სოლ ბელოუ- ჰენდერსონი, წვიმების მეფე (მიმოხილვა)
მსოფლიო ლიტერატურის საგანძურის ფორმირებაში თითქმის ყველა კულტურულ ქვეყანას აქვს წვლილი შეტანილი და თითოეული სახელმწიფოს ხელოვანთა(უფრო ზუსტად მწერალთა)ერთობლიობა, რომელსაც უნიკალური წერის მანერა ახასიათებდა, თავისებურ ლიტერატურულ გარემოს ქმნიდა, სადაც გარდა იმისა, რომ ფესგვადგმული იყო იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ძირითადი იდეები, ემატებოდა სხვა, კიდევ უფრო განსხვავებული იდეოლოგიები, რომლებიც სწორედ კონკრეტული სახელწმიფოს წარმომადგენლებმა(მწერლებმა) ხმამაღლა გააჟღერეს. მაგალითად, ფრანგული მოდერნისტული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ეგზისტენციალისტური სულისკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნის ავტორებშიც გვხვდება, მაინც უნიკალურია და უფრო სხვა გრძნობებს იწვევს მკითხველში. ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ ამერიკულ ლიტერატურაზე, რომელიც კოლოსალურად განსხვავდება ევროპული კლასიკური ლიტერატურისგან. ამ განსხვავებაზე ჩვენ შემდეგ მიმოხილვაში ვისაუბრებთ, რომელშიც განვიხილავთ ძალიან საინტერესო და ყველასთვის ნაცნობ წიგნს, თუმცა მანამდე ვიტყვი, რომ ამერიკულმა ლიტერატურამ პიროვნული თავისუფლების იდეა ყველაზე კარგად გააშიშვლა და ცოცხლად, ემოციურად მიიტანა მკითხველამდე. ადვილი შესამჩნევია, რომ ამერიკული მწერლობა პირადპირ მიმართული იყო არა ადამიანთა ჯგუფზე, საზოგადოებაზე, როგორსაც ევროპული რეალიზმის დროს ვხვდებით, არამედ თვითონ უშუალოდ პიროვნებაზე, მის პრობლემებზე, საზოგადოებრივ გაუცხოებაზე და საკუთარი ,,მე“-ს შენარჩუნებაზე. სწორედ ამგვარმა ორიგინალურმა დაკვირვებებმა ამერიკული ლიტერატურა უმნიშვნელოვანესი გახადა მსოფლიო ლიტერატურის წიაღში. ჩვენ ყველა ამ თვისებას განვიხილავთ ამერიკელი მწერლის, ფოლკნერის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე აღიარებული ავტორის, სოლ ბელოუს წიგნში- ,,ჰენდერსონი, წვიმების მეფე“.
პირველ რიგში, აუცილებლად მინდა აღვნიშნო მწერლის გენიალური გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობდა ნაწარმოების პირველ პირში მოთხრობას. მოგეხსენებათ, პირველ პირში დაწერილ წიგნში არსებული ემოციები გაცილებით უფრო ,,ცხელი“ მიდის მკითხველამდე, ვიდრე თუნდაც მესამე პირში დაწერილი ნაწარმოების, რადგან ჩვენ გვიყვება ავტორი, თითქოს სწორედ მან გადაიტანა ის ყველაფერი, რაც მის პერსონაჟებს გადახდათ თავს. ამას ემატება ის ფაქტი, რომ წიგნში, გარდა იმისა, რომ საინტერესო ფილოსოფიურ აზრებს შეხვდებით, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ნაწარმოებს არ აკლია ემოციური ხაზიც, რომელიც იმ მასშტაბის აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევს მკითხველში, რომ მესამე პირში გადმოცემული ეს გრძნობა ნამდვილად ,,საცოდაობა“ იქნებოდა და დაკარგავდა იმ ეშხს, რაც გააჩნია. ალბათ ამ ყველაფრის შემდეგ მიხვდებით, რომ ამ ნაწარმოების კითხვისას გაცილებით ადვილია მთლიანად მის სამყაროში გადასვლა, იქ მოგზაურობა და პერსონაჟების დაკვირვება, ვიდრე ჩვეულებრივ ეს სხვა წიგნებში ხდება.
დავიწყებ სიუჟეტით, რომელიც ნამდვილად დააინტერესებს თავგადასავლის მოყვარულებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თავგადასავალი. ამერიკელი მულტიმილიონერი, ჯინ ჰენდერსონი, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი მატერიალური არ აკლია, სპონტანურად გადაწყვეტს აფრიკის შუაგულში გამგზავრებას. ბუნებრივია მკითხველს გაუჩნდება კითხვა ,,რატომ?“, თუმცა ამ კითხვაზე პირდაპირ ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია, სწორედ ამასვე ადასტურებს მთხრობელი და ამ ყველაფრის მიზეზი არის მისი ცხოვრების წესი და ბოლოსდაბოლოს მთლიანად წიგნში მოთხრობილი ამბავი. მე შევეცდები ნელ-ნელა, მცირედით მაინც ავხსნა ყველაზე საინტერესო რამ, თუ რამ განაპირობა მულტიმილიონერის აფრიკაში წასვლის გადაწყვეტილება, რა იყო მისი სულიერი პრობლემები და საბოლოო ჯამში სძლია თუ არა ამ განსაცდელს ჯინ ჰენდერსონმა.
