განხილვაკინემატოგრაფიაწიგნები

„გრეის 50 ელფერი“: წიგნის და ფილმის მიმოხილვა

მსოფლიოს 37 ქვეყანაში 30 მილიონი გაყიდული ეგზემპლარი, “ჰარი პოტერისა” და “ბინდის” სერიების გაყიდვების სისწრაფის რეკორდის მოხსნა და პირველი ნაწარმოები, რომლის ელექტრონული ვერსიაც Amazon Kindle-თვის მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა.
ამ მონაცემების წაკითხვის (რომანი ეროტიკული ხასიათისაა) შემდეგ გექმნება შთაბეჭდილება, რომ წილად გხვდა XXI საუკუნის „დეკამერონის“ ან „ლედი ჩატერლეის საყვარლის“ გამოცემის მომსწრე გამხდარიყავი. თუმცა აქ უკვე იბადება ეჭვი, რომ ეს არის კარგად გათვლილი მარკეტინგის შედეგი, რადგან XXI საუკუნის კარგი წიგნისთვის ზედმეტად კარგი მონაცემებია. ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ ნაწარმოების ავტორია ქალი, რომელიც ფსევდონიმით წერს. ამის გაცნობიერების შემდეგ კი თვალწინ წარმოგიდგება ქენდის ბუშნელის მკითხველთა წრე: სასოწარკვეთილი დიასახლისები, მოდას აყოლილი ახალგაზრდები და მამაკაცები, რომლებიც თვლიან, რომ ქალთა გულების გასაღებს მიაგნეს (საქართველოში ბოლო კატეგორია თითქმის არ არსებობს, რადგან რაც წასაკითხია, იმასაც არ კითხულობენ).
წიგნის უკეთესი სათაური იქნებოდა „BDSM-ის ქრონიკები“ (მარკეტინგულად „ქრონიკები“ კიდევ უფრო გაამართლებდა). BDSM ეს არის სქესობრივი კავშირის ნაირსახეობა სადომაზოხიზმის ელემენტებით: „ბდ“ – ბონდაჟი და დისციპლინა; „დმ“ – დომინაცია და მორჩილება; „სმ“ – სადიზმი და მაზოხიზმი. სწორედ ამ ცნებათა ფარგლებში ვითარდება „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ სასიყვარულო (?) ურთიერთობა.
სიუჟეტი საკმაოდ მარტივია: ახალგაზრდა მულტიმილიონერი, კრისტიან გრეი, გაიცნობს ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტს, ანასტასია სტილს, და იწყება მათი „წამლეკავი ვნების“ (წიგნის რეცენზიას თუ დავუჯერებთ, ასეა) ისტორია. ერთადერთი სიახლე, რომელსაც ავტორი გვაცნობს, არის სპეციალური ხელშეკრულება, რომლის დებულებები ორივე მხარემ უნდა დაიცვას სქესობრივი ურთიერთობის დროს. ნარატივის დანარჩენი ნაწილი კი არის გრეისა და ანასტასიას BDSM-ის ქრონიკები, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. 
მინდოდა პოსტის სათაურში სიტყვა „მიმოხილვის“ ნაცვლად „ანალიზი“ დამეწერა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია – გარდა ეტიმოლოგიური უხერხულობისა, წიგნში გასაანალიზებელიც არაფერია. ყველაფერი ზედაპირულია, გარდა სექსის დეტალების აღწერისა. შედარებით საინტერესოა წიგნის პირველი მეოთხედი, სადაც აღწერილია ანასტასიას ფიქრები პირველი სიყვარულის განცდისას. საინტერესოა იმ მხრივ, რომ ეს არის ქალის მიერ დაწერილი ქალისავე ფიქრები, რომელიც პირველად აანალიზებს ფლირტს მამაკაცის მხრიდან. თუმცა ეს არის უმნიშვნელო ნაწილი, ზღვაში წვეთი, რომელიც შესაძლოა მხოლოდ ქალებისთვის აღმოჩნდეს საინტერესო და თავისი თავი ამოიცნონ. ნაწარმოებს მაინც არაფერი ემატება. 
