიდან” გამოერკვა და თავადაც დედოფალს შეხედა, ქალს ვარდისფერი ღაწვები ჰქონდა, როდესაც შურტამ პირველად შემოჰყო თავი მის სენაკში, ქალი გაფითრებული იწვა. ”იმარჯვებს შა დრუჯ-ზე” გააგძელა სიმღერა შურტამ და რამოდენიმე საათში კეთილშობილთ ამცნეს ქვედა დარბაზში რომ დედოფალი იმდენად გამომჯობინდა რომ მას უკვე ცოტაოდენი საჭმელი უჭამიაო.
დილაუთენია დედოფალს ჭინთვები დაეწყო, შურტა მის გვერდით იჯდა და ”ზორაოშთრას, აჰურა მაზდას, შას გამარჯვებას დრიჯ-ზე, წიგნს ავესტას, ცეცხლს, მარადიულ ცოცხალ ცეცხლს მთელი კოსმოსისას“ უმღეროდა და როდესაც დედოფალს ძალიან ძლიერი ტკივილები ჰქონდა მის მაჯას ხელით იჭერდა, შურტას ხელები ცეცხლივით იყო გავარვარებული ამ დროს.
– გავარვარებულია სახეზე და ნახე ოფლი ხვითქივით ჩამოსდის ამ სპარსს – უჩურჩულებდნენ ერთმანეთს კუთხეში მიყუჟული და შეშინებული სეფექალები ხანდახან და ისინი გრძნობდნენ რომ მათ წინ ვეება და უჩინარი, უცხო სხეული აღმართულიყო, რომლისაგან ისინიც იწვებოდნენ, მაგრამ ეს წვა სიამოვნებდათ კიდეც.
დილას ლატავრას კივილი გაისმა, დაღლილ შურტას ლატავრას საძინებლის ზღურბლთან ეძინა, იგი წამოიჭრა და საძჳნებელში შეჭრა დააპირა. მაგრამ სეფექალებმა იგი სადიაცოში არ შეუშვეს. უკვე ბავშვი იბადებოდა. ბოლო წუთს მაინც იმარჯვა შურტამ, სადიაცოს კარი შეანგრია და ახალდაბადებული ბავშვი რამოდენიმე წამით მოსტაცა დედასა და სეფექალებს.
როდესაც ფხოველი სეფექალი, უმშვენიერესი ქურთაული მივარდა შურტას ბავშვის წასართმევად, იგი გაღიმებული იდგა – ნიმროდის მიმართულებით და პატარას ”აჰურა მაზდას” საგალობელს უმღეროდა. ქურთაულმა ვეღარ მოითმინა და დიდის მონდომებით გაახვია ატირებული ბავშვი ბაჰლაუნდთა გვარის საუფლისწულო ვეფხვის ტყავში და გულმოდგინედ ჩაიკრა გულში და შემდეგ ბავშვი მესტუმრეთ-უხუცესს გადასცა.
გახარებულმა მესტუმრემ ახალშობილი სწრაფად შეათვალიერაა და დარბაზს ამცნო:
– დაიბადა ლაკლაკ ჩორჩანელი მემკვიდრე – მპყრობელი სამცხის-კარისა
დარბაზმა ალიონზე მესხური მრავალჯამიერი შემოსძახა. შურტა კი მდუმარედ იდგა, სანამ მას ნესტორ ბერი არ მიუახლოვდა და ცხვრის შეჭამადზე და ერთ ხელადა ალადასტურზე არ მიიპატიჟა.

ჯაყის ციხის აგება
საქართველოში მტერს ვინ გამოლევდა? წამდაუწუმ ბრძოლაში იყო მონაპირე ერისთავი ჩორჩანის მიწისა მირიან ბაჰლაუნდი. ბალღები დედის კალთას ადრე მოაშორეს და როგორ წესი იყო ჩორჩანელთა მხედრობას მიაჩვიეს. დედამ კიდევ ერთი ასული შობა და მის აღზრდას დაუქვემდებარა თავი.
სულა ცხენს და მშვილდს შეეზარდა. მის ნატყორცნს ერთხმად აქედბნენ სამცხელნი. ბეშქენი ციხეთა შენებას დაემოწაფა, მიჰყვა სტრატეგოსებს და კირითხუროთა და მიუვალი კოშკების შენებას შეუდგა. ჯაყის წყალს გაუყვა ერთხელ ბეშქენი, მშენებელნი იახლა და ხეობის ჩამკეტი სიმაგრის ასაგებად ადგილის ძებნა იყწო. ამ დროს ჯაგნარიდან გამოვარდა ტახი, და მას მიჰყვნენ მონადირენი ძაღლებითურთ.
სულაც აქ იყო, მოიმარჯვა მშვილდი და შორიდან აძგერა ტახს, მაგრამ ისარი აიტყორცნა ტახის მოძაგძაგე ზურგმა. მივარდა ტახს ლაკლაკი, რომელიც იმხნად 12 წლის ხდებოდა. შეუძახა და მახვილის ჩაცემა დაუპირა ტახს. შემოტრიალდა ნადირი ერთ კლდის შვერილს მიეყრდნო ზურგით, თავი დახარა და საბრძოვლელად მოემზადა. ლაკლაკის მოერიდა გამძაფრებულ ნადირს და მის სიახლოვეს ჩასაფრდა. ლაკლაკის სიახლოვეს თვალებანთებული იდგა მისივე აღმზრდელი შურტა-კუტალმიში, რომლის ფარული ძალების შიშით თუ მორიდებით ცხოველიც კი ძრწოდა. ძაღლები აუშვეს მონადირეებმა და ისინიც მიესივნენ ტახს. მაგრამ საოცრება მოხდა ექვსივე ძაღლი ერთი შეტევით დაიფრინა ტახმა, აწკმუტუნდნენ ძაღლები და ტავის პატრონებს მიეჭრნენ, რომელთაც დაუყვავეს მათ და კიდევ უფრო გაოგნებული შეხედეს ტახს, რომელიც გაუნძრევლად იდგა და თავდასხმას მედგრად ელოდა.
გაწვიმდა უეცრად, გაზაფხულის სუნი დადგა ტყეში, ნისლიც უეცრად ამოიფშვინა ტყის დამრეცი ფერდობიდან და რადგანაც კლდის წვერზე იდგნენ მონადირენიც და თავად ტახიც უეცრად ნისლში გაეხვივნენ. თეთრი ნისლით დაებურა არემარე და უეცრად უკუნი გახდა ყოველი.
„აქ იცის ხშირად ნისლი, წამოწვება ფურურემივით ამ კლდის თავზე და შემდგომ დილამდე უძრავად ფშვინავს, დეკეულივით, წამოდით მთავრისშვილებო, გაგვექცა ტახი ხომ ხედავთ, სადღაა ნადირი, მიიმალა ან იქაა მაგრამ აღარც ჩანს მისი კვალი, სწრაფად მთავრისშვილებო, კლდის ქიმზე ვართ, ან ის ან ჩვენ“-დაიძახა ერთმა მონადირეთუხუცესმა და ბეშქენი ჩააფიქრა. „მუდამ ნისლი წამოწვებაო?“ გაიფიქრა მთავრისშვილმა და არემარეს მოავლო თვალი. ირგვლივ ტყე, სავსე ნადირით, სურნელი და სისავსე ბუნებისა თვალიდან იშლებოდა სწორედ ამ ადგილიდან და ეს გახლდათ ასევე სტრატეგიული გასაღები ხეობისა.
„ჯაყის ხეობა, შეუპოვარი და დაუმორჩილებელი ტახი, ნისლი რომელიც კლდის ქიმს დაბურავს და გააქრობს, სივრცე და რაც მთავარია მთავარი გზა მიმავალი ბიზანტიისაკენ “- გაიფიქრა ბეშქენმა და ძმის შეძახილმა გამოარკვია.
„გაქრა ტახი, ეშმაა ნამდვილად“-ყვიროდა ტახის ხორცის მოყვარული ლაკლაკი და ხელშუბით გმირავდა ირგვლივ მყოფ ბუჩქნარს. მის სიახლოვეს აღმზრდელი უჩუმრად იდგა და ზეცას შეჰყურებდა.
სულა მიუყვებოდა თავდაღმა მიმავალ ციცაბო ბილიკს, ლაკლაკი ბუჩქნარს ებრძოდა ხოლო ბეშქენმა მიმოიარა კლდის ქიმი, ყოველი მხარე მოიწონა მიუვალობით და პერგამენტზე მომავალი ციხის ჩახაზვას შეუდგა.
მაისის თვეში შემოეწყვნენ კლდის ქიმს მესხი მშენებლები. ბუჩქნარი საფუძვლიანად გაჩეხეს, მთის მისასვლელებთან საშენი მასალისა და საპოხი ცხიმების მოგროვება იწყეს. გორაკებს შორის ხიდები აღმართეს და მასალის კლდის ქიმისაკენ მიმართვის იბერიული არხები გაიყვანეს.
„ტახის ბუნაგს მივაკვლიეთ ხეებისა და ბუჩქნარის გაჩეხვისას“ – ამბობდნენ კირითხურონი. „ტახის კი არა დათვის ბუნაგია. როგორც ჩანს დათვი გადაშენილა და მის ადგილას ტახს დაუდვია ბინა, ტახს ამხელა ბუნაგი რად უნდა? დათვისაა“-ამბობდა ლომსიიდან წამოსული ხელოსანი ერთი. „არც დათვისაა და არც ტახის – დევის ხვრელია, აქ გამიგია ჩემი მამა-პაპიდან, დევებს უცხოვრიათ და მათ ნასახლარში ჯერ ადამიანს დაუდვია ბინა, ხოლო შემდეგ ის ადამიანი მარტოობას და ხმის გამცემის არარსებობას გაუავებია , ისე გაუავებია რომ ზამთარში, აქეთ მომავალ ბერძენ ვაჭრებს იგი უკვე დათვად გადაქცეული უხილავთ და იმგვარად შეშინებულან რომ მთელის სქონელი და საპალნე ჯორები მიუტოვებიათ და გაქცეულან“-ამბობდა იქაური კირითხურო. „დევის გვირაბია აქვე პირდაპირ მდინარესთან გამავალი , მაგრამ ეხლა ჩაკეტილია, ვინ იცის რა მოხდა აქა“-ამბობდა ერთი მემარნეთა უხუცესი, რომელიც ბეშქენის დავალებით, მარანის დაგეგმარებას ეწეოდა შიდა ციხის სამშენებლო საფუძველზე.
მეორე გაზაფხულს მცხეთელი ეპისკოპოსი ეწვია მშენებარე ციხეს და მასში სახელდახელოდ აღმართული, კობწია და ყელმოღერებული ეკლესია დალოცა. გიორგობისთვეს ომებისაგან გამეხებული მთავარი მირიან ბაჰლაუნდი, დიოფალი ლატავრა ჩორჩანელი და სამივე ძე და ქალიშვილი ამ ოჯახისა საზეიმოდ მოკაზმული გამოეფინა ციხის დედა კოშკზე და გაირინდა.
– „რას უწოდებ შენს ციხეს შვილო ჩემო?“, კითხა გაჭაღარავებულმა მენაპირე ერისთავმა მირიან ბაჰლაუნდმა თავის შუათანა ძეს ბეშქენს და ლაკლაკის შეწითლებულ ღაწვებს მოავლო თვალი.
– ეს კლდე მამაჩემო დევების გამოქვაბული ყოფილა ერთ დროს, შემდეგ დევები კაცს გამოუძევებია, კაცი კი დათვს, დათვი ტახს შეუჭამია, ტახი კი თავად ჩვენ წამოვაგეთ შამფურზე. ამ ადგილის ისტორიაში არც დევი ჩანს გამარჯვებული და არცკაცი, არც დათვი და არც ტახი. ამიტომაც მინდა ციხეს მამაჩემო თქვენი სახელი „მირიანის ციხე ვუწოდო“.
– გაიღიმა მირიან ბაჰლაუნდმა, გული გაუთბო მას შვილის სიტყვამ, მაგრამ ისიც მიხვდა თუ რას ეუბნებოდა ამით მამას შვილი. ამიტომაც გახედა მან მწვანე ფიჭვნარში ჩაკარგულ არემარეს, ხეობის შუაგულში მოლივლივე პატარა მდინარეს ჯაყის წყალს და ბრძანა:
– და ვარქვი ციხესა ამას სახელად ჯაყი, ხოლო შენ მის მესაკუთრეს გიწოდებ ბეშქენ ჯაყელს.

ციხე დალოცეს ჩორჩანის მეუფემ და მცხეთელმა ეპისკოპოსმა. ბეშქენმა მხოლოდ ამის შემდეგ ბრძანა საკუთარი სასახლის იმგვარი აგება, რომ დევების გვირაბი თუ კაცის ნასახლარი, დათვის ბუნაგი და ტახის სორო საგულდაგულოდ ჩამალულიყო მთავრის ქვევრებს შორის.
ღვინოებს შორის განსაკუთრებულს დევის, კაცის, დათვისა თუ ტახის ქვაბში ადუღებდნენ ბეშქენის შთამომავალნი ჯაყელნი.

II ნაწილი

878 წელი – ზარზმა

(წიგნიდან „ჯაყელთა 1000 წელი ანუ ჯაყელ ათაბაგთა სამხედრო თავგადასავალი“)
(მე9 საუკუნეში ზარზმა აშენდა პირველად გიორგი ჩორჩანელის და მისი მემკვიდრეების მიერ, ხოლო XIV საუკუნის დასაწყისში ბექა ჯაყელმა ზარზმა აღაშენა მეორედ, შეუნარჩუნა მას ადრინდელი სულისკვეთება და უფრო მეტად გაამშვენა იგი, ზარზმა ჩორჩანელთა და ჯაყელთა საგვარეულო სამარხი იყო თავიდანვე და მხოლოდ 1577 წელს ჯაყელებმა გადასცეს ეს მონასტერი მონათესავე ადგილობრივ ფეოდალებს, ხურსიძეებს, მაგრამ შეინარჩუნეს ზეპურობა ზარზმის მონასტრისა. დავიწყოთ თხრობა პირველი ქვაკუთხედიდან)

***
„მეექსვე საუკუნეში შვილო, იბერიისა და კოლხას მემკვიდრე ხალხი, თითქოს ვებერთელა ურო დაჰკრესო, ნამსხვრევებად დაიშალა, ჯერ იყო და ქართლში გააუქმეს მეფობა სპარსელებმა ხოლო შემდეგ ლაზიკაში ბერძნებმა. მაგრამ ერთსაც და მეორესაც არაბეთიდან მოვარდნილი ქარიშხალი დაუპირისპირდა. არაბებმა ქართლის გული დაიპყრეს. მაგრამ სასწაული მოხდა, გულგანგმირული ქვეყანა, კვლავ გაცოცხლდა, რადგანაც მის პერიფერიებზე, მისსავე ხალხმა სახელმწიფოები შექმნეს. ჩვენში აღმოცენდა ტაო-კლარჯეთის სამთავრო, კახეთში – კახთა საქორეპისკოპოსო და ჰერეთის სამთავრო, დასავლეთში კი აბხაზთა სამეფო. რა შეაერთებს ამ სამთავროებს შვილო? – იკითხა მამა სერაპიონმა
– ქრისტეს სჯული სიყვარულითა – იყო პასუხი
– სიყვარული არს საქმითა შვილო და ამ საქმეს სჭირდება გაცხოველება, სიტყვით ქადაგება და წერილთა შექმნა. მაგრამ მთავარი არს ადგილი სადაც დავიწყებთ ამ საქმეს.
– მივენდოთ უფალს და იგი გვაჩვენებს ადგილს, მონასტრისათვის მამაო – თქვა დამოწაფებულმა გიორგიმ.
– გვიჩვენა უკვე, ეს არის აქ, სამცხეში, აი ამ ადგილას – თქვა მამა სერაპიონმა და თვალები უცხო ნათელით გაუნათდა.
– თუ საქართველოს წარმოვიდგენთ, როგორც ჯვარცმულ ქრისტეს, მართლაც გული მისი იქნება ეს ადგილი – თქვა მოწაფემ და მამა სერაპიონს გარშემოწერილ სივრცეზე მიუთითა.
და ადგილი ეს იყო ჩორჩანი და გული ჯვარცმული ქრისტესი იწოდა ზარზმად.
***
თავად სერაპიონ ზარზმელისა და გიორგი ჩორჩანელის სულკურთხეული მარჯვენით ჩაიყარა ზარზმის მონასტრის საძირკველი. მშენებლობას დიდი ხანი არც დასჭირდებოდა, მაგრამ მალე მიიცვალა მთავარი მესხეთისა და ერისთავთ-ერისთავი გიორგი ჩორჩანელი. როგორც ცნობილია მესხეთისა და მთელი საქართველოს ბრძენი და ღთისმოსავი მთავარი ზანავის მონასტერში დაკრძალეს. სწორედ აქ დაიტირია იგი მამა სერაპიონმა. მალე მესხეთი ძლიერმა შინაგანმა რყევებმა მოიცვა. ხუროთმოძღვარი – გარბანელი, კაცი განსწავლული და მუშაითი, მეტად დაღონდა, რადგანაც, დიდი ეროვნული მშენებლობის პროცესს მუდამ სჭირდება იმგვარი ცეცხლის გარედან გაღვივება, რომელიც მშენებელს თავგანწირვას ჰმატებს და სულს ქვაში გამოაქანდაკებინებს.
„გიორგი ჩორჩანელმა ზარზმის მონასტერს იმხელა მიწა გამოუყო, რამდენსაც ბერები ერთ დღეში ჯორით შემოივლიდნენ, მისცა მათ საშენი მასალა, ქუა, კლდე, ხარები და ჯორ-ცხენი მოსახმარად. დღეს კი არცერთი აზნაური, გინდა დიდი და გინდა პატარა, მონასტრის შენებას არ შეჰხარის, არ შეეწევა, ყოველი თავის სარჩოზე ფიქრობს, ხოლო სულის სარჩო მიშვებული აქვთ“- ფიქრობდა სერაპიონ ზარზმელის ზეპურობით დადგენილი ზარზმის წინამძღვარი გიორგი. მასთან ხშირად დაიარებოდა ბეშქენ ჯაყელი, რომელიც შეშფოთებული იყო პაპამისის დაწყებული საქმის შეფერხებით და ყოველმხრივ ცდილობდა ძმების, სულასა და ლაკლაკის მოწვევას ზარზმაში, რათა ისინი სულით-ხორცამდე განემსჭვალა ამ ახალი ტაძრის მიმართ სიყვარულითა და ერთგულებით.
***
ჩორჩანელთა ძველი სახლის ადგილას, ახალ ჩორჩანელთა სამი სამთავრო სახლი წარმოიშვა უეცრად. ჩორჩანის მამული დაექვემდებარა სულას, რომელმაც, მორიდებულობითა და თავმდაბლობით უარი თქვა მიეღო საპატიო წოდება-გვარი- „ჩორჩანელი“ და თავის ნაფიქრიდან გამომდინარე, კალმახში ციხე კოშკი აიგო, რის გამოც სულა კალმახელად იწოდა. ძმას მხარში ედგა ბეშქენი, რომელმაც ჯაყისწყლის ხერთვისში (ანუ განტოტებაში) ერთკოშკიანი ციხე ააშენა და ბეშქენ ჯაყელად იწოდა, მაგრამ ლაკლაკი გაგულისდა და ძმების მსგავსად თავის საერისთავოს ძებნა დაიწყო.
„წავიდეთ მამასთან და ვიბჭოთ ერთად“- მისწერა ლაკლაკს წიგნი ბეშქენმა, მაგრამ პასუხად არა მიიღო რა. ამ დროს თეთრ კვიცზე შემჯდარი მოგელავს ლაკლაკი, თავად წააგავს ამირანს, მესხთა უძველეს ღვთაებას და მისი იასამნის ფერი მოსასხამი -„ფარული აჯანყების მაცნედ გამოდგებოდაო“ – უელავს ტვინში, ბეშქენ ჯაყელს.
– ეს სპარსი აქიმი, სახელდებული კუტალმიშად, მუდამ თან ახლავს ლაკლაკს, და მისგან რჩევებს რომ არ იღებდეს ჩვენი ძმა, კარგად მივხვდებოდით თავად რას ფიქრობს კარგს და ცუდსაც – აენთო უეცრად ბეშქენი და ტანმაღალი ციხის გოდოლიდან გადახედა ქვეყანას ჩორჩანისას.
– ბეშქენ, ჩვენი ძმა – ჩვენი სისხლია, მასაც ის უდევს გულში რაც ჩვენ, გვმართებს პატივისცემა მისი, მოვუსმინოთ რასაც იტყვის – თქვა მოთმინებით სულა კალმახელმა და ლაკლაკის შესახვდრად კიბე ჩაირბინა.
ბეშქენ ჯაყელმა გოდოლთან მომდგარ ლაკლაკის რაზმს თვალიერება უწყო, თავპირახვეული კუტალმიში თავიდანვე არ მოსწონდა მას, მაგრამ ისიც იცოდა რომ აქიმთა მეცნიერება და მსგავსი გაწაფულობა, სხვას არავის ჰქონდა, არა მარტო მესხეთში არამედ ივერიაშიც.
შურტად-ყოფილი კუტალმიში, რაც ახალ ჩორჩანელებს შემოეხიზნა, არცერთი ყმა, მეომარი თუ ბავშვი არ უმსხვერპლია მძიმე სენს და ამისათვის მას დიდ პატივს სცემდნენ ჩორჩანეთში. შურტადყოფილი თავად უზრუნველად გრძნობდა თავს ლატავრა ჩორჩანელის ფრთებქვეშ, მაგრამ როდესაც დედოფალი მესხეთისა, „უცნაური მანჭვა გრეხისა და გადამთიელთა ჯადოსნობის“ გამო ერთხელ სასტიკად გაუწყრა შურტას, ამ უკანასკნელმა მისი ამალა იუკადრისა და როგორც ნაცემ ძაღლს სჩვევია, მომფერებელს შეეხიზნა. შურტას დიდი ამაგიც ჰქონდა ლაკლაკზე, იდუმალად მას იქნებ „აჰურა მზადას შვილადაც“ თვლიდა და სწორედ ამიტომაც, მიადგა იგი სახლს ლაკლაკისას.
სახლი კი სად ჰქონდა ლაკლაკ ჩორჩანელს, თუ არა სამცხის ხევები და ბუნაგები, დევთა ნასახლარები და იდუმალი, მიწისქვეშა ქვაბულები, მონადირეთა სადგომები და დევკაცთა ნასახლარები. შურტასაც ეგ უნდოდა, ტყე-ღრე დაჰყვებოდა იგი თავის პატრონს, ამირანის მსგავსს ლაკლაკ ჩორჩანელს, ურჩევდა მას საუკეთესო სანადირო ბილიკებს, უვლიდა პატრონის ყმებსა და ძმადნაფიცებს, შეულოცავდა სანადიროდ მიმავალ ბაზიერებსა და მეჯინიბეებს, ისრის კონებს „მისანთა ცეცხლით“ მოუწვავდა თავებს, ხმლებსა და მახვილებს დაუთვალიერებდა მებრძოლთ და შემდეგ თავადაც, შავ ჯორზე მჯდარი „აჰურამზადას“ ჰიმნის ღიღინით მიჰყვებოდა, თითქოსდა შავბნელი ძალებით გააფთრებულ-ლაკლაკის ლაშქარს.
***
– ჩემს შმაგ ძმებს ვახლავარ, ამირანად მიგულეთ, თავად ბადრ და უსუბ იყავით, მოდით მოგეხვიოთ თქვენი ლაკლაკი – მჭექარე ხმით წარმოსთქვა ჩორჩანის კეთილნაგებ ციხის ეზოში შემომხედრებულმა აბჯროსანმა ლაკლაკ ჩორჩანელ-ბაჰლაუნდმა და ძმებს მკლავებზე დაუწყო თვალის ფრიალი.
– ძმაო გელოდებოდით უკვე დიდი ხანია, ორჯერ წიგნი გაწვიეთ და არც ერთხელ გვიპასუხე, ეს რას გავს? – იკითხა ბეშქენ ჯაყელმა და ლაკლაკის შესახვედრად დაიძრა.
– არ ვიცი მე თქვენი წიგნი, მე ვიცი ძმის გული – თქვა მარცხენა წარბისა და უჩვეულოდ გრძელი წამწამის რხევით ლაკლაკმა და ბეშქენ ჯაყელს გადაეხვია, სულა კალმახელი როგორც წესი იდგა და ელოდა ლაკლაკის მისალმებას, როგორც ამას ჩორჩანის სამთავრო განაწესი ითხოვდა. მომხვდურს, თუნდაც ძმას, ცხენიდან გადმომხტარს, თავი მდაბლად უნდა დაეკრა ჩორჩანის მთავრისათვის და შემდეგ მის მხარზე ამბორით დაედასტურებინა კეთილი ზრახვანი, მაგრამ ლაკლაკი როგორ ჩანს ამ განაწესს არ იცნობდა და ამიტომაც სულამ ეს ყოველივე დაფიქრებით იბრძნა და ძმის შესახვედრად ისიც დაიძრა.
– ძმაო სულა, შენ გენაცვალე, რამდენი ხანია არ შევხვედრივართ, ძმებო – კვლავ დაიჭექა ლაკლაკმა და სულა გულში ჩაიკრა, შემდეგ ბეშქენსაც მოხვია ხელი და სამივე ასე იდგნენ ერთურთში გარდაჭდობილი.
– წამო, დავსხდეთ და ვიბჭოთ – თქვა მტკიცე ხმითა და მიზნებით სულა კალმახელმა და ძმებს ჩორჩანის სასახლეში შეუძღვა. იმ დარბაზში სადაც გიორგი ჩორჩანელის სამთავრო ტახტი იდგა სამივე შევიდნენ და ერთმანეთს მიაჩერდნენ.
ერთი ტახტი იდგა დარბაზის ამაღლებულ ნიშში, მას არწივის ფრთები და ჩორჩანული შუბის პირები ამკობდნენ. კედელზე ხუცური და მხედრული წარწერები, ამირანის შესახებ უთხრობდნენ მნახველს, ხოლო დარბაზის ბოლოს თავად გიორგი ჩორჩანელისეული საჭურველი და ნაალაფარი დროშები მოითხოვდნენ პატივისცემასა და დაწყებული დიდი საქმის განგრძობას.
– ჩვენი პაპისა და ბიძის ტახტზე ვერცერთი დავჯდებით ძმებო, თქვა სულა კალმახელმა.
– შენ გეკუთვნის ეს ტახტი-დაიკავე ადგილი -მორიდებით თქვა ბეშქენმა.
– ჩორჩანელთა თავის გამოსავლენად, მოყმეთა შეჯიბრი იქნებოდა უკეთესი გამოსავალი, მაგრამ ეხლა ამის გამო გეწვიეთ განა? საქმე ეხება ბაჰლაუნდთა ოჯახს, რომელსაც სდევნიან მტრები, ამიტომაც გვამრთებს გაერთიანება, ისე როგორც ეს მირიან ბაჰლაუნდისა და ლატავრა ჩორჩანელის შვილებს ეკადრებათ – სახსრების ჭახანის ხმა ისმოდა როცა ლაკლაკმა ბეჭები გაშალა და ფართო მხრები დაძაბა, კისერზე ძარღვმა იწყო ტოკება და ამის მნახველმა სულამ გაიფიქრა -„მთლად მამას წააგავს ლაკლაკი“.
– ჩვენ ორი რიგის საქმე გვაქვს შენთან ჩემო ლაკლაკ – პირველია საღმრთო საქმე, ხოლო მეორე საერო, დავჯდეთ გიორგი ჩორჩანელის ტახტის ქვეშ, აი ამ სკამებზე და დავიწყოთ ბჭობა ძმებო, პირველად საღმრთო საქმე განვიხილოთ, მოუსმინოთ ერთმანეთს როგორც ღვიძლ ძმებსა და ერთ სისხლს შეეფერებათ – თქვა სულა კალმახელმა და იისფერი ტოგით შემკული სამი სავარძელისაკენ წარუძღვა ძმებს.
– მე თქვენთან ორი რიგის საქმით მოვედი სულავ და ბეშქენ, პირველია სანათესავოს საქმენი, ხოლო მეორე კი სამხედრო – თქვა ლაკლაკმა და იმის შესამზადებლად რომ მისი სათქმელ-გასამჟღავნებელი უფრო გულის ასაძგერებელი იყო ვიდრე ის, რასაც მას უფროსი ძმები სთავაზობდნენ, საისრედან გრაგნილი ამოიღო და სულას წინ დააგდო.
– რა წიგნის არსე ეს? – იკითხა სულამ და ძმებს დააკვირდა, ლაკლაკის გულის წადილის გამოცნობას შეეცადა და დედასავით მუდამ დაფიქრებულმა, დუმილი არჩია.
ბეშქენ ჯაყელი დასწვდა დაგდებულ წიგნს და სანამ გრაგნილს ტყავის თასმებს შემოხსნიდა, მანამდე ლაკლაკისაკენ გააპარა თვალი. უმცროსი ძმა იღიმებოდა, ძმებს უყურებდა და შუბლზე მომდგარ ოფლს ხანჯლის წვერით იკაფავდა.
– „წიგნი ჩორთვანელთა“ – ამოიკითხა ბეშქენმა, ტყავის თასმები, ტყავკაბიდან ამოწვდილი პატარა დანით შემოაჭრა გრაგნილს და ყურადღებით ჩაიკითხა, ნათესავთა მონაწერი. ჩორთვანელებს ყველაზე ახლო ნათესავებად თვლიდნენ ჩორჩანელნი და ამიტომაც მათი მწერლის ხელი ეცნო კიდევაც, მეცნიერებას მოყვარულ ბეშქენ ჯაყელს.
– რას გვემართლებიან ჩორთვანელნი წაიკითხე ხმამაღლა ბეშქენ – სისხლი მოაწვა უეცრად ლაკლაკს.
„რომაელთა წესის თანახმად მამული ესე მოღებული გიორგისაგან ჯერ საგვარეულოთა შორის გაყრის წიგნით უნდა მორიგებულიყო, ხოლო შემდეგ მიცემულიყო მემკვიდრეთათვის…“- ხმამაღლა წაიკითხა ბეშქენმა ყველაზე თვალში საცემი სტრიქონი, წერილისა, რომელიც მეტად გამოკვეთილად და ლამაზად შეემკო, ჩორთვანელთა სახლის მხატვარსა და მწერალს-არსენს.
– სულავ, როგორც ჩვენს შორის უფროსს გეუბნები, ერთი წელია აიშალნენ ჩორთვანელნი, მაგათთან სტუმრადაც ვიყავი ამას წინათ, პირისპირ რომ ვერ მითხრეს, კაცი დაიქირავეს ერთი, რომელიც ძველ საბუთთა მცოდნე ძაღლი, ეხლა ქექავს, და ფიქრობს როგორ წაგვართვას ან შეგვიმციროს ის რაც პაპამ და ბიძამ დაგვიტოვა – უთხრა ლაკლაკმა უფროს ძმას და მისგან პასუხის მოლოდინში თვალებ ანთებული მზერით ჩორჩანელთა ტახტს დაუწყო ჭვრეტა.
სულა დუმდა, ბეშქენი ორთავ ძმათა შორის მჯდომარე, ლაკლაკს აკვირდებოდა და სულას პასუხს ელოდა. რა არის შენი აზრიო, რომ ეკითხა ეხლა ლაკლაკს ბეშქენისათვის, ის უთუოდ ჩორთვანელებთან შეხვედრის დათქმას და დავის გარჩევას მოინდომებდა. ვინ უნდა ჩარეულიყო სადავო საკითხის მოგვარებაში ნეტა? – ეკითხებოდა თავს ბეშქენი და მის წინ იკვეთებოდა დედის – ლატავრა ჩორჩანელის სახის ნაკვთები. „დედა მოგვარიგებს საბოლოო ჟამს, მთავარია მანამდე სისხლი არ დაიღვაროს და კაცი არ მოკვდეს, დრო უნდა მოვიგოთ“- ფიქრობდა ბეშქენი და აღგზნებულ ლაკლაკს შეჰყურებდა, რომლის სახის გამომეტყველება სწრაფად იცვლებოდა.
– შენ თავად რას გვთავაზობ ლაკლაკ? – მკაცრად იკითხა სულა კალმახელმა და ძმას შუბივით შეასო თავისი ტყვიისფერი თვალები.
ლაკლაკი წამოდგა, დარბაზში გაიარ გამოიარა. იისფერი მოსასხამი ხელზე გადაიხვია, სპილენძის ფირფიტებიანი სამეჯლისო აბჯარი ააჩხარუნა, ახალშეღიღინებულ წვერზე ხელი ჩამოისვა, სახე მელიისებრი გაუხდა და ძმებს მიუგო:
– თქვენ ჩემო დიდო დედმამისშვილნო, მე სამი რამისათვის გცემთ პატივს. პირველი ეს არის დედმამისშვილობა ჩვენი. ერთი მამისა და დედის ვართ ჩვენ და დაი ჩვენი თეკლა, ამიტომაც მე როგორც უმრწმესი შვილი მირიანისა და ლატავრასი, მუდამ უნდა მოგყვეთ ჩემო უფროსნო და ბრძენო ძმანო. მეორე რისთვისაც ასევე გემორჩილებით არის სულკურთხეული პაპის დანაბარები რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და გავუბრთხილდეთ მესხეთს, ხოლო მესამე ჩქამი, რამაც ჩემს გულში უნდა აღძრას პატივისცემა თქვენი არის ის ფაქტი რომ თქვენ ორთავეს: კალმახელსა და ჯაყელს, გიპყრიათ ციხე სიმაგრეები სამცხისა, ციხე-გოდოლნი და გზანი. მე კი ძმა თქვენი – გამოქვაბულებში ვიძინებ ამირანის მსგავსად და ყოველი ქვაბი, ბინაა ჩემთვის. ამიტომაც როდესაც მეკითხებით, ჩემს აზრს, უნდა იცოდეთ, რომ ეს აზრი ქვაბულებში, შარაგზის კბოდეებზე, ტყესა და ღრეში არის გამოკვეთილი და გამომწვარი…
– აზრი ნათრევი კაცისა არა ლაკლაკ? უცხო თესლის მიერ მოწოდებული, კი მაგრამ ვინ აგიგრძალა მერე მოსვლა ჩვენთან და დასახლება ჩვენს ციხეებში, აირჩიე ჯაყი ანდა კალმახი და მოდი, მოიყვანე შენი სახლეული და გაგიყოფთ სამკვიდროს ყოველს: სახლსაც, ციხესაც, საჭურველსაც და ტყავსაც – წამოიჭრა ზეზე ბეშქენი და ძმას ხელი გაუწოდა.
– ნუ მაწყვეტინებ ბეშქენ, საქმეს დაუკვირდი ეხლა რასაც ვამბობ – თქვა ლაკლაკმა და ძმის გაწვდილი ხელი ჰაერში დაეკიდა. სულამ ახედა ლაკლაკს, შემდეგ ბეშქენს და როდესაც ამ უკანასკნელმა თავი გააქნია, უკმაყოფილობის ნიშნად, სულამაც გააქნია თავი და მძლავრ მუხლებს შორის წაბლის ხის ფეხსადგამს დაუწყო თვლიერება.
– თავს ნუ აქნევთ ძმებო, აქ მხოლოდ აუგის სათქმელად არ მოვსულვარ. მაცნე ვარ იმისი რომ ჩორთვანელებმა გამოილაშქრეს ჩვენზე, ღამე სამსარის ქედზე გადმოვიდა მათი სამასიოდე მხედარი, პირდაპირ აქეთ მოეშურებიან. უნდათ ჩორჩანის სასახლეში მიგვიმწყვდიონ, თანაც ერთად და შემდეგ მიწის გადანაწილებას არ დასჯერდებიან მათი წინამძღოლები. სასამართლო და სადავო მრავალი დაგროვდა მესხეთში. ადრე ჩორჩანის მთავრის რიდი ჰქონდათ ჩორთვანელებს, აი ეხლა კი ჩვენ სამი ღლაპი ვეგულებით აქ და ამ ციხე-სიმაგრეში კიდევ რამდენი თავისი მოენე ჰყავთ ვინ იცის.
– საიდან დაადასტურებ ლაკლაკ ამ სიტყვებს – შეაწყვეტინა საუბარი ძმას მუხლმაგარმა და ნებით გამორჩეულმა სულა კალმახელმა – ჩორთვანელნი, ნათესავნი არიან ჩვენი. შემდეგ მომხრეები არიან ჩვენი მმართველობისა და არც არასდროს მათ არ გამოუთქვამთ რაიმე აუგი პირადად ჩემი ან თუნდაც ბეშქენისი.
– ამითი გინდა ის მითხრა რომ ჩორთვანელნი მხოლოდ ჩემი პირადი მტრები არიან და თქვენნი არა? ხომ არ დაგვიწყნია ის ამბავი რომ სამკვიდროს განხილვაზე არცერთი ჩორთვანელი არ ეახლა დედას ჩვენსას- დაიჭექა ლაკლაკმა.
– სამკვიდროს განხილვაზე მართლაც, არცერთი ჩორთვანელი არ მოვიდა – საგულისხმოა და დასაფიქრებელი – ბრძანა ბეშქენ ჯაყელმა და სარკმელს გახედა. ბინდდებოდა.
„თუ გამარჯვება უნდათ, მაშინ დღეს საუკეთესო ღამე ექნებათ, რადგანაც სამივე ძმა აქ ვართ. თუ ლაკლაკის სიტყვა სწორია მაშინ სამსარის გადასასვლელიდან ჩორჩანამდე ერთი დღის სავალია. ეს იმას ნიშნავს რომ მტერი ან უკვე მოადგა ციხეს, ან სულ მალე მოადგება. როგორ უნდა შევხვდეთ ჩორთვანელებს?“ – ფიქრობდა ბეშქენ ჯაყელი და სარკმლიდან უყურებდა ავღუსტის მთვარეს და კამკამა ლურჯ ცას.

***
878 წლის ცხელი აგვისტო იდგა. ჩორთვანელების მაღალ-ყელიან, მომრგვალო ფორმის, დათვის ტყავებით უხვად შემკობილ, ფართო, მესხურ დარბაზში ჭიანურს უკრავდნენ, მზის ფორმის გრეხილი ბორჯღალი, თავს დაჰყურებდათ გვარის წინაძღოლთ, რომელთაც რთული საკითხის გადაწყვეტა ევალებოდათ – მიეღოთ თუ არა მათ მეზობლად, კერძოდ თრიალეთში – კლდეკარში, ახლად დფუძნებული ერისთავის ლიპარიტის რჩევა, რომელიც ერთის მხრივ საბრთხილო იყო, ხოლო მეორეს მხრივ, საგონებელში ჩამგდები.
– ზემო იმერეთიდან, არგვეთიდან, კახაბრისძეთა მიერ გამოძევებული ერისთავი ვინმე ლიპარიტი, შეეხიზნა რა ტაო-კლარჯეთის სამთავროს, რომლისაგან შეისყიდა თრიალეთის მთა, დღეს არწივივით ზეცაში გამეფებას ფიქრობს და გვეუბნება თქვენ მიწაზე კურდღელივით ირბინეთო – თქვა ახაგაზრდა თორნიკე ჩორთვანელმა ბიძებისა და მამის გასაგონად.
– ასისთავო თორნიკე, ბჭობას თავის კანონები აქვს, ჯერ ბრძანე რა სურს ლიპარიტ პირველ ბაღვაშს, რომელსაც ათი სოფლით ვესაზღვრებით თურმე და შემდეგ დავსკვნათ, სინამდვილეში რა უდევს გულში თრიალეთის კლდეთა ერისთავს.
– კლდეკარის ერისთავს, რომელმაც ჩვენ დაგვასწრო და კლდეში საქარავნო გზა გასჭრა, ოქრო და ვერცხლი, აბრეშუმი და ქართული ტყე, ფოლადი და რკინა, პერგამენტი და სანელებლები, ტილო და სელი, სარდიონი და ბადახში, აქლემისა და სიასამურის ტყავი, ნავთი და სამსალა უნდა – ბრძანა ერთ დროს ბიზანტიაში ნამსახურევმა სახელმწიფო მოხელემ და შემდეგ მშობლიურ ჩორთვანში დაბრუნებულმა, ოთხმოცდაათ წელს გადაცილებულმა ალექსანდრიოს ჩორთვანელმა, დიდად განათლებულმა კაცმა.
– ჩვენ რა გვსურს შემდეგ? – იკითხა ჩორთვანელთა გვარის მახვშმა, თორნიკეს მამამ – ერთ დროს სპარსეთის ჯარის მოწინავე მხედარმა – მარდუკმა.
– ჩვენ რა გვსურს და უკვე შემოგვადგა მკაცრად კლდეკარის ერისთავი, შემოგვარტყა ალყა, ჩვენს ოქროს საბადოებს, მისი ციხის გოდლები დაჰყურებს ზევიდან, ჩვენს სპილენძის მადნებს, კლდეკარელი რაზმელები უკონტროლებენ მისასვლელ გზებს, ამიტომაც კითხვა იმის შესახებ თუ რა სურთ უძველეს ჩორთვანელებს, ახლად გამოჩენილმა ბაღვაშმა დაამიწა – შეჰყვირა მამისა და ბიძების წინააღმდეგ, გაგულისებულმა თორნიკემ და თავი ჩაქინდრა.
– არ უნდა დაგვეშვა კლდეკარელის ამგვარი გაძლიერება, ახია ჩვენზე – ბრძანა მარდუკ ჩორჩანელმა.
– მართალია, მაგრამ ეს ტაოელი დავითის კისერზე იყოს და არა ჩვენს კისრებზე. არც სამსახური დაგვიფასა და არც გვარი, ჩვენს თავს წამოქოჩრილი კლდეები და მწვერვალები როდესაც იმერეთიდან გამოძევებულ კაცს მიჰყიდა – აყვირდნენ ჩორთვანელები, მაგრამ აქ მარდუკმა ისინი ერთი მკაცრი სიყვით დააშოშმინა და შემდეგ შვილს გახედა:
– აყოვნებ აზრს, არც კი გაგვაგებინე მთავარი სათქმელი, რა სურს კლდეკარის არწივს?
– მამავ და ბიძებო, კლდეკარის ერისთავმა წიგნი გვაახლა, სადაც იგი დათაფლული ენით გვთავაზობს -„მიმდგომი და მოკიდული“ გავხდეთ მისი, ანუ კლდეკარელი მფარველობის ფრთებს შლის და ჩვენს უძველეს გვარეულობას ამ ფრთებში პატიჟებს.
– თუ ეს არის კლდეკარელის მონაშარი, მაშინ დავთანხმდეთ და სხვა დროს გავაგრძელოთ, ჩვენი თავყრილობა – შეჰყვირა არდონხ ჩორთვანელმა, რომელსაც სანადიროდ ეჩქარებოდა და სკამზე ცმუკავდა.
– არდონხ გაკმინდე ხმა და არც სხვამ თქვას გადავდოთ თავყრილობაო, ყველამ მოუსმინეთ კარგად თორნიკეს, ჩვენი გვარის ცხოვრება, იქნებ მის სიტყვებზე დგას – სპარსელი სამხედროების მსგავსი სისასტიკით აღმოსთქვა მარდუკ ჩორთვანელმა და არდონხმა, სხვა ბიძებთან ერთად თავები ჩაქინდრეს და დაღლილობისაგან აფრიალებული თვალები თორნიკეოსს მიაბჯინეს.
– მოკლედ გეტყვით, თორემ წერილი სპარსული ხალიჩასავით მომღლელი და დამათრობელია, კლდეკარის ერისთავი გვთავაზობს ამგვარ გარიგებას – დავეცეთ ახალ ჩორჩანელებს, მირიან ბაჰლაუნდის ნაშიერთ: სულას, ბეშქენსა და ლაკლაკს, შევიპყროთ და ვაიძულოთ ისინი დასთმონ ჩორჩანელთა მიწა წყალი და დაუბრუნდნენ თავიანთ კუთვნილ საბაჰლაუნდოს.
დარბაზმა წუთიერად იყუჩა. მარდუკ ჩორთვანელი, არდონხი, ალექსანდრიოსი და სხვანი ჩაფიქრდნენ. ზოგიერთ ჩორთვანელს კისერზე ძარღვები დაებერათ და გულისცემა აუჩქარდათ, იმის დასტურად, რომ მათ ახალი მიწების საკითხი უკიდურესად აღელვებდათ.
– ახალი ჩორჩანელნი ჩვენი ნათესავები არიან – თქვა არდონხმა და დარბაზიდან გასვლა დააპირა, მაგრამ იგი გზაში სხვა ჩორთვანელებმა შეაყოვნეს და სკამზე ძალით დასვეს, შემდეგ კი ყურში ჩასძახეს:
– ვინ არიან ჩვენი ნათესავნი? ეს ბაჰლაუნდის მოდგმაა! როდის იყო იბერიაში, დედისაგან გვარის გადასვლა, როდის? მთავარი გიორგი ჩორჩანელი უშვილძიროდ გარდაიცვალა, ჰოდა შე დალოცვილო, შეკრიბე გვარის საკრებულო, განიხილე საკითხი მემკვიდრეობის და შემდეგ დაასკვენი საკითხი მთავრობის- არდონხი დაიძაბა, თვალები დასაკლავი მოზვერივით გაუფართოვდა, თავი გააქნია და აყვირდა:
– ხელი მიშვით, მე ამ სისხლში არ გავისვრები და არც თქვენ გირჩევთ, ვიღაც კლდეკარელი გადამთიელის დაგებულ მახეში მოქცევას, ხელი აიღეთ ამ საქმეზე ჩორთვანელნო.
– გარდა ამ საკითხისა, არის კიდევ ერთი- ძვირფასო მთავარნო მესხეთისა – თქვა მარდუკ ჩორთვანელმა და არდონხი დაბაზიდან გააბრძანეთო ხელით ანიშნა დაცვის ბრგე წევრებს.
– რა საკითხია მახვშო? იკითხა ალექსანდრიოსმა. პასუხად, ჩორთვანელთა დარბაზის კარი გაიღო და დარბაზში ძოწისფერ მოსასხამში გახვეული, საფეთქლებთან გაჭაღარავებული, თაფლისფერთვალება, სასიამოვნო გარეგნობის ვაჟკაცი შემოვიდა. მან ჩორთვანელებს გაუცინა, შემდეგ მარდუკ ჩორთვანელს მხარზე ემთხვია და დარბაზის სხვა წევრების მისამართით, ბიზანტიელი იმპერატორების მისალმების ჟესტი – ჰაერში ხელიდან აფრენილი თეთრი მტრედი გამოიყენა. როგორც ჩანს გაწვრთნილი იყო თეთრი ფრინველი, იგი აფრინდა, დარბაზს სამჯერ წრე დაარტყა და შემდეგ ისევ გამშვებს დაუბრუნდა უკან. მტრედს, როგორც საუკეთესო სიახლის მაცნეს, შესცინეს ჩორთვანელთა და ისევ მის პატრონს ღიმილით დაუწყეს თვალიერება.
– დღეს დიდი ბედნიერება გვეწვია ჩორთვანელნო, თავად ბიზანტიის იმპერატორის სტუმრობა არ გამეხარდებოდა ასე რიგად. თქვენ წინაშეა მპყრობელი კლდეკარისა, ერისთავთ-ერისთავი ლიპარიტ პირველი ბაღვაში – ბრძანა მარდუკ ჩორთვანელმა.
ჩორთვანელთა სასახლიდან მალემსრბოლი ყველა მიმართულებით გაჭენდა, ცხენოსანი რაინდების მოლოდინში ირმის მწვადები აშიხშინდა და მესხურმა მრავალჟამიერის ჩორთვანულმა ამოძახილმა დაიპყრო არემარე.
***
ციხის დარაჯნი გაკვირვებული შეჰყურებდნენ ძილში მოტირალ გადამთიელს.
„აჰურა მაზდა ვიღუპებით“-გოდებდა შურტა კუტალმიში, რადგანაც სიზმარში- თეთრ ცაზე ამოგორებულ შავ მთვარეს ხედავდა. ციხის გოდლიდან კიბეზე ჩამავალ ლაკლაკს მოესმა, იქვე, თივის კორომზე ჩაძინებული აღმზრდელის მიერ გამოცემული უჩვეულო ხმები და ფეხს აუჩქარა.
– როდესაც ჩემი აქიმი ამგვარად გოდებს უეჭველი მიახლოვდება ფარული და გესლიანი მტერი – ამბობდა ლაკლაკი და ბეშქენს ურჩევდა ყოველ მხრივ დაეგზავნა მალემსრბოლნი და მოეზიდა ხუთასამდე მხედარი.
ბეშქენი, ჩვეულებრისამებრ არ ჩქარობდა, მუდამ ჩაფიქრებული სახე ჰქონდა და მისი ძლიერი მხარ-ბეჭი რომ რაიმეს შეუპოვარ ძალას არ მოედრიკა, იგი ალბათ კვლავ დიდ ხანს იქნებოდა გონებასთან ლოგიკურ დისპუტში. მაგრამ შეუპოვარი ძალა თითქოსდა მართლაც მოიწევდა მათკენ. ჩორთვანელთა სამხედრო სიძლიერეს კარგად იცნობდა ჯაყის ციხის მფლობელი. „თავად მარდუკ ჩორთვანელი ერთ ჯარად ღირს, ახალგაზრდა თორნიკეოსს ძალაც შესწევს და სამხედრო ხერხიც. თუ მრავალნი იქნებიან, შემომხედრდებიან ჩორჩანის ველზე და დაიკავებენ სტრატეგიულ სიმაღლეებს, ხოლო თუ მცირე რაზმით წამოვლენ, მაშინ იერიშით მოვლენ სწორედ ამ ციხეზე“-ფიქრობდა ჯაყის ციხელი.
ნაშურტალი კუტალმიში თეთრი ბაირაღით დარბოდა გოდოლზე. ბეშქენმა ყურადღება არ მიაქცია ექიმის ამგვარ უცნაურ ქცევას და თავადაც მთავარ გოდოლზე ავიდა. ლაკლაკს ჯაჭვი გამოეცვალა და სულ მთლად რკინაში ჩამჯდარიყო, სულას გვერდით იდგა და მასთან გაცხარებული საუბრობდა. თავად სულა სადარბაზო ჩოხაში რომ იყო გამოწყობილი და ქამარზე მცირე სატევრის ამარა იდგა, არც ეს გაკვირვებია ბეშქენს. გაბედულებით ცნობილი კალმახის ერისთავი, ჯაჭვსა და ფარს ყოველთვის დიდ ომში თუ ხმარობდა, ამგვარ დაძაბულობების ჟამს, მხოლოდ სამოქალაქოდ იმოსებოდა და მისი საარაკო სიქველე, სიმშვიდეში მჟღავნდებოდა.
– თუ მოგვადგნენ ჩორთვანელნი ამაღამ, მაშინ ჩვეულებრივად უნდა ვუმასპინძლოთ და შემოვიპატიჟოთ მათი სახლის თავკაცნი – თუ იუარეს და არ შემოდგნენ ციხეში, არამედ შემოგვარტყეს ქამრისებრი ალყა, მაშინ ჩვენც შევიცნობთ მათ მტრულ განზრახვას და უფლის წინაშე ვიქნებით მართალნი, თუ თავადაც ხმალს მივმართავთ – ამბობდა სულა კალმახელი დაბალი ხმით და გამოკვეთილად გამოსთქვამდა სიტყვებს, თითქოს ძმებისათვის უნდოდა ღრმად აეხსნა ის ჭეშმარიტება, რაც ამ დღევანდელი მოვლენის უკან იდგა და მოემზადებინა ისინი.
– ასეთი მშვიდი ხალხი არ მინახავს – წარმოთქვა ლაკლაკმა და ძმებს სიცილით გაეცალა, გამზრდელი კუტალმიშისაკენ დაეშვა და ასირიულ ენაზე დაუწყო საუბარი. მართალია შურტა პირაკრული იყო და მხოლოდ თვალები მოუჩანდა, მაგრამ ეს ზეთიხსილის ფერი, ოდნავ შევარდისფრებული თვალის გუგები, სიყვარულითა და ერთგულებით შესცქეროდნენ თავიანთ პატრონს.
სულა და ბეშქენი გოდოლზე იდგნენ და უყურებდნენ თუ როგორ ხაზავდა რაღაც წრიულ, წაგრძელებულ მრუდს, „გრძნეული ჰაქიმი“ მიწაზე და რა მონდომებით უკირკიტებდა მის მიერ ამოკაწრულ უცნობ ნიშნებს, წინ წახრილი და კისერ წაგრძელებული ლაკლაკი. შემდეგ ორივენი მიწაზე სპარსული წესით ჩამოჯდნენ, ფეხი მოირთხეს და ერთმანეთს თვალი-თვალში გაუყარეს აღზრდილმა და მისმა მასწავლებელმა.
გოდოლზე მდგარ სულასა და ბეშქენს გაეღიმათ ამ სცენის დანახვისას. „აზრებს აწვდის ეს ეშმაკი უბედურ ლაკლაკს, დაღუპავს ამ ყმაწვილს“- გაიფიქრა ბეშქენ ჯაყელმა და ამ დროს ტყის კორომებშს რაღაც ამოძრავდა და ახმაურდა.
– შემოტევას იწყებენ უალყოდ – ჩაილაპარაკა სულა კალმახელმა და ძმას იმედის მომცემი, სიმშვიდის გამავრცობელი, მზერა მიაპყრო.
ბეშქენმა შეხედა ძმის სახეს და გაოცდა, სულა კალმახელის გადამბმული წარბები და მისი სწორი წინ წამოწეული შუბლიდან დაწყებული ცხვირი, მთვარის შუქზე ქრისტეს ჯვარს ჰგავდა.
„ჩემს უფროს ძმას მონასტრის წინამძღვრობა მოუხდებოდა ალბათ, ხოლო ჩემს უმცროს ძმას მეკობრეობა“ – გაიფიქრა ბეშქენმა და ტყის კორომებისაკენ დაძაბა თვალისჩინი და ყურთასმენა.

