ზღაპარისაბავშვო

მეგობრობა

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ სახელმწიფოში ერთი უშიშარი და ალალ-მართალი კაცი ცხოვრობდა. მუდამ სიალალმართლეზე იდგა და, თუ საქმე საქმეზე მიდგებოდა, თავის სიმართლეს ხელმწიფესაც არ დაუთმობდა; ამის გამო ხელმწიფეს ძალიან სძულდა და სულ კრიჭაში ედგა. ხომ იცით, რომ ხელმწიფეებს სიმართლისმოყვარული კაცი არ მოსწონთ. ჰოდა, ეს ხელმწიფეც სულ იმის ცდაში იყო, როგორმე თავიდან მოეშორებინა. სხვა რომ ვერაფერი მოუხერხა, ბოლოს ქვეყნის ღალატი დასწამა და ციხეში ჩასვა.
მართალი კაცი არც ციხეს დამორჩილდა, გამოანგრია კედელი და გაიქცა. გავიდა ტყეში, იარა, იარა და ერთ უღრან ხევში გამოქვაბულში დაბინავდა. დაღლილ-დაქანცული მხართეძოზე წამოწვა და დაეძინა.
უცბად რაღაც ხმაურმა გამოაღვიძა. კაცმა გაახილა თვალები და შემოსასვლელში ერთი უზარმაზარი აღრენილი ლომი დაინახა. კაცი ჯერ შეკრთა, მერე გული გაიმაგრა, – ალბათ ეს იყო ჩემი ბედისწერაო, – თქვა და ლომის დასახვედრად მოემზადა – ხანჯლის ტარი ჩაბღუჯა და ფეხზე წამოდგა. მაგრამ ლომი არ შებრძოლებია. ნელ, კოჭლობით მიუახლოვდა, წინა თათი გაუწოდა და თვალები მუდარით შეაშტერა.
კაცი მიხვდა, რომ ლომს რაღაც უჭირდა, ხანჯალი ჩააგო და ფეხი გაუსინჯა. მართლაც, ლომს ტერფში მოზრდილი ეკალი შერჭობოდა და დასჩირქებოდა. კაცმა გამოუღო ეკალი, გამოურწყა ჩირქი, მრავალძარღვას ფოთოლი დაადო; და თავისი პერანგის ნახევით შეუხვია. ლომმა კაცს მადლობით შეხედა და გამოქვაბულის კუთხეში თვინიერად დაწვა.
ლომს ფეხი მალე მოურჩა. გამოვიდა გამოქვაბულიდან და სანადიროდ წავიდა. საღამო ხანს დაბრუნდა და თან ერთი ხარირემი მოიტანა. კაცმა ცეცხლი დაანთო და მწვადები შეიწვა, ლომი კი უმ ხორცსაც გემრიელად შეექცა.
ასე დამეგობრდნენ ლომი და კაცი და ერთმანეთი ძალიანაც შეუყვრდათ. იმ ზამთარს კაცი გამოქვაბულიდან არ გამოსულა, მაგრამ საზრდოდ ცვრიანი ხორცი არ მოჰკლებია.
გაზაფხულზე მონადირეებმა ლომი მახეში გააბეს, ცოცხლად შეიპყრეს და საჩუქრად ხელლმწიფეს მიჰგვარეს. ხელმწიფემ ააშენებინა მოზრდილი გალია, ლომი ამ გალიაში ჩასვა და თავშესაქცევად სტუმრებს აჩვენებდა.
რაკი ლომი აღარ დაბრუნდა, კაცმაც მიატოვა გამოქვაბული და სხვა სახელმწიფოში გადავიდა. იქ ერთ თავისავით ალალ-მართალ ოჯახს ჩაუსიძევდა და დაიწყო მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება.
გავიდა ხუთი წელიწადი. გაიგო ხელმწიფემ მართალი კაცის ადგილსამყოფელი და იმ ქვეყნის ხელმწიფეს ვეზირი გაუგზავნა, – ეგ კაცი დიდი დამნაშავეა, ციხიდან გამექცა და დამიბრუნე, სასტიკად უნდა დავსაჯოო.
ნათქვამია, ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო.ხელმიწფემ დაუყონებლივ აასრულა ხელმწიფის მოთხოვნა, კაცი თავის ჩაფრებს დააჭერინა და ხელფეხშეკრული გაუგზავნა.
ხელმწიფემ, რაკი ურჩი კაცი ისევ ხელში ჩაიგდო, დიდად გაიხარა და კაცის საგანგებო დასჯა განიზრახა. მოიწვია მთელი სახელმწიფო, რომ დასჯისათვის ეყურებინათ და ურჩობა ვეღარავის გაებედა.
მოვიდა და მოვიდა ხალხი, სასახლის მთელი ეზო მაყურებლებით გაიჭედა, გამოიყვანეს ხელფეხშშეკრული ტუსაღი და ხელმწიფეს წარუდგინეს.
– ჰა, ხომ ჩამივარდი ხელში? – ნიშნისმოგებით უთხრა ხელმწიფემ, – არ იცოდი, რომ ხელმწიფის ძალა უსაზღვროა და ვერსად გაექცეოდიო? – და ჯალათებს უბრძანა: – გაუხსენით ხელ-ფეხით და ჩემს ლომს შეუგდეთ გალიაშიო!
გაუხსნეს ჯალათებმა ბორკილები და გალიაში შეაგდეს. ლომი ბოროტად აიფოფრა, მაგრამ შეხედა თუ არა კაცს, მაშინვე დაცხრა, ნელა მიუახლოვდა და თავი კალთაში ჩაუდო. ყველა განცვიფრდა: მაყურებელი, ხალხიც და ხელმწიფეც, მაგრამ ლომის საქციელი ვერავინ ახსნა. ხელმწიფემ გამოაყვანინა ტუსაღი და ჰკითხა, – რა მიზეზია, რომ ლომმა პირი არ დაგაკარაო?
კაცმა უამბო ლომისა და თავისი მეგობრის ამბავი. ხელმწიფეს მოეწონა ლომის ერთგულება და ორივენი გაათავისუფლა. – ოღონდ ჩემს ქვეყანაში არ გაიჭაჭანოთ, თორემ სიკვდილი მოგელითო, – უთხრა კაცს.
– შენი ქვეყნიდან აქამდეც წასული ვიყავი და ახლა მით უფრო არ გავჩერდებიო, – მიუგო კაცმა, გადახვია ლომს ხელი და გაუდგნენ გზას ორივენი.
ჭირი – იქა, ლხინი – აქა.
ქატო – იქა, ფქვილი – აქა.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button