მთავარ ინტრიგად ავტორმა (ალბათ) ჩაიფიქრა იდუმალებით მოცული კრისტიან გრეის პიროვნების თანმიმდევრული გახსნა. ამ ნაცრისფერთვალება ახალგაზრდა მილიარდელის წარსულისა და ცხოვრების სტილის გაშიფვრა თითქოს უნდა იყოს წიგნის მთავარი კულმინაცია, თუმცა მისი სიყვარულის უნარის ნაკლებობა და სქესობრივი ცხოვრების ძალადობრივი ელემენტებით გატაცების მიზეზის გაგებისას ისეთივე გრძნობა გეუფლება, როგორც საშინელებათა ფილმში ჩაბნელებული გარემოს ან მოთამაშე ელექტრონათურის ნახვისას: ანუ რეაქცია თითქმის არ გაქვს. გრეის ასეთი „გართობით“ გატაცების მიზეზი ბავშვობაში მის მიმართ ვიღაც “დამა ქალის” მიერ განხორციელებული იგივე ქმედებებია. ბავშვობისას განცდილი ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად იმავე ტიპად ჩამოყალიბება, ვინც ეს ტრამვა განგაცდევინა, უკვე კარგად აპრობირებული შინაარსობრივი ელემენტია (განსაკუთრებით ფილმებში). 
სათაური „გრეის ორმოცდაათი ელფერი“ (გრეის ნაცრისფერი თვალები აქვს) გულისხმობს, რომ გრეის პიროვნება უნდა განიცდიდეს სულ მცირე ორმოცდაათფეროვან დისპერსიას მისი ხასიათის მდგომარების გათვალისწინებით, თუმცა ნაწარმოებში იხილავთ გრეის პიროვნების მაქსიმუმ ორ ფერს: 1) როცა თავისას “ისწორებს” და 2) როცა ბრაზდება მისი სურვილის შეუსრულებლობის გამო. ღრმა და საინტერესო პიროვნების მაგივრად ჩვენ წინაშე აღმოჩნდება ტიპური მილიონერი, რომელმაც მეძავი და ნარკომანი დედის შვილობიდან ერთ-ერთი გავლენიანი კომპანიის CEO-ბას მიაღწია, არის მშვენიერი პიანისტი და პილოტი, თუმცა თავისი მონოტონური ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად ბავშვობის ფსიქოლოგიურ ტრავმის შთაბეჭდილებების გარდა ვერაფერი მოიფიქრა. 
გარდა მთავარი პერსონაჟისა, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები იმდენად ზედაპირულები არიან, რომ მათი ვინაობის აღმნიშვნელი ასოების მიღმა თითქმის არც არსებობენ. ყველას ქცევა იმდენად რუტინულია, რომ მათი მოქმედებებისა და ხასიათების განვითარების პროგნოზირებადობის სიმარტივე გაღიზიანებასაც კი იწვევს.
რაც შეეხება წიგნის შემეცნებით ღირებულებას, ერთადერთი, რაც შეიძლება მკითხველმა (განსაკუთრებით ქართველებმა) ისწავლოს, არის სქესობრივი ურთიერთობის ელემენტების ლიტერატურულ-მეცნიერული სახელწოდებები: ფლოგერი, ბენ ვას ბურთულები, ფელატიო, ფისტინგი, ვაგინალური/ანალური პენეტრაცია, ერექცია (ეს შედარებით ნაცნობია), ფალოიმიტატორი და ა.შ. სრული სიის სანახავად გაეცანით გრეის და ანასტასიას ხელშეკრულების დანართებს. 
გასაგებია, რომ წიგნი მიზნად არ ისახავს XXI საუკუნის მკითხველის ცნობიერებაში ევოლუციური რევოლუციის მოწყობას, თუმცა წიგნი თავის თვითმიზანსაც ვერ ასრულებს. თავიდანვე ყველაფერი იმდენად ნათელია, რომ დეტექტივის ბოლოდან წაკითხვამ შეიძლება უფრო მეტი ინტერესი გამოიწვიოს მკითხველში, ვიდრე ამ წიგნმა.

