ზღაპარისაბავშვო

ლომის ერთგულება

ერთი ტუსაღი ციხიდან გამოიქცა და მთაში იმალებოდა. აქა-იქ ხეტიალში ნახა გამოქვაქული კლდე და შეეფარა: ავდარ-წვიმაში სისველისგან მაინც გადავრჩებიო. საღამოჟამდებოდა. დაინახა უზარმაზარი ლომი. ტუსაღი მიხვდა, რომ ლომის ბუნაგში იყო. შიშმა აიტანა, რაღა ექნა, სადღა გაექცეოდა!

ლომი ხინკილ-კოჭლობით მიუახლოვდა ბუნაგს. დაინახა შეშინებული კაცი, გაიშვირა ფეხი კაცისკენ. კაცი მიხვდა, ლომი საშიში არ იყო. მივიდა, ფეხი გაუსინჯა. ნახა: დასიებოდა და ეკალი შერჭობოდა; ამოიღო, ჩირქი გამოწურა, თავისი პერანგის სახელო მოხია, შეუხვია და იმ დღიდან დამეგობრდნენ. ლომს ისე შეუყვარდა კაცი, რომ ყოველთვის საზრდოს უზიდავდა მას. ასე ატარებდნენ დროს.

იმ სახელმწიფოში დამნაშავე კაცს ლომებით სჯიდნენ. ამ სასჯელისთვის ეძებდნენ ტუსაღს. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, როგორც იქნა, მიაგნეს. ლომი და კაცი ერთად დაიჭირეს და უკვირდათ მათი მეგობრობა. ტუსაღი ცალკე დაამწყვდიეს, ლომი ლომებთან შეიყვანეს.

ერთ დღეს მეფე-დედოფალი და რჩეულნი პირნი შეიკრიბნენ დროს გასატარებლად და მეფემ ბრძანა, ტუსაღი ლომებისთვის შეებრძოლებინათ. ტუსაღს ხუთი ლომი მიუსიეს. ერთი ყველაზე დიდი და ღონიერი ლომი დანარჩენებს გადაეღობა და დაუწყო ჩხუბი, ტუსაღთან არ უშვებდა. ხან ერთს წააქცევდა, ხან მეორეს, ხან მესამეს, ხან მეოთხეს. ამან მეფე-დედოფალ-მაყურებელთა შორის განცვიფრება გამოიწვია. მიიყვანეს ტუსაღი და ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა თავგანწირული მოსარჩლეობა. ტუსაღმა უამბო მეგობრობა ლომთან: რა დღიდან, რა საბუთით დაამხანაგდნენ. მეფემ მოიწონა ლომის გონიერება და ტუსაღი და ლომი გაათავისუფლა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button