განხილვალიტერატურაწიგნები

ჯემალ ქარჩხაძე – მდგმური

“გამახსენდა, რომ იმ დღეს დედოფალ ნეფერტიტის სურათზე მტვერი არ გადამიწმენდია.”

ნეფერტიტის სურათი და მდგმური ერთად ცხოვრობენ. მათ შორის არსებობს რაღაც უცნაური კავშირი. ეს არც დედოფლის და ქვეშევრდომს შორის არსებული საფეხურობრივი კდემაა და არც ხელოვნების ნიმუშისადმი მისი დამფასებლის მორიდებული ტრფობა. ნეფერტიტის სურათი მისი პატრონისთვის დროთა განმავლობაში ხატად იქცა. იმ ხატად, რომლისაც ეშინია და რომლის წინაშეც სირცხვილით იწვის.

მიუხედავად იმისა, რომ გარემოებათა გამო მდგმურს არაერთხელ შესთავაზეს ნეფერტიტის სურათის გაყიდვა, ხშირად თვითონაც გულმა გაუწია სურნელოვანი თანაბარი ზომის რბილი ქაღალდებისკენ, მაინც არა და არ შედგა მათი გაყრა. არადა როგორ სჭირდებოდა ფული. ახალკურსდამთვრებული ინჟინერი, რომელიც კაპიკს კაპიკზე ადებდა და ფულს მანქანის საყიდლად აგროვებდა… დღე არ გავიდოდა, თავისი ავლა-დიდებისთვის ერთხელ მაინც არ გადაეხედა. საქმისთვის ხალისი რომ მიეცა, რეკორდიც კი დააწესა:  “თუ რომელიმე თვეში ცოტა მეტს დავზოგავდი, ეს თვე სარეკორდოდ გამოცხადდებოდა და მერე მომდევნო თვეებს საშუალება ექნებოდათ ებრძოლათ ამ რეკორდის მოსახსნელად.”

მდგმურის ერთი შეხედვით უწყინარი ფინანსური ოპერაციები მანამ გაგრძელდა, სანამ ქუჩაში შემთხვევით ნანახმა მაკამ და ოთახში მტვერგადაუწმენდავმა ნეფერტიტმა უფრო მეტზე არ დააფიქრეს, ვიდრე მანქანისთვის ფულის გროვება იყო. მალე ისევე მარტივად მიანება თავი ფულის შეგროვებას, როგორადაც ერთ დროს მოწევას. მოწევას, რომელიც შემდგომში ირინემ განაახლებინა. ირინე, მაკა, ბებია მარიამი, ფართლეულით მოვაჭრე და სხვანი. ყველანი ერთად მდგმურის ირგვლივ ერთიანდებიან. მდგმური კი, უბრალოდ ქალაქელი ბიჭია, რომელიც ჯერ ერთ, შემდგომ კი მეორე ბინაში სახლობს. იმდენად კარგად არის შერჩეული მისი “წოდება”, რომ საჭიროც კი არ არის მდგმურის ნამდვილი სახელის ცოდნა. ის ისეთივე ჩვეულებრივი მდგმურია, როგორც სხვა ყველა დანარჩენი. უთვისტომო და მარტოსული.

ტექნიკურად, ნაწარმოები იდეალურადაა შედგენილი. ერთიანად გიპყრობს ის შავ-თეთრი გარემო, რომელშიც მდგმური ცხოვრობს. გინდება შენც მასთან ერთად ჩაირბინო ქვაფენილიან დაღმართზე, დაელოდო გოგონას, რომელსაც ოქროსფერი თმები ყოჩივარდების თაიგულივით შეუკრავს, შემდგომ კი დიეტურ სასადილოში ისადილო. 

“მდგმური” გვიყვება ჩვეულებრივ ადამიანებზე. ადამიანებზე, რომელთაც სიყვარული აკლიათ და ამ სიცარიელის შესავსებად სხვა ადამიანებს ეკედლებიან. ხდებიან მათი მდგმურები. თუმცა, ქარჩხაძე არ ილაშქრებს ადამიანური სისუსტეების წინააღმდეგ. პირიქით, ეგუება მათ. ადამიანური ყოფის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და გამოსააშკარავებლად მდგმურს იშველიებს.

“- ქრისტე იუდამ გაყიდა. – მშვიდი ღიმილით ვუთხარი მე.
  – კაი ფასი შეეძლიათ, არც დანარჩენები დაიხევდნენ უკან.”
ავტორი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button