განხილვაკინემატოგრაფია

Birdman და „ოქროს კაცუნა“

ოსკარებმაც ჩაირეს. კარგი იყო, ძალიან კარგი. ბევრად ხარისხიანი, ვიდრე რამდენიმე მისი წინამორბედი. სხვადასხვა ნომინაციებში დამსახურებულად დარიგდა ოქროს კაცუნები, ზოგიც არადამსახურებულად (ნუ, ჩემი აზრით). მთავარი ნომინაცია, რა თქმა უნდა, ბოლოს მოიტოვეს და ჯეკპოტი BIRDMAN-მა დასვა. ამას გვერდს ვერ ავუვლი და ორ სიტყვას მეც ვიტყვი ინიარიტუს ამ შედევრზე. არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ ოპერატორის რა საოცარი ნამუშევარია, ან მსახიობების გენიალურ თამაშს, ან თუნდაც მონტაჟს, რომელიც ალბათ კინოს სახელმძღვანელოებშია შესატანი. ამ ყველაფრის შესახებ შეიძლება წაიკითხოთ მრავალი კრიტიკოსის დასკვნაში, კინომანების მიმოხილვებში, ან სხვა ბლოგერებთან. მე მაინტერესებს თვითონ ფილმის სიუჟეტი და განსაკუთრებით კი მისი ბოლო ნაწილი, რომელმაც ფილმის მნახველებში ცოტა გაუგებრობა გამოწვია. 
ალბათ უკვე გაიგებდით, რომ მაიკლ კიტონი თამაშობს თავის თავს, ოდესღაც ის იყო ტიმ ბარტონის პირველი ბეტმენი და დარჩა კიდეც მისი ჩრდილის ქვეშ. მას მერე რაიმე დასამახსოვრებელი არც არაფერი ყოფილა მისი ნამუშევრებიდან. დაახლოებით 25 წელია ის არის პირველი ბეტმენი და მეტი არავინ. ასეთივეა მაიკლ კიტონის გმირიც, რიგან ტომპსონიც, კომიქს ბერდმენის ვარსკვლავი.  ის ცდილობს დადგას სპექტაკლი ბროდვეიზე, რომელიც რაიმენაირად ღირებული იქნება და გამოიყვანს მას ბერდმენის ჩრდილიდან. მას სურს, რომ მაყურებლისგან მიიღოს აღიარება, მაგრამ მის ქვეცნობიერში მყარად ზის ბირდმენი, მისი ბნელი მხარე, ალტერ-ეგო. ის იპყრობს რიგანს და მუდმივად ცდილობს, რომ მასზე ჰქონდეს კონტროლი. აგიჟებს იმითაც, რომ რობერტ დაუნიმ რკინის ჩუჩელით მილიონები მოხსნა, მას კი არაფერი გააჩნია, რიგანი ბერდმენის გარეშე უბადრუკი და საცოდავი ვინმეა. 
შესაძლებელია, ყველაფერი ეს ფსიქიური აშლილობაა, რაც გამოიწვია ყველა იმ სირთულემ, რასაც რიგანი წააწყდა ცხოვრებაში: ცოლთან განშორება, უფულობა, დედის გარეშე შვილის გაზრდა (შედეგი – „ნარკამანკა“), თვითმკვლელობის მცდელობა, კარიერაში ლუზერია. აშკარაა, რომ რიგანი არანაირი ზებუნებრივი ძალით არაა დაჯილდოებული, ამას ადასტურებს ის მომენტი როცა, ვითომ და ტელეკინეზის მეშვეობით საგრიმიოროში ამსხვრევს ყველაფერს, ხოლო როდესაც ოთახში შემოდის ზაკ გალიფიანაკისი, ირკვევა, რომ საცოდავი რიგანი ყველაფერს საკუთარი ხელებით ამტვრევს. ან მისი ფრენის მომენტი ქალაქის თავზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ტაქსით მოძრაობაა, რომლის საფასურიც არ გადაუხდია.
