სტრუგაცკების “ძნელია ღმერთობა”
ახლა, როდესაც გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”-ს პრეზენტაციამ მშვიდობიანად ჩაიარა და ფანტასტიკურ ბიბლიოთეკას ახალი მკითხველი გამოუჩნდა, დავხსენით და დავიტაცეთ ფილიპ დიკის, რეი ბრედბერისა და სხვა გენიალურ ავტორთა ნაშრომები, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველ მკითხველთა შორის გაჩნდა ახალი კასტა, რომელიც ახალსტამბაგამოსულ წიგნებს ხელში იჭერს და ცნობიერების უმაღლესი წერტილების წარმოსახვითი გზით მიღწევას ცდილობს. ამ კეთილი ბათუმელების წყალობით, სერიოზულ საქმეს ჩაეყარა საფუძველი და ამგვარად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ როდესაც კითხულობ, მაგალითად “ძნელია ღმერთობა”-ს, წარმოიდგენ, რომ შენ მსგავსად კიდევ უამრავი მკითხველი ეცნობა ამ რომანს. გიჩნდება დაუოკებელი სურვილი, რაც შეიძლება მსუყედ შეისრუტო თითოეული ფრაზა და წინადადება, რომელსაც რუსი ავტორები წიგნის ფურცლებზე გადმოგვცემენ და ეს ყველაფერი შემდგომ შენ მსგავს – ფანტასტიკური ბიბლიოთეკის მკითხველებს გაუზიარო.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მრავალთათვის ბორის და არკადი სტრუგაცკების შემოქმედება ორ ნაწილად იყოფა. ეს არის – “პიკნიკი გზის პირას” (ორიგ.:Пикник на обочине) და ყველა სხვა დანარჩენი ნაწარმოები. ისტორია ზონის და სტალკერების შესახებ ცალკე სამყაროდან არის და მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქმედება სხვა რომანებისგან განსხვავებით ზედმეტად “მიწიერია”, სოციალურ-ფსიქოლოგიური ფანტასტიკის ის დოზა, რაც ამ რომანშია, ძმების არც ერთ სხვა ნაწარმოებში არ იჩენს თავს. თუმცა, იმ “ყველა სხვა ნაწარმოებშიც” არის გამორჩეულად საინტერესო ნაშრომები. სწორედ ერთ-ერთი მათგანია – “ძნელია ღმერთობა” (ორიგ.: Трудно быть богом), რომლის სიუჟეტიც ერთგვარად სტრუგაცკების სხვა, უფრო გვიანდელ ნაწარმოებს წააგავს, ა. “დასახლებული კუნძული”-ს (ორიგ.: Обитаемый остров) მსგავსად, აქაც მოქმედება ადამიანთათვის ჯერაც უცნობ პლანეტაზე მიმდინარეობს და მთავარი გმირებიც ამ პლანეტის ნაკლებად განვითარებული მცხოვრებლები არიან. ექსპერიმენტალური ისტორიის ინსტიტუტის პროფესორები კი შენიღბულები არიან მათ შორის და იკვლევენ უცნობ პლანეტასა და პლანეტის ბინადრებს.
მთავარი გმირი – დედამიწელი ანტონი, დონ რუმატა ესტორიელის სახელით მოქმედებს. უცნობ პლანეტაზე კი, რომლის მცხოვრებლებიც დედამიწის შუასაუკუნეების დროინდელ ადამიანებზე ბევრად ჩამორჩენილები არიან, დიქტატურა მძვინვარებს. პოლიტიკური ინტრიგები, ხელისუფალთა მკვლელობა, ბუნტები და აჯანყებები ჩვეულებრივი მოვლენაა. რუმატა კი, თავისი ძალის და შესაძლებლობების წყალობით ამ ქაოსში ერთ-ერთ გამორჩეულ ობიექტს წარმოადგენს. უფრო ტანადს, უფრო განვითარებულს და უფრო არაადამიანურს. რუმატა უცხო პლანეტაზე თავს ისე გრძნობს როგორც ღმერთი. სწორედ აქ სვამენ ძმები რამდენიმე ძალიან საინტერესო ფილოსოფიურ შეკითხვას და ამას რუმატას პერსონაჟის დახმარებით აკეთებენ. ეს უკანასკნელი მუდმივად იმაზე ფიქრობს, სამართლიანია თუ არა მისი ბრაზი და სიძულვილი მის ირგვლივ მცხოვრებლების მიმართ. აკი შეიძლება გაკიცხო ის, ვინც შენზე ნაკლებად განვითარებულია? შეიძლება ღმერთმა თავის ქვე-მდგომი დასაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე უკეთ არჩევს ავ-კარგს? სწორედ ამიტომ, კეთილშობილო დონო, “კბილი კბილს დააჭირე და გახსოვდეს, რომ შენიღბული ღმერთი ხარ; რომ მათ არ იციან, რას იქმან; რომ ფაქტობრივად, არც ერთი მათგანი არ არის დამნაშავე. ამიტომ უნდა აიტანო და ასატანი იყო…”
აღნიშნული თეზისის საპირისპიროდ კი, რუმატა დაუნდობელია ადგილობრივი დიქტატურული რეჟიმის მმართველების მიმართ. ამ შემთხვევაში, ხელისუფალთ უყურებს არა ღმერთის, არამედ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქის თვალით და მათი ქცევით აღშფოთებულია. იქ, სადაც მეფის სადილი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სამეცნიერო აკადემიის შენახვა, აუცილებელი არ არის ღმერთობა, რომ ამ გარემომ შენში გულისრევა გამოიწვიოს. – “კი ბატონო, დევნეთ წიგნისჭიები, აკრძალეთ მეცნიერება, მოსპეთ ხელოვნება – ადრე თუ გვიან მაინც მოეგებით გონს და კბილების კრაჭუნით ყველაფერს მწვანე შუქს აუნთებთ რაც ასე სძულთ ძალაუფლების მოყვარულ უმეცრებსა და ბრიყვებს”. ყველა სხვა ღირსებასთან ერთად “ძნელია ღმერთობა” არის მანიფესტი იმ თავგასულ ადამიანთა წრის მიმართ, რომელთაც დღემდე უსაფუძვლოთ ვუწოდებთ – “ძლიერთა ამა ქვეყნისათა”-ს.
მაგრამ რას იზამ… რაც ერი, ის ბერიო – ნათქვამია. ვერც ჩვენი მთავარი გმირი ახერხებს იმ წუმპესთან შეგუებას, რაშიც უწევს ცხოვრება. უჭირს, მაგრამ აღიარებს ადამიანთა, თუნდაც დაჩაგრულ და უსამართლოდ დამონებულ მათგანთა სისუსტესა და უმეცრებას. რეალურად, სწორედ ეს მიგნება ჰმატებს მის ღმერთობას ყველაზე მეტ სიძნელეს. “ადრეა მაგათთვის ფიქრი. არადა, ამაზე ადვილი რა უნდა იყოს – ათი ათასი ამისთანა უროსმცემელი, ერთი თუ გაიწიეს, ლავაშივთ გააბრტყელებს ვისაც გინდა. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ჯერ ისე არ გაბრაზებულან, გაიწიონ. ჯერ მხოლოდ ეშინიათ. ყველა თავის თავზე ზრუნავს, მხოლოდ ღმერთი ზრუნავს ყველაზე”.
ავტორი: ირაკლი სულაძე