საინტერესოა, რომ ნაწარმოების დასაწყისშივე ადვილი შესამჩნევია, რომ ჰენდერსონის დამოკიდებულება მისი ქონებისა და ზოგადად ფულისადმი არის ძალიან გულგრილი. პირველივე გვერდებში ის სვამს კითხვას თუ რა არის ფული? რა არის მისი ქონების მიზანი? რა არის ადამიანი? მიუხედავად იმისა, რომ ჰენდერსონისთვის არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას მატერიალური ნივთების ყიდვა, იგი სულიერად ცარიელია, ის ვერ უვლის ოჯახს, რისი დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ თავის დროზე მიატოვა პირველი ცოლი და მეორესთანაც ხშირ შემთხვევაში არ აქვს ურთიერთობა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჰენდერსონის პრობლემების სათავე არის მის ადრეულ ცხოვრებაში. მისი სულიერი კრიზი არ იყო ერთბაშად დაწყებული, ეს იყო ძალიან გრძელი პროცესი, რომლის განმავლობაში გამუდმებით, თუმცა ნელა მიმდინარეობდა სულიერი ხრწნა. ჯინი აანალიზებს, რომ ამ პრობლემებამდე იგი მიიყვანა თავის ცხოვრების წესმა, რომელიც არ იყო ღირსეული ადამიანის ცხოვრების წესი. ეს იყო ტიპური მილიონერის, უზრუნველი არსებობის მქონე ადამიანის ყოფა, რომელიც პირველივე ცხოვრებისეული პრობლემა ვერ გადაჭრა, დაგროვდა და საერთო ჯამში ის გაანადგურა. საინტერესოა, ისიც, რომ ჰენდერსონის მთავარი საქმიანობაც, რომელსაც დიდ დროს უთმობს(თუმცა თვითონაც უკვირს რატომ) არის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ცხოვრების მქონე ცხოველების- ღორების მოშენება, ისეთივე ბინძური ცხოვრების წესის, როგორიც თავად მათ პატრონს ჰქონდა. ეს ანალოგია ვფიქრობ ყურადსაღებია.
ჰენდერსონის ცხოვრებაში დაგროვებულმა პრობლემებმა საფუძველი ჩაუყარა ერთ-ერთ ყველაზე ძნელადმოგვარებად, პიროვნების გამანადგურებელ საშიშროებას- ეს არის ტიპური ადამიანური გაუცხოება. ის ვერ ეკონტაქტება ადამიანებს, არა იმიტომ, რომ მას საზოგადოების ეშინია ან ეზარება, ეს იმიტომ, რომ მას ჩამოუყალიბდა ,,ჰუმანოფობია“. ადამიანებთან კონტაქტი მას აღიზიანებდა და მუდამ ცდილობდა მათგან გაქცევას. აქ კიდევ მსუბუქ შემთხვევასთან გვექნებოდა საქმე, რომ ის საკუთარ თავთან მაინც განმარტოებულიყო, თუმცა მკითხველი ნახავს, რომ მას საკუთარი თავის უარყოფის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა მისდა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მარცხი განიცადა. ჰენდერსონი აფრიკაში წასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე საშინელ მდგომარეობაში იყო, ის ვერ აჩერებდა საკუთარ შინაგან ხმას, რომელიც მუდამ იძახოდა : ,,მინდა, მინდა, მინდა“, თუმცა რა უნდოდა, ამას ვერანაირად ხვდებოდა. ვფიქრობ, ვერც იმას მიხვდა, რომ ეს ,,მინდა“ არ იყო მატერიალური სურვილი, ეს იყო სულიერი. ამისა გასაანალიზებლად ჰენდერსონს დასჭირდა ძალიან დიდი გზისა და ისეთი თავგადასავლების გავლა, რომლის წყალობით ჩვენ მივიღეთ სხვა ჰენდერსონი, სრულიად სხვა პიროვნება, რომელიც ბოლომდე დაეცა და შემდეგ ფერფლიდან აღსდგა. თუმცა კონკრეტულად ამ ყველაფრის შესახებ წიგნიდან გაიგებთ.