***
ჩორთვანელთა სანაქებო მხედრობას, ლიპარიტ I ბაღვაშმა, უცხო ფორმის, ბიზანტიური ლოდსარტყოცნი ჩამოუტანა, რომლის იმედით, კლდეკარელი ერისთავთ-ერისთავი ყოველი ციხის აღებას, უსისხლოდ და მარტივად გეგმავდა.
თუ ადრე მესხებს ჰერაკლე კეისარის მიერ ოძრხეში დატოვებული, უზარმაზარი ლოდსატყორცნები ენახათ და მათი გამაყრუებელი ხმა გამოეცადათ, ახალი ლოდსარტყოცნი ჩორთვანელებმა უჩვეულოდ ჩათვალეს. ბევრად მსუბუქი და იოლი იყო ამ ლოდსატყორცნის თრევა მთების ქედებზე და ფერდობებზე. ასევე სულ ხუთი კაცი სჭირდებოდა ლოდსატყორცნის გაწყობასა და მიწაზე აღმართვას, სასხლეტისა და მოსაზიდი ლილვაკის უერთიერთ შერწყმას.
შინაური ცხოველების ნაწლავებისაგან დამზადებული მოქნილი ბაგირი, მოსჭიმავდა ხელის ფორმის მქონე სასროლ „ნიჩაბს“ და უდიდესი ძალით შეაგდებდა ბირთვაკს ციხე სიმაგრის ნებისმიერ გოდოლზე, ქონგურებზე თუ სარკმელებში, განსაკუთრებული სამიზნის გამოყენებით, რომელსაც „მგლის თვალს“ უწოდებდნენ ლოდსატყორცნის თანმხლები კლდეკარელი ოსტატები, რომელთაც თავად აღნიშნული ცოდნა, ბიზანტიაში, კერძოდ თეოფრასტესაგან მიეღოთ.
„სამასი ამგვარი ლოდსატყორცნი მაქვს და ქართლის ციხეებს ერთ კვირაში დავანგრევ თუ მოვისურვე, ჩორთვანელნო. დღეს გაძლევთ თქვენი გაძილერებისა და ოდინდელი საერისთავოს აღდგენის კიდევ ერთ შესაძლებლობას “ – ამბობდა ლიპარიტი და ჩორთვანელებს ამაყად შეჰყურებდა.
„თუ ასეა რატომ თავად არ უტევ ბაჰლაუნდებს თავნება მთავარო, ჩვენი ხელით გინდა არა მგლის მოხრჩობა?“- ფიქრობდა კეთილშობილი თორნიკეოსი და გულში იდუმალი სევდა, ისარივით ჰქონდა გარჭობილი.
– თუ ასეა თავად რატომ არ შეუტევ სულა კალმახელს და მის ძმებს ლიპარიტ ბატონო – აღმოხდა დარბაზის შორეულ კუთხეში, წესრიგის მცველთა შორის, დაჩაგრულად მჯდომარე არდონხ ჩორთვანელს, რომელსაც უკვე მესამე ჯიხვის რქა დაეცალა და საკამათოდ მადა გახსნოდა.
– წამოდექი ყმაწვილო ერთი – მკაცრად თქვა ლიპარიტ კლდეკარელმა და თავი ზეასწია ადრონხის სახის უკეთ დასანახად. ვიწრომხრებიანი, მაღალი და ღიპიანი, არდონხი, მისმა თანამეინახებმა სასწრაფოდ წამოაგდეს ფეხზე და ხელში მეოთხე ჯიხვი შეაჩეჩეს, იმის იმედით რომ არდონხი სადღეგრძელოს იმისთანას მოაყოლებდა რომ მთელ დარბაზს მხიარულებასა და სიცილს მოჰგვრიდა.
– ჩორთვანული ძუნძგულა ღვინო, ჩინებულია, სახელი აქვს მხოლოდ იმისთანა, კაცი ერთხელ რომ წარმოსთქვამს, მეორეჯერ აღარ გაიმეორებს იმის შიშით, სტუმარს საწამლავი არ ეგონოსო, ხომ ასეა ყმაწვილო – დაყვავებით თქვა ლიპარიტმა და თავადაც ჯიხვით ხელში დარბაზს თვალი მიმოავლო.
– იმერელი მთავარიაო თქვენზე ამბობენ დიდო ლიპარიტ, ამიტომაც ხუმრობა უცხო არ იქნება თქვენთვის, თუ ინებებთ – მოწითალო ულვაშებზე გადაისვა ხელი არდონხ ჩორთვანელმა, საკუთარი ცხვირის წვერს მიაჩერდა და თვალები განგებ დააელამა.
კლდეკარელებმა ერთმანეთს გადახედეს, მესხური პირდაპირობა ცოტა უჩვეულოდ მიიჩნიეს, მაგრამ თავად ლიპარიტი იყო მომღიმარი, თვალებ-გაცისკროვნებული, ამაყად მდგარი, თავის ახალ მოკავშირეებს შორის და გაყუჩდნენ, თორემ ვესსაპიანე ბაღვაში „ვეშაპად“ რომ უხმობდნენ არგვეთში, უკვე მზად იყო უცნობ ჩორთვანელს, პირდაპირ ამ დარბაზში შებმოდა და ლიპარიტის საქმე ისე აეწეწა, რომ კაცს ვერ დაეწყო მერე.
– მარდუკ ბატონო და თქვენ ჩემო დიდო ალექსანდრიოს, ამ ყმაწვილის კითხვაზე სიყმაწვილე გამახსენდა, როდესაც ჯერაც რეგვენი ვიყავ და სხვათა დავაში ვარჩიე ჩარევა, მაგრამ თურმე შემშლია და თავად ის გამილახავს, ვინც დაცვის ღირსი იყო, ამიტომაც შემდეგ გადავწყვიტე ჩაურევლობა, მხოლოდ ის ვინც დაჩაგრულია, მის მხარეზე დგომა, მისი შემწეობა და მასზე ზრუნვა ვისწავლე. მე შემიძლია გიძღვნათ იარაღი, რომელიც მხოლოდ იმპერატორებს აქვთ, რათა დავაში გაიმარჯვოთ ბაჰლაუნდებზე. აღიდგინოთ ძველი დიდება. გააძევოთ დამპყრობელი ჩორჩანიდან. შემოაგორეთ „პეტრარია“ – სადღესასწაულო ღიმილით ბრძანა ლიპარიტმა.
ლურჯ მანტიაში ჩაცმულმა ლიპარიტის მხედრებმა, ახალი იარაღი დარბაზში შემოაგორეს. ჯვალოს მოსასხამებში გახვეულმა ჩორთვანელებმა, თითქოს უმალ იგრძნესო უცხო ლოდსარტყორცნის ძალა, მარდუკთან ერთად, დამანგრეველი იარაღის გარშემო, მშიერი მგლებივით სიარული დაიწყეს.
„აეშალათ ბრძოლის საღერღელი“-გაიფიქრა გულს მოსწოლილი უცნობი სიხარულით კლდეკარელმა და ლოდსატყორცნს ქარვისფერი „საკმიელა“- განთქმული მესხური ღვინო აპკურა და ბრძანა:
– ამით გაიმარჯვებთ მუდამ, ქველო ჩორთვანელნო- ჯიხვი გამოცალა და ახალი შენაძენით თვალგაბრწყინებულ მარდუკს გადაეხვია.
– ამ კატაპულტას ბერძნულად „პეტრარია არქატინუს“ ქვია – გამოცდილი მაქვს, მისი სიმხურვალე და დამანგრევლობა, მადლობა თვენდა დიდო მთავარო – წარმოთქვა მარდუკმა და თორნიკესთან ერთად იარაღის სატყორცნი ღრმულის შემოწმება იწყო.
– ვიცი რომ ქველად გამოიყენებთ! შემდეგ იმისა, რაც ჩორჩანის ციხეს დაანგრევთ და კალმახს მიადგებით ათ ახალ „პეტრარია არქატინუსს“ მოგივლენთ – გამარჯვებული სახით წარმოსთქვა ლიპარიტმა, რომელიც ბიზანტიის კეისრის სახის მიმიკებს იმეორებდა, და გაღატაკებულ ჩორთვანელებს მხსნელის სახით ევლინებოდა.

***
კლდეკარის საერისთავო ჯავახეთიდან ქართლში გადასასვლელ ერთადერთ გზას განაგებდა, გარდა ამისა ცნობილი აბრეშუმის გზის განშტოებანი, სწორედ კლდეკარში იყრიდა თავს.
ჩორჩანელთა საერისთავო მშვიდობისმყოფელ, სულიერების განმამტკიცებელ იბერიულ წესრიგზე იყო დაფუძნებული. რაც შეეხება კლდეკარის საერისთავოს, მან ქართულ თემებში ახალი, გნებავთ პირველი კომერციული ინტერესი შემოიტანა, საბაჟო-გამშვები სიმაგრეების აღშენების, გაკონტროლების და ბაჟის აკრეფის კუთხით.
ბაღვაშებმა, მიატოვეს რა არგვეთი, მშვიდობიან ქართლში ქართული სულისათვის სრულიად უცხო – მოგების მიმართ ლტოლვა დაჰბადეს.
თავიანთი მიზნის მისაღწევად, კლდეკარის ერისთავებმა, სტრატეგიული დაგეგმარება მოახდინეს, კლდეში გზა გაჭრეს და მსოფლიო ვაჭრობას უმოკლესი მიმართულება შესთავაზეს, ამავე დროს მათ, განდიდების ეშმამ, სამხედრო-მილიტარული ორდენის მსგავსი, ორგანიზმის დაარსება გააბედინა.
კლდეკარელთა დიდ საქმეს, უთუოდ ხელს უშლიდნენ მათზე გაცილებით ძველი, ადგილობრივი საგვარეულოები. ჰოდა სწორედ ამ ძველი საგვარეულო ბუდეთა დაშლა იყო ლიპარიტის მთავარი საქმე.
„ახალ ჩორჩანელთა სამთავრო სახლი-სულა, ბეშქენი და ლაკლაკი“ თავიდანვე მიზანში ამოიღეს კლდეკარელებმა. „ბაჰლაუნდთა გვარის ბიჭების ჩამოთესვლით – ჩორჩანელთა სახლს ნაპრალი გაუჩნდა და ის უნდა ორად გავაპოთ, ჯერ წყალი შევაყენოთ ნაპრალში და შემდეგ ზამთარს დაველოდოთ “- სამხედრო თათბირზე ხშირადვე იმეორებდა ლიპარიტ I ბაღვაში. მას ყურადღებით უსმენდნენ სარდლები და შემდეგ შესაბამის ბრძანებებს აძლევდნენ მსტოვრებს, რომლებიც უხვად დაწანწალებდნენ მეზობელ სამთავროში. „ჩორთვანელნი უკმაყოფილოდ არიანო“-როგორც კი გაიგო ლიპარიტმა, იმ წამს მის გონებაში სამხედრო-პოლიტიკური თამაშის ახალი გეგმა გამოცხვა, რომელსაც „ჩორთვანელთა მიერ ჩორჩანელთა შეჭმა“ დაერქვა. სამხედრო მანქანა სრულ წესრიგში იყო და კლდეკარელმა არწივმა – როგორც თავის თავს უწოდებდა ლიპარიტ პირველი, ზარის შემოჰკვრა გადაწყვიტა.
რაც შეეხება „პეტრარია არქატინუსის“ გამოჩენა ჩორჩანის და იმ დროს უკვე ნაფლეთებად დაგლეჯილი საქართველოს სამხედრო თეატრს, მხოლოდ დაუნდობლობასა და მძვინვარებას მატებდა.

***
ბეშქენ ჯაყელი ჩორჩანის ციხის მთავარ გოდოლზე შუაღამეს ავიდა და სულა კალმახელი შეცვალა.
– გაბარებ წყობას, ქონგურებზე თვითოეულ მხარეს ოც-ოცი მოისარი დგას, მხოლოდ დასავლეთით მოსჩანს რაღაც, ისიც არავინ ვიცით რა შეიძლება იყოს, სამ საათს ჩავთვლიმავ და დილა-უთენიას კვლავ აქ ვიქნები. მშვიდობას გისურვებ ძმაო – ჩაილაპარაკა მოულოდნელი ღიმილით სულა კალმახელმა და ძმას ბეჭებზე ხელი დაჰკრა.
„სულ სამოცი მოისარი გვყავს კედლებზე… ნეტა რას ბჭობს ლაკლაკი ამ ეშმასთან“- შურტასა და მისი ძმის ჩუმი საუბრის ჭვრეტით საგონებელს მიცემულმა – გაიფიქრა ბეშქენმა და შუბს ნიკაპით დაეყრდნო. იქ ტყის კორომში, მართლაც მოსჩანდა რაღაც, რაზმის გადაადგილების მსგავსი. მშვიდობიან დროს გაგზავნიდა კაცი ამბის შესატყობად ასისთავს, მაგრამ ამ ღამეს, შესაძლო თავდასხმის წინ, თუნდაც მცირე კარიბჭის გაღება არაგონივრულად მიიჩნია სულამ და ბეშქენმაც მისი მოსაზრება გაიზიარა.
უეცრად ძლიერმა ქარმა წამოუბერა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. შორეულ ტყეში შავი ფერის უმაღლესი ფიჭვები ატორტმანდნენ და ნაძვნარის მათრობელა სუნი მეციხოვნეთა ნესტოებს მისწვდა. ძილს მოწყურებული ბეშქენ ჯაყელი ცოტათი გამოაბხიზლა ჯერ თბილმა და შემდგომ ცივმა ნიავმა. „ჯოჯოხეთის კარი გაიღო თუ რა ხდება, რატომ გაცივდა ამგვარად ჰაერი“- ჩაილაპარაკა ერთმა ქონგურის მცველმა და ხელშუბი ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა.
– ჩუმად – ბრძანა ბეშქენმა და ამ დროს მის ყურს რაღაც გრიალისა და ჭრიალის მსგავსი ხმა მისწვდა.
– გესმით მეციხოვნენო, რისი ხმაა? – იკითხა ბეშქენმა
– ხელშუბიანი ბრგე ტანის, მელიის ტყავით შემოსილი მეციხოვნე მოტრიალდა და ბეშქენს ასე უთხრა:
– სწორედ იმ მთაზე სახლობდა ამირან-დარეჯანის ძე მთავარო, როდესაც მიეპარნენ მას მჭედელნი და ქვის საწოლს მიაჭედეს, მე ვიცი მღვიმის შესავალი, სადაც მეგულება ამ გმირის მშვილდი და წერაქვი.
– თავად სად არის ამირანი მეციხოვნევ? – გაიცინა ბეშქენმა.
– გაქვავდა ამირან დარეჯანის ძე მთავარო, იგი შესაძლოა მთის ერთ ქვაბულშია კაცთაგან და ღვთისაგან მიტოვებული, ვინ იცის – თქვა ციხიონმა.
– აბა კავკასიონზე ვინ არის მიჯაჭვულიო, რას ამბობენ? გახალისდა ბეშქენ ჯაყელი.
– მე ვიყავ თბილისს მთავრისშვილო, იქ სულ სხვაფრად ყვებიან ამირან დარეჯანის ძის ამბავს, შემდეგ იმერეთს წავედი, იქაც თავისი აზრი აქვთ ამირანის შესახებ, ვიყავი აბხაზეთს და სვანეთს, ლაშქრობისას, იქაც ამბობენ რაღაც ამბებს, მაგრამ ყველა იმეორებს რომ ამირანი სწორედ ჩვენი მესხეთის მკვიდრი იყოო – გატაცებული ხმით ყვებოდა მეციხოვნე.
– მაშ იცი ამირან დარეჯანის ძის სამყოფელი არა? არ მოეშვა მას ბეშქენი
– ვიცი მთავრის შვილო და თუ ისურვებ, აუცილებლად უნდა დავეშვათ ამირანის მღვიმეში, ტყავის ქამანდებით მოვიძიოთ, მისი მშვილდი და სხვა მრავალი რამ.
– მე ამირანის ხმალი მჭირდება – თქვა ბეშქენმა, იგი მახვილით ბრძოლას არჩევდა მშვილდოსნობას, რომელიც სულასთვის ქონდა დათმობილი ბალღობიდანვე.
– არა მთავარო, ხმალს ამირანი ხელიდან არ გაუშვებს, ქვად ქცეულია მაგრამ თუ ხმლის ხელიდან გამოტაცება დაუპირეთ, უთუოდ გაიღვიძებს ამირანი…ახხხხ მთავარო – დაიყვირა უეცრად მეციხოვნემ და ქონგურზე ჩაიკეცა.
– რა მოგივიდა მოყმევ? -იკითხა ბეშქენმა, მაგრამ ამ დროს ჩაბნელებული ტყის კორომი სულ მთლად აბრიალდა, ცეცხლის ალი აენთო ტყის ყველაზე ჩაბნელებულ მიდამოებში და კვლავ გაისმა გრიალისა და ჭრიალის მსგავსი ამოძახილი.
– შეტევაა, ყველანი ქონგურებზე დადექით – დაიგრგვინა ბეშქენ ჯაყელმა და ამ დროს ტყიდან გამოსროლილ მანათობელ ბირთვს მოჰკრა თვალი, რომელიც პირდაპირ მისკენ მოფრინავდა. ბეშქენმა თავის დაწევა მოასწრო თუ არა ცეცხლოვანი ბირთვი მთავარ გოდოლზე დაეცა და ღრიალით გასკდა, იქიდან გადმონთხეული ცეცხლი გოდოლს მოედო და ავარვარებული სითხე გოდოლის კიბეებზე აღლიცინდა და უცებ ცეცხლისფრად ავარვარდა. ბეშქენ ჯაყელმა კიბეზე ჩასვლა რომ დააპირა ამ დროს მას გზა დამწვარი ადამიანების მასამ გადაუღობა, ყველანი გმინვითა და ღრიალით მიიწევდა დაბლა, სადაც უკვე დიდი ხანძარი მძვინვარებდა, ბეშქენს უნდოდა ებრძანა მათთვის , მყისიერ ემოქმედათ, მაგრამ მიხვდა რომ ჩორჩანის ციხის მთავარი გოდოლი – მთლიანად გავარვარებულ კასრს ემსგავსებოდა და თავად ისღა მოახერხა რომ გოდოლიდან ისკუპა შეჯავშნულმა კაცმა.
ბეშქენი რამოდენიმე კაცზე დაეცა, რომელთა დუმილი იმას მოასწავებდა რომ მათ სიცოცხლის ნიშანწყალი გამქრალი ქონდათ. ტყიდან კვლავ გამოისროლეს რამოდენიმე ცეცხლოვანი ჭურვი ჩორჩანის ციხის მიმართულებით. ეხლა უკვე ყველა გოდოლი იწვოდა. „მალე დაიქცევა აპარპალებული ჩორჩანი, რა ვიღონოთ?“- ეკითხებოდა თავს ბეშქენი და დამწვარ სხეულთა შორის გზას მიიკვლევდა. იგი უკვე იმასაც გრძნობდა რომ შემდეგი ჭურვი უცილობლად კარიბჭეს შეასკდებოდა და მასაც გადაბუგავდა.
ამ დროს ბეშქენი ლაკლაკს დაეტაკა, რომელსაც ხელთ რაღაც რუქა ეპყრა და შურტა კუტალმიშთან ერთად კედლებს ზომავდა. თავპირწაკრული გამზრდელი ასირიულად ითვლიდა თუ ლოცულობდა, ბეშქენი მას ზიზღით მოსცილდა და ლაკლაკის ქმედებების გარკვევას ეცადა. მაგრამ ამაოდ, ლაკლაკი ცეცხლს ყურადღებას არ აქცევდა და კვლავ მიწაზე ფორთხავდა თავის შურტასთან ერთად.
გამართლდა ბეშქენის ნააზრევი, შემდეგი ცეცხლოვანი ბირთვი, კიდევ უფრო დიდი ზომისა და წონისა, სტვენითა და ზათქით შეასკდა ჩორჩანის ციხის ალაყაფს და მის გასაძლიერებლად აშენებულ სადარბაზო გოდოლს. კივილით გარბოდნენ ცეცხლის ალში გახვეული რაზმელები და მიწაზე გორავდნენ მეციხოვნენი. საშველი არსაით იყო.
– ყველანი შეგროვდით ციხის მიწისქვეშეთში – მოისმა სულა კალმახელის ბრძანების ხმა. ჩორჩანის მიწისქვეშეთის კარიც გაიღო და კიბე გამოჩნდა. რაზმელებიდან რამოდენიმემ კიბეზე ჩასვლა დაიწყო.
– არავითარ შემთხვევაში, ძმაო, მიწისქვეშეთში ჩასვლა უთუო დაღუპვაა, უბრძანე ყველას ჩორჩანელთა აკლდამაში შევიდეს და იქედან მოვიგერიებთ მტერს – გამყინავი ხმით აყვირდა ლაკლაკი და ძმებს თითით მიუთითა მიმართულება, სადაც ყოველი მათგანი უნდა გამაგრებულიყო.
– აკლდამაში რა გვინდა? მიეჭრა ბეშქენი ლაკლაკს, მაგრამ მისი თვალების ცეხლოვანებამ და დამწუხრებულმა ხმამ, ბეშქენს მოაჩვენა რომ მის წინ თავად თეთრი გიორგი იდგა და გზას უჩვენებდა.
***
შურტად ყოფილი კუტალმიში, უკვე ჩორჩანელთა აკლდამაში იჯდა და გამალებული რაღაცას თხრიდა. კაცი იფიქრებდა, ეს წყეული მიცვალებულების ხელყოფას აპირებსო. აკლდამაში მაშხალით ხელში შემოვარდნილი ბეშქენი, შურტას იმ გრძნობით მიაჩერდა, რაც ადამიანს უხსენებელთან შეხვედრისას ეუფლება. „თავს გაუჭეჭყავ ამ წყეულსო“- გაიფიქრა კიდევაც ბეშქენმა, მაგრამ მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შურტამ მისი მიმართულებით გამოიხედა და ბეშქენი ხელის მოძრაობით თავისთან მოიხმო. ბეშქენი არ იყო ჩვეული ყმის ამგვარ თავხედობას და ის ის იყო მათრახის მომარჯვებას აპირებდა რომ შურტამ უცნაური ინტონაციით, მაგრამ ქართული ენით მას ასე მიმართა:
– ეგ მაშხალა, მე რომ გეტყვით ამ თიხის მილში სწრაფად უნდა ჩასჩაროთ ერისთავთ-ერისთავო.
ტანბგრე ბეშქენმა შურტას მიერ ამოთხრილ ორმოში ჩაიხედა და ფრიად გაოცდა როცა მის სიღრმეში დაობებულ სპილოსძვლისფერ მილს მოჰკრა თვალი! „როგორც ჩანს წყლის მილია, მაგრამ ასეთს მხოლოდ სპარსეთის შაჰთა სასახლეებში ან ბიზანტიელთა პალაციოებში თუ ნახავ, ვის რაში დასჭირდა ამ მილის ჩათხრა ჩორჩანის ციხეში და ისიც სამარადისო აკლდამაში?“- გაიფიქრა მთავარმა.
– წყლის მილია თუ რაა? – კითხა მან ორმოს სიღრმეში ჩასულ შურტას, რომელიც გამომცდელი მზერით ამოხედავდა ხოლმე ბეშქენს.
– „ცეცხლისთაყვანიმცემელთა ძველი სალოცავის მილია, რა გაგიკვირდა ბეშქენ, რა დროს ეს არის, შემოყარე ყველა შენი რაზმელი, არავინ დარჩეს ციხეში, აქ ჩავიკეტოთ დილამდე და ხსნა მოვა აუცილებლად – თქვა ბეშქენის უკან მდგარმა ლაკლაკ ჩორჩანელმა, რომლის მიღმა გაღიმებული სულა კალმახელი და მისი მეომრები შემოიჯარნენ. გაოცებულმა ბეშქენ ჯაყელმა შეამჩნია რომ უბედურ შურტას -ლაკლაკის დანახვაზე თვალებიდან ცრემლები წარმოსვციცდა და თავის აღზრდილს მზერა ვერ მოსწყვიტა. „შვილივით უყვარს ამ წყეულს ლაკლაკი“-გაიფიქრა მთავარმა და როდესაც უკლებლივ ყველა გადარჩენილი მეციხოვნე აკლდამაში შემოვარდა, ბეშქენ ჯაყელი აკლდამის კარის გულდაგულ ჩარაზვას შეუდგა.
– აკლდამაში ვართ ჩარაზული რაინდები – ჩაილაპარაკა სულა კალმახელმა და ლაკლაკს მხარზე გადახვია ხელი. ლაკლაკმა გაიცინა და თქვა – „მგლის ნება აჯობებს ძაღლის ერთგულებას“

***
– რაო? მგლის ნება აჯობებს ძაღლის ერთგულებასო? – ჩაილაპარაკა მარდუკ ჩორთვანელმა და მოსალაპარაკებლად მივლენილ არდონხს გამჭოლი მზერით თვალებში ჩახედა.
– აგრეა მთავარო, აკლდამაში არიან ჩაკეტილნი. ორჯერ ჩავძახე თქვენი დანაბარები ჩვენს ნათესავებს, მაგრამ ამაოდ. თავისას არ იშლიან და პასუხად იმასვე იმეორებენ რაც წეღან მოგახსენე – არდონხი ქოშინებდა რადგანაც აკლდამა კლდის დამრეც ფერდობზე იდგა, ხოლო თავად გამჭვარტლული ციხის გოდლები მაღალ კლდეებზე აღმართულიყო. ამის გამო არდონხს ორჯერ მოუხდა ციცაბო კლდეზე დაშვება და შემდეგ გამარჯვებულთა ბანაკში, ალმოდებულ გოდლებთან დაბრუნება.
– არდონხ, ყველას მაგ აკლდამაში ჩაგკლავთქო უთხარი. დაგვნებდნენ ისევე როგორც რომაელნი დანებდნენ პართებს. საპატიო ტყვეობას ვპირდებით და პირდაპირ მათ მამულში, საბაჰლაუნდოში მივაცილებთ – ბრძანა მარდუკ ჩორთვანელმა და ლიპარიტის მიერ ნაჩუქარი კვერთხი ჰაერში აღმართა.
– მე ვეღარ ჩავაღწევ ამ კლდეზე, სხვა ჩემზე უფრო მამაცი აღარ არის ჩვენს ჯარში? ამდენ ლაპარაკს სჯობს დავეცეთ და გავათაოთ – გადაიხარხარა არდონხმა და საჭურველმტვირთველის მიერ მორთმეული კიდევ ერთი ჯიხვი შესვა.
– ჩადი არდონხ და ამოდი შემდეგ – მკაცრად ბრძანა მარდუკ ჩორთვანელმა და მის უკან რაზმეულის გულითადი ხარხარი მოისმა.

***
წინა საუკუნეში აშენებული ჩორჩანელთა აკლდამა ცეცხლის თაყვანიმცემელთა ტაძრის ფუნდამენტზე რომ იდგა ეს შურტამ დიდი ხანია იცოდა, მაგრამ თუ ცეცხლის-თაყვანისმცემელთა საიდუმლო მილაკებისა და იმ გრძნეული შავი სითხის, რაც ასე უხვად იღვრებოდა მილაკების ფსკერზე, გამოყენება, სამხედრო გამარჯვების მოსაპოვებლად დასჭირდებოდა ეს ნამდვილად არ უწყოდა. მაგრამ დადგა დღე როდესაც მისი პატრონი – ლაკლაკი თავის ძმებითურთ, უეჭველი დაღუპვის ან სამუდამო შერცხვენის საბრთხის წინაშე აღმოჩნდა და შურტამ თავისი ცოდნა აამოქმედა. მან ჯერ გათხარა და აღმოაჩინა მთავარი მილაკი საიდანაც აჰურა-მაზდას მთავარ ბილიკებზე ცეცხლის სვეტები უნდა აღმართულიყო, ხოლო შემდეგ გადაზომა, „ცეცხლის გზის ბილიკები“ და გულდაგულ დარწმუნდა, ძველი ტაძრის მოცულობა თითქმის მთელ ჩორჩანის ციხეს მოიცავდა და უფრო მეტიც, ტყის პირამდე აღწევდა.
მაგრამ სად იყო თავად „გრძნეული შავი სითხე“? შურტამ აჰურა – მაზდას მარადიული იმპერიის რუქებიდან შეიტყო, რომ მარაგები, თავად ტაძრების ცენტრში უნდა ყოფილიყო ჩამარხული, და ამიტომაც ის პირადად თხრიდა აკლდამის შუა ალაგს, არავის იხმარდა, რადგანაც, მიწისქვეშ დამალული ამფორის დაზიანების ეშინოდა.
უთენიას მისმა ნიჩაბმა წკარუნის ხმა გამოსცა და შურტა მიხვდა, რომ სპილენძის ჭურჭელი აღმოაჩინა. ეხლა უნდა დაედასტურებინა, მასში „შავი სითხის“ არსებობა და მილაკები მისით დაეტვირთა.

***
– არაო კვლავ გაიქნია თავი არდონხმა და დაღლილი სახით მარდუკ ჩორთვანელს შეხედა.
– მძიმედ შეჭურვილები არიან, ეს წყეული ბაჰლაუნდები, თანაც აკლდამა საგულდაგულო ლოდებით არის ნაშენი, გარედან ვერაფერს დავაკლებთ, კარი უნდა შევლეწოთ. „პეტრარია“ აქ ვერაფერს დაგვეხმარება, სპილენძის და ქვის ვერძია საჭირო, აბა თქვენ იცით – ბრძანა მიწისქვეშა ომებში გამოცდილმა მარდუკმა და ხელი უხალისოდ აიქნია. ჩორთვანელნი ვერძების მოსატანად გაქანდნენ.
ამასობაში მეზობელი სოფლებიდან ქალები წივილ-კივილით მოაწყდნენ იავარქმნილ ციხეს ჩორჩანისას. მეციხოვნედ ნამსახურევი მამების, ქმრების, ძმებისა და შვილების მდგომარეობის დადგენას ლამობდნენ ისინი. ზოგმა დიაცმა ციხის შემორღვეული ქონგურებისა და ნახანძრალი ბლისკინების დანახვისას შემოიგლიჯა სამოსი, მკერდზე დაიყარა მიწა, გაიშალა შავი, წაბლისფერი, თაფლისფერი, ჭვავის ფერი ნაწნავი და გოდებას მოჰყვა. დიაცებს მოხუცები მოსდევდნენ უკან. მათ ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება, ციხის შესასვლელთან დამდგარ შეჯავშნულ უცხო მეომრებს.
ერთმა მოხუცმა სახელად არდაშელმა ხალხი მიყარ-მოყარა და სპილენძის ფარიან შავი ტყავით მოსილ, სახე დაბურულ ასისთავს მიაწყდა.
– რას შვები ბალღო, მომკალი ეხლავე, ან ჩემი შვილი, მეციხოვნე გიორგი მაჩვენე, გინა მკვდარი და გინა დატყვევებული, შვილოო! უძახდა ვაჟს არდაშელი.
ასისთავმა, ერთი მოტრიალდა და მოხუცს, გრძელი საალყო შუბის ტარი შიგ მკერდში ძლიერად ატაკა, რის შემდეგაც, არდაშელა ჩაიკეცა, რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და მიწაზე დავარდნილმა სული განუტევა.

***
ქვის ვერძი მოიძიეს ჩორთვანელმა მეომრებმა და მარდუკის ბრძანების განხორციელებისათვის, ნელა იწყეს დაშვება შიდა ციხის დამრეც ფერდობზე, რომელიც პირდაპირ ჩორჩანელთა აკლდამისაკენ მიდიოდა. მზე ამოწვერილიყო მესხეთის ქედის თავს და შელახულ ჩორჩანის ციხეს, გამამხნევებელ სხივებს უგზავნიდა.

***
უცხო ენაზე მომღერალმა შურტამ როგორც იქნა მიწაში ჩამარხულ მთავარ კროჭს მიაკვლია, დაატრიალა და ნეტარებით განიმსჭვალა, როდესაც ნიადგაში დამალული საიდუმლო მილების „შავი სითხით“ დატვირთვის ხმა ჩაესმა. მილები სწრაფად ივსებოდა სითხით და შურტა გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებდა ხან ლაკლაკს, ხანაც ბეშქენს, რომელმაც საბოლოოდ ირწმუნა მისი ერთგულება და ხანაც სულას, ვინც დაკვირვებით შეჰყურებდა უცხოეთიდან „ჰაქიმად“ მოსულ, ხოლო სინამდვილეში უცხო და შეუცნობელი კაცის საქმიანობას.
– თუ რამეს ვაპირებთ მაშინ დროა… ვერძით შეიარაღებული ჩორთვანელნი უკვე კარს მოგვადგნენ ძმებო – თქვა ბეშქენმა, რომელიც კედლის საჭვრეტლებით აკვირდებოდა აკლდამის პირას გამოჩენილ ჩორთვანელთა დიდ რაზმს, რომელიც აკლდამის კარის შესალეწად ემზადებოდა. მუზარადები აულაპლაპდათ თორნიკეოსს და არდონხ ჩორთვანელებს და ღორის ქონით გაპოხილი მათი ტყავის კურტაკები, ციდან დედამიწაზე დაშვებულ გველეშაპებს დაემსგავსნენ. ბეშქენს უკვე ჩორთვანელთა სიტყვები ესმოდა, თორნიკეოსი ელაპარაკებოდა რაღაცას წინამბრძოლებს, სწორედ ამ დროს გულმა ვეღარ მოუთმინა ბეშქენს და უყვირა ჩორთვანელთა:
– ასე უხდით ამაგს ჩორთვანელნო გიორგი ჩორჩანელს, რომ მათი ოჯახის მოსპობა გწადიათ და თავად აკლდამაში აპირებთ შემოვარდნას? ვერ იკავებდა გაშმაგებას ბეშქენი.
– თქვენ არ ყოფილხართ ბადიშები გიორგი ჩორჩანელისა! თქვენ მხოლოდ მირიან ბაჰლაუნდის ნათესლარი ხართ, ოხ თქვენი- იყვირა რომელიღაც ჩორთვანელმა და მათი რაზმი მარტორქასავით გამოქანდა აკლდამის კარიბჭესაკენ. წინამბრძოლ არდონხს, ქვის ვერძის თავი ეჭირა და უკეთუ კარს შელეწავდა, წესისამებრ, დაპყრობილი მამულის ერთი მეათედი უნდა მიეღო.
– პირველ ათ დარტყმას თავისუფლად გაუძლებს ჩვენი კარი, მერე კი…-ჩაილაპარაკა შურტამ და ბეშქენს მიმართა – დროა მთავარო!
– ბეშქენ ჯაყელი მაშხალით ხელში უკვე მეორეჯერ მოუახლოვდა თხრილს და სადაც შურტამ უბრძანა, სწორედ იმ თეთრი მილის ნაპრალში ააგიზგიზა ცეცხლი.
შურტა, აფორიაქებული, ალიცლიცებული, ანთებული თვალებით შეჰყურებდა იმ საოცრებას რაც ეხლა მის წინაშე უნდა მომხდარიყო. აჰურა-მაზდა იღვიძებდა შურტას წარმოდგენაში. ცეცხლის ტაძარი თავისავე სტიქიის ხელმეორედ აგიზგიზებას უნდა დაპეყრო და ამის მოწმე იქნებოდა, საქართველოში მსტოვრად შემოგზავნილი უფროსი მოგვი, აჰურა მაზდისა, რომელიც ეხლა თავად ხდებოდა ცეცხლის ტაძრის პირველი ქურუმი.
ცეცხლის ალი გაიწოვა, მიწისქვეშა ტუნელმა. სისინისა და შიშხინის ხმა მოესმათ აკლდამაში გამოკეტილ ბაჰლაუნდებს. თითქოს მიწა დაიძრა მათ ფერხთ ქვეშ და ზეცაში აღიმართა. მართლა მიწა გრგვინავდა აკლდამის შიგნით და მის გარშემო. გუზგუზებდნენ, კიოდნენ და ძრწუნავდნენ, უჩინარი კომუნიკაციები ცეცხლის ტაძრისა რომელიც ცხრათავიანი ურჩხულივით ინთებოდა და თვალებს ახელდა.
***
მარდუკ ჩორთვანელი ოცნებებს მისცემოდა. სარდლის სკამზე მჯდარს უკვე წარმოედგინა, როგორ შეკაზმავდა ჩორჩანის ციხეს და თავისი მრავალრიცხოვანი სახლობით გადმოვიდოდა, მესხეთის გულში – ჩორჩანში, დაათხოვებდა ქალებს, დააცოლშვილებდა ვაჟებს და იქნებოდა, მპყრობელი მთავარი მთელი მესხეთისა და შემდგომ დიდი ქართლისა.
გამარჯვების მაცნეს ელოდა მარდუკი. პირველი ზათქი უკვე გაისმა. ნუთუ რამდენს გაუძლებს აკლდამის ძველი კარიბჭე. ვერძი უთუოდ მეათე შეტევაზე შეანგრევს აკლდამას და შემდეგ ბაჰლაუნდებს ან სამარცხვინო ტყვეობა, ანდა მათი თავებით ციხის გოდლების შემკობა. სხვა მეტი რა – უსიამოვნო ფიქრებს არ ეძალებოდა მარდუკის გონი.
***
მაგრამ უეცრად, საკვირველი რამ მოხდა. მარდუკის წინ მიწიდან, იდუმალი ძალით თუ რაღაც სტიქიონებით მართული, მოელვარე ნაპერწკლების მთელი ჯარი ამოიჭრა, ცოტა ხანში კი ზათქი გაისმა, მძვინვარე ცეხცლის ალები აღიმართნენ მარდუკის გარშემო, მოეჯარნენ მას და წამიერად გადაყლაპეს არა მარტო მარდუკ ჩორთვანელი არამედ მთელი შეჯავშნული სპა, რომელიც ჩორთვანელთა მამაცი სპასპეტის უკან იდგა და ბაჰლაუნდთა დამარცხებას ლამობდა.
ცეცხლის კედელი აღიმართა არა მარტო შიდა ციხეში, არამედ მის ყველა გოდოლში და ციხე სიმაგრის გარეთაც გაიჭრა.
სისინით და და შიშხინით მოჯირითე, მიწიდან ამოჭრილმა ცეცხლოვანმა ჭავლმა ტყის კორომებს მიაღწია და იქ მდგარი მოდარაჯე რაზმი უეცრად დანაცრულ, გამჭვარტლულ, ჩაშავებულ, შარაზე მიმოყრილ ჩაჩქან, აბჯარ მუზარადად აქცია.
***
გათავდა – თქვა შურტამ…

***
დამარცხებულ ჩორთვანელებს ბაჰლაუნდებისათვის, მათი სამცხის მამულების დათმობა მოუწიათ. 879 წლის შემოდგომაზე უხვად დატვირთული ურმების ჯარმა დაიპყრო ბიზანტიის იმპერიის საზღვრისაკენ მიმავალი სამხედრო გზა, ეს ჩორთვანელთა საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენლები ტოვებდნენ სამცხეს და ტაოსკენ მიემართებოდნენ. ტაოსკარში დასასახლებლად მიმავალ ჩორთვანელებს, უკანასკნელ ომში საარაკოდ გადარჩენილი თორნიკეოსი მიუძღვოდათ. მათ მკაცრი მზერით მიაცილებდნენ სულა კალმახის ერისთავი, ბეშქენ ჯაყელი და ლაკლაკ ჩორჩანელი.
– ზარი დაეცა ჩვენს მტერს – თქვა მუდამ მდუმარე სულა კალმახელმა.

***
ზარზმა მთავარ საფიქრალად გადაიქცა. სამცხეში მშვიდობა ჩამოწვა. დრო იხელთა მშენებელთუხუცესმა გარბანელმა და ბეშქენ ჯაყელთან ერთად ზარზმის ტაძრის დასრულება გადაწყვიტა. სულა კალმახელმა დიდი შემწეობა გაუწია მშენებარე მონასტერს და მის მთავარ კირითხუროდ საკუთარი შვილი იოანე დანიშნა. ლაკლაკი და მისი გრძნეული შურტა თითქოსდა განზე გადგნენ მშნებელობისაგან და ჩორთვანელთა ამბოხის გამოძიება დაიწყეს. გადააქექეს ჩორთვანის ციხე-კოშკები, დაკითხეს ხალხი და მოიძიეს მათი წინგთსაცავები.
***
სამადლობელ წერილს წერდა ბეშქენ ერისთავი ლიპარიტ ბაღვაშს, იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი არ ჩაერია „ჩორთვანელთა ამბოხში“ და საარაკო კეთილმეზობლობა გაუწია გიორგი ჩორჩანელის შვილიშვილებს, რომელთაც, მხარის სამართავად საჭირო პოლიტიკური ალღო და გამოცდილება შესაძლოა ჯერ კიდევ აკლდათ, მაგრამ იმის ალღო კი ჰქონდათ, რომ გამძაფრებულ პოლიტიკურ გარემოში მოკავშირეები ბრთხილად მოეძიათ. ბაჰლაუნდთა ოჯახის გამოუცდელობას პირდაპირ არ აღწერდა ბეშქენი, მაგრამ მის მიერ ასახული მოვლენების ჯაჭვი, თავადვე მიანიშნებდა სამივე ძმის გარკვეულ უასაკობაზე, რაც იმასაც ნიშნავდა რომ ერისთავი სიბრძნით ცნობილ ლიპარიტს, რჩევისათვის აუცილებლად მიმართავდა. თავიანთ თავს „ახალ ჩორჩანლებად“ იხსენიებდა ბეშქენ ერისთავი, მაგრამ წერილს ხელს აწერდა არა როგორც ბაჰლაუნდი ან ჩორჩანელი, არამედ ჯაყელი.
წერილი მალემსრბოლს გაატანეს. ბეშქენ ჯაყელი კალამს და სამელნეს, ხმლის ქარქაშში მოთავსებას უპირებდა და უნაგირზე ჯდებოდა, როდესაც ჯაყის ციხის შესასვლელში ლაკლაკის იისფერი მოსასხამი აფრიალდა და გახარებულ ბეშქენს ძმის ნაცვლად უეცრად ლაკლაკის ერთგული შურტა შერჩა ხელთ.
დიდად გაიხარა ბეშქენ ჯაყელმა შურტა კუტალმიშის ხილვა და დაქვეითებულ სპარსს ისე ძალუმად ჩაავლო ხელი მხრებში და იმგვარი ძალით მიიჭირა ფართო მკერდზე, რომ ამ უკანასკნელს თვალებში პატრონისადმი შიში და მის მიმართ სიყვარული ერთდროულად გამოესახა.
– როგორ არის ძმა ჩემი ლაკლაკ, რას მეტყვი ახალს ჩემო კუტალმიშ? იკითხა ბეშქენმა კმაყოფილი სახით.
– ფრიად კარგად არის პატრონი ჩემი, რომელიც გაუწყებთ რომ, ჩორთვანელების ზურგს უკან თავად ლიპარიტი დგას ერისთავო, იცან საბუთი?-უსიამოვნო სათქმელი დაშაქრული ხმით თქვა შურტამ და ბეშქენს ლიპარიტისეული გრაგნილი გადასცა.
გაოცდა ბეშქენი. მჭმუნვარე სახით ჩაიკითხა, ლიპარიტის მიერ ჩორთვანელებისათვის გაგზავნილი გრაგნილი, შემდეგ გახედა ჯაყის ციხიდან გადაშლილ მესხეთის მთებს. იფიქრა მოვატრიალებ ლიპარითტან გაგზავნილ მალემსრბოლსო, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და შურტას უთხრა:
– ჩორთვანელთა თავდასხმა ჩიტის ჟღურტულია, იმასთან შედარებით რაც აწი მოგველის კუტალმიშ, მაგრამ მაინც მგლის ნება სჯობს ძაღლის ერთგულებას.