გმირი მთლიანად დებს ყველაფერს რაც გააჩნია რეიმონდ კარვერის პიესაში, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს, ბავშვობაში მოსწონებია მისი მსახიობური ნიჭი. როცა ვამბობ, რომ გმირი დებს ყველაფერს პიესაში, ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ. დაავაკვირდეთ, როგორ კავშირშია პიესა და  გმირის ცხოვრება ერთმანეთთან: დასაწყისშივე, რეპეტიციაზე ლესლი (ნაომი უოთსი) ამბობს, რომ  მან ჯერ სცემა ქალი, ათრია მთელ სახლში, ხოლო შემდეგ კი სიყვარულს ეფიცებოდა. იგივეს ეუბნება რიგანი თავის ცოლს საგრიმიოროში, ოღონდ მან ცოლს დანა ესროლა და არ ცემა. ან კიდევ დასკვნით ნაწილში, როცა პიესის გმირი ამბობს: რა ხდება ჩემს თავს, რა მაკლია, რატომ არ შემიძლია ვინმეს სიყვარული მოვიპოვო? მე არ ვარსებობ. ზუსტად ასეთად თვლის რიგანი თავის თავს. ის არ არსებობს, როგორც პიროვნება, მხოლოდ ბერდმენია. რიგანი კი ბერდმენის აჩრდილია. 
ერთი მომენტია დასაჭერი სცენარში და ეს, დარწმუნებული ვარ, ინიარიტუს გათვლაა: რიგანი თავის თავს თვითმფრინავში ადარებს ჯორჯ კლუნს და ამბობს საინტერესო ფრაზას: „რამე რომ მოხდეს, გაზეთის პირველ გვერდზე კლუნი იქნება და არა მე“, ჩრდილშია აქაც და კლუნი შემთხვევით არაა ნახსენები, სწორედ მან შეცვალა ბეტმენის როლში მაიკლ კიტონი და აქაც დაიჩრდილა (საღოლ ალეხანდრო). სწორედ ამიტომ ცდილობს რიგანი მოიპოვოს ხალხის აღიარება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია კრიტიკოს ტაბიტას რეცენზიაზე. 
აქ უკვე უნდა დავაკვირდეთ თვით ფილმის სათაურს: „ბერდმენი ან უცოდინრობის მოულოდნელი უპირატესობა“. უცოდინრობა კი არის ზუსტად მაყურებლის უუნარობა ჰქონდეს თავისი საკუთარი აზრი. სწორედ ამიტომ ნერვიულობს რიგანი იმ ერთ რეცენზიაზე, მასზეა დამოკიდებული ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ: ან დარჩება ბერდმენად, ან ბოლო-ბოლო მისი ტალანტი მოიპოვებს აღიარებას კრიტიკოსებში, მაშასადამე მაყურებელშიც, რომელიც საკუთარი აზრის არქონიდან გამომდინარე იზიარებს კრიტიკოსის აზრს. რიგანმა უნდა მოკლას  ბერდმენი თავის თავში. და რა ხდება სინამდვილეში? ბერდმენის ნაცვლად, თავის თავს ხომ არ კლავს რიგანი? ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ვერსიას ფილმის დასასრულის შესახებ: 
1. რიგანი კვდება მაშინ, როდესაც ნაბახუსევზე სახურავიდან ხტება, ხოლო ყველაფერი დანარჩენი კი ფანტაზიაა, მათ შორის საგრიმიოროში ცოლთან დიალოგიც. ამ სცენის დროს რიგანი წევს მაგიდაზე და გარშემო უამრავი ვარდი აქვს შემოლაგებული, რომელიც მას არ უყვარს. ეს შეიძლება დაკრძალვის იმიტაცია იყოს. ეს ვერსია არ არის მართალი და ამას ადასტურებს ტაქსის მძღოლის გამოჩენა. არამგონია ფანტაზიაში რიგანს წარმოედგინა თუ როგორ მოსდევს მას ვიღაც ფულის გამო. 
2. რიგან კვდება მაშინ, როცა ხტება თავის პალატიდან. მაგრამ ამას აბათილებს ემა სთოუნის (შვილის) რეაქცია, რომელიც იყურება ქვემოთ და აშკარად ვერაფერს ხედავს, არავითარი შიში და ნერვიულობა მის სახეზე არ არის. 
3. მესამე ვერსია ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული: რიგანი თავს იკლავს სცენაზე იარაღით. რატომ? ამის შემდეგ რაღაც არარეალურად კარგად არის ყველაფერი, ცოლთან შერიგება, ტაბიტასგან გასაოცარი რეაქცია, ჯეკის (ზაკ გალიფიანაკის) დაპირება, რომ მისი პიესა ევროპაში იმოგზაურებს და ყველგან ანშლაგი იქნება, ასევე შვილთან ურთიერთობის დალაგება. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ არ შეიძლება ასე კარგად იყოს ყველაფერი, მხოლოდ სამოთხეში, ალბათ. 