ზემოთ როგორც ვახსენე, ჰენდერონსი ძალიან ცუდ დღეში იყო. ის საბედნიეროდ მიხვდა, რომ სჭირდებოდა განმარტოება და ყოველდღიური რუტინიდან გაქცევა, დანიშნულების ადგილი კი უნდა ყოფილიყო არა მულტიეთნიკური და ცათამბჯენებით გადატვრითული ლანდშაფტი, არამედ თითქმის ველური ბუნებისა და ექსტრაორდინარული ხალხის მომცველი ადგილი. ასეთი კი აფრიკა იყო. ეს გადაწყვეტილებაც სიმბოლურია. აფრიკის მკაცრ კლიმატს, აუტანელ სიცხესა და რაც მთავარია იქ მოსალოდნელ მარცხს ბოლომდე უნდა გაენადგურებინა, დაეწვა ჰენდერსონი, რის შედეგადაც ახალდაბადებული დაიწყებდა ხელახლა განვითარებას, თუმცა ეს განვითარება იქნებოდა სწრაფი და მიზანმიმართული. ჰენდერსონს რა თქმა უნდა ვერ უშველიდა ამერიკიდან მოცილება, მას ნეგატიური განწყობა და ის უარყოფითი მუხტი აფრიკაშიც გაჰყვა გარკვეული ხნით. თუმცა აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. აფრიკაში პირველ ადგილობრივ ტომთან გაჩერებისას მას პირველად გაუჩნდა სურვილი ადამიანთა დახმარებისა, ნუ ის ცალკე თემაა, რომ მას პირიქით გამოუვიდა(ამას კონკრეტულად ნახავთ), თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ მასში გაჩნდა ადამიანთა დახმარების სულიერი მოთხოვნა.
მკითხველი შენიშნავს, რომ ჰენდერსონი შეპყრობილია რაღაც აუტანელი არასრულფასოვნების კომპლექსით, რომელიც საკუთარი თავის მიმართ უნდობლობას იწვევს, მართალია არა ყოველთვის, თუმცა მაშინ როდესაც ეს ხდება, ის საკმაოდ ძლიერად მოქმედებს ჯინზე, აფიქრებინებს, რომ მისი ძალისხმევა, რომელიც აქამდე ცხოვრებაში დაუხარჯავს და ახლაც ხარჯავს, ბოროტებას ხმარდება და ერთგვარი ზიზღიც კი იპყრობს ერთი პერიოდი, ხვდება, რომ სერიოზულად არასწორი გზა ჰქონდა ცხოვრებაში არჩეული, მაგრამ აქაც თუ დავაკვირდებით, დავინახავთ რომ საკუთარი შეცდომების დანახვის უნარი უკვე სერიოზული პროგრესი გახლდათ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ჰენდერსონის ბუნებაში გაჩნდა საფუძველი, რომელზე დაყდრნობით შეიძლებოდა მულტიმლიონერის მორალური განვითარების გაგრძელება. თუმცა, ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ზოგჯერ ადამიანებს ძალიან უჭირთ დიდი პრობლემებიდან და გასაჭირიდან მარტო ამოსვლა. საჭიროა სხვისი დახმარებაც. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ადამიანი ისეთი არსებაა, ვისაც მარტო ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად არ შეუძლია. შესაბამისად მწერალმა შექმნა ახალი პერსონაჟი, ფილოსოფოსი და ამასთანავე ტრაგიკული პიროვნება, რომელიც უნდა ყოფილიყო ჰენდერსონის სულიერი კათარზისის გვირგვინი.(სწორედ მის სამფლობელოში შეიძინა ჰენდერსონმა ,,წვიმების მეფის სტატუსი“) მას უნდა გაეგრძელებინა ჰენდერსონის სულში დაწყებული მორალური რევოლუცია, რომელიც გულისხმობდა ჯინის გარდაქმნას ახალ ადამიანად, თავისუფალ ადამიანად, რომელიც გაივლიდა ყველა გამოცდას, რათა თვითრეალიზაციისა და სულიერი თავისუფლების საშუალება მისცემოდა. ჰენდერსონის ამგვარ მასწავლებლად მოგვევლინება აფრიკის ერთ ერთი ტომის მეფე. მე არ დავაკონკრეტებ მათი საუბრისა და საქმიანობის შინაარსს, ეს ჯობია თქვენთითონ წაიკითხოთ, მაგრამ მეფესთან თავს გადამხდარი ამბავი და საათების განმავლობაში მიმდინარე დიალოგი ჯინზე მაგიურად იმოქმედებს. ჰენდერსონი სულ სხვანაირად შეხედავს როგორც გავლილ ცხოვრებას, ასევე მის აწმყოსა და მომავალს. დაფიქრდება თემებზე, რომლებზეც ფიქრი აქამდე აზრადაც არ მოუვიდოდა და შეეცვლება დამოკიდებულება იმ ადამიანის(ადამიანების) მიმართ, ვინც უყვარდა და პატივს სცემდა.
სოლ ბელოუს ამ წიგნში მოთხრობილია ცხოვრების ის გასავლელი გზა, რომელიც უნდა გაიაროს ყველა…. არა, ყველა არა, მხოლოდ ის გზა, რომელიც რჩეულთა ხვედრია. გზა, რომლის გავლა ყველას არ ძალუძს და ვფიქრობ არც არის აუცილებელი. ეს არის უაღრესი ტკივილის, მწუხარებისა და ამასთანავე ახალ სულიერ საფეხურზე, ახალი სამყაროს შეცნობისა და სამყაროს განსხვავებული ხედვის უნიკალური გზა. თუ ადამიანი არ არის მომზადებული, თუ მას ქვეცნობიერის დონეზე მაინც არ აქვს ეს სურვილი, ის უბრალოდ ამ ,,ხიდს“ ვერ გადალახავს. ასე რომ კეთილი იყოს მობრძანება სოლ ბელოუს სამყაროში!
ავტორი: გიორგი წერეთელი