***
ფერსათის მთებზე ჩამოთოვა იმ ღამეს. ჯაყის ციხეზე მაშხალები დაანთეს. ციხე უჩვეულოდ განათდა. ჟინჟღლებს ყრიდა მისი მთავარი გოდოლი უკუნეთ ღამეში. სარკმელიდან მოსჩანდა ერთი ძვალმსხვილი კაცი, რომელიც არემარეს დინჯად ათვალიერებდა და ბრძანებებს აძლევდა ქვევით მყოფ სამხედროთა, ხოლო მეორე უფრო ჩია ტანის მქონე, მდუმარე სახით შეჰყურებდა ღრუბლებში დამალვას მოწადინებულ მთვარეს და ფიქრობდა.
***
ამ დროს, ყინულივით ქარი შემოიჭრა თრიალეთის ქედებში, ფართო მხრებზე სიასამურის ტყავი მოიგდო ლიპარიტ ბაღვაშმა და ბეშქენ ჯაყელის მიწერილი წერილი, რომლის ბოლო სტრიქონი, არც კი წაუკითხავს, ანჩხლი დედაკაცივით მოისროლა ბუხარში. „არასწორად მოვიქეცი, ვენდე რეგვენ ჩორთვანელებს, უნდა მიმეყოლებინა ჩემი სპა, უეჭველი გამარჯვებისათვის, ეხლა კი რაღა ვთქვა? სასაცილო არ გავხდე ხალხის თვალში, ლიპარიტ…“ – დრტვინავდა კლდეკარელი ერისთავი და გულში შეუცნობელ, დამთრგუნველ შიშს გრძნობდა. კახაბრისძეებთან დამარცხებაც მოაგონდა ბაღვაშს და სულ მთლად გაწითლდა. არგვეთიდან გადმოხვეწილი, პოლიტიკურ სიბეცეს მიაწერდა თავის მაშინდელ მარცხს. მაგრამ იმის შემდეგ ათმა წელმა განვლო, უკვე კლდეში კარია გაჭრილი, გზებიც გაყვანილი, ქარავნებიც მოზიდული და ოქროც აკრეფილი. სტრატეგია ჩინებული ჰქონდა ლიპარიტს. თავს ბიზანტიის კეისარს ადარებდა, მაგრამ აი მარცხიც განმეორდა. უჩვეულო ზიზღი იგრძნო თავის თავის მიმართ ლიპარიტ ბაღვაშმა. ბუხარი ჩაქვრა. სიბნელეში იჯდა მარტოდმარტო და დათოვლილ მწვერვალებს გაჰყურებდა. გოდოლის დაბლა სართულზე მის ოჯახს ეძინა. მშვიდად სუნთქავდნენ ბავშვები თრიალეთის ღამეში. „მტერი კი შემოჯარულია, ერთი დამარცხება და კისერს გამოგვჭრიან ლიპარიტ“ – მიმართავდა იგი თავის თავს დამამცირებელი სიტყვებით. მხოლოდ ბავშვების ფშინვის ზოგიერთ ბგერას თუ მიაგნებდა მისი ყური ამ მდუმარებაში.
***
ზარზმა კი უკვე იდგა, სულისათვის მუხლჩაუხრელ შრომაში. მუხლმოკვეცილ ლოცვასა და წიგნთა გამრავლებაში. ქართული მიწები მოიწევდნენ მისკენ და იგიც თავის მხრივ მიიწევდა მათკენ, მიარღვევდა თითქოს ქვა-მიწას, მიჰქონდა სიმართლე ძე კაცისა კავკასიის ფერდობებისაკენ და ეს ფერდობებიც ეხმაურებოდნენ მას, როგორც გულჩათხრობილ ზღაპრულ გოლიათებს სჩვევიათ, მდუმარე თანხმობით, იგებდნენ ზარზმის გულის წიაღში დაბადებულ ქართულ ქარაგმას და თავს უქნევდნენ მას ივერიის შვიდივე კუთხიდან თუ ხუთივე კუნჭულიდან.
ზარზმა ხარობდა სიყვარულის წიაღში, თითქოს აიმედებდა მის გარშემო შექმნილ ქართულ მიწებს იმაში, რომ კიდევ ერთხელ, ჩაჰკიდებდა მათ ხელს და შეჰკრავდა მათ დიდ ქართულ სახელმწიფოში, სადაც ჭეშმარიტება ძე-კაცის, დაამარცხებდა ბოროტებათა სულს და ადამის ძე კვლავ იხარებდა, ქართულად მწერალი და მოუბარი.
ზარზმა იდგა, იწურებოდა 879 წელი.

***
მესამე ნაწილი

***

ქართველთა სამეფო და ხუთი კუნჭულის ქვეყანა – 888 წელი

არაბთა სახალიფომ დასუსტება იწყო? აღარ აგზავნიდნენ დაუდგრომელ მხედრებს, აბასიდების იმპერიის დედაქალაქიდან შორეულ კავკასიაში, რომელიც მის ჩრდილოეთ საზღვარს წარმოადგენდა? აღარ შეესეოდნენ ახალ-ახალ მიწებს იმის იმედით, რომ ისლამი განვერცოთ და გაეშალათ რწმენის ასპარეზი? თუ პირველმა მუსულმანურმა სამოქალაქო ომმა, რომელიც 661 წელს გაჩაღდა, დაამხო არაბთა ძლიერება? თუ 5,17 მილიონ კვადრატულ მილზე გადაშლილი ომაიადების და შემდეგ მათი მემკვიდრეების სახალიფო, ძალზე გაფართოვდა და გაწყდა? თუ ომაიედების აბასიდებით შეცვლამ გამოიწვია შინაგანი რყევები იმპერიის განაპირას, კერძოდ კი კავკასიაში? უამრავი „თუა“ მართლაც.
ერთი კი ცხადია რომ „ისლამის ოქროს ხანა“ 622 წელს დაიწყო და 888 წელს არაბთა იმპერია ჯერაც ძლიერი და შინაგანად მწიფე ჩანდა.
***
მამა და შვილი
– თუ არ ჩავთვლით დამპყრობელ არაბს, რომელიც ტფილისში ზის ამირად, მაშინ ვიტყოდი – ჩვენს მიწებზე, ბოლო საუკუნეში ხუთი სამთავრო ჩამოყალიბდა, რომელთა შორის პირველია კახეთის სამთავრო…“ – თქვა ლიპარიტ პირველმა ბაღვაშმა და თრიალეთის ტბებივით მოლურჯო-მომწვანო თვალები თავის შვილს შეანათა.
– კახთა სამთავროს შექმნა წანართა აჯანყებამ გამოიწვია მამი, არაბებს წანარებისათვის ოცი ათასი კაცი მოუკლავთ ერთ ბრძოლაში და შემდეგ მათ თიანეთისაკენ დაიხიეს, მთელი კახეთი მიიმხრეს და დაგუბდნენ.
– დონაურები გახდნენ ქორეპისკოპოსები კახეთისა და დღესაც იბრძვიან, აფართოებენ საზღვრებს შვილო – ფიქრში და სევდაში ნაწრთობი თვალები მიაპყრო ლიპარიტ პირველმა თავის პიმშოს, თითქოს კითხვა დაუსვაო, იმგვარად მამობრივი სითბო და სიმკაცრე გააერთიანა ამ შემოხედვაში.
– კახელების გარდა, ჰერებმაც ჩამოაყალიბეს სამთავრო, ეს უკვე მეორეა, მასზეც უნდა ვიფიქროთ – აგრძელებდა ლიპარიტი დინჯად, კელაპტრის ხელა საჩვენებელ თითს ზე-აღმართავდა და თავისსავე სიტყვებს უკვირდებოდა.
– ჰერეთი? არც თუ ისე მყარი წარმონაქმნია – ამბობდა ლიპარიტ მეორე, რომელსაც, როგორც ჩანს მამის მარწუხებიდან თავის დაღწევა ეჩქარებოდა. ეს შეამჩნია უფროსმა ლიპარიტმა და მისი მზერა კიდევ უფრო დამძიმდა, ქუთოთოები ჩაუშავდა ხოლო თვალები ჭაობისფერი გაუხდა კლდეკარის არწივს.
– განსხვავებულ ვითარებაში ჩამოყალიბდა აბხაზთა სამეფო ჩემო ვაჟო – აგრძელებდა მონოტონურად ლიპარიტი და შვილს არათუ თვალში არამედ სულში უმზერდა.
– ესეც მესამე – უილაჯოდ პასუხობდა პირმშო და თვალი ქვედა კოშკისაკენ ეჭირა სადაც საოცნებო სირიელი მხევალი ქალი – ზეალი ელოდა.
მამა გააგულისა შვილის ამგვარმა მოუთმენლობამ, მაგრამ ნება მოიკრიბა და ისევ განაგრძო.
– აბხაზთა სამეფო სულ სხვაა შვილო, იქ ჯერ არაბთა ფეხი არ დადგმულა, მურვან-ყრუმაც ვერ მოახერხა ანაკოფიის იქით წასვლა. ამიტომაც ეს სამეფო თავისუფლების აკვანია. ლეონ მეორის დროს, ხაზართა რაზმები გადმოიყვანეს მათ და თავისი ძალაუფლება იმერეთზე, ლაზეთზე და ჭანეთზე გაავრცელეს. ამიტომაც ზიან აბხაზთა მეფეები დღეს ქუთაისს და შენ რომ იცოდე აქეთაც იყურებიან.
– დიახ ჩემო მამაო – ცნობისმოყვარეობას მოკლებულმა, მაგრამ ვნებების ტყვეობაში მყოფმა ლიპარიტ მეორემ წამოდგომა დააპირა, მაგრამ უეცრად მამის მათრახმა ჰაერში გაიტკაცუნა და ლიპარიტ მეორემ საუცხოო სისწრაფით ისკუპა სარკმელისაკენ, რათა მამის „ტაჯაგანი“ აეცდინა.
– დაჯექი, რომ მდომოდა ყურებს ჩამოგასხოპავდი „ტაჯაგანით“ – ავხორცულად ამეტყველდა მამა, ლიპარიტი დაუკვირდა მის თვალებს და გაკვირვებული, სამფეხა სკამზე ჩაიკეცა. ცეცხლის ალები უკიაფებდა თვალში ლიპარიტ პირველს, მათ კელიაში სანთელიც კი არ ენთო, სახლი მთვარის შუქს გაენათებინა, მაგრამ მამის თვალები კვლავ ელავდა.
– „საიდან მამას თვალებში ალი?“ – გაიფიქრა თრიალეთის მემკვიდრემ და ხელები უღონოდ ჩამოუშვა, „ეხლა იძინებს ზეალი, არაუშავს, მივალ და დათვის ტყავებში შევაცურებ ხელს, იქ არ იქნება? არაუშავს, კიდევ მოვუსმენ ამ ქოფაკს, ცოტაც ზეალ და დავბრუნდები“ – გველივით დაკლაკნილი აზრები უბეში ჩაუსრიალა პირმშო ერისთავს.
– მომისმინე და ყური მიგდე, ყოველივე დაიმახსოვრე, თორემ ან თავად დაიღუპები ან ეს მეფე-მთავარნი , ეხლა რომ გესაუბრები, ჩაგახრჩობენ საკუთარ უმეცრებაში, ჰოდა რას გეუბნებოდი…
– აბხაზეთის სამეფოზე მიყვებოდი იმას რაც უკვე ასჯერ მომისმენია შენგან – ჩაილაპარაკა ტანბგრე და სასიამოვნო გარეგნობის, ოდნავ სიყმაწვილეში ზედმეტად დარჩენილმა, „გადამწიფებულმა“ მემკვიდრემ და მამის „ტაჯაგანს“ თვალის ფრიალი უწყო.
– ამ „ტაჯაგანით“ გავუხეთქე თავი ბევრს, განსაკუთრებით შენს ძმადნაფიცს ერთს, რომელიც ეხლა დილეგში მყავს ჩაგდებული – თქვა ლიპარიტ კლდეკარელმა და გაიცინა, თავისი უმანკო, მომსყიდველი, რწმენის ჩამსახველი ბავშვური სიცილით.
– ეს ვინ გყავს ჩაგდებული დილეგში მამი – გაოცდა წამოწითლებული ლიპარიტ მეორე და ფეხზე წამოიწია.
– დადექ მანდ თორემ – მუქარით შემართა ლიპარიტმა თავისი ცნობილი „ტაჯაგანი“, რომელზეც შვილმა სისხლის ლაქებიც შემაჩნია და დაჯდა.
– მომისმინე მუდრეგო, აბხაზთა სამეფო მესამეათქო დაიმახსოვრე, რომელიც მტრულად გვიყურებს, მაგრამ განსაკუთრებით საშიშია იცი რომელი?
– პირმშომ უმეცრების ნიშნად თავი ჩამოუშვა, რამაც მამას აფიქრებინა შემდეგი : „ეტყობა დიდხანს არ უნდა მოვკვდე და სამთავრო პირდაპირ შვილიშვილს გადავცე, თორემ ამას ვაცივით შეიკლავენ ხელში აი ისინი, ვინც ძმობას გვეფიცება“, აზრი უმალ მოისხლიტა ლიპარიტმა და განაგრძო.
– განსაკუთრებით სახიფათოა ჩვენთვის ტაო-კლარჯეთის სამთავრო, რომელიც ქართლიდან გადმოხიზნულმა აშოტ მეფემ შექმნა და რომელიც ხვალ უკვე სამეფოდ გადიქცევა – მელიასავით გაიყურსა ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავი და ვაჟს სახეზე დააკვირდა, თუ ხვდება რამესო, მაგრამ რაც დაინახა იმან სულ გააგულისა.
ლიპარიტის თეთრ სახეზე, სიბნელეში კატასავით მხედვარმა მამამ, უნდობლობისა თუ უღონობის მკრთალი ალი დააფიქსირა და რადგანაც თავად ლიპარიტ ბიზანტიაში იყო განსწავლული, ჰერაკლიტეს მოძღვრების ის ნაწილი გაახსენა სადაც ამტიცებდნენ, ყოველივე ვნება და აზრი – ცეცხლი გახლავთო.
ჰოდა სწორედ ცეცხლი აკლდა მის პიმშო შვილს. მკრთალი ელვარება რა თქმა უნდა იყო, მაგრამ იდეისათვის აბრდღვიალება, ისეთი რომელიც ბაღვაშებს ახასიათებდათ, ამ ტანბრგე და ჩუმ ჭაბუკს ნამდვილად არ ქონდა. „იქნებ ნადირობამ გამოაცოცხლოს, იქნებ დიაცმა ააანთოს, იქნებ შენებამ შეასხას ფრთები“ – გაიაზრა კლდეკარის ერისთავმა და უეცრად გაიღიმა, როდესაც თავჩაღუნული შვილის ქოჩორს შეავლო თვალი. „კარგია რომ ეშინია, როდესაც მე მამამ ჩემმა, ხუთი წლის ბავშვს, მომაგინა არგვეთში, პასუხად ისარი ვტკიცე, კინაღამ მოვკალი მამა, რადგანაც ისარი მაღლა აწკიპულ წარბში მოვარტყი, მხოლოდ იმან იხსნა არგვეთის ერისთავი, რომ ჩემი ისარი საბავშვო და სათამაშო იყო“.
ამას რომ ფიქრობდა უფროსი კლდეკარელი, უმცროსი კვლავ ზეალს, სირიელ ქალწულს დაუბრუნდა გულის წადილში. ამაყი იყო ზეალი, რომელსაც ქართველნი ალდედ უხმობდნენ. ზორაოსტრას მიმდევარი იყო, მაგრამ მოცინარი, ლაღი, მომღერალი, განსწავლული, ტანმაღალი, შავთვალა და შავთმიანი, არაბული ცხენივით ვნებიანი და შმაგი, მორკალულ ხანჯალს ატარებდა ვერცხლის ქამარში გარჭობილს. საათობით შეეძლო ხარხარი ზეალდს. პირველად ერთი თვის წინ შეხვდა. გამოქვაბულების უბანში მოდიოდა ზეალდი, თავზე ვერცხლის სინი ედგა, წვრილ წელსა და განიერ თეძოებს ზღვის ტალღებივით მიათამაშებდა. „ქალო რა გქვია ?“ შედგა და ჩამოქვეითდა კლდეკარელი. ზეალდმა პასუხადაც არ ჩასთვალა, ისე ჩაუარა გვერდი და ააგიზგიზა ჭაბუკის მკერდი.
– დამიბრუნდი, ჩემთან ერთად იფიქრე, მარტო ერთი ადამის ძის ნააზრევი არ ეყოფა კლდეკარის საერისთავოს – შესძახა უეცრად მამამ და „ტაჯაგანი“ მუხლის თავებზე გადაუტყლაშუნა პირმშო შვილს. „საინტერესოა რამდენს მოითმენს, მე აქამდე სატევარს ვაძგერებდი მამას ჩემსას“ – გაიცინა ლიპარიტ პირველმა და შვილს უჩვეუულო ინტერესით შეხედა : „ეხლაც თუ არაფერი თქვა, მაშ ვირი ყოფილა“.
– გისმენ მამავ, მეოთხეა ტაო-კლარჯეთის სამთავრო ბაგრატიონთა – უცნობივით ჩაილაპარაკა მცირეწლოვანმა კლდეკარელმა და მუშტები ერთმანეთს მიაბჯინა, თავი ჩაქინდრა და მუხლებს შორის არსებულ სივრცეს ჩაუკვირდა.
„თუ ეს არ დავაოსტატე ხელმწიფეთა და მთავართა ცბიერებაში, მაშინ რა აზრი ჰქონდა ამხელა კლდის გაჭრას, ვაჭრების მოპატიჟებას, ქარავნების სიუხვეს, მეკობრეთა შემუსვრას, ბიზანტიასთან დამეგობრებას, მეურნეობას, ვაჭრობას და დაღვრილ სისხლნარევ ოფლს? თუ შვილი არ ყავს მამას, ფუჭია ყველაფერი“. – მტკიცედ ჩაისამარა აზრი ლიპარიტმა და შვილს შეჰყვირა:
– ჰოდა მეოთხეა ეს ტაო-კლარჯეთის სამთავრო. ხოლო მეხუთე და მათი თანაბარი როგორც სამხედრო საქმეში ისე საჭურჭლის შემოსავლებში უნდა ვიყოთ ჩვენ – კლდეკარის საერისთავო, მომავალში კი ვინ იცის , იქნებ სამთავროც და სამეფოც. ვინც ამ ხუთ სამეფო-სამთავროებში ფლობს სიტყვის ძალას, სწორედ ისაა ხუთკუნჭულა! ხომ გახსოვს ზღაპარი შვილო? – ცბიერად იმზირებოდა ლიპარიტი.
– რა ზღაპარი მამი? ხუთკუნჭულა? როგორ არ მახსოვს.
– თუ გაიგე ამ დიადი ზღაპრის სვე-ბედი? ვერ გაიგე როგორც ვხვდები. მაგრამ აუცილებლად შეგამეცნებ მას, აუცილებლად, მაგრამ ეხლა მომისმინე და მოიწიე ახლოს, სანთელი აანთე და ვნახოთ რუქაი.
ერთი დიდი კელაპტარი დაანთეს. მეორესაც დავანთებო დაიჟინა უმცროსმა კლდეკარელმა, მაგრამ მამამ, რომელიც მომჭირნეობით გამოირჩეოდა, აუკრძალა მას მეორე კელაპტრის „გაფუჭება“. „მუდამ დაკმაყოფილდი უმცირესით უდიდესის მისაღწევად“-ჩაილაპარაკა მამამ რომელიც ახალთ-ახალ, ბიზანტიაში დახატულ რუქას შეჰყურებდა.
– ქვევით გადაჭიმული წითელი სტავრა, ეს არაბთა სახალიფოა, ხედავ სადამდეა გადაჭიმული, იქეთ შორს, იბერიის ნახევარკუნძულია, ამბობენ კიდევაც რომ ჩვენი ნათესავი მანდ სახლობს, იბერიასაც შეესივნენ არაბები და დაიპყრეს, ზევით ბიზანტიის იმპერიაა, ეხლა დაძაბუნებული და დასუსტებული, მაგრამ აი ნახე ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ. ზევიდან გვირტყამს აბხაზეთის სამეფო, აღმოსავლეთიდან კახეთისა და ჰერეთის სამთავროები გვიყურებენ მტრულად, დაბლიდან, ანუ სამხრეთიდან – ტაო-კლარჯეთის სამთავროა ჩვენს დასამხობად მომზადებული, სწორედ ის კეტავს ჩვენთვის აუცილებელ და სასიცოცხლო გზას, მიმავალს ბიზანტიისაკენ. დასავლეთით ჩვენგან არის სამცხე, თუ ის დავიმორჩილეთ, მაშინ შევძლებთ ლაზებთან ერთად, „სტუმართმოყვარე ზღვაზე“ სავაჭრო საქმიანობას. ხომ იცი სამხედრო საქმე, სავაჭრო საქმის დაბოლოებაა. ზღვაოსნობა კი ვაჭრობის ღერძია. აღმოსავლეთით გვესაზღვრება თბილისის საამირო. მათთან ურთიერთობა კარგად გვაქვს შესასწავლი და მიმართულებები დასაზვერი. ჯავახეთიდან ქართლში გადასასვლელი ერთადერთი გზა ჩვენს ხელშია. ამიტომაც ნელ-ნელა უნდა მივყვეთ ამ გზას და ჯავახეთი და მთელი სამცხე ხელში ჩავიგდოთ. ჩორთვანელები კი დაამარცხეს მირიან ბაჰლაუნდის ვაჟებმა, მაგრამ მათ რომ არაბი შეუსიე, მაშინ კი დავაძაბუნე ისინი, ეხლა ერთი დარტყმა დამრჩა.
– მართალი ხარ მამი – ჩაილაპარაკა დაღლილმა ლიპარიტ მეორემ და შეყოვნდა. ლიპარიტიც ელოდა მის მიერ წარმოთქმულ რაიმე აზრს, რომ განზრახ აეგდო აბუჩად შვილი, იქნებ ამით უფრო აებრდღვიალებინა მისი მემკვიდრე, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვაჟი ჩამქრალი იყო.
– შენ ხომ იცი როგორ მოვხვდით ჩვენ ბაღვაშები თრიალეთში? – იკითხა მოთმინება გამოსულმა ლიპარიტმა ბოლოს.
– როგორ?
– აბხაზთა მეფემ, კახაბრისძეებთან ერთად გამოგვაძევა არგვეთიდან. მე ეხლა კვლავ შევისყიდე არგვეთის მამულები, მაგრამ აბხაზთა მეფესთან ბჭობაში ვერაფერს გავხდი. მეურნეობა შემრჩა არგვეთში, მაგრამ იქაური ვაჟკაცების ომში ჩაბმის უფლება წამერთვა. ანუ არგვეთელებთან მხოლოდ ვაჭარი ვარ, მაშინ როდესაც სტრატეგოსობაც მეკუთვნის. მაგრამ მთავარი სხვაა. ყოველი მხრიდან ვართ გარშემორტყმულები და როგორ ფიქრობ რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი არსებობა კლდეკარში? – თვალებს აფრიალებდა უფროსი კლდეკარელი და ვაჟს თავზე დაჰყურებდა.
– ხარისა და ლომის ზღაპრიდან გირჩევ მამავ, დავატაკოთ ერთმანეთზე აბხაზთა სამეფო და ტაო-კლარჯეთის სამთავრო – თქვა თავისივე გაბედულებით უეცრად აღელვებულმა პირმშო შვილმა.
– ტაო-კლარჯეთის სამეფოს ადგილას, მომავალ მსგებსში „ქართველთა სამეფო“ შეიქმნება, დაგვასწრეს შვილო, ეს მე უნდა მომეფიქრებინა, ეს ჩვენ უნდა ხელახლა დაგვეარსებინა ერთ დროს ჩამქრალი სამეფო ქართველთა – ბრძანა დანანებით ლიპარიტმა და მის წინ გადაშლილ რუქას მჭმუნვარედ დახედა.
– როდის დაარსდა სამეფო? – მართლაც გამძაფრდა უძინარი ლიპარიტის გონებაში სიახლის ძიების მბჟუტავი არსი.
– დილას მაახლეს წიგნი ბაგრატიონთა. მომავალ კვირას, ოშკის ტაძარში, მეფეთა კურთხევის პროცესიას უნდა წარუძღვე წინ, როგორც ნოველის-სიმუსი და უნდა მოწმედ ვიყო იმისა რომ ქართველთა მეფედ დაჯდება ძე დავით ბაგრატიონისა – ადარნერსე – ლიპარიტი შვილს მიაცქერდა.
– ესეიგი ორი სამეფო უნდა შევახეთქოთ ერთმანეთს და ჩვენ განზე გავდგეთ – თქვა ლიპარიტ ლიპარიტის ძემ და რუქას დახედა.
– ბიზანტიის იმპერატორმა აშოტს კურაპალატობა უბოძა, რაც მფარველობასაც გულისხმობს. მართალია აშოტი და შემდეგ მისი მემკიდრეები საკუთარი ძალებით იბრძვიან, მაგრამ მათი სამთავრო, რომელიც კვირას სამეფოდ გადაიქცევა ბიზანტიის გავლენის სფეროა. აბხაზთა სამეფომ თავის დროზე კარგად გამოიყენა ბიზანტია, მაგრამ იგი უფრო ნაკლებად არის მასზე დამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს რომ თუ ომი ატყდა აბხაზთა და ტაოელთა შორის, მაშინ ბიზანტია, ფარულად თუ ღიად ორთავეს დაეხმარება. რაც იმას ნიშნავს რომ….ლიპარიტს თვალებში ეშმა ჩაუსახლდა.
– რას ნიშნავს? იკითხა მემკვიდრემ და გათენებამდის ნეტა რამდენი დარჩაო გაიფიქრა.
– ნიშნავს იმას რომ ორივე სამეფო აოხრდება, მოსახლეობას ომი შეიწირავს, ცხენებს ალყა და ფურაჟის ნაკლებობა დახოცავს. სასახლეებს და ციხე კოშკებს გადაბუგავს ლოდსატყორცი, განსაკუთრებით „პეტრარიას“ მსგავსი, რომლებიც უფრო შორსაც ისვრის და ზუსტადაც ახვედრებს, ეკლესიები დაირღვევა და აოხრდება დაქირავებული ჯარისკაცების მიერ, რომელთაც სამშობლო და რწმენა არც გააჩნიათ, რომ რაიმეს გაუბრთხილდნენ, ხალხი აიყრება და შორს გაიხიზნება, ქალაქები აღიხვნება პირისაგან მიწისა და ყველა საბოლოოდ ჩვენს მიუვალ, გამაგრებულ თრიალეთს შემოეხიზნება. დაიმახსოვრე – ჩვენ მიუვალი მთის სახელმწიფოს ვაშენებთ. მთა კი მაშინაა ხელსაყრელი, როცა ირგვლივ ბარში დაუსრულებელი ომია, სხვა შეთხვევაში, ვთქვათ მშვიდობის დროს ბარი სჯობს მთას. ამიტომაც ჩვენ დაუსრულებლად უნდა ვაომოთ ერთმანეთში ჩვენი მეზობლები და ამგვარად კიდევ უფრო გავმდიდრდებით და გავძლიერდებით. ბარში მშვიდობა ჩვენი სიკვდილია.
– აბხაზებმა რომ გაანადგურონ ტაოელები? იკითხა დაფიქრებულმა ლიპარიტ ლიპარტის შემ.
– მაქვს გეგმა ერთი, რომელიც უნდა განდო – გამჭოლი მზერით შეხედა ლიპარიტმა შვილს. ახალგაზრდა ბაღვაშის სახეზე გაოცება ამოისახა, მას აქამდე დიდი ლიპარიტი თავის აზრებს არ ანდობდა, მაგრამ როგორც ჩანს, მისი დროც დადგა თუ უნდა დამდგარიყო და უეცრად ვაჟს, იმის გამო რომ მას მამა რაღაც დიდს ანდობდა, სიამაყის გრძნობა გაუჩნდა.
– საქმე იმაშია შვილო ჩემო რომ, გუარამ მამფალის შვილიშვილი ფარსმანი უნდა წავკიდოთ თავის ბიძაშვილ ბაგრატიონებს, მამის სისხლი უნდა მოვათხოვინოთ, თუ ხვდები ჩანაფიქრს ჩემო არწივო? – ლიპარიტის თვალები კვლავ ჭაობისფერი ხდებოდა.
– ფარსმანი, ნასრი ძე, ჩემი ძმადნაფიცია, რას ფიქრობთ ბოროტს მამავ ბატონო? – შეძრწუნებული არ იყო მაგრამ გაოცებული გახლდათ არწივის ბახალა.
– ნასრი, აბხაზთა მეფის სიძე იყო, თუ მისი ვაჟი ფარსმანი დაუპირისპირდება ტაოელებს, რომელთაც მალე ქართველთა სამეფოს აღდგენა უნდა იზეიმონ, განსაკუთრებით ბაგრატ კურაპალატის მემკვიდრეებს, მაშინ ეს ორი სამეფო ერთმანეთს სააღდგომო კვერცხებივით მიეახლება და თრიალეთის ციხეების მეპატრონე შესაძლოა არწივივით გამეფდეს მათზე-ლიპარიტის თვალებში კვლავ ცეცხლის ალები ირხეოდნენ, მაგრამ ამჯერად დიდი კელაპტარი ანათებდა ოთახს და მის ანარეკლად მიიჩნია ვაჟმა ის რაც მამის თვალებში იხილა.
სადღაც შორს ტურამ დაჩხავლა არგვეთიდან გამოძევებული ლიპარიტის საერისთავოს.
– ვინ არის ფარსმანის მოკიდული ან მიმდგომი ერისთავებს შორის ? – იკითხა ფიქრებისაგან გამორკვეულმა ბაღვაშმა.

***
მოკიდული და მიმდგომი ძველ საქართველოში გავრცელებული მცნება იყო. იგი თავისი მნიშვნელობით თანამედროვე პოლიტიკურ პარტიას უდრიდა. მოკიდულები ერთად მოქმედებდნენ და მათ გარკვეული მისიაც ჰქონდათ.
მათი მიმდგომნი ხშირად არა უბრალოდ წევრები იყვნენ საქმისა, არამედ მთავარი მოქმედი პირნი.
ნასრის ვაჟი ფარსმანი , ამგვარი მოკიდულებით ერთ-ერთი დიდი ძალა იყო ტაოელთა შორის. იგი გახლდათ გუარამ მამფალის შვილისშილი, მისი მამას ნასრს დიდი განსაცდელი შეემთხვა.
საქმე იმაში იყო, რომ თრიალეთში არგვეთიდან გამოძევებული ლიპარიტ ბაღვაში ტაოელ დავით ბაგრატიონს შეეხიზნა და მისი ვასალი გახდა, მაგრამ თრიალეთი არ ეკუთვნოდა დავით ტაოელს. გუარამ მამფალს მამათაგან ჰქონდა მტკიცე საფუძველი თრიალეთი თავისად მიეჩნია. უბრალოდ გუარამ მამფალი და მისი ოჯახი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ თრიალეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობას და შესაბამისად, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ ვერ აფასებდნენ თრიალეთის „გეო-პოლიტიკას“
როდესაც ლიპარიტ პირველი ბაღვაში თრიალეთში გადმოვიდა, კლდეკარი გაჭრა და საქარავნო გზა გაიყვანა, ციხეები ააგო და სამხედრო-კომერციული სამთავროს შენებას შეუდგა, მაშინ ნასრმა გაიკვირვა და დავით ტაოელს წიგნი მისწერა.
დავით ტაოელის პასუხი ასეთი იყო – ლიპარიტი ჩემი ყმა არის და უფლებაც მე მივეციო. კი მაგრამ, თუ შენი ყმა არის მაშინ ეგ ლიპარიტი შენთან ჩაისახლეო-უპასუხია ნასრ მამფალს. დავით ტაოელმა არაფერი მოსწერა ნასრს პასუხად, რამაც შური და ღვარძლი, მტრობად აქცია.
ერთ მშვენიერ დღეს ნასრი შეეჩეხა დავით ტაოელს, რომელსაც კლარჯი დიდებულების მსგავსად, მარტოდ მარტო უყვარდა ნადირობა. ნასრმა დაიმარტოხელა დავითი თუ პირიქით ეს არავინ იცის, ისინი ტაოს ხიდზე შედგნენ და ერთმანეთს თვალებში შეხედეს. დავით ტაოელი ჭარმაგი მამაკაცი იყო, ნასრი კი ახალგაზრდა. ორივეს თავისი ხმლისა და აბჯრის იმედი ჰქონდა და შეებნენ ერთმანეთს. ამგვარი შეტაკებები სიკვდილით იშვიათად მთავრდებოდა, მაგრამ ნასრის მოქნეულ ბაღდადურ ხმალს წინ ვერ აღუდგა დავით ტაოელის ჯაჭვის რამოდენიმე რგოლი, რომლებიც გამოუწრთობელი ჩაუსვიათ, მთლიანი ჯაჭვის აღსადგენად, რამოდენიმე დღეების უკან. არც ნასრი ელოდა ასეთ უბედურებას. დავით ტაოელის ჯაჭვმა როგორც იტყვიან უმტყუნა პატრონს და ნასრს მკვლელის საზარელი სახელი შერჩა იმ დღიდან.
გუარამ მამფალმა თავში წაიშინა ხელი, დასაჯა უძღები შვილი -ნასრი და იგი ბიზანტიაში გადამალა.
ნასრს საბერძნეთის ჭიშკრამდე მისდევდნენ დავით ტაოელის მომხრე შავოსნები, იქნებ სადმე გამოეჭირათ მკვლელი და მისთვის წესი აეგოთ.
შემდგომ როდესაც მოკვდა გუარამ მამფალი, ნასრი მამულში დაბრუნებას ელტვოდა და ერთხელაც მან, მოხიბლა რა აბხაზთა მეფის დაი, და დაუნათესავდა ზვიად აბხაზ მეფეებს. პირახვეულ აბხაზ მოისართა დანახვამ, მათმა თავდაუზოგავმა სიმამაცემ ნასრს ტაოელთა ხელში მომწყვდევა გადააწყვეტინა.
მაგრამ მოხდა ერთი გაუთვალისწინელებლი და ქართველთათვის მნიშვნელოვანი მოვლენა – აბხაზეთიდან ხაზართა მცირე რაზმი მოჭენდა დილა-უთენიას ტაოს სასახლეში. ხაზარებს ქართველი გენერალი სარდლობდათ. ადარნერსე ბაგრატიონთან შეხვედრა განიზრახა ახალგაზრდა გენერალმა და თავისი სახელი არავის გაანდო მან. კლარჯეთის მთავართა ტახტზე დაჯდა ადარნერსე და სტუმარს გაფითრებული ელოდა. შემოვიდა დარბაზში ხაზართა ქართველი გენერალი, ხელზე ემთხვია კლარჯეთის მთავარს და უთხრა – „სულა სულას ძე კალმახელი ვარ პატრონო, გიორგი ჩორჩანელისა და მირიან ბაჰლაუნდის შთამომავალი“. გაკვირვა დიდად ადარნერსემ, ჩორჩანელები ათი წელია გადაშენებული ეგონა მას, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და მნიშვნელოვანი ამბავის მოსასმენად მოემზადა.
– კონსტანტინე აბხაზი დაბრუნდა აბხაზეთში, მამათქვენის მკლველი ნასრი თან ახლავს მეფეს აბხაზთა. ტახტის მიმტაცებელი შავლიანები წუხელს წინ დავხოცეთ ერთად, მაგრამ რადგანაც შევიტყვე, რომ ნასრი თქვენზე გამოლაშქრებას აპირებს, ამიტომაც მივატოვე წყეული ნაშიერი მამფალისა და შენთან გამოვეშურე. მოიხმარე მთავარო ჩემი ხმალი – შუბლშეჭმუხვნით თქვა სულა სულას ძემ და ადარნერსეს თვალი თვალში გაუყარა.
– დიდება შენს დაბრუნებას ჩორჩანელთა შთამომავალო – გიმსახურებ – გაიღიმა ადარნერსემ და სულა სულას ძეს გულმხურვალედ გადაეხვია.