ბოლო ვერსიის მიმართ რამდენიმე „კონტრარგუმენტი“ მაქვს: ჯერ ერთი, ცოლთან და შვილთან შერიგება მანამდე დაიწყო. ცოლი მას კოცნის, ხოლო შვილი Twitter-ში არეგისტრირებს მას და ზრუნავს მის PR-ზე, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – აღფრთოვანებული მაყურებელი სპექტაკლის პირველივე აქტის შემდეგ გამოცვივდა თეატრიდან შთაბეჭდილებების გასაზიარებლად. და, რაც მთავარია –  არც მაყურებელმა და არც ტაბიტამ არ იცოდნენ, რომ ტყვია ნამდვილი იყო, ტაბიტა მსახიობის გასაოცარმა თამაშმა წამოაყენა თავისი ადგილიდან, მიხვდა, რომ იგი ვერანაირად ვეღარ დაწერდა უარყოფით რეცენზიას, ამით იგი დასაცინი გახდებოდა და მას რიგანის შურისძიებაში ამხელდნენ. რიგანმა დაამარცხა ტაბიტა. და აი აქ უკვე ვხვდები, რომ რიგანი ცოცხალია!!!
მკვდარია ბერდმენი, რომელიც დამცირებული და დაჩაგრული ზის უნიტაზზე და ხმასაც აღარ იღებს. რიგანმა პირდაპირი მნიშვნელობით „ჩიტუნას“ ნისკარტი გაუხვრიტა. სახეზე გიფსის მოხსნა, რომელიც რაღაცნაირად გავს კიდეც ბერდმენის ნიღაბს, შეიძლება ჩაითვალოს საბოლოო განთავისუფლებად ბერდმენისგან. ჩამოვარდნილი მეტეორი, რომელსაც არც თუ ისე იშვიათად გვანახებს ინიარიტუ, არის ჩამქვრალი ვარსკვლავი, ბერდმენის დამტვრეული ფრთები, რომელიც უნდა ჩამოვარდეს, რათა ახალს დაუთმოს ადგილი. 
როგორც ვთქვი, პიესის სიუჟეტი ძალიან ჰგავს რიგანის ცხოვრებას, აქ ისევ პირველ რეპეტიციაზე უნდა დავბრუნდე, სადაც ლესლი (ნაომი უოთსი) ამბობს: „ნორმალურად თავის მოკვლაც კი ვერ შეძლო“. ვერ შეძლო რიგანმაც, მაგრამ იყურება რა პალატის ფანჯრიდან, ხვდება, რომ იგი ისევ შეუერთდა  ადამიანურ ცხოვრებას. და მისი შვილი, როგორც იქნა, უყურებს ისე, როგორც საჭიროა  – გოგო ხედავს მამის რეალურ და ნორმალურ სახეს, რაც მის ღიმილში გამოიხატება. გოგო აღფრთოვანებულია მამით, მხოლოდ მან იცის, თუ რამდენი რამ გამოიარა რიგანმა ამ შედეგის მისაღწევად, მასაც იგივე აქვს გატარებული ტუალეტის ქაღალდების მოხატვაში. მხოლოდ მან იცის რამდენ „მძღნერში“ უნდა გაევლო რიგანს იმისათვის, რომ „ყვავილების სურნელი შეეგრძნო“. 
რიგანმა მოიპოვა შვილის აღიარება და მისი სიყვარული. ეს ყველაფერი ხომ სიყვარულისთვისაა: პიესა, რიგანის ცხოვრება და ბოლოს, წითელი ინიციალები ფილმის სათაურის გამოჩენისას, რომლებიც ქმნიან სიტყვას AMOR (ყველა კითხვა მოხსნილია). 
ესაა ჩემეული ხედვა ამ მართლაც გენიალური ფილმის შესახებ და დასასრულს, ისევ მინდა, ოსკარს შევეხო: რიჩარდ ლინკლეიტერ, გული არ გაიტეხო, შენი ნამუშევარიც შედევრია და არ დაგჭირდება ისეთი წვალება, როგორც ბერდმენის პერსონაჟს,  რათა მაყურებელში აღიარება მოიპოვოს.

ავტორი: უჩა ოშხნელი

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button