ჯეიმი დორნანი და დაკოტა ჯონსონი

რაც შეეხება ფილმს: წარმოიდგინეთ, რომ ზემოთ განხილული წიგნი არის ფიტული, რომელსაც სრულფასოვან არსებობამდე ბევრი უკლია, ფილმი კი, წიგნის ფონზე, არის ფიტულის ფიტული. ეს ფილმი არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ არ უნდა გადაიღო ნაწარმოების ეკრანიზაცია. ფილმი ახერხებს იმას, რომ მისი ნახვის შემდეგ კვლავ მოგინდეთ წიგნის წაკითხვა, რადგან ფილმში გამოტოვებული, დამახინჯებული და გადაკეთებულია ბევრი დეტალი.
ფილმს კინოთეატრები ადებენ 18+ შეზღუდვას. იცი, რომ ფილმის ტრეილერი ნახა 250 მილიონ ადამიანზე მეტმა, ელოდები, რომ ფილმში ნახავ სექსის იმ სცენებს, რომელსაც წარმოიდგენ წიგნის კითხვისას, ელოდები კუნილინგუსების, ფელატიოების, ფისტინგების და სხვა მისთანანის კასკადს (თან იცი, რომ ფილმში 20 წუთი ეძღვნება სექსს) და ამ დროს უყურებ თუ როგორ ატყაპუნებს კრისტიან გრეი ანასტასიას საჯდომზე ხან მათრახს, ხან ქამარს, ხან შოლტს და ხან ხელებს. ფილმში არ არის ანასტასიას მიერ პირველი ფელატიოს დაგემოვნება (ასევე მის მიერ განცდილი „ვანილის სექსის“ არომატი), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი შეიძლება გამოსულიყო; არ არის დასჯითი ხასიათის სექსი ნავების ფარდულში. ამის შემდეგ, ანასტასიას აწითლებული საჯდომი არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება ფილმიდან დაგამახსოვრდეს. ჰო და, კიდევ ის, რომ გრეი პრეზერვატივის შეფუთვას კბილებით ხსნის. 
სექსის თითქმის ყველა სცენა იწვევს უკმაყოფილების გრძნობას. გგონია, რომ დასრულდა პრელუდია და გადავლენ საქმეზე, და ამ დროს კადრში ყოვლად მოულედნელად ჩანს საწოლში მარტოსულად მწოლიარე, ან კაცის პერანგში გამოწყობილი ანასტასია. გარემოც შესაბამისია, ან წვიმს, ან მზე ანათებს. უკმაყოფილების გრძნობას ამძაფრებს გრეის ე.წ. სათამაშო ოთახის რესურსების ბოლომდე გამოუყენებლობაც. ამ „წითელ ოთახში“ თავმოყრილი „სათამაშოების“ ნახვისას გიჩნდება მოლოდინი, რომ წინ თითქმის ყველა „სათამოშოს“ პრაქტიკული გამოყენების ნახვის სიამოვნება გელოდება: მაგრამ რეჟისორი ახერხებს და მხოლოდ ფარშევანგის ბუმბულითა და ორი სახის ფლოგერის გამოყენებით შემოიფარგლება. 
ფილმი მაღალდეციბალებიანი საუნდტრეკების ხარჯზე ცდილობს დაგამახსოვროს და გაგრძნობინოს ვნებიანი ან რომანტიკული მომენტების სიმძაფრე, მაგრამ ყველა კადრი იმდენად ხელოვნურია (მიუხედავად იმისა, რომ იცი, ფილმს უყურებ), რომ ანასტასიას გლუვი სხეულის მიერ მანჭვა-გრეხვით განცდილი ორგაზმიც კი ვერაფერს უშვება მაყურებლის უკვე მძინარე გონებას.
ცალკე ფენომენია ფილმის დასასრული, რომელსაც უფრო მაგარი ეფექტი აქვს (თუმცა ამ მომენტის არსის გასაგებად, იძულებული ხარ ნახო მთელი ფილმი), ვიდრე ჯეიკ ჯილენჰაალის პერსონაჟის ცოლის ობობად გადაქცევას Enemy-ის ბოლოს. მას შემდეგ, რაც  ექვსჯერ საჯდომგატყეპილი ანასტასია ცდილობს გაექცეს გაბრაზებულ გრეის, ის იყენებს გამაფრთხილებელ სიტყვას ხელშეკრულებიდან (გამაფრთხილებელი სიტყვებია „ყვითელი“ და „წითელი“. წითელი ნიშნავს, რომ დომინანტმა უნდა შეწყვიტოს მოქმედება, რადგან მორჩილის მიმართ გადასცდა დასაშვებ ზღვარს) და „წითლის“ შეძახილზე გაშმაგებული გრეი იმდენად ეფექტურად ჩერდება ლიფტის წინ, რომ ჯვარცმადანახულ ვამპირს ან მარილის წრის დამნახავ დემონსაც კი მისი მიბაძვა მოუნდებოდა. გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ რეჟისორი მთელი ფილმის განმავლობაში ცდილობდა ანასტასიას ამ საიდუმლო იარაღის დაფარვას და ფილმის კულმინაციაც სწორედ ამ იარაღის გამოყენების ეპიზოდზე ააგო. ფილმის ეს ეპიზოდი არის ერთადერთი მომენტი, რომელიც მაყურებელში ადეკვატურ რეაქციას იწვევს. 
მოკლედ, წიგნიც და ფილმიც შესაშური ოსტატობით ახერხებენ, რომ არარომანტიკულთან ერთად ანტირომანტიკულებიც იყვნენ. თუ გინდათ, რომ ნერვებიც დაზოგოთ და დროც, დაუჯერეთ ძმაკაცის რჩევას და ჩაუჯექით ხარისხიან პორნოს, რომლიდანაც დიდი ალბათობით გაცილებით მეტ სიამოვნებას მიიღებთ, ვიდრე ამ ფილმიდან. რაც შეეხება წიგნის შეჯამებას, როგორც სალმან რუშდიმ განაცხადა, „არასოდეს წამიკითხავს ასე ცუდად დაწერილი წიგნი, რომელიც ოდესმე გამოცემულა. ამ წიგნმა „ბინდი“ „ომი და მშვიდობად“ აქცია“ („გრეის ორმოცდაათი ელფერი“ „ბინდის“ ფანფიქშენია).

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

წყარო
http://celsius-233.blogspot.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button