***
თუ შევხედავთ იმ დროინდელ საქართველოს, მივხვდებით, რომ ნასრი ან ბერად უნდა აღკვეცილიყო, ან თუ საქართველოში დაბრუნებას გადაწყვიტავდა, ტაოელებს უნდა შებმოდა.
სამშობლო უძახდა ნასრს, ისიც ამხედრდა თავის ბედაურზე, მოირთო ათასამდე აბზახი მხედარი და უთენიას დაესხა თავს საზაფხულო სახლში მდგარ ტაოელებს, ადარნერსესა და მის ძმებს.
უყივლა სისხლმა ნასრს, კარიბჭედან შეუძახა ჯერ კიდევ ჩაძინებულ ტაოელებს დილის ბინდ-ბუნდში „ორთაბრძოლაში გიწვევთო“, მაგრამ ადარნერსეს და მის მომხრეებს, ნასრთან შებრძოლება არ უცდიათ. გაჩაღდა ისრებით ომი. რაც კი სასროლი და სატყორცნი ჰქონდათ საზაფხული სახლში, ყოველივე გამოიყენეს ტაოელებმა და მაშველის მოსვლას დაელოდნენ.
„არ გამწირავენ, სხვა თუ არა სამცხელნი მოვლენ მოსაშველებლად, სულა სულას ძე კალმახელი და ძმანი მისნი მალე აქ გაჩნდებიან“-ამბობდა გაფითრებული მაგრამ ჯერ იმედ დაუკარგველი ადარნერსე.
დილა რომ გათავდა და მეორედ შეუძახა ნასრმა ტაოელებს „ხმალში გიწვევთო“. ადარნერსემ დაავლო ხელი მამათა მახვილს და კარში გაჭრა დააპირა, მაგრამ მისი ბიძაშვილი გუარამი წინ გადაეღობა. „არა ჯერ, ნასრს უცებ ვერ მოჰკლავ, გადაგღლის და შეიძლება დაგჭრას კიდევაც, შემდეგ ჯარი ჩაფახდება, მე გავალ უკეთუ ასე აჯობებს“ ჩაიჩურჩულა გურამმა და საზაფხულო სახლის კარიბჭედან გარეთ გაიჭრა.
ცხენდაცხედ გამოიჭრა გუარამ ტაოელის შესახვედრად ნასრი და ერთი მოქნევით მიწაზე განართხო იგი, შემდეგ გამარჯვებით აღტკინებულმა უდიერად შეურაცხო ყოველი ტაოელი და მათ დედაკაცები უწოდა.
სწორედ ამ დროს ქედზე მორბენალი სამასი კაცით გამოჩნდნენ მესხნი, ტაოს ხიდი გადაჭრეს და ზურგიდან შეუტიეს ნასრის აბხაზ ცხენოსნებს. ნასრი არ დაიბნა, ერთი საცხენოსნო იერიშით გავფანტავ მესხებსო იფიქრა და რაც ადრე ხშირად ჩაუდენია, იმ ბიზანტიურ ტაქტიკას მიმართა. თითო მხედარს თითო ქამანდიანი მეომარი შემოუსვა ზურგს უკან და მესხებს მიუსია.
როგორც ყოველთვის სამცხელნი გარეული ტახის წყობით დაუხვდნენ აბხაზებს და ცხენოსნებს ხელ შუბები დაცხეს, მაგრამ ქამანდიანმა აბხაზებმა იმარჯვეს და მრავალი მესხი გამოათრიეს წყობიდან, ზოგი იქვე მინდორზე თრევითა და ცხენის ფლოქვებით მოკლეს ხოლო ზოგიც შემდეგ მოაშთვეს.
სულა სულას ძე კალმახელი მიხვდა რომ ამგვარ ბრძოლებში ნასრი შეუდარებელი მხედართმთავარი იყო და ამიტომაც მან ნასრს ორთაბრძოლა შესთავაზა.
ის იყო ნასრი ბრძოლაში უნდა ჩაბმულიყო, რომ არსიანის ქედიდან ტყის კორომის უკან სულა სულას ძეს გადამალული ხაზართა რაზმი გამოიჭრა წინა პოზიციაზე. ხაზარები მბრწყინვალე მოისარები იყვნენ. მათ მიერ გამოსროლილი ერთი ისარი გულის კოვზზე დაესო ნასრს და იგი უნაგირზე გადაყირავდა.
ჯერ კიდევ დაჭრილი იყო, მაგრამ ისარს მკერდი შეენგრია, აირია ნასრის აბხაზთა ჯარი. უკეთუ აგებდნენ ბრძოლას, ყინულივით ცივი ხმლის პირის შიში ჩაუვარდა გულში. გააჭენა ცხენი ნასრმა მდინარისაკენ, იქნებ ამოვისუნთქოო იფიქრა მან და ცხენი წყალში შეაგდო, მისი ლაშქარიც უმალ მიჰყვა და ამგვარად მათ ზურგი შეაქციეს მტერს. ზურგის შექცევა კი უკვე დამარცხებად ითვლებოდა ძველი სამხედრო ტაქტიკის მიხედვით.
წამოენთნენ ტაოელნი და მესხნი, მიჰყვნენ ნასრს, რომელსაც გული მისდიოდა. გაიფანტნენ აბხაზნი და ტაოელებმა თავად მათი ბატონი, დაჭრილი და უაბჯრო ნასრი ჩაიგდეს ხელთ.
– მოვკლათ რომ არ იწვალოს – თქვა წამოწითლებულმა ადარენერსემ, როდესაც მამფალის ვაჟის იარას დახედა.
არავის უნდოდა ნასრისათვის ხმლის ტაკება. ყველას ეშინოდა მამფალის ჩამომავალთა შურისძიების. მაშინ ლაშქარმა მოკლასო გადაწყვიტეს და ორმა ათეულმა სამხედრო ხელმძღვანელმა, ნასრის წმინდა სისხლით თავისი ხმლები „მონათლეს“.
***
დაღუპულ ნასრს დარჩა ვაჟი ფარსმანი, რომელიც ისე გავდა მამას რომ მას უმალ სახელი შეუცვალეს და მცირე ნასრი უწოდეს. აბხაზებმა ნასრის გუამი გაიტაცეს და შორეულ ტყეში თავისი ადათის მსგავსად, ბერმუხის განტოტებაში დაკრძალეს.
მამის დაღუპვამ განარისხა მცირე ნასრი ანუ ფარსმანი.
***
888 წელს გაზაფხულის პირველ დღეს -ქართველთა სამეფო ზარ-ზეიმით შეიქმნა . შეიქმნა თუ აღსდგა? მეცხრე საუკუნის გარიჟრაჟზე, აშოტ პირველმა დაიწყო ამ სამეფოს დაფუძნება. „ერთ დღეში სამეფოს ვერ დააფუძნებ, სული წმინდა უნდა გადმოვიდეს მასზე და მის ხალხზე“-ამბობდა მეფე, მაგრამ როდესაც იგი 828 წელს მოღალატურად მოკლეს, მაშინ ნაზარდი ყლორტი დაჭკნა. „რა ქართველთა სამეფო? ვიყოთ ხალხო ტაოს სამთავროს სახელით და უფრო დაგვიცავს ბიზანტია“-გაიძახოდნენ ქართველთა სამეფოს, როგორც ახალი დამოუკიდებელი მოვლენის მოწინააღმდეგეები, ძირითადათ მონოფიზიტები. დიდხანს უარყოფდნენ აშოტ კუროპალატის მიერ განვლილ გზას ქართველებიცა და სხვანიც, მოკლულ მეფეს მოიხსენიებდნენ უგვანოდ და უღირსად, მანამ, სანამ ადარნასე II ბაგრატიონმა არ შეკრიბა ხალხი და თავად ოშკის გუმბათიდან არ გადმოსძახა შემდრკალ ქართველებს:
„ქართველების ჩვევაა ხალხო, მუდამ აუხდენელი და მოწამეობრივი ვინატროთ და მისკენ ვილტოლვილოთ.
ჩვენ არაბების მიერ გამოძევებული შიდა ქართლიდან და თბილისიდან, მოვედით ჩვენს განაპირა საერისთავოში, რომელსაც მესხეთსაც ვუწოდებთ.
იქ სადაც ჩვენმა წინაპარმა ნოემ და მისმა ვაჟმა იაფეტმა და იმისმა ვაჟებმა აღაშენეს სამი ციხე და ხელახლა დააფუძნეს სიცოცხლე ადამიანთა, სწორედ იქ დღეიდან, უფლის წინაშე ვაცხადებთ, რომ დავაფუძნებთ სამეფოს, რომელსაც იმ ერის სახელს ვუწოდებთ, ვინც ვართ ჩვენ დასამაბითგან.
ქართველთა სამეფოს დავაფუძნებთ ხალხო და ვთხოვთ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს შენდობასა და გამარჯვებას“.
ხალხი ჯერ ჩუმად იყო, გაკვირვებული უცქერდნენ ოშკის მაღალი გუმბათიდან მომზირალ ბაგრატიონს, მაგრამ შემდეგ ყველას გულები აძგერდა ერთიანი ჩქამითა და რონინით, როდესაც ოშკის გუმბათიდან მომზირალმა ბაგრატიონმა კიდევ ერთხელ ახსენა „ქართველთა სამეფო“-ყველამ ხმამაღლა იღრიალა, მათი გულ-მკერდიდან უზარმაზარი ლოდი გადავარდა თითქოს. ლოდსატყორცნიდან გასროლილი ქვასავით, გატყორცნეს ტაო-კლარჯეთის ქართველებმა „საერთო მკერდის“ დამთრგუვნელი საერთო ეროვნული ლოდი. დიდი და პატარა იმედით აღივსო. აზნაურნი და უაზნონი ერთურთს ქრისტესმიერი სიყვარულით ეფერებოდნენ და შეჰხაროდნენ იმ დღეს, როდესაც ქართველთა სამეფო აღსდგებოდა და ქართველთა საქმე გაგრძელდებოდა.
***
დადგა გაზაფხულის პირველი დღე. სტუმრები ჩამოვიდნენ ტაო-კლარჯეთში. ბიზანტიის იმპერატორის დასტურიც მოვიდა. თბილისის ამირას არავინ წარმოუგზავნია, რადგანაც იგი თავად ტაოს არსებობასაც არ ცნობდა. მოვიდნენ აბხაზთა სამეფოს მხედარნი და ყმანი. ტაოელებმა წინასწარ შეიტყვეს, აბხაზთა მეფის ამალა ძოწეულითა და ფარჩით, ბისონითა და პოორფირით უხვად გავსებულ ურმებს გვიძღვნისო და გაიხარეს. აბხაზთა მოისარები განლაგდნენ მდინარის ნაპირას. „ქართველთა სამეფოს აღდგენით რატომ გაიხარეს აბხაზებმა ასე უჩვეულოდ?“ ეკითხებოდა თავის თავს ადარნერსე და იმაზე ფიქრობდა, გულს მინდობოდა თუ გონებას. ახალგაზრდა ბაგრატიონის აზრით, ქართველნი მუდამ გულს მიენდობოდნენ, სწორედ ამიტომაც იყვნენ ღმრთისაგან საყუარელი ძენი და დიაცნი. „ბერძენნი რომ მხოლოდ გონებას ეყრდნობიან, ამიტომაც არის მათი საქმე დაქცევის პირას“-ესაუბრებოდა საკუთარ თავს სამეფოდ გამზადებული ადარნერსე, ამიტომაც იგი უეცრად გულს დასჯერდა და აბხაზთა შემოსვლა გაიხარა.
– სისხლის სუნი დგას – ჩაილაპარაკა ადარნერსეს გვერდით მდგარმა სულა სულას ძე კალმახელმა და აბხაზ მოისრეებს გახედა.
– აბხაზებს უნდათ რომ მეფედ კურთხევის დღე გაგვილამაზონ? – იკითხა, ბიჭურად ჩამცმულმა ალდემ, რომელსაც ახაგარზდა ლიპარიტი აღარსად უშვებდა და მუდამ გვერდით იყოლიებდა.
საზეიომო ბიზანტიურ ტოგაში და მოსასხამში გამოწყობილი ლიპარიტ პირველი, ვაჟისაგან შორს, გამორჩეულ ზერდაგზე იდგა, ხალხს გადაჰყურებდა და ელოდა მესამე ბუკს, რომ ნოველისიმოსის რანგში შეეპატიჟებინა სამეფოდ გამზადებული ადარნერსე დიდ ტაძარში.
– აბხაზებს რაღაც უნდათ მაგრამ მე ვერ გამიგია რა ! – გაიღიმა ტანბრგე ბაღვაშმა რომელიც ადარნერსეს ამალაში მარჯვენა მხარე ეჭირა და ზეალდს თვალებში შეაცქერდა. სირიელი ქალი, მისი ვარდისფერი თვალის გუგები, ბიჭურად შეკრული თმა, მახვილი ბეჭზე გადაკიდებული და ტყავი, ახალგაზრდა ლიპარიტს მშვენებასა და სიამოვნებას გვრიდა.
– იქნებ მე მომიტაცონ, და რას იზამს შემდეგ თრიალეთის მთავარი ? გამომწვევად იკითხა ზეალდმა და თვალი თვალში გაუსწორა მის გულისსწორს.
– აბა ერთი გაბედონ – განგებ მრისხანედ თქვა ლიპარიტმა მაგრამ თითქმის ბავშვურად გამოუვიდა ეს სიტყვა და გაოგნდა, როდესაც მდინარის მოპირდაპირე მხარეს ვერცხლისფერ აბჯარში გამოწყობილი მაღალი, ჭაბუკი დაინახა.
– ეს მაღალი ვინ არის მთავარო? -იკითხა დაინტერესებულმა ზეალდმა და ლიპარიტს თვალებში შეაცქერდა.
– მცირე ნასრია, დავით ბაგრატის ძის მკვლელის-ნასრის შვილი. ზუსტად ცხრა წლის წინ ამ ადგილას მისმა მამამ დაჩეხა საწყალი დავითი, ეხლა აქ რამ მოიყვანა ნეტავ, უმსგავსობას სჩადის თუ შერიგებას ლამობს? – დაბნეული იყურებოდა თრიალეთელი
– ქართულად ეგ გმირია თუ მოყმე ? – იკითხა ზეალდმა
განსწავლულ ლიპარიტს უნდოდა ეთქვა რომ სიტყვა „გმირი“ სინამდვილეში „კიმერიელს“ ნიშნავდა ხოლო მოყმე უფრო ქართული იყო და გმირს სჯობდა კიდევაც, მაგრამ ვეღარ დაასწრო, ზეალდი ამალას გამოეყო და მდინარისაკენ გააჭენა ცხენი სიცილ-კისკისით.
მდინარის მეორე მხარეს ვერცხლისფერ აბჯრიანი შეჰყურებდა ზეალდის ჭენებას და ალბათ ცხენი ვერ დაიმორჩილაო იფიქრა, თავადაც ცხენს მოახტა და ხიდზე გადმოსვლა ყველა ცხენოსანს დაასწრო, იმისათვის რომ კლდის თავთან დაეჭირა თითქისდა გაშმაგებული ცხენი.
ზეალდმა უმატა როკვას, ლიპარიტი და მისი რაზმეულიც მას მიჰყვნენ, მაგრამ ვერცხლის თორიანმა ყველას აჯობა და ზეალდის ცხენს ლაგამში სტაცა ხელი.
– მადლობთ მთავარო! – კოხტად თქვა სირიელმა ქალმა
– მივხვდი რომ დიაცი იყო ცხენზე და ამიტომაც ვიმარჯვე – ბრძანა ხავერდოვანი ბანით ვერცხლისფერ -ჯაჭვიანმა.
– როგორ მიხვდით? მე მოყმედ გულდაგულ შევიმოსე-გაწითლდა უეცრად ზეალდი და მოსაუბრეს თვალი ვერ მოწყვიტა.
– მონადირე ვარ და დედალ შაშვს მამალი შაშვისგან ვარჩევ როგორმე ჩემო მანდილოსანო- გაიცინა მცირე ნასრმა, თეთრი კბილები გამოაცისკროვნა და რბილი, ვნებიანი ტუჩებით გაუღიმა ზეალდს, რომელიც უეცრად თითქოს დაიბნაო, გაქრა, დამორცხვდა, კაცურად შემოსილ ქალად იქცა, მაგრამ მაინც დაიოკა ვნებათა მღელვარება და მისი ცხენის „დამთრგუნველს“ მიმართა:
– თქვენ რას გიწოდებენ მთავარო ?
– ფარსმან-ნასრი ვარ ნასრ მამფალი ძე და გუარამ მამფალის შვილისშვილი , თქვენ ასულო?
– მე არ ვარ მთავრის ქალი, ასირიელი ვარ, ლიპარიტის ყმა – გრაციოზულად თქვა ზეალდმა და ამ დროს ლიპარიტის მძიმე ცხენიც გამოჩნდა. თოხარიკით მოქროდა ლიპარიტ მეორე.
ფარსმანმა ლიპარიტს თავი მდაბლად დაუკრა, ბაღვაში აპირებდა ცხენიდან ჩამოხტომას და მცირე ნასრისათვის ამგვარად მისალმებას, მაგრამ ნასრმა არ დაანება და მთავარს მარჯვენა გაუწოდა.
„ამ ადგილას, სადაც ეხლა ბაღვაში დგას, მამა ჩემი ცხრა წლის წინ შეებრძოლა დავით ბაგრატის ძეს და იქ სადაც ეხლა მისი მხევლის ჩრდილია გაწოლილი, სწორედ იქ მეც და მამამაც ერთად მოვუქნიეთ მას ხმალი, მისმა ბეგთარმა, როგორც ჩანს დარტყმას ვერ გაუძლო და დავითი ჩუმად მოკვდა, სისხლისაგან დაცლილი “- იხსენებდა სამწუხარო შეტაკების ამბებს ფარსმანი და იმგვარად განიცდიდა ბრძოლის ყოველ გაგონილ ამბავს, თითქოს მართლაც თვითონ ყოფილიყოს მამა თვისი.
მცირე ნასრის მარჯვენა კლდესავით მყარი ეჩვენა ბაღვაშს. მიხვდა იმასაც რომ ყველანაირი ბრძოლისათვის მზად იყო გუარამ მამფალის შვილიშვილი.
– აბხაზთა მეფეს წარმოადგენთ? – იკითხა ლიპარიტმა და მამის „ტაჯაგანი გაახსენდა“.
– სწორედ აბხაზთა მეფემ წარმომგზავნა იმისათვის რომ ადარნერსეს ქართველთა სამეფოს დაფუძნება მივულოცო და მხარში ამოვუდგე – თქვა მცირე ნასრმა, ფათერაკებიანი ადამიანის ჩვეული გულგრილობით და პირდაპირობით.
ფარსმან-ნასრის ცივი თვალები არ მოეწონა ლიპარიტ ლიპარიტის ძეს. „მამასთანაც მტრობს ეს კაცი, რადგანაც ფიქრობს რომ ჩვენ მას მამულები წავართვით“-გაიფიქრა ბაღვაშმა და ნასრის გვერდით ყოფნა აღარ ისურვა, თავად ნასრი და მისი აბხაზი მოისარები მიიწევდნენ ადარნერსესაკენ, რომლის წინ ფარითა და ხმლით აღჭურვილი სულა სულას ძე კალმახელი იდგა.
– უნდა ვეთაყვანო მეფეს, მიმიშვით მასთან – შესძახა მცირე ნასრმა. მაგრამ სულა გაუნძრევლად იდგა და ამრეზით უყურებდა ვერცხლისჯაჭვიანს და მის აბხაზებს.
– მოუშვით ჩემთან ნასრ-ფარსმანი – ბრძანა უეცრად ადარნერსემ, რომელიც აქამდე მდგომარეობას დუმილით აკვირდებოდა.
ნასრ-ფარსმანმა ცივად გაიღიმა, ფარშუბიან სულას ზევიდან დაჰხედა და უთხრა – „ვინ ხარ რომ წინ მიდგახარ?“
– ცხენიდან ჩამოვიდეს, ხმალი მოიხსნას და იმგვარად მოგვიახლოვდეს ნასრე მამფალი, ქართველთა მეფევ – მტკიცედ თქვა სულა სულას ძე კალმახელმა.
ნასრმა მიმიოხედა, ადარნერსეს გაფითრებულ სახეს დააკვირდა, მის წინ მდგარ სულას ბიზანტიური ჩაფხუტი მზის სხივებს ირეკლავდა და ამიტომაც ცხენოსანი მამფალი რამოდენიმე წამს „ბრმად“ დარჩა, ამასობაში მას მოეჩვენა რომ სულა და მისი რაზმელები მისკენ მოიწევდნენ. „იქნებ ჩემი ლაჩრულად მოკვლა უნდათ ამ კატებს?“-იფიქრა ფარსმან მამფალმა და უეცრად ცხენი მიატრიალა და მდინარის იქეთა ნაპირზე იწყო რაზმეულით გადადინება.
– მამის მკვლელის ვაჟი-მცირე ნასრი გამომიგზავნა კონსტანტინე აბხაზმა, როგორ გაბედა? – გამოსცრა კბილებში ადარნერსემ.
ამ დროს ნოველისსიმუსმა ლიპარიტმა მიიღო თანხმობა ტაოს კათალიკოსისაგან და მან თავისი კვერთხი, სამეფო ფარს შვიდჯერ მარჯვედ შემოჰკრა. ხალხი გაიყურსა. ყოველმა სულიერმა თეთრ სამოსში გამოწყობილ ადარნსერსეს დაუწყო თვალიერება. შემდეგ ბუკს ჩაჰბერეს. ლიპარიტმა მეფეს გაუღიმა, ბავშვური სახით მიიჭრა მასთან და დაუჩოქა თხოვნით-„ტაძარში შემობრძანდით ქართველთა მპყრობელო“
„ქართველთა სამეფოს“ მესვეურნი, ჭიანურისა და ბუკის ხმაზე, ქოროს გუგუნის ქვეშ ტაძრისკენ დაიძრნენ. ტაო-კლარჯეთის პატრიარქი და სამღვდელონი ტაძარში ელოდებოდნენ ქართველთა მომავალ მეფეს. ბიზანტიელი პატრიციები გამოეფინენ ტაძრის კიბეებზე და დაფნის რტოების შრიალით შეხვდნენ ცერემონიას. პროტომანდატურმა სამეფო ჯვარი, ბუდიდან ამოიღო, სამეფო დროშა გაშალა. ჯუარისმტვირთველმა და მედროშემ, ფეხაწყობით, მარშით, ტაოელებთან და კლარჯებთან ერთად, სტუმართა მთელმა დასმა შეაბიჯეს უდიდეს ტაძარში და კირიეელისონის ხმაზე დასტებად და ჯგუფებად დაეწყვნენ.
გალობდნენ უმეტეს წილად ბერძნულად. როდესაც მიქაილ მოდრეკილის ჰიმნების ჯერი მოახლოვდა და ქართულად ამღერდა მთელი დარბაზი და ტაძრის შემოგარენი, შორეულ სოფლებს მისწვდა ხმა ქართული გალობისა. ბერძნულ საეკლესიო მარშებს შეჩვეულ ყურს, ქართული საგალობელი გულში ისე ღრმად ჩასწვდა, რომ იმედ გატეხილი გუთნის-დედები და ხალხი უჩვეულო სიხალისით აამღერა.
-„გაცხადებ მეფედ, ქართველთა სამეფოისა“- მოისმა დემეტრე პატრიარქის ვედრების მსგავსი ხმა, რომელსაც ბიზანტიური ტექსტიც მოჰყვა.
ადარნერსე მეორემ გადახედა დარბაზის ერს, მიმოავლო თვალი ბიზანტიის კეისრის წარმოგზავნილ საპატიო სტუმრებს, სომხეთისა და ალბანეთის სამეფოთა წარმომადგენლებს, კახთა და ჰერთა დიდებულებს, მესხებს, ტაოელებს, სპერებს , ჭანებსა და აჭარის მკვიდრ ერს და თავი მოიდრიკა მათ წინაშე.
„ვდებ ფიცს წინაშე ღმრთისა…რომ დღეის ამას იქით, სანამ პირში სული მაქვს, ვემსახურები ქართველთა სამეფოს…“ – ისმოდა ადარნერსეს ხმა.
დარბაზის ერი და ყოველი სტუმარი ზეცისაკენ ხელაპყრობილი იდგა და უფალს სამეფოსა ამის შენდობას სთხოვდა. ამ დროს უეცრად თეთრი მტრედი შემოფრინდა ბანას ფათო გულბათოვან სარკმელში, აჟივჟივდა და დაბლა დაეშვა. „ფრთაც კი გაკრა მეფის გვირგვინსო“-ამბობდნენ შემდეგ, გვირგვინოსანთა სუფრაზე მოწვეული სტუმრები. დაილოცა ღმრთისაგან ქართველთა სამეფო“ – ჩურჩულებდნენ მეფის მახვილად მდგარი სულა კალმახელის გახარებული აზნაურნი.
ყოველი მკვიდრი ქართველთა სამეფოისა უდიდესი სულისკვეთებითა და იმედით განიმსჭვალა მომავლის მიმართ. საუკუნეთა მანძილზე დაქსაქსულ ხალხს ეჩვენა რომ მადლი ციდან მოვლენილი, ადარნერსეს გვირგვინსა და მის თეთრ სამოსს ეღვრებოდა.
***
ბიზანტიელნი გვიან მიხვდნენ რომ ქართველთა სამეფოს შექმნამ მათ ფრთები შეუკვეცა აღმოსავლეთში. სტრატილატმა კალისტრატე პონტოელმა ქართველთა სამეფოს კურთხევაზე დამსწრე ბიზანტიელნი უმეცრებად მოიხსენია და თქვა:
„აქამდე იბერიის თემი და სხვა მისი ქვეყანანი ჩვენ მხოლოდ იმისათვის გვჭირდებოდა, რომ არაბებთან და სპარსებთან მომგებიანად გვეომა, ეხლა კი არაბეთი როგორც ჩანს დაღვინდა, სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, მას დაპყრობები აღარ იტაცებს, რა მიწაც შერჩათ , ისიც ძნელად მოსავლელია. ამიტომაც ძლიერი არაბეთი შეჩერდა, ტბასავით დაგუბდა. ასეთ დროს რა თავში ვიხლით იბერიელებს და მათ სურვილს – ჰქონდეთ რაღაც სამეფოს მსგავსი, ანუ გაგვიტოლდნენ, როგორც უფალთან, ისე ხალხთან საუბრის დროს.“
სტრატილატმა საიდუმლო წერილი აფრინა მის მომხრეებთან კავკასიაში და პირველ რიგში ლიპარიტ ბაღვაშთან.
წერილმა დაგვიანებით ჩამოაღწია თრიალეთში, ზამთარი იდგა, სასტიკად ყინავდა. ცის მანათობელმა ციალმა და ცისფრად განათებულმა არემარემ შეძრა მალემსრბოლის გული, დააბნია იგი და სტრატილატის წერილი ჯერ კალმახის ერისთავთან მოხვდა. საგულდაგულოდ შესწავლილ იქნა, ხოლო შემდეგ გაიგზავნა ლიპარიტ პირველთან.
***
– ბეჭედი წერილისა გატეხილია, ხოლო სტრატილატის ხელმოწერა ნაღდია, მაგრამ ერთი უნდა შევიტყოთ, ვინ წაიკითხა ეს წერილი და ისიც თუ ვინ არის ავაზასავით გაწოლილი თრიალეთსა და ბიზანტიის მარადიულ იმპერიას შორის – იყვირა ლიპარიტ პირველმა და „ტაჯააგანის“ რტყმევით დააქცია სამწიგნობარო ნივთები, შანდლები და ჭურჭელი.
– მალემსრბოლი აქვეა და რა ვუყოთ? – იკითხა ლიპარიტ მეორემ და მამის ტაჯაგანს უწყო თვალის ფრიალი და წარბიც აუთამაშდა იმაზე ფიქრით თუ რა მოელოდა საწყალ დამნაშავეს ამ ხვადი ლომის ხელში.
– შემოიყვანეთ ჩემთან ეგ მალემსრბოლი – თქვა ლიპარიტმა და რამოდენიმე წუთში დარბაზში მაღალ-მაღალი, შავთვალა და შავქოჩრიანი ჭაბუკი შემოვიდა, ეტყობა მას განცდილი ჰქონდა თუ რისთვის იბარებდნენ და ამიტომ გამორჩეულად ღელავდა. ფეხიც კი ეკვეცებოდა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა და მაინც გამართული მოდიოდა.
– რა გქვია მალემსრბოლო და ვისი ყმა ხარ? – იკითხა მშრალად ლიპარიტმა და შემოსულის ხელის მტევნებს, მის მაჯებსა და ფეხის მტევნებს დაუწყო ყურება, თვალებში ჯერ არ შეუხედავს, რადგანაც იქ მან იცოდა რა იმალებოდა და რაზე მიეტანა იერიში. რატომღაც ქვევით იყურებოდა ლიპარიტ დიდი, წარბები აპრეხვოდა, თვალები ჭაობისფრად უკამკამებდა და ერთი შეხედვით უპატიო ბერძენ ფილოსოფოსს ჰგავდა.
– ლასური ვარ ლასურისძე, სპერელი, ბერძნებთან და ქართველებთან ნამსახურევი, მამაჩემი ლასური ჩორჩანელებთან მსახურობდა ერთ დროს – თქვა ჭაბუკმა და განგებ ღრმად წარმოაჩინა თავისი სანათესავო, იმის სათქმელად რომ ადვილად დასაჩაგრი კაცი არ ვარო, იმის მისანიშნებლად, რომ უკეთუ მიუტევებდნენ, ისიც გადაუხდიდა სამაგიეროს.
– მაშ ლასური არა? – თქვა ლიპარიტ პირველმა და „ტაჯაგანით“ ზურგი მოიფხანა, შემდეგ თვალის გუგებიდან მომზირალი ცეცხლის ალების მსგავსი წითელი ლაქები კიდევ უფრო გაავარვარა და მოსაუბრეს თვალებში ჩახედა „მაშ ლასური არა?“ – დაიჩურჩულა კლდეკარელმა.
ჭაბუკმა მალემსრბოლმა ლიპარიტის ჭაობისფერ თვალებში რაღაც უკუნი და უძირო უბსკრული დაინახა და უეცრად იგრძნო თუ როგორი გამეტებით დაცხო კლდეკარელმა მას შანთივით მწველი, მახვილივით მკვეთი და გველივით გესლიანი იარაღი და გონება დაკარგა.
ცოტა ხანში „ტაჯაგან“ დარტყმული ცივი წყლის უმოწყალო თქეშით „შეაცოცხლეს“ და კითხვით მიმართეს: „ვინ წაიკითხა სტრატილატის წერილი ლასურ?“
ალემსრბოლმა თავი გაიქნია, „არავის წაუკითხავს“ ამოიჩურჩულა და იგრძნო გულის სირმეში ტკივილის ცეცხლმა რომ დაუარა, ელდასავით ფეხზე წამოაგდო და კიდევ ერთმა დარტყმამ კვლავ მოცელა. ლიპარიტი ტაჯაგანს ახვევდა – თვალები გაეყინა მალემსრბოლს.
– დილამდე იტყვი თუ ვინ გაბედა ჩემთვის განკუთვნილი წერილის წაკითხვა, თუ არა და მაშინ გვემას ვერ გადაურჩები – გაიცინა ვიღაცამ მის თავს მიღმა.
– არავის წაუკითხავს ეგ დედა…მოტყ..ლი – ჩაილაპარაკა მალემსრბოლმა და მაშინ რამოდენიმე ელვასავით დარტყმამ თავპირგადმოატრიალა და აატირა…
***
888 წლის შემოდგომა იდგა, „ქართველთა სამეფოს ფარი და მახვილი“ სულა სულას-ძე, კალმახელი, წერაქვითა და მცირე სატევრით მიიკვლევდა გზას სარკინეთის მთაზე, თავს შავი კლდეები და ბადრი მთვარე დაჰყურებდნენ, გასასვლელიც არ დაეტოვებინა, მიწისძვრის შედეგად ამოტრიალებულ ვებერთელა ქვას, რომელიც გაწოლილი ეგდო პირდაპირ იმ გვირაბის ჩასადუღაბებლად, რომელსაც უძველესი დროიდან ხმარობდნენ სულასთვის კარგად ნაცნობი სამცხელი რკინა-კაცები.
ერთი მეაბჯრე ახლდა სულა სულას ძეს. ისიც მუდამ ამოწმებდა, ვინმე ხომ არ გვითვალთვალებსო, ხან განგებ ჩამორჩებოდა ერისთავთ-ერისთავს, რომელიც ამ დროს ტყუილ მიმართულებას დაადგებოდა და უცხოთა თვალის ამაბნეველ გზას ადგა. ბოლოს მეაბჯრემ ტურასავით დაიჩხავლა, რაც იმის მაუწყებელი იყო რომ მოთვალთვალე არ გამოვლინდა და სულა სულას ძე პირდაპირ მწვერვალისაკენ დაიძრა. გზა და გზა ბავშვობას იხსენებდა და გული უფრიალებდა. რადგანაც სწორედ იმ იდუმალ ბილიკზე იდგა, რომელზედაც ოცი წლის წინ მამა მისი სულა მირიანი ძე არაბთაგან ოჯახის გახიზვნას ლამობდა. ამ ბილიკის ბოლოს, კლდის მწვერვალთან, ბავშვობაში ნანახი გვირაბი ეგულებოდა „ქართველთა სამეფოს ფარსა და მახვილს“.
„ნეტაიმც“ – გაიფიქრა სულა სულას ძემ და მთვარით განათებულ არემარეს ფოცხვერივით დაუწყო თვალიერება.
***
წარსულის მდინარება
სულა-სულას ძე კალმახელი თავად იყო რკინა-კაცი. ორი ათეული წლის წინ, როდესაც რვა წლის შეიქნა, მამამ სულა მირიანის ძემ, არაბთა შემოსევისაგან თავის დასაცავად, კალმახის ციხე მეტისმეტად შესამჩნევ სამიზნედ მიიჩნია და ამიტომაც ციხე მთლიანად დაცალა. მეციხოვნეებს ტყეში მიწისქვეშა სახლების მოწყობა და მასში დამალვა დაავალა, ხოლო თავად ერისთავთ-ერისთავმა მეუღლე ლია და ვაჟი სულა გახიზნა.
რომ არავის გაეგო მისი პატარა ოჯახის ადგილ-სამყოფელი, მამამ ხუთი წლის ბავშვი და მეუღლე სარკინეთის მთებისკენ წაიყვანა. ცხენს ვერ გაწირავდა მოყმე, მაგრამ, რადგანაც არაბები პირადად მის ოჯახს უმზადებდნენ საშინელ საშჯელს, ამიტომაც სულა მირიანისძემ თავის შავ ულაყს უნაგირი მოხსნა და ველად გაუშვა, თავად კი ვაჟი კისერზე შეიჯინა, მეუღლე ტყავის საუღლე თასმით მიიბა და კლდის მწვერვალისაკენ დაიძრა. საღამოს დათოვლილი ფერდობზე აღმოჩნდნენ, ჩამოწვა რძესავით სითეთრე. მიიწევდნენ ზევით, „მამა ვიპოვით ჩვენს რაშს?“ ეკითხებოდა პატარა სული მამას. ერისთავი დუმდა, გამუდმებით მთის მწვერვალისაკენ მიიწევდა, გზა და გზა თოვლისაგან ანთავისუფლებდა კლდეს, რათა მასზე ამოჭრილი უცხო ნიშნები წაეკითხა და მიმართულება ეცვალა. საბოლოოდ კლდეში გაჭრილ გვირაბში აღმოჩნდნენ. ფარული ქვის საფეხურები დაბლა უბსკრულისაკენ ჩაიყვანდნენ მხოლოდ გამოცდილ მგზავრს, რომელიც თოვლით დაფარულ მწვერვალზე დადგამდა ფეხს და შემდგომ კარგად შემალულ გვირაბის ყელს აღმოაჩენდა. „სად ვართ მამი“-კითხულობდა ბავშვი. „ნუთუ ამირანის მღვიმეა ?“-კითხულობდა გაოცებული მეუღლე. „რკინა-კაცების აღკვეთილ ქალაქში მივდივართ იქ სადაც გუთანი და ხრმალი მზადდება“- მოკლედ ჩაილაპარაკა მამამ და დადუმდა. „რკინა-კაცი რა არის“- ფიქრობდა ყრმა და გაყინული ხელი ჩაჭიდული ჰქონდა მამის მკლავზე.
დღის მესამედი მოანდომეს კიბეებზე ჩაშვებას მაშინ. ძეხორციელის ჩქამი არ ისმოდა კლდეთა სხეულში. შემდეგ როდესაც ბოლო კიბე ჩაიარეს მამამ ხმლის ქარქაში დაჰკრა კლდეს იმგვარად თითქოს ეხლა რაიმე სიმღერას ააყოლებსო. გაოცებულ ლიასა და პატარა სულის მოეჩვენათ, თუ ეს ცხადად მოხდა, არც კი ახსოვს ეხლა, უეცრად, ყოველი მხრიდან მათკენ დაიძრნენ შავ ნაბდებში გამოწყობილი უცნობები რომლებიც ზედმეტი სიტყვის გარეშე, ჭიანჭველებივით გადაებნენ ერთმანეთს და ერისთავის ოჯახი უეცრად გადაიყვანეს, თუ გადააძვრინეს სალი კლდის ნაპრალზე და რკინით მოჭედილი კარიბჭის წინ დადგნენ. იქაც გამოჩნდნენ შავ ტყავში გამოწყობილი წვეროსანი ნიღბიანები, რომლებმაც ერისთავის ოჯახი კლდის გამოქვაბულებში განთავსებულ, მჭედელთა იდუმალ სოფელში აიყვანეს, მაგრამ როგორ აიყვანეს. დიდ ხის კალათაში ჩასვეს ისინი და როგორც ჩანს თოკებით აათრიეს ზევით მიმავალ კლდის შვერილზე.
მაშინ მოხვდა სულა სულას ძე პირველად რკინის-კაცთა გარემოცვაში. მამამ დედა და ყრმა კლდის სოფელში დატოვა, თვითონ გაუჩინარდა და აღარც დაბრუნებულა. რამოდენიმე თვეა ტიროდა დედა გაუჩინარებულ ქმარს, პატარა სულა როდესაც მტირალი დედის მზერით, დაიღლებოდა შემდეგ რკინის-კაცებს დაუწყებდა თვალთვალს, განსაკუთრებით მასთან მოთამაშე ყრმას – საურმაგს, რომელიც კალმახელი ერისთავისშვილს ფოლადის გამოდნობის ანა-ბანას უხსნიდა.
საურმაგი რკინის კაცთა უხუცესის ბარამგურის ვაჟი იყო. თავად უხუცესი მუდამ სდუმდა, მის ირგვლივ ანთებული ღუმელის გავარვარებულ ხახაში ცეცხლის ალები ღრიალებდა.
ერთ დილას საურმაგი დარბოდა და გადარეულივით ღრიალებდა. „ცეცხლი მიილია ვაჰ ჩემს თავს, ცეცხლი მიილია“, წამოენთნენ რკინის კაცები, ჭიანჭველებივით გადაებნენ ერთმანეთს, სასწრაფოდ მოახვავეს ხე და აგურებად დაჭრილი გამხმარი ნაკელი, შეუკეთეს და ააბრიალეს ცეცხლი, საურმაგი კი ქვითინებდა.
„ როგორც ჩანს რკინის კაცებს უჭირთ ყოველივეს დამადნობელი და გამალღობელი ცეცხლის შენარჩუნება და მეორეც- სუფთა რკინა იმდენად რბილია, რომ მისგან შეუძლებელიც არის მტკიცე ცულის ან თუნდაც დანის დამზადებაც კი. ამიტომაც ხმალს უმჯობესობისათვის შენადნობების დამატება და წრთობა სჭირდება“-ფიქრობდა ერისთავის შვილი და საურმაგს „წამოდექიო“ სთხოვდა.
„დღეს იარაღის წრთობას გასწავლით სულავ“- წამოადგა დილას ერისთავისშვილს საურმაგი და იგიც საწრთობი ღუმელისაკენ გაიტაცა.
„ქართველი მეომრის აღჭურვილობაა – ხმალი, მახვილი, ხანჯალი, დაშნა, დიდი სატევარი, მცირე სატევარი და ცული, აქედან ხმალს სამი ნაწილი გააჩნია : პირი, კოტა ვადა ან ჯვარედი, ხმალიც ხომ სხვადასხვა ფორმისაა. დღეს ყველაზე საუკეთესოს გამოვჭედავთ ერთად“- ამბობდა საურმაგი.
„ეგ რომელია“- ეკითხებოდა სულა.
„უმჯობესს ხმალთა შორის ქვია „შვეტი“, ჰოდა ეხლა ჩამოიღვრება, შემდეგ უნდა ორივემ ერთად დავცხოთ და დავცხოთ, მოკიდე ხელი უროს“ – დაბღვერილი სახით ეუბნებოდა საურმაგი.
„მე მომეცი დიდი ურო და შენ დაიკავი ეს მცირე“- უყვიროდა სულა, მაგრამ საურმაგს აღარაფერი ესმოდა, მან თავს ნიღბიანი ქუდი ჩამოიმხო და უზარმაზარი უროთი შეუდგა ყალიბში მოლიცლიცე ცხელი ლითონის ლოდინს.
„მომე დიდი ურო“-ყვიროდა სულა მაგრამ მდუღარე ლითონი გადმოიღვარა და პაექრობის დრო არ იყო, ორივემ დაცხეს თავიანთი უროები ყალიბში მოქცეულ გავარვარებულ შენადნობს“ .
რამოდენიმე წუთში „შვეტი“ წყალში ჩაატორტმანეს და როდესაც ამოიღეს საურმაგმა მას კოტა და ვადა მიადუღა, შემდეგ სარკმელში ჩაამაგრა და სულას შეჰღიღინა – „პირველი ხრმალი დავამზადეთ მე და შენ, დღეს მე უკვე რკინის კაცი გავხდი, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცი, ბარამგურმა მითხრა რომ თუ გსურს ფოლადის ქმნადობა ერისთავისშვილო მაშინ მიწის თხრა და მადნის ცონდა უნდა შეითვისო“.
მამა აღარ ჩანდა, დედა ცრემლებში ეძიებდა შვებას, უეცრად დავაჟკაცებულმა სულა სულას ძემ სწრაფად შეიგრძნო ბარამგურის აზრის სიღრმე და საურმაგს უთხრა „მალე მეც რკინის კაცი გავხდები, შემდეგ კი შენც გაჯობებ საურმაგ, მასწავლე ყველაფერი თავიდან, ვინ არიან და რანი არიან რკინის კაცები?“.
საურმაგი არ მოელოდა სულა სულას ძეს ამგვარ უეცარ ანთებას, იგი დაფიქრდა და დაიწყო თხრობა:
„-რკინის კაცნი თავიანთი საქმიანობის მიხედვით იყოფიან რამდენიმე ჯგუფად: მაძიებელნი, რომელნიც აწარმოებდნენ საბადოს მიგნებას; ამომცნობნი, რომელნიც მადნეულის ხარისხს და მის რკინად გამომავლობას ამოწმებენ; მთხრელნი – რომელნიც საბადოდან მადნეულის გამოწველას ეწევიან; მზიდავნი – რომელთაც ევალებოდათ მადნეულის გადაზიდვა დანიშნულ ადგილას; მკაზმავები – რომელთაც ევალებოდათ მადნის გაკაზმვა და მისი შემზადება დასაწურად; მწურავები, რომელნიც აწარმოებდნენ დაკაზმული რკინის მადნის დარიგებას საწურ ჭურჭელში რომელსაც “ბოვი” ერქვა და წურვის მსვლელობის წესიერად წარმართვას; მბერავები – რომლებიც უსხედნან საბერველს და ხელაწყობით უბერავდნენ განუწყვეტლად; მეუროვენი – რომელნიც ბოვიდან ამოღებულ დაწურულ რკინის ლუგვს ხის დიდი უროებით ბეგვნენ ქვის ბრტყელ გრდემლზე – საბეგვ ქვაზე; მენახშირენი – ვინც სხვადასხვა ჯიშის ხის ნახშირის დაწვას ეწევა; მჭედლები ანუ “კვერით ხურონი რომლებიც სჭედნენ, ისე როგორც მე და შენ ვჭედდით დღეს „შვეტს”.
– ჰოდა ყრმაო საურმაგ, დღეიდან მასწავლი საბადოების მიგნებას, რკინის კვლევას, შემდეგ კი გამოწველას, მადნის მოკაზმვას და ყოველ იმ უცხო სიტყვას რაც დღეს მითხარი, რათა საბოლოოდ მივაკვლიოთ კვერით-ხუროთა ნიჭს და შექმნათ ისეთი „შვეტი“, რომლითაც ქვეყანას გადავარჩენთ, არაბობას დავამარცხებთ და ქვეყანას აღვადგენთ. – ლამის შეჰყვირა გაგულისებით სულა სულას ძემ და ანთებული თვალები სატევარივით მიაბჯინა მასწავლებლს, რომელიც გაოგნებული შეჰყურებდა მას და იღიმებოდა.
***
საურმაგის მიერ გაწვრთვნილ სულას ერთ წელიწადში რკინის-კაცის ოსტატის საპატიო წოდება უნდა მიეღო. ბარამგური რომელსაც თუ არ ეძინა, მუდამ ცეცხლის საბერველს უჯდა მდუმარედ უმზერდა ერისთავიშვილს და პირხმელი მოგრძო სახითა და გრძელი, წვერით განსაცვიფრებლად წააგავდა კალმახის ციხის ეკლესიის მოძღვარს თევდორეს. ეს მსგავსება ადრეც შეუნიშნავს ერისთავისშვილს, მაგრამ კითხვით როგორ შებედავდა რკინის კაცთა უხუცესს, იგიც დუმდა და ელოდებოდა საგამოცდო პირობებს, რაც კი უნდა აღესრულებინა, რათა თავადაც ოსტატი გამხდარიყო.
დათქმულ დროს რკინის კაცები დაღლილი სახეებით და მუდამ ძრს დახრილი თვალებით შეიკრიბნენ ბარამგურის გარშემო და დუმილით დადგნენ. უეცრად სიტყვა აღიმაღლა ბარამგურმა და თქვა:
„მოწიწებით თავს გიხრით რკინის კაცნო და მადლობას გიხდით რომ მობრძანდით,
ყმაწვილს ამას, ვასწავლეთ ყოველი საქმე სარკინოსა რაც მამიდან და პაპიდან გვისწავლია და რასაც მხოლოდ შვილსა და შვილიშვილს შევამეცნებთ, ეხლა კი დადგენილია დღე გამოცდისა, თქვით თქვენი პირობა“.
რკინის კაცნი არ ახმაურებულან, მხოლოდ ეჭვით შეპყრობილი დინჯი, დაფიქრებული მზერით შეათვალიერეს სულა სულას ძე კალმახელი, შემდეგ გაჭაღარავებული წვერ ულვაში მოიფორიაქეს და ბარამგურს რაღაც რიგრიგობით უჩურჩულეს. შემდეგ მან ასე განსაჯა:
„შვილო სარკინო ქვაბულთა, სულავ, როგორც დავადგინეთ ისე ჰქმენ: ეხლა ისმინე ჩვენი და კარგად დაიმახსოვრე, არაფერი გამოგრჩეს…“
სულა სმენად გადაიქცა, „შვილო სარკინო ქვაბულთა“, ცუდად ჩაესმა, „ალბათ მამა აღარ მყავს და ამიტომაც შვილად მიმიღეს რკინის-კაცთა“-გაიფიქრა მან უმალ და სახე მოეღუშა, იმ მოლოდინის გაქრობით, რასაც მონატრებული მამის ნახვა ეწოდება შვილთათვის.
ბარამგური ავალებდა სულას, წასულიყო ეს უკანასკნელი შავი კლდეების უბანში, მოენახა რკინის მადანი, გაეთხარა, მოეკაზმა სამადნო, შემდეგ ამოეღო მადნის ის ნაწილი რაც სამი გუთნის-პირისა და ათი ხრმალის ჩამოსხმასა და გამოსჭედვას დასჭირდებოდა და შემდეგ უკვე თავისი ნახელავით წარმდგარიყო რკინის-კაცების საბჭოს წინაშე. უკეთუ რკინის კაცები მოუწონებდნენ ნახელავს მაშინ იგიც ოსტატად იკურთხებოდა და შავი ტყავით შეიმოსებოდა ქუდითურთ.
„რკინის კაცნო, ჯერ კიდევ ბალღს ნუ სწირავთ, შავი კლდის ნაშალ ფერდობებზე ასვლაც კი სათუოა, ხოლო მადნის აღმოჩენა და შემდეგ მისი მოპოვება, იმ დროს როცა არაბთა რაზმები აქა იქ გამოჩნდებიან და ყოველი სულიერი მონად მიჰყავთ ან ჰკლავენ, უთუოდ გაწირვაა ბალღისა“- აყვირდა უეცრად საურმაგი და მამასთან მიიჭრა, თვალებში ჩახედა, რაც ფიქრობსო რომ უკეთ შეეცნო.
უეცრად ერთი რკინის კაცი სხვებს გამოეყო და სულას გამჭრიახი მზერითა და გამამხნევებელი ღიმილით შეხედა. მისი სიტყვა ამგვარი იყო:
„რკინის კაცობა, მეტად რთული ხელობაა ძმებო, იდუმალ ძალათა თანაზიარი უნდა გახდეს ოსტატი, დაივიწყოს ყოველი, მადნის, ცეცხლის და შენადნობის გარდა. ჩვენც ასე მოვიპოვეთ ოსტატის ხარისხი, სიყრმის ასაკში არ დავინდეთ თავი და შევუდექით შავი კლდეების უბანს, ზოგს გაგვიმართლდა და ეგრევე გადავაწყდით მადანს, ზოგი კი დღესაც ეძიებს, რათა გამოწველოს მადანი და კაცთა მიცეს რკინა ფოლადად ქცეული. შემოჭრილი მტერიც უპირველეს ყოვლისა რკინის კაცებს გაწყვეტს მხოლოდ, რათა დიდ ქართლში სამუდამოდ დაივიწყონ გავარვარებულ ლითონთან ჭიდილი და მონობაში განცხრომას მიეცნენ, ამიტომაც საბრთხილო და საშინელია რკინის კაცთა ხვედრი. გამომდინარე აქედან, უხუცესი ბარამგური მართალია, წავიდეს ერისთავისშვილი და თავად იაროს ჩვენს მიერ ერთხელ უკვე ნავალ ბილიკზე. მეორეცაა, დაფიქრდები კაცი და კითხავ საკუთარ თავს – რათ უნდა ერისთავისშვილს რკინის კაცობის ოსტატობა? პასუხი ამგვარია, სწორედ ერისთავები უნდა იყვნენ რკინის კაცობის გზას ნაზიარები, რათა მათ უმჯობესად განაგონ ქვეყნის ბედი იმგვარად, რომ დიდ ქართლში ნაწარმოებმა რკინა-ფოლადმა ჩვენი ერის მტერი გასჭრას და ჩვენი მიწა მოხნას, ჩვენი მოყმე დაიცავს აბჯრითა ფარით, ჩვენი სახლი აშენოს სამსჭვალით და ჩვენი ისრები წამახვოს მტრის საზიანოდ. აი შენ ჩემი მანაგურთი მოყმევ, იქნებ გაგიმართლოს“- ამ სიტყვების დასრულებასთან ერთად ოსტატი სხვა რკინის კაცებს შეერია. სულას ხელში რკინის კაცის მიერ ნაბოძები „მანაგურთი“ შერჩა და დიდად გაიხარა, რადგანაც ეს არ იყო უბრალო ნივთი, ეს იყო მადნის მიკვლევის გასაღები.
-„მანაგურთი, თავადაც ლითონია, თუ დააკვირდები იგი მომწვანო ფერისაა და მოცისფრო ფერს იღებს, მაშინ როდესაც რკინის მადანი ახლოსაა, მაგრამ ძნელია ამ ფერთა ცვალებადობის აღმოჩენა, სულ ხელში უნდა გეპყრას მანაგურთი და ამგვარად სიარული შავი კლდის უბანში, აღმასვლა ნაშალ მთაზე, მეტად ძნელია, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ, შავი კლდის წმინდა გიორგის შეთხოვე დახმარება“-ჩაუჩურჩულა საურმაგმა სულა სულას ძეს და უკვე მეათე წელში გადასული ჭაბუკი პასუხისათვის მოემზადა, რაიმე უნდა ეთქვა საპასუხოდ რკინის კაცთათვის.
-„საგზალს გაგატანთ ერთი კვირის სამყოფს, შემდეგ თავად უნდა გამოიკვებო თავი, გექნება მშვილდი, ქამანდი, სამი ათეული ისარი, მიწის სათხრელი ბარი და წერაქვი, თუ გინდა შენს მიერ გამოჭედილი „შვეტი ხრმალი“ თან გქონდეს, მაგრამ ძლიერ დაგამძიმებს“-უთხრა საურმაგმა და თვალიდან ცრემლი მოიწმინდა.
– რა გატირებს კაცი არ ხარ? – კითხა მეათე წელიწადში გადასულმა სულამ მასზე ოთხით უფროს საურმაგს. უეცრად საურმაგი წამოენთო, მუშტი მოუმარჯვა სულას, მაგრამ შემდეგ გაიცინა და მხრებზე დაჰკრა ლითონის ჭედვით გამაგრებული მუშტი ერისთავისშვილს.
– ქვასავითაა, ვისაც დაჰკრავ ადგილზე მოკვდება – გაეღიმა სულასაც და ძმადნაფიცს გადაეხვია.
***
ვერ დაუბრუნდა რკინის-კაცთა ქალაქს, მადანი კი აღმოაჩინა, მაგრამ შავი კლდეებიდან უკან მომავალს ყოველი ბონდის ხიდი გადახერხილი დახვდა, თავდაღმა დაუყვა ხეობას, როდესაც რამოდენიმე ისარმა თავსზემოთ გადაუშხუილა. „არაბები? აქ საიდან“ – ამის გაფიქრება მოასწრო და გველის ნაკბენივით სიმწარე იგრძნო უეცრად, თავბრუ დაეხვა „ისარი მომახვედრეს“ გაიფიქრა და გულის საშინელი ცემა აუვარდა. „ვკვდები, დედასთან ვეღარ დავბრუნდები“-გაიფიქრა მან და იგრძნო რომ სისხლი მოსჩქეფდა მისი იარიდან. მოწითალო არაბული ისრის ამოძრობა დააპირა მაგრამ გული უსაშველოდ აუფრიალდა და კიდევ მეტი სისხლი დაკარგა. „ორკაპა ისარია, აქ მოვკვდები“ კვლავ გაურბინა მას გონებაში, თვალები დახუჭა და შემდგომ მის გარშემო დიდხანს იყო უკუნი ღამე… მხოლოდ ესმოდა ხარბად სუნთქავდა…თითქოს სული სადღაც, ზეცაში აღმასვლას ლამობდა…
როდესაც თვალი შეახილა არაბულ აქლემზე იყო გადაკიდებული, გაოცებულმა მიმოიხედა, გარშემო მბრწყინვალე აბჯარში გამოწყობილი ჩალმოსნები დაინახა. უმშვენიერეს ცხენებზე ამხედრებულ რაზმს თეთრ ცხენზე გადამჯდარი ჩია ტანის ემირი მიუძღვოდა წინ. არაბულად საუბრობდნენ დაბალ ხმაზე და როდესაც ერთმა მის მიმართულებით გამოიხედა, სხვებმაც შეანათეს აქლემზე გადაკიდებულ სულას თავიანთი ჭრელი თვალები და გადაიხარხარეს.
„მონადირებულ ცხოველს ვგავარ, დამცინიან“ გაიფიქრა მან და გაყუჩდა, იგრძნო რომ იარა აღარ აწუხებდა და მხარზე ხელი მოიფათურა იმის გასარკვევად თუ სად გამქრალიყო ორკაპა ისრის წყლული მისი სხეულიდან.
ამაზეც მიიპყრო არაბი მეომრების ყურადღება, ერთი მასთან ახლოს მოჭენდა, თეთრი კბილების ციალით გადაიხარხარა და ჩია ემირისკენ გაახედა და ყურში უჩურჩულა – „ალ ჰაქიმ, ემირ ალ ჰაქიმ“, კიდევ რაღაც უთხრა მაგრამ სულამ მხოლოდ ის გაიგო რომ რაზმის ხელმძღვანელი ემირი, კოლხი მედეას მეცნიერების მცოდნე იყო და საკუთარ მწარე ბედზე ჩაფიქრდა „დიდი დედოფალის კოლხი მედეას ბედი გველივით გვეპარება იბერიელებს რათა მწარედ დაგგვგესლოს, მაგრამ რისთვის და როდემდე?“-უეცრად გაიხსენა მან დედის ცრემლიანი მონაყოლი და იმისათვის რომ აქლემის ნავარდობისათვის გაეძლო დედის სახე წარმოიდგინა.
„ჰოი დედაო, სად ხარ ეხლა, ნაყოფი დაგირგავს, ხოლო მოსავალი ვერ მოგიწევია,… ჩემო საწყალო დედაო“-გაიფიქრა მან, გაიხსენა დაკარგული მამა და მიხვდა რომთვითონაც უგზო-უკვლოდ იკარგებოდა. „დღესვე შესაძლოა დავიღუპო, ან იქნებ შეურაცყოფა მომაყენონ არაბთა, რასაც სიკვდილი მირჩევნია“-გაიფიქრა სულა სულას ძემ და მის სიახლოვეს მოჯირითე არაბის ქამარში გაყრილი მორკალული ხანჯალს თვალებით ჭამა დაუწყო, ერთი ნახტომი და ეგ ხანჯალი ხელში მექნებოდაო გაიფიქრა.
„მერე კი მოგკლავენ, ნეტამც ასე იყოს“- გაიფიქრა კვლავაც და კუნთები დაძაბა, მჭიდროდ იყო აქლემის ტახტისებულ უნაგირზე დაკრული, მაგრამ ტყავის თასმები სიცხისაგან მორბილებული ეჩვენა და გულს იმედის ნიავმა დაჰბერა.
***
როდესაც რაზმეული დასასვენებლად შეჩერებას ფიქრობდა და არაბები რაღაცას მასლაათობდნენ, სულას მარჯვენა ხელი უკვე დახსნილი ჰქონდა და მარცხენას განთავისუფლებას ლამობდა, მის მხარდამხარ მოჯირითე არაბს არაფერი გაუგია, იქნებ მას ცხენზე ეძინა კიდევაც, ასე ჩასთვალა ტუსაღმა და მარცხენა ხელის გამონთავისუფლება დაიწყო. გული კვლავ აუფრიალდა, მაგრამ თავი იმით დაიმშვიდა რომ მამამისი იამაყებდა ამგვარი ვაჟით. უეცრად ორივე ხელი აამოქმედა.
„განთავისუფლების წამები უდიდესია, სხეული თავად მოქმედებს თითქოს, გონებასაც ასწრებს რადგანაც, თავისუფლება დანათლული აქვს ადამი ძეს“-გაიფიქრა უეცრად და არაბის მოვარცხლილ ხანჯლის ტარს ქურდულად მისწვდა, ხელი მაგრად მოავლო, ჯანიც შეიგრძნო, „არც მთლად დავსუსტდი“ გაიფიქრა იმედიანად და სატევარი ღონივრად გამოქაჩა ქარქაშიდან. უეცრად არაბიც გამოერკვა, ბუმბერაზი კაცი იყო, ცხენზე შეხტა თითქოს, მართლა ძილქუშიდან გამორკვეულს რამოდენიმე სიტყვის თქმა დასცალდა რადგანაც სულა სულას ძემ სასწრაფოდ მოიმოქმედა ყოველივე ის რასაც აპირებდა. მორკალული ხანჯლის მესაკუთრეს უეცარი მოქნევით ნაწლავები დააყრევინა, შემდგომ აქლემის ტახტაზე მიფსკვნილი ხუნდებისაგან გაინთავისუფლა თავი და ხმამაღლა შეჰყვირა.
მისკენ გამოჭენდნენ სწრაფ არაბულ ცხენებზე ამხედრებული შუბოსნები და მშვილდოსნები, სულამ აქლემს მიანდო თავი, ხანჯალი ყუით გადაჰკრა, სისხლის კვალი გაჩნდა აქლემის თეძოებზე და ეს მაღალი ცხოველი არაჩვეულებრივი სიჩქარით წინ გაიჭრა.
„დავაღწევ თავს თუ ტყემდე მივაღწევ…“ – გაიფიქრა განთავისუფლებულმა ტუსაღმა და აქლემს ხენჯალი კიდევ ერთხელ გადაჰკრა. არაბები შემოჯარენენ, მშვილდებს უმიზნებდნენ, მაგრამ ემირ ჰაქიმი რაღაცას ყვიროდა, რაც მის მოსაკლავად გაცემული ბრძნანება ეგონა სულას და მთელი ძალით და ღონით მიაჭენებდა აქლემს ტყის კორომისაკენ სასოწარკვეთილი და გააფთრებული, ეხლა ამ წამს წინ აღმართულ მხედარსაც კი არ შეუშინდებოდა და ადვილად გადაქელავდა ათი წლის სულა, რომელსაც საკუთარი ბედისა თუ უბედობისათვის უნდა მოეწყო ეხლა გამოცდა.
ჰაერში მშვილდებმა გაიზუზუნეს, ემირი კვლავ აყვირდა და აჯაჯღანდა, სულამ თავი მოატრიალა და სასწოწარკვეთილი ჰაქიმის აწითლებული სიფათი დაინახა, სხვა არაბ მხედრებსაც მოჰკრა თვალი, მაგრამ ისინი სახე ახვეულები იყვნენ და თვალენი ჰქონდათ უთუო მსხვერპლის დასაღვრელი სისხლით განბრწყინებული, ემირი ჰაქიმი კვლავ რაღაცას ყვიროდა, მაგრამ კიდევ ერთმა მშვილდმა გაიზუზუნა, „ბაგგ“ გაისმა ხმა, სულამ თეძოში უცხელესი სამსჭვალის გაყრისაგან მიყენებული ტკივილი შეიგრძნო, მთელი ტანი დაეკრუნჩხა იმ საზარელი გრძნობისაგან რომ რკინაზე იყო მატლივით წამოგებული და აქლემიდან გადმოავრდა.
გაოგნებული სულა პირაღმა ეგდო გავარვარებულ ველზე. არაბებს ცხენის ფლოქვებით უნდოდათ მისი გაქელვა, ერთი შუბის პირსაც უმიზნებდა თვალებს შორის მას. გაჰყვიროდნენ მხედრები რაღაცას, ყველა მათგანი მოიჯირითებდა სულას ირგვლივ წრეს და როდესაც მიწაზე გართხმულ ჭაბუკთან მოვიდოდნენ, მათი ცხენები ფლოქვებს აწევდნენ, და თითქოს პატრონის ბრძანებას ელოდებიანო გაშეშდებოდნენ.
უეცრად არაბი ჰაქიმი მოიჭრა სულასთან, მუხლებზე დავარდა და თავისი აბგა გახსნა, რაღაც სითხე გადმოასხა შუშის ჭურჭლიდან და პირში ჩააწვეთა ჭაბუკს.
– არ მინდა მომკალით თქვენი….-შეჰყვირა სულა სულას ძემ და პირში გადაცდენილი წამლის წვეთების ამორწყევას შეეცადა. არაბი გაგულისებული უყურებდა მას და როცა არაფერი გამოუვიდა დაკლაკნილის დასამორჩილებლად, მის ყურთან მიიტანა ტუჩები და განწირული ხმით, ქართულად დაიჩურჩულა:
– ყმაწვილო, ხომ არ გადაირიეთ, ბიძათქვენისა და მამათვენის ხათრით, დამმორჩილდით, გადაგარჩენთ შურტა ვარ კუტალმიში, ჩაჩუმდით!

„შურტა? კუტალმიში? ბიძის – ლაკლაკის პირადი ექიმი? გადავრჩები“-გაუელვა აზრების თავგანწირულ მდინარებაში სასიკვდილოდ გამზადებულ მეათე წელს გადამდგარ სულა სულას ძე კალმახელს და „არაბის ჰაქიმის“ -ოჯახის ერთგული შურტას მკლავზე გრძნობა დაკარგა.
***
„ყმაწვილობაში ვინც სასიკვდილოდ გადადებულა და გადარჩენილა, გმირობასთან შეზრდილა, და თავის იღბალში დარწმუნებულა, მუდამ ღიმილით ახედავს ზეცას, რადგანაც იქ ეგულება მთელი სამყაროს მესაწნახელე, შენც იმ დიდმა მესაწნახელემ გადაგრჩინა, კინაღამ გადმოუვარდი დიადი საწნახელიდან, მაგრამ დაგწვდა ხელში აგიღო, სული შეგიბერა და საწნახელში შეგაბრუნა, რადგანაც ბოლომდე ხარ დასაწური“ – ჩურჩულებდა შურტა დაჭრილი ჭაბუკის ირგვლივ.
– რაღაც აჰურა მაზდას საგალობელს აღარ მღერიხარ კუტალმიშ, ადრე ღვინო გძაგდა, ეხლა კი საწნახელი და მესაწნახელეო მეჩურჩულები, რა მოგივიდა? – ტკივილის დასაფარავად განგებ გაიღიმა, ხალიჩაზე გართხმულმა დაჭრილმა.
– დიადმა აჰურა მაზდამ დამივიწყა ჩორჩანელო, შენშია ეხლა ძალა და ნიჭი ერუშალაიმში ჯვარცმული ძე კაცისა, ისაა ჩემი გზა და ბილიკი და როდესაც დავბრუნდებით სამცხეში, უნდა ვეზიარო მაშიახს იეშუას, რომელმაც ასე მიმართა მამას მისას – ელოი, ელოი, ლამა საბთგანი, მოკვდა კაცთათვის და შემდეგ აღსდგა და ეხლა მარჯვენით უზის მამას მისას, მას უნდა ვეზიარო, როგორც მწყურვალი უდაბნოში აღმოჩენილ წყაროს.
– სად ვართ კუტალმიშ? მამა სად გეგულება ჩემი, ბიძები სად არიან? – სასომიხდილი ხმით ჩაილაპარაკა ჭაბუკმა და მის ხმაზე შურტა შეხტა, სახეზე დახედა, თვალებში ჩააკვირდა, შემდეგ ხელის გულები დაუსრისა, მუხლის თავებზე ლითონის ნატეხები დააფინა, ჭრილობაზე შეგოზილი მალამოს ფენა შეუმოწმა, თავთან ჩამოუჯდა და აღიღინდა, აჰურა მაზდას ჰიმნი გაიხსენა, შემდეგ გაჩუმდა და სთქვა:
– შენ არ მოკვდები ჩორჩანელთა მემკვიდრევ, მამა შენი გაუჩინარდა, ჩემი პატრონი ბიძაშენი ლაკლაკი ინდოეთს გაჰყვა არაბთა მხედრობას, ბიძაშენი ბეშქენ ჯაყელი ტაო-კლარჯეთში დავტოვე გამაგრებული, დედა თქვენი დიოფალი ლია თავად გეცოდინება… სად არის? ბიძაშვილები შენი გაფანტულები არიან, მაგრამ მოვძებნით სუყველას, შევკრიბავთ, ჩორჩანელთა სახლს, ბალავარს გაუმაგრებთ და კვლავაც ავღსდგებით, დაიძინე ჩორჩანელთა მემკვიდრევ, შენი ჰასაკისათვის მეტისმეტი შესძელი, ეხლა დაიძინე, აჰურა-მაზდაში დაიმშვიდე გული, ჩვენი მაშიახი, იეშუა შეგეწიოს – თავად შურტა ფეხმორთხმული იჯდა დაჭრილის წინ, მის მთრთოლვარე წამწამებსა და კალმით ნახატ ნაკვთებს აკვირდებოდა გულის ფანცქალით.
– იეშუა კი არა იესო, ქრისტე უფალი ჩვენი, შეგეწევა შურტავ, აქ იჯექი, არ დამტოვო კუტალმიშ იცოდე – თრთოდა დაჭრილი და ძლიერი ფრინველის მარწუხებში მოქცეული ბატკანივით ფართხალებდა.
შურტა იჯდა და მაჯას უსინჯავდა სულა სულას ძეს, ის კი ბოდავდა, დედას ევედრებოდა მამას დაუძახე დაბრუნდესო, შემდეგ დედას სთხოვდა მაპატიეო, მეც სწრაფად დავბრუნდებიო, რკინის მადანი გულში ჩახუტებული მომაქვსო, შემდეგ ვიღაც საურმაგს ელაპარაკებოდა, დედას მიმიხედეო, ბოლოს ბარამგურს მიმართავდა, დიდი ხრმალი დავამზადეო, ცხენსა და კაცს შუაზე გავკვეთო.
ტიროდა შურტა ჭაბუკის ტკივილებს და წყლულებს, ჩამოშვებულ ხელს უკოცნიდა სულა სულას ძეს, ძველ ბრძენებს იხსენებდა და ჰაქიმების მოსაზრებებს უკუაგდებდა, სიკვდილ-სიცოხლის შესახებ, ჩურჩულებდა, სიბრძნე დავკარგეო წუწუნებდა და უცხო ენაზე ცის კაბადონს შესთხოვდა რაღაცას.
სამ დღეს გაგრძელდა ჭაბუკის აგონია, მეოთხე დღეს კი უკუნეთ ღამეში, სულა სულას ძე წამოჯდა, გაოცებულ შურტას, რომელიც მუგუზალივით თვალებს აკვესებდა, შეხედა და უთხრა:
– დედა რკინის-კაცთა ქალაქში დავტოვე კუტალმიშ, გაგზავნე ვინმე, გააგებინე რომ ცოცხალი ვარ და დავბრუნდები, თორემ დარდისაგან მომიკვდება დედა…
***
ტყვეობა გაგრძელდა, ჯერ თბილისში იდგნენ, რათა შემდეგ ბაღდადისაკენ უნდა აეღოთ გეზი. თბილისის ამირამ დატყვევებული ჭაბუკი ბაღდადის გამგებელს, მის ბიძაშვილ აჰმად ალ აშრაფს უბოძა. სწორედ ეს უნდოდა შურტას, თავადაც უნდა წაჰყოლოდა ტყვეთა ქარავანს, თარჯიმანი სჭირდებოდათ არაბებს, ხოლო ექიმი თბილისელებს, ამიტომაც არ უშვებდნენ შურტას ქალაქელები. ბოლოს ერთი შეგირდი აიყვანა, მალე გაწვრთნა და ჰაქიმადაც „აკურთხა“, ქალაქელებს დაემშვიდობა. ტფილელ ბერებს, რომლებიც ამირას გვერდით უსხდნენ უხვი საჩუქრები მიუძღვნა და ბაღდადელობა მოიმიზეზა. „დედა მინდა მოვინახულოო“ თქვა.
ჩაიცინეს ტფილელმა ბერებმა, რა არ უნახავთ ცხოვრებაში და ეს კაცი მაინც ვერ ამოიცნეს თუ ვინ იყო, ისიც ვერ შეითვისეს თუ ვის ემსახურებოდა. „რა დროს შენი დედაა კუტალმიშ, უკვე ალბათ მათუსალას ჰასაკის ხარ“-ჩაილაპარაკა ტფილელ ბერთა შორის ყველაზე ახალგაზრდამ, მეშვიდე ათეულში გადამდგარმა უმეკმა. ტფილელებმა ხმამაღლა გაიცინეს, უკბილო ღრანჭები დააბჩინეს და დიდხანს ხორხოცობდნენ.
იღიმებოდა შურტა, ჩაწითლებული თვალებით და მუგუზალივით შავი თვალის გუგებით სწრაფად ათვალიერებდა ტფილელი ბერების ნაოჭიან სახეებს და ქალაქის ამირას ატამივით აფეთქებულ ხორციან ლოყებს.
აუდენცია დამთავრდა, ქალაქ თბილისის უზენაეს მბრძანებელს არაფერი უთქვამს, თავისთვის ფიქრობდა რაღაცას, ხელი აიქნია ჯაფარიანთა გვარის ამირამ და სამად მოკუნტული შურტა უკუსვლით გამოვიდა კალას უბანში გამართული მოცისფრო ფერის სასახლიდან, რომლის გვერდით მაღალ კოშკს აშენებდნენ არაბნი ციურ მნათობებზე დასაკვირვებლად.
შურტა კიდევ ერთხელ შეჩერდა, კოშკი შეათვალიერა, გაიხსენა თავისი ყრმობა და იბნ ჰალდუნის გაკვეთილები მარსისა და იუპიტერის სამოძრავო ორბიტების შესახებ, შემდეგ როგორც ქართველებმა ასწავლეს ხელი ჩაიქნია და თავისი ყრმის საქმეზე სწრაფი ნაბიჯებით გასწია.
ყრმა კი ამ დროს სამხედრო ტყვე იყო, მაგრამ, ქალაქის ქსენონში (ჰოსპიტალში) ყავდა მიბარებული შურტას. აბა აყროლებულ ტყვეთა საჩიხეში ხომ არ დასტოვებდა მის მკერდზე ასე უჩვეულოდ მინდობილ ჩორჩანელთა და კალმახელთა შთამომავალს. თანაც მშობლის უჩვეულო სიყვარულით შეუყვარდა შურტას ეს დაუმორჩილებელი ჭაბუკი და ეხლა მის სანახავად გარბოდა.
***
– ჰაქიმი ვარ კუტალმიში, გამატარე – ჩია ტანის შურტა უეცრად მნიშვნელოვან სახეს მიიღებდა არაბების დასანახად, რათა კიდევ ერთხელ ეგრძნობინებინა მათთვის თუ ვინც იყო და რაც იყო.
– არიფ, ეს კაცი ვინ არის, ასე რომ დაგვყვირის თავზე? – ჩურჩულებდა არაბთა ათისთავი და თავის მოადგილეს შეწუხებული სახით მიშტერებოდა.
– იმპერიაში ერთი ეგაა ექიმი და მეორეც ალ ჰაქიმი, იცი ვინ მოარჩინა ამ ტანსრულმა და დიდთავა კაცმა? – ამბობდა არიფი მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით, თითქოს ათისთავს დიდი სიბრძნეს ეუბნებაო.
– აბა მე საიდან? მთელი დღეა ამ საავამდყოფოს კარებთან ვდგევარ, რათა ის პატარა მზაკვარი ვირიშვილი არ გაგვექცეს, რომელმაც ერთხელ უკვე მეორე სართულიდან მლანძღა და მაგინა – იმ კაცის დაბნეული სახით თქვა ათისთავმა, ვისაც ახალ ამბებს მხოლოდ მტრები აწვდიან.
– ჩვენი დიდი ქალაქის, თბილისის მბრძანებლის, ცოლის დედა მოურჩენია ამ კაცს, სწორედ მაგიტომაც, შენ დღეს სდარაჯობ იმ მზაკვარსა და „თავხედ ვირიშვილს“, რომელსაც ვგონებ სახელად სულა ჰქვია.
– ეგ როგორ? – სულ მთლად გაოცდა ათისთავი და შუბის ტყავის თასმა გაავებისაგან შავი ულვაშებით დაფარულ ფართო პირში ჩაიდო და ღეჭვა დაუწყო.
– ჰო, აი ეგრეა ცხოვრება, როდესაც სიდედრი მოურჩინა დიდ ამირას, ჯაფარიანებს უკითხავთ მისთვის, გვითხარი რა გსურს შეგისრულებთო და ამ კუპრივით შავ გულის კაცს უთქვამს, თქვენი ტყვეა დაჭირული ერთი, სახელად სულა, ჰოდა ის ქსენონში გაამწესეთო. ამიტომაც დგახარ აქ აბდულაჰ, ხომ გაიგე – თქვა არიფმა დამცინავი მზერით.
***
საბოლოოდ ტყვეთა ქარავანი არაბთა მცირე რაზმითურთ, რონინით დაიძრა ბაღდადისაკენ, გეზი ბოსტან ქალაქისაკენ ეჭირათ, ნელა მიდიოდნენ, შემდეგ ტბასთან შეჩერდნენ, სულა დაბორკილი ყავდათ ათასეულის თავის ბრძანებით, რადგანაც მას წინა ღამეს, მცველისათვის იმგვარად გაერტყა, რომ ეს უკანასკნელი გრძნობებისაგან, მყისიერად განეშორებინა. შურტას რომ დროზე არ მიერბინა შემთხვევის ადგილას, უთუოდ მოჰკლავდნენ არაბები, მათზე განრისხებულ დაუმორჩილებელ ყრმას.
შურტა უკვე აღარ სცილდებოდა ჭაბუკს, რომელიც დაბორკილი მილასლასებდა რაზმეულის ბოლოს. არაბულ ბედაურზე ამხედრებული მცველი სახელად ჯაჰანგირი, დიდი მათრახით თავს დაჰყურებდა დაუმორჩილებელ ტყვეს და მის განგებ გამოწვევას აპირებდა. ისიც კი იფიქრა შურტამ, რომ მცველს ბრძანება მისცეს ტყვე დაუმორჩილებლობის ნიადაგზე მოეკლა. ამ ფიქრისაგან შეპყრობილი შურტა თავადაც ჯაჰანგირის უკან მილასლასებდა და ტანბრგე არაბის ყოველ მოძრაობას, ცალკერძ განრისხებით და ცალკერძ შიშით აკვირდებოდა. „ყრმა არ მომიკლანო“- ცახცახებდა შურტა და სულასთან გამოლაპარაკებას ელტვოდა. რა უნდა ეთქვა თავგანწირული ყრმისათვის არ იცოდა. მაგრამ როდესაც რაზმეული წყურვილის მოსაკლავად შეჩერდა, იგი წყლის თასით ხელში მივარდა სულას და უთხრა:
„სიცოცხლე წყალს გავს, უდაბნოში მოგროვებულს, შენ თავად თუ წყურვილი მოიკალი, მაინც არ გაქვს ამ წყლის გადასხმისა და გაბნევის უფლება. იფიქრე იმაზე სხვასაც დაალევინო წყალი და საერთოდ გაუბრთხილდი მას“.
– უფალს იესო ქრისტეს, წყალი რომ ითხოვა, ძმრით შეუსველეს ტუჩები კუტალმიშ დაიმახსოვრე, უფალი კაცთათვის სასწაულებს სჩადიოდა, მათ მკვრდეთით აღადგენდა, თვალს აუხელდა და ჰკვებავდა, ეშმაკებს განდევნიდა მათგან, მათ კი რითი უპასუხეს? სასიკვდილოდ გაიმეტეს უფალი კუტალმიშ, მე კი რაღატო უნდა დამინდონ ამ დამპყრობლებმა? წუხელ მათ ათისთავს, წურბელას, რომელიც წყალს არ მასმევდა დედაც შევუგინე და რომ მომიახლოვდა, კარგად გვარიანად ვგვემე, ვგონებ შენც შეესწარი ამას, წუხელს წინ კი ერთ დაჭრილს გამოვესარჩლე და სიმხეცის გამო, ციხის ათისთავს აბდულას გრძელი ულვაში შემოვახიე, მანამდე არიფსაც მივწვდი და თავი ჩავაკრევინე სალაფავში, ასეთებს ვინ მოთვლის, კუტალმიშ. ვერ გაიგე? აღარ მინდა ტყვეობა, მომკლან სჯობს. „მაინც მგლის ნება სჯობს ძაღლის ერთგულებას“- უპასუხა მტკიცედ ყრმამ.
შურტა გველნაკბენივით შეხტა, როდესაც ჩორჩანელთა მრწამსი -„მგლის ნება სჯობს ძაღლის ერთგულებასო“ კიდევ ერთხელ ყურში ჩაესმა, შეშინდა როგორც მშობელს, რომელიც თავის ვაჟში, გველეშაპთან შებმულ მოყმეს აღმოაჩენს და საიქიოს გამგზავრებული თავგანწირული გმირის უტკბილეს მადლს, მაინც სააქაოს დარჩენილი ცოცხალის სუნთქვისეულ ფშვინვასა და ქმედებებს არჩევს. თავად შეეშინდა შურტას გულს გაჩენილი ურწმუნოების ამ წუთას, იგი ხომ თავადაც თავგანწურულთა ბანაკის წევრი იყო, სიბრძნის დასაწყისში და იქნებ ეხლაც, როდესაც სიბრძნე ვიღაცისათვის უნდა მიენდო და მარადისობისათვის თვალნი გაესწორებინა. სიყვარულით შეხედა უღონოდ მოლასლასე სულას, რომელსაც ამხედრებული ჯაჰანგირი ქორივით გარს უვლიდა და მათრახის გადაჭერას უპირებდა, ფეხი ააჩქარა და არაბი მემათრახისა და სულას შორის ჩადგა. ცოტა ხანი ასე იარეს, ჯაჰანგირმა ცხენი უეცრად დააოთხა და წინ გაიჭრა. ამ დროს შურტამ მდუმარე და რაღაც, საბრთხის შემცველი აზრით შეპყრობილ სულას შეხედა და იმ კილოთი, რომელსაც თხოვნისათვის იყენებდნენ, მისთვის ცნობილი ენები, ასე მიმართა:
– გთხოვთ, როგორც მრავლის მნახველი მოხუცი კაცი, ახალგაზრდა ყრმას, არაფერი იღონოთ, არაფერი ჩაიდინოთ ისეთი, რაც წყეულ არაბს თქვენი დასჯის საბაბს მისცემს. გთხოვთ მამათქვენის სულას, ბიძათქვენი ბეშქენის და ჩემი პატრონის ბიძათქვენი ლაკლაკის ხათრითა და პატივისცემით, სიცოცხლეს გაუბრთხილდეთ, გთხოვთ ბებიათქვენის, წმინდა დედოფლის ლატავრას სახელით, გთხოვთ თქვენი დიდი პაპის მირიანის სულის მოსასხენებლად გაძლოთ და გადარჩეთ – შურტამ ტირილი რომ ვერ შეიკავა, ამან უფრო გააღიზიანა სულა სულას ძე კალმახელი რომელიც მოუტრიალდა შურტას და დიდხანს უყურა მას თავისი დიდი თაფლისფერი თვალებით. შურტას უნდოდა სულასთვის დაჩოქოლს ეთხოვა საკუთარ თავი გადაირჩინეო, მაგრამ ამ დაჩოქებას უკვე აღარ აპატიებდნენ არაბნი გრძნობდა და ამიტომაც, ის რაც უთხრა ჭაბუკს, იგრძნო რომ სასაცილოდ და ნაკლებ დამაჯერებლად გამოუვიდა. ამიტომაც თავი ჩაქინდრა და როგორც სუსტს შეჰფერის ძლიერთან სიახლოვის ჟამს, სულას მიმართ მდუმარე პატივისცემით გაიჟღინთა.
რამოდენიმე ხანს ასე მიდიოდნენ. წინ ყარაიაზების უდაბნო იყო გადასავლელი. მცველი ჯაჰანგირი თავისი დაუოკებელი ულაყით ხანაც წინ გაიჭრებოდა და ხანაც უკან, როგორც ჩანს ფართოდ გაჭიმული ტყვეების მთელ მწკრივს ქორივით თავს დასტრიალებდა და დრო და დრო მისი მათრახის ტყლაშუნის ხმაც ისმოდა. შურტა ღელავდა, სულა სულას ძეს უყურებდა და თვალები აქა იქ დაურბოდა. უეცრად სულამ იხმო.
– კუტალმიშ, შემპირდი რომ მართლმადიდებლად მოინათლები და ქრისტეს რჯულს მიიღებ, მაშინ რა თქმა უნდა ყველაფერს დაგიჯერებ და თავსაც გაუბრთხილდები. თუ არ იზამს ამას, ეხლავე გამოვიწვევ ჯაჰანგირს, რომელსაც ჟრუანტელს ჰგვრის ჩემთვის მათრახის გადაჭერის სურვილი და როდესაც ცხენიდან გადმოვიღებ ამ ურჯულო მონას, მას საკუთარი მათრახით დავახრჩობ. შემდეგ კი ვეღარ დამეხმარები, უთუოდ თავის მოღუნულ ხმლებს ჩემ სისხლში მონათლავენ არაბნი – ღიმილით თქვა კალმახელმა და დათრგუნულ, შეშინებულ შურტას გაუღიმა.
– აქ ამ უდაბნოში როგორ მოვინათლო ქრისტეანად ყმაწვილო – გაოცდა შურტა, რომელსაც ადრეც რამოდენიმეჯერ უფიქრია, ქრისტესათვის თავისი თავის მიძღვნის შესახებ, მაგრამ ნაფიქრი, ხშირად მოუცლელობის გამო გადაუდია თუ დაუვიწყებია. ეხლა კი იგი გაკვირვებული იდგა და სულა სულას ძეს შეჰყურებდა.
– შემპირდი რომ პირველივე შემხვედრ ტაძარში მოინათლები კუტალმიშ – ხმა აუწია ყრმამ და ანთებული თვალებით შურტას შეხედა. მისი თვალის გუგები, დასიცხვისაგან გაფართოვებულანო – გაიფიქრა შურტამ რომელმაც უეცრად ფარხმალი დაყარა, და სულას უთხრა:
– გპირდები რომ პირველსავე ტაძარში მოვინათლები და ქრისტეს მივიღებ
სულა სულას ძე უეცრად ატირდა, ამ სიტყვების შემდგომ მას მოხუცი შურტას გულში ჩახუტება მოუნდა, მაგრამ, კუტალმიშის სწრაფმა მზერამ, მისკენ ნაბიჯ გადმოდგმული „დაუმორჩილებელი ტყვე“ შეაჩერა და უკან თავისსავე მწკრივში დააბრუნა. ამ დროს მემათრახე ჯაჰანგირიც მოჭენდა, სულას ქორივით დაჰხედა და რომ დაინახა მორჩილად მილასლასებსო უნებურად გაეცინა. ამ დროს შურტას აზროვნებაც ძველებურად ამოქმედდა, ჯაჰანგირს მიეჭრა, არა ბატონკაცურად, არამედ მორჩილად მოიკითხა მონათა დარაჯი და უნებურად მის დოლბანდიან მუხლს მოჰკრა თვალი.
– ეგ ჭრილობა ხომ არ არის ჯაჰანგირ? ტკბილად კითხა შურტამ მუგუზალისფერ ცხენზე ამხედრებულ დევივით არაბს.
– ამას წინათ ცხენი წამექცა კლდოვან ბორცვზე და მას შემდეგ მტკივა მარცხენა მუხლი, ჰაქიმი რომ ხარ ეხლა მივხვდი – გაუხარდა დარაჯს და შურტას დასანახად შარვლის ჩახდა და გასიებული წვივის გაშიშვლება დაიწყო.
– „ყველაფერი კარგად მიდის, მთავარია ქრისტეს ტაძარი არ შეგვხვდეს ეხლავე გზაში, მაინც რა ბავშვურად წამოვეგე და დაპირებაც რა გაუაზრებლად მივეცი ამ დაუოკებელ ყრმას.. “- ფიქრობდა კუტალმიში როცა არაბ პაციენტს ბანჯგვლიან ბარძაყზე უხეშად ჩქმეტდა და ახარხარებული ჯაჰანგირის თვალებში ტკივილიანი სამსჭვალის დანახვას აკვირდებოდა.

***
ყარაიაზების უსიცოცხლო, გვალვისაგან დახეთქილ მიწაზე მიაბიჯებდნენ, არაბებმაც ვეღარ აიტანეს აგვისტოს სიცხე, მუზარადზე შემოხვეული დოლბანდები გაშალეს და სახე მთლიანად დაიბურეს, შემდეგ დასასვენებლად შედგნენ, ქარავნის ემირს კარავი ბორცვზე დაუდგეს და თვითონაც მოისვენეს. გადაქანცული ტყვეებიც მიწაზე მოწყვეტით დაეცნენ და მათ ირგვლივ მოსრიალე შავი გველის თვალიერება და მასთან ხუმრობა დაიწყეს. ადგილს „გველების ხევი“ ერქვა.
შურტა საწყალობელი სახით მისჩერებოდა სულას, რომელსაც ტუჩები დახეთქოდა, თვალები ერთი წერტილისათვის მიეპყრო და რაღაცას თავისთვის ფიქრობდა. ცაში იყურებოდა, თითქოს რაღაცის მოლოდინში არისო. შურტასაც გულს უნებური ძრწოლა შემოეპარა და ის იყო სულასთან მისვლა დააპირა რომ უეცრად მათრახმა გაიტყლაშუნა, თითქოს რაზმეულის წამოშლა და გზის გაგრძელება ინებაო ქარავნის მუსტასიბმა. შურტამაც კისერი წაიგრძელა და უსიცოცხლო ბორცვზე დაბანაკებულ ქარავნის თავს გახედა. მუსტასიბის კარვის გარშემო მტვრის ბდღვირი იდგა, მათრახის ტყლაშუნის ხმა კიდევ გაისმა და რამოდენიმე არაბი ბორცვიდან კისრისტეხვით ქვემოთ დაეშვა. „ალაჰ, ალაჰ“ გაჰყვიროდნენ შავსამოსიანი არაბები, რომელთაც წითელ მოსასხამიანი მხედარი მოსდევდათ.
სულა უმალ ფეხზე წამოხტა, მიუხედავად მძიმე თბილისური ბორკილისა იგი სწრაფად მოძრაობდა, ანთებული თვალებით შეჰყურებდა მტვრის ბდღვირს რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა და მათკენ მოიწევდა.
– ცხენოსანი რაზმი გვიტევს კუტალმიშ – შეჰყვირა სულა სულას ძემ და შურტას მივარდა, ყრმა კუტალმიშს იმ გაშლილი ადგილიდან ქვიანი ხევისაკენ მიათრევდა, ბოლოს შურტაც გამოერკვა და სულასთან ერთად ქვიან ბორცვზე ჩაყირავდა.
– რა ხდება ერისთავო? თვალი დამევსო მტვრით? – შურტა აცრემლებულ თვალებს იწმენდდა და ცალი ხელით სულას ეჭიდებოდა.
– მოვიდა განთავისუფლება, ჟლიტავენ არაბებს, მაგრამ ვინ არიან, არ ვიცი, მაგდენი სამხედრო გამოცდილება ჯერ არ მაქვს-ჩაილაპარაკა კალმახელმა და კლდოვან ფერდობზე კუტალმიშის ჩაყვანა დაიწყო.
– თავს მიხედე შვილო თავს, შენ გაიქეცი, მე კი სადღა უნდა წავიდე – თქვა შურტამ და იქვე ლოდზე ჩამოჯდომა დააპირა.
– არ დაგტოვებ ჩემო კუტალმიშ, ხომ იცი – მკაცრად გამოთქვა ყრმამ და ისინი ნელ-ნელა ჩადიოდნენ ქვა-ღორღიან ფერდობზე და უსმენდნენ თუ როგორ გაჰყვიროდნენ არაბნი მათ ზურგს უკან.
– დადგა მაგათი აღსასრული ჟამი, გავასწროთ იქნებ, აჰურა მაზდავ მოგვეხმარე – ჩაილაპარაკა შურტამ და მისკენ შემოტრიალებულ სულა სულას ძეს შეხედა, ჭაბუკი მას საყვედირით უმზერდა.
– წავიდეთ სულა სულას ძევ, იესო შეგვეწევა – დარბაისლურად ბრძანა კუტალმიშმა და სულას თვალებში ნათელის გაელვებამ გაახარა.
მართლაც თავისუფლება ახლოს იყო, მაგრამ უეცრად ქვაღორღიან ჩასასვლელთან წითელმოსასხამიანთა ცხენოსანი გამოჩნდა, მათ ზემოდან ველური ხმით დასჩხავლა.
შურტა შედგა, მოტრიალდა და სპარსულად უპასუხა რაღაც წითელ მოსასხამიანს. მანაც მოალბო როგორც ჩანს სათქმელი და შემდგომი წინადადება, მხოლოდ ყვირილით წარმოთქვა.
– რას გვემართლებიან? რა უნდათ? – იკითხა სულამ და შურტას მიაპყრო თვალი, შემდეგ ხელში შეპყრობილი უშველებელი ჯაჭვი დაბლა დაჰყარა და იქვე ლოდზე ჩამოჯდა.
– ხაზარები არიან, ბიზანტიელთა მოკავშირეები, თქვენზე ვუთხარი ერისთავთ ერისთავის ვაჟიაო და ამიტომაც დაგვიტკბა, ზემოთ ამოდითო გვიბრძანებს და გველოდება, უნდა ავიდეთ – შეხედა შურტამ სულა სულას ძეს და მათ ნელ-ნელა დაიწყეს უკან ასვლა.
***
ხაზართა მოთარეშე ათასეულის უფროსი, ტომის ბელადი ბოზორქი მაღალი, ტანხმელი, წითელთმიანი და წითელულვაშიანი, ჭორფლიანი გოლიათი იყო, რომელმაც ბერძნული წერა კითხვა კარგად იცოდა და მცირეოდენ ქართულსაც ფლობდა.
საიდან ხართო რომ იკითხა ბოზორქმა, შურტამ ჩორჩანელთა სახელგანთქმული სახლის შესახებ დააპირა საუბარი, მაგრამ ბოზორქმა უეცრად შეაწყვეტინა მას სიტყვა და სულა სულას ძე სიძედ მინდაო-პირდაპირ უთხრა კუტალმიშს.
შურტა გაოგნებული შედგა და სულას გადახედა.
– რაო რას ითხოვს ეს წვერცეცხლა გოლიათი? – გაიცინა სულამ.
– სიძედ უნდიხარ, ვერც კი იფიქრებს რომ მეთერთმეტეში გადადგი ფეხი მხოლოდ ერისთავისშვილო, ალბათ უკვე სრულწლოვანი ჰგონიხარ, რა უთხრათ-მორცხვად იკითხა შურტამ და ბოზორქის გაკვირვებული სახე შეათვალიერა.
– რამდენი წლის ვგონივარ ნეტა? – გაიკვირვა კალმახელმა და ახლად შეღერილ წვერ-ულვაშზე ჩამოისვა ხელი.
– თბილისში სამ დღეში ერთხელ თავად გპარსავდით ერისთავიშვილი, ეხლა კი თმა წვერი გაგზრდიათ და ამიტომაც ჰგონიხართ სასიძოდ სრულწლოვანი ამ ადამის ძეს-თქვა შურტამ .
ბოზორქმა ბევრი ისაუბრა შურტასთან ამის შემდგომ, ძალიან უნდოდა ქართველ ერისთავთან დანათესავება როგორც ჩანს და ამიტომაც მათ ხაზარეთში უპირებდა გადაყვანას. მისი ქალი თოთხმეტის გამხდარიყო. ძალიან უყვარდა ბოზორქს ერთადერთი ქალიშვილი, რომლის სახელსაც ჯერ რატომღაც არ უმჟღავნებდა კუტალმიშს. ხვალ მივდივართ, ხაზარეთში გადავალთო, იძახოდა ბოზორქი, „სიძეს“ რძეს ასმევდა და უნაგირის ქვეშ ნატარებ შაშხს უხვად აჭმევდა.
***
ხაზართა ათასეული ელვისებურად მიდიოდა დარიალანისაკენ, ხანაც შედგებოდნენ ხაზარნი და მშვილდმოჭიმული ელოდნენ მომავალის გამოჩენას, ხანაც მოლოდნელად ესხმოდნენ არაბ გზირებს, იგებდნენ არაბთა ცხენოსანი რაზმების განლაგებას და გზას განაგრძობდნენ. ერთ კვირაში უკვე თერგთან იდგნენ, პირაკრული ცხენებით აპირებდნენ მდინარის გადალახვას. სულა მათ მოხერხებულობას აღფრთოვანებული შეჰყურებდა და ერთხელაც არ დაუპირებია გაქცევა მათი ბანაკიდან. შურტა გაკვირვებული იყო სულას „მორჩილებით“. როდესაც გვერდიგვერდ მიაჭენებდნენ ბოზორქის ნაჩუქარ კავკასიურ ულაყებს. შურტამ საყვედურით მიმართა ჭაბუკს:
– სულა სულას ძევ, გაქცევაზე აღარ მესაუბრებით? ბოზორქის სიძედ შესვლა არჩიეთ თავისუფლებას?
გაგულისებული მოუტრიალდა სულა თავის კუტალმიშს, შემდეგ უეცრად დაიოკა თავი და სანამ კვლავ სიყვარულით არ განიმსჭვალა მოხუცი შურტას მიმართ სიტყვა არ დაუძრავს, მაგრამ როცა იგრძნო შურტას სიტყვების დედააზრი და სიღრმე ასე უპასუხა მას.
– ხაზარებთან სამხედრო კავშირს თავად ბიზანტიის კეისარი მიელტვის, კუტალმიშ და ჩემი რად გაგიკვირდა. ისარივით სწრაფია მათი სამხედრო წყობა, გველივით მოქნილია მათი ლაშქარი. მივდივარ იქ რადგანაც მინდა ვისწავლო ხაზართა სამხედრო წყობა და შემდეგ გამარჯვებული დავბრუნდე ჩორჩანში.
შურტა დუმდა, ამ ამბიდან მეოთხე დღეს მივიდნენ ყარაფჩაის ციცაბო ნაპირთან და მასზე შეფენილ იურტებს ჰკიდეს თვალი.
– ყველაზე დიდი, წითელი იურტა ჩემია – მხარზე ხელი გადახვია ბოზორქმა თავის მომავალ სიძეს და ცხენი წინ დასძრა.
სულამ დაინახა თუ როგორ გამოეყო სოფლის წინ შეკრებილ ხალხს, ვიღაც მაღალი და ტანადი გოგონა და მათკენ გამოიჭრა, როდესაც მიუახლოვდნენ „ბაბ“ შეჰკივლა და მის ხელში დაირა აჟღარუნდა. ბოზორქი ცხენიდან გადმოხტა, ქალიშვილს მიეჭრა, გადაკოცნა და მასთან ერთად, დაირის ხმაზე აცეკვდა, სულ რამოდენიმე წამში ხაზარებმა დიდი წრე შეკრეს და ტაში დასცხეს.
ბოოზორქი შურტას რაღაცას უყვიროდა განრისხებული, ბოლოს კუტალმიშმა სულას უთხრა:
– წრეში შებრძანდი ერისთავთერისთავო და შენც ილაღე ამათთან ერთად, სასიმამრო არ გაგვინაწყენდეს.
სულამ ერთი გადახედა შურტას საყვედურის სათქმელად, მაგრამ პირი დაიდუმა და წრეში მორიდებულად შევიდა.

***
ერთ კვირაში იქორწინეს სულა სულას ძემ და თოთხმეტი წლის ჩიჩეკ ჰანიმმა. ცალკე იურტა დაუდგეს მათ სოფლის განაპირას. სამ დღესა და სამ ღამეს ქეიფობდნენ ხაზარები, სვამდნენ ლუდსა და რაქიუს.
წითელთმიანი ჩიჩეკ ჰანიმი სინაზისა და სიმშვენიერის განსახიერება გახლდათ. სულა სულას ძეს მის გვერდით მშვენიერი ჩიჩეკის ყოლა, ძილბურანში ნანახი სიზმარი ეგონა. შურტაც მუდამ სულას იურტის სიახლოვეს დაიარებოდა და გამოუცდელ ჭაბუკს რჩევებს აძლევდა.
ჩიჩეკ ჰანიმი თავს ბედნიერად გრძნობდა, მის გვერდით ვაჟკაცობითა და სიმშვენიერით განთქმულ ქართველთა ნაშიერი, ერისთავის ვაჟი სულა იწვა და ეძინა.
წითელთმიანი ჩიჩეკ ჰანიმი მორცხვად ათვალიერებდა ქართველის დაკუნთულ, ლამაზ სხეულს, მის ხშირ წამწამებს, კამაროვან წარბებს, სწორ ცხვირს, ლარივით წვივებს, ძლიერ მუხლებს, კისერზე გამობერილ ლურჯ ძარღვებს, რომლებიც ოდნავი გაბრაზების ჟამს დაებერებოდა მის ქართველ ქმარს.
იურტის ერთადერთი სარკმლიდან შემოჭრილი მთვარის შუქი ანათებდა მათ მორიდებულ ბინას. „ამბობენ თავად ციხე-კოშკშიაო გაზრდილი, ურჯულო არაბებს უტანჯიათო სატუსაღოში, ჭრილობებიც აქვს, დედა და მამა დაუკარგიაო ყვებიან,… კიდევ კარგი რომ თავად გადარჩა, ასეთი სიხარული ჯერ არც მწვევია, ასე უეცრად, როგორც კი დავინახე, მაშინათვე დავხარე თვალები, რადგანაც ვიგრძენი მისი გულის ფეთქვა…“ ფიქრობდა ქალი.
***
ეყოლათ ვაჟი, დაარქვეს იოანე. მონათლეს. ამასობაში ბიზანტიიდან მოვიდა მაცნე, კონსტანტინოპოლში დაიბარეს ხაზართა უსწრაფესი ცხენოსანი ჯარი. ბოზორქი წარუძღვა თავის ათასეულს, მარჯვენა ფრთა სიძეს ჩააბარა და მთელი დავლა და ალაფი წინასწარ უბოძა მას. ხაზართა ჯარი კავკასიონის ბილიკებით დაეშვა ზღვისაკენ. პონტოს ევქსინოს – სტუმართმოყვარე ზღვის დანახვისას ცხენოსნები გალაღდნენ, ჰუნეები ყალყზე შეაყენეს და ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად ჭენებით დაეშვნენ ქალაქისაკენ. ქალაქელები ჯერ ცნობისმოყვარეობით უმზერდნენ მათკენ ჭენებით მომავალ ხაზარებს, მაგრამ როდესაც ცხენზე შემჯდარმა წარმართმა მხედრებმა ჩვეული სამხედრო ყივილი დასძახეს, მოქალაქეებმა მიმოიხედეს, ერთმანეთს გადახედეს და სახეზე ღიმილი მოიცილეს. წამებში ხაზარებმა მგლური ყმუილი ატეხეს და მოთარეშე ქარიშხალივით მიაშურეს დარბაისლურად მდგარი მოქალაქეების შემცბარ წყობას. უეცრად მოქალაქეები აირივნენ, უმეტესობა სახლებისკენ გაიქცა, რაზეც ბოზორქი შემდგომ დიდხანს ხარხარებდა და შორიდან მომზირალ ქალაქის თავს თავისკენ მოიხმობდა, „მოდი არაფერს გავნებთო“ – თხოვდა.
ამ ხმაურიანი ხუმრობების შემდგომ ბიზანტიელთა კატარღებმა იწყეს ჩამოდგომა. ასეულებად დაყოფილმა ხაზარებმა ფართო ბანიან სამხედრო გემებზე ცხენების აყვანა დაიწყეს. ამინდი არ უწყბდა ხელს სამხედრო აღმასვლას. ცხენებს თვალები აუკრეს და ცხენოსნებს მიანდეს ისინი.
სამი დღე მოუნდნენ ათასეულის დატვირთვას. ოცი კატარღისაგან შემდგარმა ფლოტმა მეოთხე დღეს აბაზგია დატოვა და კონსტანტინოპოლისაკენ გაცურა. ზღვაში ქარიშხალს გადაურჩნენ და როდესაც კონსტანტინოპოლს უნდა მიდგომოდნენ, მაშინ წამოეწიათ პირშავი ბორეასი, მენავეთა რისხვა.
სულას სულას ძეს ეგონა ეხლა დავტოვებთ ამ წყეულ გემბანსო, მაგრამ ოქროსგუმბათიანი აია სოფიას დანახვისას თვალები ცრემლით აევსო და შურტას მოუტრიალდა.
– ხომ გახსოვს პირობა კუტალმიშ?
– რაღა თქმა უნდა, მოვინათლები, მთავარია მიგვიღოს კონსტანტინოპოლმა, თორემ შავი ღრუბელი აღმოსავლეთით, იმის მაცნეა რომ დამანგეველი ქარიშხალი გვიახლოვდება – ეჭვით შეხედა ხაზარულ ჭრელ სამოსში გამოწყობილმა კუტალმიშმა ზეცას.
არ მიიღო ბიზანტიონმა ხაზართა ფლოტი. ანდრიანოპოლში მიავლინა სტუმართმოყვარე ზღვის დუკამ ხომალდები, რადგანაც ხაზარები სლავების წინააღმდეგ სჭირდებოდა იმპერიას. სლავთა მთავარი კი სწორედ ანდრიანოპოლის კედლებს მიდგომოდა წუხელ.
***
ბიზანტიელმა ლოცმანებმა საჩქაროდ გადასვეს ხაზართა ცხენოსანი ჯარი ანდრიანოპოლის (დღევანდელი ედირნე, თურქთი) მისადგომებთან. ამ დროს ცა მოიქუფრა, ტყვიისფერი ღრუბლები, აბჯრის ფირფიტებივით მოიჯარა ანდრიანოპოლის თავს. სამასიოდე ნაბიჯი აშორებდათ ხაზარებს სლავებისაგან. ბერძენმა ლოცმანებმა იქნებ გაწირეს კიდევაც ჩრდილოკავკასიელი მხედრები და მტერს ცხვირწინ დაუსვეს ისინი. მაგრამ სლავებმა დააყოვნეს. შესაძლოა ისინი არ მოელოდნენ ქარიშხლიან ზღვაში ახალი ძალის გამოჩენას. მათი მთავარი აყოვნებდა ბრძოლას. ამასობაში ხაზარებმა ცხენები გემებიდან საჩქაროდ გამოაჭენეს. სამი დღის განმავლობაში დატვირთული კატარღები, სამ საათში განიტვირთა, რადგანაც ხაზარებს შეძულდათ ზღვა და მოენატრათ ხმელეთი. ფურთხებითა და წყევლით ტოვებდა ბოზორქი კატარღის გემბანს და შორი ტალღების თავს, ზეცაში აღმართული შავი ქარიშხლის კვალს რომ ათვალიერებდა, სლავებთან შეხვედრას უკვე გადარჩენად თვლიდა.
იქნებ ამიტომაც, წამებში განლაგდა ხაზარული სამხედრო წყობა. ამხედრებულმა ბოზორქმა მოიმარჯვა ყარაფჩაის თემის უგრძელესი შუბი, მისი ტყავის ქამარი მანდიკუარად გადაიკიდა, შუბის ბოლო მარჯვენა ფეხის ტერფზე დაიბჯინა, შუბის წვერი მტრისკენ მიმართა, მარჯვენა ფეხი ოდნავ უკან გაწია, უცხო ხმით დაიყმუვლა და მტრისაკენ გაქანდა. ათასეულმაც იგივე გაიმეორა და ბოზორქს მიჰყვა.
გამოღვიძებულმა სლავებმა თვალები მოიფშვნიტეს, სახელდახელოდ აკრიფეს ფარები და ხმლები, მაგრამ უმალ ხაზარულ ქარიშხლის მსხვერპლი შეიქნენ.
***
ხუთი წელი ომობდნენ სლავთა გასანადგურებლად ბოზორქი და მისი სიძე სულა სულას ძე კალმახელი. მეექვსე წელს დაავადდა ბოზორქი და ინატრა მან ქალიშვილის მონახულება. ყარაფჩაის ველებიც მოენატრა ხაზართა გენერალს. გააფთრებულ შერკინებებში ძლიერ შემცირდა ხაზართა ცხენოსანი ჯარის ოდენობაც და ამიტომაც ბიზანტიელ დუკასთან საუბარში „ხმამაღლა ინატრა“ ბოზორქმა ყარაფჩაიში დაბრუნება და იქ სიკვდილი.
მადლიერმა დუკამ, დაიბარა ხომალდები და გამოემშვიდობა ბოზორქსა და მის სახელგანთქმულ სიძეს სულა სულას ძეს. ოციოდე გემით მოცურდნენ ხუთი წლის წინ ყარაფჩაელი მხედრები და ეხლა მხოლოდ ხუთი გემით ბრუნდებოდნენ ისინი შინ. ატირდა ბოზორქი. გამოიტირა უცხო მიწაზე დაღუპულები და გემზე ბარბაცით ავიდა. იმავე ღამეს აპოკალიპტური დარტყმით, უეცრად მოკვდა ხაზართა ათასეულის თავი.
მიცურავდნენ დადუმებული ხაზარი მხედრები კავკასიის ნაპირებისაკენ, მიქონდათ ბოზორქის გაშავებული ცხედარი, თავიანთი შეუხორცებელი იარები და ომით მოპოვებული სამხედრო ალაფი.
***
აბაზგიას უხიფათოდ მიადგნენ ბიზანტიელთა სამხედრო კატარღები. ადგილობრივი მცხოვრებლები, ხაზართა შიშით ნაპირ-ნაპირ მიმოდიოდნენ. პატარა სანაოსნო ქალაქი საიდანაც გამოცურეს, ძველებურად მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყურეში კვლავ ირწეოდნენ მეთევზეთა ნავები და ბერძენთა სავაჭრო ხომალდი, რომლის მესაკუთრე ვაჭარი ტყავს ყიდულობდა აბაზგებისაგან.
ამაყად გადმოდიოდნენ ხაზარი მხედრები ნაპირზე, ომებით გალაღებული მათი ცხენები თვალაკრული გადმოყავდათ გემთმისადგომზე, შემდეგ პატრონები სწრაფად მოევლებოდნენ თავიანთ ბედაურებს და ვიწრო ბოგირზე ისე მოჯირითობდნენ, გეგონებოდათ ჯილდოს მიღებას მოელტვიანო.
ნაპირზე ბალახისფერ მოსასხამში გახვეული კაცი დახვდათ ერთი ხაზარებს, რომელიც შევერცხლილი თმითა და წვერით სულა სულას ძემ თავის ბიძას ბეშქენს მიამგვანა და გული უეცრად აუფრიალდა. „დედაც, მამაც და ბიძებიც, ბიძაშვილებიც, ყველანი მიეფარნენ შავ ღრუბელს“-გაუელვა თავში. ცხენს და მშვილდს მინდობილმა მოთარეშე ხაზარის ცხოვრებამ თითქოსდა შეცვალა მისი სული. არც გააუმჯობესა და არც გაუარესა არამედ გააუხეშა სულა კალმახელი. მან ბოზორქისაგან შეითვისა მრავალი თვისება, ამიტომაც ამრეზით შეხედა ბორცვზე მდგარ კაცს და მოუტრიალდა თავის ხაზარ მეომრებს, ჰაერში მათრახი გაატკაცუნა და მათ სამხედრო წესით მოწყობა უბრძანა.
ამ დროს მწვანე მოსასხამიანიც მოუახლოვდა ხაზარებს, ეჭვით შეათვალიერა მათი შეთხელებული რაზმეული, ცოტა ხანს უმზერდა ცხენკეთილობას ხაზართა, შემდგომ შემოტრიალდა და ფუნდუკისაკენ გაემართა კოჭლობით.
– ეს პატრონი, საიდანღაც მეცნობა, მაგრამ ეხლა ვიხსენებ და ვერც ვიხსენებ, მას თქვენთან სურდა საუბარი ვფიქრობ – ჩაილაპარაკა სულას უნაგირზე ხელჩაჭიდებულმა, მდიდრულ ბიზანტიურ სამოსში გამოწყობილმა შურტა კუტალმიშმა, რომელიც თავის შავ არაბულ ბედაურს ელოდა, რომელსაც ხაზარები განსაკუთრებით უვლიდნენ და ამიტომაც, ყველაზე ბფრთხილად ჩამოყავდათ ამ წამებში ვიწრო აბაზგური ბოგირის საფეხურებზე.
– შენი ცხენის სანახავად იქნებოდა ეს პატრონი აქ მობრძანებული, აბაზგიის ნაპირზე განთქმული ცხენები უნახავთ, მაგრამ ჯერ არაბულ ულაყს აქ ფეხი არ დაუდგამს ჩემო კუტალმიშ – თქვა წვერ ულვაშიანმა სულა სულას ძემ, რომლის თავფლისფერ თვალებში ზღვის ანარეკლს ხედავდა შურტა და ტკბებოდა მშვიდობით.
– მგონი სხვა რამისთვის არის მოსრული პატრონი ესე, ხაზარებს და თქვენ გაკვირდებათ, მაგრამ რა მიზნით ამას სრულად შევიტყობ, მეც პონდიქიონში წავალ-თქვა შურტამ და თავის აქეთ იქით მოხტუნავე, მოუსვენარ არაბულ ტაიჭს მოახტა.
– ჰასაკი არ გემატება ჩემო კუტამლიშ, როგორ ყოველთვის ჯომარდი ხარ – შეუქო სულამ თავის დაბერებულ შურტას სწრაფი ამხედრება და რაზმეულს მოუტრიალდა.
ხაზარები თვალებში შეჰყურებდნენ მრავალ ბრძოლასა და სამხედრო ყოფაში გამობრძმედილ სულა სულას ძეს, რომელიც, ბოზორქის უეცარი სიკვდილის შემდგომ, უკვე თავად იყო ხაზართა დიდი თემის პატრონი და გამგებელი. პონდიქიონისაკენ თოხარიკით მიმავალი შურტა კი ამ დროს სანაოსნო ქალაქს ათვალიერებდა და თავს აქეთ იქით ატრიალებდა, იქნებ რაიმე სახალისო და განსაცვიფრებელი ვიპოვოო, მაგრამ ამაოდ. აბაზგიის სანაოსნო მხოლოდ რამოდენიმე ძელმომპალი დიდი შენობისაგან შემდგებოდა, რომელთან უამრავი მცირე სახლი და მიწური შემოვლებოდა გარს და ამ ჩამპალ საზოგადოებაში რას არ ნახავდა კაცი.
როდესაც პონდიქიონში ანუ ჩვენებურად ფუნდიკში შევიდა მდიდრულად გამოწყობილი შურტა, ბერძენმა მეფუნდუკემ იგი უთუოდ ბიზანტიელ პატრიკად მიიჩნია და მისკენ გამოქანდა, შურტას სახის მეტისმეტმა სიშავემ შეაშფოთა მეფუნდუკე, მაგრამ ჭრელი დრო იდგა, თავად იმპერიის ცენტრშიც, უწინდელი ძველი გვარები მიმოფანტული იყვნენ და მათ ადგილას აზიელებს აწინაურებდა იმპერატორი, რომელიც თავად არ გახლდათ ტომით ბერძენი, ამიტომაც მრავლის მნახველ მეფუნდუკეს უკვე აღარაფერი უკვირდა და ყოველ ახალ მგზავრს იგი სამოსის მიხედვით ეფინებოდა ფეხ-ქვეშ. როდესაც ფუნდუკთან მიბმულ შავ მოძაგძაგე არაბულ ტაიჭს ჰკიდა მეფუნდუკე თვალი, მაშინ ხომ სულ მთლად ტრფიალით მიეგება შურტასა და მას ამგვარად მიმართა:
– თავად ამირბარი მეწვია, ბერძენთა დაუმარცხებელი ფლოტისა ვხედავ, როგორ ბრძანდებით ჩემო პატრონო, ალბათ კეთილად გამოგზაურად ზღვათა მბრძანებელმა თავის სტუმართმოყვარე სტიქიონზე? – როდესაც რწმენის მიმართულებას ვერ შეატყობდა მეფუნდუკე მგზავრს, მაშინვე წარმართულ ღმერთებს მოიგონებდა და მათი მეშვეობით რაიმე სათქმელს გამოაცხობდა. რადგანაც შურტას არც წვერი ჰქონდა და არც ჯვარი დაუნახა, ბერძენმა, მაშინვე იმით ინუგეშა თავი, ალბათ ბიზანტიელთა სამსახურში მყოფი დიდებულთან მაქვს საქმეო.
– ამირბარი ხუთი ხომალდით, ცოტა სასაცილოა ჩემო კეთილო, მგზავრი ვარ ერთი, ხომალდზე ხაზარებს გადავეყარე, ცოტა დამღალა მათთან ერთად მგავრობამ, ჩემს ცხენს მრავალჯერ მოუწია ხაზართა ცხენებისათვის წიხლის ჩაცემა, ამიტომაც კინაღამ ვიჩხუბეთ მე და მათი რაზმის მეთაურმა, მაგრამ კეთილი ზნის ყმაწვილი ყოფილა, დიდებული იბერიული გვარისა, ამიტომაც არც გვიჩხუბია და მხოლოდ დავმეგობრდით. დღეს კი აქ ვარ, აბა მიმასპინძლე შვილოვ ჩემო – მხიარულად თქვა შურტამ და მეფუნდუკედან თავის გამჭრიახი მზერა, დარბაზის ბოლოში, ღვინის თასთან განმარტოებით მდგარ ბალახისფერ მოსასხამიან კაცზე გადაიტანა.
– მობრძანდით პატრონო, დაბრძანდით – ამბობდა მეფუნდუკე და შურტას ირგვლივ სწრაფად დარბოდა
– დარბაზის ბოლოს წავალ, თვალებს მჭრის მზე-თქვა შურტამ ბერძენს წინ გაუძღვა. მეფუნდუკე ვერცხლის თასით და სათლით მისდევდა უკან რათა მისთვის ხელის თითები გაებანნა.
შურტა მორჭმით დაჯდა, ძოწისფერი მოსასხამი მეფუნდუკეს მიანდო და ზღვის ტალღებისაგან დაღლილს მოსვენება ესიამოვნა, ხელი წელზე შემოიდო და მის მეზობლად მჯდომს ელვისუებური მზერა ესროლა. ერთი ხელადა ღვინო და ხის თასი ედგა უცნობ დიდებულს. შურტას მზერა იმწამსვე იგრძნო მან და თავი მოატრიალა. ლურჯ-კამკამა თვალებმა და შევერცხლილმა წარბებმა გაიელვეს შურტას გონებაში. „ნეტავ ვინ არის“-გაიფიქრა კუტალმიშმა და ბერძენ მეფუნდუკეს უთხრა კვერცხისა და ღორის ხორცის შეჭამადი მომიმზადეო. ღვინოს არ სვამდა შურტა, ამიტომაც კამით გაჯერებული მღვიმის წყალი, ვერცხლის სახელდახელო ჭინჭილით რომ დაატარებდა მოსასხამის ერთ-ერთი ჯიბაჩიდან ამოიღო და მაგიდაზე დაიდგა.
– ღვინოს ხომ არ ინებებთ? დიდებული ბერძნულით თქვა მგზავრმა და შურტას ღიმილით შეხედა, მის სახეზე სევდა იყო აღბეჭდილი. „ეტყობა დიდ ხანს თავისი ტოლი კაცი არ შეხვედრია ამ დიდებულს აბაზგიაში“-გაიფიქრა შურტამ და ასე მიუგო ამ უცხო მაგრამ თითქოსდა ნაცნობ კაცს.
– ღვინოს არ ვეტანები ჩემო პატრონო, ადრე მაზდიანი გახლდით, ეხლა კი ქრისტეს სჯულს ვაღიარებ, როგორც გზას ჭეშმარიტებისაკენ და ხსნისკენ. მონათული არ ვარ მაგრამ მოვინათლები. ხანგრძლივ პერიოდში მომიწია მომთაბარეობა და ამის გამო მუდამ კამიან წყალს დავატარებ ვერცხლის ჭურჭლით. ვინძლო მოგეწონოთ – შურტამ ვერცხლის ჭინჭილა მიაწოდა ამ კაცს, რომელმაც თავი გააქნია, იუარა, გაიღიმა და უპასუხა კუტალმიშს:
– მხოლოდ ღვინოს ვსვამ, ადრე ჩემს მამულში კლარჯულ ღვინოს ვეწაფებოდი როგორც ცხოვრების დედააზრს, მაგრამ ეხლა, ამ აბაზგიაში, ნამდვილ ღვინოს სად ნახავს კაცი, ამიტომაც, ვყიდულობ ტკბილ ყურძენს, შემდეგ თავად ვწურავ, ვაყენებ ღვინოს და მხოლოდ მას ვეტანები და სწორედ ის მიხანგრძლივებს სიცოცხლეს სამშობლოსაგან მოწყვეტილს.
– ღვინოს აყენებთ. მაშ თქვენ აქ კარგა ხანია გიცხოვრიათ? – გაიკვირვა შურტამ.
– ათეულ წელზე მეტი იქნება ამ სანაპიროზე ვაგდივარ, ცხოვრებით კი მთებში მაქვს კოშკი ერთი და მარანი. დიდებულ ღვინოს ვაყენებ აბაზგიის პირობებში. საუფლისწულო რომ ქვია.
– რატომ ქვია საუფლისწულო – ჩაეკიტხა შურტა ვითომდა გულისყურით, სინამდვილეში კი ამ კაცის წარსულის შეცნობის სურვილით.
– ყურძენს რომ საწნახელში ჩაყრიან და დასწურავენ, შემდეგ მოგეხსენებათ წვენი კლერტთან ერთად დიდხანს არ განისვენებს მდუმარედ, არამედ ათახთახდება, იწყებს დუღილს, ჰოდა სწორედ მაშინ, უნდა მისი ქვევრში გადაღება და ცხენოსნებისათვის ბრძანება, ეს ქვევრი მაღლა მთებში აიტანონ და იქ დაფლან. როდესაც დუღილი მაღალ მთაში შედგება, ღვინო კვლავ სიტკბოსა და ქაფს ინარჩუნებს, თრობა კი საამური აქვს, ამიტომაც მას უფლისწულნი და მათი პატარძალნი ეტანებიან, ამგვარ ღვინოს უფლისწულთა საქორწილოსაც ეძახოდნენ კლარჯნი.
– უთუოდ დიდებული გვარის ბრძანდებით ჩემო პატრონო, გამიმხილეთ თქვენი სახელი – თქვა შურტამ და დიდებულის წინ მოწიწებით წამოდგა.
– ეს მითხარი, რომელი იბერიელი მხედარი უფროსობს რაზმეულს თქვენსას? – ბრძანა უცნობმა, რომელიც ნელა მაგრამ მყარად ავრცელებდა თავის დამაუნჯებელ გავლენას ამ ფარღალალა ფუნდუკის დარბაზზე და მის წინ მოწიწებით ჩამუხლულ შურტაზე, რომელიც თავად ამ კაცის დამთრგუნველი ნების მასზე გაბატონებას შერცხვენილი გრძნობდა.
– სულა სულას ძე კალმახელი, ახალ ჩორჩანელთა გვარისშვილი – დამალვას აზრი აღარ ქონდა და ამიტომაც ერთბაშად გაამჟღავნა მისი სათაყვანებელი პატრონის სახელი შურტა კუტალმიშმა.
წამოიწია უცნობმა სიხარულით, მის თვალებში ცეცხლმა მყისვე გაიელვა და შურტა კუტალმიში ამ კაცის ვეება მარჯვენამ ჰაერში ასწია და გულში ჩაიხუტა.
– ეხლავე შეატყობინე ჩორჩანელთა შთამომავალს სულა სულას ძეს, გადაეცი ბაგრატი აბხაზთა უფლისწული თავისთან გიხმობსთქო.
შურტა წამოხტა და უმალ მიეჭრა თავის შავ ბედაურს, სულ დაავიწყდა საკუთარი დარბაისლობა, გულ ამოვარდნილი, მოახტა ცხენს და სანაოსნოსაკენ გააჭენა.
მუდამ ჰქონდა აზრად მისთვის სანუკვარი აღზრდილის, ქართველ მთავართა ოჯახებთან დამეგობრება და ველურ ხაზართაგან მოშორება და აჰა თითქოს დაიძრა ნაოცნებარი.
***
„ნაოცნებარის ძიებაში შესაძლოა ხაფანგში გაება“-უთქვამს ერთ ბრძენს, მაგრამ არ შემორჩენია კაცთა სუსტ მახსოვრობას მისი სახელი. მხოლოდ შემდგომ, როდესაც დაუკვირდებიან ცხოვრებას, მაშინ დაასკვნიან ვნებათა აყოლისაგან გაფერმკრთალებულები და აცახცახებულნი რომ ნაოცნებარი გულის საუნჯე არ არის. გავა საუკუნეები და გულის სიღრმიდან ამოიოხრებს მესხეთის ერთ-ერთი მკვიდრი, უსახელოდ და უგვაროდ გამქრალი და ცრემლმორეული ამოიჩურჩულებს- „რაც არა გწადდეს ისა ჰქმენ“.
***
– მთებში რომ კოშკია იქ ცხოვრობს თურმე, დიდი ხანია აბაზგიაში გადმოხვეწილა, ბაგრატად უხმობენ, დარბაისელია, მბრძანებლობს როდესაც თვალს თვალში გაგიყრის – ოდნავ ჩამორჩენით მიყვებოდა შავტაიჭოსანი შურტა მოწითალო ხაზარულ ცხენზე ამხედრებულ სულა სულას ძეს, რომელიც უხასიათოდ უსმენდა ჭკუის დამრიგებელს თვისას.
– უფლისწულია არა? – იკითხა მან კუშტად და უხასიათოდ.
– ეგ როგორ მომივიდა რომ არ აგიხსენით ქართლის დღევანდელი დღე და მისი წარსული, მომიტევეთ პატრონო მაგრამ თქვენ კვლავ უნდა დამემოწაფოთ – ამბობდა კუტალმიში და ღაწვებ აწითებულ ჭაბუკს აკვირდებოდა. გამოცდილებაც ქონდა საიმისო რომ სულას ქცევა წინასწარ გამოეცნო და შესაძლო ფათერაკისაგან აერიდებინა იგი, მაგრამ ეხლა შურტა დაწრმუნებული იყო რომ ყველაზე სარფიან გზაზე მიჰყავდა პატრონი, თანაც ვისთან – აბხაზ მეფეთა მემკვიდრესთან.
– რატომ მესაუბრები უცხოდ და ისიც თქვენობით შურტავ? არავის სამსახურში არ ვაპირებ ჩადგომას, რად მინდა ვინმესთან ხლება, როცა თავად ვარ ჩორჩანელთა მემკვიდრე? – მღელვარებდა სულა და ის ის იყო ცხენის მოტრიალებას დააპირებდა, რომ გაგულისებულმა კუტალმიშმა ხმალივით შეაგება საპასუხო სიტყვა და დაკოდა კიდეც.
– თუ ჩორჩანელთა მემკვიდრე ხარ, თუ მოსხთა მთავარი ბრძანდები, თუ მირიან ბაჰლაუნდისა და წმინდა დედოფალ ლატავრა ჩორჩანელის შვილიშვილად გარქვით, მაშინ ველურ ხაზარებს უნდა ემსახურო ჩემო პატრონო? არა გრცხვენის სულა სულას ძევ?
– გაწყვიტე სიტყვა …! – თვალები აენთო უეცრად ჭაბუკს, მათრახის გატყლაშუნების ხმა მოესმა შურტას, იფიქრა ან მე გადამკრა ან სულაც ცხენი დააოთხა მგლის უბიდან შობილმაო, მაგრამ სულა სულას ძე მის წინ იდგა და აღბლიან შურტას ბავშვივით შეჰყურებდა. „მგლის შვილებს უწოდებენ ბაჰლაუნდებს, მაგრამ სახე აქვთ უცოდველი ამ მგლებს“-გაახსენდა კუტალმიშს ადრე ჩაწვეთებული აზრი და ბრთხილად შეათვალიერა ჭაბუკი. ყველაფერი რიგზე იყო თითქოს.
– წამომყევი თავად უფლისწულო, უკვე ახლოს ვართ, შემდეგ დამიფასებთ ამ შრომას -თქვა აჰურა მაზდას ყოფილმა მსახურმა და პონდიქიონისაკენ მიმავალ ტალახიან შარაგზას დაადგა განაწყენებული, მაგრამ ფუნდუკს რომ მიუახლოვდნენ, იმწამსვე ღიმილი გადაიკრა ტუჩებზე, ცხენიდან ჩამოხტა, დარბაზში შევარდა და მრავალ სიტყვიან წინადადებით წარუდგინა მორჭმულად მჯომარე აბხაზ უფლისწულს თავისი პატრონი.
სულა სულას ძეც შევიდა დარბაზში, რომლის ცენტრალურ ნაწილში ჭაღარა, მწვანე მოსასხამიანი კაცი იჯდა, მართლაც მბრძანებლობის სხვის აფრქვევდა იგი მის გარშემო, სულამაც დაუხარა თავი და მდაბლად მიესალმა მას. პასუხად აბხაზი წამოდგა და სულა სულას ძეს გადაეხვია, მეგობრულად მოიკითხა და მის წინ გადაფენილ წითელ ბალიშებზე დასვა.
შურტამ მიმოიხედა, იქვე მდგარ ბერძენ მეფუნდუკეს რომელიც ამ შეხვედრის დროს სახლთუხიცესის როლს ასრულებდა, დაუფასა, დარბაზის სწრაფი გამზადება დიდებულთა შეხვედრისათვის და ბიზანტიური ოქროს მონეტები ხელში ჩაუდო. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ორივე პატრონი ერთმანეთს ესაუბრებოდა. შურტა ცოტათი დამშვიდდა, სულასთან ახლოს მიჩოჩდა, გაინაბა და სმენად გადაიქცა.
ბაგრატ აბხაზს მუდამ ბრძოლების ისტორიები აინტერესებდა, სულა სულას ძე, როგორც მამიდან მოსდგამდა, ნაკლებ მოუბარი გახლდათ და ამიტომაც ნაწყვეტ-ნაწყვეტ, თავ დადრეკით, ოდნავ აზრებში მიმობნეული, მუდამ სიტყვის ძიებით უყვებოდა მას, უკანასკნელი სამხედრო კამპანიის ამბავს, შემდეგ სიმამრის გარდაცვალების ფაქტი რომ ახსენა, სულას სულას ძეს ცრემლი გადმოუგორდა ჯერ კიდევ ბავშვურ, ცოტათი მიამიტ სახეზე, რამაც ადარნასე განაცვიფრა.
– მართლმადიდებელი კაცი, იბერი, ჩორჩანელი, ვიღაც ხაზარს სტირიხარ? მერე რა რომ სიმამრია შენი, ეხლავ მოგიძებნი საუკეთესო პატარძალს ჩემი გვარიდან და შენი ცრემლები აღარ დამანახო – გადაიხარხარა აბხაზმა და სულა სულას ძეს ხელი მხარზე მოჰკიდა.
შურტა გულწრფელად გააკვირვა აბხაზი უფლისწულის ამგვარმა ქცევამ, შეხედა სულა სულას ძეს და მიხვდა რომ მისი შეწითლებული ღაწვები ქარიშხლის მაუწყბელი იყო და უმალ უტიფრად ჩაერია საუბარში.
– უფლისწულო, ბიზანტიელთა გენერალი ბოზორქ ხაზარი მამად დაიგულმა ჩემმა პატრონმა, მანაც თავის მხრივ, მამობა გაუწია სულა სულას ძეს, ამიტომაც ვსტირით ასე მის მოსაგონებლად.
– პატრონები ბრძანდებით – ენა მოიკვნიტა თითქოს მწვანე მოსასხამიანმა და ბერძნის მიერ დარბაზში შემოტანილი ვერცხლის სურა ხელში აიღო, ღვინო ვერცხლის თასებში ჩამოასხა, სულა სულას ძეს გადასცა და ეშმაკურად გაიღიმა.
– პატრონი ბრძანდებით – თქვა სულამ და მისი ცეცხლიც განელდა.
– მოგეხსენებათ, ამგვარი ამბავი, აქვე ახლოს აბხაზეთში დიდი უბედურება მოხდა. თქვენ არ გეცოდინებათ, რადგანაც სალაშქროდ იყავის ხან სად და ხან სად-ბრძანა ბაგრატმა და სულა სულას ძეს დააკვირდა. ჭაბუკი სულა ხაზარი მოლაშქრესავით უგრძნობელი იჯდა, თავი ჩაექინდრა და იმაზე ფიქრობდა როგორ დაეღწია თავი ამ მოსაუბრისაგან.
– მოგიყვეთ ეს ამბავი? -იკითხა ადარნასემ თვალების მოჭრუტვით
– დიახ, გულისყურით გისმენთ -თქვა შუტამ და უფრო ახლოს მიჩოჩდა აბხაზთან.
– დიახ – მიბაძვით თქვა სულა სულას ძემ და თავი კვლავ ჩაქინდრა.
– მოკლედ ამბავი შავლიანთა – თქვა სახე-წამოწითლებულმა ბაგრატმა

ამბავი შავლიანთა
მწვანე მოსასხამიანი უფლისწული წამოდგა, დალოცა უფალი, ვერცხლის სასმისი შესვა და მოყოლა დაიწყო:
– აბხაზეთში მეფობდა მეფე ერთი სახელად დემეტრეოსი, ანუ ჩვენებურად დემეტრე, მას ღვთისმოსავის სახელი ჰქონდა გავარდნილი და სწორედ ამიტომაც ეწვია მის სასახლეს ერთხელ წმინდა გრიგოლ ხანძთელი და მოწაფენი ხანძთისანი. ქუთაისს იჯდა მეფე დემეტრე აბხაზი, განაგებდა თავის ქვეყანას მორჭმით და სინდისით. მაგრამ როგორც ყოველი მეფე, დემეტრეც გარდაიცვალა. დარჩა შვილები მცირეწლოვანნი, უფროსი ჩიხის ერისთავი ტინენი და უმცროსი ბაგრატ აბხაზი – ამ სახელის ხსენებისას მწვანე მოსასხამიანმა ფორიაქი ვერ დამალა და წამოდგა, სულა მას გამალებით აკვირდებოდა და თვითონაც გრძნობდა ამ კაცის პირად ტრაგედიას, მასაც დედა და მამა ჰყავდა გადაკარგული, მომავალი ქონდა ბუნდოვანი ხოლო წარსულის ანარეკლი კი ჩამქრალი .
…და ამიტომაც მეფის ტახტზე მისი ძმა გიორგი ავიდა, ცოლად ამ გიორგის ქალი ჰყავდა ერთი, დედოფალი ავგუსტა, გვარად შავლიანი, სვანთა მთავრის ასული.
როდესაც გიორგი აბხაზი გარდაიცვალა, დედოფალმა ავგუსტა შავლიანმა მოიხმო ძმა ივანე შავლიანი და მაზლიშვილების გაწყვეტა დაავალა. ტინენი ქართლში მოკლეს, ხოლო ბაგრატი ზღვაში გადააგდეს. თითქოსდა მოჰკლეს ორივე. მაგრამ არა, ბაგრატი გადარჩა, გამოცურა, მენავეს წააწყდა და ბიზანტიაში გადაიმალა- ამ სიტყვების წარმოთქმისას სულ მთლად აკანკალდა მწვანე მოსასხამიანი. შურტამ თავის კანტურით გადახედა სულას, რომელიც თავადაც ციებიანივით კანკალებდა.
მწვანე მოსასხამიანი აგრძელებდა-შემდეგ ჩაძაღლდა დედოფალი აბხაზეთისა და ტახტზე ავიდა ძმა მისი ივანე შავლიანი, დღეს კი ვაჟი ამ ივანე შავლიანისა, სახელად ადარნა გამეფდა. მითხარით სულა სულას ძევ, ქველო მოყმევ, რა უნდა ქმნას დახრჩობას გადარჩენილმა ბაგრატმა, კაცად რომ დარჩეს ამ ქვეყანაზე?
– გაწყვიტოს ადარნა შავლიანის მახსენებელი და აღგავოს პირისაგან მიწისა შავლიანთა სახსენებელი – მგლის მზერით გამოიხედა სულა სულას ძემ ამ სიტყვების აღმოთქმისას.
– ესეიგი, მახსენებელიცა და სახსენებელიც არა? დიდებულია ჩორჩანელო, ამიტომაც გელოდი შენ და კიდევ ერთ ძმობილს ჩემსას – თქვა ბაგრატ აბხაზმა და სულა სულას ძეს გადაეხვია.

შავლიანთა ამოწყვეტა
აბაზგიის სანაპიროზე სულა სულას ძემ ხაზართა რაზმის ციხის ერიშისათვის წვრთნა დაიწყო, დღეცა და ღამეც, ხაზარები ქალაქისაგან მოშორებით მდგომ ერთ კედელს სისტემატიურად „უტევდნენ“ და სხვადასხვა სტრატეგიისა თუ ტაქტიკის გამოყენებით მის „სწრაფად აღებას“ სწავლობდნენ. ბაგრატ აბხაზი კი თავის მეორე ძმობილს ელოდა და ხაზარების წურთნას არც კი შეჰყურებდა.
ორ დღეში, სამი ბერძნული გემი მოცურდა და იქედან სამოცი ჩინებული ცხენოსანი გადმოიყვანეს ნაპირზე. ჩინებულთ, მაღალი, ხმელი სახის მქონე, ქვეწარმავლის მსგავსი მზერით გამორჩეული ახალგაზრდა კაცი მოუძღვოდა. ბაგრატი გადაეხვია ამ კაცს და ორთავემ სულას კარვისკენ გასწიეს. ჩორჩანელი ამ დროს მის ხაზარებს კედელზე ასვლასა და კავების დამაგრებას ასწავლიდა, თვითონაც რკინეულით მოსილი, ხაზართა ათასისთავს ჰგავდა და არა დარბაისელ მესხთა ერისთავთ ერისთავს, ამიტომაც მისი დანახვისას ბაგრატმა გადაიხარხარა, ხოლო გველის თვალების მქონე კაცმა მხოლოდ ქვედა ტუჩით ჩაიღიმა და მომაკვდინებელი თვალებით სულა სულას ძე აათვალიერ ჩაათვალიერა.
– ჩემო ძმობილებო გაიცანით ერთმანეთი-წამოიძახა ბაგრატ აბხაზმა და სულას მარჯვენა ჩაბღუჯა, შემდეგ გველის თვალებას მარჯვენაც ხელში მოიგდო და თავისი დიდი მაჯა ორთავე მარჯვენას შეუერთა.
– სულა სულას ძე კალმახელი-ჩორჩანელი – თქვა ხაზართა ათასისთავმა.
– ნასრი, გუარამ მამფალის ძე, მფლობელი ქვემო ქართლისა – წარმოთქვა გველის სახიანმა და სულა სულას ძეს თვალებში ცივად ჩახედა.
– იძმობილეთ ძმებო – გულმხურვალედ – თქვა ბაგრატმა

***
ერთი დღის გადასასვლელი, ნახევარ ღამეში დაფარეს, გამთენიისას კი ცხუმის ციხის სიახლოვეს მდგარ შავლიანთა საზაფხულო სასახლეს შემოერტყნენ. შავლიანთა მხრიდან არავინ ელოდა აბაზგიისა და ჯიქეთის მხრიდან შემოტევას, ისინი უფრო ქართლიდან განხორციელებულ დარტყმას უბრთხოდნენ და ამიტომაც არ იყვნენ ქუთათისს, არამედ ნებივრობდნენ ცხუმის სანახებში. აბხაზეთში უკვე ყველა სძულდა შავლიანები, ამიტომაც არავინ გააგებინა მათ, წითურ ცხენებზე ამხედრებული ხაზარებისა და შავცხენიანი ბერძნების უეცარი შემოჭრის ამბავი. აბხაზთა ჯარს არ აღუკვეთია უცხოელთა შემოჭრა. ამიტომაც შავლიანთა სასახლეს უხიფათოდ მიაღწიეს მხედრებმა.
სულა სულას ძემ შეტევისათვის დააწყო ხაზართა ათასეული. უეცრად შურტა მიუახლოვდა მას და ასე უთხრა:
– პატრონო, ბაგრატ აბხაზის ძმობილს სახელად ნასრს არ ენდო იცოდე.
– რა გინდა კუტალმიშ, ომის წინ რაებს მეუბნები? – გაცხარდა სარდალი
– იცით კი პატრონო ვინ მოკლა ამ კაცმა? გააგრძელა შურტამ.
– ვინ? ყრუდ იკითხა სულამ?
– ნასრს, შარშან მოუკლავს, თავად მეფე ჩვენი დავითი ბაგრატიონი, შემდგომ გაქცეულა ბიზანტიას და ეხლა ამ ჯარით აპირებს მესხეთში დაბრუნებას პატრონო, ჰოი მე ცოდვილს, რა შეცდომა დაუშვი რომ მიგიყვანე ბაგრატ აბხაზთან, ჰოი მე ცოდვილს აჰურა მაზდა – გოდებდა შურტა.
– გაისუსე ეხლა კუტალმიშ, იერიშს ვიწყებთ, ამაზე მერე – მტკიცედ თქვა სულა სულას ძემ და ბაგრატ უფლისწულის ნიშანს უწყო ლოდინი.
რამოდენიმე ხნის შემდგომ ბაგრატ აბხაზმა დათქმული პირობის თანახმად თავისი დროშა ააფრიალა და სასახლის კელდებზე ჩამოკიდულ ტყავის ფარებს, მისმა მოისრემ ცეცხლგამჩენი ისარი მიარჭო.
ისრის ზუზუნზე ხაზარები დაიძრნენ, ჯერ ცხენით მიჭენდნენ კედლებთან, ხოლო შემდგომ უეცრად ქამანდები შეაგდეს მის კბილანებზე და სწრაფად იწყეს აცოცება. შავლიანები დუმდნენ, გალავანზე მხოლოდ ერთი მოხუცი ქალი გამოჩნდა და ხაზარების დანახვისას შეჰკივლა. ამასობაში კედელზე გადმძვრალმა ხაზარმა მეომრებმა კარიბჭის დაცვა დახოცეს და კარები გახსნეს. იქვე ჩასაფრებული ბერძენი ჩინებულები, სასახლეში შევარდნენ და ყოველი შემხვედრი განგმირეს.
ბაგრატ აბხაზი ყველაზე წინ მიიწევდა და კოჭლობის მიუხედავად, პირველი ავარდა სამეფო სტოაში, რათა ადარნა შავლიანისათვის სასიკვდილო დატყმა ეგემებინა.
სულა და მისი შურტა კარებში იდგნენ და აქეთ-იქით იყურებოდნენ. ერთმანეთს რომ შეხედავდნენ, ორივე გრძნობდა საკუთარ დანაშაულს, ამ ლაშქრობაში წილის მიღების გამო.
-მე ვარ დამნაშავე – ჩაილაპარაკა კუტალმიშმა, როდესაც ადარნა შავლიანის მოჭრილი თავი სამეფო სასახლის კიბეებზე დაგორდა.
სასახლის კოშკზე ასული ნასრი და ბაგრატი გამარჯვებას ზეიმობდნენ ისინი სულას შემოჰყურებდნენ, ელოდნენ მის გამარჯვებულ შეძახილს, მაგრამ სულა სულას ძე მხოლოდ დუმდა და შურტას შეჰყურებდა.
– ბოზორქის გვამი აქ მივაბაროთ მიწას და სასწრაფოდ მესხეთს გავწიოთ, თუ ასე არ მოვიქცევით, მაშინ ბაგრატიონებთან ომში ჩგვითრევენ აბხაზები, საქვეყნოდ შევრცხვებით პატრონო-დანანებით ამბობდა შურტა და ცხენს ატრიალებდა, თითქოს მესხეთისაკენ მიმავალ გზას ეძებსო.
– ღირსეულ ბოზორქს ყარაფჩაის ველზე სურდა სამუდამო ძილი შურტავ – თქვა სულამ და სამხედრო ალაფის აკრეფას დახარბებული ხაზარები ერთი შეყვირებით თავისთან მოიხმო.
– მართალი ხარ პატრონო მაგრამ, ეხლა ბაგრატს და ნასრს თუ ვაცადეთ, კლარჯეთის ომში ჩაგვითრევენ უთუოდ.
– მაშინ ბოზორქს სამცხეში დავკრძალავთ შურტავ, ხაზარებს ვუბრძანებ მზე რომ შუბზე დადგება სამგზავროდ მხნედ იყვნენ.

***
„აბხაზი ბატონიშვილი სასწრაფოდ მეფედ ეკურთხება, ალბათ უკვე ალიონზე გასწევს იგი ქუთაისს, ჩვენ ნასრის თვალთვალს თავს დავაღწევთ და სამცხეში გადავალთ, იქიდან კი ტაოს მივალთ რათა ტაო კლარჯეთის უფლისწულს ვეახლოთ და აბხაზეთში მომხდარი ამბები ვაუწყოთ, წარვუდგენ ბაგრატიონებს ჩემს პატრონს და ყველაფერი თავის ადგილას დადგება, რომ იტყვიან თვალი ბეჭედში ჩაჯდება, დასჭირდებათ ბაგრატიონებს გამოცდილი სტრატეგი, ხაზართა, ბერძენთა, სლავთა სამხედრო საქმის მცოდნე ახალგაზრდა პატრონი“ – გაიფიქრა სიბნელეში კატასავით მომზირალმა შურტა კუტალმიშმა, ალიონის ლოდინში ფეხზე წამოდგა და აღმოსავლეთს მიმართულებით შეტრიალებულმა მზის სხივს დაუწყო ლოდინი. სულა სულას ძე ცხენებს ეფერებოდა და კარვის კალთასთან ისიც მზის სხივს ელოდა. აჰა ამობრწყინდა, ამონათდა, ვარდისფერი თითები გამოაჩინა განთიადის ეოსმა. კუტალმიში დამდგარი ლოცულობდა, სულა სულას ძე კალმახელ-ჩორჩანელი კი მუხლებზე დაეცა და უფალს რაღაცა თავისებურად შეჰღაღადა. 882 წლის გიორგობისთვე კარზე იყო მომდგარი.

***
ეს ყოველივე რომ გაიხსენა, სულა სულას ძე შედგა, მიწაზე დაწვა და მიწა გულში ჩაიხუტა. „როცა მშობელი აღარ გყავს, მიწა შენი დედაცაა და მამაც“ – გაიფიქრა მან.

***

IV ნაწილი: ბანა
***
ავაზაკები ქალაქში
ავაზაკთა რაზმი დღისით დაესხა ქალაქს, ავხორცებს ჰგავდნენ მხედრები, შეცვინდნენ საუფლოში-ქალაქის თავის სამყოფელში, გარეთ გამოათრიეს ქალაქის თავი და მისი მეუღლე, გადმოკიდეს ისინი აივანზე და გავარვარებული შანთით დაუდაღეს ორივეს საჯდომი. მოქალაქეები ამ ყოველივეს სიცილ-ხარხარით უმზერდნენ, იმანჭებოდნენ და ხითხითებდნენ. ქალაქის თავი რომ გამოაგდეს თავისი ქალაქიდან, ავაზაკებმა საკუთარი გადასახადი დაუწესეს ხალხს, მათ კი სიამოვნებით, მონურად მიიღეს საავაზაკო გადასახადი, გააძევეს ქალაქიდან მღვდელი, დიაკონი, მასწავლებელი და მეძავეობას მიუგდეს საკუთარი ხორცი.
ავაზაკთა უფროსმა ღარიბამ, დიდი კოცონი დაანთო მთავარ მოედანზე და მოქალაქეებს სმისა და ფერხულისკენ მოუწოდა. ღვინო დიდი ვარცლებით დაიდგა, პური დაიყარა, ხორცი შიშხინებდა და ყოველივე ლხენამ მოიცვა.
– მაინც საიდ იყო ამდენი მეძავი და მამის მკვლელი ჩვენს პატარა ქალაქში-იკითხა ერთმა და მასაც ასე უპასუხეს.
– იყო, იყო, შენ ვერ იხედებოდი მაგ თვალებში.
– მთავარი ან იქნებ თავად მეფე უშველის ამ ქალაქს? შეჰღაღადა ერთმა მეორეს.
– წადი შენიც, რა მეფე უშველის ან გაბოზებულ ქვეყანას? – უპასუხა მათ თავად ბოზობით განთქმულმა, გაზრქელებული უკანალით ცნობილმა ნატურფალმა და ერთი ისეთი გადაიხარხარა, რომ გეგონებოდათ ბაბილონი ხელმეორედ დაიქცევაო.
შავწვერა „ღარიბამ“ ღირსეულ მოქალაქეთა ცოლები მოედანზე დაიბარა, ისინიც უმეტესი წილად მორთულ მოკაზმული მივიდნენ იქ და ავაზაკთა ლუკმად იქცნენ. გალეშილმა შავწვერამ მელიტასთან მოინდომა გიჟური რონინი, გადახვია ხელი ვნებააშლილ დიაცს და პირდაპირ დიდი კოცონის გვერდით ააწვინა ფეხები მას, ამ სცენას როგორც ამბობენ მისი ქმარი, ქალაქის მოსამართლე კოშკიდან უდრტუნველად აკვირდებოდა და მარცხენა ხელი ხვანჯარში ჩაეყო. ღარიბას მოადგილე, ცნობილი ავაზაკი მარტია ამ დროს კოშკის კიბეებზე მიბორიალობდა და ცდილობდა რაიმე ოქროეული ან ვერცხეული, იქნებ სპილენძეული და ბრინჯაოეული ეპოვნა, რათა ყალბი ფულის მჭრელს თავისი მეურნეობა კვლავ განეახლებინა. უეცრად წაადგა თავს ავაზაკი ხვანჯარში ხელ ჩაყოფილ მოსამართლეს და ცოტა ხანს ტკბებოდა მისი ყურებით. როდესაც იგრძნო მარტიამ რომ მოსამართლე უკვე ძროხასავით აზმუვლდა, მაშინ მიეჭრა მას და ქეჩოში ხელი წაატანა, თანაც თავს ისეთი ხმით დასჭყივლა, რომ მუზმუზელას შარვლის ღილები შეხტომისაგან შემოეგლიჯა, შარვალიც ჩასძვრა და მოცალეობის ჟამს ნაპატიები სქელი უკანალი გაუშიშვლდა.
– ბასილა მოსამართლე, ეგ რა მოგსვლია? აბა წელში გასწორდი, არ გაბედო შარვლის აწევა თორემ თავს ამ კვერთხით გაგიჭეჭყავ – დამარცვლით უთხრა მარტიამ შიშისაგან წელში მოხრილ, შარვალს ჩაფრენილ მოსამართლეს, რომლის თვალებში უპატიებელი ცოდვის შავი მარცვლები აქეთ-იქით დაგორავდა და გადარჩენას ელოდა.
– ცოლს შენსას მელიტას, რამფერ აუბზეკია ფეხები, ხომ ხედავ, წამო შენც მის გვერდით დაგაგორო და როგორც ღორს ტალახში, შენც შენს ცოდვაში ჩაგფლა.
მოსამართლე მდუმარედ აკვირდებოდა მარტიას, რომელიც ცხვირწინ უტრიალებდა მას სისხლით მოთხვრილ, ადამიანის ქონით გაპოხილ სამხედრო კვერთხს და უკან-უკან იხევდა. მარტიამ საბოლოოდ წაიჭირა იგი კოშკის კუთხეში, შარვალ ჩახდილი ჩაათრია კიბეებზე და კოცონთან მიაბარბაცა. ყიჟინა დაჰკრეს ქალაქელებმა საჯდომ გაშიშვლებული მოსამართლის დანახვისას, მელიტამ არც კი მოინდომა ქმრისათვის სახეში შეეხედა, გადაბრუნდა და თავი ღარიბას ბანჯგვლიან მკერდში ჩამალა, ღარიბამ საჯდომზე დაჰკრა ხელი მელიტას და იგი ეხლა თავის მოადგილეს მარტიას მიუგდო, თავად კი ბასილასკენ წადგა რამოდენიმე ნაბიჯი.
მოსამართლემ გაქცევა სცადა, მაგრამ ღარიბამ იგი თავისი ლახტით იმწამსვე „მოინადირა“, მოსამართლეს ფეხები გადაუმტვრია, წააქცია, ოთხზე დააყენა და ზედ ამხედრდა, „გამაჭენე ღორო, გამაჭენე, იჭყვიტინე…იჭყვიტინე ღორო მეთქი… ეჰჰეჰეჰჰეჰეი“ – ახვიხვინდა ღარიბა.
„დღეს თავისუფლების ღამე იქნება, რასაც გინდა იმას იქმნით ქალაქელნო, გსურთ მოჰკვლა ვინმესი აიღეთ ცული და მიაკითხეთ მტერს, გსურთ ვისმეს ცოლის ხელთ გდება, აიღეთ ხელში…მარტიამ გადაიხარხარა…შემდეგ უეცრად თითქოს შერცხვაო, დაფიქრებით განაგრძო, აიღეთ ხელთ და მიდით, ბოლოს კი მაინც ნაეშმაკარივით ჩაიხითხითა და განაგრძო….გსურთ ქონება ვინმესი? გაუტეხეთ თავი და წამოიღეთ, გსურთ გასამართლება ვინმესი, მოაწყვეთ სასამართლო, მხოლოდ გახსოვდეთ, დილას ჩამოხრჩობილები უნდა ვნახოთ, მაგრამ ჩვენ ყაჩაღები არ შეგვაწუხოთ, მდაბიონო, ეხლა თქვენ გეძლევათ ქალაქი, ჩვენ კი ქალაქის თავის სახლში დავბინავდებით, არაფერზე არ მოგვაკიტხოთ, თქვენ ჰქმენით თქვენივე ქალაქის სამართალი, ეჰჰეი ხომ გაიგეთ, მზე რომ ჩავა თავისუფლების ღამე იწყება…“ – გაჯავრებით ჰყვიროდა მარტია და მოქალაქეებს შეჰყურებდა, რომლებიც ჩასადენი ცოდვის სიტკბოებას უკვე გრძნობდნენ და ჟრუანტელ მოდებული კანკალებდნენ.
***
მეფე და მისიანები
– სამეფო საქმეზე უნდა დაფუძნდეს, ქართველთა უძველესი ხელობა და მეურნეობა უნდა განვაახლოთ. დაფქრებულხართ კი იმაზე თუ რამ უნდა გამოკვებოს ჩვენი ქვეყანა? ჯერ ბიზანტიელნი მშვიდად შემოგვყურებენ, ჩვენში არაბთა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ თავზეხელაღებულ მოყმეს ხედვენ, არაბნი კი საერთოდ არ გვცნობენ და ცნობის ღირსადაც არ გვთვლიან, ხაზართა იმპერიასთან ბიზანტიის კავშირებით ვსარგებლობთ, მაგრამ კავკასიელი მხედრებიც განადგურებულ და გადაშენებულ ტომად გვთვლიან. აბხაზთა მეფეც კი ამრეზით შემოგვყურებს და ლიხს აქეთ გადმოსვლას მიელტვის. წანარნიც ჩვენთან დაჭიდებას ცდილობენ. კავკასიის ჩრდილო ფერდობებიდან ზვავივით უნდათ რომ დაგორდნენ და გაგვთელონ. ბიზანტიაც კი გადასაყლაპად შემოგვიტრიალდება, თუ ჩაგვთვლის რომ ჩირადაც არ ვღირვართ. გაიგეთ? ესეიგი რა გვჭირება? ქვეყანა უნდა დავაფასოთ, სამეფოს ფასი უნდა დაედოს ჩვენი შრომის საბოლოო ქმნილებით. სისხლისა და ოფლის დაღვრა უნდა გავიხსენოთ. თუ ეს ხელობა არ ვიცით, რად გვქვია მაშინ ქართველები? რად დავირქვით მაშინ ქართველთა სამეფო? – მაღალმა და მხარბეჭიანმა ადარნერსემ ბაგრატიონმა დარბაზის წევრთ თვალი მოავლო და მოეჩვენა რომ მეფედ კურთხევის შემდეგ მის წარმოთქმულ ყოველ სიტყვას სადღაც ზეცით მოუთმენლად ელოდნენ, მოითხოვდნენ და ჟრუანტელის მომგვრელი წამებისათვის აგროვებდნენ, სიტყვებს მტევნების მსგავსად საწნახელში მოაქცევდნენ რათა შემდეგ მათთვის სულ სხვა, ცოდვა-მადლისეული წვენი გამოედინათ. ამიტომაც აცახცახდა ადარნერსე ბოლო სიტყვისას, როდესაც ქართველთა სამეფო ახსენა, მისმა გულმა უმალ იგრძნო ზეციური საწნახელიდან გამოდენილი მადლი და ხელები იმგვარად აღაპყრო ზეცით, რომ მსმენელთ განტოტვილ მუხას მიამგვანეს ქართველთა მეფე.
– მივხვდი, ყოველდღე უნდა დამეგეშა ჩემი მოყმენი, რიცხვი 28 მეჩვენა ძილში, ამიტომაც ტაო-კლარჯეთში, შავშეთში და სპერში, სამცხეში, ჯავახეთში, თავფარავანისა და ჩრდილის ტბების თავისუფალ თემებში, პარხალსა და ოშკში, ბასიანში და ქალაქ კარის მოსახლეობაში, სულ – 28 მოყმე შეგკრიბეთ და სამეფოს მოყმეებად მოგნათლეთ. დღეის ამას იქით, გაძლევთ დავალებას, დაამარცხოთ მეკობრე და ავაზაკი, აღადგინოთ თემები, დანგრეული აღაშენოთ, დატყვევებული დაიხსნათ, მწიგნობარს და მუშაკს შეეწიოთ, როგორც ეს მესხეთს შეშვენის, აღმოაჩინოთ და განსაკვირველი საქმენი ქმნათ, მაგრამ კვირიაკეში ერთხელ აქ მოხვიდეთ ამ დარბაზში და მეფეს თქვენსას მოახსენოთ საქმენი და ერთად ვიბჭოთ საფიქრალი! – ადარნერსემ კვლავ მიმოავლო თვალი მის გარშემო შეკრებილ ხნოვან და უხნო გმირებს და სულში უჩუმარი იმედი ჩაეღვარა.
ახალგაზრდა მოყმეებმა ერთმანეთს გადახედეს, თვალები უელავდათ, წარბებს შორის ნაჭდევებში აზრები იმალებოდა, ზოგი შუბლშეჭმუხნული იჯდა, ზოგიც სწრაფი, მიმინოსებრი მზერით თანამოძმეებს ათვალიერებდა, ზოგიც არწივისებური სიმშიდით გადმოყურებდა სხვებს, ერთი კი მგელივით თავმოღერებული ცერად იყურებოდა და დაბლიდან ამოჰყურებდა მის გარშემო მყოფთ, მოყმეთა შორის, თაფლისფერთვალება, წვერულვაშიანი, სულა-სულას ძე ოდნავ წინ წამოწეული იჯდა და გულისყურით უსმენდა თავის ხელმწიფეს.
როდესაც ადარნერსემ სიტყვა გაათავა და მოყმეთა შორის აზრის გამომთქმელებს უწყო ძებნა, ამ დროს სულა სულას ძემ აიღო თავი და სიტყვა ითხოვა. მხარზე ნაჭრილობევი აწუხებდა სულა სულას ძეს, ამიტომაც მდაბალი სალამი რომ მისცა 28 მოყმეს, ოდნავ დაიძაბა, ტკივილმა უფრო გაამხნევა, სახეზე წამოწითლდა, გონება გაასმაგებული ძალით აამოქმედა, გული არ წამივიდესო ხელი ტკივილამდის მაგრად მოუჭირა ქამრის ბალთას და ფეხზე წამოდგა.
– როდესაც არაბები დაეცნენ ჩორჩანს, მამამ ჩემმა სულა მირიანის ძემ, მე და დედა რკინის-კაცთა მიუვალ და იდუმალ ქალაქში გადაგვმალა, შემდეგ თავად ბარში დაბრუნდა არაბებთან ბრძოლის გასაგრძელებლად. მას შემდეგ მამა აღარ მინახავს, შემდეგ დედაც დავკარგე ისე რომ არცერთი მშობელი არც ცოცხალი და არც მკვდარი ჩემთვის საჩინო არ ყოფილან. მაგრამ საჩინო იყო სხვა რამ. რკინის კაცთა ქალაქში გავიზარდე, მეც მათ შევეზარდე და მათი პურით ვეზიარე უფალს. ვისწავლე რკინის-კაცობა. ეს რას ნიშნავს იცით. მესხები და მათი წინაპარი მუსკები მისდევდნენ უმთავრესად ლითონის დამუშავებას, მესაქონლეობას, ხორბლის მოყვანას და მევენახეობას. მე რაც ვნახე და როგორც გამომზარდეს რკინის კაცთა ქალაქში იმას ვიტყვი მხოლოდ: თუბალებისა და მუსკების შვილები ვართო ამბობდნენ ჩემი მასწავლებლები, მეტალურგიაში დახელოვნებულები იყვნენ ეს ტომები ვიცით ყველამ ამ დარბაზში მყოფმა. „დაბადებაში“ ამოვიკითხე – „იაბალ იყო მამა მკვიდრთა კარვებისათა, იუბალი იყო გამომაჩინებელი ფსალმუნისა და ებნისა, ხოლო თუბალი, ჩვენი მამა, იგივე თუბალ-კაინი, ესე იყო „კვერით ხუროი, მჭედელი რვალისა და რკინისა“. სიტყვა კაენიც მჭედელს ნიშნავდა და ამიტომაც შეერქვა თუბალს კაენი. მეტალურგიაში ჩვენი ქართული სიტყვები გვაქვს შემოღებული – ბრპენი იგივეა რაც კალა, ფოლადი ჩვენ ვუწოდეთ და ბერძნებმა ხალიფად გაიგეს, სუბარების ნახელავს, ბრინჯაო ეწოდა და აქედან ისწავლეს სხვათა. მოსინიკების თითბერი განირჩევა ნათელი ლაპ-ლაპით, არტანუჯში და ორდუში რკინა პირველად მოიძიეს კაცთა. ხალიბები, ანუ რკინის კაცნი, ფოლადის დნობით ცხოვრობდნენ. ამიტომაც ეს არის ქართველთა მთავარი საქმე სხვა საქმეთაგან დიდად განსხვავებული, ერთობ რთული მაგრამ ძლიერ საპატიო და სამეფოსათვის გამამყარებელი. მე მოგიწოდებთ, მოვიძიოთ რკინის-კაცთა ის ორმოცივე ქალაქი, რომელიც მანამდე სპარსთა ხოლო დღეს არაბთა შემოსევების დროს განადგურებულა და აღვადგინოთ ყოველივე რაც იქ ხდებოდა, შევქმნათ განძი რკინისა და დავაშინოთ მტრები ჩვენი შრომით.
– სულა სულას ძევ, დიდება შენდა – ბრძანა დიდმა თევდორემ, მოყმეთა შორის ყველაზე გოლიათური აღნაგობის მქონე, მესხთა გამოჩენილი გვარის სამძივართა უკანასკნელმა შთამომავალმა და ფეხზე წამოიმართა.
– დიდება სულა სულას ძე ჩორჩანელ-კალმახელს დაიძახეს სხვა მოყმეებმაც და ადარნერსეს შეხედეს. მეფე იდგა დაფიქრებული და ოდნავ გაკვირვებული, სულას შეჰყურებდა, ცოტა განცვიფრებულიც ჩანდა, რომ მისგან მოისმინა ქვეყნის განვითარების ამგვარი დახვეწილი აზრი. იგი სულა სულას ძეს იცნობდა როგორც გამოჩენილ მხედართუფროსს, მოისარს და სტრატეგს, მაგრამ მის მიერ ძველ წიგნთა და ჰაზრთა გადმოცემის ამგვარ უნარს, რომელსაც ფილოსოფოური სკოლების დამთავრებულებს მოსთხოვდნენ ხოლმე, არ ელოდა ქართველთა სამეფოს პირველი გვირგვინოსანი.
– დიდება შენდა მართლაც სულა სულას ძევ, არ ვიცოდი თუ რკინის კაცების გამოზრდილი იყავი, რადგანაც ეს იდუმალი ხალხი, მეფესაც არ ანდობს, კლდეთა და მადანთა საიდუმლოს – ბრძანა გახარებულმა ადარნერსემ და სულა სულას ძე ფართო მკლავებში ჩაიკრა. დიდი თევდორეც წამოიმართა ამ დროს და სულას მიეჭრა. მოყმეთა თვალებში ძმობისა და ერთგულების ნაპერწკალმა მყისიერად გაიელვა და დიდი თევდორეს ძლიერ მკლავებში ჩამალული სულა იმ წამს ოცდარვა მოყმის წინამძღოლად იქცა.
ადარნერსემ საღამოს თათბირი გამართა და სულა სულას ძეს ორმოცივე რკინის ქალაქის მოძიება და მათი აღდგენა გამაგრება დაავალა. „რკინის კაცების სახსენებელიც გამქრალიაო“-დაამატა ადარნერსემ სულასთვის მიცემულ ბრძანებას, რაც იმას ნიშნავდა, რომ იდუმალი სიბრძნით დაჯილდოვებული მიმდევარნი თუბალ-კაენის მიერ შემოღებული კვერით-ხუროობისა, მჭედელნი რკინისა და რვალისა უკვე ამოწყვეტილი ჰყავდა არაბ დამპყრობელს.
სულა სულას ძე მიხვდა ადარნერსეს სიტყვის შინაარსს, ქართველთა დასასუსტებლად, არაბს პირდაპირი იერიში მიეტანა რკინის კაცთა სამყოფელზე. დაენგრია და დაენაცრა მათი სამკვიდრო, აღეგავა მათი სახსენებელი, მაგრამ რკინის კაცთა იმედი ჰქონდა მაინც სულა სულას ძეს. „უფრო ღრმად მიწაში ჩავიდოდნენ რკინის კაცები, არაბებისაგან თავის დასაღწევად. ქვაბთა ამომკაფველები, კლდეების ძირში იქნებიან მიწოლილნი და ღრმა ძილს მიცემულნი“ – ფიქრობდა ადარნერსეს კოშკიდან გამოსული სულა სულას ძე და თავისი ხაზარულად შეკაზმული, შავი ქურანა ცხენისაკენ მიდიოდა.

***
ბანა
„თუ გსურს სახელმწიფო აღაშენო, მაშინ მას სული უნდა შთაბერო, სული ქვაში უნდა გამოკვეთო და აი იქ დადგა, აი იმ ველზე“ – უთხრა თეთრი თმით შეფენილმა მოხუცმა ადანერსეს და ხელი ჩაჰკიდა, მოხუცი სულაც არ ჩანდა დაუძლურებული, პირიქით რკინისებურმა მკლავმა შეაკრთო მეფე, მაგრამ იგი თავს აღარ ეკუთვნოდა და მოხუცმა ის თან წაიყვანა. ეტყობა დილა იყო, ფირუზისებრი ველი გადაიშალა მათ წინაშე, მომრგვალო ადგილი იყო, გარს ეკრა კლდეები, გორაკები, დახავსული ფერდობები, კლდეები, მაგრამ ველი იყო უზარმაზარი, ფარივით ბრტყელი და მრგვალი:
– აქ გაიშლება შენი ხალხი, აქ შეიძენს ის მოსმენის უნარს, დაგიგდებს ყურს, შენ კი აი იმ გორაკიდან მოიწონებ თავს შენი ხალხის წინაშე, აი იიიიიიმ ფერდობზე დადგამ ტაძარს, აი იიიიიიმ ფერდობზე ააგებ შენს სიტყვას, აიიიიიიიიიიიიმ….
– რა მოგივიდა მოხუცო? – ჩაეკითხა ადარნერსე შემდგარ და შორეულ ცის დასალიერში, რაღაცის მჭვრეტ თეთრთმიანს.
– მოიწევენ, მოდიან, ისინი მუდამ მრავალნი იქნებიან, ისინი მუდამ გაუმაძღარნი იქნებიან ადარნერსე, მაგრამ შენ იქნები მეფე, შენ უნდა შეაჩერო ისინი, შენი მახვილი აღმართულია.
– ვინ მოიწევს დიდო მოხუცო? – ეკითხება ადარნერსე, რომელიც გრძნობს მოწიწებას ამ თმათეთრა, თითქოსდა მიხრწნილ ,მაგრამ ბუმბერაზივით ძლიერი კაცის მიმართ.
– აი უკვე ახლოს არიან, მაგრამ ჩვენ უნდა დავახვედროთ სული, ქვაში ნაკვეთი, მაშინ მყარად დავდგებით, მაშინ გაუძლებთ – მოხუცის ამ სიტყვებთან ერთად ქარიშხალი ამოვარდა, ყოველივე დატრიალდა ადარნერსეს ირგვლივ, მაგრამ მოხუცს ხელი მისთვის არ გაუშვია და ამიტომაც ისიც იდგა და ზვირთები ეხლებოდნენ მას.
ყოველივე წრიულად დატრიალდა, მაგრამ უეცრად ფარივით მრგვალ დაბლობზე, ფარის ცენტრმა გაიბრწყინა, ალივით აინთო, შემდეგ ამოიმართა ვეება მუხა და ცას მიწვდა მისი ტოტები. უცხო სინათლემ თვალი მოსჭრა ადარნერსეს, შემდეგ იგიც გაოგნდა რადგანაც იხილა რომ მუხა იწვოდა და ზეცას სწვდებოდა მისი ალი – „გადავარჩინოთ მუხა, გადავარჩინოთ მუხა“, ყვიროდნენ მის გარშემო მყოფნი და აგიზგიზებულ ბუმბერაზს გარშემო ურბენდნენ, ამ დროს თეთრსამოსიანმა და თეთრთმიანმა მოხუცმა მარჯვენა აიქნია და გაწვიმდა. გაიელვა და ტაძრის გუმბათი, აი იიქო, რომ მიუთითებდა მოხუცი, სწორედ იქ ამოიზარდა. ტაძარი ერთ დიდ გუმბათს შეადგენდა და საოცრად მშვენიერი იყო.
ადარნერსემ ამ დროს გამოიღვიძა, სიზმრისაგან შთაბეჭდილებებით სავსემ თავი გააქნია, საწოლიდან წამოდგა და ეზოს გახედა, „სირგვალე სივრცისა თითქოს მეცნო, ნეტა სად ვიყავ ან რა ნიშანი იყო ეს?“, ჩაიბუტბუტა მან და კარებზე სამჯერ დაჰკრა მარჯვენა. მესტუმრემ შემოჰყო თავი, სანადიროდ მყოფ ქართველთა მეფეს მიესალმა და მის უკან მყოფებს ნიშანი მისცა- მწყობრად შემოვიდნენ მზარეულნი და წუხელ მონადირებული ტახის ხორცის წვნიანი და შემწვარი ტახის თავი მოართვეს ადარნერსეს, რომელმაც არც ერთი მოისურვა და არც მეორე, გაწბილებულ მზარეულებს ამრეზით შეხედა და მათ უკან მდგარ მეთევზეთ უხუცესი – შეწვარი კალმახის ხონჩით თავისთან მოიხმო.
ოქროსფერ ხალებიანი კლარჯული კალმახი ინება მეფემ, შემდეგ ცოტაოდენი კლარჯული ღვინოც მოსვა და ეხლა უკვე მეხილეთა მიმართულებით მიაპყრო მზერა.
მეხილეთა თავი შემოუძღვა თავის მეხილეებს, სანადირო კოშკის ადარნასესეული ოთახი ისპირისა და ტაოს ვაშლისა და ატმის სურნელით აივსო, ბროწეულის წვენი მოართვეს მეფეს, მანაც მოსვა ეს წითელი, ოდნავ ქაფიანი ტკბილი სითხე, ტუჩები სისხლისფერი გაუხდა და ბრწოეულის წვენიში ჩაწობლი თითით, ხის მაგიდაზე იმ ადგილის ხატვას შეუდგა, რაც სიზმარში ენახა.
– ფერწერის და სახეთა გამოსახვის ტალანტი გქონიათ მეფეო-შებედა მეფის სავარძლის უკან მდგარმა მესტუმრემ ხატვაში გართულ ადარნერსეს.
გაიღიმა ქართველთა მეფემ და მესტუმრეს უთხრა – „ტაძარი უნდა ავაგო, სიზმრად ვნახე ასეთი ადგილი, აი აქ უნდა დავდგა თევდორევ ტაძარი. ადგილს ამგვარად თუ იცნობთ. წაიღეთ ეს ტაბლა და მიხვდებით თუ რა ქვია იმ ალაგს რომელზედაც ქართველთა მთავარი ტაძარი უნდა აშენდეს“.
***
ოთხფეხა ტაბლით ხელში გაიჭრნენ მესტუმრენი ეზოში და მონადირეთ უხუცესს შესძახეს მოდიო. ისიც სწრაფი და საქმიანი ნაბიჯებით მოვიდა მესტუმრეებთან, მათი სიტყვა მოისმინა და ისე როგორც დიდ კაცებთან ნამსახურევ გამჭრიახ კაცს შეჰფერის ყოველივეს მიხვდა. მეფე ადგილს ეძებდა ტაძრისათვის. მაგრამ ამ ალაგის მოძებნა იყო საჭირო. ბროწეულის ფერი ხაზები სანამ ტაბლის ზედაპირიდან არ გადავიდოდა, უნდა ემოქმედათ. მონადირეებიც შეჯგუფთდნენ და ბროწეულის წვენით გამოსახულ რუქას დაუწყეს ყურება, მაგრამ ვერაფერი გაიხსენეს.
ქართველთა მეფე დადარდიანდა, უეცრად სულა სულას ძე კალმახელი მოიკითხა, მაგრამ ვერავინ ვერაფერი უთხრა მოყმეს შესახებ.
***
თავისუფლების ღამე
„ეხლა სასწაული დაიწყება, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი რომ ასეც იქნება, უმეტეს დედას დედობა დაავიწყდება და უმეტეს მამას მამობა, კაცს კაცობა და ქალს ქალობა, აღირევიან ერთიმეორეში, სოდომ-გომორი მოგონილი იქნება იმგვარს ჩაიდენენ, ჩვენ კი პატიოსანი ავაზაკები განვერიდებით ამას ყოველივეს, ამ ღამეს დავიძინებთ, მეძავე ქალებსაც განვაგდებთ ჩვენგან დაე წავიდნენ, ჩვენზე უფრო სულმოკლე მოძებნონ და იმას შეუერთდნენ. ჩვენ დავიძინებთ მშვიდი ავაზაკური ძილით, განცხადებული ყაჩაღი, ყაჩაღი აღარაა დაიმახსოვრეთ“-ამბობდა ღარიბა და ხელში ღვინის თასი ეჭირა, სუფრას ცამეტნი უჯდნენ, რამოდენიმეს შემომატებას ელოდნენ, ავაზაკური კანონის თანახმად მათ სუფრაზე მხოლოდ მამაცი უნდა მჯდარიყო.
„აბა ვახსენოთ ღმერთი, რომელთანაც ვცხოვნდით“-ამბობდნენ ავაზაკები და პირჯვარს იწერდნენ, ბოლომდე სვამდნენ და ღარიბას სიტყვას ელოდნენ.
„აწ კი ვახსენოთ ჩვენი საძმოს მფარველი ანგელოზი, რომლის სახელი ბოლომდე ნაცნობი არ არს მაგრამ რომელიც გვიფარავს ჩვენ ავაზაკებს“- თქვა ღარიბამ, თასი დასცალა და დაღონებული სახით თავისსავე კუთხისაკენ გაემართა, სადაც სახელდახელოდ გაწყობილ ტყავზე უნდა დაეძინა. ერთმა პირტიტველა მაგრამ მამაცმა ავაზაკმა ღარიბას შესძახა – „რატომ ქალაქის თავის ოთახში არ მოისვენებ ძმაო“, რაზედაც ავაზაკთა თავმა მგლურად გამოიხედა მხოლოდ და თქვა – „იმ ღორის ოთახში კაცი დაწვება განა?“
რამოდენიმე წუთში ავაზაკები თავიანთ ალაგებში დაგორდნენ და ისეთ ძილს მიეცნენ, როგორსაც პატიოსანი მშრომელნი მიეცემიან ხოლმე ჯაფისა და შრომის შემდეგ, მხოლოდ ერთი დარაჯი, სახელად ქურთა ჩამოჯდა საუფლო სახლის გასასვლელში, ხელში კალდიმი დაიჭირა და ღარიბას იმ ბრძანების ასრულებას შეუდგა, რომელიც ამბობდა – „ჩვენ არ ვერევით, ვინც შემოსვლას დააპირებს მას მყისვე კალდიმი და დაგორება კიბეებზე“.
„ოჰოოჰო თავისუფლებავ, ჯერ არნახულო, კვლავაც მოხვედი…ოჰოჰოოოო“- გაჰკიოდნენ ქალაქელნი ნეტარებით. ერთი კაცი , რომელსაც ათი წლის წინ ღარიბას რაზმის მიერ მოწყობილი თავისუფლების ღამე გამოეცადა, დაბა საპოვნელაში, სხვებს ასწავლიდა თუ რა უნდა ექნათ, ისინი კი, შემცბარნი, მაგრამ იმედ მოცემულნი, ხბორებივით უსმენდნენ მას რომელიც ამბობდა:
– სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, თორემ მზის პირველი სხივების ამოჭყეტვისას ეს სამოთხე დასრულდება, ჩვენ უპოვარნი და გლახაკნი, აი ამ ქვებით შევიარაღდეთ და პირველად მევახშეებს შეუვარდეთ სახლებში, დავნთქათ და დავნაცროთ მათი ფუძეები, განძი წამოვიღოთ კი არა სჯობს იქვე დავმარხოთ, დანაცრილში არავინ მოიკითხავს გადამალულ განძს, რომ იცოდეთ, შემდეგ თქვენი არ ვიცი და მე ქალებს არ მოვიკითხავ, არც სხვა მინდა რაიმე, გამდიდრება მწადია მხოლოდ, განძი უნდა ჩავიგდოთ ეხლავე.
– თუ სჯობს მოსამართლის სახლს დავეცეთ, მელიტას ხელი უშვა ღარიბამ, ეხლა მას ვეღარავინ დაიცავს, მისი ქმარი კი თუ ცოცხალი დაგვიხვდა, აღარც ვაცოცხლოთ – ამბობდა სუროვანდისაგან კბილებ ჩაცვენილი ახალგაზრდა და თვალები სისხლის წყურვილით ჰქონდა გახელებული.
– შენ ასე ნუ იფიქრებ, დამიჯერე, შენ სისხლი არც გამოგიცდია, ქათამი ხარ ძმაო, როგორ ფიქრობ რომ მიუხტები მოსამართლეს, იქ არავინ დაგხვდება? მელიტა მეძავი ქალია, უკვე მოძებნილი ეყოლება გამოცდილი კურო, რომელიც შეგვიტყუებს და თავებს დაგვაყრევინებს. ამიტომაც სუსტებს დავცხოთ, მაგალითად ცალთვალა ოსია მევახშეს მიუვარდეთ, ერთი ნახევარქათამაა თვითონ და მისი ცოლიც ძლივს დაიარება, ბალღი ყავს ათი წლის და მორჩა, ადვილად ამოვწყვეტთ თუ არ მოგვცეს ქონება.
– ოსია, ოსია, მართალია მართალი – შეჰყვირეს სხვებმა, წრეში შეგროვილმა არამზადებმა და კომბლებით აღჭურვილი ოსიას სახლისაკენ გასწიეს.
ამ დროს ცალთვალა ოსია, სარდაფში იყო შემძვრალი და ფულის გადამალვას ლამობდა, მისი ცოლი, სიბნელეში იჯდა და მთვარის ანარეკლს გაჰყურებდა. „დაქცეულია ქვეყანა, სად არიან ქართველთა მეფის მიერ გამოგზავნილი წესრიგის დამცველნი“-ფიქრობდა ოსია და სპილენძისა და ვერცხლის ფულს ხუთ სხვადასხვა, თავისივე სახლის უკანა ეზოში, წინასწარ გათხრილ ორმოში ფლავდა. მის ვაჟს ეძინა. დედა დაჰყურებდა ვაჟის სახეს და შეშინებული გრძნობდა ვიღაცეების მოახლოვებას.
– ოსია სიკვდილი მოვიდა ეჰეჰეიიი – დასჭყივლეს მომხვდურებმა უცებ და ორმოებთან დახრილ მევახშეს ამ ხმაზე სუნთქვა შეუწყდა რამოდენიმე ხნით.
– გამოდი ოსიავ უნდა დაგათვალიეროთ, თავისუფლების ღამეა ხომ იცი, ფულიც გამოიტანე და სავახშო წიგნიც ჩაგვაბარე – გაისმა კარებთან დრტვინვა და ზმუილი.
– სად მაქვს ფული, წადით, დამეხსენით, ავად ვართ მთელი ოჯახი, სად მაქვს ფული – დაიკნავლა კატასავით მევახშემ და სწორედ ამ სიტყვებმა გამოიწვიეს, დიდი სიპი ქვებით მისი ურდულის დანგრევა.
კარი გაიღო, ღარიბას მიერ განთავისუფლებული არამზადები ოსიას მიეჭრნენ და თავში კომბალი რამოდენიმეჯერ ჩასცხეს. მევახშემ ერთი წამოყვირება მოასწრო და სულიც განუტევა, ამ დროს მისმა ბალღმა გამოიღვიძა, ქალი უკვე სასოწარკვეთით ყვიროდა, განთავისუფლებული არამზადები წამით შედგნენ და ქალს შეხედეს, მოუქნიეს კომბალი. ისიც წამსვე დაადუმეს, ათი წლის ბიჭი უკან იწევდა, იდაყვით სახლის მეორე კარებს ეყრდნობოდა და ცდილობდა უკანა კარი როგორმე გაეღო.
– ესეც მოვათავოთ – თქვა გამოცდილმა არამზადამ და ბიჭს კომბალი დაუმიზნა, ამ დროს ბავშვმა უკანა კარი გააღო და სახლიდან გასხტომა მოახერხა.
– გველისწიწილივით უჩუმრად გაგვექცა, აი მევახშეს შთამომავალი, არაუშავს მოვძებნით, შორს ვერ წაგვივა – თქვა გამოცდილმა და მევახშის გათხრილი ორმოებისაკენ გაიქცა.
ფულსაც მიაგნეს, ხუთ ტომარაში ეყარა და დასაფლავად გამზადებული იყო.
– ადგილი შეუცვალოთ თუ აქვე დავფლათ? იკითხა ერთმა არამზადამ. პასუხად მყისვე მიიღო კომბლის ყუა, როგორ ჩანს გამოცდილმა არამზადამ, რომელიც სულ იმას გაიძახოდა ბევრნი ვართო, რამოდენიმე კაცი აიყოლია და სხვების დახოცვას შეუდგა. კომბლის რამოდენიმე მოქნევა და ათიდან სულ ოთხნი დარჩნენ, ტომარა კი ხუთი იყო.
– ეხლა გავინაწილოთ – თქვა გამოცდილმა და ორი ტომარით ზურგზე მოკიდებული დაღმართისაკენ გაიქცა.
– რატომ მაგას ორი? წამოიძახა სუროვანდისაგან კბილებ ჩაყრილმა და გამოცდილს დაედევნა. მდინარის პირას დაეწია და ზურგიდან ისე მაგრად ჩასცხო კომბალი რომ, გამოცდილის ადგილას სხვა უმალ სულს განუტევებდა, მაგრამ გამოცდილი შემოტრიალდა, სუროვანდიანს კბილებში ჩასცხო წიხლი, შემდეგ კომბალი მრავალმხრივ ჩაარტყა და მდინარეში გადააგდო. „ესეც სამი ტომარა ვერხლის ფული, მდიდარი ვარ უკვე, ეხლა საფუძვლიანად გადავმალოთ“- ჩაილაპარაკა გამოცდილმა არამზადამ და ბონდის ხიდით მდინარის მეორე ნაპირზე გადაირბინა. ბნელოდა.
მთვარემ მოლურჯო ღრუბლებიდან უეცრად წითლად გამოიხედა, გამოცდილმა ახედა მთვარეს და ჩაილაპარაკა – „გავსწიო თბილისისაკენ სჯობს, თუარა ჩემი სისხლი დაინთხევა ამ სამ ტომარა ნაცოდვილარ ვერცხლზე, რომლის შეგროვებას მევახშემ სულიც მიაყოლა და თავიც.“
ქალაქიდან ყიჟინა, ყვირილი და დოლის ცემის ხმა ერთდროულად გაისმა. „სულ მთლად გაველურდა ქრისტიანი ერი“-გაიფიქრა გამოცდილმა და თბილისის საამიროს მიმართულებით მიმავალ გზას დაადგა, რომელიც კლდეკარის საერისთავოსკენაც მიემართებოდა. „ტომრები ყველისაა, მკითხავენ რა გაქვს, ვეტყვი ყველია აყროლებულითქო და თბილისში მიმაქვსთქო“ – ღიღინებდა „გამოცდილი“ და სწრაფად მიაბიჯებდა.
***
რკინის კაცთა მიტოვებული ქალაქები
ქართველთა მეფესთან მწუხრის ჟამს გამართული თათბირის შემდეგ სულა სულას ძემ გადაწყვიტა დილა უთენიას შეეკრიბა თავისი ერთგული მხლებლები და გზას გადგომოდა. „ორმოცი კლდეში გამოკვეთილი იდუმალი ქალაქი, საიდანაც ჩამი-ჩუმიც კი არ გამოდის, სადაც მხოლოდ მდუმარედ ლოცულობენ, არც კი მღერიან ანდა იცინიან, სადაც ხურო რვალისა, სავსე ხელოვნებითა და მეცნიერებითა უნდა იქმნას არათუ უნდა მოვძებნო, არამედ ხურონი, თუ ასეთები არაბებმა ცოცხლად დატოვეს, ქართველთა მეფის ერთგულებით უნდა განვსჭვალო“- უთხრა სულამ, ახლად აღდგენილი კალმახის ციხის, თავად დადგენილ შურტა კუტალმიშს, რომელიც პატრონის დანახვას ისე ელოდა როგორც ერთგული ძაღლი.
– საქმისა შენ იცი პატრონო მაგრამ მე არ უნდა წამიყვანო? ვინძლო გამოგადგე – სიხარულისაგან დაიმანჭა შურტა და იდაგვარად შეანათა ზეთისხილიფერი თვალები სულა სულას ძეს, ამ უკანასკნელმა იფიქრა თუ არ წავიყვანე დარდით მომიკვდება აღმზრდელიო და შურტას გაუღიმა.
– კი მაგრამ, ასაკი შენი მაშფოთებს და იმასაც ვფიქრობ, რომ კალმახის ციხეს ჭკვიანი გამგებელი სჭირდება – თქვა ერისთავთ-ერისთავმა და სიბერის მიუხედავად ბერბიჭივით მხნედ მყოფ შურტას თვალებში ჩახედა.
– ციხეს არაფერი შეაწუხებს პატრონო, არვინ გაბედავს კალმახის ციხესთან დაბანაკებას ან მის ალყაში მოქცევას ჩვენს მეზობლებს შორის, სანამ თავად არაბები გამოჩნდებიან. თუ არაბებმა აიძულეს, მაშინ ჩვენი მეზობელი მთავრებიც და მათი მშველელი არაბებიც უსწრაფესად მოგვადგებიან და ციხეს ვერანაირად შევინარჩუნებთ. ამიტომაც არანაირი აზრი აქვს ჩემს აქ დარჩენას, ჩემს არ ყოფნაში ციხეს იპოლიტე დაიცავს, მე კი თუ მიახლებ ძლიერ გამოგადგები კლდეთა სიღრმეში ჩამარხული რკინის კაცთა მოძებნისას.
დარწმუნდა სულა სულას ძე რომ შურტა არაფრის დიდებით არ დარჩებოდა კალმახის ციხეში, იპოლიტე კაბადოკიელის ანუ იპოლიტე მესხის სამხედრო განსწავლულობის თავადაც ზედმიწევნით სჯეროდა. ამიტომაც დაყაბულდა იგი, ერთგული კუტალმიშის დამარწმუნებელ განცხადებას, ციხეს ვერავინ აიღებსო და ლაშქრობის მოსამზადებლად განკარგულება გასცა.
***
თუხარისი
კალმახის ციხე ფანასკერტსა და ტაოსკარს შორის მდებარეობდა, ზევით იყო არტანუჯი, რომლისაკენაც მიმავალი მგზავრი, მიუვალ კლდეებს შორის მოგზაურობდა. სწორედ იქით აიღეს გეზი, შუადღემდე იარეს და შეჩერდნენ. შურტამ ასწია ხელი და სულა სულას ძემაც მისკენ გაიხედა. შურტა ცხენიდან გადმოხტა და კლდეზე იწყო აცოცება. სულა გაღიმებული უყურებდა ამღზრდელის მეკლდეურობას და მოქნილობას, ბოლოს თავადაც ჩამოხტა ცხენიდან და შურტას კვალს მიჰყვა. ამ დროს კუტალმიში უკვე ერთ-ერთ კლდეს ზემოთ მოექცა და ტომრიდან რკინის ჩაფხუტი ამოიღო.
– ბიზანტიური მძიმე ჩაფხუტი, რამ წამოგაღებინა კუტალმიშ, თანაც ძველი და ხმარებიდან გასული, ჰერაკლე კეისრის დროის ჯართი რატომ არ მიუგდე ჩვენს მჭედლებს, იქნებ მაქედან ახალი რამ გამოეჭედათ – იკითხა კალმახელ ჩორჩანელმა.
– არ გამოგადგებათ პატრონო, ეს ჩაფხუტი, იგი საფუძვლიანად მოვამზადე, ბოლოში გავხვრიტე და ძაბრის სახე მივეცი, მაგრამ ღვინის გადასაღებად არ მინდა მე ეს გამოგონება, ამით მხოლოდ კლდეებს მინდა მოვუსმინო. აი ასე – თქვა შურტამ და ძაბრის ფორმის მქონე ჩაფხუტი კლდეს მიადო ყურიც მიაბჯინა და სმენა დაიწყო.
– ისმის რაიმე? – სულა დინჯად ელოდა პასუხს.
– ჯერ არაფერი – თქვა უილაჯოდ კუტალმიშმა და მათ გზა განაგრძეს.
– ***
მეექსვე დღეს როდესაც რაზმეული კუტალმიშის ყურებით უფრო გადაიქანცა ვიდრე კლდე-კლდე ხეტიალით, შურტამ ერთ-ერთ კლდეს მიადო ბიზანტიური ჩაფხუტი და შემდეგ სულა სულას ძე თავისთან მოიხმო.
– რაო აჰურა-მაზდას ერთგულო მადიდებელო? იკითხა ერისთავთ ერისთავმა და კლდის ქარაფზე მწოლიარე შურტას ჩააცქერდა.
– ისმის ხმა, თავადაც მოუსმინეთ – თქვა შურტამ ჩურჩულით და ჩაფხუტი აღზრდილს მიაწოდა.
„ისმის მართლაც ხმა რაღაც, ეს რა უნდა იყოს, ბრპენის მოდუღებისას მახსოვს ამგვარი ყრუ ხმები“- გაიფიქრა სულა სულას ძემ და შურტას თვალი ჩაუკრა.
– მეტალურგიას ღრმად ვიცნობ მეც ჩემო პატრონო, თუ ეს კალის გამოხდისას, ღუმელის გავარვარების ხმებია, მაშინ რამოდენიმე საათში ღუმელის გაცივებისას ასეთი ხმა უნდა გამოსცეს კვერმა – თქვა შურტამ და ზმუილის მსგავსი ხმა გამოსცა.
– შესაძლოა მართლაც კვერით ხურონი, ამ კლდის სიღრმეში, საიდუმლოდ ცხოვრობენ და მუშაობენ, მაგრამ საიდან უნდა შევიდეთ, აი ეს არის მოსაძებნი.
– ვერსაიდან შევალთ, მაგრამ კვამლი ხომ უნდა გამოვიდეს საიდანმე, კვალმსაც ხომ ვერ გააქრობენ რკინის კაცები? – ჩურჩულებდა შურტა და თავის ჩაფხუტს კლდის სხვადასხვა უბანს ადებდა, შემდეგ ყურს მიადებდა და უმალ სულას მისამართით რაღაც ფრაზებს ჩურჩულებდა.
– არ მესმის, რა ირანულად მელაპარაკები? სიცილს ძლივს იკავებდა ერისთავი, მაგრამ შურტა კლდის ქიმებზე დაცოცავდა და მასზედ ამონაკარწ სიმბოლოებს ფურთხით ასუფთავებდა, რომ წაეკითხა რაღაც.
– რაზმი გაუშვი, მაინც რად გინდა, აქ სულ კლდეებზეა სასიარულო, ჩვენ დიდხანს ბარში ვეღარც ჩავალთ, კლდეზე ნაკაწრებითა და უჩინარი ასოებით უნდა გავიკვლიოთ გზა, ბარში არაფერი გვესაქმება, უბრძანე პატრონო შენს ლაშქარს, კალმახის ციხეში მიბრუნდნენ, მეტი არაფერი გვინდა მათი, დამიჯერე – სასოწარკვეთილი ხმით და ამავე დროს პატრონის მიმართ უძლიერესი სიყვარულით აღსავსე თვალებით ამბობდა ამას შურტა კუტალმიში.
– ცუდად ხომ არ ხარ კუტალმიშ? – აენთო ეჭვისაგან სულა სულას ძე, ცოტათი ფერწასულ შურტას სახეზე დახედა და გულში შიშის ნაბერწკლები აენთო, „კუტალმიში არ მომიკვდეს“, გაუელვა აზრად და მის გვერდით ჩაიმუხლა.
– არ ვარ ცუდად ჩემო სულავ, მაგრამ გული გადამიქანდა თითქოს, იმგვარი რამ მინდა გითხრა – თქვა კუტალმიშმა და სულას მომაკვდავი ძაღლივით თვალი თვალში გაუსწორა.
– რა არის ჩემო ერთგულო? – უშიში გული უეცრად უცნაური მღელვარებით აევსო ერისთავს.
– გაუშვი რაზმეული შინ და მომისმინე – თქვა შურტამ და ნაბხაჭნებს ჩააშტერდა, რამოდენიმეს მრავალჯერ დააფურთხა, შემდეგ წმენდა დაიწყო და ბოლოს როდესაც ნაკაწრები გააკრიალა, სულას წინაშე სპარსულმა სიტყვებმა დაიწყო წარმოჩინება.
– გავათავისუფლე რაზმეული, ეხლა კი რას მეტყვი კუტალმიშ? – თქვა სულამ და შურტას მიერ აღმოჩენილ წარწერას ყურება უწყო.
– იცი რა სწერია ერისთავთ-ერისთავო ამ კლდის მწვერვალზე?
– სპარსული არ გისწავლებია, რატომღაც, შურტავ – იცინოდა კალმახელი.
– თქვენ გასწავლეთ კი არა მე რომ არ დამავიწყდა სპარსული აი ეგაა საკითხავი – გაიცინა შურტამ და სპილოსძვლისფერი კბილებით გამოანათა.
– ვინ ხარ კაცო, სპარსი არაბი თუ ინდოელი, მითხარი შურტავ – ხუმრობით დააპირა სულამ თავისი აღმზრდელის გამხიარულება.
– სპარსი ვარ, არაბთაგან აღზრდილი და ინდოელთაგან გაწვრთნილი, მაგრამ ქართველთაგან ხელახლა შობილი და ამიტომაც მეც ქართველი ვარ ერისთავო – მშვიდად წარმოთქვა შურტამ და მკერდზე ხელი მოიფათურა.
– ამ სიმაღლეზე არ უნდა ამომეყვანე, ჩაგიყვან ეხლავე-სულა შურტას ასაყვანად დაიხარა, მაგრამ ამ დროს თავად კუტალმიში ალაპარაკდა.
– პირიქით, პატრონო, კიდევ უფრო ზევით მომიწევს ასვლა, თუ მართალი ვარ ეხლა მე.
– რა ხდება შურტა, რა ქარაგმებით მესაუბრები, მითხარი პირდაპირ, ვინ ხარ და რა უნდა მაუწყო.
– სპარსეთის შაჰის ბარამ ჩუბინის მიერ, ქართლში, ანუ მესხეთში ორასი წლის წინ დაფლული განძი აღმოვაჩინე სულა სულას ძევ – დაიყვირა შურტამ, მკერდზე ხელი მოიჭირა და პირქვე ჩაემხო, ტკივილისაგან დაიკრუნჩხა და გრძნობა დაკარგა.
– თუ ხარ იმისი, მაშინ ჩვენი გახდები – ჩაილაპარაკა შურტამ, თითქოს ბოდავსო.
– თუ ხარ ვისიო კუტალმიშ რაებს ამბობ? მოდი ღვინო ჩაგაწვეთო პირში
– არავითარი ღვინო, აჰურა მაზდას ღვინო არ უნდა აღზრდილო-დაიკლაკნა შურტა.
– თუ ხარ ვისიო? რა ბრძანე ეხლა?
– სპარსეთის შაჰის სარდალი იყო დიდი ბარამ ჩუბინი, რომაელნი დაამარცხა ქართლში , განძი მოკრიბა დიდი, სადღაც დაფლა, შემდეგ დაბრუნდა სპარსეთს, გადააგდო შაჰი, დაჯდა მის ადგილას, მაგრამ თავადაც ჩამოაგდეს ტახტიდან და შერისხული მოკვდა სადღაც, მაგრამ განძი ვერ უპოვეს ჩემო სულავ ამ დიდ სარდალს და შაჰინშაჰს.
– თუ ხარ იმისი, მაშინ ხარ ჩვენი? გგონია რომ განძს ესაუბრები – სიცილით ეკითხება სულა თავის მოხუც შურტას.
– განძს უნდა ელაპარაკო შვილო, აქ თუ ოქროა და სხვა სიმდიდრენი დაფლული მაშინ მას უყვარს ხმის გაგონება და იქნებ მართლაც გაგვიმხილოს თავისი ადგილსამყოფელი ბარამ ჩუბინის ნასისხლარმა განძმა.
– თუ ხარ ისი გახდი გახდი ჩვენი ბარამ ჩუბინის დაფლულო საგანძურო – წამოიძახა გამხიარულებულმა სულა სულას ძემ და თავის შურტას საფეთქლების დასრესვა დაუწყო.
– ძალზე მაღალზე ვიმყოფებით, ჩემი გული ვერ გაუძლებს ამ სიმაღლეს, დავბერდი როგორც ჩანს, ჩამიყვანე დაბლა სულავ, თუ გადავრჩი გაპოვნინებ ამ განძს, პირველ რიგში აქ ციხეს ავაგებთ, მას სწორედ „თუ ხარ ისი“ უნდა დავარქვათ შენ და მე ჩემო მთავარო – ჩურჩულებდა შურტა.
სულა სულას ძეს მისი აღზრდელი ხელში აყვანილი, ნელა და მდორედ, რყევის გარეშე, ჩაჰყავდა საფეხურებიან კლდის ბილიკზე და როგორც შვილს ისე უბრთხილდებოდა მას.

***
თუ-ხარ-ისი
სულა-სულას ძე კალმახელმა მიუვალი კლდე გამოსთხოვა ადარნერსე ქართველთა მეფეს. მეფემაც მისცე კლდე.
– რა დავარქვათ კლდეს ამას-იკითხა ქართველთა სამეფოს მწერალთ უხუცესმა და შეყოვნდა.
– „თუ-ხარ-ისი“ ვარქვათ – თვალებგაბრწყინებულმა დამარცვლით წარმოთქვა კალმახელმა.
სარკმლიდან მოსჩანდა ქორი რომელიც წრიულად დაფრინავდა და შეტევისათვის ემზადებოდა.
– ნადირობის დროა კალმახელო – თქვა საშინაო სამოსში, გამოწყობილმა მეფემ და კედლიდან ერთ-ერთი ურთხმელის მშვილდი ჩამოხსნა.
– დიდი ნადირობის დრო დადგა პატრონო – უპასუხა სულა სულას ძემ და მაგიდაზე გადაშლილ რუქას გაჰხედა.
გავარვარებული გულივით-წითლად მოსჩანდა თბილისის საამირო, მარცხნივ აბხაზთა სამეფო ლიხს აქეთ გადმოსვლას რომ ლამობდა ზვირთივით თავს წამოდგომოდა თბილისს. მარჯვნიდან კახთა სამეფო მოიწევდა, საამიროს გულს კი თავად ლიპარიტის საერისთავო უმიზნებდა საკუთარ ლახვარს. ეს უეცრად შეიმეცნა სულა კალმახელმა და ადარნერსე მეფის მზერაც დაიჭირა.
– ხომ მიხვდი? თბილისი უნდა წავართვათ არაბებს, მაგრამ ჯერ წინ გვაქვს მრავალი ბრძოლა – თქვა მეფემ.
– ჩვენ ან ლიპარიტი ჩაიგდებს ხელთ თბილისის გასაღებს, უმოქმედობა არ იქნების – სულა სულას ძე ბაგრატიონს თვალს თვალში უსწორებდა.
– კლდე რომელიც გამომთხოვე, მიუვალიაო ამბობენ, ჰოდა მანდ ააგებ ხუთგოდლიან მაგარ ციხეს, ასმა ათჯერ ათასი რომ შეაჩეროს ისეთს.
– ავაგებ ციხეს პატრონო – თქვა საბოლოოდ კალმახელმა და დარბაზიდან გავიდა.
***
იმავე გაზაფხულს
შემოადგნენ მესხები „თუ-ხარ-ისად“ სახელდებულ მთას მიუვალს და მშენებლობა წამოიწყეს. ეზიდებოდნენ ალიზსა და აგურს, ქვას იქვე სჭირიდნენ, ასხამდნენ სპილენძისა და რკინის საკიდრებს. სამსჭვალისებს ჭედავდნენ და ყოველივე სანოვაგეს, სახედრებით აგზანიდნენ მწვერვალისაკენ.
მთის ძირში ორი კარავი გაიშალა. ერთში შურტა კუტალმიში ცხოვრობდა, მეორეში სულა სულას ძე კალმახელი. შურტა ძველ სპარსულ წიგნებს დაათრევდა თან და მონასპათა ხელით ტხატრევანზე აბრძანებული კლდის ირგვლივ დაირებოდა. სულა კალმახელი ჯორზე ამხედრებული თან დაყვებოდა შურტას პროცესიას და სიბერისაგან დაჩაჩანაკებულ აღმზრდელს გულისყურით უსმენდა.
შურტას, ბოლო დღეებში ხმაც კი წაერთვა, ჩლიფინებდა რაღაცას, სიტყვებში უფრო ხშირად ურევდა არაბულსა და ერთ უცხო ენას როემლსაც იემენურს უწოდებდა. ჩემი მშობელი ენაა ეს არის და ამას ვუბრუნდები სიკვდილის კარიბჭესთან მდგარი – ამბობდა კუტალმიში, ოდესღაც მოელვარე, თეთრი და ქათქათა თვალის რქოვანები, გაყვითლებოდა, ლოყები გაშავებოდა, ტუჩები დაეღრიჯა მისთვის ჟამთა მდინარებას.
– უნდა დავფიქრდე კარგად სულავ, მაგრამ თავი არ მემორჩილება, უნდა ამოვიცნო ბარამ ჩუბინის ჩანაფიქრი, მაგრამ გონება მაქვს დაბნელებული – აჩლიფინდა ერთხელ შურტა და გამოწურული ლიმონის გადანაჭერი ტუჩებზე გადაივლო.
– ნუ ფიქრობ ცუდს რამეს აღმზრდელო, გამოჯანმრთელდები უცილობლად – უპასუხა სულამ და სიყვარულით შეხედა კუტალმიშს.
– ისე არ დაბერდე რომ აფრიკულმა ლომმა პირი არ დაგაკაროსო, ეუბნებიან ერთმანეთს აბისინელი და იემენელი მეთევზეები, მამაჩემიც მეთევზე იყო და მისი მამაც, არავის ჩემი ხნოვანებისათვის არ მიუღწევია აღზრდილო. როდესაც აჰურა მაზდას სკოლაში გამაგზავნეს, ყველა გამომემშვიდობა. იცოდნენ რომ დიდი კაცი გავხდებოდი, მაგრამ ვინ იცოდა მაშინ თუ ჩემს ცხოვრებას ქართველების სამსახურს შევალევდი. იმ სანაპიროზე სადაც მე აღვიზარდე მეთევზეები ყოველ დღე მზის ამოსვლასა და მის ჩასვლას, რომ ადევნებდნენ თვალს, ამით ტკბებოდნენ და თუ მათი ცოლები სახლში ტკბილად ხვდებოდნენ მეთევზეებს, ეს უდიდეს პატივად და ღვთიურ ნანინად მიიჩნეოდა მეთევზეთა მიერ. თქვენ კი ქართველნი არ იღებთ სიამოვნებას იმისაგან რასაც თავად ღმერთი გჩუქნით აღზრდილო, ამიტომაც მრავალ უბედურებას იტეხთ თავს.
სულა სულას ძე გაკვირვებული შეჰყურებდა თავის კუტალმიშს. გამოუცდელ კაცს ბოდვად მოეჩვენებოდა მისი სიტყვები, მაგრამ კუტალმიში რომ არ ბოდავდა და რაღაც მნიშვნელოვანს ეუბნებოდა თავის პატრონს ამას გრძნობდა კალმახელი და მდუმარედ შეჰყურებდა მღელვარებისაგან გაშავებულ შურტას.
– ქართველნი გაურბიხართ ღმერთს თქვენსას. მე გადაგიხსენით გული პატრონო, ეხლა კი ბარამ ჩუბინის განძის აღმოჩენასთან ისე ახლოს ვარ როგორც ჰანიბალი რომის კარიბჭესთან, მაგრამ ვფიქრობ იმაზე, რომ თუკი აღმოვაჩენთ ამ განძს, ხომ არ გახდება იგი, მხოლოდ სისხლისღვრისა და ერთურთის კვლის საბაბი? მე კი აჰურა მაზდამ მხოლოდ მშვიდობის საქმის კეთება დამავალა. ეხლა კი თუ ბოლო ამოსუნთქვისას მხოლოდ კაცის კვლას შეუწყობ ხელს, ხომ არ იქნება ეს კიდე ერთხელ გმობა ჩემი ღმერთისა ისევე როგორც გმობა თქვენი ღმერთისა აღზრდილო?
– არავინ იცის! – ჩაილაპარაკა კალმახელმა და შურტას სიბრალულით შეხედა.
– არავინ იცის? აქ ამ კლდეებში სამი სამეფოს განძია დასამარებული. ბარამ ჩუბინიც აჰურა მაზდას უმაღლესი ქურუმი იყო და მე მის მონას არ მეგების კიდევ ერთი საიდუმლოს გახსნა ჩემო აღზრდილო – ჩლიფინებდა კუტალმიში.
ამ დროს ამტვერილმა მიწამ ამცნო ტახტრევანზე მჯდომ შურტას და მის მხლებელს რომ მათკენ მონა მოჰქროდა.
– თქვი რა შეიტყვე – უსწრაფესად უბრძანა კალმახელმა მათ წინ დაჩოქილ მეკლდეურს, რომელიც მწვერვალზე ახლდა მშენებლებს და თან, ნაპრალებში დაცოცავდა შურტას დავალებით.
– მინდა გაუწყოთ, მთავარო და კირითხუროთა უხუცესო, რომ მეკლდეურებმა და ქვის ხუროებმა გატეხეს ლოდი რომელიც კლდეში ჩასასვლელს კეტავდა და იცით რა აღმოაჩინეს? – სიხარულისაგან თავს ვერ იოკებდა მეკლდეური.
– გვაუწყე რა იპოვეთ, უეცრად მკვეთრად წარმოთქვა შურტამ და ტახტრევანიდან წამოიწია.
– რკინის მადანი გავხსენით. მთელი ნაპრალი რკინის კაცების დამუშავებული კიბეებითაა მოფენილი, ძირში კი უშველებელი რკინის მადანია, თავის საცეცხლურით და რკინის სასხმელით. იარაღებიცაა მიმოფანტული და აქა იქ საფლავებიც შეინიშნება. როგორც ჩანს არაბები წამოადგნენ თავს რკინის კაცებს, დაუშინეს მათ ცეცხლგამჩენი ისრები, და გამობუგეს რკინის კაცთა სამყოფელი, შემდეგ კი ამოსასვლელი დაუნგრიეს მადანს და კლდის დიდი მასივი ჩამოანგრიეს მისკენ მიმავალი გზის გადასაკეტად.
– რკინის კაცთა ქალაქს მივაკვლიეთ? აჰა შენ ჯილდო! თქვა კალმახელმა და მეკლდეურს „ქართული თეთრი“, ადარნერსეს მიერ მოჭრილი ვერცხლის მონეტა უბოძა.
როდესაც მეკლდეური გაუჩინარდა, შურტამ ჩაილაპარაკა:“მიკვირს რა გადამალა ამ კლდეში ბარამ ჩუბინმა, ოქრო თუ რკინა“?
***
– თუ მოვკვდე თუხარისის კლდის მწვერვალზე დამასაფლავე ჩემო აღზრდილო. ყველას უთხარი რომ ქრისტეს მონა ვიყავ. მისმა სიბრძნემ გადამარჩინა. არც შვილი მყავს და არც ძირი. შენ და შენი შვილები იქნებით ჩემი. საბრალო პატრონს ჩემსას ლაკლაკს ვეღარ შევხვდი. დიდება მის სულს. არ მგონია ცოცხალი ბიძა შენი ლაკლაკი. დიდი პატრონი ბეშქენ ჯაყელი, მეორე ბიძა შენი მგონია რომ ცოცხალი იქნება. მოსძებნე აუცილებლად. ბიძაშვილებიც გყავს და ისინიც დაიახლოვე, მაგრამ ერთი მინდა გითხრა ჩემო აღზრდილო იცი – ამბობდა შურტა და კამის წვენით ისველებდა ტუჩებს – ყარაფჩაის ველი გაიხსენე, ვაჟი გეზრდება ხაზარეთში.
– ვეღარ ვეწვიე ყარაფჩაის, ვაი მე ჩემო შურტა კუტალმიშო, არ მომიკვდე, ერთად ვეწვიოთ ხაზართ და ჩემი იოანე მოვძებნოთ – ცხარე ცრემლით ტიროდა სულა სულას ძე კალმახელი და ციებისაგან ათრთოლებულ გამზრდელს მკერდზე იკრავდა.
– მას ეხლა იოანედ აღარ უხმობენ, მაგ სახელით ვერც იპოვი შვილს სულა, დამიგდე ყური და შემდეგ იტირე შვილო – ამბობდა მილეული ხმით შურტა კუტალმიში, თვალები გადატრიალებოდა, რქოვანებს მოცისფრო ფერი მიეღოთ, ტუჩები დამჭკნარიყო და ცხვირი უშნოდ წინ წამოწეოდა.
– რას ამბობ კუტალმიშ? შენს გარეშე არ ვარგივარ ხომ იცი? გმირი ბოზორქიც ვერ მივაბარე თავის მიწას, მამა ჩემის დიდი სულას საფლავიც ვერ მოვიძიე, ჩემი წმინდა დედის კვალსაც ვერ მივაკვლიე, იქნებ მისი ძვლებიც შემხვდა სადმე, მაგრამ ფეხი დავადგი და ვერ შევიცანი, ჩორჩანის ციხე ვერ ავაშენე, ბიძები და ბიძაშვილები დავკარგე, მეუღლედ ქმნილი ხაზარი გოგონა ისე მივატოვე ყარაფჩაიში, რომ ერთი არ მოვიკითხე, მაგრამ ვაჟი, ჩემი იოანე დავკარგე, ცოცხალია თუ მკვდარი არც კი ვიცი. ხვალ რომ წინ გადამიდგეს ხაზარი მეომარი, უნდა იმაზე ვიფიქრო ჩემი შვილი ხომ არ არისო და მკერდი მიუშვირო. დავდივარ ასე ბერწად თითქოს, ცოლიც კი არ შევირთე, სულ იმათზე ვფიქრობ, ვინც მიმატოვა, ჩემო შურტავ, შენ აღმზარდე და კაცად მაქციე. გახსოვს როგორ მივლიდი არაბთა ტყვეობაში მყოფს, როგორ მაჭმევდი და მასმევდი ტფილისიდან გამოსვლისას. იქ რომ არ მომკლეს არაბთა, შემდეგ ხაზართა და შემდეგ სლავთა, შემდეგ აბხაზთა და მესხთა, სულ შენია და მხოლოდ შენია ჩემო მამავ და აღმზრდელო კუტალმიშო – უხეიროდ და უშნოდ ტიროდა სულა სულას ძე კალმახელი, რომლის სიტყვებს განაბული შურტა ისმენდა და თავს აკანტურებდა. თავადაც ტიროდა შურტა კუტალმიში, ცრემლი ამქვეყნიურობის გამოთხოვება იყო თუ აღზრდილის სიტყვების მიერ მოგვრილი ჩუმი ჟრუანტელის სამადლობელი, მაგას ვერავინ იტყოდა, უკვე.
– და ბოლოს მინდა გითხრა რომ შენს შვილს იოანეს ხაზარები ბოზორქს დაარქმევდნენ, ამ სახელით მოძებნე, რადგან შენ არ გამოჩნდი, პაპის სახელით გაზრდიდნენ ყარაფჩაის სტეპის მებრძოლს ისინი. ცოლს შენსას რა ელოდა გეტყვი შვილო, მას დიდი ხანია ბოზორქის ერთ-ერთ ძმისწულს მიათხოვებდნენ. დაიმახსოვრე შვილო, დღეს აღარავინ გყავს, მესხი დიდებულები შენს სიკვდილს ლამობენ, რადგანაც გიორგი ჩორჩანელის მემკვიდრე ხარ. შეეცადე შენიანნი იპოვო და შემოიკრიბო. ეხლა კი კარგად მომისმინე, აღზრდილო. როდესაც მოვკვდები დამმარხე, ერთი წლის თავზე მოდი ჩემს საფლავთან და ყოველი შენი საქმენი მომიყევი. იქნებ ამ დროს ერთი წამით მაინც დამაბრუნოს შენთან აჰურა მაზდამ, რათა ბარამ ჩუბინის საგანძურის საიდუმლო გაგიმხილო. მორჩა შვილო მე მივდივარ ქრისტესთან.
ამ სიტყვებით მიიცვალა შურტა კუტალმიში.
***

მეფე ადარნერსე და ღამის ციალი
სანადიროდ გასულ მეფეს დაუღამდა, გორაკებით მოცულ ვაკეზე დასცეს ბინა მისმა მხლებლებმა, საჩქაროდ გაუშალეს ძოწისფერი კარავი ქართველთა მეფეს. მის გარშემო ბუმბერაზი თევდორე სამძივარის რაზმი განლაგდა ოთხმხრივ. მეფემ იხმო თევდორე, 28 გმირს შორის გამორჩეული და სპარსთაგან ბოძებული ჭადრაკის მაგიდა, გაწყობილი დაახვედრა კარავში. კლარჯულ წითელ ღვინოს მიირთმევდნენ მეფე და თევდორე, თანაც ჭადრაკის სვლებს ასწავლიდა ადარნერსე სამძივარს.
– სპილო, კარგად მოძრაობს, გარღვევაზე მიდის, მაგრამ მუდმივად დაცვა სჭირდება, ამიტომაც არაფერი გამომდის თქვენი სამხედრო ხელოვნების წინაშე-ბუზღუნებდა თევდორე დიდი და მეფისაგან მოკლულ სპილოს დანანებით უყურებდა.
– ბრძოლაში შენც სპილოსავით უტევ თევდორევ, მაგრამ დაცული ხარ თუ არა მაგაზე არც ფიქრობ – იცინოდა მეფე.
– მადლობთ, წავაგე მეფეო – თქვა ბოლოს თევდორემ და მდაბლად დაუკრა ადარნერსეს თავი.
– სამძივარო მოისვენე და ხვალ გასწავლი არაბულ თავდაცვას – იცინოდა გამარჯვებული.
– რა ყოველივე არაბული შემოგვესია? – როხროხებდა თევდორე დიდი და კარავს სტოვებდა, როცა უეცრად იგი შემოტრიალდა და მეფეს განცვიფრებული სახით შეხედა.
– რა მოხდა თევდორევ, კიდევ ხომ არ გვეთამაშა?
– მეფევ, ციალს ვხედავ ჭალაში, გარშემო უკუნი სიბნელეა, მაგრამ ჭალაში კი ანათებს რაღაც, სვეტივით თეთრი შევნიშნე – წამოწითლებული ღაწვები ქონდა სამძივარს.
– სად? წავიდეთ ეხლავე – თქვა უშიშარმა ადარნერსემ
– მეფეო არ ღირს მიკარება – ამბობდა სამძივარი.
– წავიდეთ, სპა არ იახლო – მტკიცედ თქვა მეფემ და კარვიდან გამოიჭრა, უეცრად ისიც გაკვირვებისაგან გაშეშდა.
ფართო ჭალაში, სადაც მრუმე ღამე იყო გამეფებული, ერთ ადგილას, თითქოს მიწიდან ამოწვართული ხელიაო, იმგვარი ფორმის თეთრი ნათელი იდგა. მეფემ ჩაიმუხლა, საჩქაროდ ეფრემ აუსრის ლოცვა თქვა და თევდორესთან ერთად ამ ადგილისკენ გაემართა.
ეკალ-ბარდებმა დაუსერა მათ მუხლები და წვივები, ჯაგნარში გაეხვივნენ ერთხანს, მაგრამ მონუსხულებივით უცქერდნენ ნათელს, რომელიც ფორმას იცვლიდა, ხანაც ხელს გავდა და ხანაც ტაძრის გუმბათს.
ბოლოს როცა ჯაგნარიდან ხანჯლების ქნევითა და კაფვით გამოაღწიეს თავი, ნაბიჯის გადადგმა ვერ შესძლეს იმ გორაკზე ასასვლელად, სადაც მიმქრალი ნათელი ჯერაც იდგა. ადარნერსე გაკვირვებული დაჰყურებდა საკუთარ მუხლებს, რომლებიც გაშეშებულიყო და მას აღარ ემორჩილებოდა, სასოწარკვეთილი სახით სპილოსავით აღმართულიყო თევდორეც. ნათელი გუმბათის ფორმას იღებდა. შემოტრიალება დააპირეს და ვერც შემოტრიალდნენ. გათენებას ელოდნენ და მზის პირველმა სხივებმა თითქოს გაათავისუფლაო ისინი განსაცდელისაგან. უკან ბრუნდებოდნენ მეფე და სამძივარი.
გაოგნებულმა მეფემ როცა მიაღწია თავის ბანაკთან, მიხვდა რომ იქ ყველას მძიმედ ეძინა. დასჭექა თევდორემ „წამოდექითო“, შეჰყარა ბანაკი, ორმოცი რაზმელი სწრაფად დაეწყო, თევდორემ მათრახის გადაჰკვრა დააპირა იმათთვის, ვინც ასე უდიერად მიატოვა საგუშაგო, მაგრამ იგი ადარნერსემ შეაჩერა და უთხრა, საჩქაროდ ქართველთა სამეფოს ეპისკოპოსნი და მღვდელ მონაზონნი მოეპატიჟებინათ ამ უცნაურ ალაგს.
გაფრინდა თევდორე არტანუჯისაკენ. მეორე დღეს ქართველთა ეპისკოპოსი დიდის ამალით ეწვია მეფეს, მის სანადირო კარავში. ადარნერსემ დაუჩოქა ეპისკოპოსს და ყველაფერი უამბო.
– იმედია დღესაც ვიხილავთ ნათელს ამას, წმინდა მამაო – ამბობდა ადარნერსე და თავის სულიერ მამას თვალებში ჩასცქეროდა.
– საეჭვოა დღესაც ვიხილოთ, ის რაც უკვე გეუწყა მეფე – თქვა კათოლოკოსმა.
– მაშ რა უნდა მეუწყოს მე, მეფეს თქვენთა – იკითხა ადარნერსემ
– მხოლოდ ის რაც თავად მოისურვე, ხომ გახსოვს ტაბლა ბროწეულის წვენით თქვენს მიერ მოხატული, ადგილს რომ ეძებდი ტაძრისათვის? ხომ არ გეცნობა რაიმე შვილო?
გაოგნდა ადარნერსე მეფე ქართველთა, მხატვრობაში განსწავლული იყო ის ბალღობიდან, ამიტომაც სულ სხვა, ხელოვანის თვალით უცქერდა გარემოს. უეცრად გამოიჭრა თავის კარვიდან, მიატოვა კათოლიკოსი, უბელო ცხენს მოახტა და გააჭენა, ცხენით და შემდეგ ფეხით შემოირბინა გარშემო გორაკები და ფერდობები, მხოლოდ იქ ვერ აბედა ასვლა, სადაც ნათელი იდგა ღამეს.
მოტრიალდა, მოჭენდა კვლავაც, კათალიკოსს მხარი და ხელი დაუკოცნა შემდეგ წელში გაიმართა წმინდა მამებს გადახედა, დიდ თევდორე სამძივარს თვალი გაუსწორა და თქვა:
– აი ისიც, ადგილი სულისა. აქ ამ ჭალაში, უნდა აღშენდეს მონასტერი ყოვლისა საქართველოისა, აღმატებული ყოველ ბერძნულ საეკლესიო ნაგებობათა, თვინიერ კონსტანტინოპოლის ჰაგია-სოფიისა. აი ადგილი ქართველთა შეკრებისა, ადგილი სულის განდიდებისა და ხორცის დათმენისა.
– რა ჰქვია ადგილს ამას? – გაისმა წმინდა მამათა შორის?
– ადგილსა ამას ჰქვიაო ბანაკ – ბრძანა მონადირემ ერთმა, ამის გაგონებაზე მამათა გადახედეს ერთიმეორეს და მეფეს მიაპყრეს თვალი.
– სიტყვა იქნება საქმე – ბრძანა ადარნერსემ და ყველა ერთად სალიტანიოდ გაემართნენ ღამის ციალით გამორჩეული გორაკისაკენ.
***
მოიწვიეს წმინდა კაცი კვირიკე ბანელი, რომელიც ოცდარვა წელს ცხოვრობდა უდაბნოში. დაადგინეს დიდი მშენებლობის ხელმძღვანელად იგი და მისცეს მას ორი ათასი კომლი სამეურნეო დანიშნულებისათვის. თავად მეფემ დაამტკიცა ზომა და სიმაღლე ბანის ტაძრისა. სიმრგვალე როგორც ფორმა და ერთი უდიდესი გვირგვინი აირჩია ადარნერსემ. „ყოვლის მომცველი გუმბათი როგორც გვირგვინი ქართველთა სამეოფოისა“ – ბრძანა მეფემ. კვირიკე ბანელმა არქიტექტორთან ერთად მრავალი დღე გაატარა, საბოლოო გეგმის შექმნაში და საბოლოოდ სამეფო დარბაზობაზე განიხილეს ახალი ტაძრის მნიშვნელოვნება.
– მამავ ჩვენო კვირიკე, მსურს , ოცდარვა წახნაგი ქონდეს ტაძარს მსგავსად იმ მოყმეთა რომლებიც მე, მეფეს თქვენსას გარშემო მყავს შემოკრებილი, გმირები ქართველთა უპირატესობაა. ყოველი მათგანი სამეფოს სამსახურშია. ამ უდიდესი ტაძრის აგებაში დიდად გვეხმარება ყოვლის ღვაწლი: სულა სულას ძეს მიერ აღმოჩენილი რკინის საბადო, თუხარისის კლდეზე, დიდი თევდორეს მიერ აღმოჩენილი ღამის ციალი ადგილსა ამას, გიორგი არტანუჯელის მიერ არტანუჯის ციხის გამოხსნა ბიზანტიელთაგან, ბაგრატ კოპასძის მიერ დამარცხება წანართა, იოანე შავშელის მიერ აღება ხერკის ციხისა, ადამ ბაგრატისძის მიერ გამოხსნა ტაოსკარისა და ვინ მოსთვლის მათ საგმირო საქმეთა. ამიტომაც შეგთხოვთ, გმირთა ამათ სასიქადულოდ, ფორმა ტაძრისა 28 ნიშად დაჰყოთ.
– ვიხუმრებ თქვენს წინაშე, მეგონა ჩემი ოცდარვა წლიანი გაუჩინარების გამო გსურდათ ამდენივე წახნაგი დაგეტანათ ტაძრის გარშემოწერილობაში მეფეო – გაიღიმა კვირიკე ბანელმა.
ყველამ გაიცინა, სულიერმა მამებმა ღიმილით შეხედეს მეფეს, ხოლო მის გარშემო მდგომი მოყმენი სიამაყით აღივსნენ, რადგანაც საქმენი მათნი სამეფოს უმთავრეს ტაძარში, სამუდამოდ იქნებოდა დანარჩუნებული და მომავალთ გადაცემული.
– ყოველი მოყმე-რაინდი, თავის ტოლა ქვას ცადებს ტაძრის საკუთარ ნიშაში – ჯერი შენზეა თევდორე დიდო, მოსტეხე კლდე და მოიტანე ის რაც საქმეთა შენთა შეეფერება – უბრძანა მეფემ დიდ თევდორე სამძივარს.
– ხოლო თანამოძმე ჩვენი, სულა სულას ძე რომელიც ეხლა თუხარისის ციხეს აგებს და რკინის მადანს აფართოვებს – ალბათ რკინის ქვას ჩააგდებს მისთვის განკუთვნილ ნიშაში მეფეო არა? – ბრძანეს მოყმეთა
– რკინისას თუ ოქროისას? – ბრძანა უეცრად ადარნერსე მეფემ მრისხანე სახით და მოყმეთა მიმართ შემოტრიალდა.
ყველამ, გაკვირვებით შენიშნა რომ ოქროს ხსენებაზე, ადარნერსე მეფე უეცრად გაფითრდა მაგრამ სწრაფად დაიმორჩილა უჩვეულო ვნება და ყურადღება კვირიკე ბანელზე გადაიტანა, რომელიც ტაძრის ნახაზს ჩაჰკირკიტებდა.

***
ბანას ტაძარი როგორც სფეროსებრი სივრცე
ოცდარვა წახნაგა იყო ბანას ტაძრის პირველი სართული. უზარმაზარი ზომის მაღალ ტეტრაკონქს გარს ეკვროდა ორმოცი მეტრის მქონე დიამეტრის ოცდარვა წახნაგა გარსშემოსავლელი. გაგაოცებდათ შუაში აღმართული ცილინდრული გუმბათის ყელი. ტეტრაკონქის მკლავებს შორის განლაგებული გუმბათქვეშა ბურჯები — პილონები, მნახველებს ამშვიდებდა მისი ჰარმნიულობით და სიმშვენიერით, თვალს ვერ წყვეტდნენ ბიზანტიელნი სადაც სამ იარუსად მოწყობილ სადგომებს – პატრონიკეებს. მეფეთა კედლის პირდაპირ ოთხივე აფსიდის ქვემოთა ნაწილი, ერთ მთლიან, სფეროსებრ ფორმას ქმნიდა.
ბანის ტაძრის მთელი სიმაღლეც ორმოც მეტრს აღწევდა. ხუროთმოძღვრული ნაკვესები ტაძრისა კვირიკე ბანელისა და თავად ადარნერსეს მიერ იყო შემუშავებული. მაღალმხატვრულობით გამოირჩევოდა აფსიდებისა და პატრონიკეთა მალებში მოთავსებული მრგვალი სვეტები, რომლებიც შემკული იყო ეგრეთ წოდებული ვოლუტებიანი სვეტისთავებით, ფასადის მთელ პერიმეტრს მიჰყვებოდა კამარა დეკორატიული თაღებით, მათ ზემოთ კი მცენარეული ჩუქურთმები გაგანცვიფრებდათ.
მთლიანი ნაგებობა შედგებოდა ზღუდისა და თვით ეკლესიისაგან ოთხი სამლოცველოთი, რომლებიც კუთხეებზე იმდაგვარად იყო მიშენებული, რომ სადგომი ეკლესიასა და ზღუდეს შორის სავალად გამოდგებოდა. ყოველივე ზევიდან კი გადახურულ წრისებრ გარშემოსასვლელს წარმოადგენდა.
თავად ეკლესიის ნავი გარშემოსავლელს უშუალოდ უკავშირდებოდა გადახსნილი ჯვრის მკლავების მეშვეობით. ნავის კამარა სვეტებს ისე ებჯინებოდა, როგორც ყრმა ქრისტე დედა ღმრთისმშობელს.
წრისებრი გარშემოსავლელის კედლები ვეებერთელა მკლავებზე დაყრდნობილ გუმბათში შეერეოდა და, ამგვარად, უშუალოდ ეკლესიაშიც ჰარმონიის უზადო ხელოვნებით იკარგებოდა. მთელი ქრისტიანული მსოფლიო და არა მარტო ქრისტეანული, არამედ არაბეთი და ირანი მოისწრაფვოდა კვირიკე ბანელის ხელოვნების შესამეცნებლად.
ბანას ტაძარში ყოველი დეტალი, კენჭი, ქვა, ლოდი, სვეტი თუ პილონი, თაღი და კამარა, თავად სივრცე და მის მიერ შექმნილი ჰარმონია – ვეებერთელა გუმბათის საყრდენების როლს ასრულებდა. სფეროსებრი ტაძარი იყო- თავად სფეროსებრი სივრცე ზეცისაკენ მიმართული და რწმენაში დასაფერფლად გამზადებული.
იდგა ადარნერსე მეფე ქართველთა და იყურებდა თავის ქმნილებას, მისი გული და არემარე დაეპყრო ტაძარს. მეფე გრძნობდა სტუმრად მოსული ბიზანტიელი პატრიციების იჭვნეულ მზერას, მაგრამ უკვე აღარაფერზე ფიქრობდა, გარდა იმქვეყნიური სიწმინდისა და სინათლისა.

***
თბილისელი ქორდი
„გამოცდილი“ უკვე დიდი ხანია თბილისის საამიროში ცხოვრობდა, ხუთ წელიწადის წინ მოახერხა მან ამ უმძიმესი რკინით შეჭედილ კარებში შემოძურწვა და ერთი მიწურის შეძენა. უსწრაფესად დაფლა მან სამივე ტომარა ვერცხლი და მზის გულზე გავიდა. რა უნდა ექნა ნეტარების გარდა? მაგრამ არა, რა დროს ნეტარება იყო. ის ხომ ახალი ფრინველია ამ მბრწყინვალე ქალაქის გოდოლზე შემომჯდარი. ვინ იცის ვის როგორ მოხვდება თვალთ. არა საგანძურის გამოჩენა სიკვდილის ტოლფასია. ვაჭრობა დაიწყოს? ალბათ სჯობს წვრილ მევახშეობას მიჰყვეს, ჰოდა საწადელს ნელ-ნელა მიაღწიოს.
ამგვარად დაიწყო „გამოცდილმა“ მევახშეობა, სახელად ვიგინდარა დაირქვა. შევიდა ჰამქარში და მალე უფრო გამდიდრდა კიდევაც. გამდიდრებამ დიდგულობა იცის. გადიდგულდა ვიგინდარა და ერთ ლამაზ დედაკაცს სახელად მართას დაუწყო დევნა. ქალი მშვენების განსახიერება იყო, მისი ქმარი არაბებს მოეკლათ. ქალს ერთი ვაჟი ჰყავდა სახელად ყუთლუ. „შეგირდად ავიყვან ამ ლაწირაკს, შეცდომას დავაშვებინებ და შემდეგ მის დედასაც დავიპყრობ“ – გაიფიქრა „გამოცდილმა“ და ყმაწვილს წვრილი ფული აჩუქა, თმის ბღუჯა შეაჭრა და ერთი უბრალო დავალებაც მისცა. ყრმა ყუთლუ მარდი და სრაფად მოაზროვნე აღმოჩნდა. ვიგინდარას ერთი კვირა სდია და მისი დავალებით მრავალ ბებერსა და უკბილოს წაართვა უკანასკნელი გროში ვახშის დასაფარად. გამწარდა ქალაქის ერთი ნაწილი, რომელსაც კალა ერქვა. „მართა, შენი შვილი მევახშე ვიგინდარას მოაშორე თორემ მეზობლების ბრაზი დაგღუპავთ ორივეს“ – გააგონეს ქალს, რომელიც სახტად დარჩა, ყუთლუს ერთი ორი კი წაუთაქა მაგრამ თავად წავიდა მევახშესთან სასაუბროდ.
აგვისტოს სიცხე ხაზართა ცეცხლოვანი ისრებივით ანადგურებდა ძველი ქალაქის განძის კარის პირას, დიდი შეუპოვარი კოშკის გარშემო მიმოფანტული ქოხმახების, მშიერ მცხოვრებლებს, რომლებსაც, მდინარის გარდა სხვა არაფერიც არ ებადათ სარჩოდ და გამოსაკვებად. მდინარე კი ორწელიანი, კუნძულებით დაყოფილი მდორედ მოედინებოდა საწნახელში დაწურული ყურძნის წვენივით, კლდისა და მთის ფერდობებს შორის, ამირას სასახლისა და ვარსკვლავთ ჩხრეკისათვის საჭირო კოშკის პირდაპირ ვერცხლისფრად გაიზმორებდა და შემდეგ ტყის ნამორებში ჩახლართული თავის გზას განაგრძობდა ოდინდელი ალბანეთის ქრისტეანული სამეფოსაკენ. მაგრამ უკვე არც ალბანეთი აღარ იყო და არც მდინარე მიედინებოდა დაწურული ყურძნის წვენივით, იქით სადაც გაჰყურებდნენ ქალაქის ბიჭები უკვე ადარბადაგანი და შირვან-შაჰის ქვეყანა სუფევდა. აქეთ კი თბილისის საამირო იყო, მაგრამ ამირა უკვე მთლად გაქართებული, დიღმის სანახებში თავის მეშვიდე ქარისტეანულ საყდარს აშენებდა ხალხის გულის მოსაგებად.
თრიალეთის ქედები დაჰყურებდნენ ქალაქს, იქ ქართველთა მეფე ეგულებოდათ შეშინებულ თბილისელებს, იმათ ვისაც დიდი ქარვასლები და დახლები ჰქონდათ რაღა თქმა უნდა, თორემ ჩვენ მევახშე ვიგინდარას რაში ენაღვლებოდა ივერთა ცეცხლისმფრქვეველი მეფე შემოარტყამდა ამ თავკერძ ქალაქს ალყას თუ ისევ ბაღდადიდან ხალფა დაიძრებოდა და ბედის სასწორზე დადებულ ტფილისს, თავის რკინაში ჩამჯდარი ბაჰადურებით და მეშურდულეებით ისევ არაბთა ბატონობას დაუქვემდებარდებდა.
ვიგინდარას, საოცარი სახელია მისი მევახშეობაში ნაშიმშილარი თვალებისათვის, ვახშის დასაბრუნებლად დავაში გატეხილი ცხვირისათვის, ჩალეწილი კბილებისათვის და წითური თმებისა და წითური წამწამებისათვის, დიახ სწორედ ამ ვაჟკაცს, უეცრად მშვენიერი მართა გამოეცხადა, მის თვალწინ აისვეტა და მორიდებით მიესალმა:
– გამარჯობა ვიგინდარ ბატონო, მე მართა ვარ, ჩემს ერთადერთ ვაჟს ყუთლუს შენთან დაუწყია საქმიანობა, ხომ ასეა?
ვიგინდარას სახელს იშვითად უძახდნენ, ამიტომაც მანაც არ მოინდომა იმის გარკვევა თუ რატომ იყო მის მიმართ მშვენიერი მართა ამგვარი თავაზიანი და ფეხზე წამოდგა.
– მშვიდობა შენდა დიაცო, მაშ შენია ყუთლუ არა? სანაქებოდ მსახურობს ჩემთან, მაგრამ მოდი ჩემს სახლში შეგიძღვე და გაგიმასპინძლდე არაბული საოცრებით რომელსაც მურაბა ეწოდება, ასეთი გაგისინჯია ვითომ?
ვიგინდარამ ხელი ჩაჰკიდა მართას და სახლში შეუძღვა, რომელიც უკვე ქვისაგან აღმართულ კოშკს წარმოადგენდა იმ მიწურის თავზე, რომელსაც ქალაქში თავდაპირულად შემოძურწული მევახშე პირველადვე დაეპატრონა.
– თქვენი ოდაა? ამბობდნენ მიწურში ცხოვრობსო – გაიცინა მართამ
– ვცხოვრობდი ოდაში დიოფალო, მაგრამ აი ხომ ხედავ, ამოვითქვი სული, დაბრძანდი აი ამ ხალიჩაზე, სპარსული ბალიშებით სავსეა აქაურობა, მიეყრდენ და მოისვენე, მე კი ქართულ პურსა და არაბულ მურაბას მოგართმევ, ღვინოსაც ეახლები ალბათ. უცოლო ვარ ჯერაც ვერ მოვიცალე, შენნაირ მშვენიერ ქალს ველი მაგრამ ამ სამეზობლოში მხოლოდ უკბილო დედაკაცები ცხოვრობენ, ხარფუხის კარიბჭის ზევით კი ჯერაც არ მიშვებენ, სანამ სასახლეს არ ავიშენებ იქ შესვლისა და საქმიანობის უფლებას ქალაქის ამირა არავის აძლევს, აქაოდა მდაბიოები ხართო – ჩაიქირქილა „გამოცდილმა“ და ბალიშებზე სასიამოვნოდ მიწოლილ დიაცს უეცრად ლამბაქზე დასხმული მურაბა და ცხელი ლავაში მიართვა.
მურაბა ახალი შემოსული იყო ტფილისში ბაღდადიდან. მხოლოდ ქალაქის თავნი მიირთმევდნენ მას. დიაციც დანებდა ვიგინდარას მანჭვა გრეხვას და წითელი წვენის პირველი წვეთები რომ იგემა გადაიკისკისა, თვალებით მადლობა უთხრა ვიგინდარა მევახშეს და ცხელი ლავაში კიდევ უფრო ღრმად ამოუწო წითელ მასას.

***
ყუთლუ თევზაობისას
– გუშინ ამბობენ რომ გიჩხუბია??? ჰა ჰა ჰა!!!! თავი დაგირტყამს ბალინდარისათვის! მართალია? – ხვიხვინებდა შერგილი და ბადეს სასროლად ამზადებდა.
არამც – გამოსცრა მკაცრად ყუთლუმ და ჭრელი თვალებით გახედა მეთევზე შერგილს, რომელიც უკვე მტკვრის ტალღებში წელამდე იდგა და წრიულად მოძრაობდა რომ თევზის ჯოგი არ დაეფრთხო, მათ ისე მიპარვოდა ბადით, როგორც პეპელა გაფურჩქვნილ ყვავილს.
არემარე ტკბილად ფშვინავდა, მტკვარი მდორედ და მედგრად მოედინებოდა, მთაწმინდა მოლურჯო მწვანე ფერში გახვეულიყო და თავად წმინდა დავითის სამოსახლოს გარშემო ბუბუნებდა, ამ მთის მიმართ და ცოტა უკან ოქროსფერი ყანის ფერი დაგატყვევებდათ და თვალი საითაც არ უნდა მიგეპყროთ , თბილისის სანახები ყოველ მხარეს მიგიზიდავდათ, მაგრამ არც ამ კაცს , არც ყუთლუს, თუნდას გამოცდილ შერგილს არ შეუნიშნავთ შავ სამოსში გამოწყობილი წვეროსანი, რომელიც თავისი სახლის ბანზე იჯდა და მტკვარს გადმოჰყურებდა. ბოლოს ყუთლუმ შეამჩნია, უცნობის დაჟინებული მზერა და შერგილს კითხა:
– ეს ვინ არის ზემოდან რომ დაგვყურებს, შავ სამოსიანი?
– კანონგარეშე საქმეთა გამრჩევი ტფილისელი ქორდი – ღარიბა, დაგყურებს ზევიდან, ხედავ? მის თვალწინ ვერავის მოატყუებ და ვერც ჰგვემავ, როგორც ბალინდარს!!! ჰა ჰა ჰა – ხვიხვინებდა შერგილი და ბადეს ჰფენდა მდინარის ზვირთებში.
– მერე მე რა? ბალინდარსაც დაჰყურებს და იმანაც მოუხმოს ჭკუას. – ჩაილაპარაკა ყუთლუმ და წყალში შევიდა ვითომდა შერგილის დასახმარებლად მაგრამ სინამდვილეში გასაგრილებლად, მაგრამ უეცრად კანჭი იტკინა, ალბათ სიპ ქვას დაადგა ფეხი და ცოტა უკლდა სანამ შეჰყვირებდა რაღაცას, იმ წამსვე დაიკლაკნა და წყალში ფეხს დაჰხედა….
ფეხიდან სისხლის ჭავლი მოედინებოდა, ალისფრად იღებებოდა წყალი და ყუთლუც მდუმარედ დაჰყურებდა სისხლს და ფიქრობდა გველმა ხომ არ დაშანთა, ან მაძახურამ ხომ არ დაუგლიჯა ფეხი.
– რა მოგივიდა ბიჭო? არ უნდა მომეხმარო??? რაღას უყურებ? ოქრო ხომ არ აღმოაჩნე ?
– ბიჭო აღარ დამიძახო შერგილ, აღარ გაპატიებ იცოდე – დაუყვირა ტკივილისაგან გაცხარებულმა ყუთლუმ შერგილს, რომელმაც ბადე ცალ ხელში იპყრა და მეორე ხელით ყურის ბიბილო ისე მოიკეცა რომ ყუთლუს ხმა უკეთ გაეგონა.
– რააას გაჰყვირი, თევზი არ დამიფრთხო, მოდი აქ და მოკიდე ხელი ბადეს – გაუცინარი სახით ეს სიტყვები მართლაც ბრძანებად გამოუვიდა შერგილს.
– ბიჭო აღარ დამიძახო შერგილ, აღარ დამიძახო ხო გესმის, თორე – ტკივილისაგან იკლაკნებოდა ყუთლუ და შერგილს შეჰყურებდა.
– რა ხმალზე გადაგახტუნეს თუ რაა ეს, ბადე დამიხიე, შე ნაბიჭვარო? – შერგილი მისკენ მოქუფრული მოიწევდა და ყუთლუც ისე დადგა რომ მოვარდნილი მეწყერისათვის გაეძლო და მერე იქით შეეტია.
შერგილი უეცრად მიეჭრა ყუთლუს და ისეთი მოსხლეტილი სილა სტკიცა გაშლილი ხელით, რომ ყუთლუ უეცრად აირია, თვალები აემღვრა, ჩაიმუხლა და უკან გადაქანდა. ეხლა შერგილმა „გასაფუჭებელი“ თბილისური წიხლი ჩააზილა ხელებზე დაყრდნობილ გონება შემღვრეულ ყმაწვილს და ყუთლუც კვნესით ჩავარდა თავთხელ წყალში, ქვებზე დამეხო, მაგრამ რაღაცა კვლავ შეერჭო ფეხში.
მაგრამ შერგილიც მოიწევდა.
ყუთლუმ ხელები მოაფათურა წყალში ზურგს უკან, შერგილი კი თავს დასდგომოდა და ერთ ბოლო დარტყმას ამზადებდა ჭაბუკის წინააღმდეგ. ყუთლუს მდინარის ფსკერზე ხელის ფათურისას უეცრად ხელში რაღაცა მყარი შერჩა, მძიმე იყო და თითქოსდა ტარი ჰქონდა, შემდეგ გრძელი მასიური რკინის სხეული…
„ნეტა ხმალია?…მოიცა მოგივლი ეხლა შერგილ..“ – უეცრად ჩაილაპარაკა ყუთლუმ და კიდევ ერთი „მჩაგვრელი“ დარტყმისათვის გამზადებულ შერგილს ახედა და დაუყვირა:
– შერგილ შენ თავად ნაბიჭვარო, გამეცალე თორე განანებ გახეთქილ თავს!
– რაო? შე მართლა ნაბიჭვარო, რას მიბედავ, იქნებ მევახშე ვიგინდარა მამად რომ გაგიხდა და დედაშენს ყვარობს, იმად ამიხტი აქა – სისხლი მოაწვა შერგილს და მთელი ძალით გულმკერდში ჩაცხო წიხლი, ასადგომად მომზადებულ ყუთლუს, მაგრამ ამ დროს საიდანღაც, მტკვრის ქვებზე მორაკრაკე ტალღებიდან ყუთლუმ მარცხენა ხელი ამოსწია და რაღაც მბრწყინვალე საგანი მთელი ძალით მოუქნია მის წინ დაკუზულ შერგილს რომელსაც იგი მართლაც თავში მოხვდა.
შერგილი ადგილზე გაირინდა, შემდეგ ორი სამი ნაბიჯი უკან წაიბანცალა და თავისივე გაკიდულ საგულდაგული სათევზაო ბადეში პირდაპირ ცხვირით ჩავარდა. მტკვარმა დაფარა შერგილის სახე, მარტო ხელები მოსჩანდა წყალს ზემოთ და ბოლოს ფეხების ტოკვა და კანკალი რომ დაიწყო, აი მაშინ კი მისწვდა ყუთლუ შერგილის ფეხებს მისი ამოთრევა იწყო. მაგრამ ხელში რაც ეკავა, იმასაც დახედა უეცრად და შერგილიც დაავიწყდა და მისი ფეხების ტოკვაც, ისე გაირინდა.
– ეს რა არის? ხმამაღლა იკითხა ყუთლუმ და მის მუშტში მყოფი საბრძოლო იარაღი მაგრად ჩაბღუჯა…
– ეგ სპარსული სამხედრო კვერთხი აქ მომე და სწრაფად ამოვათრიოთ შერგილი! – მის უკან ბრძანების ხმა გაისმა, ყუთლუ მოტრიალდა და შავებში გამოწყობილი ქორდი ღარიბა შენიშნა.
ყუთლუს ხელთ უჩვეულო იარაღი ეჭირა, ობოლი უეცრად ძლიერდება ხოლმე და ეხლა არც ყუთლუ აპირებდა დანებებას. ერთს მოვუქნევო გაიფიქრა გონებაში, თითქოს მოუქნია კიდევაც მაგრამ ქორდმა საარაკო სისწრაფით წაართვა ხელიდან კვერთხი, ძირს დაანარცხა იგი და მკერდზე ფეხებით შედგა ყუთლუს.
კალას უბნებიდან ხალხი მორბოდა. ამქარი ქორდს მრისხანედ შეჰყვიროდა რაღაცას, მაგრამ იგი მტკიცედ იდგა და ხალხს შერგილის წყლიდან ამოსათრევად იხმობდა. ქორდთან პირველი მარტია მიიჭრა და ცოცხალმკვდარი შერგილი წყლიდან ამოათრია, მეთევზე ყუთლუს გვერდით დააგდეს და გადაყლაპული წყლის ჭავლი უკან ამოაღებინეს. შერგილს კეფაზე ჭრილობა ჰქონდა. თუ არაბი შუბოსნები მოვიდოდნენ მაშინ ყუთლუს დატუსაღება და წამება არ აცდებოდა. იგი იწვა და გაოგნებული ცას შეჰყურებდა. ამ დროს ქორდის ხმა კიდევ ერთხელ გაისმა.
– სანამ შუბოსნები გამოჩნდებიან, ამქარო, შერგილი წაიღეთ და უაქიმეთ, ჩვენ კი ყუთლუს წავიყვანთ, ღამე როდესაც დაბნელდება საქმე გავარჩიოთ, ჩვნებურად ქართულად. არაბის ჩარევა არ გვინდა. შუაღამეს გელოდებით ჩემთან, ვისაც რამე გაქვთ სათქმელი თქვით და გაათავეთ.
***
ქალაქელი ქორდი – საქმის გარჩევა
თბილისი დაპყრობილი ქალაქი იყო. თუ საქმე არაბთა სასამართლომდე აღწევდა, მაშინ მეორე დილას მოქალაქეებს მთავარ მეიდანზე გამოფენილი, ჩამოხრჩობილი და ნაწამები სხეულების ნელი ხრწნის სუნი აწუხებდა.
ამიტომაც მოიფიქრეს „ქორდი“, ანუ ქართველი ყოჩი, რომელიც ყველა ქალაქს და მათ შორის ტფილისსაც ჰყავდა, საქმეთა გამრჩევად. არა მარტო ქართულ ქალაქებს, არამედ იმ სპარსულ თუ არაბულ დასახლებებს სადაც ქართველნი თავისი ნებით ან სხვისი ძალადობით სახლდებოდნენ თავიანთი „ქორდი“ გაუჩნდათ, რათა სამართლიანობა დაცული ყოფილოყო მანამ სანამ დავა უზენაეს მჩაგვრელ ორგანოს – შაჰის, იმპერატორის, ხაკანის, ყაენის, ხალიფასა და მელიქის ყურს მიაღწევდა.
მაგრამ ვინ ხდებოდა ქორდი? რა თქმა უნდა მრავლის მნახველი, სამართლიანი, ქართველი კაცი, რომელიც გამომდინარე საკუთარი გამოცდილებიდან, ყოველივეს მდუმარედ, ორჭოფულად, ზომისა და წონის დაცვით განიხილავდა. ქორდს ცოლი და შვილი არ უნდა ჰყოლოდა. იგი ღვინოსა და თრიაქს არ უნდა მისძალებოდა. ქორდს საჭმელი უბრალო უნდა ეჭამა და პირველ ყოვლისა მოეკითხა გაჭირვებულნი, საპყრობილეში მჯდომნი, ავადმყოფნი და ქვრივ-ობოლნი.
ქორდს თავისი ქონება არ ქონდა, გარდა სახლისა, რომელიც ფუფუნების ნიმუში არც უნდა ყოფილოყო. ასეთ კაცს სუფთად უნდა ცმოდა. ქალაქის აბანოში კვირაში ერთხელ, ძმაბიჭებთან ერთად უნდა ევლო და ქალაქის მოედანზე ყოველდღე გამოჩენილიყო.
ქორდს სძულდა მამათმავალნი და მრუშნი, პატივს სცემდა მშრომელ ხალხს, მაგრამ თვითონ არასოდეს უნდა ეშრომა გასამრჯელოსათვის. პატიოსნებას სცემდა პატივს იგი, მაგრამ მონობას არასდროს. ქორდის სტიქია თავისუფლება იყო. იგი ფლობდა სიტყვას და ხშირად ამბობდა ასე:
„სიტყვას აწონეთ რომ შემდეგ პურიც არ აგიწონოთ“.
ამ სიბრძნის შემცველი ფრაზიდან ორი ფილოსოფიური წინადადება შეიძლება წარმოგვექმნა რომელიც თავად ქორდებს არასოდეს უთქვამთ: პირველია: ვისაც სიტყვის აწონვა არ შეუძლია მას პურსაც აუწონიან და მეორე: ვისაც სიტყვის აწონვა სძალუძს, მას ოქროსაც არ აუწონიან.
ქორდი თითქოსდა დამპყრობელთან ბრძოლაში არც ებმებოდა, რადგანაც მისთვის ნებისმიერი სახელმწიფო, ქართული თუ უცხოური, მაინც მიუღებელი გახლდათ, მაგრამ მეთორმეტე საუკუნისათვის ისე გაიზარდა ქორდის გავლენა ქართულ პოლიტიკაში, რომ ფეოდალური ტიტული „ამირა ქორდი“, რომელიც აბულ-ასანს ჰქონდა, მრავალ მეფეს შინაპოლიტიკურ ბრძოლებში გადამწყვეტ გამარჯვებას პირდებოდა. მაგრამ ასეთ მდგომარეობამდე ჯერ ადრე იყო და აღნიშნული ქორდი სახელად ღარიბა, არც ამირა იყო და არც მბრძანებელი. იგი მხოლოდ თბილისის ერთი უბნის კალას მაყურებელი გახლდათ.
როდესაც დაღამდა ქალაქელნი ნელ ნელა შეიკრიბნენ ქორდის ბანზე, მთვარის შუქში ჩამოჯდნენ და ერთმა ჩაულაპარაკა იქვე დაბორკილ ყუთლუს:
– თუ შერგილი გადარჩა მაშინ არაფერი მოგივა!
– აბხაზთა მეფის სპასალარის კვერთხია ეს, სარდლის რახტია რომ იცოდე, როგორ მონახე ყუთლუ ესა? – თვალებს არ უჯერებდა წინა წელს ტყვედ აყვანილი გრძელი წითელი ცხვირით გამორჩეული ლაზი აბშილი და კვერთხს გაოცებული დაჰყურებდა.
– ყუთლუ იღიმებოდა და დუმდა, ლაზი კი განაგრძობდა – „ნეტა ვისი რახტია კაცო? ჩქიმ პატონი დობღური ქართიშა, სქანი შენი მიკოიაფენი, ჩქიმ პატონი …“ ლაზი ტყვე ისე სწრაფად ლაპარაკობდა, რომ თბილისელნი ერთმანეთს მისჩერებოდნენ იბერიული შავი თვალებით და ქორდისაკენ მოწიწებით გაიხედავდნენ.
ქორდმა ღარიბამ ყველანი გააჩერა. წამოდგა და თქვა:
– თქვით ვის რა გაქვთ სათქმელი ამ კაცთან, ყუთლუსთან და გავარჩიოთ საქმე.
– მამაჩემს თავი გაუტეხა, მარჩენალი ეგაა ჩვენი, მოგვცეს სისხლის საფასი და გავათავოთ-თქვა შერგილის შვილმა და ნერწყვი მღელვარებისაგან გადაყლაპა.
– რატომ განრისხდა შეგირდი თავის ოსტატზე ესაა მთავარი, ეს გავარჩიოთ – ბრძანა ქორდმა ღარიბამ და მისმა თვალებმა სიბნელეში მრისხანედ გაიელვა.
– შეაგინებდა შერგილი უთუოდ , თორემ ეს ყრმა არაა გაუზრდელი – თქვა ლაზმა აბშილმა
– თქვას თავად ყუთლუმ, რატომ შეებრძოლა თავის ოსტატს, შერგილს – მკაცრად თქვა ღარიბამ და ყველამ ყუთლუს შეხედა.
– არაფერსაც არ ვიტყვი, დამახრჩვეთ მტკვარში – ჩაიჩურჩულა ყუთლუმ.
ყველას თვალებზე ცრემლი მოადგა, ბავშვი ვაჟკაცურად იქცეოდა, მაგრამ ქორდის სასამართლო ჩიხში შევიდა. იგი აღარაფერს ამბობდა. უეცრად შერგილის შვილმა თქვა:
– რა უყურებთ, ავაზაკივით ასანსალებს თვალებს, მამამ ჩემმა თევზის ჭერა ასწავლა რომ ოჯახი გამოეკვება, მან კი იმის იმედით რომ დედას მისსას ახალი კურო გაუჩნდა მევახშე ვიგინდარა, გათამამებულმა, ბადე დაგვიხია, მამას აგინა და ულუკმაპუროდ დაგვტოვა.
– ვის გამოუჩნდა კურო, გამხსენით…დედა როგორ შემიგინა? მამაშენმა ბიჭი და ნაბიჭვარი მიწოდა…გაანჩხლდა უეცრად ყუთლუ, რომელსაც უეცრად აააფარეს პირზე ხელი და მისი სიტყვები ჩაახშვეს.
– მევახშე ვიგინდარა ვინ არის? რატომ არ მოდის ეგ კაცი თბილისელი კაცების შეკრებაზე? – დასვა კითხვა უეცრად ქორდმა და მიმოიხედა.
– მევახშე კაცების შეკრებაზე დადის რო? – გაიცინა ზემოუბნის ყოჩმა მარტიამ და წრეში ჩაცუცქდა.
– მოიყვანეთ, უთხარით რომ მასზეა საუბარი – თქვა ქორდმა და მევახშის სახლისკენ სამი კაცი გაქანდა.

***
– მოდი წრეში, ნუ კანკალებ, არაფერს გიზამთ-ხელის კვრით შემოაგდო მევახშე ვიგინდარა, კაცების წრეში მარტიამ და მისი კეფის თვალიერებას შეუდგა.
– რა გინდათ რას მემართლებით? პატიოსანი კაცი ვარ. ცოტაოდენ ფულს მევახშეობით ვშოულობ, ეს ხელობა არაბთა მიერ დაშვებულია და თქვენ რას მიედ-მოედებით, ან კი ღამე რას გამაღვიძეთ, რომელი თქვენი ტოლი და სწორი ვარ? გამეცით პასუხი – იხტიბარს არ იტეხდა და განგებ დაბოხებული ხმით საუბრობდა ვიგინდარა მევახშე, რომელსაც ამ დროისათვის უკვე გვარიანი წვერი ჰქონდა მოშვებული, რათა საუბრის დროს წვერზე დარბაისლურად ჩამოესვა ხელი და საკუთარი თავისათვის მოხდენილობა მიეცა.
– მობრძანდი ბატონო, თუ სტუმრად გრძნობ თავს მოიქეცი როგორც სტუმარი ხოლო თუ მასპინძლად გრძნობ თავს მაშინ გვიმასპინძლე – ბრძანა ქორდმა ღარიბამ და მევახშეს მის წინ დადგმულ ჯორკოზე მიუთითა.
ვიგინდარას საოცრად ნაცნობად მოეჩვენა ქორდის თვალები, „სად მინახავს ეს წყეული“-გაუელვა თავში და უეცრად მკერდში წვა შეიგრძნო. ქორდის თვალები მას საფუძვლიანად ათვალიერებდნენ. მის ყოველ მტკაველსა და ნასხლეტს სწავლობდნენ. მევახშე გძნობდა რომ ამ საშიშ ქორდს, მისი შეჭმა და მონელება შეეძლო. უეცრად ღარიბამ მას გაუღიმა და თითქოსდა ტკბილად მიმართა:
– კეთილო კაცი, აი ხედავ, შენს წინაშეა ახალგაზრდა კაცი სახელად ყუთლუ, რომელსაც ხელს ადებს აი ის მეორე ყმაწვილი სახელად ერემოი, რომელიც ამბობს ამან მამა მწარედ გამილახაო. სისხლის საფასურს ითხოვენ ერემოი და მამა მისი შერგილ მეთევზე. ამ სახალხო ჩხუბსა და დავას არც რა მიზეზი ჰქონია. შერგილს ბავშვისათვის ბიჭი და შემდეგ უფრო უარესი – ნაბიჭვარი უწოდებია, ამანაც უპასუხა, შემდეგ შერგილს გაურტყამს და ყუთლუს კი, მდინარის ფსკერზე, ვიღაც ფიანდაზის მიერ გადაგდებული კვერთხი შერგილისათვის თავში ჩაურტყამს.
– მერე მე რა? – იკითხა ვიგინდარამ თვალების ცეცებით
– შენზე ამბობენ ყუთლუს მამობილიაო, შეხედე ეხლა საქმე რაშია, ყუთლუმ სისხლის საფასი უნდა გადაუხადოს შერგილის ოჯახს. არავინ იცის შერგილი მორჩება თუ მოკვდება, თუ მოკვდება მაშინ რვა შვილი რჩება საწყალს, ერემოი ყველაზე უფროსია მათ შორის და ყველა მათგანი სარჩენია, ამიტომაც სისხლის საფასი ყველაზე ცოტა მანამდე უნდა უხადოთ შერგილის ოჯახს, სანამ ერემოი სრულფასოვანი მეთევზე გახდება და ოჯახს შეინახავს. ანუ ჩემო კეთილო ამ წელს და მომავალ წელს შერგილის ოჯახს, საწყალმა ყუთლუმ ათ-ათი ტომარა ხორბალი უნდა მიურბენინოს, ხორბლის გარდა, საჭიროა დეკეული სამ-სამი და ღვინო ოც-ოცი დოქი. ყოველივე ამის შემდეგ საქმე დამთავრდება, შერგილის შვილებიც დაიზრდებიან. ყველა დაფრთიანდება. მაგრამ აი ეს სისხლის საფასი თუ არ გადაიხადა ყუთლუმ მაშინ იცი რა უნდა ვქნათ?
– რა უნდა ვქნათ? – ჩაეკიტხა შეშინებული მევახშე
– ყუთლუ ვითარცა უსარგებლო კაცი, რომელიც სისხლის საფასს არ იხდის ან ეხლავე გამთენიამდე მტკვარში უნდა დავახრჩოთ, ან კი თბილისთან მდგარ ხაზარ ვაჭრებს უნდა მივყიდოთ და ამგვარად მისი ვალები დავფაროთ. გადაწყვიტე ეხლა როგორც მამობილმა როგორ მოვიქცეთ. – დაამთავრა სიტყვა ღარიბამ, დაამთქნარა, მთავრეს ახედა და მარტიას შეავლო თვალი.
– ვინ არის მამობილი ხალხო? ხომ არ გადარეულხართ. მე დედამისთან არაფერი დამკარგვია და არც მამობილობა შემიძენია. ერთი ურცხვი და უნდო ბავშვია. არა მარტო შენი არამედ ჩემი ვალიც მართებს. აი მისი კულული, ფული რომ ვასესხე მაშინ ავაჭერი. ესეც დასაბრუნებელი აქვს, ხაზარული თეთრითა და არაბული ახჩებით. გინდა დაახრჩვეთ მტკვარში და გინდა გაჰყიდეთ ხაზარზე, მე მანდ არაფერს მოვიკიტხავ, მაგრამ თუ სამართალია, მაშინ ჩემი ვალიც დააბრუნეთ, აჰა ყუთლუს კულული – წამოიყვირა მევახშე ვიგინდარამ და მარცხენა ხელით დატყვევებული ყრმის წაბლისფერი თმის კულული ქორდს თვალწინ აუფრიალა.
– მართა კი არ გებრალება არა? – იკითხა ქორდმა და ვიგინდარას შეხედა.
– არავინ მებრალება მე ქალაქის ქორდო, მევახშე ვარ – თქვა ვიგინდარამ და გარშემო მიმოიხედა, თითქმის ყველანი ვინც მის უკან იდგნენ, მას მრისხანედ უმზერდნენ, დაბორკილი ყუთლუ კი ჩუმად ტიროდა.
– კარგით დაგვტოვეთ ყველამ, მარტია შენ დარჩი, შენც მევახშევ, უნდა მოგვეხმარო, ცოტა – თქვა ქორდმა და ყველანი ბანიდან სირბილით გაეშურნენ სახლებისაკენ.

***
ქორდი წამოდგა, სახლის ბანზე წინ და უკან გაიარ გამოიარა და შედგა. მთვარეს შეხედა, შემდეგ მევახშის კეფა შეათვალიერა, ყუთლუს გადახედა და მარტიას უსიტყვოდ ანიშნა, ყრმა ბანიდან დაბლა სახლში ჩაეყვანა და იქ დაებინავებინა.
როდესაც ყუთლუ წამოაყენეს. დაბლა ჩაიყვანეს. მევახშე თავჩაღუნული იჯდა რა საკუთარ ტერფებს ათვალიერებდა. უეცრად იგი ქორდის ხმამ გამოაბხიზლა:
– საიდან ხარ შენ კაცო, სახელიც უცნაური გქვია და არც არავინ გყავს ნათესავი ამ ქალაქში როგორც ჩანს.
– ოლთისიდან ვარ, როგორც ხელოსანი ჩამოვედი და შემდეგ დავრჩი თბილისში – ყრუ ხმით მიუგო მევახშემ.
– არ დაგენანა ბალღი? ჩვენ ყველანი ხომ რაღაცაში გაუმჟღავნებელი დამნაშავეები ვართ კაცო.
– სხვისი არა ვიცი რა, მაგრამ მე არც დამნაშავე ვარ და არც დანაშაულის დამფარველი – თქვა მევახშემ, უეცრად წამოდგა და წასვლა დააპირა.
– დაჯექ ბიჭო – თქვა ზურგს უკან მდგარმა მარტიამ და ვიგინდარა ჯორკოზე დასვა.
– ვერ გვიცანი? ეხლა მარტიამ გააგრძელა დაკითხვა
– საიდან უნდა მეცნეთ? – დაიბნა ვიგინდარა
– შენს მიერ მოკლული ოსია მევახშე აღარ გახსოვს ძმაო? – დაიმანჭა მარტია და ვებერთელა ბებუთი აუპარპალა ვიგინდარას.
– რას მიედ მოედებით – ამოიჩლიფინა მევახშემ, ხელი წაჰკრა ყელში დამიზნებულ დანის წვერს და იგრძნო რომ სისხლი უხვად დაეღვარა.
– თავისუფლების ღამე რომ მოგანიჭეთ, მაშინ გახდი ასეთი მდიდარი შე ოღრაშო? – მარტიამ მევახშე მიწაზე დააგდო და ფეხი კისერზე დააჭირა.
– დაახრჩვეთ მტკვარში – გათენებამდე, ჩაილაპარაკა ვიღაც მესამემ
მაშინ ამოიდგა ხმა მევახშე ვიგინდარამ, ბაგაზე დაბმული, დასაკლავი ძროხასავით აზმუვლდა, ბანზე იბობღა და ქორდ ღარიბას მუხლები დაუკოცნა, ყუთლუს ყოველი ვალის გადახდას დაჰპირდა და შერგილის ოჯახის მოვლაც ჩაიბარა. მაშინ გამხიარულდა მარტია, დიდი თბილისური ბებუთით, თმის კარგა დიდი კოწოლო შემოაჭრა ვიგინდარა მევახშეს და მის წინ მდუმარედ მჯდარ ქორდს ფერხთით დაუგდო.
– ეხლა კი წადი, დღეიდან ვალში ხარ ჩვენთან – დაამშვიდა მარტიამ მევახშე და იგი თბილისური სახლის ბანიდან წიხლით დააგორა.
– ყუთლუ გაათავისუფლეთ – ბრძანა ქორდმა

თბილისის არაბულ საამიროში თენდებოდა.

***
Thousand years of Jakeli
ჯაყელ – ათაბაგთა სამხედრო თავგადასავალი
„Militar history of Jakeli-Atabegs” Historical novel by Kakhaber Jakeli

(ისტორიული რომანი )
კახაბერ ჯაყელი
2014 წელი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button